აქვს თუ არა უფლება რომელიმე პარტიას, ამომრჩეველს დაურეკოს და ჰკითხოს, არის თუ არა მისი მხარდამჭერი? – არაერთი მოქალაქე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ „ქართული ოცნების“ შტაბიდან დაურეკეს და ჰკითხეს: ხართ თუ არა „ოცნების“ მხარდამჭერი?
„ბათუმელებმა“ სცადა ერთ-ერთ კოორდინატორთან დაკავშირება, ვინც ამომრჩეველს დაუკავშირდა, თუმცა ტელეფონზე არ გვიპასუხეს.
ჟურნალისტმა, რომელსაც „ქართული ოცნების“ შტაბიდან დაურეკეს, კოორდინატორთან სატელეფონო საუბარი ჩაიწერა. ის აპირებს კოორდინატორს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან უჩივლოს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ პირადი ტელეფონის ნომერი პარტიის წარმომადგენლისთვის ნებაყოფლობით არ მიუცია.
საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების დიდი გამოცდილების მქონე იურისტი, სამოქალაქო ორგანიზაციის „ღია სივრცე კავკასიის“ დამფუძნებელი – ირმა პავლიაშვილი განმარტავს, რა სახის პასუხისმგებლობა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, ან რა უნდა უპასუხოს მოქალაქემ ზარს პოლიტიკური პარტიიდან?
„თუ პარტიიდან დარეკავენ, ამომრჩეველმა უნდა უთხრას, საიდან მოიპოვა პარტიამ მის შესახებ პერსონალური ინფორმაცია, როცა მას თანხმობა არ გაუცია.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან გვაქვს საქმე, თუ პირმა კანონის დარღვევით მოიპოვა და ამუშავებს პირის პერსონალურ მონაცემებს.
მეორე საკითხია ის, რომ ამომრჩევლის ნება ფარულია. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს ამომრჩეველზე იმგვარი ზემოქმედება ან ნებაზე კონტროლი, რომელიც ამომრჩეველს შეუქმნის მოლოდინს, რომ მას გააკონტროლებენ,“ – განმარტავს ირმა პავლიაშვილი.

ირმა პავლიაშვილი
იურისტი ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ ფიზიკურმა პირმაც, რომელიც პარტიის სახელით ურეკავს მოქალაქეს, უნდა იცოდეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ:
„თუ პერსონალური მონაცემები პირის თანხმობის გარეშეა მოპოვებული და ასევე თანხმობის გარეშე მუშავდება, ამას სჭირდება შესწავლა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას.
მსგავს შემთხვევებს სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სოციოლოგიური კვლევის ჩატარების უფლება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონის დაცვით. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ნების ფარულობა ნიშნავს არამხოლოდ იმის ფარულობას, თუ რომელ კონკრეტულ სუბიექტს უჭერს მხარს კონკრეტული ამომრჩეველი, ასევე მივიდა თუ არა, მაგალითად, არჩევნებზე, ან აპირებს თუ არა მისვლას არჩევნებზე. არჩევნებზე მისვლა არის უფლება და არა ვალდებულება.
ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით საჯაროა ის მონაცემი, რაც ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაშია წარმოდგენილი. დაინტერესებულ პირებს, რომელთაც უფლება აქვთ იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში, შეუძლიათ, რომ გამოითხოვონ და კანონიერების ფარგლებში მოახდინონ ამ მონაცემების დამუშავება. როცა საუბარია სატელეფონო ზარებსა და ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც ამომრჩევლის თანხმობის გარეშეა მოპოვებული, მნიშვნელოვანია, რა გზებით მოხდა ამ ინფორმაციის მოპოვება“, – გვითხრა ირმა პავლიაშვილმა.






