„როინ შავაძის საქმეზე“ დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო – პროკურატურა

„როინ შავაძის საქმეზე“ გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთ პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ 26 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,147-ე მუხლით (უკანონო დაკავებაში დახმარება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით.

ამ საქმეზე 2024 წლის 13 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ მიიჩნიეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი – ალეკო ბალაძე და მამუკა ბერიძე.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული  გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.

მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ  სამაგალითოდ დასჯიდა.

იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის  და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ – ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და  შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის  ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს.

აჭარისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ: უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს.

ამავე  ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით  მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა. კერძოდ ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.

ჩატარებული გამოძიებით, უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში  გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს.  აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ როინ შავაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბრიგადის სერჟანტის წოდებით. 2005-2006 წლებში მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის  უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. როინ შავაძეს ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებულები წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ კი, მათ სასჯელის სახით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

საზოგადოებას შევახსენებთ რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო.  მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

————————-

ამ გახმაურებული მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, პროკურატურამ 8 პირი დააკავა, 2 პირის მიმართ კი, ძებნა გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეზე 2020 წელს ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის [სიცოცხლის უფლება] დარღვევა დაადგინა.

ევროსასამართლომ საქართველოს პროკურატურას საქმის ხელახლა გამოძიება დაავალა.

პროკურატურას აქვს ვერსია, რაც ამ საქმეში ფაქტების ანალიზით და ჟურნალისტური მოკვლევით 15 წლის წინაც ჩანდა.

ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით [ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა] და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით [განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია] დაიწყო.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2023 წლის 27 ივლისს ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ არაერთმა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა როინ შავაძის მკვლელობის რეალური გარემოებები. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„როინ შავაძის საქმის“ სათავისოდ გამოყენება არაერთხელ სცადა „ქართულმა ოცნებამ“ იმის მიუხედავად, რომ წლების განმავლობაში დამნაშავეები არავის დაუსჯია. მაგალითად, იმ დროს, როცა როინ შავაძე მოკლეს და საქმე არ გამოიძიეს – ეს უკვე ევროსასამართლოს შემდეგ საქართველოს პროკურატურამაც დაადასტურა – აჭარის მთავარი პროკურორი ვასილ როინიშვილი იყო. ის 2020 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2020 წლის 19 ნოემბერს გამოქვეყნდა, არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე. მაშინ ჟურნალისტების კითხვები უპასუხოდ დატოვა სერჟანტის საქმის გამოძიების ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა – რესან კონცელიძემ. ის ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო პარლამენტში, დღეს კი დეპუტატია.

წაიკითხეთ ამავე თემაზე 2008 წლის აგვისტოში მომზადებული სტატია:

სამშობლოს ღალატი თუ ნარკოტიკი- გარდაცვლილის მეუღლის თქმით, სპეცრაზმმა ჯარისკაცი წამებით მოკლა

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 26 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 463 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 950]
  • ტანკი – 7 262 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 13 957 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 11 867 ერთეული [+31]
  • MLRS – 1 049 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 772 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 461 ერთეული [+12]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 119 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 984 ერთეული [+35]
  • სპეცტექნიკა – 1 962 ერთეული [+16]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 592 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 23 325 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 856 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 274 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 140 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 308 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამ თემაზე:

აშშ-მ დაადასტურა, რომ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტები ფარულად მიაწოდა

უკრაინის მოქალაქეს საქართველოში ყოფნა 3 წლით შეუძლია – ახალი დადგენილება

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსული კანონი არის ჩემი მომავლის ჩაკეტვა – ბათუმელი სტუდენტი

„რუსული კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე.

ჩემი აზრით,  ქვეყნისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის გაქრობა იქნება ტოლფასი საბჭოთა კავშირში დაბრუნების, რაც რუსეთს დღემდე უნდა და ჩვენი მთავრობაც ამას ცდილობს.

მედია ერთადერთი სივრცეა თავისუფალი ხალხის აზრის გამოხატვისთვის.

ეს კანონი შეეხება ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ჩვენი ქვეყანა ღირებულია, ვისთვისაც თავისუფლებას დიდი ფასი აქვს, ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის, ეს კანონი არის ჩემი მომავლის „ჩაკეტვა“.  ჩვენ დიდი ხნის წინ ვუთხარით რუსეთს – არა!

არა რუსულ კანონს!“, – გვითხრა მეგი ბერიძემ. ის ბათუმში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მიმართულებაზე.

  • რა ხდება?

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

რატომ არის „ოცნების“ კანონი რუსული – ღია შეხვედრა საზოგადოებასთან ბათუმში

ხვალ, 26 აპრილს, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაიმართება საერთო საზოგადოებრივი განხილვა, თუ რატომ არის „ქართული ოცნების“ კანონი რუსული.

დისკუსია დაიწყება 17 საათზე, ღია სივრცეში, კითხვა-პასუხის რეჟიმში.

დისკუსიის შემდეგ კი, 19:00 საათზე, დაიწყება მსვლელობა – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“.

რუსული კანონის შესახებ რეგიონებში საერთო საზოგადოებრივი განხილვები იმართება. განხილვებში მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებას უხსნიან, რატომ არის „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონი რუსული, როგორ აშორებს ქვეყანას ევროკავშირს და რა დამატებით საფრთხეებს მოუტანს საქართველოს მისი მიღება.

დისკუსია ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა. 

ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით, მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ერთ კვირაზე მეტია მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებს აწყობენ.

„გაიწვიეთ კანონი“ – აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის რეზოლუცია რუსული კანონის წინააღმდეგ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პროექტი ზიანს აყენებს ქვეყნის მომავალს და წარმოადგენს დაბრკოლებას ევროინტეგრაციის გზაზე“ – ოპოზიციის ფრაქცია აჭარის უმაღლეს საბჭოს რუსული კანონის წინააღმდეგ რეზოლუციით მიმართავს და პროექტის უკან გაწვევას ითხოვს.

„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, სწორედ ევრვოკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას, გრძელვადიან სტაბილურობას და მშვიდობას“ – ნათქვამია მიმართვაში.

აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის შეფასებით, კანონის მიზანი მედიის გაჩუმება და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციაა:

„ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება გახდა მთავარი დაბრკოლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე. რუსული კანონის მიღებით მათ უნდათ გააჩუმონ თავისუფალი მედია და მოახდინონ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია, რათა ხმამაღლა აღარ ისმოდეს: ქვეყანაში არსებული პრობლემები ,,მოსახლეობის უკიდურესი გაჭირვება, ის რომ მასიურად ტოვებენ ქვეყანას ახალგაზრდები, არ ისმოდეს კრიტიკა კორუფციულ ფაქტებზე. როცა გვესაუბრებიან გამჭვირვალეობაზე გადახედონ საჯარო დაწესებულებების კანცელარიებში რატომ მალავენ ინფორმაციას კორუფციულ ფაქტებზე, მათი საქმიანობის გამჭვირვალეობაზე.“

ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ ასეთ დროს აუცილებელია აჭარის უმაღლესმა საბჭომ გამოხატოს თავისი პოზიცია.

„დღეს ჩვენ წარვადგენთ უმაღლესი საბჭოს მიმართვას საქართველოს პარლამენტისადმი, რომლითაც მოვუწოდებთ: უკან გაიწვიონ რუსული კანონი.

ასევე, გადაიდგას 9 ნაბიჯი ევროპისკენ, რაც გულისხმობს კომპლექსური რეფორმების განხორციელებას . ამ მიმართვის კენჭისყრისას პიროვნულად უნდა გადაწყვიტოს თითოეულმა დეპუტატმა: მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას თუ რუსულ კანონს, მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას თუ რუსული რეპრესიული სისტემის გაძლიერებას. ამიტომ მოვუწოდებთ ქართული „ოცნების“ გუნდს, სწრაფად იქნას განხილული წარდგენილი მიმართვა და კარგად დაფიქრდნენ საკუთარ პოზიციაზე, რას ეტყვიან ისინი საკუთარ ამომრჩეველს, ახალგაზრდებსა და საქართველოს პარტნიორ, მეგობარ ქვეყნებს.“

რეზოლუციის მოთხოვნებია:

  • უკან იქნას გაწვეული/ჩაგდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტი;
  • შესრულდეს საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება, რომ არ იქნება ინიციირებული და მიღებული მსგავსი კანონპროექტი;
  • საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულების უზრუნველსაყოფად სწრაფად იქნას გადადგმული 9 ნაბიჯი ევროპისკენ, რაც გულისხმობს კომპლექსური რეფორმების განხორციელებას და ანტიდასავლური კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ ეფექტური ნაბიჯების გადადგმას.

რეზოლუციას ენმ-ის ფრაქცია უმაღლეს საბჭოში დღეს დაარეგისტრირებს. ამის პარალელურად ფრაქცია რიგგარეშეს სხდომის ჩანიშვნას ითხოვს.

ვიტრინა ბათუმში, სადაც ივანიშვილს აკრიტიკებდნენ, ნიღბიანმა პირმა ჩაამსხვრია

„გვილეწავენ ყველაფერს, აი, ეს არის მომავალი საქართველო – დალეწილი, ეს არის აგენტობა, ეს არის რუსული კანონი,“ – საკუთარი საშაურმის ჩალეწილ ვიტრინაზე მიგვითითებს მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე.

ჩამტვრეულ ვიტრინაში ჯერ კიდევ იკითხება მოქალაქის საპროტესტო გზავნილები, მაგალითად, „ბიძი, 10 – 10 კილოგრამს თუ დაგვიმატებთ, ჩვენც წამოვალთ!“

საშაურმის ვიტრინა ბათუმში, ქალაქის ცენტრში, გორგილაძის ქუჩაზე, 25 აპრილს, დაახლოებით დილის 4 საათზე ჩალეწეს.

ვაჟა თავართქილაძე გვიყვება, რომ ვიტრინა ძალაყინით შეიარაღებულმა, შენიღბულმა პირმა ჩალეწა და მშვიდად განაგრძო გზა. მალევე საშაურმესთან საპატრულოს ეკიპაჟი მისულა, რომელსაც საშაურმეს მორიგე თანამშრომელმა მომხდარის შესახებ უთხრა.

„მათ არ უცდიათ შეჩერება ამ პირის, რომელმაც ფეხით მშვიდად განაგრძო გზა, ეტყობა, პოლიცია იმიტომ მოვიდა, რომ ჩვენ არ გვეხმაურა, ან ჩვენ დავეკავებინეთ.

ოპერაცია ჩამიტარეს მე, შეთანხმებული სპეცრაზმის და პოლიციის მიერ. რა თქმა უნდა, უნდათ, რომ შემაშინონ და პროტესტი ჩაკლან, ვინმეს ხმის ამოღება რომ აღარ მოუნდეს,“ – მიიჩნევს ვაჟა თავართქილაძე.

ვაჟა თავართქილაძე ის მოქალაქეა, რომელმაც ბათუმში, გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე, საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე  2023 წელს გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“.

კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის იგი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ მოქალაქე პროტესტის გამოხატვისთვის რომ უკანონოდ დააჯარიმა, ეს სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა.

მოგვიანებით ვაჟა თავართქილაძემ წინასაარჩევნო პერიოდში საპატრიარქოს დაფინანსების გაზრდა გააპროტესტა იმ ფონზე, როცა სკოლებში მოსწავლეებს შიათ.

ვაჟა თავართქილაძის თქმით, დღევანდელ ინციდენტამდე დაახლოებით 10 დღით ადრე, საშაურმეში ერთი პირი შევიდა და ვიტრინაში გამოკრული განცხადებები ჩამოხია. სამართალდამრღვევისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს მხოლოდ გაფრთხილება მიუცია.

ბათუმში საშაურმის ვიტრინა ჩაამსხვრიეს - მესაკუთრე ვიტრინაზე მიკრული ფურცლებით ივანიშვილს აკრიტიკებდა

„აქ მქონდა გაკრული განცხადება: „ბიძი, 10 – 10 კილოგრამს თუ დაგვიმატებ, ჩვენც წამოვალთ,“ – ჩამსხვრეულ ვიტრინაში განცხადებების ხელახლა გაკვრას ცდილობს ვაჟა თავართქილაძე. – „ვგულისხმობ იმას, რომ ხალხს ყიდულობს და ძალად მიჰყავს თავის აქციაზე, ზოგს ხახვს მისცემს, ზოგს – კარტოფილს, ან რუსული მზესუმზირას ზეთს.

ამ ბანერზე ეწერა „29-ში ბათუმში სუფთა ჰაერია, ისუნთქეთ თავისუფლად“.

ვგულისხმობ იმას, რომ ბათუმიდან გავა მონურად მორჩილი საზოგადოება, რომელიც ყიდის თავის ღირსება და თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ და ივანიშვილის მილიარდების დასაცავად წავა თბილისში.

ჩემპიონატზე რომ გავიდა ჩვენი საამაყო ნაკრები, არავითარი ჯილდო, ისევ დაპირებები: თუ ქვეჯგუფიდან გახვალთ, მოგცემთ 30 მილიონსო იმის იმედად, რომ ჯგუფი ვერ გავა ქვეჯგუფიდან. ამიტომაც ასეთი ბანერი მოვამზადე: „ნაკრები ფინალს თუ მოიგებს, ვჩუქნი 100 ქარხანას,“ – გვიყვება ვაჟა თავართქილაძე.

ეს მოქალაქე ბათუმში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ რომ პროტესტის გამოხატვის გამო უკანონოდ დასაჯა, დადასტურდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ვაჟა თავართქილაძე ამბობს, რომ სწორედ კრიტიკული მედიაში ამ ამბის გაშუქების და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აქტიურ ჩართვის შემდეგ გახდა იძულებული სასამართლო კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება დაეცვა.

„ამიტომაც უნდათ რუსული კანონით მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობა,“ – მიიჩნევს მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე. ის დარწმუნებულია, რომ მის საშაურმეზე თავდასხმა სამართალდამცველებთან შეთანხმებული იყო.

„არ დაედევნნენ ფეხით მიმავალ კაცს, კაცს, რომელიც სპეცრაზმელის ეკიპირებით მოვიდა აქ, ხელთათმანებით, ნიღბით…

ჯერ მომიგზავნეს ვიღაც და ჩამომიხიეს ბანერი, რომ არ შევშინდი და მაინც გამოვაკარი ახალი ბანერი, ახლა სპეცრაზმელი მომიგზავნეს.

ავტორიტარული, ტოტალური, დიქტატორული რეჟიმის ხელში როცა ხვდება კანონი, როგორც უნდა ისე შემოატრიალებენ ამ კანონს. თუ ახლა ხულიგნურად თავს დამესხნენ, მერე უკვე კანონიერად დაგვესხმებიან თავს. რუსეთი უკვე წიგნების დაწვაც დაიწყეს. გაგახსენდათ ჰიტლერი? ამას ვებრძვი მე, ეს არ მინდა მე,“ – უთხრა ვაჟა თავართქილაძემ „ბათუმელებს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება ამ შემთხვევაზე.

მახინჯაურში ავტოავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

დღეს, 25 აპრილს, ავტომობილი 3 წლის ბავშვს დაეჯახა. ავარიის შედეგად ბავშვი დაიღუპა.

შემთხვევა მახინჯაურში მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამ კანონით ქვეყანა მიგყავთ რუსეთისკენ, ეს არის ღალატი – „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი პაპუაშვილს

„თქვენ გინდათ მიმაწებოთ აგენტის იარლიყი და თქვენ ამას ვერ ეღირსებით“ – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს დღეს, 25 აპრილს, ბათუმში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გაზეთ „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ.

„ასლან აბაშიძის პერიოდიდან მოყოლებული ვმუშაობ როგორც ჟურნალისტი და მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში მომიხდა, რომ ვიყო არა კითხვის დამსმელი, არამედ ოპონირება გაგიწიოთ, იმიტომ, რომ თქვენ, თქვენი კანონით, ცდილობთ გვიწოდოთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა.

თუ განმარტებით ლექსიკონს აიღებთ და წაიკითხავთ რა არის აგენტი, იქ პირდაპირ წერია, რომ ეს არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი. 23 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემი სამშობლოს დემოკრატიულ განვითარებას და თქვენ ვერ დამაწებებთ მაგ იარლიყს.

აგენტები, როგორც წესი, არ იცვლიან პროფესიას, სულ აგენტები არიან. თქვენ მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში. წინადადება მაქვს ასეთი, მოდით, დავიწყოთ რეესტრის გაკეთება არა 2023 წლიდან, არამედ 2000 წლიდან და ყველა ჩავეწეროთ ამ რეესტრში. ჯერ ჩაეწერეთ თქვენ – შალვა პაპუაშვილი, რომელიც მაშინ, როცა მე მთელი რედაქციისთვის ხელფასს ვარიგებდი [ალბათ 2010-2011 წლისთვის, როცა მუშაობდით] ალბათ თქვენ ერთი ადამიანი იღებდით მაგ ხელფასს.

ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შემდეგ ჩაეწეროს ბატონი პრემიერი ირაკლი კობახიძე, შემდეგ ჩავწეროთ ბიძინა ივანიშვილი, რომლის ფონდიც სრულიად უცხოური ფულით არის შევსებული. 2000 წლიდან დავიწყოთ ბატონო შალვა, კარგით?!

მე ამას არ ჩავწერ ბატონო შალვა, თქვენ ჩაწერეთ.

თქვენ ახლა მთელი დღე ლაპარაკობთ, აკრიტიკებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ევროპარლამენტარებს. მე როცა წინა ხელისუფლება მდევნიდა, ვმუშაობდი… კადრებში ვნახე სოზარ სუბარი, თქვენ გვერდით იჯდა და შეგიძლიათ მასთან გადაამოწმოთ, დიდი ცოდნა შეიძლება არ გაქვთ ჩემთან დაკავშირებით, მაგრამ იმავეს ამბობდა მიხეილ სააკაშვილიც, რომ ვინ არის „ბათუმელები“, რომ მე რაღაც რეპრესიებს ვატარებდე“… გადაამოწმეთ.

მე როცა დავდევდი იმ ხელისუფლებას, ვაკრიტიკებდი პროფესიულად და ისინი მე დამდევდნენ, დღისით და ღამით მოსვენებას არ მაძლევდნენ, თქვენ იმ ხელისუფლებასთან იფორმებდით ჰექტრობით ტყეს და საძოვრებს.

მე მაინტერესებს, ბატონო შალვა, ერთი – რომ როცა მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში, როცა გასცემდით გრანტებს აქაურ ენჯეოებზე, ითხოვდით თუ არა მათგან ემუშავათ მათ უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის?! თქვენ გაიძულებდნენ თუ არა გემუშავათ უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის? იღებდით თუ არა შავ ფულს?

და მეორე – როცა „ნაციონალური მოძრაობა“ არავის არ ახარებდა, თქვენივე სიტყვებით, და ახლა ეძახით ომის პარტიას, თქვენ როგორ გაიფორმეთ ამხელა ქონება – 10 ჰექტარ ტყეზე არის ლაპარაკი…

ჩვენ ტექნიკური შეცდომა დავუშვით, ჩვენ ვართ მედია, რომელმაც ვაღიარეთ ეს ტექნიკური შეცდომა, თქვენ ეს გამოიყენეთ არაკეთილსინდისიერად და იძახეთ, რომ აი, სწორედ ამიტომ არის საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონიო. არა, ბატონო შალვა, ჩვენ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით ვმუშაობთ, ტექნიკურ შეცდომა დავუშვით, მაგრამ, თქვენ კანონი დაარღვიეთ, საგადასახადო კოდექსი დაარღვიეთ, ერთ ლარად შეიძინეთ 20 ჰექტარი ტყე და სახნავ-სათესი კახეთში, ალაზნისპირზე – ერთ ლარად.

რატომ არ გააფორმეთ ბატონო შალვა ჩუქება? და რატომ არ გადაიხადეთ შესაბამისი გადასახადები, რატომ შეიძინეთ ერთ ლარად? ეს, რაც ჩაიდინეთ კრიმინალია.

მე თქვენთან კითხვის დასასმელად არ მოვედი, არც იმის წარმოდგენა მაქვს, რომ თქვენ დაგარცხვენთ. მაგრამ მე ჩემი გამოხატვის თავისუფლებით ვისარგებლებ.

…მე ვიყავი ადამიანი რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დადიოდა პატიმრებთან და აშუქებდა მათ მდგომარეობას. თქვენ მაშინ არსად არ იყავით. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც კუდის სპეცსამსახურები დაჰყვებოდნენ და არ აძლევდნენ თავისუფლად ცხოვრების საშუალებას. თქვენ მაშინ ძალიან კარგად ცხოვრობდით. ახლა მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარი?

მაინტერესებს, შეძლებთ თუ ვერა, აგენტების სიის რეგისტრაციას 2000 წლიდან და მოხვდებით თუ არა მანდ თქვენ, ბიძინა ივანიშვილი და სხვა პირები, სოზარ სუბარი მათ შორის, რომელსაც ერთ დროს ძალიან დიდ პატივს ვცემდი, რომელიც ჩვენს გვერდით იყო მუდმივად, მაშინ როცა გვავიწროებდნენ.

ამ კანონით, ეს ქვეყანა თქვენ მიგყავთ რუსეთისკენ, ეს არის ღალატი.

….მე და თქვენ ვერ შევთანხმდებით, იმიტომ, რომ თქვენ მიგყავთ ქვეყანა რუსეთისკენ.

თქვენ ლეგალურად შემოსულ ფულს ებრძვით, გინდათ გააუქმოთ არასამთავრობო ორგანიზაციები. თქვენ გინდათ, რომ მე გავხდე აგენტი და თქვენ ამას ვერ ეღირსებით“.

განცხადების შემდეგ ეთერ თურაძემ შეხვედრა დატოვა.

„ბათუმელები“ არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული მედიასაშუალება, რომელმაც 2010 წელს დააფუძნა ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთი“. დაარსების დღიდან ეთერ თურაძე „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორია.

ნახეთ გამოსვლა სრულად:

ბათუმში +35 გრადუსია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც.

ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დღისით, მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება აღინიშნოს.

თბილისში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში: ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზუგდიდში, მარტვილსა და ოზურგეთში 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +37 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც შედარებით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში: ამბროლაურში, ონში, ცაგერში, შოვში, ჭიათურაში, საჩხერესა და ხულოში 26 მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი იქნება.

კახეთში, საგარეჯოში, თელავში, გურჯაანში, სიღნაღში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, დედოფლისწყაროში 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის წევრი მედიები პაპუაშვილთან შეხვედრას არ დაესწრებიან

დღეს, 25 აპრილს, 13 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დასავლეთ საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ბათუმში ხვდება.

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ერთობლივი გადაწყვეტილებით, შეხვედრას დასავლეთ საქართველოში მომუშავე ალიანსის წევრი ტელევიზიები არ დაესწრებიან – ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს.

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ საქართველოში 31 რეგიონულ მაუწყებელს აერთიანებს.

საკანონმდებლო ორგანო პაპუაშვილთან შესახვედრად დასავლეთ საქართველოში დარეგისტრირებული 45 მედიასაშუალების წარმომადგენლებს იწვევს.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის განხილვისას საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ გამოაცხადა და ონლაინ და ბეჭდური მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს შენობაში შესვლა აუკრძალა.

ამავე თემაზე: 

YouTube video player

ბათუმში ტერიტორია, სადაც 93 000 კუბ/მ სახიფათო ნარჩენია, საცხოვრებელ ზონად განიხილება

ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის [ბნქ] ტერიტორიაზე ბოლო კვლევებით საერთო ჯამში 92 950 კუბური მეტრი სახიფათო ნარჩენი გამოვლინდა.

კვლევა ჩეხურმა კომპანია DEKONTA-მ 2022 წელს ჩაატარა. ამავე კვლევით ბნქ-ს ტერიტორიაზე 800 000 ტონაზე მეტი დაბინძურებული ნიადაგია. აქედან, საპილოტე პროექტის ფარგლებში, მხოლოდ 10 ტონა დაბინძურებული ნიადაგის გაწმენდა იგეგმება.

საპილოტე პროექტისთვის საჭიროა თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] დოკუმენტის მომზადება, ეს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს. სააგენტოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სკრინინგის ანგარიში უკვე წარადგინა.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „ამჟამად დაბინძურება არ ვრცელდება გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის გარეთ, მის შემოგარენში“, მაგრამ კვლევებით დადგინდა, რომ „თუ დაბინძურების წყაროები არ მოიხსნება, არსებობს დაბინძურების გავრცელების პოტენციური რისკი შავი ზღვის სანაპიროზე“.

ყოფილი ქარხნის ტერიტორიას და ზღვას კი ერთმანეთისგან მხოლოდ სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო გზა ყოფს. ამ ტერიტორიის მოპირდაპირედ ზღვაში ხელოვნური კუნძულის აშენებაც იგეგმება.

ნავთობის ნარჩენები ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სალექარებში. ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან

„პროექტი არ მოიცავს დიდ მასშტაბებს, კვლევების შედეგად გამოვლენილი დაბინძურებული ნიადაგის მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება გამოყენებული საპილოტე პროექტისთვის, რომლის მიხედვითაც უნდა დაიგეგმოს ტერიტორიის სამომავლო აღდგენითი პროცესები. საპროექტო ტერიტორიის აღდგენით აღმოიფხვრება ქალაქ ბათუმის და ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემა“ – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.

დოკუმენტების მიხედვით, დაბინძურებული ნიადაგის ბიორემედიაციის საცდელი პროექტი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტს აფინანსებს გაეროს განვითარების პროგრამა [UNDP] ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2024 წლის ნოემბრის ბოლომდე.

„პროექტის მიზანია ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბინძურებული ნიადაგების აღდგენის პირველადი მეთოდის ბიოდეგრადაციის პილოტური ტესტირება. პროექტს ახორციელებს ჩეხური კომპანია DEKONTA, a.s.

დაბინძურებული ტერიტორიის აღდგენის ერთ-ერთ ძირითად ვარიანტად შემოთავაზებულია ბიორემედიაციის მეთოდის გამოყენება. ბიორემედიაცია არის ტექნოლოგია, რომელიც იყენებს მიკროორგანიზმებს დაბინძურებულ ნიადაგში არსებული ნახშირწყალბადების დაშლისათვის.

ეს პროცესი გულისხმობს მიკროორგანიზმების შეყვანას დაბინძურებულ ზონაში, რომლებსაც შეუძლიათ ნახშირწყალბადების მეტაბოლიზება, რითაც ისინი გარდაიქმნება უვნებელ ქვეპროდუქტებად, როგორიცაა ნახშირორჟანგი და წყალი“ – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.

რისკების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, კვლევის ფარგლებში შეფასდა ყოფილი ბნქ-ს ტერიტორიით სამომავლო სარგებლობის ოთხი სავარაუდო სცენარი: სარგებლობის ახლანდელი ფორმა, სამრეწველო დანიშნულებით სამომავლო სარგებლობის ფორმა, საცხოვრებელი და სარეკრეაციო დანიშნულებით სამომავლო სარგებლობის ფორმები.

„პროექტის მთავარ პარტნიორთან [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო] კონსულტაციების შემდეგ, უპირატესობა მიენიჭა საცხოვრებელი დანიშნულებით სარგებლობის ფორმას და რისკების შეფასების კვლევა დეტალურად სწორედ ამ სცენარისთვის შეფასდა“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებით დადგინდა, რომ:

  • „ადგილზე განხორციელებული ბიორემედიაცია ყველაზე ხელსაყრელი მეთოდია დაბინძურებული სამშენებლო მასალების და გრუნტის ზედაპირზე განთავსებული ნიადაგის, ნიადაგის დაბინძურებული ზედა და ქვედა ფენების გასაწმენდად.
  • ნავთობის ნარჩენების დამჭერებიდან ნავთობის ნარჩენების დანალექების და შლამის მართვის განსახორციელებლად ყველაზე ხელსაყრელ ტექნოლოგიად ითვლება ნავთობის შლამის ხელახალი გამოყენება ან მისი ხელახალი გადამუშავება მდგრად ალტერნატიულ საწვავად [SAF].
  • სახიფათო ნარჩენების სანაყაროზე დროებითი დასაწყობება და განთავსება წარმოადგენს საუკეთესო ალტერნატიულ ვარიანტს იმ სხვა არაერთგვაროვანი სახიფათო ნარჩენების მიმართ, რომლებიც ტერიტორიაზე არის გავრცელებული [1,5 ტ-მდე].

შემდეგი ეტაპები უნდა იყოს აღდგენითი ღონისძიებების პროექტის დოკუმენტაციის და საერთაშორისო სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის აღდგენისთვის.“

აღსანიშნავია ერთი დეტალი, რომ „ქარხნის ტერიტორია მოიცავს დაახლოებით 35 000 ტონა სხვადასხვა ტიპის ნავთობის შლამს. ყველაზე ხარჯ-
ეფექტური და ხელმისაწვდომი ვარიანტი იქნება ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე, ტერიტორიის ფარგლებს შიგნით, საშუალო ზომის დანადგარის დამონტაჟება ნავთობის შლამის ნავთობქიმიურ პროდუქტებად გარდაქმნის მიზნით.

ქარხნის ტერიტორიიდან ნავთობის შლამის ნავთობპროდუქტებად გადამუშავებისთვის საჭირო დრო მერყეობს დაახლოებით 8-დან 18
წლამდე.“

სკრინინგის დოკუმენტების მიხედვით, ამჟამად, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის ცალკეული ტერიტორიებს სხვადასხვა მფლობელი ჰყავს [ნახეთ ფოტო]:

სკრინინგის დოკუმენტებიდან

სკრინინგის ანგარიშს თან ახლავს დეტალური ინფორმაცია კვლევების შესახებ, რისკების ანალიზი, ტერიტორიაზე აღდგენითი [გაწმენდის] ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაცია, ასევე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „უნდა შემუშავდეს ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის აღდგენის [რემედიაციის] დეტალური გეგმა… დაბინძურებული ტერიტორიის აღდგენა შეიძლება წარმატებით და ხანგრძლივი ვადით განხორციელდეს, მომავალი სარგებლობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით“.

 

ბათუმისა და ფოთის მიმართულებით რკინიგზა სააღდგომოდ რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნება.

დამატებით რეისებზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია 2, 3, 4 და 6 მაისს თბილისი-ფოთის მიმართულებით. ხოლო პირველიდან 6 მაისის ჩათვლით კი, თბილისი-ბათუმის მიმართულებით.

ბილეთების შეძენა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ როგორც ელექტრონულად, ასევე სალაროებში.

 

 

„ცუდი“, „ძალიან ცუდი“ – ბათუმში ჰაერში მტვრის მაჩვენებელი გაუარესდა

ბათუმში ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 2024 წლის 25 აპრილის მონაცემებით გაუარესებულია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ჰაერის დაბინძურება „უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული“.

„24 აპრილიდან დედაქალაქში და  საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული“ – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში დღეს ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი არის „ცუდი“ და „ძალიან ცუდი“:

მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

რა არის ამ ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყარო და რა გავლენა აქვს მას ჯანმრთელობაზე, იხილეთ ამ ბმულზე:

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 25 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 462 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
  • ტანკი – 7 255 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 13 942 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 11 836 ერთეული [+28]
  • MLRS – 1 049 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 772 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 449 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 118 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 949 ერთეული [+57]
  • სპეცტექნიკა – 1 946 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 25 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 592 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 23 132 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 831 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 274 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 115 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 288 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

ამ თემაზე:

აშშ-მ დაადასტურა, რომ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტები ფარულად მიაწოდა

უკრაინის მოქალაქეს საქართველოში ყოფნა 3 წლით შეუძლია – ახალი დადგენილება

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ვერ გავზრდი შვილებს ასეთ საქართველოში, წავალ ოჯახით“ – საჯარო მოხელე

„თუ რუსულ კანონს მიიღებენ, მე არ ვიცხოვრებ ასეთ საქართველოში. წავალ ოჯახით, დავტოვებ აქაურობას, რადგან „რუსეთი“ არ არის ჩვეულებრივი სიტყვა, ამის უკან არის ტერორიზმი, ეს არის კრიმინალი, ეს არის შიში, ტერორი და ჩემს შვილებს ვერ გავზრდი აქ“, – ამბობს გიორგი ტუღუში, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, მწერალი.

„ბათუმელები“ მას „ქართული ოცნების“ მიერ ხელმეორედ ინიციირებულ რუსულ კანონპროექტზე ესაუბრა და ჰკითხა, როგორც საჯარო მოხელე და ამ ქვეყნის მოქალაქე, ხედავს თუ არა საშიშროებას ამ კანონში.

„მე დიდი ხანია, რაც საჯარო მოხელე ვარ, წინა ხელისუფლების დროსაც ვმუშაობდი საჯარო უწყებაში და ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის გამოხატვის თავისუფლება ვინმეს შეუზღუდია.

იმ საჯარო მოხელეებს კი, ვინც არ გამოხატავენ საკუთარ აზრს, ვფიქრობ უფრო თვითცენზურა აქვთ, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტალინურმა რეჟიმმა, რომელიც ჩვენს მშობლებს, ბებიებს და ბაბუებს მართავდა, გაუმძაფრა შეგრძნება შიშებზე.

ეს გენეტიკური მეხსიერებაა და ეს თვითცენზურაა ჩაბუდებული ბევრ ადამიანში დღესაც.

ამიტომ, ვერც იმას ვიტყვი, რომ ამ ადამიანებს ვინმე თბილისში წასვლას აიძულებს აქციაზე, რომელიც ხელისუფლებამ დაგეგმა 29 აპრილს. ჩემამდე არავინ მოსულა, არც ჩემს მეგობრებთან და არ უთქვამს, რომ უნდა წავიდეთ აქციაზე. ალბათ პარტაქტივზეა გათვლილი ეს აქცია და ამიტომ“, – ამბობს გიორგი ტუღუში.

მისი აზრით, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქცია, ჰაერის ნაყვაა და შედეგს ვერ გამოიღებს.

„იმ ხალხს, რომელიც დღეს რუსთაველზე დგას რუსული კანონის წინააღმდეგ, ხელისუფლება საკუთარ ხალხად არ თვლის. მაგრამ ჩვენი შვილების არჩევანი არის ევროპა და ჩვენ ვდგავართ შვილების გვერდით.

მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, მაგალითად მწერალთა სახლებში, საჯარო დაწესებულებებში, საპატრიარქოში, ვისი არჩევანიც არის რუსეთი.

არის ისეთი ხალხიც, ვინც იძახის, რომ ეს ყველაფერი თეატრია და შემდეგ, როცა სიღრმეებში შედიხარ და ეუბნები, რა თეატრზეა საუბარი, იქნებ ესეც გვითხრან, იცინიან, ან გეუბნებიან. „მოგცლია“ – რაღაც ასეთი დამოკიდებულებაა.

რაც შეეხება რუსულ კანონს, აქ ყველაფერი არის ძალიან მარტივად. პუტინმა პროდასავლურად განწყობილი ოპოზიცია სწორედ ამ კანონის მეშვეობით მოგუდა, აფხაზეთში არსებობდა თავისუფლების კუნძულები არასამთავრობოების სახით და სწორედ ამ კანონით განადგურდნენ.

უფრო გასაგებიც რომ იყოს რუსული კანონის მიზნები, მარტივი მაგალითი შეგვიძლია დავასახელოთ. მაგალითად, თუ რომელიმე კეთილშობილური მიზნებით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია ბელგიიდან მე გადმომირიცხავს 5000 ევროს, ამ კანონის არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლება მიმაწებოს ესა თუ ის იარლიყი და პირდაპირ ამბობენ, რა იარლიყსაც მოგვაწებებენ – ეს არის აგენტი.

ახლა ამბობენ გავლენის მქონე, რაც იგივეა დოქს საითაც უნდათ, იქიდან მიაბნევენ სახელურს.

რა თქმა უნდა, მე არ ვეთანხმები ამ კანონის მიღებას, რადგან ეს იქნება საქართველოს სუვერენიტეტის დასასრული. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს, მთლიანობაში არ შეუძლია სურათის დანახვა, მაგრამ აქ  აღარ არის საუბარი იმაზე, ეს პარტია მოგწონს თუ ის, არამედ სასწორზე დგას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – ამბობს გიორგი ტუღუში.

ევროპარლამენტარებმა არაერთი განცხადება გააკეთეს და მკაფიოდ მოუწოდეს „ქართულ ოცნებას“ არ მიიღონ რუსული კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოსთვის არ გაიხსნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ფანჯარა.

როგორ ფიქრობთ, რატომ ჯიუტობს „ოცნება“? – ვკითხეთ გიორგის.

„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მივედით დასავლეთთან და ვთხოვეთ დახმარება. ისინი არ მოსულან ჩვენთან და არ დაუგლეჯიათ კალთები. დასავლეთის ქვეყნებს აქვთ ძალიან მძლავრი ეკონომიკა, დიადი კულტურა, მაგრამ რადგანაც ჰუმანისტურ საწყისებზე დგას ევროპა, თუ ქართველ ერს უნდა ჩვენს ოჯახში, დაე იყოს. ეს არის.

და ახლა უნდათ, რომ რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას, კრემლისტურს, დახატოს ამის საპირისპირო, რომ თურმე გვართმევენ იდენტობას და რაღაც ასეთი.

ჟან პოლ სარტრის, კამიუს, ჰაიდეგერის და იასპერსის ერებს არაფერში არ სჭირდება ქართული იდენტობა.

აქ ძალიან მარტივია ყველაფერი – თქვენ მოდიხართ ჩემს ოჯახში და გეუბნებით, რომ ვიქეიფოთ, ჩემი თავი შემოგევლოს, დავლიოთ, მაგრამ ოთახში ორი წლის ბავშვი მყავს და სიგარეტს ნუ მომიწევ. ანალოგიური სიტუაცია გვაქვს აქაც.

ევროკავშირთან ინტეგრაციის დროს უნდა მოხდეს ეროვნული კანონის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, თუ გვინდა ამ ოჯახში ყოფნა. თუ არ გვინდა ევროპულ ოჯახში ვიარსებოთ, მაშინ რატომ წერია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ ქართველი ერის არჩევანი არის ევროატლანტიკური სივრცე?“ – ამბობს გიორგი ტუღუში.

თქვენი აზრით, რა გააჩერებს რუსულ ძალას? – ვკითხეთ მას.

„ნაპოლეონი ამბობდა, რომ დაუმარცხებელია ჯარი, არმია, რომელსაც ერი უძღვება წინ.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული პროპაგანდა ძალიან ძლიერია და ჩვენი საზოგადოების ნაწილში, ღრმად აქვს ფესვები გადგმული ამ პროპაგანდას. ამიტომ დგას დღეს რუსთაველზე, ვთქვათ 20 ათასი მოქალაქე და არა ორი მილიონი.

გავითვალისწინოთ კონფორმიზმიც – მე თუ მაქვს დღეს პური და ღვინო, ესე იგი ყველაფერი კარგადაა. უფრო სწორად, ეს პლატონის გამოქვაბულია, როცა ზიხარ და გგონია, რომ სხვაგან არაფერია ამ გამოქვაბულის გარდა.

ამ ნაჭუჭშიც ზის ბევრი დღეს, მაგრამ არსებობს სხვა ფერებიც და ეს ფერებიც უნდა ვნახოთ. ხელისუფლების წარმომადგენლების შვილები დგანან ამ აქციებზე… წარმოიდგინეთ, როგორი მძაფრი მოთხოვნა უნდა იყოს კრემლისგან, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებენ“.

თქვენ თუ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ისეთ საქართველოში, სადაც რუსული კანონი იქნება? – ვკითხეთ გიორგი ტუღუშს. „არა“ – გვიპასუხა მან.

„თუ ეს კანონი მივიღეთ, საქართველოს სუვერენიტეტი დასრულდება და საქართველოს ხელისუფლებაც დასრულდება დასავლეთისთვის იმ დღესვე.

მე არ ვიცხოვრებ ასეთ საქართველოში. წავალ ოჯახით, დავტოვებ აქაურობას, რადგან „რუსეთი“ არ არის ჩვეულებრივი სიტყვა, ეს არის ტერორიზმი, ეს არის კრიმინალი, ეს არის შიში, ტერორი და ჩემს შვილებს ვერ გავზრდი აქ“, – ამბობს გიორგი ტუღუში.

რა რეაქცია მოჰყვა მსახიობების პროტესტს ბათუმის დრამატულ თეატრში

„რუსეთი ოკუპანტია. ჩვენი გზა ევროპაშია. არა რუსულ კანონს!” – ხმამაღლა გაისმა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენიდან 23 აპრილის საღამოს.

მსახიობებმა სცენიდან გააპროტესტეს რუსული კანონი, მას შემდეგ რაც პაოლო ჯინოვეზეს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „თამაში“ ითამაშეს.

„სასამართლოში გავარკვევთ,“ – მსახიობების თქმით, ასეთი იყო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ალექსანდრე ქანთარიას პირველი რეაქცია მათი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ.

თუმცა, როცა მსახიობებმა მას დაკონკრეტება სთხოვეს, რას გულისხმობდა „სასამართლოში გარკვევაში“, სამხატვრო ხელმძღვანელს დამატებითი განმარტება აღარ გაუკეთებია.

ბათუმის დრამატული თეატრის დასის ნაწილი სპექტაკლის შემდეგ აპროტესტებს რუსულ კანონს. 23.04.2024

როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, დღეს, 24 აპრილს „თამაშში“ მონაწილე მსახიობები სამხატვრო ხელმძღვანელმა დაიბარა და მათგან ახსნა-განმარტება მოითხოვა.

„არ ვიცი რა სახის რეაგირება ექნება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ რეჟისორი და მსახიობი ოთო ქათამაძე.

„ყველა მსახიობი, ვინც გუშინ დრამატული თეატრის სცენაზე იდგა და თავისი პოზიცია გამოხატა, შევხვდით [ალექსანდრე ქანთარიას]. ყველა მსახიობმა დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი, რომ უკანონო არაფერი არ გაგვიკეთებია.

მას არ უთქვამს, რომ რაღაც სასჯელი იქნება ან რამე ზომებს მიიღებს, მსგავსი რამ არ უთქვამს.

ჩვენ ხელშეკრულებაში გვაქვს მუხლი, რომელიც მსგავს აქტივიზმს გვიკრძალავს. შეხვედრაზე [ალექსანდრე ქანთარიამ] ამ მუხლზე მიუთითა – ხელშეკრულებაში გიწერიათ ეს და რატომ გააკეთეთო.

მე ვუთხარი, რომ არ ვცნობდი ამ მუხლს, რომ ეს არის არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური და შრომით ხელშეკრულებაში არ უნდა იწერებოდეს ისეთი რამ, რაც ადამიანს სიტყვის და თავისი პოზიციის თავისუფლად გამოხატვაში უშლის ხელს.

დასის გამგემ, თეონა ლორთქიფანიძემ, დაწერა მოხსენებითი ბარათი, სადაც აღწერა რაც მოხდა გუშინ, სპექტაკლის შემდეგ. დანარჩენი არაფერი არ ვიცი. მსახიობებს არაფერი არ დაგვიწერია,“ – გვითხრა ოთო ქათამაძემ.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ალექსანდრე ქანთარიას.

რა იყო თქვენთვის მიუღებელი მსახიობების ქმედებაში? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელს.

„იცით რა, ეს ჩვენი შიდა საქმეა და კომენტარის გარეშე,“- მოკლე პასუხით შემოიფარგლა ალექსანდრე ქანთარია.

20 დღეზე მეტია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულ კანონს აპროტესტებს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს.

პროტესტი არის როგორც ქუჩებში, ისე სხვადასხვა დაწესებულებებში. რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამოვიდა თეატრალური საზოგადოება.

თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონში, ოზურგეთში და გუშინდელი დღის შემდეგ უკვე ბათუმშიც, მსახიობებმა რუსული კანონი გააპროტესტეს და თქვეს, რომ „საქართველოს მომავალი ევროპაშია“.

  • რა ხდება 

2024 წლის 3 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას.

ეს კანონპროექტი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ “ოცნებამ” უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა. ხელისუფლებამ პირობა დაარღვია, ხალხი მოატყუა და კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში დააბრუნა.

ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა პუტინის რეჟიმი.

რუსული კანონი გვაშორებს ევროპის გზას – მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი

საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს ნაკრების წევრი, მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგია, რადგან, მისი აზრით, ეს კანონი საქართველოს მეგობრებს დააკარგვინებს და დააშორებს ევროპას.

„ჩვენ, მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა შარშანაც გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და რა თქმა უნდა, უარყოფითი იყო ჩვენი დამოკიდებულება რუსულ კანონთან დაკავშირებით. წელს ნამდვილად გამაოგნა, როცა გავიგე, რომ თავიდან აპირებდნენ ამ კანონის შემოტანას.

მაშინ როცა ეს ერთი წელი უნდა გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ ევროპას უფრო დავახლოებოდით და წინ წავსულიყავით ევროინტეგრაციის გზაზე, ახლა უკან-უკან მივდივართ და ამ კანონის შემოღება დაგვაშორებს საერთოდ.

მეც ევროპის ჩემპიონატზე ვარ ახლა, ევროპაში დავდივართ და ვისაც შეხება აქვს ევროპასთან, ყველა ხვდება, რომ ჩვენი კეთილდღეობის გზა ევროპაზე გადის, ამიტომ რუსული კანონი ძალიან გვაშორებს ამ გზას.

ეს კანონი ყველა მოქალაქეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვაყენებს. ევროპიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ხალხს ეხმარებიან, შეექმნათ პრობლემები, რაც ძალიან ცუდია.

ჩემი იმედი მაინც ახალგაზრდები არიან. მათ უნდა გამოხატონ საკუთარი აზრი, უფრო უშიშარნი არიან და რაც უფრო მეტი ხალხი გამოხატავს პროტესტს, მით უფრო კარგი იქნება“ – ამბობს ნინო ბაციაშვილი „ბათუმელებთან“.

  • რა ხდება?

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

ავარია ქედაში – დაშავდა სამი ადამიანი

ავარია მოხდა დღეს, 24 აპრილს, ქედაში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ავარიის ადგილიდან სამი დაშავებული გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა ტურისტებისთვის

25 აპრილიდან ვენეციის დასათვალიერებლად გარკვეულ დღეებში თანხის გადახდა მოგიწევთ. ქალაქში შესასვლელად ყველა ტურისტი დღეში [8:30-დან 16:00 საათამდე] 5 ევროს გადაიხდის, ცალკეულ დღეებში კი – 10 ევროს.

იტალიური მედიის ცნობით, ეს არის ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც მუნიციპალური საკრებულოს თქმით, ემსახურება ტურისტული ნაკადების უკეთ მართვას.

გადასახადი იმოქმედებს შემდეგ თარიღებში – 25, 26, 27, 28, 29 და 30 აპრილი. 1, 2, 3, 4, 5, 11, 12, 18, 19, 25, 26 მაისი, 8, 9, 15, 16, 22, 23,29, 30 ივნისი და 6, 7, 13,14 ივლისი.

მედიის ცნობით, მთავარი საკონტროლო პუნქტი იქნება რკინიგზის სადგურ ვენეცია „სანტა ლუჩიაში“, ასევე ყველა იმ პატარა სადგურში, საიდანაც ვენეციაში მოხვედრაა შესაძლებელი.

ვენეციის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის და ვენეციაში დაბადებულთათვის გადასახადი არ იმოქმედებს. ხოლო იმ ვიზიტორებს, რომლებიც გადასახადს არ გადაიხდიან, 50-დან 300 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ.

ვენეცია ასე ცდილობს შეამციროს ტურისტების შემოდინება ქალაქში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ქალაქში ყოველწლიურად დაახლოებით 30 მილიონი ტურისტი ჩადის.

______________

ფოტო: Pixels

ბათუმში, ხალვაშის გამზირზე არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა

დღეს, 24 აპრილს, ავარია მოხდა ბათუმში, ხალვაშის გამზირზე. ავტომანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა.

დაშავებული არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

ბათუმში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართება

2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული ჰაბის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, გაიმართება მოხალისეობის რეგიონული ფორუმი. ფორუმს დაესწრებიან ახალგაზრდები (უფროსკლასელები, სტუდენტები), მოხალისეები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.

ფორუმის მიზანია აჭარის რეგიონის ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება.

ფორუმის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, მოეწყობა აჭარის რეგიონში მოქმედი სათემო კავშირების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის გამოფენა/პრეზენტაცია. ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ მათი საქმიანობის შესახებ და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვას შესთავაზებენ.

ფორუმზე, ასევე,  მოეწყობა პარალელური სესიები – პანელური დისკუსია თემაზე:”აჭარაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოხალისეობრივი საქმიანობა პრაქტიკაშიდა შეხვედრა ახალგაზრდებთან  თემაზე ,,მოხალისეობის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში”. ღონისძიების ბოლოს საუკეთესო მოხალისეები დაჯილდოვდებიან.

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, ინოვაციური შესაძლებლობები, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე.

საინვესტიციო საბანკო საქმიანობა

2023 წელს თიბისი კაპიტალმა ობლიგაციების რეკორდული რაოდენობა გამოუშვა – ჯამში 16 განთავსების მთლიანმა მოცულობამ, 372 მილიონი დოლარი შეადგინა. 2023 წელს თიბისი კაპიტალის კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის წილმა 56% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ლარის ობლიგაციების 91% თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა.

2023 წელი თიბისი კაპიტალისთვის გამორჩეული იყო ინოვაციური პროდუქტების კუთხითაც:

  • გამოუშვა პირველი საცალო ლარის ობლიგაციები
  • გამოუშვა პირველი უზრუნველყოფილი საცალო ობლიგაციები
  • გამოუშვა პირველი მწვანე ლარის ობლიგაციები
  • მონაწილეობა მიიღო მდგრადობასთან დაკავშირებული უმსხვილესი დოლარის განთავსებაში საქართველოში
  • ჰქონდა რამდენიმე სადებიუტო ობლიგაცია და შედეგად, 5 ახალი ემიტენტი გამოჩნდა ბაზარზე

კვლევები

აქტიური საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, კვლევები თიბისი კაპიტალისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს წვდომა აქვთ მაკროეკონომიკურ და სექტორულ ანალიზზე, განახლებებსა და პროგნოზებზე. 2023 წელს, თიბისი კაპიტალმა 200-ზე მეტი პუბლიკაცია გამოაქვეყნა და ეკონომიკის 10 ახალი სექტორი დაფარა. თიბისი კაპიტალმა აღნიშნული პუბლიკაციები აუდიტორიას ჯამში 50-მდე ინდივიდუალურ შეხვედრასა თუ ღონისძიებაზე გააცნო. აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალმა პირველმა გააანალიზა და გაუზიარა პარტნიორებს – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობები საქართველოსთვის და ქართული ბიზნესებისთვის.

საბროკერო მიმართულება

აქტიურია თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულებაც. 2023 წელს, ამ მიმართულებით, მართული აქტივების მოცულობა 250 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 780 მლნ დოლარი შეადგინა ზრდა თიბისი კაპიტალის მუდმივად განვითარებადმა სერვისებმა განაპირობა, რაც გულისხმობს პერსონალური მრჩევლის მომსახურებას ფიზიკური პირი ინვესტორებისთვის და კორპორაციების შემთხვევაში – ფულადი სახსრების ეფექტურად მართვაში დახმარებას. საბროკერო მიმართულებით, თიბისი კაპიტალი აქტიურად განაგრძობს აქციების და ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვების გამოქვეყნებას.

საინვესტიციო პლატფორმა თიბისის ციფრულ ბანკში

ფიზიკური პირების მხრიდან, ინვესტირების ალტერნატიულ შესაძლებლობებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, 2023 წელს თიბისი კაპიტალმა თიბისის ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმა დანერგა, სადაც 6500-ზე მეტი ამერიკული კომპანიის აქციებსა თუ ფონდებში ინვესტირება 1$-იდან, საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი.

ტექნიკური და ანალიტიკური ფუნქციებისა და საინვესტიციო აქტივების ფართო არჩევანის მიუხედავად, პლატფორმა მაქსიმალურად ინტუიციურია და მომხმარებელს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში თავადვე ეხმარება. 2023 წლის ბოლოს, პლატფორმას 16 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.

საკონსულტაციო მომსახურება

მესამე წელია აქტიურად ვითარდება თიბისი კაპიტალის (M&A) საკონსულტაციო მომსახურებაც, რომელიც პარტნიორებს შერწყმა/შეძენის ტრანზაქციებთან და ბიზნესის ზრდასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, კომპანიის შეფასებასა და ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. 2023 წელს, თიბისი კაპიტალმა M&A მიმართულებით, 2 მსხვილი საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი – სექტორებს შორის ტრანზაქცია განახორციელა.

„თიბისი კაპიტალი აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და ფიზიკური პირებისა და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე. ასევე, ბიზნესებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ვეხმარებით. საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელება იმის დასტურია, რომ პარტნიორების საჭიროებებს წარმატებით ვპასუხობთ და საინვესტიციო საბანკო სექტორში ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას. ჯილდო ჩვენი 2023 წლის მიღწევებისა და გამორჩეული შედეგების კიდევ ერთი აღიარებაა“, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

„2023 წელს გაზრდილმა საპროცენტო განაკვეთებმა, გავლენა მოახდინა საინვესტიციო ბაზარზე, რაც გარიგებებისა და პირველადი საჯარო შეთავაზებების კლებაშიც გამოიხატა. ასეთ რეალობაშიც კი, კონკრეტულმა საინვესტიციო ბანკებმა მოახერხეს, რომ მსხვილი ტრანზაქციები შეესრულებინათ და ყოფილიყვნენ ინოვაციურები. ჩვენ სწორედ ასეთი საინვესტიციო ბანკები დავასახელეთ გამარჯვებულებად“, – ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

27 წლის კაცმა ყოფილ პარტნიორს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა – მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სამართალდამცავებმა  ტელეგრამის ჯგუფში პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

დაკავებულია 27 წლის კაცი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე. შეხვედრისას, დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა.

2024 წლის მარტში, დაზარალებულმა ქალმა ბრალდებულთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განათავსა მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო, რის გამოც ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე დაურეკა მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე, იმავე დღეს დაზარალებული ქალისთვის ცნობილი გახდა რომ მისი ინტიმური ფოტოები, რომლის წაშლაც ბრალდებულს მოსთხოვა, სოციალურ ქსელ ტელეგრამის ერთ-ერთ ჯგუფში იყო გავრცელებული“ – წერს საგამოძიებო სამსახური.

დაზარალებული ქალის მიმართვის შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, მათ შორის, ნანახი იქნა 2500 მომხმარებლისგან შემდგარი ტელეგრამის ჯგუფი, სადაც ბრალდებულმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები გაუვრცელა.

ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„არ მინდა გარუსებულ საქართველოში იცხოვრონ ჩემმა შვილებმა“ – შშმ შვილების დედა ხულოდან

„რუსული კანონის მიღების მცდელობა საქართველოში, მე ვფიქრობ, რომ ჩემი და ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეების შეურაცხყოფაა.

ვერ ვხვდები, რატომ უნდა მიიღონ რუსული კანონი საქართველოში? მე, მაგალითად, ამას არ დავუშვებ”, – ამბობს “ბათუმელებთან” საუბრისას 34 წლის მარტოხელა დედა, ნათია მელაძე ხულოდან.

ნათიას ორი შშმ პირი შვილი ჰყავს:

„უკვე 11 წელია, რაც მარტოხელა დედა ვარ, თუმცა სტატუსის გარეშე, რადგან ჩემი შვილები მამის გვარს ატარებენ, მარტოხელა დედის სტატუსი არ მომანიჭეს. მამა ბავშვებს საერთოდ არ ნახულობს და არც ალიმენტს იხდის სრულად.

ჩემი შემოსავლის წყარო ხელსაქმეა. ვქსოვ, ვქარგავ, ვკერავ და ამით მაქვს შემოსავალიც. სხვადასხვა ღონისძიებებზე ვაკეთებ ჩემი ხელნაკეთების გამოფენასა და გაყიდვას.

ამ კანონს თუ მიიღებენ, აღარ მექნება შემოსავლის წყარო. ბევრი ღონისძიება, სადაც ჩემს ნაკეთობებს ვფენ, არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებულია. რასაც ამ გამოფენებზე ერთი დღის განმავლობაში ვყიდი, იმას ერთ თვეში ვერ გავყიდი სახლიდან.

აღარ გვექნება შემოსავალი ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მაგრამ მე მირჩევნია, ჩაი დავლიო, ვიდრე რუსული კანონი და რუსები შემოვიდნენ საქართველოში”, – გვითხრა ნათიამ.

ნათია მის ირგვლივ მყოფ ხულოელთა განწყობაზეც გვიყვება და ამბობს, რომ ქვეყანაში რუსული კანონის მიღებას მხარს არავინ არ უჭერს. ქალი თვლის, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მათ შორის ძალიან დაზარალდებიან გლეხები.

„მე არ მინდა რუსეთი, არ მინდა რუსული კანონი და არ მინდა ჩემმა შვილებმა იცხოვრონ გარუსებულ საქართველოში. გაჭირვებულ ადამიანებზე ვინ მოჰყვება, თუ არ იქნება კრიტიკული მედია?“

  •  რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა.

„ქართული ოცნების“ მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლური ორგანიზაციებიდან.

ბათუმში დააკავეს 2 პირი, რომლებიც 5700 ლარს სძალავდნენ კაფეს სტუმრებს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა – 267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს.

სამართალდამცველებმა ს.ჩ. და ჰ.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში მესამე დღეა ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ

მესამე დღეა ბათუმში ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდას უშედეგოდ ეძებენ.

17 წლამდე მოზარდი ზღვაში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაკარგულის ძებნა ისევ მიმდინარეობს.

აშშ-მ საქართველოს გადასცა 13 მლნ დოლარის ტექნიკა საზღვრის გასაძლიერებლად

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, შემოსავლების სამსახურს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა.

ტექნიკური აღჭურვილობა 13 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.

ტექნიკის გადაცემას აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანიც ესწრებოდა.

თანამედროვე აღჭურვილობა ხელს შეუწყობს კონტროლის გაძლიერებას საზღვარზე, რათა თავიდან იყოს აცილებული უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების შემთხვევები.

უკრაინის მოქალაქეს საქართველოში ყოფნა 3 წლით შეუძლია – ახალი დადგენილება

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში 3 წლით ყოფნის უფლება აქვთ. ნებისმიერი იმ ქვეყნის მოქალაქეს, ვისაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვს, საქართველოში 1 წლით დარჩენა შეუძლია. გამონაკლისი უკრაინაა, რომლის მოქალაქეებსაც ამ დრომდე 2 წლით შეეძლოთ საქართველოში ყოფნა.

უკრაინის მოქალაქეებისთვის გამონაკლისი საქართველომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო დაუშვა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“, 2024 წლის 23 აპრილს შევიდა ახალი ცვლილება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 3 წლის  ვადით  ყოფნის უფლება აქვთ.

მთავრობის ახალი დადგენილება 2024 წლის 23 აპრილს შევიდა ძალაში და ის 2024 წლის 24 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდება.

იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, 96 ქვეყანაა, მათ შორისაა რუსეთის ფედერაციაც:

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 461 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880]
  • ტანკი – 7 242 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 13 928 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 11 808 ერთეული [+43]
  • MLRS – 1 048 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 771 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 439 ერთეული [+32]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 117 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 15 892 ერთეული [+47]
  • სპეცტექნიკა – 1 944 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 24 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 592 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 22 932 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 827 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 271 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 081 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 274 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსული კანონი გააქრობს შესაძლებლობებს სოფლებში – 3 შვილის დედა ხულოდან

„რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ბევრი ახალგაზრდა დაკარგავს განვითარების და წინსვლის საშუალებას.

მეც მიმიღია მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციისგან და ზუსტად ეს მხარდაჭერა იყო ჩემთვის განვითარების სტარტი, რადგან სანამ არ გავხდებოდი ამ ორგანიზაციის პროგრამების მონაწილე, დავიწყებდი ორგანიზებულ ტრენინგებზე დასწრებას, შემდეგ ანაზღაურებად სტაჟირებას, იქამდე არაფერი არ ვიყავი, მხოლოდ ჩვეულებრივი დიასახლისი.

ამ კანონის მიღების შემდეგ მსგავსი რაღაცები, რაც იყო ჩემი განვითარების საფუძველი, ფიზიკურად ვერ იარსებებს.

მაშინ გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება, მაშინ დავინახე განათლების საჭიროება და მაშინ დავიწყე საკუთარი თავის განვითარებისთვის ბრძოლა. თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას წაგვართმევენ, სხვები ვეღარ მოახერხებენ განვითარდნენ ისე, როგორც მე.

რუსული კანონი გააქრობს შესაძლებლობებს”, – გვეუბნება ლელა ვასაძე.

ლელა სამართლის ფაკულტეტის პირველ კურსელი და სამი შვილის დედაა ხულოდან. მან 29 წლის ასაკში გადაწყვიტა მიეღო უმაღლესი განათლება. ლელას შესახებ “ბათუმელებმა” გასულ წელს წერდა.

ქალის თქმით, მთიან სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა შესაძლოა ითქვას, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მათი ხმით სხვები ნაკლებად ინტერესდებიან.

„იმ საშუალებების გაუქმება, რასაც ჩვენთვის ქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს არა მხოლოდ ამ ორგანიზაციებისთვის, არამედ ჩვენთვის, აქ მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. ჩვენ გვჭირდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციების პროექტებში ჩართვა, მათგან დაფინანსების მოპოვება თუ სხვა სახის მხარდაჭერა.

კრიტიკული მედიის არ არსებობა ავტომატურად შექმნის რეალურ ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობას. ინფორმაციულ ვაკუუმს. დავკარგავთ რეალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. თუ აღარ გვექნება კრიტიკული მედია, ავტომატურად მივიღებთ იმ ინფორმაციას, რაც აწყობს ვიღაცას, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს. ვიღაცას რაც აწყობს, ჩვენ დავინახავთ მხოლოდ იმას”, – ამბობს ლელა.

მისი თქმით, რუსული კანონის მიღება ქვეყანაში უამრავი სამუშაო ადგილის განადგურებასაც გამოიწვევს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„მე ახლა სამართალს ვსწავლობ და სწავლის დასრულების შემდეგ საერთოდ არ ვაპირებ საჯარო სექტორში წასვლას, ამიტომ, მთელი ოთხი წლის შრომა შესაძლოა წყალში ჩამიყაროს ამ კანონმა“ – ამბობს ლელა.

  •  რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

„რუსული კანონების ადგილი არ არის ჩვენს ქვეყანაში“ – მომღერალი გიორგი ფუტკარაძე

„მე ვფიქრობ, რომ, როგორც მოქალაქეს უკვე შემეხო ეს რუსული კანონი. მეტი როგორღა უნდა შემეხოს? თუ ფიზიკურად შემეხება, ეგ სხვა ამბავია და მორალურად უკვე შემეხო, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის ბედი მათ ხელშია, ვინც საბოლოოდ გამყიდველები გამოდიან.

ბუნებრივია, მეხება მეც, როგორც ადამიანს და ამ ქვეყნის მოქალაქეს. მეხება ის ფაქტი, რომ აზრად მოუვიდათ ისევ შემოეტანათ ეს კანონი და წასულიყვნენ პოზიტიური განწყობის ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენს მხარეს იჭერენ და ცდილობენ ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას. ცდილობენ, გვქონდეს მეტი თავისუფლება, მეტი სამუშაო ადგილები და ა.შ.“, – გვეუბნება ბათუმელი მომღერალი, გიორგი ფუტკარაძე.

„ბათუმელებთან“ საუბრისას მომღერალი აღნიშნავს, რომ საქართველოში „რუსული კანონების ადგილი არ არის“:

„ეს კანონი ძალიან არ მომწონს. ასე მგონია, რომ ვიღაცების შემოგდებულია, რათა საქართველო რაც შეიძლება ადრე ჩამოაშორონ ევროპას, სამომავლო განვითარებას და ა.შ.

იმდენად დეგრადირებული ხელისუფლება გვყავს, რომ ახალგაზრდების დროს უაზროდ იყენებს. ქუჩაში აყენებენ ახალგაზრდებს, იმ კანონების გაუქმებას ახვეწნინებენ, რომელიც ბუნებრივია, ქვეყნისთვის ძალიან ცუდია”.

  •  რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

5 მიგრანტი დაიღუპა ლა-მანშის სრუტის გადაკვეთისას – მედია

დღეს, 23 აპრილს, გამთენიისას, სულ ცოტა ხუთი მიგრანტი, მათ შორის ბავშვი, ქალი და სამი მამაკაცი, ინგლისის არხის გადაკვეთისას დაიღუპა. საფრანგეთის ოფიციალური უწყებების განცხადებით, პატარა ნავი, რომელზეც დაახლოებით 110 ადამიანი იმყოფებოდა, საფრანგეთიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით მიცურავდა.

დასავლური მედიის ინფორმაციით, გემი თავდაპირველად ქვიშის ნაპირს შეეჯახა, რამაც გადატვირთულ გემზე ხალხის მოძრაობა და მათი წყალში გადავარდნა გამოიწვია.

როგორც საფრანგეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, დაშავებულთაგან 4 ადამიანი უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 47 ადამიანი ადგილობრივმა სამაშველო სამსახურმა გადაარჩინა, 50 მიგრანტმა კი გზის გაგრძელება გადაწყვიტა.

მედია აღნიშნულ ფაქტს რამდენიმე საათით ადრე ინგლისის პრემიერ მინისტრის, რიში სუნაკის მიერ მიღებულ კანონს უკავშირებს, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მაძიებლებს დეპორტაციით რუანდაში დააბრუნებენ.

დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ინგლისის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა:

„ეს ტრაგედიები უნდა შეწყდეს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეწყვიტოს ვაჭრობა, შეაჩეროს [მიგრანტთა] ნავები და საბოლოოდ, გაარღვიოს ბოროტი ადამიანების კონტრაბანდული ბიზნეს მოდელი, რათა ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში აღარ ჩააგდონ“- განაცხადა ჯეიმს კლევერლმა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, წელს უკვე 6000-ზე მეტმა მიგრანტმა და ლტოლვილმა გადაკვეთა საზღვარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი მეოთხედით არის გაზრდილი. გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

___________

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი 

 

კობახიძეს სტუდენტებმა დაფაზე წარწერა დაუტოვეს – „არა რუსულ კანონს!“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს დაფაზე დაუტოვეს წარწერა – „არა რუსულ კანონს!“.

ერთ-ერთი სტუდენტი, რომელმაც კობახიძეს წარწერა დაუტოვა, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი დათო ჩხობაძეა.

„ირაკლი კობახიძე ლექციებს ატარებს ყოველ შაბათ დღეს, დილით.

სავარაუდოდ, წაშლიან ამ წარწერებს შაბათამდე, მაგრამ სამართლის სტუდენტები, ვისაც კობახიძე უკითხავს ლექციას, ხვალიდან აპირებენ პეტიციის შედგენას და ხელმოწერების შეგროვებას, რომ კობახიძემ აღარ გააგრძელოს საქმიანობა თსუ-ში.

ჯაბა სამუშია და რექტორატი ალბათ არც ამ მოთხოვნას გაითვალისწინებს, მაგრამ ჩვენ გვინდა ამით ვაჩვენოთ ჩვენი პოზიცია“- ამბობს დათო ჩხობაძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, კობახიძის ლექციაზე სტუდენტებს არ აძლევენ შესაძლებლობას დასვან კრიტიკული კითხვები.

„მოგვისმინეთ სტუდენტებს“, „არა რუსულ კანონს“ – წარწერები, რომელიც კობახიძეს სტუდენტებმა დაფაზე დაუტოვეს.

„მას ლექციებზე დაჰყვებიან თანმხლები პირები, დაახლოებით 10-12 ადამიანი, რომლებიც არც თსუ-ს სტუდენტები არიან, არც ზოგადად, სტუდენტები და ცდილობენ აუდიტორიებში ცენზურის დაწესებას, რომ ზედმეტი კითხვებით არ შეაწუხონ კობახიძე.

ეს პირები არიან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული აქტივი“ – ამბობს დათო ჩხობაძე.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე აქტივისტებთან ერთად ლექციებზე გასული წლის საპროტესტო აქციებიდან დადის.

„როცა რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტები დაიწყო, იქიდან მოყოლებული დაჰყვება ეს ხალხი კობახიძეს ლექციებზე.

უნივერსიტეტი არ არის ძალადობის ადგილი, განათლების და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების კერაა, მაგრამ მათ არ სურთ მოისმინონ კრიტიკული შეფასებები და ვინც ამას გაბედავს, ფიზიკურად უსწორდებიან და გაუსწორდნენ კიდეც ჩვენს მეგობარს, ნიკო მანაგაძეს.

ირაკლი კობახიძის რეაქცია კი ამ ძალადობაზე იყო ღიმილი. აი, ეს არის მისი სახე“-ამბობს დათო ჩხობაძე.

გასული წლის მარტის მასობრივი აქციების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ისევ დააბრუნა პარლამენტში განსახილველად უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე პირობა დადო, აღარასდროს დაუბრუნდებოდნენ ამ კანონს.

პირობის დარღვევას საზოგადოება ისევ მასობრივი პროტესტებით გამოეხმაურა. საპროტესტო აქციები თითქმის ყოველდღე მიმდინარეობს პარლამენტის წინ, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

რუსულ კანონს, „ქართული ოცნების“ წევრებმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი. საპროტესტო აქციები გრძელდება.

ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.

შემთხვევა დღეს, 23 აპრილს მოხდა.

დაშავებული კაცია, რომელიც თვითმხილველის თქმით სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

___________

ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

 

ხელოვნური კუნძულის გზშ-ში ხარვეზებია – სააგენტო „ამბასადორს“ 2 თვეს აძლევს გასასწორებლად

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებით კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია [გზშ] სააგენტომ დაახარვეზა და კომპანიას 2 თვის ვადა მისცა ხარვეზების გამოსასწორებლად.

ხარვეზების გამოსწორების გარდა, სააგენტო „ამბასადორს“ წერს, რომ კომპანიამ წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია იმ საკითხებსა თუ შენიშვნებზეც, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით აქვს საზოგადოებას.

ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობაა. ანუ, ხელოვნური კუნძულის მშენებლობის დასაწყებად ასეთი გადაწყვეტილება აუცილებელია.

„ამბასადორის“ მიერ წარდგენილ გზშ-ს დოკუმენტზე კი გარემოს სააგენტოს სხვადასხვა სახის 36 შენიშვნა აქვს.

„გთხოვთ, ორი თვის ვადაში უზრუნველყოთ დაზუსტებული/დამატებითი ინფორმაციის სააგენტოში წარმოდგენა. აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენამდე სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე“ – მიწერეს „ამბასადორს“ სააგენტოდან 2024 წლის 19 აპრილს.

ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

„2024 წლის 12 იანვარს ბათუმის მერიაში გამართულ, გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვისას, დამსწრე საზოგადოების მხრიდან გამოითქვა შენიშვნები/მოსაზრებები დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის ეხებოდა პროექტის მშენებლობა-ექსპლუატაციის შედეგად ვიზუალურ-ლანდშაფტურ ზემოქმედებას.

ასევე, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით წარმოდგენილია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“, „ბათუმის თავისუფლების მოედნის“ წევრების, ურბანისტ გიორგი აბაშიძისა და სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის წერილობითი შენიშვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს საჯარო განხილვაზე დასმული საკითხებისა და სააგენტოში წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინების შესახებ დეტალური ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესაბამისი ცხრილის სახით“ – წერს სააგენტო „ამბასადორს“.

„ამასთან, დოკუმენტის შესავალ ნაწილში აღნიშნულია, რომ კუნძულის შემდგომი განაშენიანების დეტალური გეგმის მომზადება და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმება დაგეგმილია პროექტის შემდგომ ეტაპზე. ასევე მითითებულია, რომ პირველი ფაზის პერიოდში დაგეგმილია დამცავი მოლების და ხელოვნური კუნძულის ტერიტორიის მოწყობა.

ვინაიდან, გზშ-ის ანგარიშში დეტალურად არ არის განხილული კუნძულის განაშენიანებასთან და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები და მათი ზემოქმედება გარემოსა და ქალაქზე, მათ შორის ზეგავლენა მისასვლელ გზებსა და ქალაქის ურბანულ პროცესებზე, სააგენტო აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში იმსჯელებს პირველი ფაზის ფარგლებში დაგეგმილ დამცავი მოლებისა და ხელოვნური კუნძულის მოწყობის თაობაზე“ – აღნიშნულია სააგენტოს წერილში.

გარემოს ეროვნული სააგენტო ასევე აქვეყნებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წერილს ხელოვნური კუნძულის გზშ-თან დაკავშირებით.

„აღნიშნული ხელოვნური კუნძული წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს, შესაბამისად უნდა ჩატარდეს რიგი საექსპერტო კვლევები და გაიცეს დასკვნები. წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის 4.10.8 პუნქტი განიხილავს კუნძულის შემადგენელი მოლების ზემოქმედებას ბათუმის საზღვაო ნავსადგურზე, თუმცა აღნიშნული ზემოქმედების დასადასტურებელი კვლევების დამადასტურებელი, მათ შორის კომპეტენტური საზღვაო ინსტიტუტის [ლაბორატორიის] დასკვნა არ არის მითითებული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს მიერ არაერთხელ იქნა დაფიქსირებული პოზიცია აღნიშნული კუნძულისათვის საჭირო ტალღმჭრელების მოწყობასთან დაკავშირებით. კერძოდ, იქვე განლაგებულ ბათუმის შიდა და გარე ნავსადგურის სანავსადგურე ობიექტებზე, საშტორმო ამინდის დროს ზღვის ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან მომავალი, ტალღების ზემოქმედების განსაზღვრის მიზნით.

აგრეთვე, სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნული პროექტის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდოს პროექტის მომიჯნავე შპს „ბათუმის ნავთობტერმინალს“, შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურს“, შპს „ტერმინალ-1“-სა და შპს „იბერია ლიმითედის“ ადმინისტრაციას“ – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წერილში.

აქვე აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კერძო კომპანია „ტერმინალ 1“-ს, სთხოვა, რომ მის მიერ დაგეგმილი საქმიანობა „ამბასადორი ბათუმი აილენდთან“ შეათანხმოს.

ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოსაწყობად კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სახელმწიფომ ზღვაში 1 443 223 კვ/მ ტერიტორია 65 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა.

ხელოვნური ნახევარკუნძულის, როგორც „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა „ამბასადორმა“ 2022 წელს გზშ-ს გარეშე დაიწყო.

ხელშეკრულებით, კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, პროექტის ფარგლებში შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამავე ხელშეკრულებით, „ამბასადორმა“ არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

„ამბასადორს“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაბამისად, ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს საქართველოს მთავრობა საბოლოოდ საკუთრებაში სიმბოლურ 1 ლარად გადასცემს.

დაახლოებით ერთი თვის წინ, მთავრობამ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“, რომელიც ბათუმში ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს აშენებს, ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვადა 18 თვით გადაუვადა.

ხულოში ხის სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ ძირკვაძეებში სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევა 22 აპრილს, ღამით მოხდა.

„ბათუმელებს“ ხულოს მერის წარმომადგენელმა დეკანაშვილების თემში უთხრა, რომ ხანძარი ღამის საათებში სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის გამო გაჩნდა. სხვა დეტალებზე ინფორმაცია მერის წარმომადგენელმა ვერ მოგვაწოდა.

ხულოს მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოჯახი გაყვანილია ქირით უსაფრთხო ადგილას, რომელსაც ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია დაუფინანსებს და ასევე, დაზარალებულ ოჯახს გაეწევა ფინანსური დახმარება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

ხულოს სოფელ ძირკვაძეებში ხის სახლი დაიწვა

ამავე თემაზე: 30 წუთი, სანამ ყველაფერი გაქრება, რასაც მთელი ცხოვრება ქმნიდი

Exit mobile version