განათლების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ისე გაიხურა კარი, რომ არც მშობლებს და არც სასკოლო საზოგადოებას არ გააცნო იმ „ინტენსიური მუშაობის“ შედეგები, რომლის საფუძველზეც სამინისტროს სასკოლო კვება უნდა დაენერგა.
ყოფილი მინისტრი მთელი წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ არსებობდა პოლიტიკური ნება, სკოლებში დანერგილიყო კვება, შემდეგ ეტაპზე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ აღწერეს 2084 სკოლა და „ძალიან მალე“ დადებდნენ სურათს, თუ სად შეიძლებოდა სასკოლო კვების დანერგვა და სად მუშაობის გაგრძელება.
20 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას გიორგი ამილახვარი ისევ დაჰპირდა საზოგადოებს, რომ 1-2 თვეში წარმოადგენდა ,,კონკრეტულ გეგმას“, თუმცა ისე მიილია ზაფხული, ამ საკითხზე დასმულ არც ერთ კითხვას არ გასცა პასუხი.
თანამდებობის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე კი მხოლოდ ის დასძინა, რომ სასკოლო კვების დანერგვაზე დეტალური გეგმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში იქნებოდა გაწერილი. თუმცა პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ერთი სიტყვაც არ უთქვამს სკოლებში ბავშვების კვებაზე.
„სასკოლო კვებაზე „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება არის ტიპური მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა გაწელო დრო და ტყუილში ამყოფო ის ადამიანები, ვისაც ეს პრობლემა ყოველდღიურად ეხება. შემდეგ კი უპასუხისმგებლოდ გაიხურო კარი და წახვიდე ისე, თითქოს შენს სიტყვებზე საერთოდ არ გეკისრებოდეს პასუხისმგებლობა. ამის მაგალითია ის, რაც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით გააკეთა ხელისუფლებამ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელი, მეგი კავთუაშვილი.
ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საზოგადოებას ატყუებდა. რა გზა რჩებათ მშობლებს მიზნის მისაღწევად? – ვკითხეთ მეგი კავთუაშვილს.
„ჩვენ კიდევ უნდა დავაყენოთ დღის წესრიგში ეს საკითხი ალბათ იმაზე უფრო მწვავედ, ვიდრე აქამდე გაგვიკეთებია ეს, იმისთვის, რომ იმ ადამიანებმა, ვინც ახალ მთავრობაში შევა, იცოდენენ, რომ საზოგადოება არის უკომპრომისო ამ საკითხთან მიმართებაში.
სკოლაში ბავშვებს არ უნდა შიოდეთ. სასკოლო კვებას სხვადასხვა ქვეყანაში სხვა მიზანიც აქვს. გარდა იმისა, რომ შიმშილი იყოს აღმოფხვრილი, ეს არის ჯანმრთელობის შენარჩუნება, ჭარბწონიანობის შემცირება, განათლების მიზნების მიღწევა, ეს არის სოციალური დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს და ეს არის ასევე სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა.
ჩვენ უფრო მეტი მშობელი უნდა ჩავრთოთ ამ საკითხის ადვოკატირებაში, რომ ეს მიზანი იყოს მიღწეული. მათ შორის, სოფლად მცხოვრები ადამიანები, სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლები, ფერმერები, დისტრიბუტორები და ასე შემდეგ. სასკოლო კვების კვირეულის ფარგლებში ჩვენ როცა შევხდით ამ ადამიანებს, ძალიან მაღალი ინტერესი იყო მათი მხრიდან. ვფიქრობ, უფრო ფართოდ უნდა გაიშალოს ეს კამპანია.
უფრო მკაფიოდ უნდა ვაჩვენოთ, რას ვუშავებთ ბავშვებს იმით, რომ სასკოლო საათებში ნახევარი დღის განმავლობაში ბავშვები არიან მშივრები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ბავშვების დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია ან ელოდება ამ ბაზაში დარეგისტრირებას.
შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანებს უჭირთ თავიანთი შვილების სრულფასოვნად გამოკვება. ამიტომ სახელმწიფოს როლი და მისია ძალიან დიდია“, – ამბობს მეგი კავთუაშვილი.
მისი თქმით, როცა ამ საკითხის განხილვა მშობლებმა პოლიტიკურ პარტიებთან მოისურვეს, შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ მივიდნენ.
„ოცნებამ“ არ ისურვა მშობლების მოსმენა. ოპოზიციურ პარტიებს ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და როცა ხელისუფლებაში მოვლენ, ამაზე მოუწევთ მუშაობა, რომ სასკოლო კვება ეს არის მშობლების დაკვეთა და აუცილებლად უნდა იყოს დანერგილი“, – ამბობს მეგი.
„ქართული ოცნების“ ირწმუნება, რომ ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდება და რომ „ეკონომიკის ორნიშნა მატება გვაქვს“. თუმცა, ხელისუფლება მხოლოდ მაშინ იმიზეზებს თანხების უქონლობას, როცა საქმე ბავშვთა კეთილდღეობას ეხება. სამაგიეროდ, მარტივად იხარჯება ბიუჯეტიდან მილიონები, როცა „ქართულ ოცნებას“ ცნობადი სახეების ან ცალკეული ჯგუფების კეთილგანწყობის მოპოვება სურს.
„მგონი, „ქართულმა ოცნებამ“ რომ გააცნობიეროს რამე, ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ არის აქტუალური, რადგან ეს არ არის პარტია, რომელიც უმრავლესობით გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. უბრალოდ, შეუძლებელია.
რამდენი მილიონიც არ უნდა დაურიგონ სპორტსმენებს ან ცალკეულ ჯგუფებს, რომ თავიანთ რიგებში გადასვან, ეს ვერ მოაგვარებს ათი ათასობით ადამიანის პრობლემას.
დღეს ქვეყანა დგას იმის წინაშე, რომ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოება მთლიანად განადგურდეს. თუ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩა ამ ქვეყანაში და დიდი იმედი მაქვს რომ ასე იქნება, ახალ მთავრობას მოუწევს ამას ანგარიში გაუწიოს, რადგან სამოქალაქო საზოგადოება დღეს ძალიან ძლიერია.
თუ სამოქალაქო საზოგადოება აღარ იარსებებს, ამ პოლიტიკოსებისთვის ადვილი იქნება დაივიწყონ ის დაპირებები, რასაც დღეს გასცემენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნება ქვეყანაში.
ამიტომ ოპოზიციას, თუკი მოვა ხელისუფლებაში, აღარ ექნება იმის საშუალება, რომ დაივიწყოს საკუთარი დაპირებები. ამას რეგულარულად შევახსენებთ ყველას, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება, ჩვენ ვართ მშობლები, ათასობით ვართ, იცოდნენ რა გვაწუხებს და რა უნდა იყოს მათი სამუშაო თემა“, – ამბობს მეგი კავთუაშვილი.
გარდა სასკოლო კვებისა, მშობლები მიიჩნევენ, რომ დღის წესრიგში ასევე უნდა დადგეს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რადგან დღეს ბავშვებს სტრესულ სასკოლო გარემოში უწევთ ყოფნა. სამ და ოთხცვლიანი სწავლება კი გარემოს კიდევ უფრო აუარესებს.
„ჩვენ უკვე გვაქვს ინფრასტრუქტურული კოლაფსი სკოლებში. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს გავაცანით, არის სასკოლო ინფრასტრუქტურა.
„ოცნებამ“ არც ამაზე იკადრა ჩვენთან საუბარი, თუმცა მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო და მუნიციპალურ ბალანსზე არსებულ მიწებზე უნდა გამოიყოს ადგილი ახალი სკოლებისთვის. მხოლოდ არსებულის გარემონტება მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.
ასევე უნდა დასრულდეს ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ერთი სკოლის ბავშვების შეხიზვნა ხდება სხვა სკოლაში -ერთ შენობაში სამი იმდენი ბავშვი სწავლობს, ვიდრე ამ შენობას შეუძლია რომ დაიტიოს.
ცხადია, ეს ქმნის ინფრასტრუქტურულ კოლაფსს, რაც გადადის განათლების კოლაფსში და ზარალდებიან ბავშვები. ყოველდღიურად შეიძლება დაითვალო, რა ზიანი მიადგა ბავშვს ამ სახელმწიფოებრივი გულგრილობის გამო“, – ამბობს მეგი.
სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლებში საჯარო სკოლებს ათასობით ბავშვი ტოვებს. მარტო გასულ წელს, სკოლა 15 ათასამდე მოსწავლემ მიატოვა. სკოლის მიტოვების ერთ-ერთი მიზეზი, ემიგრაციაა.
„თუ სახელმწიფო გააგრძელებს ასეთ მოქცევას, გაცილებით მეტი ოჯახი წავა ქვეყნიდან და წაიყვანს თავის შვილს საზღვარგარეთ.
ამიტომ, ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ბავშვების მიმართ, უნდა შეწყდეს.
თუ ჩვენ გვაქვს მილიონები, რომელსაც ჩამოვურიგებთ სპორტსმენებს, უნდა გვქონდეს იმის მილიონებიც, რომ ავაშენოთ ახალი სკოლები, დავნერგოთ კვების პროგრამები, შევქმნათ საგანმანათლებლო რესურსები, წავახალისოთ ნიჭიერი და ახალგაზრდა მასწავლებლები და ასე შემდეგ.
ის ბიუჯეტი, რომელსაც ვავსებთ ჩვენი გადასახადებით, არის არა იმისთვის, რომ მოისყიდონ გავლენიანი ადამიანები და შემდეგ გამოიყენონ პარტიული ინტერესებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ჯანსაღი სასკოლო და საცხოვრებელი გარემო ამ ქვეყანაში“, – ამბობს მეგი კავთუაშვილი.





