მთავარი,სიახლეები

აქტიური ქალების დისკრედიტაცია, როგორც პოლიტიკური იარაღი მთავრობის ხელში

17.10.2024 •
აქტიური ქალების დისკრედიტაცია, როგორც პოლიტიკური იარაღი მთავრობის ხელში

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, განსაკუთრებით ბოლო ორი წელია, მკვეთრად გადაიხარა ულტრამემარჯვენე და კონსერვატიული იდეოლოგიებისკენ. ამ პარტიამ, რუსეთის მსგავსად, გააძლიერა ანტიდასავლური პროპაგანდა და მასთან ერთად ანტიგენდერული ნარატივი. ამას, როგორც პოლიტიკურ იარღას, ხელისუფლება მიზანმიმართულად იყენებს არამხოლოდ ოპონენტების მიმართ, არამედ საზოგადოების განწყობებზე სამანიპულაციოდ – ეს არაერთი ანგარიშითა თუ კვლევით დასტურდება.

ქალების უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „საფარის“ კომუნიკაციების მენეჯერი, ნინა აგლაძე ამბობს, ქალების წინააღმდეგ, მიზანმიმართულად გავრცელებული ცრუ და დამაზიანებელი ინფორმაცია – გენდერული დეზინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა.

„გენდერული დეზინფორმაციის მიზანია, დისკრედიტაციისა და ღირსების შელახვის გზით ქალების გაჩუმება და მათი დატოვება ისეთი სივრცეებს მიღმა, სადაც კაცები დომინირებენ. გენდერული დეზინფორმაციის ძირითადი სამიზნე ქალები არიან – პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, აქტივისტი და ყველა ქალი, რომელიც ხმამაღლა და ღიად აფიქსირებს თავის აზრს, პროტესტს.

რა თქმა უნდა, ეს საშინლად დამაზიანებელია, რადგან ცრუ ინფორმაციის საზიანო გავლენას ექვემდებარებიან არა მხოლოდ მისი სამიზნეები, არამედ სხვა ქალებიც. ეს ყველაფერი აიძულებს ქალებს, რომ აღარ ჩაერთონ/გამოეთიშონ ქვეყანაში მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს. ეს, თავისთავად, ძალიან დამაზიანებელია დემოკრატიული პროცესებისთვის“, – ამბობს ის.

2023 წლის იანვრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მონიტორინგს ატარებდა, რომლის მიზანიც ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ გენდერული ნიშნით წარმოებული მადისკრედიტირებელი კამპანიების გამოვლენა იყო. მონიტორინგის დროს მათ სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული შინაარსის 435 შემთხვევა გააანალიზეს.

კვლევამ აჩვენა, რომ საანგარიშო პერიოდში ქალების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებოდა სიძულვილის ენა; სხვადასხვა ფორმით გამოიყენებოდა მკვეთრად სექსისტური ენა, როგორც ონლაინ და მეინსტრიმულ მედიაში, ასევე სოციალურ ქსელებში: „ყველაზე გავრცელებულ ფორმად გვევლინებოდა: სლათ-შეიმინგი [ქალების გაკიცხვა, გარეგნული მახასიათებლების, ჩაცმულობისა თუ ქცევიდან გამომდინარე, რომელიც არ შეესაბამება სექსუალობასთან დაკავშრებულ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ ნორმებს], სექსუალური ობიექტივიზაცია, თავდასხმა სქესის, ასაკის, გენდერული და სექსუალური იდენტობის ნიშნით“.

სოციალური ქსელების და ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგად, ანტიგენდერულ დისკურსში რამდენიმე ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, ერთ-ერთი მათგანია მადისკრედიტირებელი კამპანიები: „საანგარიშო პერიოდში კამპანიური ხასიათი ჰქონდა მადისკრედიტირებელ თავდასხმებს ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, მათი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე.  

გენდერული თავდასხმის ძირითადი სამიზნეები სხვა ქალ პოლიტიკოსებთან ერთად იყვნენ: პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი. 

გენდერული ნიშნით დისკრედიტაციის მცდელობები ძირითადად ვიზუალს და ასაკს უკავშირდებოდა. ცალკეულ შემთხვევებში კი ადგილი ჰქონდა ქალი პოლიტიკოსების დაკნინებისა და გაშარჟების მცდელობებს, რისთვისაც იყენებდნენ ფოტო/ვიდეო მანიპულაციებს. ამ მიმართულებით არაერთი დეზინფორმაციული გზავნილიც გავრცელდა“. 

მადისკრედიტირებელი კამპანიები

2024 წლის აპრილ-მაისში პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ ვერბალურმა თავდასხმებმა კამპანიური ხასიათი მიიღო. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთან ღიად დაკავშირებული ფეისბუქის გვერდები, მედია პლატფორმები და სატელიტი პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ ხოშტარია ორმაგი სტანდარტების მქონე პიროვნებად წარმოეჩინათ, რომელიც, ერთი მხრივ, აპროტესტებს „რუსულ კანონს“ და მეორე მხრივ, თავად იღებს სარგებელს რუსეთიდან.

პოლიტიკოსმა ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც უარყო მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდება, თითქოს მისი ოჯახი რუსეთიდან იღებს შემოსავალს და განმარტა, რომ მისი მამა სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა, ფლობს საავტორო უფლებებს და შესაბამისად, იღებს საავტორო უფლებებიდან მიღებულ შემოსავალს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დადგმული სოლიკო ვირსალაძის სპექტაკლებიდან; 

თუმცა ამ პოსტს უკვე  განახლებული მადისკრედიტირებელი კამპანია მოჰყვა ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ. მაგალითად, პოლიტიკოსის პოსტი პროსახელისუფლებო მედია „იმედმა“ გაავრცელა შემდეგი მანიპულაციური სათაურით: „ელენე ხოშტარიამ პრაქტიკულად აღიარა, რომ რუსეთიდან მის ოჯახს თანხები ერიცხება“.

ძალადობრივი, ულტრანაციონალისტური ჯგუფის „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ღირსების შემლახავი, შეურაცხმყოფელი და სექსისტური ტერმინები: „კგბ-ს აგენტი“, „კრემლის ძველი კახპა“ და „მოღალატე“ უწოდა ელენე ხოშტარიას.

DRI-ის კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ საანგარიშო პერიოდში, ელენე ხოშტარიას დისკრედიტაცია ხდებოდა გენდერული ნიშნითაც. კერძოდ, ფოტომანიპულაციით, სადაც ის წარმოდგენილია მამაკაცის ვიზუალით და დამაკნინებელი წარწერით – „თბილისი-ჩელიაბინსკის რეისავოი“. 

2024 წლის 13 მაისს პროსახელისუფლებო მედიის POSTV-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის გენდერული და მორალური ნიშნით დისკრედიტაციისთვის გაავრცელა ვიდეო, სადაც დეპუტატი ტუჩსაცხს ისვამს, ტექსტში კი ეწერა, რომ „სანამ გარეთ ხალხი წვიმაში, ღამენათევი იდგა, პარლამენტში სხდომა მიმდინარეობდა“, სამადაშვილი „იპრანჭებოდა“ და იმიტომ დააგვიანა სხდომაზე შესვლა.

რეალურად კი ეს ვიდეომანიპულაციაა, რადგან 13 მაისს სალომე სამადაშვილი პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა. რუსული კანონის განხილვის საკომიტეტო სხდომას კი, რომელიც 67 წამში დამთავრდა, პოლიციის მხრიდან შეყოვნების გამო ვერ დაესწრო.

რეალურად, ეს ვიდეო გადაღებული და გამოქვეყნებულია ლელოს წევრის, ირაკლი კუპრაძის სასამართლო სხდომიდან.

მადისკრედიტირებელ პოსტს ამჟამად ფეისბუქისა და ფაქტების გადამმოწმებელი ორი ორგანიზაციის (Myth detector, Fact Check Georgia) განმარტება ახლავს, თუ რატომ არის ეს ცრუ ინფორმაცია.

DRI-ს ანგარიშში წერია, რომ საანგარიშო პერიოდში სალომე სამადაშვილის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ გზავნილებს ვიდეო მასალის სახით ავრცელებდნენ ღიად ანტილიბერალური და ანტიდასავლური გვერდები. „ისევ ტუჩსაცხზე აპელირებით შეეცადა პოლიტიკოსის საქმიანობის დისკრედიტაციას ფეისბუქგვერდმა „სირცხვილის კორიდორი.“ 14 მაისს 32 ფეისბუქგვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „ლობიანი არ შეხვდა და პომადის ჭამა დაიწყო“.

2023 წლის, მარტის საპროტესტო აქციების შემდეგ, როდესაც ზოგადად აქტივიზმის მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხდებოდა, სახელისუფლებო ფესიბუქის ანგარიშები აქვეყნებდნენ „ქართველი ლიბერალი გოგოს“, „ქართველი ბანძი გოგო აქტივისტის starter pack“ შესახებ პოსტებს. დასპონსორებული სახით ვრცელდებოდა „ქართველი ლიბერალი გოგოს მხილების“ ვიდეო ანიმაცია. 

წყარო: MDF | სექსისტური ენა და გენდერული დეზინფორმაცია 2023

მედიის განვითარების ფონდის (MDF) 2023 წლის ანგარიშში სექსისტური ენისა და გენდერული დეზინფორმაციის შესახებ ვკითხულობთ, რომ ყველაზე ხშირად გენდერული დეზინფორმაციის და მორალური კრიტერიუმების ნიშნით თავდასხმის სამიზნე დასავლელი პოლიტიკოსები, ასევე, ქართველი ქალი პოლიტიკოსები და პოლიტიკოსებთან დაკავშირებული პირები იყვნენ.

DRI-ის ანგარიშში განმარტებულია, რომ ანტიგენდერულ დისკურსში ქალების როლის დასაკნინებლად წინა პლანზე გამოდის ქალის პირადი ცხოვრების, ჩაცმის სტილის, საუბრის მანერის, გარეგნობის განხილვა; ამავდროულად, საჯაროდ აქილიკებენ მათ მოსაზრებებს, მიღწევებსა თუ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, რომლის მთავარ მიზანსაც ქალების სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებიდან სრული გარიყვა და იზოლაცია წარმოადგენს.

მაგალითად: „უტვინოა უბრალოდ, თორემ საყვარელია ბუთქუჩა“, დაწერა საჯარო პოსტის კომენტარებში 2023 წლის ივლისში კულტურის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოპოზიციური პარტია ლელოს დეპუტატ, ანა ნაცვლიშვილზე.

 2024 წლის აგვისტოში კი ასე გამოეხმაურა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეზიზღება ძლიერი ქალები“:

„…თქვენ პირადად პოლიტიკაში ემბრიონად თუ იყავით მხოლოდ ჩასახული, როცა ბიძინა ივანიშვილი ქალებს ნიშნავდა კანდიდატებად და თანამდებობებზე და შემოჰქონდა კვოტები. მაგრამ ვიღაც წითლიძეების, უმადური და უნიჭო პოლიტიკოსი კორძაიების, ლამაზი თინიკოების, ლუზერი სალომეების (ამჯერად დეპუტატკაზე ვამბობ) და ასეთი საოცრებების მოხილვის მერე, აღარც პოლიტიკაში ქალის მხარდაჭერა მოგინდება ადამიანს (ანუ კაცს) და აღარც კვოტის. ასეა ეს. კეტავენ გოგოებისთვის პოლიტიკაში გზას ეს უმსგავსოები. კუბოზე გვირგვინი (ვენოკი ჰქვია “იმ” კანონის მიღების მერე!) გამომრჩა: ანა ნაცვლიშვილი… კარგად კივილი სუქსესსფულნესობას [წარმატებულობას] როდი ნიშნავს პოლიტიკაში, თორემ სუ ზეწარმატებული იქნებოდა ჩვენი ვარდივით დამჭკნარი და კვლავაც ლამაზი დიაცის უბე თაკო ჩარკვიანი“.

ნინა აგლაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში თუ აქტივიზმში აქტიური ქალების მიმართ წარმოთქმული ქალთმოძულე შეურაცხყოფებისა და სექსიზმის გამოყენება, ბოლო დროს ყოველდღიურ მოვლენად არის ქცეული.

„გენდერულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ინფორმაციის გადამოწმებაა – არ დავუჯეროთ და არ ავყვეთ ჭორებს, რომლებსაც ვხვდებით. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან“.

გენდერული პროპაგანდის პარალელურად, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტიგენდერული საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის ჰომოფობიური და დისკრიმინაციული კანონი, რომელიც განსაკუთრებით აზიანებს ლგბტქ+ თემს; ამავე პერიოდში საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, პარტია „გირჩის“ ინიციირებულ კანონპროექტს, რის შედეგადაც გაუქმდა სავალდებულო გენდერული კვოტები.

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში წერია, რომ 2023 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველომ, ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მაჩვენებლით, მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა და 57-ე ადგილიდან 91-ე ადგილზე გადაინაცვლა.


მასალა მომზადებული ა(ა)იპ „შშმ ქალთა ალიანსთან“ თანამშრომლობით პროექტის “ქალები დეზინფორმაციის წინააღმდეგ” (Women against Disinfomation) ფარგლებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: