საბა მელისკაური თიანეთში, დაბა სიონის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. 29 წლის პედაგოგი „მასწავლებლის ეროვნულ დღეზე დააჯილდოვეს პრემიით – „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“. ამ ნაწარმოების ბავშვებისთვის განსაკუთრებულად შესწავლის გამო.
როგორია საბა მელისკაურის „ვეფხისტყაოსანი“ და როგორ შეაყვარა ის, თავის ერთადერთ მოსწავლეს – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა პედაგოგს.
- საბა, მოგვიყევით თქვენს შესახებ, როგორ გახდით მასწავლებელი და რატომ?
განათლებით ფილოსოფოსი ვარ, თუმცა მაქვს მეორე პროფესიაც, კლასიკური ფილოლოგია. ჩემს თავს უფრო ფილოლოგად განვიხილავ, თუმცა მასწავლებლობაზე არ მიფიქრია აქამდე.
ზოგადად, ქართველებს გვიყვარს სხვებისთვის სწავლება, ცოდნის გაზიარება და ალბათ რაღაც შინაგანი სურვილი ჩემშიც იყო. მეც სიონიდან ვარ და როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, სოფელში დავბრუნდი, ოჯახი შევქმენი და დავფიქრდი რა შეიძლება გამეკეთებინა სოფელში და ამიტომ დავიწყე მასწავლებლობა.
- როგორც ვიცი, კლასში ერთი მოსწავლე გყავთ, ვისაც „ვეფხისტყაოსანს“ ასწავლით. სად წავიდნენ სხვები?
მე სამი წელია, რაც ამ სკოლაში ვასწავლი. როცა მივედი, მეცხრე კლასში ორი მოსწავლე იყო, ერთი გავიდა სკოლიდან და მეათეში ერთი მოსწავლე შემომრჩა, ვისაც „ვეფხისტყაოსანს“ ვასწავლი. ახლა მე-11 კლასშია უკვე ეს მოსწავლე და ისევ მარტოა.
თუმცა ლიტერატურის გარდა სხვა საგნებსაც ვასწავლი – ხელოვნებას, სამოქალაქო განათლებას.
ზოგადად, მაღალია მიგრაცია, იცლება სოფლები. ჩვენს სკოლაში 83 მოსწავლეა შემორჩენილი, მეზობელ სოფლებში უარესი მდგომარეობაა.
- როგორია ერთი ბავშვის მასწავლებლობა, როგორ მუშაობთ კლასში?
როცა ისეთი მოსწავლე გყავს, როგორიც მე შემხვდა, მაშინ სწავლება მარტივია.
არის მოსაზრება, რომ მასწავლებელმა ყველანაირ სიტუაციაში უნდა შეძლოს სწავლება, მისცეს მოტივაცია მოსწავლეს, დაანახოს, უბიძგოს შემეცნებისკენ, მაგრამ მე არ დავაყენებდი საკითხს ასე, რომ მასწავლებელი ყოვლისშემძლეა, არ მგონია ასე. აუცილებელია მეორე მხრიდან იყოს რაღაც პასუხი. ამ პასუხს კი ან მიიღებ ან არა.
ჩემ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ მივიღე პასუხი, ბავშვს მოეწონა ის, რაზეც ვსაუბრობდით.
- როგორი იყო ბავშვის პასუხი თქვენ შემთხვევაში, რამ დააინტერესა?
მეათეში, როცა ჰაგიოგრაფიას გავდიოდით, მაშინ გამოიჩინა ჩემმა მოსწავლემ ლიტერატურის მიმართ ინტერესი. რამდენიმე კვირაში შევატყვე, რომ ერთი სული ჰქონდა დაგვეწყო გაკვეთილი. ზარი დარეკილი არ იყო, კლასში მეპატიჟებოდა, დავიწყოთ გაკვეთილიო.
ასეთი ინტერესი როცა დავინახე ბავშვში, მეც უფრო მეტი მოტივაცია მომეცა.
- მასწავლებლებისგან ხშირად მესმის, ძალიან რთული, რომ დღეს ბავშვი დააინტერესოო – მასწავლებელმა კონკურენცია უნდა გაუწიოს ტელეფონს და ახლა უკვე ხელოვნურ ინტელექტსაც. რამ იმუშავა თქვენ შემთხვევაში?
ზოგადად, ჩემი პედაგოგიური შეხედულებაა, რომ ბავშვს დავანახო ჰუმანიტარული განათლების მნიშვნელობა. როცა კლასში შევედი, მთავარი პრობლემა რაც დავინახე იყო ის, რომ ბავშვებს არ ჰქონდათ გააზრებული, რატომ უნდა ესწავლათ მაგალითად პოეზია.
თუ ბავშვს ჰკითხავთ, რატომ უნდა ისწავლოს ტექნიკური მეცნიერება, რაში სჭირდებათ ქიმია, ფიზიკა, შეიძლება მარტივად გიპასუხოს, მაგრამ როცა საქმე მიდგება პოეზიაზე, ლიტერატურაზე, პასუხი იყო, რომ ვერ ხვდებოდნენ რა მოტივაცია შეიძლება ჰქონოდათ პოეზიის შესასწავლად.
თანამედროვე ბავშვი ცოტა მატერიალისტურად უყურებს სწავლას, მატერიაში უნდა გადმოითარგმნოს სარგებელი, ხილვადი სახე უნდა ჰქონდეს, უნდა შეეხოს. ამიტომ არის საჭირო დაუსაბუთო ბავშვს, ლიტერატურის, პოეზიის მნიშვნელობა.
- როგორ დაუსაბუთეთ?
ვესაუბრებოდი იმაზე, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ ფიზიკური სხეული, რომ ის მარადიული არსებაა და რომ ამ მარადიულ არსებას ეხმარება ჰუმანიტარული განათლება მისი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში, სინდისის ჩამოყალიბებაში, სამყაროზე თავისი შეხედულებების ჩამოყალიბებაში – როცა ხარ ადამიანი, ვალდებული ხარ, ღირსეულად იცხოვრო.
არ აქვს მნიშვნელობა რაიმე პროფესიას აირჩევ თუ არა, ეს ცოდნა ყველა შემთხვევაში საჭიროა.
მთავარი, რითაც გავიყოლე ჩემი მოსწავლე, არის ის, რომ ტექსტი, რომელსაც ვსწავლობთ, არ არის მხოლოდ ისტორიის საკუთრება, დროის რაღაც მონაკვეთში დაწერილი. ეს ტექსტები არის მარადიულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გახდე უკეთესი. მე ვფიქრობ, მოვახერხე ამის დაჯერება.
- როგორ უნდა გავხადოთ საზოგადოება „ვეფხისტყაოსნით“ უკეთესი. მინიმუმ რა უნდა იცოდნენ ბავშვებმა?
როცა „ვეფხისტყაოსანზე“ ვსაუბრობთ, ბავშვებს არ უნდა ვასწავლოთ ეს ტექსტი „აქედან აქამდე“. რაღაცნაირად უნდა ვუბიძგოთ, რომ დაინახოს რა მსგავსებას ხედავენ ამა თუ იმ პერსონაჟთან.
მაგალითად, ტარიელი ავიღოთ. ვეკითხები ბავშვს, ხომ არ განუცდია მასაც რაიმე მსგავსი, ხომ არ ჩავარდნილა ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ტარიელი იყო? მაგალითად, ხომ არ დაუშვია რაიმე ისეთი შეცდომა, რასაც მტკივნეულად განიცდიდა, ან ხომ არ დახმარებია ვინმე შეცდომის გამოსწორებაში?
უნდა დაინახოს ბავშვმა, რომ პერსონაჟების ამბავი და მთლიანად ნაწარმოები, იქნება ეს „ვეფხისტყაოსანი“ თუ სხვა, სინამდვილეში ეხება მის ყოველდღიურობას, მის შინაგან სამყაროს, მის ფსიქიკას, ფსიქოლოგიას და მასში მიმდინარე პროცესებს.
ყველაზე მთავარი, რითაც მე დავაინტერესე, იყო ზუსტად ეს. კითხვა – რა მელოდება წინ?
არ გაინტერესებს ცხოვრება როგორ არის მოწყობილი. რა წინააღმდეგობები გელის და როგორ შეიძლება გაუმკლავდე ამ ყველაფერს.
შეიძლება შორს წაგვიყვანოს ამ თემამ, მაგრამ „ვეფხისტყაოსნის“ სწავლისას პარალელს ვავლებდით იმ განსხვავებულ სამყაროებს შორის, როგორიცაა ინდოეთი და არაბეთი.
ინდოეთი, სადაც ყველა პერსონაჟი ადამიანურია და არაბეთი, სადაც უფრო ღვთაებრივი პერსონაჟები არიან. მწერლის ინტერესი კი უფრო იმ სამყაროსკენ მიემართება, სადაც მეტი ნაკლოვანებაა. ის უფრო საინტერესოა რუსთაველისთვის.
რა გელის წინ და და გელის ის, რომ ადამიანი განწირულია შეცდომისთვის. რაც არ უნდა ეცადო, შეცდომა მაინც დაგემართება და ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ წინასწარ არ დაფიქრდი, არ იმუშავე და ეს ლიტერატურული ტექსტიც იმიტომ გვჭირდება, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვათ ცხოვრებაში.
ამავდროულად, თუ აღმოვჩნდებით მსგავს ვითარებაში, გვქონდეს მზაობა ღირსეულად ავიტანოთ ეს.
- თუ არის რამე ისეთი, რასაც სტერეოტიპულად ასწავლიდნენ მაგალითად თქვენ დროს სკოლაში, თქვენ კი შეცვალეთ მიდგომები. რა წაიკითხეთ თქვენი მასწავლებლებისგან განსხვავებულად?
„ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში გაუსაძლისი იყო ჩემთვის, არანაირი ინტერესი არ მქონდა.
მე-12 კლასში როცა ვიყავი, სკოლა შევიცვალე და ახალმა მასწავლებელმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. „ვეფხისტყაოსანზე“ არ გვისაუბრია დიდი ხანი, თუმცა მიმართულება მომცა და ეს ძალიან გამომადგა.
მოგვიანებით, როცა კლასიკურ ფილოლოგიაზე ჩავაბარე, მაშინ გამიჩნდა სურვილი მივტრიალებოდი ამ ტექსტს. გაგონილი მქონდა, რომ რუსთაველი განიცდის ანტიკური და ქრისტიანული კულტურის გავლენას და მომინდა ამ ტექსტის ხელახალი გააზრება. როცა მქონდა გარკვეული საფუძველი ანტიკური სამყაროს შესახებ, მერე გახდა ჩემთვის უფრო საგრძნობი და მნიშვნელოვანი „ვეფხისტყაოსანიც“ და რაღაც საოცრება იყო, ჩემი ემოციები მაშინ.
- თავიდანვე რატომ ვერ მოახერხა მასწავლებელმა ამ ინტერესის გაჩენა თქვენში, რაში იყო პრობლემა?
ვფიქრობ, ეს ერთი მასწავლებლის პრობლემა არ არის, სისტემაა ისეთი, რომ თითქოს გეუბნება ჯერ ადრეა ეს შენთვის. როცა შეგხვდება აფორიზმი – „ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა“, სისტემა მეუბნება, რომ პლატონზე არ უნდა გაამახვილოს ბავშვმა ყურადღება, რადგან როგორც ვიცით, პლატონის გავლენით არის ეს ფრაზები დაწერილი.
სისტემა ფიქრობს, რომ ბავშვი დაიტვირთება, თუ პლატონს უხსენებ და ორიოდე სიტყვას ეტყვი. მე კი ვფიქრობ, რომ ზედმეტი ტვირთი კი არ არის, აი ამას რომ გამოაკლებ, მერე ხდება ეს გაუსაძლისი.
მაშინ უნდა ამოიღო ეს ტექსტი საერთოდ პროგრამიდან, მაგრამ ჩემმა პრაქტიკამაც მაჩვენა, რომ არ არის ადრე ამის სწავლება სკოლაში.
საერთოდ, მე, პირადად, ურბანულ გარემოში უფრო მიჭირს ფიქრი, სოფლად უფრო მიადვილდება სიღრმეებში ჩასვლა.
სიმართლე გითხრათ, იმაზეც დავფიქრდი, რატომ გამომარჩიეს, როცა პრიზი გადმომცეს, რადგან მეხუთე წელია, რაც სკოლაში ვასწავლი და ერთი წამით არ მგონია, რომ ჩემი პრაქტიკა ისეთია ყველა სკოლაში რომ იმუშავებს.
ხვალ, ქალაქის სკოლაში რომ შემიყვანო, არ ვიცი, რას ვიზამ 30 ბავშვთან, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ სოფელში, გარემო რაღაცნაირად მიწყობს ხელს, რომ უფრო სიღრმისეულად ვიფიქრო და ამოვერთო ყოველდღიურობას.
- ბევრ სადისკუსიო თემას გვაძლევს „ვეფხისტყაოსანი“, ბევრ სტერეოტიპს ანგრევს. თუნდაც იმას, რომ მასკულინური კაციც შეიძლება ტიროდეს. როგორ ფიქრობთ, „ვეფხისტყაოსანზე“ გაზრდილი ხალხი, რატომ ვასწავლით ბიჭებს, რომ ტირილი არაკაცურია, რომ ტირილი სილაჩრეა, რატომ არ ვაძლევთ ბიჭებს ემოციების გამოხატვის საშუალებას?
დიახ, ბავშვებსაც აქვთ ხოლმე რეაქცია პერსონაჟების ტირილზე. „აუ, დაიწყო ტირილი“, ასეთი კომენტარებიც აქვთ ხოლმე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ტირილი არ არის სისუსტის ნიშანი. ეს ადამიანის შინაგანი ბრძოლებია.
ტარიელიც ტირის, როცა უდანაშაულო ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. ისიც განიცდის შინაგან ბრძოლას. ადამიანი ტირის, როცა სასოწარკვეთილია და ასეთ მდგომარეობაში, ხან სიკეთე გაკრთება სულში და ხან ბოროტება. შეცდომის შედეგად გამოწვეული შინაგანი ბრძოლის სიმბოლოა ტარიელის ტირილიც. როცა ასე ვესაუბრები ბავშვებს, მათთვისაც გასაგები ხდება.
- მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის გარდა, კიდევ რა არის საჭირო გაკვეთილზე ბავშვისთვის. რა აკლიათ ბავშვებს სოფლის სკოლაში?
ვფიქრობ, ტექნიკური მეცნიერებებისთვის უფრო გადამწყვეტია თვალსაჩინოება. ლიტერატურის სწავლებისას აქამდე არ მიგრძნია ისეთი მომენტი, რომ რაღაც რესურსის არქონის გამო, გაკვეთილი არ გამოვიდა. შეიძლება ჩემი ბრალია, რომ ამაზე არ დავფიქრდი აქამდე, მაგრამ ჩემ საგანში რესურსების ნაკლებობა ხელს არ მიშლის.
- რუსთაველი ამბობს, „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. საბოლოოდ, ლიტერატურა იქნება ეს თუ ისტორია, გვჭირდება როგორც პიროვნული ღირებულებებისთვის, ასევე ჩვენი ცივილიზაციური არჩევანისთვისაც. დღეს მაგალითად, საზოგადოება ჩააყენეს გარემოში, სადაც მოყვარე მტრად გამოგვიცხადეს და მტერი მოყვრად. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელია ჩვენი ღირებულებითი არჩევანი – ევროპა თუ რუსეთი?
ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი არც არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან რომელი ქვეყნიდან ხარ, რა ქვეყანაა ეს, ამას გვაჩვენებს სწორედ ლიტერატურა.
შენი კულტურა და ლიტერატურა დაგანახებს, რომელი ცივილიზაციის შვილი ხარ და, ცხადია, ეს არის ევროპული ცივილიზაცია.
კრიზისები, რომელიც პერიოდულად ჩვენ საზოგადოებაში ჩნდება, პირდაპირ კავშირშია განათლებასა და იმ ყველაფერთან, რაზეც ვსაუბრობთ ახლა. განათლებაა პროგრესთან კავშირში და ლიტერატურაც არის ჩვენი შინაგანი განვითარების საშუალება.
როცა სწორი ორიენტირი ექნება თაობებს, ევროპის მნიშვნელობასაც სწორად გაიაზრებენ და სხვა ბევრ საკითხსაც.
მით უმეტეს დღეს, როცა ტექნოკრატიაა გამეფებული, გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარული განათლების წინ წამოწევას – ჰუმანიტარული განათლების ნაკლებობა იწვევს ყოველთვის კრიზისს ჩვენს ქვეყანაშიც და სხვაგანაც.
სინდისი და ღირსება – ეს არის მნიშვნელოვანი ყველა სფეროში, პოლიტიკაშიც და ყველა სფეროშიც. აი ამაზე უნდა გვქონდეს ნაფიქრი.