მთავარი,სიახლეები

ბავშვებისთვის სახიფათო გადასასვლელი „დინამო ბათუმის“ აკადემიასთან – მერიაში კითხვას არ პასუხობენ | ვიდეო

15.10.2024 •
ბავშვებისთვის სახიფათო გადასასვლელი „დინამო ბათუმის“ აკადემიასთან – მერიაში კითხვას არ პასუხობენ | ვიდეო

„დინამო ბათუმის“ საფეხბურთო აკადემიის წინ, სადაც ასეულობით ბავშვი ვარჯიშობს ფეხბურთში, ყოველდღიურად ბავშვები ქუჩას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილების ნაკადში კვეთენ.

„დინამო ბათუმის“ საფეხბურთო აკადემიის ბაზა, ბათუმი-სარფის დამაკავშირებელი საერთაშორისო მაგისტრალის E70-ის ნაპირას მდებარეობს. გზა ჩქაროსნულია. ის მონაკვეთი, სადაც აკადემიის აღსაზრდელები თუ პერსონალი აეროპორტის გზატკეცილს კვეთს, არაა მონიშნული ზებრა გადასასვლელით. გზატკეცილის ამ მონაკვეთზე არც შუქნიშანია და არც სიჩქარის შემზღუდველი ნიშნულები.

„ჩემი შვილი 12 წლისაა. ბავშვი მარტოც გაგვიშვია, მაგრამ შიშის ფაქტორი გვაქვს. ყველამ იცის, რომ ეს არის სახიფათო გადასასვლელი. მართალია, ბავშვების გადასვლისას მანქანები აჩერებენ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ავარიები ყველაზე ხშირად მაგ მონაკვეთში ხდება. მე არავისთვის არ მიმიმართავს ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სხვა მშობლებს სხვა გამოცდილება ჰქონდეთ“, განუცხადა „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა, მარინა წითელაძემ.

ბათუმელები“ კიდევ ერთ მშობელს, ლანა ვარშანიძეს ესაუბრა, რომელიც ბავშვებისთვის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას ითხოვს:

„ძალიან ვდარდობთ გადასასვლელის გამო – ყოველთვის შიშის ქვეშ ვართ. მოხარული ვიქნებით, თუ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნას და ზებრას მაინც მოაწყობენ. საერთოდ კი, უმჯობესია გადასასვლელი ხიდი გააკეთონ.

ჩემი შვილი სამი წელია დადის. აქამდე მე დამყავდა ბავშვი, მაგრამ ახლა უკვე დამოუკიდებლად მიდის და ძალიან მეშინია.

ჩვენ არ მიგვიმართავს არავისთვის, გარდა იმისა, რასაც საერთო ჩათებში ვწერთ. ჩვენი მოთხოვნის შესახებ თუ მიაწვდით მთავრობას ინფორმაციას, ძალიან კარგი იქნება. წელს გადასახადი გაიზარდა – ახალმისული ბავშვებისთვის 250 ლარია, ძველი ბავშვებისთვის კი 200 ლარი გახდა. ძალიან კარგი იქნება, თუ თანხის ზრდასთან ერთად უსაფრთხოებასაც თუ მიაქცევენ ყურადღებას“.

მაგისტრალის ამ მონაკვეთში ზებრა გადასასვლელის არ არსებობა საფრთხეს უქმნის არამხოლოდ აკადემიის აღსაზრდელებს, არამედ აქ მომსახურე პერსონალსაც.

ბათუმის „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა, რომელ ბაზაზეც საფეხბურთო აკადემიაც ფუნქციონირებს 2018 წელს საზეიმოდ გაიხსნა. პრობლემა სწორედ იმ დროიდან არსებობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აკადემიის ხელმძღვანელობამ არაერთხელ მიმართა შესაბამის უწყებას, თუმცა საკითხი დღემდე არაა მოგვარებული.

„ეს საკითხი დაახლოებით 5 წელია, რაც პრობლემური თემაა. არამარტო ბავშვებისთვის, დიდებისთვისაც. რამდენჯერმე ჰქონდა „დინამო“ ბათუმს მიმართვა [გაეკეთებინათ ზებრა გადასასვლელი]. პირველ მიმართვაზე გვითხრეს, საერთაშორისო მნიშვნელობის გზააო და მანდ გადასასვლელის გაკეთებას ძალიან ბევრი რამე სჭირდებაო, რამდენიმე ინსტანციის გავლაო.

ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს არის ის, რომ მომზადებულია რაღაც პროექტი, მიწისზედა გადასასვლელი ხიდების მოსაწყობად. ჯერ ტენდერი არაა გამოცხადებული, მაგრამ წინასწარი სამუშაოები დაწყებულია. ჩაქვიდან კვარიათამდე 18 ხიდი უნდა გაკეთდეს და ერთ-ერთი ეგ მონაკვეთიც არისო – ასე გვითხრეს. შემოვლითი გზის გახსნას ველოდებოდით, რომ ზუსტად გვცოდნოდა რა საჭიროებები იქნებოდაო,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ „დინამოს ბათუმის“ პრესსამსახურში.

აეროპორტის გზატკეცილზე ზებრა გადასასვლელის მოწყობა ბათუმის ავტოტრანსპორტის პრეროგატივაა. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის ავტოტრანსპორტს. ვკითხეთ – იცოდნენ თუ არა აღნიშნული პრობლემის შესახებ და როდის აპირებდნენ მის მოგვარებას.

ბათუმის ავტოტრანსპორტში გვითხრეს, რომ მათთვის ცნობილი იყო აღნიშნული პრობლემის შესახებ და ოფიციალური კომენტარის გაკეთებას დაგვპირდნენ. მოგვიანებით ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.

თუკი ბათუმის ავტოტრანსპორტი ოფიციალურ განმარტებას გააკეთებს, მას აქვე შემოგთავაზებთ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: