მთავარი,სიახლეები

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება – სად გაივლის ახალი მაგისტრალი

15.10.2024 •
ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება – სად გაივლის ახალი მაგისტრალი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტს ამუშავებს. ამ ეტაპზე დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს პროექტის გარემოსდაცვითი სკოპინგის ანგარიშით მიმართა.

სკოპინგის დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] მომზადების წინა ეტაპია. ამ დასკვნით განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს საგზაო პროექტირების სტანდარტების თანახმად, მოდერნიზებული გზის საპროექტო სიჩქარე იქნება 120 კმ/სთ. სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობად განსაზღვრულია დაახლოებით 2 წელი. სამუშაოები კი სავარაუდოდ, 2025 წელს დაიწყება.“

წინასწარი გათვლებით ახალი გზა შეეხება 200-მდე კერძო მიწის ნაკვეთს და 20-ზე მეტ შენობა-ნაგებობას. ქონების საკომპენსაციოდ კი ჯამში 20 მილიონი ლარი იქნება საჭირო.

გარემოსდაცვითი სკოპინგის ანგარიში მომზადებულია ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის საფუძველზე.

ამ თემაზე: შეიძლება ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება? – დეპარტამენტი კვლევას იწყებს

ქობულეთის არსებული შემოვლითი გზის საერთო სიგრძე დაახლოებით 31,3 კმ-ია. ამ გზის პირველი მონაკვეთი [ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან – ქობულეთის სოფელ გვარამდე] 2013 წელს გაიხსნა, ხოლო მეორე მონაკვეთი [ქობულეთის სოფელ გვარადან – მახინჯაურის გვირაბამდე] – 2018 წელს.

ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო.

25 დაღუპული და 209 დაშავებული ქობულეთის შემოვლით გზაზე

გზის გადაკეთების ერთ-ერთი მიზეზი ხშირი ავარიებიც იყო, თუმცა დეპარტამენტი ყოველთვის აცხადებდა, რომ არსებული ორზოლიანი გზა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა.

ამ თემას ეხება სკოპინგის ანგარიშიც, სადაც ქობულეთის შემოვლით გზაზე 2023 წელს მომხდარი ავარიებია განხილული.

„ქობულეთის შემოვლით გზაზე 2023 წელს მომხდარი ავარიების საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტატისტიკა აჩვენებს, რომ პირველ 10 კმ-ზე მხოლოდ 2 ავარია დაფიქსირდა, 4 კი მომდევნო 10 კმ-ზე. ყველა სხვა დაფიქსირებული ავარია [სულ 16] იწყება მე-20 კმ-დან, რომელიც მდებარეობს ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანას გზის სატრანსპორტო კვანძის სამხრეთით. ამ მონაკვეთზე დაფიქსირდა 22 ავარია, რომელთაგან 5-ს გარდაცვალება მოჰყვა, სულ კი 26 ადამიანი დაშავდა.

ავარიების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი მოგზაურობის ყველაზე სახიფათო დღეები იყო. ამასთან, აგვისტო ტურისტული სეზონის გამო მოგზაურობის ყველაზე სახიფათო თვეა, ხოლო ზამთრის სეზონი ყველაზე უსაფრთხო.

ავარიის მიზეზები აჩვენებს, რომ ზოლის უყურადღებოდ გადაკვეთა და გასწრება არის ყველაზე გავრცელებული ავარიის მიზეზი. აღრიცხული 22 ავარიიდან 13 შემთხვევაში ავარიის მიზეზია შემხვედრი მოძრაობის ზოლის გადაკვეთა ან გასწრების წესების დარღვევა. ამ მიზეზით გარდაცვლილთა რაოდენობაა 7, როცა სხვა მიზეზებზე მხოლოდ 1 შემთხვევა მოდის“, – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და „ბათუმელების“ მონაცემებით, მთლიანობაში 2018 წლიდან დღემდე ქობულეთის შემოვლით გზაზე 98 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 25 და დაშავდა სულ ცოტა 209 ადამიანი.

ქობულეთის შემოვლით გზაზე 2013 წლის ოქტომბრიდან 2018 წლამდე პერიოდში მომხდარი ავარიების შესახებ კი, მონაცემები არ გვაქვს.

ამ თემაზე: მე-11 დაღუპული – დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხოა

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის შემუშავების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი საავტომობილო მაგისტრალის შესაძლო ალტერნატიული მარშრუტების გამოვლენა და მათი შესწავლა-შეფასებაა.

ქობულეთის შემოვლითი გზის გადაკეთების 3 ვარიანტი

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, საპროექტო ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულია 3 ალტერნატიული ვარიანტი.

„გზშ-ს ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რომელი ალტერნატიული ვარიანტის მიხედვით განვითარდება პროექტი. თუმცა როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური, ასევე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით შეფასებულია ალტერნატივების დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პროექტის ტექნიკური მახასიათებლები, განსაკუთრებით შერჩეული ალტერნატიული დერეფნის პარამეტრები, დაზუსტდება დეტალური პროექტის დონეზე და წარმოდგენილი იქნება გზშ-ს ანგარიშში“, – წერს გზების დეპარტამენტი.

  • ალტერნატიული ვარიანტი I – მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან. მისი სიგრძე არის 30.38 კმ.
  • ალტერნატიული ვარიანტი II – მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს მრუდების გაუმჯობესების მიზნით. მისი სიგრძეა 30.37 კმ.
  • ალტერნატიული ვარიანტი III – მიუყვება არსებულ ორზოლიან გზას პარალელურად თითქმის მთლიან სიგრძეზე მარცხენა მხრიდან და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში გადადის არსებული გზის მარჯვენა მხარეს ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით. მისი სიგრძეა 30.09 კმ.

„გზის საფარის ალტერნატივებში შესაძლებელია განხილული იყოს ბეტონის ან ასფალტბეტონის საფარის მოწყობა. არსებული შემოვლითი გზა მოწყობილია ბეტონის საფარით. კვლევის ამ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება ბეტონის საფარის მოწყობას. საჭიროების შემთხვევაში გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი იქნება ალტერნატიული ვარიანტის დამატებითი ანალიზი“, – წერია ანგარიშში.

ახალი გვირაბები ქობულეთის შემოვლით გზაზე

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, არსებულ შემოვლით გზაზე უკვე მოწყობილია 7 კვანძი; შესაბამისად, ახალი დამატებითი ზოლის მოწყობის შემთხვევაში საჭირო გახდება არსებული კვანძების მოდერნიზაცია, ხოლო ორ ადგილას, იმისათვის, რომ სრულად გაიხსნას კვანძი, საჭიროა დამატებით 2 ახალი დაერთების მოწყობა.

საპროექტო სატრანსპორტო კვანძების [ასევე ასაშენებელი ხიდების] ადგილმდებარეობა, კონსტრუქციული გადაწყვეტები და შესაბამისი საპროექტო ნახაზები წარმოდგენილი იქნება გზშ-ს ეტაპზე.

სოფ. ქვედა აჭყვასთან და დაბა ჩაქვთან არსებული გვირაბების პარალელურად კი გათვალისწინებულია ახალი 2-ზოლიანი გვირაბების გაყვანა. პირველი გვირაბის [ქვედა აჭყვა] საპროექტო სიგრძე 250 მეტრია, ხოლო მეორე გვირაბის [დაბა ჩაქვი] სიგრძე 164 მეტრი.

„პროექტირების ეტაპზე აუცილებელია პირუტყვის მიერ გზის გადაკვეთის უზრუნველყოფა იმგვარად, რომ არ შეფერხდეს საავტომობილო მოძრაობა. პირუტყვის გამტარის სტანდარტული ზომებია 4,0 x 2.5 მ. მათი განლაგება, კონსტრუქცია და ზუსტი ზომები გადაწყდება არსებულ გზაზე მდებარე ანალოგიური გამტარების მიხედვით და დაზუსტებული იქნება პროექტირების შემდგომ ეტაპზე“, – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, „მაგისტრალის ახალი მეორე ზოლის მოწყობა,ზოგიერთ ადგილას იწვევს არსებული უკვე მოწყობილი შიდა გზების გადაფარვას, რის გამოც აუცილებელია მოხდეს ამ გზების ლოკაციების გადაადგილება და შესაბამისად ახალი გზების მოწყობა. ასევე ზოგიერთ ადგილას იმის გათვალისწინებით, რომ სრულყოფილი და კომფორტული გახდეს სოფლის მოსახლეობის გადაადგილება ავტობანთან მიმართებაში და ასევე ავტობანის გვერდის ავლით ერთმანეთს დაუკავშირდეს მაგისტრალის ორივე მხარეს არსებული დასახლებები, საჭიროა დამატებით შიდა გზების მოწყობა.“

ზემოქმედება კერძო საკუთრებაზე და ბიზნესზე

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, საპროექტო ავტომაგისტრალის დერეფანი კვეთს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, შენობა-ნაგებობებს, მცირე რაოდენობის ბიზნეს ობიექტებს და სხვ. კერძო საკუთრებასა და ბიზნესზე ზემოქმედების მნიშვნელობას ამცირებს ის გარემოება, რომ პროექტი შეეხება არსებული გზის გაფართოებას.

აქედან საწყისი მონაკვეთი თავის დროზე მოეწყო პერსპექტივაში გაფართოების გათვალისწინებით და ამ პერიოდის განმავლობაში გავლენის ზონაში ახალი ობიექტების მშენებლობა შეზღუდული იყო.

დღეისათვის ქობულეთის შემოვლით გზაზე გზისპირა ბიზნესი მინიმალურად არის განვითარებული და შესაბამისად ზემოქმედების რეცეპტორების რაოდენობრივი მაჩვენებელი არ არის მაღალი. ზემოქმედების ქვეშ მოქცეული ბიზნესები შეიძლება სამ ჯგუფად დაიყოს:

  • საშუალო და დიდი ბიზნესის განთავსების ადგილები, რომლებიც დამოკიდებულია მგზავრებზე და მათ სამომხმარებლო მოთხოვნებზე – ბენზინგასამართი სადგურები, საშუალო ზომის მაღაზიები, საწყობები და ა.შ.
  • მეორე ჯგუფს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ვაჭრობს ადგილობრივი პროდუქტით. გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მაღალსიჩქარიანი მაგისტრალის პირობებში გზისპირა ვაჭრობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.
  • მესამე ჯგუფს წარმოადგენს ის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც კვეთს მაგისტრალს საკუთარ მიწის ნაკვეთთან მისასვლელად ან გადაჰყავს საქონელი საძოვარზე გასარეკად.

პროექტირების ამ ეტაპზე თითოეული ალტერნატივისთვის განსაზღვრული იქნა ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი მიწის ნაკვეთების სტატისტიკური მონაცემები:

ალტერნატივა 1

სულ ზემოქმედების ქვეშ ხვდება – 568 მიწის ნაკვეთი ფართობით – 9 560 208 კვ.მ.

  • კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობა – 188; მთლიანი ფართობი – 2 086 560 კვ.მ; ზემოქმედების ფართობი – 142 800 კვ.მ. ღირებულებით – 5 176 048 ლარი. ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი შენობების რაოდენობა – 22, ღირებულებით – 1 611 700 ლარი. ჯამური საკომპენსაციო ღირებულება – 6 787 748 ლარი.
  • სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობა – 140; მთლიანი ფართობი – 6 221 757 კვ.მ; ზემოქმედების ფართობი – 350 541 კვ.მ. ღირებულებით – 11 315 982 ლარი. ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი შენობების რაოდენობა – 4, ღირებულებით – 30 800 ლარი. ჯამური საკომპენსაციო ღირებულება – 11 346 782 ლარი.
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე გამოსყიდული ნაკვეთები – 240.

სულ ალტერნატივა 1-ის სავარაუდო განსახლების ღირებულება შეადგენს – 18 134 530 ლარს.

ალტერნატივა 2

სულ ზემოქმედების ქვეშ ხვდება – 581 მიწის ნაკვეთი ფართობით – 10 031 191 კვ.მ.

  • კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობა – 193; მთლიანი ფართობი – 2 491 944 კვ.მ; ზემოქმედების ფართობი – 153 538 კვ.მ. ღირებულებით – 5 448 923 ლარი. ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი შენობების რაოდენობა – 21 ღირებულებით – 1 511 200ლარი. ჯამური საკომპენსაციო ღირებულება – 6 960 123 ლარი.
  • სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობა – 142; მთლიანი ფართობი – 6 279 269 კვ.მ; ზემოქმედების ფართობი – 383 873 კვ.მ. ღირებულებით – 12 266 562 ლარი. ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი შენობების რაოდენობა – 3, ღირებულებით – 25 800ლარი. ჯამური საკომპენსაციო ღირებულება – 12 292 362 ლარი.
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე გამოსყიდული ნაკვეთები – 246.

სულ ალტერნატივა 2-ის სავარაუდო განსახლების ღირებულება შეადგენს – 19 252 485 ლარს.

ალტერნატივა 3

სულ ზემოქმედების ქვეშ ხვდება – 599 მიწის ნაკვეთი ფართობით – 10 913 138 კვ.მ.

  • კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობა – 205; მთლიანი ფართობი – 3 046 092 კვ.მ; ზემოქმედების ფართობი – 235 044 კვ.მ. ღირებულებით – 7 753 509 ლარი. ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი შენობების რაოდენობა – 25, ღირებულებით – 2 077 200 ლარი. ჯამური საკომპენსაციო ღირებულება – 9 830 709 ლარი.
  • სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთების რაოდენობა – 149; მთლიანი ფართობი – 6 606 139 კვ.მ; ზემოქმედების ფართობი – 415 361 კვ.მ. ღირებულებით 13 074 471 ლარი. ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი შენობების რაოდენობა – 3, ღირებულებით 532 200 ლარი. ჯამური საკომპენსაციო ღირებულება 13 606 671 ლარი.
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უკვე გამოსყიდული ნაკვეთები – 245.

სულ ალტერნატივა 3-ის სავარაუდო განსახლების ღირებულება შეადგენს – 23 437 380 ლარს.

სკოპინგის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „გზშ-ს ეტაპზე დაზუსტებული იქნება პირდაპირი ზემოქმედების არეალში მოყოლილი კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტები და ზემოთ წარმოდგენილი სხვა მონაცემები შერჩეული ალტერნატიული ვარიანტისთვის. ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პირებისთვის ზარალის ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდა მოხდება სრული ხარჯით, განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადებისა და განხორციელების ყველა ხარჯი, კომპენსაციისა და განსახლების ადმინისტრაციის ჩათვლით, გათვალისწინებული იქნება პროექტის ბიუჯეტში.

მიწის შეძენა ექსპროპრიაციის გზით განხორციელდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ პირებთან მოლაპარაკებები ჩაიშლება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სავაჭრო ობიექტები, რომლებიც განთავსებულია არსებული გზის პირას, დაკარგავს ამჟამინდელ ფუნქციას, შეიცვლის პროფილს და გახდება ადგილობრივ მოსახლეობაზე ორიენტირებული. მნიშვნელოვნად შემცირდება ბაზრის მოცულობაც, რადგან ადგილობრივი მოთხოვნა ამჟამად არსებულზე გაცილებით დაბალია.

მნიშვნელოვანია ბიზნესის მფლობელს მიეწოდოს წინასწარი ინფორმაცია პროექტის შესაძლო ზემოქმედების შესახებ, რათა მან მოასწროს მომზადება მოსალოდნელი ცვლილებებისთვის.

განსახლების სამოქმედო გეგმაში გაწერილი იქნება ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პირებისთვის გასაჩივრების მექანიზმები. გასაჩივრების მექანიზმი ხელმისაწვდომი იქნება, რათა ზემოქმედების ქვეშ მოქცეულმა პირებმა შეძლონ ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრება, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სრულად იქნებიან ინფორმირებული თავიანთი უფლებებისა და იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც მიმართავენ საჩივრებს, სიტყვიერად ან წერილობით, კონსულტაციის, გამოკითხვის დროს და კომპენსაციის მიღების დროს.

პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მიღებული იქნება ზომები პრეტენზიების თავიდან ასაცილებლად. ეს ზომები მიიღება ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პირების და ადგილობრივი თემების სრული მონაწილეობისა და მათთან კონსულტაციის გზით.“

ზემოქმედება დაცულ ტერიტორიებზე

პროექტის ზემოქმედების წინასწარი შეფასების მიხედვით, „საპროექტო დერეფანი და მისი ალტერნატიული ვარიანტები არ გადის ეროვნული კანონმდებლობით ან საერთაშორისო კონვენციებით დაცული ტერიტორიების საზღვრებში. შესაბამისად, დაცულ ტერიტორიებზე პირდაპირ ზემოქმედებას ადგილი არ ექნება.

თუმცა სიახლოვიდან გამომდინარე საყურადღებოა და შესაბამისად შემდგომი, უფრო დეტალური კვლევის საგანია ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე, ახლომდებარე ზურმუხტის ქსელის უბნებზე, ფრინველებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე ირიბი ზემოქმედების საკითხი.

დეტალური კვლევის ფარგლებში გადამოწმებას საჭიროებს საპროექტო დერეფანში გხვდება თუ არა დაცული ტერიტორიებისთვის დამახასიათებელი [ან მსგავსი] ჰაბიტატები და ცხოველთა მნიშვნელოვანი სახეობების საბინადრო ადგილები.“

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი

 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილებია:

  • 2024 წლის 30 ოქტომბერი, 12:00 საათი, ქობულეთის დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
  • 2024 წლის 30 ოქტომბერი, 15:00 საათი, ქობულეთის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლის შენობა
  • 2024 წლის 31 ოქტომბერი, 12:00 საათი, ქობულეთის სოფელ ბობოყვათის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
  • 2024 წლის 31 ოქტომბერი, 15:00 საათი, ქობულეთის სოფელ ციხისძირის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
  • 2024 წლის 1 ნოემბერი, 12:00 საათი, ქობულეთის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის შენობა
  • 2024 წლის 1 ნოემბერი, 15:00 საათი, ქობულეთის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის შენობა

ცენტრის ინფორმაციით, „საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ ასევე წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge [შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითეთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს].

მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ამავე ცენტრს [ტელ: (+995 322) 112023, ელფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ].

ქობულეთის 4-ზოლიანი გზის გაგრძელება ბათუმის 2-ზოლიანი გზა იქნება

 

ბათუმის შემოვლითი გზა / 12.10.2024

საქართველოს მთავრობა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში ახალი გზის მონაკვეთებს ეტაპობრივად ხსნის, თუმცა ეს გზა ზოგან 4-ზოლიანია, ზოგან კი 2-ზოლიანი.

მთავრობამ თავის დროზე ქუთაისის 2-ზოლიანი შემოვლითი გზაც გახსნა, თუმცა, უსაფრთხოების გამო იძულებული გახდა ეს გზა ჯერ ცალმხრივი გაეხადა, შემდეგ კი 4-ზოლიანად გადაეკეთებინა.

მთავრობამ 11 ოქტომბერს კიდევ ერთი ბათუმის შემოვლითი გზა გახსნა, რომელიც 2-ზოლიანია და რომელიც ქობულეთის შემოვლითი გზის გაგრძელებაა.

გახსნის ცერემონიაზე პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ „დაიწყება ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი, ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობაც. საბოლოო ჯამში, თბილისი და ბათუმი ერთმანეთს დაუკავშირდება 4-ზოლიანი მაგისტრალით.“

ირაკლი კობახიძეს არ დაუსახელებია დრო, როცა „საბოლოო ჯამში“ თბილისიდან ბათუმში ჩამოსვლა 4-ზოლიანი მაგისტრალით იქნება შესაძლებელი [დასასრულებელია გზის მონაკვეთები რიკოთზე, ასევე სამტრედია-გრიგოლეთის გზა. უცნობია, როდის დაიწყება ქობულეთის გზის მეორე ზოლის მშენებლობაც].

და კიდევ, პრემიერის განცხადებით თბილისიდან ბათუმამდე 4-ზოლიანი გზა „საბოლოო ჯამში“ ალბათ ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან დასრულდება, ვინაიდან ბათუმის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთებაზე განცხადება არც პრემიერს გაუკეთებია და არც შესაბამის სამსახურებს.

დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ – ეს „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი დაპირება იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პარტიამ თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა. ამ დაპირებით ავტობანის მშენებლობა მინიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო მთლიანად, თუმცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც უცნობია, როდის დასრულდება მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: