რეგიონული თანამშრომლობის „3+3 ფორმატად“ ჩაფიქრებულ პლატფორმაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო – რუსეთი, ირანი, თურქეთი) საქართველოს მონაწილეობისთვის კარი ყოველთვის ღიაა. ეს დღეს, 18 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სტამბოლში გამართული ამ ფორმატის შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა.
„ჩვენ ამას ყოველთვის ვაკეთებთ, როდესაც ვიკრიბებით ამ ფორმატში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ამ პლატფორმის კარი ყოველთვის ღია რჩება საქართველოსთვის და ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ქართველი მეზობლები შეძლებენ მის [პლატფორმის] მუშაობას შეუერთდნენ“, – ციტირებს რუსული პროპაგანდისტული მედია ტასსი ლავროვს.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს დროთა განმავლობაში მოხდება“, – წერს ტასსი.
სამხრეთ კავკასიის შესახებ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის, „3+3-ის“ მესამე შეხვედრა დღეს, 18 ოქტომბერს, სტამბოლში ჩატარდა. საქართველომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არც ამჯერად მიიღო.
ტასსის ცნობით, ლავროვმა 3+3 შეხვედრაზე ასევე თქვა, რომ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებს „ცეცხლის დანთება“ და სიტუაციის დესტაბილიზაცია უნდათ აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის, რითაც რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ.
„საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემაა დასავლეთის ცნობილი მცდელობები, გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, იგულისხმება [მცდელობა] ხელახლა დაანთოს ცეცხლი და მოახდინოს სიტუაციის დესტაბილიზაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და კიდევ ერთხელ გაახუროს ურთიერთობა საქართველოსა და ამ ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის“, – თქვა ლავროვმა.
რუსი მინისტრის ამ პროპაგანდისტულ გზავნილს „მეორე ფრონტის გახსნის იძულებაზე“ აქტიურად იყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც.
„3+3-ის“ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის იდეა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა. ის გულისხმობს სამი კავკასიური ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის და სამი რეგიონული მოთამაშის, რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებას.
ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს გაიმართა მოსკოვში, თუმცა მას საქართველო არ დაესწრო. ოფიციალური თბილისის პოზიციაა, რომ საქართველო ვერ ჩაერთვება იმ ფორმატში, სადაც რუსეთის ფედერაცია მონაწილეობს – მხარე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვი თბილისთან კონტაქტებს ინარჩუნებს [საქართველოში] შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილების მეშვეობით.
„ჩვენ გვაქვს კონტაქტები თბილისთან, გვაქვს ინტერესების განყოფილება შვეიცარიის საელჩოში [საქართველოში]. იქ ჩვენი დიპლომატები მუშაობენ, რომლებსაც, საჭიროებისამებრ, აქვთ შესაძლებლობა განიხილონ აქტუალური საკითხები, უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობის, ტურიზმის სფეროში“, – ციტირებს ტასსი ლავროვს.






