მთავარი,სიახლეები

არჩევნებზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივდივარ – ბათუმელი სტუდენტი

17.10.2024 •
არჩევნებზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივდივარ – ბათუმელი სტუდენტი

22 წლის ანა ვარდმანიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის პირველ კურსზე სწავლობს. იგი ამბობს, რომ მოახლოებული არჩევნები მისთვის და მისი თანატოლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ანა აქტიურად მონაწილეობდა რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე და როგორც თავად ამბობს, კარგად იცის, რა ძალა აქვს ახალგაზრდების გაერთიანებას.

ანა არჩევნებზე ოჯახის წევრებთან ერთად მიდის და ცდილობს დაარწმუნოს ყველა მის გარშემო, რომ არჩევნებზე წასვლით გადაწყდება, ქვეყანა დაიბრუნებს გეზს ევროპისკენ თუ წავა რუსეთისკენ იმ ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად, რასაც მმართველი გუნდი ატარებს.

  • ანა, რატომაა თქვენთვის არჩევნებზე წასვლა მნიშვნელოვანი?

მიმაჩნია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ქართველი ხალხისთვის საჩუქარია. ეს საჩუქარი თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გავიაზროთ და გამოვიყენოთ, იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი შევცვალოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა.

ეს ყველაფერი სათანადოდ უნდა გაიაზროს არა მხოლოდ კონკრეტულმა სეგმენტმა, მაგალითად მათ, ვინც აქამდეც დადიოდა არჩევნებზე, არამედ მათ, ვინც აქამდე არ აქტიურობდა და განსაკუთრებით მათ, ვინც პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ეს საზოგადოების ის ნაწილია, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორი მომავალი სურს, რადგან ყველაზე მეტად მათ მოუწევთ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების საკუთარ თავზე გამოცდა და გააზრება.

მაქსიმალურად მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ჩემი ასაკის ადამიანებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და საჩუქარი, ყველა მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. ნურავის ექნება იმის განცდა, რომ არჩევნები შეიძლება გაყალბდეს ან კონკრეტულმა პარტიამ საკუთარი სურვილისამებრ განახორციელოს სცენარი. მთავარია ამომრჩევლის აქტიურობა.

იქიდან გამომდინარე, რომ ელექტრონული არჩევნები პირველად არის საქართველოში, გაყალბების შანსი, რა თქმა უნდა, შემცირებულია, მაგრამ რაც უფრო მეტი იქნება ამომრჩევლის აქტიურობა და მოქალაქეების დიდი რაოდენობა მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, გაყალბების შანსი, ფაქტობრივად, აღარ იარსებებს.

  • როგორი განწყობაა ბათუმელ ახალგაზრდებში თქვენი დაკვირვებით? აპირებენ წასვლას?

საბედნიეროდ, ისეთ გარემოცვაში ვარ, სადაც ყველა აქტიურია და ყველა მიდის არჩევნებზე, მაგრამ ვმონაწილეობ სხვადასხვა პროექტში და მქონია შეხება ისეთ ახალგაზრდებთანაც, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილი წავიდნენ თუ არა არჩევნებზე და სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს იწვევს შიში არჩევნების დღისადმი. არ იციან როგორ მისცენ ხმა, როგორ შედგება ბიულეტენი, როგორი სახით წარიმართება არჩევნები. მაქსიმალურად ვცდილობ, როცა მსგავს ადამიანთან მაქვს შეხება, ავუხსნა, დავაკვალიანო როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, რომ მაგალითად, უნდა გააფერადოს და არ უნდა შემოხაზოს.

მე და ჩემი მეგობრები ჩვენი აქტიურობითა და პროექტებით ვცდილობთ, რომ საზოგადოებას კარგად დავანახოთ არჩევნებზე წასვლის მნიშვნელობა.

  • უნივერსიტეტში, ლექციებზე თუ საუბრობთ, განიხილავთ მოახლოებულ არჩევნებს?

ძალიან არა.. განათლების ადმინისტრირებას ვსწავლობ და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ კავშირშია არჩევნების შედეგები ამ სფეროსთან და არამხოლოდ, ზოგადად ყველა სფეროსთან, სულ რამდენჯერმე ვახსენეთ არჩევნები. არ არის ისეთი აქტიურობა, რომელიც უნდა გვქონდეს, ალბათ.

  • თუ ცდილობთ ოჯახის წევრების, ნათესავების დათანხმებას, ყველა მათგანი წავიდეს არჩევნებზე?

ჩემს ირგვლივ მაქსიმალურად ვცდილობ, რა თქმა უნდა, რომ ჩემი ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, ყველა დავარწმუნო, რომ აუცილებელია არჩევნებზე წასვლა. არჩევნებზე ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მივდივარ. ქედაში ვარ რეგისტრირებული და იქ ვაძლევ ხმას. ასევე, ვაპირებ, რომ არჩევნებს დავაკვირდე.

ბაკალავრიატზე საჯარო მმართველობას ვსწავლობდი და მუდმივი შეხება მქონდა ასეთ სამოქალაქო საკითხებთან. ჩემი საბაკალავრო თემა არჩევნებს ეხებოდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ძალიან მაინტერესებს თავად არჩევნების მიმდინარეობის პროცესი. სურვილი მაქვს, რომ მეც ვიყო ამ ყველაფრის მონაწილე.

მე არ წარმოვადგენ რომელიმე კონკრეტულ პარტიას. არჩევნებს დავაკვირდები როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი და ეს პროცესი უფრო მეტად დამანახებს, როგორ ჩაივლის არჩევნები. ჩემ წვლილს შევიტან, რომ ყველაფერმა შესაბამისი ნორმების დაცვით ჩაიაროს.

  • მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას ეტყოდით?

არაფერს არ ვეტყოდი. ვკითხავდი, შემთხვევით ცოტა სხვა მიმართულებით ხომ არ მივდივართ, განსხვავებით იმისგან, რასაც ამბობენ.

  • პირველ რიგში რა გინდათ შეიცვალოს არჩევნების შემდეგ?

ჩემი და ჩემი თანატოლების მომავალი. მინდა, ყველას გვქონდეს შესაძლებლობა სწავლის ევროპაში გაგრძელების.

  • თუ იყავით რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე?

კი. მაქსიმალურად ვცდილობდი ყველა აქციას შევერთებოდი, რომელიც ჩვენს ქალაქში იმართებოდა. ყველაზე დიდი ერთიანობის განცდა, რაც კი ცხოვრებაში მიგრძნია, ზუსტად ამ აქციებზე იყო. დიდი ძალა ვიგრძენი და მივხვდი, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გავერთიანდეთ ერთი მიზნის ირგვლივ და შევძლოთ ჩვენი სიტყვა ვთქვათ. ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება ჩემთვის, რომელიც არასოდეს არ დამავიწყდება და თუ საჭირო გახდება კიდევ ერთხელ იმ ახალგაზრდების გვერდით ვიქნები, ვინც აქციებზე ვიდექით. აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას 20 ოქტომბრის მარშიც.

ჩვენი მიზანი ერთია, რომ არ შეიცვალოს ქვეყნის ევროპული კურსი და ხელი შევუშალოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ამ კურსს გადაუხვიონ.

  • დავუშვათ, რომ მმართველი გუნდი დარჩა ხელისუფლებაში, თქვენი აზრით, პროტესტის განცდა ახალგაზრდებში ისევ იქნება? 

რა თქმა უნდა. უფრო დიდი იქნება ჩვენი პროტესტი, რაც კი აქამდე ყოფილა, რადგან ყველა ვიაზრებთ, რა შედეგები მოჰყვება [“ქართული ოცნების“] ხელისუფლებაში დარჩენას. კიდევ ვიტყვი, რომ თუ მაქსიმალურად ყველა მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა.

სამწუხაროდ, მმართველი გუნდის პოლიტიკა ანტიდასავლურია და მეც მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმია რუსეთსა და ევროპას შორის.

  • არის საუბრები, რომ ბსუ-ში ბევრი პოლიტიკური გავლენის ქვეშაა. თუ იცი და/ან გსმენია ამ ყველაფრის შესახებ?

გავლენები, როგორც ასეთი, უნივერსიტეტში არის, მაგრამ არ შემიძლია კონკრეტული მაგალითების მოყვანა. მე მაინც ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტის შიდა სივრცე, სტუდენტები, ადმინისტრაცია და ა.შ. უკვე ორ პოლუსზეა – მთავრობის მხარდამჭერები ან ოპოზიციური განწყობებით.

ბსუ-ს თვითმმართველობა მიკერძოებულია. ჩვენ ვხედავთ უამრავ სტუდენტს, ვისაც აქვს პროტესტი თვითმმართველობისადმი. არც მე მაქვს ის განცდა, რომ უნივერსიტეტში გვყავს ის თვითმმართველობის გუნდი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ამ ორგანოს, გამოხატავდეს სტუდენტების მოთხოვნებს და ა.შ. ეს არ არის ჩემი თვითმმართველობა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: