მთავარი,სიახლეები

„კვების აღდგენა გართულების გარეშე მიმდინარეობს“ – ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე

20.02.2025
„კვების აღდგენა გართულების გარეშე მიმდინარეობს“ – ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე

მზია ამაღლობელს ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს – ამბობს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„დავიწყეთ კვების აღდგენის პროცესი. ვხელმძღვანელობთ შესაბამისი, ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით. მას ეძლევა გარკვეული კალორაჟის საკვები, კვების აღდგენის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს“,- ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა მზია ამაღლობელმა შიმშილობა 18 თებერვალს, 38-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეწყვიტა.

„ბათუში, ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის. ამ დღეებში, ექიმების დახმარებით, შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა”, – წერს მზია ამაღლობელი „ვივამედიდან“ გამოგზავნილ წერილში.

მზია ამაღლობელი უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა.

  • რა ხდება?

„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს.

მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ კი – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: