მთავარი,სიახლეები

კაცი სოხუმიდან ჩამოტანილი დროშის მანტიით – ბათუმის პროტესტის კიდევ ერთი მედროშე

17.02.2025 •
კაცი სოხუმიდან ჩამოტანილი დროშის მანტიით – ბათუმის პროტესტის კიდევ ერთი მედროშე

კაცი საქართველოს სამფეროვანი დროშის მანტიით ბათუმის საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მედროშეა, რომელსაც აქციის თითქმის ყველა მონაწილე უკვე პირადად იცნობს.

„მე ვარ ზურაბ ჭავჭანიძე, სოხუმელი, 58 წლის. ჩემი განუყოფელია სხეულზე ეს დროშა, ეს დროშა სოხუმიდანაა ჩამოტანილი, პირველი ეროვნული მოძრაობის დროინდელი დროშაა“ – ამბობს ის და მანტიად მოცმულ, საქართველოს სამფეროვან დროშას ეხება.

„ვნატრობდი, ნეტავ ამ დროშის გამოყენება არ დამჭირდეს-მეთქი, იმიტომ, რომ ეს დროშა ტკივილთან, გაჭირვებასთან არის ასოცირებული ჩემთვის. ყოფილიყო დაკეცილი, როგორც ისტორიის და იმ ტკივილის ნაწილი, რომელიც გამოვიარე, მაგრამ ასე მოხდა.

პირველი აქციის დროს, პროტესტი რომ დავიწყეთ, პატარა დროშებით ვიყავი. ევროკავშირის დროშა არ მქონდა. სოფელში წავედი და ბავშვებს გავუცვალე ევროკავშირის დროშა საქართველოს დიდ დროშაში. იმიტომაა სიმბოლურად ეს სამი დროშა – სამფეროვანი არის წარსული, ჯვრიანი დროშა არის აწმყო და ევროკავშირის დროშა – მომავალი“.

ბათუმის საპროტესტო აქციების ორი მედროშიდან ერთი – თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი], პოლიციამ 11 იანვარს დააკავა, იგი შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შიმშილობს და საქართველოდან გაძევება ემუქრება. 

ბათუმის აქციების მედროშეებმა ერთმანეთი ბათუმში, საპროტესტო აქციებზე გაიცნეს.

„თემური ისეთი ენაუთქმელი და ისეთი განათლებული პიროვნებაა, გვაკლია ნამდვილად. წერილი დავუწერეთ გუშინ და მე ნახატი გავუგზავნე, გულით და სულით შენთან ვართ-მეთქი. ვიცი, რომ არ წყვეტ ამ შიმშილობას, მაგრამ თავს გაუფრთხილდი, რა“ – მიმართავს ზურაბი თემურს.

ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმში საპროტესტო აქციებზე გამოსვლის პირველ დღეებს იხსენებს:

„მოსვენება უკვე რამდენი წელია დაკარგული მაქვს, 37 წელია ამ ბრძოლაში ვარ. როდესაც აქციააო – ითქვა, ეგრევე გამოვედით [მეუღლესთან ერთად], ვიყავით მსვლელობებზეც. პირველად გამოვედი ამ პატარა დროშით და ამით“ – მანტიად მორგებულ საქართველოს სამფეროვან დროშაზე მიმანიშნებს ზურაბი. 

„არჩევნების მერე სად წავსულიყავი, რა მექნა, არ ვიცოდი – გამოვსულიყავი მარტო მე მევლო… და სტუდენტების გამოღვიძებამ… აი, მაშინ, როცა სტუდენტებმა დაიწყეს უნივერსიტეტში ღამისთევა – ამოვისუნთქე“ – გვიყვება ის.

ზურაბ ჭავჭანიძე მეუღლესთან ერთად

ზურაბ ჭავჭანიძე ამბობს, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებით ეიმედება, რადგან მათში ყველაზე დიდ ძალასა და შემართებას ხედავს.

„სტუდენტებში უდიდესი ძალაა, უპირველესი, ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომაა, რომ ყველა ახალგაზრდას ვეფერები, ყოველთვის იმას ვამბობ, რომ ესენი არიან ჩემთვის სულის ჩამდგმელები.

1987 წლიდან სულ ასეთ ბრძოლაში ვარ, სულ ასეთ შეტაკებებში ვარ ყველა მთავრობასთან და ყოველთვის, ყველაზე დიდი ძალა არის ახალგაზრდები. ომშიც კი, აი ამ [სამფეროვანი] დროშის ქვეშ 15 ვაჟკაცი მყავს დაღუპული, სულ ახალგაზრდები – 19, 22 წლის… 25 წლის – მამუკა, ყველაზე დიდი სოსო – 28 წლის… რამდენი გავიხსენო.

ბევრი სიმწარე და ტკივილი მაქვს ნანახი. ტკივილი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი, რომელთანაც ფიზიკური ტკივილი აბსოლუტურად არაფერია“.

ზურაბი თავისი სტუდენტობის დროინდელ პროტესტს იხსენებს, მაშინ როცა უნივერსიტეტში კომპარტიის ისტორიის სწავლება გააპროტესტა: 

„ზვიად გამსახურდიამ ჩამოაყალიბა ჰელსინკის კავშირი და ამ კავშირში შევედი მაშინვე. მაშინ პირველი გავიფიცე უნივერსიტეტში. წარმოიდგინეთ, ეროვნულ მოძრაობაში ვარ და უნივერსიტეტში ისწავლებოდა საგანი – კომპარტიის ისტორია, ყრილობებს მაზეპირებინებდნენ. ნორმალურ სტუდენტად ვითვლებოდი, დეკანატში შევედი და ვუთხარი, მე ამ საგანს არ ჩავაბარებ-მეთქი. ღმერთით, გუგუჩიამ – ლექტორმა მხარი აგვიბა და ეს საგანი გააუქმეს. მაშინ ვიყავი პირველ თუ მეორე კურსზე“ – იხსენებს ის.

ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმში, მეუღლესთან, მარინა გორჯელაძესთან ერთად, პატარა ბათუმურ ეზოში ცხოვრობს. სახლში, რომელიც ადრე სარდაფი იყო, კედლები მედროშის ხელნაკეთი ნამუშევრებითაა დაფარული. სწორედ ამ პატარა ბინა-სახელოსნოში მზადდება ის ფერად ყვავილები და დროშის ფორმის ფოლადის გულსაბნევები, რომლებიც ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეთა უმრავლესობას, ერთხელ მაინც მიუღია საჩუქრად მედროშე ზურაბისგან.

ზურაბი ამბობს, რომ მისი ნამუშევრების თემა ხშირად ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესებია, თუმცა ამავე ნამუშევრებით პირადი ისტორიებიც არის მონათხრობი:

„ჩემს ნამუშევრებში დეტალებით და სიმბოლოებით, მოთხრობასავით ვყვები ამბებს. 

აი, ეს შავ ფონზე ცეცხლმოკიდებული სოხუმია, ბნელეთიდან გამოვედი. ეს სიმბოლო სოხუმის სიყვარულია [მიმანიშნებს ბრჭყვიალა, ვარდისფერ გულზე] და აქეთ – სამშვიდობოს გამოსული, ბათუმში რომ ჩამოვედი – გაბრწყინებული, გალამაზებული ბათუმია“ – გვაჩვენებს ის. 

ზურავ ჭავჭანიძე სოხუმთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ მოგონებასაც გვიზიარებს:

„სოხუმზე შეტევის დროს, რომ დავინახე უკვე შემოვიდა ჯარები, მოვკიდე დედას ხელი და მივრბივარ. ჩვენი უბანი ცოტა შემაღლებულზე იყო გეოგრაფიულად, დამრეცი ქუჩა იყო. მახსოვს საშინელი სიჩუმე ომის დროს. არავინ ჩანდა. ვხედავ ამ ქუჩაზე მიცვალებულებია, ერთი მოხუცი ქალი იყო, მეორე – ვიღაც რუსული გარეგნობის კაცი… 5-6 მიცვალებული ისე ეგდო ქუჩაზე პირდაპირ რომ… და სიჩუმე, სიჩუმე, სიჩუმე…

ვხედავ, გადმოდის საჯარისო ნაწილი და ქართველები მეგონა, ბიჭებო, ქართველები ხართ-მეთქი? ამის შეძახილი, მათი შემოტრიალება, ავტომატების შეყენება, დამიზნება ერთი იყო. ტყვედ ამიყვანეს დედასთან ერთად, რომელიც მედმუშაკი იყო“ – ჰყვება ზურაბ ჭავჭანიძე.

იგი ამბობს, რომ ტყვეობიდან ერთი თვის შემდეგ კურსელებმა დაიხსნეს. დედის დახსნა კი ექვი თვის შემდეგ შეძლო – იქამდე დედასთან წითელი ჯვრის დახმარებით ახერხებდნენ კომუნიკაციას.

„მე ვერ ვხსნი, ღმერთის და სიყვარულის გარეშე, როგორ ვარ ცოცხალი გადარჩენილი,  ამიტომ ჩემი დანიშნულებაა, სოხუმის მერე ყველაზე მნიშვნელოვანია დავთესო სიყვარული და ვიცხოვრო სიყვარულით“ – ამბობს ზურაბი.

ფოტო: „ბათუმელები“

ზურაბი მიიჩნევს, რომ საქართველოში ლტოლვილების ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის ძალიან ცოტა იხარჯება.

„დაუნახაობაც არ შეიძლება, მაგრამ ევროკავშირიდან ფინანსდება ყველაფერი, უკვე ყოველ ლტოლვილს უნდა ჰქონოდა საცხოვრებელი, ამ ფულს იჯიბავენ. ზოგს მართლაც აძლევენ, ოღონდ იხარჯება მაქსიმუმ 10% დევნილებისთვის. 

იცით, მე ცხოვრებაში 15-ჯერ შევიცვალე საცხოვრებელი ადგილი. სასტუმრო „მედეაში“ ვცხოვრობდი, სანამ დაანგრევდნენ. რომ დავოჯახდით, დავიწყეთ ალტერნატიული სივრცის ძებნა, რომ ცალკე გვეცხოვრა. „მედეაში“ მხოლოდ ერთ დერეფანში ვცხოვრობდით 20 ოჯახი, მთელი ქალაქი იყო თითქმის „მედეა“ და „მესხეთი“, სასტუმროები, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ. 

ამის შემდეგ ბარცხანაში რომ ვცხოვრობდით ქირით, ის სახლი დაგვეწვა. ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება, მთლიანად განადგურდა ყველაფერი. ამ სახლში კარადებიდან დაწყებული, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია“ – გვიყვება ის.

ზურაბ ჭავჭანიძე და მარინა გორჯელაძე

ზურაბ ჭავჭანიძე ამბობს, რომ ახალგაზრდობაშიც და ახლაც რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის:

„რუსული რეჟიმი ქართული სულის გამოშიგვნაზე მუშაობს. ჩვენ მეამბოხე ხალხი ვართ. 8000 წლისაა საყდრისი, ფიზიკურად ვეხებოდით და ვხედავდით იმ არტეფაქტებს და აგვიფეთქეს იმისთვის, რომ ეს ისტორია წაიშალოს“ – ამბობს ის.

ჩვენთან საუბრისას ის კიდევ ერთ პარალელს ავლებს წარსულთან, ამჯერად პროპაგანდაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, საბჭოთა დროში, ისევე როგორც ახლა, „სახელმწიფო მუშაობდა ადამიანის გონებაზე ზემოქმედებაზე“:

„კომუნისტების დროს რომელი ადამიანი იფიქრებდა, რომ კომუნიზმი ცუდია. ეს იმ დონეზე იყო ჩამჯდარი ტვინში, რომ წინააღმდეგ წასვლა უკვე ფსიქიკურ აშლილობად ითვლებოდა. აბა, სხვა რა იყო ნაზი შამანაურის ამბავი.

ეს ძველი, კომუნისტური, ნომენკლატურული რეჟიმი ჩაბღაუჭებულია და მართავს მთელ სახელმწიფოს და რომ მოვიშოროთ, ამისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია ლუსტრაციის კანონი და არა თვითონ ლუსტრაცია, ლუსტრირებული ხალხი ისევ მოდის ხელისუფლებაში. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ხდება ამ რეჟიმის ნაწილი. 

ათასობით წლის განმავლობაში ერთ თაობაც არ არსებობს საქართველოში, რომელსაც ომი და გაჭირვება არ გამოუვლია, მივედით უკვე იმ დონეზე, რომ მომავალმა თაობამ არ იცოდეს რა არის ომი. ჩვენ დღესაც ომში ვართ, აბა სხვა რა არის ეს“ – ამბობს ზურაბი. 

ზურაბ ჭავჭანიძე. ფოტო: „ბათუმელები“


მთავარ ფოტოზე ზურაბ ჭავჭანიძე ბათუმის საპროტესტო აქციაზე | ფოტო: ედო მჟავანაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: