მთავარი,სიახლეები

„მსურს, კითხვა დავუსვა ჩემს სამართლის ლექტორებს“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი ციხიდან თსუ-ს

18.02.2025
„მსურს, კითხვა დავუსვა ჩემს სამართლის ლექტორებს“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი ციხიდან თსუ-ს

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, 19 წლის სტუდენტის, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილს, რომელსაც ზვიად ცეცხლაძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს სწერს. სწორედ ამ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია ზვიად ცეცხლაძე.

„მსურს, კითხვა დავუსვა ჩემს სამართლის ლექტორებსა და სემინარისტებს.

თსუ-ს აუდიტორიებში თქვენ მე მასწავლეთ, რომ სამართალი უნდა იყოს გარდაუვალი, მე კი ვხედავ ქუჩაში მოთარეშე მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ძალადობენ ბავშვებზე, ქალებზე, აქტივისტებზე, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე და ისინი არ დასჯილან.

თქვენ მე მასწავლეთ, რომ კანონი უნდა იყოს საყოველთაო. მე კი ვხედავ, რომ კანონი შერჩევითაა და მუშაობს მხოლოდ პროტესტანტების წინააღმდეგ.

თქვენ მე მასწავლეთ, რომ ნეგატიური, უკუძალა დაუშვებელია. მე კი ვხედავ, თუ როგორ აჯარიმებენ დღეს მიღებული კანონებით, გუშინ და გუშინწინ ბრალდებულ ხალხს.

თქვენ მე მასწავლეთ ინდივიდუალიზაციის პრინციპი და მე ვხედავ, თუ რაოდენ განზოგადებულად გვედავება პროკურორი სასამართლოზე.

თქვენ მე მასწავლეთ, რომ კანონი უნდა ყოფილიყო ჰუმანური. მე კი ვხედავ, რომ ნასამართლობის არმქონე პირებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთით გვემუქრებიან სამშობლოს სიყვარულის გამო.

თქვენ მე მასწავლეთ, რომ მოსამართლე არ უნდა იყოს მიკერძოებული და არაობიექტური, მაგრამ მე ვიცი, რა განაჩენს გამომიტანენ, სასამართლოში მისვლამდეც, მოსამართლემაც იცის წინასწარ…

თქვენ მე მასწავლეთ, რომ ღირსება ხელშეუვალია! მაგრამ მე მახსოვს, თვალწინ როგორ ჩამიდეს მოლოტოვები და ლითონის ხელკეტები.

რას ეტყვით მაშინ შელახულ ჩემს ღირსებასა და თვალს მომდგარ ცრემლებს?

და მე მაქვს კითხვა თითოეულ თქვენგანთან, რატომ მასწავლეთ ეს ყველაფერი?

ან როგორ შეგიძლიათ, თვალებში უყურებდეთ სტუდენტებს და ასწავლიდეთ იმას, რაც უკვე დიდი ხანია დაკარგეს?“

ზვიად ცეცხლაძის წერილს „დაფიონი“ ავრცელებს

ზვიად ცეცხლაძე თბილისში 4 დეკემბერს დააკავეს. მას ივანიშვილის რეჟიმი საპროტესტო აქციების ორგანიზებას ედავება

ამავე თემაზე: 

„ზღაპრების ნაცვლად საქართველოს ისტორიას უყვებოდა მამამისი“ – ვინ არის ზვიად ცეცხლაძე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: