მთავარი,სიახლეები

საია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის ხელახალ მონიტორინგს და ვახტანგ კალოიანის ჩართვას ითხოვს

18.02.2025 •
საია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის ხელახალ მონიტორინგს და ვახტანგ კალოიანის ჩართვას ითხოვს

„იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის ამ ვადაზე დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კვლავ მივმართეთ სახალხო დამცველს, რათა კიდევ ერთხელ შეაფასოს სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მზია ამაღლობელის მდგომარეობა, ამჯერად უკვე რეანიმატოლოგ, ვახტანგ კალოიანის ჩართულობით,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დღეს, 18 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

მზია ამაღლობელი 38 დღეა შიმშილობს. იგი კლინიკა „ვივამედშია“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო პერსონალის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყვეტი შიმშილობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით მძიმეა.

„ადვოკატების მოთხოვნით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შეიქმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლის მიზნით.

მზია ამაღლობელი ექიმთა ჯგუფის ორმა წევრმა, კერძოდ, გიორგი გვილიამ და ელენე გიორგაძემ კლინიკაში 2025 წლის 7 თებერვალს, ხოლო ექიმმა გიორგი ჯავრიშვილმა პაციენტი 12 თებერვალს მოინახულეს.

7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. ექიმების ვიზიტიდან დღემდე გასულია თითქმის ორი კვირა.

2025 წლის 17 თებერვალს კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ, განაცხადა, რომ შიმშილობის ხანგრძლივი დროის გათვალისწინებით, შესაძლოა, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. მისი განცხადებით, ასეთი პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას მას აძლევს გამოკლვევები, რომლებიც მზია ამაღლობელს უტარდება,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

——

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

13 თებერვალს, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: