მთავარი,სიახლეები

მაკრონისა და შოლცის განცხადებები ტრამპის მიერ ზელენსკის კრიტიკის შემდეგ

20.02.2025
მაკრონისა და შოლცის განცხადებები ტრამპის მიერ ზელენსკის კრიტიკის შემდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დონალდ ტრამპის განცხადებას აკრიტიკებენ.

საუბარია 19 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე. ტრამპმა კიევი დაადანაშაულა რუსეთთან ომის ვერ აცილებაში, მან ასევე თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4 პროცენტია და უკრაინაში არჩევნების საჭიროებაზე მიუთითა.

„უკრაინის ევროპელ პარტნიორებს აქვთ ერთიანი და მკაფიო პოზიცია რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით, მომავალშიც გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და აიღებენ პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ამავე დროს, მაკრონი აღნიშნავს, რომ საფრანგეთი და მისი პარტნიორები იზიარებენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

„დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებელია გაიზარდოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები, ასევე ევროპისა და თითოეული ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაზრდის ხარჯები. გადაწყვეტილება მიიღება უახლოეს დღეებში და კვირებში“, – თქვა მაკრონმა.

დონალდ ტრამპის განცხადებას იმის შესახებ თითქოს უკრაინის პრეზიდენტი დიქტატორია, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც გამოეხმაურა და თქვა, რომ „არასწორი და საფრთხისშემცველია უარყო პრეზიდენტი ზელენსკი მის დემოკრატიულ ლეგიტიმურობაში“.

„სიმართლე ასეთია: ვოლოდიმირ ზელენსკი არის არჩეული უკრაინის სახელმწიფოს მეთაური. ​​ის ფაქტი, რომ ომის დროს არ შეიძლება ჩატარდეს სათანადო არჩევნები, უკრაინის კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობას შეესაბამება. სხვას არავინ უნდა ამტკიცებდეს“, – განაცხადა შოლცმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით.

„უკრაინა თითქმის სამი წელია იცავს თავს დაუნდობელი რუსული აგრესიისგან. ყოველდღე“, – თქვა შოლცმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: