მთავარი,სიახლეები

ხელკეტით ცემაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა არის?

19.02.2025 •
ხელკეტით ცემაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა არის?

უზენაესმა სასამართლომ „პოლიციელზე თავდასხმად“ არ მიიჩნია პოლიციელისთვის ხელის დარტყმა ცხვირში, ხელკეტების დარტყმა და ფიზიკური შეურაცხყოფა.

„ძლიერად დაარტყა ხელი ცხვირში… ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმებით თავისა და ტანის არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ცდილობდნენ წაერთმიათ მისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღი, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა გასროლა,“ – აღწერილია განჩინებაში, სადაც დაზარალებულად ცნობილი პირი პოლიციელია.

შემთხვევა, რომელზეც ეს გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა სასამართლომ მიიღო, თბილისში, 2022 წელს მოხდა: საცხობში რამდენიმე პირს შორის შელაპარაკებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს დეტექტივი თ.ს. შეესწრო.

„2022 წლის 17 იანვარს, შუადღის საათებში, ი. ქ. რ. ქ. და ჯ. მ. იმყოფებოდნენ ქ.თ–ში…–ა, რ–ს გზატკეცილი №..-ში მდებარე საცხობში, სადაც შელაპარაკება მოუვიდათ საცხობში მყოფ გ. ნ–სთან. ამავე საცხობთან იმყოფებოდა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს მე-.. სამმართველოს დეტექტივი თ. ს., რომელმაც აღნიშნულ პირებს წარუდგინა სამსახურებრივი მოწმობა, უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და მოუწოდა წესრიგისკენ.

მას შემდეგ, რაც ი. ქ.-მ რ. ქ.-მ და ჯ. მ–მ გაიგეს, რომ თ. ს. იყო პოლიციის თანამშრომელი, მის მიმართ გახდნენ აგრესიულები, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ი. ქ–მა თ. ს.–ს ძლიერად დაარტყა ხელი ცხვირში, რის შემდგომაც ჩასხდნენ ი. ქ–ს მართვის ქვეშ მყოფ „BMW” მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით…. და სცადეს მიმალვა,“ – ეწერა ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

გაქცეულებს პოლიციელი დაედევნა, პოლიციელს მანქანიდან გაუსროლია კიდეც, გაქცეულები უკან დაბრუნდნენ და „ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმებით თავისა და ტანის არეში მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ცდილობდნენ წაერთმიათ მისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღი, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა გასროლა“.

ბრალდებულებს ამ საქმეზე პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ედავებოდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდება გადააკვალიფიცირა ძალადობის [სსკ-ის 126-ე] მუხლზე. ბრალდებულებს ჯ.მ-ს და ი.ქ.-ს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რ.ქ.-ს კი, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა – ის გასამართლდა 2017 წელს სხვა დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ნაწილი მოუხდელი ჰქონდა.

როგორც არაერთ სხვა საქმეში, ამ შემთხვევაშიც უზენაესმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თავდასხმა დაკავშირებულია სიცოცხლის, ან ჯანმრთელობის ხელყოფის განზრახვასთან. ამ საქმეშიც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულებს „პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისი ჯანმრთელობის ხელყოფის მიზანი არ ამოძრავებდათ“.

„საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მსჯავრდებულების ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა ი. ქ.-ს, რ. ქ.-სა და ჯ. მ.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მათთვის წარდგენილი ბრალდება მართებულად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ვინაიდან სასამართლო განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ ი. ქ–ს, რ. ქ–სა და ჯ. მ–ს პოლიციელზე თავდასხმის, ესე იგი, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისი ჯანმრთელობის ხელყოფის მიზანი არ ამოძრავებდათ.

ი. ქ., რ. ქ. და ჯ. მ. კონკრეტულ შემთხვევაში არ მოქმედებდნენ პოლიციელზე თავდასხმის მიზნით, კონფლიქტი წარმოიშვა ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად. შესაბამისად, ი. ქ.–მ, რ. ქ.-მა და ჯ. მ.–მ ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა – ი. ქ–მა, რ. ქ–მა და ჯ. მ–მა შელაპარაკებისას, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს თ. ს–სზე, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ ცალსახად არ დასტურდება, რომ, მსჯავრდებულების აგრესიული ქმედებები მიზნად ისახავდა სწორედ პოლიციელის სტატუსის ან/და მისი საქმიანობიდან გამომდინარე თ. ს–ზე თავდასხმას [სისხლის სამართლის საქმის მასალებით, მათ შორის, დგინდება: დაზარალებულებთან დაპირისპირებამდე მსჯავრდებულები სხვა, სამოქალაქო პირებთან კამათობდნენ, რასაც მოჰყვა სწორედ თ. ს–ს კონფლიქტში ჩარევა;  დაზარალებული და მსჯავრდებულები ერთმანეთს არ იცნობდნენ; დაპირისპირებისას თ. ს–ს არ ეცვა პოლიციელის ფორმა]. შესაბამისად, მსჯავრდებულთა ქმედებებში გამოკვეთილია არა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმა, არამედ – ჯგუფურად ჩადენილი ცემის შემადგენლობა, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი,“- ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განაჩენზე  განსახილველად არ დაუშვეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა: ლალი ფაფიაშვილმა, მამუკა ვასაძემ და შალვა თადუმაძემ 2023 წლის სექტემბერში მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.  

საქართველოში უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ვერ ფარავს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემა დღეს კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლის – მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს და არა – სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად. 

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის. ასეთია თავად უზენაესი სასამართლოს, ანუ საქართველოში სასამართლოს ბოლო ინსტანციის დადგენილი პრაქტიკა.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციას საერთოდ არ აქვს.

სწორედ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.

13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

დღეს, 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ ასევე უარი თქვა მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვაზე და ის დაუშვებლად მიიჩნია.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა და შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.

მზია ამაღლობელი ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ რჩება.

ამ თემაზე:

პოლიციელისთვის მუშტის დარტყმაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს თავდასხმა არ არის. სილის გაწვნა არის?

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: