მთავარი,სიახლეები

თემურ ქათამაძე შიმშილობას აგრძელებს – რატომ არ დატოვეს ის კლინიკაში?

19.02.2025 •
თემურ ქათამაძე შიმშილობას აგრძელებს – რატომ არ დატოვეს ის კლინიკაში?

ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], 34-ე დღეა შიმშილობს. იგი მხოლოდ წყალს იღებს.

შიმშილობის 30-ე დღეს თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც სახალხო დამცველის აპარატში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ექიმებმა საჭიროდ არ ჩათვალეს მისი კლინიკაში დატოვება და ის საემიგრაციო იზოლატორში დააბრუნეს.

ბოლო მონაცემებით, თემურ ქათამაძემ შიმშილობის შედეგად 17 კილო დაიკლო.

რის საფუძველზე გადაწყვიტეს ექიმებმა, რომ თემურ ქათამაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ექმნება, რატომ დააბრუნეს ის იზოლატორში და ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ იზოლატორში მისი ჯანმრთელობა გაუარესდება? – ამ კითხვებით მივმართეთ სახალხო დამცველის აპარატს.

„თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაკვირდებოდით, ადგილზე რამდენიმე ანალიზის გაკეთებას, რომელიც იყო შესაძლებელი, არ მივიჩნევდით საკმარისად, ამიტომ მივიწერეთ წერილი (დაახლოებით ათი დღის წინ) და ვთხოვეთ ანალიზების ჩატარების უზრუნველყოფა.

ჩვენი წარმომადგენელი როცა იყო შესული, თემურ ქათამაძე იყო წინააღმდეგი კლინიკაში გადაყვანის და მისი თანხმობის გარეშე ლაბორატორიაში ვერ წაიყვანდნენ შესამოწმებლად. ვერანაირ სამედიცინო მანიპულაციას ვერ გააკეთებ, თუ ადამიანი არ არის თანახმა.

თუმცა, შაბათს, 15 თებერვალს, მან გამოთქვა სურვილი, რომ გადაეყვანათ კლინიკაში და გადაიყვანეს კლინიკა „ჰელსიკორში“, სადაც მას ანალიზების გარდა, სხვა ტიპის კვლევებიც ჩაუტარდა.

ექიმებმა თქვეს და ეს სამედიცინო დოკუმენტაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომია, რომ გართულებული მდგომარეობა არ არის და არ ექვემდებარება სტაციონარში დარჩენას.

ჩვენ მივიღეთ ეს დასკვნა და საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენც გვყავს ექიმი, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა, რომ ეს კითხვები უნდა დაისვას, ამიტომ მივწერეთ შსს-ს და დამატებით მოგვწერენ ამ კითხვებზე პასუხებსაც.

თუკი ჩავთვლით, რომ საჭიროა კვლავ კვლევებზე გადაყვანა ან მდგომარეობა გაუარესდება, მივმართავთ შს სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციით“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში სახალხო დამცველის მოადგილე თამარ გვარამაძე.

თამარ გვარამაძე

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა 34-დღიანი შიმშილობის შემდეგ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გახდა, ამიტომ ექიმებმა თავად მოითხოვეს ის კლინიკაში დარჩენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ მზია ამაღლობელი მოითხოვდა იზოლატორში დაბრუნებას.

ამიტომ თამარ გვარამაძეს ვკითხეთ, რა აჩვენა კვლევებმა, 34-დღიანი შიმშილობის შემდეგ ცვლილება არ არის თემურ ქათამაძის ორგანიზმში?

„ცხადია, შიმშილობის შემდეგ მის ორგანიზმში ცვლილებებია, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ექიმებმა და შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა შეიძლება გაგვცენ. ჩვენ რაც ვნახეთ, წერია ძალიან ცხადად, რომ ის არ საჭიროებს სტაციონარში დარჩენას.

15 თებერვალს, როცა ჩვენ ვნახეთ, დასუსტებული იყო ნამდვილად, მაგრამ გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად და საუბრობდა. მოშიმშილე ადამიანია ცუდადაა, ცხადია, მაგრამ კონკრეტულმა სამედიცინო დაწესებულებამ გადაწყვიტა, რომ იმ დროისთვის არ არსებობდა მისი იქ დატოვების აუცილებლობა.

შეიძლება დღეს უკვე არსებობდეს. ესეცაა, რომ მან უნდა გამოხატოს თანხმობა ანალიზების ჩატარების და კლინიკაში გადაყვანის“ – ამბობს თამარ გვარამაძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, თუ პაციენტი, „საღ გონებაზე მყოფი ადამიანი, უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურებაზე, ვერავინ ხელს ვერ მოკიდებს.

ქალბატონი მზიას შემთხვევაშიც, ის დათანხმდა გადაყვანაზე, შემდეგ კი უკვე სამედიცინო პერსონალმა მიიღო კლინიკაში დატოვების გადაწყვეტილება.

პროცედურა ასეთია, რომ თუ ქათამაძე გახდა ცუდად, შეიძლება გონება დაკარგოს ადამიანმა, გამოიძახებენ სასწრაფოს და გადაიყვანენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და შემდეგ თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის მის იქ დატოვებას, რა თქმა უნდა, დატოვებენ“ – ამბობს თამარ გვარამაძე.

თემურ ქათამაძეს რამდენიმე დავა აქვს სასამართლოში, მას გასაჩივრებული ჰქონდა როგორც მისი საემიგრაციო იზოლატორში გადაყვანა, ასევე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საკითხიც.

თემურ ქათამაძე ათ წელია მეტია რაც საქართველოში ცხოვრობს, ის ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და გადაწყვიტა, რომ მის ისტორიულ სამშობლოში იცხოვროს.

მან სპეციალური გამოცდაც ჩააბარა, რომელიც მოეთხოვება მოქალაქეობის მიღების მსურველ პირს, გამართულად ფლობს ქართულ ენასაც, თუმცა მთავრობა არ ანიჭებს საქართველოს მოქალაქის სტატუსს. სწორედ ეს საკითხები აქვს გასაჩივრებული თემურ ქათამაძეს სასამართლოში.

ამიტომ თამარ გვარამაძეს ვკითხეთ, ფლობს თუ არა ამ საკითხზე სახალხო დამცველი ინფორმაციას და აპირებენ თუ არა შეისწავლონ თემურ ქათამაძის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის საკითხი.

თამარ გვარამაძე ამბობს, რომ თემურ ქათამაძეს ამ საკითხზე მიმართული აქვს სახალხო დამცველისთვის და ისინი აპირებენ სამივე ნაწილში, მათ შორის დაკავების დროს მასზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობის საკითხზე მუშაობას.

„გამოძიების მიმართულებით, ეს ხანგრძლივი პროცესია და ჯერ ამ ეტაპზე ხელშესახები არაფერი არ გვაქვს, მაგრამ მოქალაქეობა და ლტოლვილის სტატუსზე გამოვითხოვეთ ყველა ინფორმაცია, მიღებულია და დავიწყეთ დამუშავება.

თუ დავადგენთ, რომ უკანონოდ ეთქვა უარი სტატუსზეც, მოქალაქეობაზეც, რა თქმა უნდა, გამოვცემთ რეკომენდაციას და დავადგენთ დარღვევას.

ვიცით, რომ ინტერესი დიდია ამ საკითხზე, მაგრამ ეს დიდი მოცულობის მასალაა და გარკვეული დრო დაგვჭირდება, შევეცდებით დროულად გვქონდეს შეფასებები“ – ამბობს თამარ გვარამაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: