მთავარი,სიახლეები

„შიმშილობას ვაგრძელებ ბოლომდე“ – თემურ ქათამაძე უარს ამბობს ექიმებთან კონსულტაციაზე

19.02.2025
„შიმშილობას ვაგრძელებ ბოლომდე“ – თემურ ქათამაძე უარს ამბობს ექიმებთან კონსულტაციაზე

დღეს, 19 თებერვალს, ბათუმის აქციის მედროშემ თემურ ქათამაძემ [გაფფარ ილმაზი] ახალი წერილი გაავრცელა იზოლატორიდან.

ის ამბობს, რომ შიმშილობას აგრძელებს და უარს ამბობს ანალიზების გაკეთებაზე პროტესტის ნიშნად.

„მიმაჩნია, რომ სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე“ – წერს ის წერილში.

„ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე მზია ამაღლობელის შემდეგ, შიმშილობის დროშა ახლა მე, ბათუმელმა მედროშემ ავიღე ხელში და შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე. ვინაიდან მიმაჩნია, რომ „სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე“, როგორც იყო ჩვენი, ანუ ჩვენებურების ბელადის ახმედ მელაშვილისთვის.

ასევე, მიხა ხელაშვილისთვის, მარო მაყაშვილისთვის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისთვის, ხასან თხილაიშვილისთვის, ლომან ეფენდი ქარცივაძისთვის, გულო აღა კაიკაციშვილისთვის, მემედ აბაშიძისთვის, უსუფ ქათამაძისთვის, მერაბ კოსტავასთვის და ზვიად გამსახურდიასთვის.

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე – „არასდროს, არასდროს არ დანებდე!“

მე ასევე უარს ვაცხადებ 12.02.2025 თარიღიდან მიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრში, ყოველდღიურად ექიმებთან კონსულტაციისთვის გასვლაზე და ანალიზების ჩაბარებაზე“ – წერს თემურ ქათამაძე წერილში, რომლის ადრესატი თავისუფალი მედიაა.

თემურ ქათამაძე, ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, ის 5 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება.

დაკავების დროს, როგორც ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

თემურ ქათამაძე ათ წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობის მინიჭებაზე არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო.

დაკავების შემდეგ, თემურ ქათამაძემ ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლება ამ სტატუსზეც უარს ეუბნება.

თემურ ქათამაძეს აღნიშნულ საკითხებზე დავა აქვს სასამართლოში, მიმართა სახალხო დამცველსაც. მის უფლებებს საია იცავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: