ბათუმი,მთავარი,სიახლეები

“მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას ადასტურებს” – საია

16.02.2025 •
“მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას ადასტურებს” – საია

ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე 15 თებერვალს ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.

საია უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მიიჩნევს, რომ მომხდარი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ უბედურ შემთხვევად. მომხდარი ტრაგედია სახელმწიფო სტრუქტურების უმოქმედობას და სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით ვალდებულებების დარღვევას ადასტურებს.

„არაერთი ადგილობრივის ცნობით, ტერიტორია არ ყოფილა შემოსაზღვრული, არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი ყოფილა, რომელიც გასაგებად მიაწოდებდა, როგორც სრულწლოვანს, ისე ბავშვს, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას, ეს კი ადასტურებს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას სიცოცხლის უფლებასთან მიმართებით.

ამ ყველაფრის ფონზე, კი, საგანგაშოა, ასევე, რომ მომხდარის ადგილზე მუშაობის ჯეროვანი შესაძლებლობა არ ეძლეოდათ მედიის წარმომადგენლებს.

საგანგაშოა, რომ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის განცხადება არსად ახსენებს გამოძიების საკითხს, თუნდაც ფორმალურად, რაც უკვე ისედაც მიტაცებული საგამოძიებო სტრუქტურებისთვის უმოქმედობის პოლიტიკური გზავნილია.

დამატებით, მივუთითებთ, რომ ბათუმის მერია ვალდებულია, ტერიტორიაზე მსგავსი სხვა თხრილების არსებობიდან გამომდინარე, სასწრაფოდ უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხოება,“ – აცხადებს საია.

„სახელმწიფოს ვალდებულება, დაიცვას სიცოცხლის უფლება, მოიცავს, არა მხოლოდ, ინდივიდთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გონივრული ზომების მიღებას, არამედ, სერიოზული დაზიანების ან სიკვდილის შემთხვევაში, არსებითია დაზარალებულთა უფლებების დაცვისთვის ეფექტიანი საშაულებების უზრუნველყოფა, რათა შესაძლებელი გახდეს ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და დაზარალებულისთვის შესაბამისი სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა,“ – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით [ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე].

„ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვის დაღუპვაზე გამოძიება დაიწყო

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: