„მინდა განსაკუთრებულად მივმართო მზია ამაღლობელს, მას ვუთხრა დიდი მადლობა, იმისთვის რაც მან გააკეთა, იმისთვის, რაც დღეს გააკეთა, როცა შეწყვიტა შიმშილობა.
იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერები, ჩვენ გვჭირდება მაგარი ქალები, ჩვენ გვჭირდება მაგარი პიროვნებები ცოცხალი. არ გვჭირდება მსხვერპლი.
ჩვენ გვჭირდება გამარჯვების სული და ეს მოგვცა მზია ამაღლობელმა, ეს შემართება გაიტანა საზღვრებს მიღმა.
ძალიან ბევრი ადამიანი მას გულშემატკივრობს და ეს გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება, როცა ის იქნება რეალურად ცოცხლად ჩვენი საზოგადოების ერთგვარი ლიდერი და ეს გვჭირდება ძალიან.
ძალიან დიდი მადლობა მზია და გისურვებთ ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელებას” – ასე მიმართა დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მზია ამაღლობელს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მედიამენეჯერსა და ჟურნალისტს.
დღეს, 18 თებერვალს, შიმშილობის 38-ე დღეს, მზია ამაღლობელმა კვების აღდგენა გადაწყვიტა. მისი წერილი „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ კლინიკა „ვივამედთან“ გააცნო საზოგადოებას.
მზია ამაღლობელი უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობდა.






