ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მთავრობა მალავს ხელოვნური კუნძულის შესახებ დოკუმენტებს – რა შეცვალეს ხელშეკრულებაში

26.10.2023 •
მთავრობა მალავს ხელოვნური კუნძულის შესახებ დოკუმენტებს – რა შეცვალეს ხელშეკრულებაში

ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ ზღვაში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებაში ორი ცვლილება შეიტანეს. აქედან ბოლო ცვლილება – 2023 წლის 29 სექტემბერს.

ამ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის მთავრობის შესაბამისი განკარგულება, „ბათუმელებმა“ ქონების ეროვნული სააგენტოდან და საქართველოს მთავრობიდან 2023 წლის 2 ოქტომბერს გამოითხოვა.

საჯარო უწყებებმა ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტები დამალეს – სააგენტომ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები არ მოგვაწოდა, მთავრობამ კი – თავისივე განკარგულება.

მიუხედავად ამისა, დოკუმენტების ნაწილი [მათ შორის მთავრობის განკარგულება] „ბათუმელებმა“ სხვა წყაროებით მაინც მოიპოვა.

ცვლილებები აღნაგობის ხელშეკრულებაში

სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულება ქონების ეროვნულ სააგენტოსა და „ამბასადორს“ შორის 2021 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა.

ამ ხელშეკრულებით სახელმწიფომ 1 ლარად კომპანიას ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედ არსებული 891 258 კვადრატული მეტრი „არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი“ [ფაქტობრივად ზღვა] გადასცა 65 წლით.

ხელშეკრულება ითვალისწინებდა ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის, ერთი ხელოვნური კუნძულისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

პირველი ცვლილება

პირველი ცვლილება ხელშეკრულებაში 2022 წლის 25 ივლისს შევიდა. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამ ცვლილებით კომპანიას დამატებით 55 ჰექტარი [551 965 კვადრატული მეტრი] ტერიტორია გადასცეს ზღვაში.

ცვლილების ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ცვლილება არ ცვლის „აღნაგობის ხელშეკრულების“ სხვა მუხლების შინაარს და „ყველა სხვა მუხლით დადგენილი მხარეთა უფლებები და მოვალეობები რჩება უცვლელი“.

ამ ცვლილების შემდეგ კომპანიაზე აღნაგობის უფლებით გადაცემულია ჯამში 1 443 223 კვადრატული მეტრი ტერიტორია ზღვაში [რეესტრის ახალ ამონაწერში უკვე დაკონკრეტებულია, რომ ეს „არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი“ არის „წყლით დაფარული ტერიტორია].

ტერიტორია შავ ზღვაში ბათუმთან, სადაც ხელოვნური კუნძულის აშენებას გეგმავენ

მეორე ცვლილება

მეორე ცვლილებით, რომელიც აღნაგობის ხელშეკრულებაში შევიდა, უშუალოდ პირობები/ვადები შეიცვალა.

  • „აღნაგობის ხელშეკრულების“ 3.1.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ საქართველოს მთავრობისათვის პროექტის სრული ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში 2023 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარედგინა.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, აღნიშნული ანგარიში კომპანიამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგინა და ხელშეკრულება ამ ვადის ამოწურვამდე წინა დღით, 2023 წლის 29 სექტემბერს შეიცვალა.

  • ახალი ცვლილებით კომპანიამ ანგარიში მთავრობას უნდა წარუდგინოს „არაუგვიანეს 2024 წლის 1-ელი აპრილისა“.

შეიცვალა ქონების კომპანიისთვის საკუთრებაში გადასაცემად შესაბამისი კანონპროექტის მთავრობაში ინიცირების ვადაც, რაც აღნაგობის ხელშეკრულებით „არა უადრეს 2023 წლის 30 სექტემბრისა“ უნდა მომხდარიყო.

ცვლილების მიხედვით, „ნახევარკუნძულების, კუნძულის შექმნის შემდგომ, მაგრამ არა უადრეს 2024 წლის 1-ელი აპრილისა, ამავე ნახევარკუნძულ(ებ)ზე, კუნძულზე შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 3 თვის ვადაში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უზრუნველყოფენ „ქონების“ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისათვის“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი განკარგულების პროექტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ინიციირებას საქართველოს მთავრობის წინაშე, იმ პირობით, რომ საპრივატიზებო ქონებაზე გავრცელდება „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული, შესასრულებელი ვალდებულებები „ხელშეკრულებით“ დადგენილი ვადით.“.

  • კიდევ ერთი ცვლილებით კომპანიას დაევალა ახალი საბანკო გარანტიის წარდგენა, არანაკლებ 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, ამჯერად, არაუგვიანეს 2024 წლის 1-ელი აპრილისა.

ამასთან, ახალი/შეცვლილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა „აღნაგობის ხელშეკრულების“ შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 თვით, რომელიც „უზრუნველყოფს შესაბამისი ვალდებულებების შესრულებას [მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას“.

  • შეიცვალა ხელშეკრულების ერთ-ერთი ის პუნქტიც, რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტას ითვალისწინებს.

კონკრეტულად, ხელშეკრულების შეცვლილი ვარიანტით: კომპანიის ვალდებულებები წყდება და კომპანიას გაწეული ხარჯები, მათ შორის, ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ:

„2024 წლის 1-ელი აპრილისათვის, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დასაშვები არ იქნება „ხელშეკრულების“ შესაბამისი ქვეპუნქტების საფუძველზე შესაქმნელი ნახევარკუნძულების/კუნძულის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან და კომპანია არ შეასრულებს ახალი/შეცვლილი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებას“.

ზემოთ აღნიშნულ ცვლილებებს ეხება მთავრობის ის განკარგულებაც, რომელიც „ბათუმელებს“ მთავრობამ არ მოგვაწოდა.

სახელმწიფო ქონების სააგენტოდან და მთავრობიდან ის დოკუმენტებიც [მიმოწერები, განმარტებითი ბარათი და სხვა] გამოვითხოვეთ, რომლის საფუძველზეც აღნაგობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანეს, თუმცა ეს დოკუმენტებიც ვერ მივიღეთ.

რა ეტაპზეა ხელოვნური კუნძულის პროექტი

„ამბასადორმა“ პროექტის განხორციელება ე.წ. „ნაპირდამცავი ჯებირის“ გზშ-ს გარეშე მშენებლობით დაიწყო. ეს „ჯებირი“ შემდგომში ერთ-ერთი ხელოვნური ნახევარკუნძულის შემადგენელ ნაწილად უნდა იქცეს.

ბარცხანის სანაპიროზე ამ „ჯებირის“ მშენებლობა მინიმუმ ერთი თვეა შეჩერებულია. ამის გარკვევა „ბათუმელებმა“ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდში“ სცადა, თუმცა ამჯერად დაკავშირება ვერ მოახერხა. გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალზე ატვირთული მასალების მიხედვით კი, „ამბასადორი“ გზშ-ს მომზადების ეტაპზეა.

 ხელოვნური ნახევარკუნძულის [„ჯებირის“] სამშენებლო სამუშაოები [ინერტული მასალის შეტანა ბარცხანის სანაპიროზე] ამ ეტაპზე შეჩერებულია / ფოტო: 28.10.2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს სკოპინგის დასკვნის მიხედვით, ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ვალდებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში მოამზადოს.

არსებული დოკუმენტების მიხედვით, შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის ვადად 3,5-4 წელია განსაზღვრული. სამუშაოების დაწყება კი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება გზშ-ს მომზადებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებას.

აღნაგობის ხელშეკრულების მიხედვით, „ამბასადორს“ პროექტში „არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის“ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/492938/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: