2025 წლის 20 თებერვალს, ბათუმში, „თავისუფალ სივრცეში“ გაიხსნება „თანასწორობის კუთხე“ ინიციატივის – „დაე იკითხოს თავისუფლებამ“ – ფარგლებში.
გახსნის ღონისძიებაზე, „თავისუფალ სივრცეში“, ზვიად გამსახურდიას 6 ნომერში, 20 თებერვალს, 15 საათზე, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე, ქალების და გოგოების გაძლიერებასა და უფლებებზე ისაუბრებს მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე.
ღონისძიების მოდერატორი გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, გვანცა ჯობავა იქნება.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი, მალხაზ ჭკადუა
„თანასწორობის კუთხეს“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, შვედეთის საელჩო საქართველოში და გამომცემლობა „ინტელექტი“ ერთობლივად გახსნიან”, – ვკითხულობთ ღონისძიების პრესრელიზში, რისი მიხედვითაც ბათუმის „თანასწორობის კუთხე“ რიგით ოცდამეშვიდეა საქართველოს მასშტაბით.
„თანასწორობის კუთხეები” უკვე გაიხსნა გორსა და ზუგდიდში. უახლოეს დღეებში გაიხსნება ქუთაისში.
„თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება.
ინიციატივა გულისხმობს სკოლების, ადგილობრივი ბიბლიოთეკების და ახალგაზრდების თავშეყრის სხვადასხვა სივრცეების თანამედროვე ლიტერატურით აღჭურვას. წიგნები, თემატურად დაკავშირებულია თანასწორობის, ტოლერანტობისა და თავისუფლების იდეასთან, რაც შესაძლებლობას აძლევს მოზარდებს, თანამედროვე ლიტერატურის საშუალებით აიმაღლონ ცნობიერება უნივერსალურ ღირებულებებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინიციატივა – „დაე, იკითხოს თავისუფლებამ“ – გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.