მთავარი,სიახლეები

პოლიციელისთვის მუშტის დარტყმაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს თავდასხმა არ არის. სილის გაწვნა არის?

18.02.2025 •
პოლიციელისთვის მუშტის დარტყმაზე უზენაესმა თქვა, რომ ეს თავდასხმა არ არის. სილის გაწვნა არის?

„იმის გამო, რომ იყო პოლიციელი და დაახლოებით ორი თვის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოუწოდა წესრიგისკენ, ბ. გ-ი თავს დაესხა დმანისის შს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე კ. კ-იას, შეაგინა და მუშტი ძლიერად დაარტყა თვალის არეში, რის გამოც მან თავი ვერ შეიკავა და სახე დაარტყა ღობეს. კ. კ-ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნულია ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში, სადაც სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქმედება – მუშტის დარტყმა – პოლიციელზე თავდასხმა არ არის.

შეგახსენებთ, რომ პოლიციელზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. 

საქმეზე, რომელზეც ამ სტატიაში გიამბობთ, როცა მოქალაქემ „პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს შეაგინა და მუშტი ძლიერად დაარტყა თვალის არეში“, სასამართლომ მსჯავრდებული ძალადობის მუხლით [სსკ-ის 126-ე მუხლი] დასაჯა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთით.

ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ვერ ფარავს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემა დღეს კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლის – მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიკური დაკვეთით მოქმედებს და არა – სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად.

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის. ასეთია თავად უზენაესი სასამართლოს, ანუ საქართველოში სასამართლოს ბოლო ინსტანციის დადგენილი პრაქტიკა.

უმთავრესი არგუმენტი, რის გამოც უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ „მუშტის ძლიერად დარტყმა თვალის არეში“ პოლიციელზე თავდასხმა არ არის, განზრახვის არარსებობაა.

ამ საქმეში უზენაესი სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ჩვენებებზე, რაც მოსამართლეების შეფასებით, „ადასტურებს კონფლიქტის იმწუთიერ განვითარებას და მსჯავრდებულის მყისიერ გაღიზიანებას“.

შემთხვევა, რომელზეც ამ მასალაშია საუბარი, 2 წლის წინ, დმანისში მოხდა.

ბრალდების შესახებ დადგენილებაში ვკითხულობთ:

„2023 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. დ-ში… ა-ს ქუჩაზე მდებარე რიტუალების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმის გამო, რომ იყო პოლიციელი და დაახლოებით ორი თვის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოუწოდა წესრიგისკენ, ბ. გ-ი თავს დაესხა დმანისის შს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე კ. კ-იას, შეაგინა და მუშტი ძლიერად დაარტყა თვალის არეში, რის გამოც მან თავი ვერ შეიკავა და სახე დაარტყა ღობეს. კ. კ-ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი“.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებულად მიჩნეული პოლიციელის ჩვენება იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც მასზე თავდასხმა დაგეგმილი იყო:

„საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, ვერ გაიზიარებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, სანდო პირმა თავდასხმის დაგეგმვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულმა უკვე განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება.

ასეთი წყარო და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია [ასეთის არსებობის შემთხვევაში] მინიმუმ არასანდოა, რომ არაფერი ვთქვათ ამ პირის არაჯეროვან დამოკიდებულებაზე რიგი გარემოებების მიმართ.

ბრალდების მხარის ვერსიის საპირისპიროდ, საქმეში მოიპოვება არაერთი ჩვენება, რაც ადასტურებს კონფლიქტის იმწუთიერ განვითარებას და მსჯავრდებულის მყისიერ გაღიზიანებას, რასაც მოჰყვა დაზარალებულზე ძალადობრივი ქმედების ჩადენა.

ამასთან, არც ერთი მტკიცებულებით, გარდა დაზარალებულის ვარაუდისა, არ დასტურდება, რომ ეს გაღიზიანება გამოწვეული იყო კ. კ-ს სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ კ. კ-ას ჩვენება ბ. გ-ს მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივთან დაკავშირებით ვერ იქნება მიჩნეული, როგორც უტყუარი ჩვენება.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასება ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია არა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა, არამედ – სხვაგვარი ძალადობის შემადგენლობა, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების რაიმე წინაპირობა არ არსებობს,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში. ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა – ლევან თევზაძემ, შალვა თადუმაძემ და ნინო სანდოძემ 2024 წლის აპრილში მიიღეს.

____________________________

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი], დაკავების დროს გადაღებულ ვიდეო კადრში კი, ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ ასკ-ის 150-ე მუხლით. ამ მუხლით პირის დაკავების უფლება პოლიციელებს საერთოდ არ აქვთ. გაყალბებული ოქმის საფუძველზე მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.

13 თებერვალს, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

ამავე თემაზე:

ცემად ვერ შეფასდება 1 დარტყმა, თუნდაც მან ტკივილი გამოიწვიოს – უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: