საახალწლო ფეიერვერკებში ბათუმის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან 20 ათას ლარს გადაიხდის. შესაბამისი ხელშეკრულება ბათუმის კულტურის ცენტრმა შპს „ალკაჯეოსთან“ გასული წლის 30 დეკემბერს გააფორმა.
„წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი თანახმაა უზრუნველყოს ქ. ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ფეიერვერკების მიწოდება-ინსტალაცია-გაშვება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებუილი რეგულაციების დაცვით.
მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 20 000 ლარს. მომსახურების ღირებულებაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი, რომელთა გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი“, – აღნიშნულია ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს „ალკაჯეოს“ დირექტორი ლაშა კვარაცხელია აწერს.
ხელშეკრულების დანართის მიხედვით, პიროტექნიკა ჩინური წარმოებისაა:
ბათუმის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებებისთვის შეძენილი პიროტექნიკა / ხელშეკრულების დანართიდან
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული წესით – 2 დღეში განიხილა და 2024 წლის 13 დეკემბერს დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც აქციაზე მონაწილეების მიერ პიროტექნიკის ქონას კრძალავს. „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კი, ცვლილებებს ინაუგურაციიდან მალევე მოაწერა ხელი და შესაბამისად კანონი ძალაში შევიდა.
რა ხდება?
საქართველოში ახალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.
პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
2025 წლის 4 იანვარს, ბათუმში, ქალაქის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს, რომელზეც საპროტესტო აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანები იყვნენ გამოსახული.
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები.
თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს მოუწოდა, მობაილბანკით გაეზიარებინათ სურვილები, რომლებსაც ისინი საქართველოს 2025 წელს უსურვებდნენ. საახალწლო სურვილები თიბისიმ საქართველოს ყველა კუთხიდან, მათ შორის აფხაზეთიდან და მსოფლიოს 111 ქვეყნიდან მიიღო.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისიმ საახალწლო კამპანია არ გაუშვა. სანაცვლოდ კი ყველა ის საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, ადამიანებს დაუთმო, რათა მათი ხმა მთელ საქართველოში გაჟღერდეს.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 27-30 დეკემბერს, თიბისის მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მობაილბანკში გაეზიარებინათ რას უსურვებდნენ საქართველოს 2025 წელს.
თიბისიმ სურვილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და მთელი საქართველოდან შეკრიბა, შემდეგ ისინი სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში გაშალა. ასევე, სხვადასხვა შინაარსის სურვილები საქართველოს ყველა ქალაქში გავრცელდა: ქუჩებში ციფრულ მონიტორებზე, თიბისი ბანკის ფილიალის ეკრანებზე, ბანკომატებზე, მობაილბანკში, აეროპორტის ეკრანებზე, ციფრულ არხებსა და კინოთეატრებში.
„მადლობელი ვარ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პია კაუმასი ამ გადაწყვეტილების მიღების გამო. ივანიშვილის რეჟიმს არ უნდა მიეცეს ლეგიტიმაციის მსგავსი რამაც კი. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!“ – ეს არის ბოლო პოსტი, რომელიც დღეს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა დაწერა X-ზე.
კონგრესმენის ეს მადლობა ეკუთვნის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, რომელმაც 8-10 იანვარს თბილისში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
მანამდე „მეგობარი აქტის“ ავტორმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ X-ზე კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა უთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.
„მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, ასეთ დროს თბილისში არ ჩავიდეს. ივანიშვილის რეჟიმი მის ვიზიტს გამოიყენებს მხოლოდ როგორც საშუალებას, საკუთარი ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციისთვის. აშშ-ს გადასახადის გადამხდელთა ფული არ უნდა იქნას გამოყენებული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის“, – დაწერა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.
კონგრესმენი პოსტს თან ერთოდა წერილი, რომელიც მან პია კაუმას გაუგზავნა, სადაც ასაბუთებდა, რატომ არ თვლის მიზანშეწონილად თბილისში მის ვიზიტს.
„ქართულმა ოცნებამ გააყალბა არჩევნები და ძირს უთხრის ქართველი ხალხის მისწრაფებას დასავლეთთან, მათ შორის, ნატოსთან და ევროკავშირთან დასაახლოებლად. ამ საარჩევნო თაღლითობით, „ქართულმა ოცნებამ“ დათმო დემოკრატიულობა და ლეგიტიმურობა. […]
აქამდეც ვნახეთ, როგორ ყალბად გამოიყენა პარტიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის წერილი არჩევნებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ, რომ თითქოს, ეუთო აღიარებდა არჩევნების შედეგებს.
მიუხედავად თქვენი კეთილშობილური მიზნებისა, ვშიშობ, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად არასწორად წარმოაჩენს თქვენს ჩართულობას, როგორც საერთაშორისო აღიარების დასტურს“, – წერია კონგრესმენის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში.
სამი ოპოზიციურმა გაერთიანებამ – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ – პია კაუმას ღია წერილით მიმართა და თქვა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ვიზიტის გადადება იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულებას არ აიღებს.
პია კაუმას გადაწყვეტილებას საქართველოში ვიზიტის გაუქმებაზე ასევე მიესალმა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა. ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავისა და იმედების გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები!“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პია კაუმას თბილისში 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის გაუქმებას.
მანამდე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეუფერებელ დროს ვიზიტი არ დაეხმარებოდა კრიზისის განმუხტვას.
სწორედ მსგავსი კრიტიკის შედეგად გააუქმა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ვიზიტი საქართველოში.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს, რომ ფინეთის ყურეში დაკავებულ ნავთობტანკერზე საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფება, რომლებზეც სამგზავრო აკრძალვა ვრცელდება.
კუკის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Eagle S ფინეთის ყურეში გასული წლის 26 დეკემბერს დააკავეს. ნავთობტანკერი, რომლის კაპიტანი დავით ვადაჭკორიაა, ხოლო ეკიპაჟის წევრები საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეები არიან, ეჭვმიტანილია ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის Estlink 2-ის დაზიანებაში.
გემების მიმოსვლის მეთვალყურე საიტის Marine traffic-ის მონაცემებით, ფინეთ-ესტონეთის ელექტროკაბელი იმ დროს დაზიანდა, როცა ამ კაბელის არეალში გავლისას Eagle S-მა მნიშვნელოვნად შეანელა სვლა.
ნავთობტანკერი ფინეთის სასაზღვრო დაცვის საპატრულო გემმა დააკავა და ფინეთის ტერიტორიულ წყლებში შეიყვანა. მოგვიანებით, ფინელმა მესაზღვრეებმა თქვეს, რომ გემის ღუზები არ იყო მისთვის განკუთვნილ ადგილას, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ სწორედ ჩაშვებული ღუზის საშუალებით დაზიანდა ელექტროკაბელი. ფინური მედიის ცნობით, გარდა ელექტროკაბელისა ასევე დაზიანებულია ოთხი საკომუნიკაციო კაბელიც.
„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის მიმართა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები: გემის კაპიტანი და ეკიპაჟის კიდევ 1 წევრი, სავახტო მექანიკოსი ამ ეტაპზე იმყოფებიან გემზე და ელოდებიან გამოძიების დასრულებას. საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მათთან.
შემთხვევას იძიებს ფინეთის შესაბამისი უწყებები. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს გამოძიების დასრულებამდე ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას – რაც შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ქართველი მეზღვაურების რეპუტაციისთვის,“- მოგვწერეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან.
„ბათუმელებმა“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ასევე ჰკითხა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, როგორ აპირებს სააგენტო რეაგირებას? მაგალითად, აპირებს თუ არა მეზღვაურებისთვის სერტიფიკატების შეჩერებას ან სხვა ღონისძიების გატარებას?
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაელოდება გამოძიების დასრულებას და შედეგების შესაბამისად იმსჯელებს შემდგომ ნაბიჯებზე,“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოწოდებულ პასუხში.
რა ვიცით Eagle S-ის და ინცინდენტის შესახებ
ფინური და ბრიტანული პრესის მიხედვით, Eagle S არის რუსეთის ე.წ. „შავი ფლოტის“, იგივე ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი. ნავთობტანკერი სანკტ პეტერბურგიდან ეგვიპტეში მიდიოდა.
ბრიტანული გამოცემა Lloyd’s List წერს, რომ Eagle S-ის ნამდვილი მფლობელი უცნობია. ეს არის 15 წელზე მეტი ხნის გემი, რომლის ერთადერთი მიზანი ნავთობის ტრანსპორტირებაა სანქცირებული ქვეყნიდან. მსგავსი ტიპის გემები მოძველებულია, არ აქვთ სათანადო დაზღვევა და მათი მოძრაობა ზღვაში დიდ ეკოლოგიურ რისკებს უკავშირდება.
Lloyd’s List-ის თანახმად Eagle S ოფიციალურად არაბეთის გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულ კომპანია Caravella-ს ეკუთვნის და ერთადერთი გემია კომპანიის ფლოტში.
ნავთობტანკერი ამჟამად ფინეთის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ პორვოს მახლობლად დგას. ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში Eagle S-ის ეკიპაჟის რვა წევრს, მათ შორის კაპიტანს, ეკრძალება გემის დატოვება გამოძიების დასრულებამდე.
ესტონეთსა და ფინეთს შორის არსებული წყალქვეშა კაბელი 25 დეკემბერს დაზიანდა. კაბელი ფინურ მხარესაა დაზიანებული, ამიტომ მის შეკეთებაზე პასუხისმგებელი ფინეთია. წინასწარი ინფორმაციით კაბელის შეკეთებას დაახლოებით 7 თვე დასჭირდება.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით, მერია უწყებაში რეორგანიზაციის დაწყებას და იმ პირების გათავისუფლებას გეგმავს, რომლებიც ღიად გაემიჯნნენ ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. მათ ამაზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს.
პოლიტიკური პარტიების ერთობლივი განცხადების მიხედვით, აქვთ ინფორმაცია, რომ ბათუმის მერია გეგმავს რეორგანიზაციას, რომლის მიზანია პეტიციაზე ხელმომწერ პირთა სამაგალითოდ დასჯა, საჯარო სექტორში დაწყებული რღვევის შეუქცევადი პროცესისგან თავდასაცავად.
ოპოზიციის შეფასებით, არჩევნების გაყალბებისა და ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე უარის თქმის შედეგად გამოწვეულ საერთო-სახალხო პროტესტს არალეგიტიმურმა და სანქცირებულმა ხელისუფლებამ ტოტალური რეპრესიები დაუპირისპირა:
„რეპრესიები შეეხო ჩვენს პროფესიონალ და პატრიოტ საჯარო მოხელეებსაც, რომლებიც გაემიჯნნენ დასავლური კურსის ცვლილებასა და მშვიდობიან მანიფესტანტებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებებს. სამსახურებიდან უკვე გაათავისუფლეს ხელშეკრულებით დასაქმებული მრავალი პირი, პროფესიული საჯარო მოხელეების წინააღმდეგ კი დაგეგმილია რეორგანიზაციების პროცესი“.
საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან ბათუმის მერს მოუწოდებენ არ მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება:
„მოვუწოდებთ ბათუმის მერსა და საკრებულოს, ხელი აიღოს ამ უკანონო განზრახვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაფრთხილებთ მათ, რომ პერსონალურად მოუწევთ პასუხისგება ჩადენილი დანაშაულისთვის, როგორც პირადად არჩილ ჩიქოვანს, ვიცე-მერ ნუკრი დეკანაძეს, ასევე მერის მოადგილეებს, შპს/ა(ა)იპ-ებისა თუ სამსახურის უფროსებს და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს, რომლებიც ჩართული არიან რეპრესიებში.
აქვე გაცნობებთ, რომ პეტიციაზე ხელმომწერ პირთა მიმართ უკვე დაფიქსირდა დისკრიმინაციის ფაქტი, კერძოდ, წლის ბოლოს უმაღლესი შეფასების მიღების შემდეგ კანონით გათვალისწინებული ჯილდოს ნაწილი ჩამოაჭრეს მხოლოდ პეტიციაზე ხელმომწერ პირებს.
ჩვენ, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები ვაცხადებთ, რომ ვიბრძოლებთ მერიის სისტემაში დასაქმებული თითოეული საჯარო მოხელის უფლებების დასაცავად. მათ უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან და მათ გვერდით დგას მთელი სამოქალაქო საზოგადოება სრული რესურსით.“
საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან ასევე აცხადებენ, რომ პროტესტის მოთხოვნები უცვლელია – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა.
რა ხდება?
საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.
„ქართული ოცნება“ ამჯერად პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებში ცდილობს.
„ბათუმელები“ მოკლებულია შესაძლებლობას ოპოზიციის მიერ გახმოვანებული ინფორმაცია გადაამოწმოს, რადგან საჯარო სამსახურები 13 იანვრამდე ისვენებენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 798 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 550]
ტანკი – 9 700 ერთეული [+14]
ჯავშანტექნიკა – 20 164 ერთეული [+45]
საარტილერიო სისტემა – 21 665 ერთეული [+62]
MLRS – 1 258 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 034 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 625 ერთეული [+178]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 006 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 33 056 ერთეული [+116]
სპეცტექნიკა – 3 681 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 6 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
39 568 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 258 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 507 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 239 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 919 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
6 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია საღამოს 22 საათზე შეიკრიბება, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები მსვლელობას გეგმავენ.
„ერთად შევხვდეთ შობას, მსვლელობა იქნება წმინდა ბარბარეს ეკლესიამდე“ – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სტუდენტური ჯგუფი „პერსპექტივა“ ავრცელებს. მსვლელობის გამართვის შესახებ დღეს, 5 იანვარს, საპროტესტო აქციაზეც განაცხადეს.
6 იანვარს ზუსტად 40 დღე ხდება, რაც ბათუმში, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი, რომლის მთავარი მოთხოვნებია სამართლიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება.
რა ხდება?
საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.
მომღერალ ნუცა ბუზალაძეს ბათუმში, ევროპის მოედანზე კონცერტში მონაწილეობისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულებით, 25 ათას 510 ლარს გადაუხდიან ქალაქის ბიუჯეტიდან.
„ხელშეკრულების საგანია საახალწლო ღონისძიებებში მომღერალი ნინო [ნუცა] ბუზალაძისა და ბენდის საკონცერტო პროგრამის წარმოდგენა [არანაკლებ 30 წთ.], რომელიც დაგეგმილია 2025 წლის 4 იანვარს ქ. ბათუმში, ევროპის მოედანზე.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 25510,20 [ოცდახუთიათას ხუთასათი ლარი და 20 თეთრი], ღირებულებაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი, რომელთა გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი“ – აღნიშნულია ხელშეკრულებაში, რომელზეც ნუცა ბუზალაძეს ხელი 2024 წლის 30 დეკემბერს აქვს მოწერილი.
4 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს, რომელზეც საპროტესტო აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანები იყვნენ გამოსახული.
„სირცხვილო! სირცხვილო!“ – ეძახდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები მომღერალს, რომელიც წელს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტებზე გამოდის.
ნუცა ბუზალაძემ ბათუმში პროტესტის მონაწილეებს უთხრა, რომ მათ ფული აქვთ აღებული.
„სირცხვილოს თუ ეძახით იმ ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან თქვენს სახელს წარმოადგენს, თან ძალიან მაგრად – სირცხვილო თქვენ. თქვენ დღეს მე ყურადღებას არ მოგაქცევთ, თქვენ თქვენი ფული ამაში აღებული გაქვთ“ – ასე მიმართა მომღერალმა პროტესტის მონაწილეებს.
„ჩვენ არა, შენ აიღე, შენ“ – უპასუხა მას საპროტესტო აქციის მონაწილემ.
ბუზალაძემ ახალციხეშიც გამართა საახალწლო კონცერტი რისთვისაც 18 ათასი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან.
დღეს, 5 იანვარს, საღამოს ავტოავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა 3 ავტომანქანა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 2025 წლის იანვრიდან 2 110 ლარით გაიზრდება და 8 760 ლარი იქნება. ამ დრომდე საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 6 650 ლარი იყო.
ახალი წლიდან ხელფასები გაეზრდებათ ასევე საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებს. გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ საკრებულოში დასაქმებული სხვა საჯარო მოხელეებიც.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი, ისევე როგორც ქალაქის მერის ხელფასი, 2025 წლის იანვრიდან 31,7 პროცენტით იზრდება.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო დგინდება ამავე კანონით დადგენილი შესაბამისი კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით“.
თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები მუნიციპალიტეტებისთვის [თბილისის გარდა] / წყარო: საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონისაკრებულოს თავმჯდომარის და ქალაქის მერის შემთხვევაში ამ კოეფიციენტის ზედა ზღვარი არის 6.
საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით კი, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 460 ლარით არის განსაზღვრული. შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის და მერის ხელფასებიც შემდეგნაირად განისაზღვრა: 6 × 1 460 = 8 760.
ანუ, ბათუმის საკრებულომ, რომელმაც მერიისა და საკრებულოს საშტატო ნუსხა და ხელფასები 2024 წლის 25 ნოემბერს დაამტკიცა, ხელფასები სწორედ ზედა ზღვრით განსაზღვრა. საკრებულოს შეეძლო არ აეღო ზედა ზღვარი და საბაზო თანამდებობრივი სარგო გაცილებით დაბალ კოეფიციენტზე გადაემრავლებინა, თუმცა, მომავალი წლის ხელფასების ოდენობა არ უნდა ყოფილიყო მიმდინარე წელს არსებულზე დაბალი.
რა ხელფასები ექნებათ ბათუმის საკრებულოში 2025 წლის იანვრიდან:
ხელფასები ბათუმის საკრებულოში 2025 წლის იანვრიდან / წყარო: საკრებულოს დადგენილება
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე 2024 წლის 25 ნოემბრიდან ირაკლი თავდგირიძეა, რომელიც მანამდე საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა. თავმჯდომარის თანამდებობაზე ის ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა.
ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოს წევრი გახდა გახარიას პარტიიდან – „საქართველოსთვის“. თუმცა მან პარტია საკრებულოში შესვლის წინ დატოვაიმ მოტივით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებდა. მისი ამ გადაწყვეტილების [ასევე შუალედური არჩევნების] შემდეგ საკრებულოში ბალანსი შეიცვალა. „ოცნებამ“ თავდგირიძეს გადაწყვეტილება დაუფასა და პირველივე სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მოქმედი თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, 2024 წლის 26 სექტემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით თანამდებობიდან გადადგა.
2024 წლის 25 ნოემბერს საკრებულოს ხდომაზე სხვა თანამდებობრივი ცვლილებებიც განხორციელდა. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით:
ნატალია ზოიძე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა;
ლევან ცხოიძემ, რომელიც საკრებულოს განათლების კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა;
ხოლო, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკრებულოს უმრავლესობამ ნატალია ძიძიგური აირჩია.
25 ნოემბერს ბათუმის საკრებულომ ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტიც დაამტკიცა. შესაბამისად, დამტკიცებულია სახელფასო ხარჯებიც.
ბიუჯეტის მიხედვით, ბათუმის მერიაში და საკრებულოში დასაქმებულთა ხელფასებში 2025 წელს 55 455 300 ლარი, ანუ 11,5 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე 2024 წელს [გასულ წელს ხელფასებზე ქალაქის ბიუჯეტში 43 862 900 ლარია გაწერილი].
რაც შეეხება საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტს, მისი [შესაბამისად საბაზო თანამდებობრივი სარგოს – 1 460 ლარის] დამტკიცება, არაკონსტიტუციურ პარლამენტს მოუწია. 2025 წლის იანვრიდან პარლამენტის წევრების ხელფასებიც გაიზარდა. საქართველოში ხელახალი არჩევნებისა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით კი თბილისსა და სხვა ქალაქებში უწყვეტი საპროტესტო აქციები 39-ე დღეა მიმდინარეობს.
5 იანვარს, ღამით, რუსეთში, როსტოვის ოლქში მდებარე ქალაქ ტაგანროგს უკრაინული დრონები დაესხა თავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთ ღამეში, რუსეთის საჰაერო სივრცეში 61 უკრაინული დრონის ჩამოგდების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, მათგან 37 დრონი – როსტოვის ოლქის თავზე ჩამოადგეს.
მედიის ცნობით, დრონების თავდასხმის შედეგად ტაგანროგში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსების კედლები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით ორჯერ შეუტიეს როსტოვის ოლქში მდებარე მილეროვოს სამხედრო აეროდრომს.
ასევე გუშინ, 4 იანვარს, რუსულმა მხარემ უკრაინული დრონებით ვორონეჟში თავდასხმაზე განაცხადა. რუსეთის ცნობით, ვორონეჟში მინიმუმ 5 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
_____________
ფოტოზე: უკრაინელი ჯარისკაცი ამოწმებს უკრაინულ დრონს, „ფურიას“. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MARIA SENOVILLA
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 იანვრის 21 საათიდან 6 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა, დღისით უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 0 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა ღამით 3-4 ბალი, დღისით 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 7 და 8 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 5 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 796 490 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 730]
ტანკი – 9 686 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 20 119 ერთეული [+26]
საარტილერიო სისტემა – 21 603 ერთეული [+25]
MLRS – 1 257 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 032 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 447 ერთეული [+91]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 006 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 32 940 ერთეული [+97]
სპეცტექნიკა – 3 677 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
651 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
39 279 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 221 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 506 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 186 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 857 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
დღეს, 4 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს, რომელზეც საპროტესტო აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანები იყვნენ გამოსახული.
„სირცხვილო! სირცხვილო!“ – ეძახდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები მომღერალს, რომელიც წელს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტებზე გამოდის. შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოში მიმდინარე პროტესტის, „ოცნების“ ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეების დაკავების და სასტიკად ცემის გამო 100-ზე მეტმა მუსიკოსმა უარი განაცხადა სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობაზე.
ნუცა ბუზალაძემ ბათუმში პროტესტის მონაწილეებს უთხრა, რომ მათ ფული აქვთ აღებული.
„სირცხვილოს თუ ეძახით იმ ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან თქვენს სახელს წარმოადგენს, თან ძალიან მაგრად – სირცხვილო თქვენ. თქვენ დღეს მე ყურადღებას არ მოგაქცევთ, თქვენ თქვენი ფული ამაში აღებული გაქვთ“ – ასე მიმართა მომღერალმა პროტესტის მონაწილეებს.
„ჩვენ არა, შენ აიღე, შენ“ – უპასუხა მას საპროტესტო აქციის მონაწილემ.
ჯერ უცნობია, რა ჰონორარი გადაუხადეს მას ბათუმში, თუმცა ახალციხეში გამართული საახალწლო კონცერტისთვის ბუზალაძემ 18 ათასი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან.
მომღერალი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის 2024 წლის კონკურსზე საქართველოს წარადგენდა. იგი 21-ე ადგილზე გავიდა.
2023 წელს ნუცა ბუზალაძე ცნობილ ამერიკულ პროექტში American Idol-ში მონაწილეობდა, სადაც 12 საუკეთესო მომღერალს შორის მოხვდა, როგორც უცხოელი შემსრულებელი. იმავე წელს ბუზალაძე მოსკოვში იმყოფებოდასხვა ქართველ მომღერლებთან ერთად, კერძო წვეულებაზე კონცერტის გასამართად. ამერიკული შოუს მიმდინარეობისას ნუცა ბუზალაძეს საქართველოდან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა, ამიტომ მისმა გამოჩენამ მოსკოვში, კრემლის პროპაგანდისტების გარემოცვაში, კრიტიკული კითხვები გააჩინა.
თორნიკე აბულაძე, „სოლიდარობის თემის“ აღმასრულებელი დირექტორი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ზამთრის კურორტზე, გუდაურში, სამედიცინო მომსახურება ფაქტობრივად არ არსებობს.
„სოციალურ კეთილდღეობაზე და ადამიანის ბაზისურ საჭიროებსაც კი ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა.
კურორტ გუდაურს, რომელიც ცნობილია მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სათხილამურო სივრცედ, სამედიცინო მომსახურება აქვთ 0, მოგიყვებით ჩემს გამოცდილებას.
სრიალისას დავიზიანე და გამიტყდა მარცხენა ლავიწის ძვალი, სასწრაფოსთან რომ მიმიყვანეს გადამამისამართეს ამბულატორიაში, თუმცა არც კი შეუხედავთ და უნახავთ რა მჭირდა. ამბულატორიაში მიმავალ გზაზე დავრეკეთ 112-ში, იქიდან გადამამისამართეს რაღაც ცხელ ხაზზე, ამ ყველაფერში გაიწელა დრო, დაახლოებით 25 წუთი. მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და უნდა წავსულიყავი თბილისში, თუმცა ვიფიქრე. ვცდიდი ამბულატორიაში ვიზიტს, ფიქსაციას და გამაყუჩებელს მაინც გამიკეთებენ-მეთქი.
თუმცა რაც იქ ჩემმა თვალებმა ნახა იყო შემდეგი: ხელ-ფეხ დამტვრეული ხალხი იჯდა, ზოგიერთი კიდეც იწვა და ელოდებოდა რაღაცას, მაგრამ რას არ ვიცი, ტრავმატოლოგიც კი არ ჰყავდათ ამხელა გუდაურში. ფიქსაციაც კი არ გამიკეთეს 3 საათიან გზაზე ისე გამომიშვეს და ფეხზე დამდგარს გამიკეთეს გამაყუჩებელი!
ჩემი მეგობრის დახმარებით ჩამოვედი თბილისში და დღეს დილით გამიკეთდა ოპერაცია. კარგად ვარ, ორშაბათს გამწერენ.
რომელ ნორმალურ ან განვითარებად ქვეყანაში შეიძლება ასეთი მდგომარეობა არსებობდეს?! შეიძლება ადამიანი სრიალის დროს მიღებული ტრავმით გარდაიცვალოს, ელემენტარული ტრავმატოლოგიც კი არ ჰყავთ ამხელა გუდაურში. სამარცხვინოები ხართ!“ – წერს თორნიკე აბულაძე და პოსტზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და კურორტის ადმინისტრაციის გვერდს ნიშნავს.
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში 21 იანვარს რექტორის არჩევნებია ჩანიშნული.
რექტორის თანამდებობის დასაკავებლად ბსუ-მ არჩევნები 2024 წლის ბოლოს გამოაცხადა. არჩევნებში მონაწილეობის მსურველი კანდიდატების რეგისტრაცია ბსუ-ს საარჩევნო კომისიაში 6 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება [დასვენების დღეების გამოკლებით].
რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი); 5 წლის სამუშაო გამოცდილება; სამოქმედო გეგმის წარდგენა და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
რეგისტრირებულ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვას ბსუ-ს აკადემიური საბჭო 21 იანვარს, 14:00 სთ-ზე, იმავე დღეს, 15 საათზე კი რექტორის არჩევნები ჩატარდება. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორს 4 წლის ვადით ირჩევს.
ამჟამად ბსუ-ს რექტორის მოვალეობას მერაბ ხალვაში ასრულებს, რომელიც ორი ვადით იყო ბსუ-ს რექტორი. კანონმდებლობის თანახმად, რექტორი შეიძლება იქნეს არჩეული ორი ვადით, შესაბამისად ხალვაში არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ახალი რექტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 ივლისს უნდა აერჩიათ, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დარეგისტრირდა არც ერთი კანდიდატი, არჩევნები ჩაიშალა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში აირჩიეს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერ არჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
ბათუმში ხელოვნური ნახევარკუნძულებისა და კუნძულის მოწყობის მიზნით შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს. კომპანია ამჯერად 371 100 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ ერთი წლის განმავლობაში მოიპოვებს.
მთავრობის განკარგულებით წიაღისეულს „ამბასადორი“ ჭოროხის დელტაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულის
ტერიტორიაზე ამოიღებს.
„ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ვალდებულია:
მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის;
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ერთი თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 484 ათას 43 ლარი.“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 2024 წლის 30 დეკემბერს მოაწერა.
ამავე განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ, ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე, წიაღით სარგებლობის პირობების შესრულების ზედამხედველობა განახორციელოს მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ. კომპანიამ კი, წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში სააგენტოს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
„ამბასადორი“ ხრეშს ულიცენზიოდ ჭოროხის დელტაში კიდევ ერთ ადგილზე – ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფლის ტერიტორიაზე მოიპოვებს. მთავრობამ აქ კომპანიას 3 წლის ვადით 15 042 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი გადასცა იჯარით.
კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელმაც ბათუმში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, გეგმავს, რომ 4-5 ცათამბჯენი უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე ააშენოს, დანარჩენ ტერიტორიას კი, რომელიც ხელოვნურად ამის შემდეგ უნდა მოაწყოს ზღვაში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურის დასრულების შემდეგ აითვისებს.
„ამბასადორის“ განცხადებით, „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ბათუმის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა უკვე გასცა. სამშენებლო ნებართვა მოიცავს შავი ზღვის სანაპიროზე ჯამურად 102 ჰექტარი მიწის ნაკვეთის და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობას“.
მთავარი ფოტო: ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში / „ბათუმელების“ არქივიდან
დღეს, 4 იანვარს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან პროევროპული საპროტესტო აქცია ანონსდება.
ბათუმში დღეს ყოველდღიური, უწყვეტი პროტესტის 38-ე დღეა. მოქალაქეები ყოველ საღამოს იკრიბებიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რათა გააჟღერონ საპროტესტო მოძრაობის მთავარი მოთხოვნები: ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება.
უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თბილისში და პერიოდულად იმართება აქციები საქართველოს სხვა ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებშიც.
რა ხდება?
საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.
ამ დროისათვის საპროტესტო მოძრაობის ძირითადი მოთხოვნა ორია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება.
„ქართული ოცნება“ ამჯერად პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებში ცდილობს. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო სამსახურის შესახებ რეპრესიულ კანონმდებლობას მოაწერა ხელი, სამსახურებიდან იმ საჯარო მოხელეებს ათავისუფლებენ, რომლებმაც ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა ღიად გააპროტესტეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 794 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 510]
ტანკი – 9 679 ერთეული [+2]
ჯავშანტექნიკა – 20 093 ერთეული [+23]
საარტილერიო სისტემა – 21 578 ერთეული [+23]
MLRS – 1 257 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 032 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 356 ერთეული [+107]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 006 ერთეული [+3]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 32 843 ერთეული [+73]
სპეცტექნიკა – 3 675 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 4 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
651 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
39 279 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 221 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 506 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 186 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 857 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს. მას შეუძლია გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი – უფრო სწორად, დაგვეხმაროს პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 იანვარს.
„საჯარო სექტორიდან გათავისუფლების შემდეგ ჩვენ 33-მა მოქალაქემ მოგვმართა, ეს ადამიანები გაათავისუფლეს სხვადასხვა საჯარო უწყებიდან: საჯარო რეესტრიდან, პრობაციის სამსახურიდან, მთავრობის ადმინისტრაციიდან, ცესკოდან, შსს-დან… ეს რიცხვი არაა ზუსტი, ბევრად მეტი საჯარო მოსამსახურე გაუშვეს სამსახურიდან მარტო იმის გამო, რომ მათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა, ანუ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაცვა მოითხოვეს.
მხოლოდ საჯარო რეესტრიდან 86 ადამიანია გაშვებული. ჯერ უცნობია, რამდენი დაიწყებს სამართლებრივ დავას და გაასაჩივრებს გათავისუფლებას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კახი სამხარაძე, „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის – კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თანათავმჯდომარე.
„ქართული ოცნება“ ამჯერად პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებში ცდილობს. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო სამსახურის შესახებ რეპრესიულ კანონმდებლობას მოაწერა ხელი, სამსახურებიდან იმ საჯარო მოხელეებს ათავისუფლებენ, რომლებმაც ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა ღიად გააპროტესტეს.
უფლებადამცველების თქმით, ყველაზე მეტი საჯარო მოხელე ამ ეტაპზე საჯარო რეესტრიდან გაუშვეს, რადგან იქ დასაქმებულთა დიდი ნაწილი ვადიანი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული.
გათავისუფლებული საჯარო მოხელეების საქმეებიდან „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პროექტების კოორდინატორმა, თათია ქინქლაძემ სასამართლოს 10 სარჩელით უკვე მიმართა, 20 სარჩელზე კი ახლა მუშაობს.
„ეს რეპრესიების ტალღის გაგრძელებაა, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ათავისუფლებენ ადამიანებს, დაუსაბუთებელია ამ საჯარო მოხელეების გათავისუფლების შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტები, ვლინდება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია.
ამ საქმეების ანალიზიდან ჩანს, რომ გაათავისუფლეს ის მოხელეები, რომლებმაც ღიად დაუჭირეს მხარის ევროინტეგრაციის პროცესს,“ – გვითხრა თათია ქინქლაძემ.
იურისტის თქმით, ეს საქმეები სასამართლოებში წარმოებაში მიღების ეტაპზეა. სარჩელების მოთხოვნა გათავისუფლების აქტების ბათილად ცნობაა. სარჩელებში, რომლებიც ამ დღეებში შევა სასამართლოში, მოითხოვენ დისკრიმინაციის დადგენასაც.
გათავისუფლებული საჯარო მოხელეების კონკრეტული საქმეების შესახებ დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნებას ISFED და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები უახლოეს დღეებში, მონაცემების შესწავლის შემდეგ აპირებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცხელი ხაზზე მიმართვა ისევ შეუძლიათ საჯარო მოხელეებს ნომერზე – 599 948 671
„ჩვენ მოგვმართეს 16 შემთხვევაში.
ჭარბობს საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებულთა მაჩვენებელი. თითოეულ მათგანს სჯიან იმის გამო, რომ მათ ჰქონდათ მკაფიო პოზიცია საგარეო კურსის ცვლილების გამო, ასევე საპროტესტო აქციებზე ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. ადგილი აქვს განსხვავებულ მოპყრობას სხვადასხვა ნიშნით, ამაზე ჩამოვყალიბდებით, სათითაოდ როცა განვიხილავთ საქმეებს,“ – გვითხრა თეო ზაქარაშვილმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პროექტის კოორდინატორმა და მთავარმა იურისტმა.
თუ კონკრეტული საჯარო მოხელე კონკრეტული ვადით იყო დასაქმებული და ეს ვადა გავიდა, რატომ არ არსებობს მისი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი? – ვკითხეთ იურისტს.
„შესასწავლია, რა საფუძვლით გამოარჩიეს ეს პირები, ვისაც ხელშეკრულება შეუწყვიტეს. არის შემთხვევები, როცა ვადის გასვლის ფორმალური საფუძველი არ არის საკმარისი ხელშეკრულების შესაწყვეტად, როცა ხელშეკრულება გაფორმებულია ზედიზედ 30 თვეზე მეტი დროის განმავლობაში. ის უკვე ითვლება უვადოდ დასაქმებულად.
თუ 30 თვე არ არის გასული, უნდა შემოწმდეს, რა გახდა ვადიანი ხელშეკრულების დადების საფუძველი, დასაბუთებული იყო თუ არა ვადა, მცირე ვადით ხელშეკრულების დადებას საფუძველი უნდა ჰქონდეს. შესასწავლია, სწორად მოიქცა თუ არა ესა თუ ის უწყება. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, როცა ვადის გასვლის შემდეგ, მაგალითად, სკოლის დირექტორების ნაწილს გაუგრძელეს ვადა, ნაწილს – არა.
ამ ეტაპზე რაც ნამდვილად გამოხატულია, არის ის, რომ ვინც ჩვენ მოგვმართა და უკვე აღარ აქვს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა სახელმწიფოსთან, მათ დაფიქსირებული აქვთ კრიტიკული პოზიციები „ქართული ოცნების“ მიმართ, მათ შორის, პეტიციაზე ხელის მოწერით და აქციებში მონაწილეობით,“ – ამბობს თეო ზაქარაშვილი.
არის ყოფილი საჯარო მოხელის დაცვის საშუალება სასამართლო?
„9 და 10 წელი გვიდავია სასამართლოში და მიგვიღწევია შედეგისთვის. გვქონია საქმეები, როცა 13 წელი ვიცავდით საჯარო მოხელეების ინტერესებს. ბევრი ცუდი კანონი გვინახავს, რომელიც გაუქმდა. ჩვენ საბოლოოდ მაინც შევძლებთ გამარჯვებას.
გაუარესდა სისტემა და მექანიზმებიც, რეორგანიზაციებს დაგეგმავენ, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი რეპრესიულ კანონად გადააქციეს.
მანამდე თუ რეპრესიები ძირითადად უკავშირდებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ამჯერად რეპრესიების წყარო ეს კანონიც გახდა, მაგრამ მე მჯერა, რომ ამით საჯარო მოხელეებს ვერ შეაშინებენ. ის წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს, ამ სისტემას საბოლოოდ ჩამოშლის. ამ პროფესიონალ ადამიანებზე დგას დღეს სახელმწიფო ინსტიტუციები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თეო ზაქარაშვილმა.
„შრომითი დავების შემთხვევაში სასამართლო ძირითადად სარჩელებს აკმაყოფილებს,“ – სასამართლოში საჯარო მოხელეების ინტერესების დაცვის შესაძლებლობას ხედავს კახი სამხარაძე, ის საჯარო მოხელეა და რამდენიმე საჯარო მოხელესთან ერთად „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის – კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ დაფუძნებას ცდილობს. კახი სამხარაძე ამბობს, რომ რეესტრი განზრახ უქმნის ბარიერს საჯარო მოსამსახურეებს, შექმნან პროფესიული კავშირი. განაცხადი ახალი პროფკავშირის შექმნაზე რეესტრში 2024 წლის 25 დეკემბერს შევიდა.
„საჯარო რეესტრში ცალსახად ხდება დისკრიმინაცია, როცა იქიდან ათავისუფლებენ ადამიანებს… ვიაქტიურებთ არამხოლოდ შიდასამართლებრივი მექანიზმებით, არამედ ჩვენი მიზანია ვამხილოთ ეს საჯარო უწყებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ჩვენი მიზანია, რომ ეს პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანები დაბრუნდნენ საჯარო სამსახურებში. არსებობენ ფონდებიც, რომლითაც შესაძლებელია დავეხმაროთ საჯარო მოხელეებს. გრძელვადიანი პროგრამაც უნდა შევიმუშაოთ, რომ დავეხმაროთ ყოფილ საჯარო მოსამსახურეებს დასაქმების პროცედურებში. უნდა შეიქმნას გრძელვადიანი სოციალური გარანტიები,“ – გვითხრა კახი სამხარაძემ.
უახლოეს პერიოდში საჯარო მოსამსახურეების პროფკავშირი რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთად საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში უჩვეულოდ ცივი ამინდია.
წელს ყველაზე დაბალი ტემპერატურა თურქეთში 1 იანვარს იყო. – 25,5 გრადუსი [ცელსიუსი] დაფიქსირდა აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე რაიონში.
ტემპერატურა თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში თბილი დეკემბრის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
მედიის ცნობით, იანვრის პირველ რიცხვებში აღმოსავლეთ ანატოლიაში მდებარე ქალაქ აღრის ცენტრში ტემპერატურა მინუს 16,4 გრადუსამდე დაეცა, ერზრუმში -18,3 გრადუსი, ხოლო ყარსის ცენტრში – მინუს 14,7 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა.
_____________
ფოტოზე: გაყინული ხეები ქალაქ აღრის შემოგარენში. ფოტო: სააგენტო ანადოლუ/Anadolu Ajansı
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 იანვრის 21 საათიდან 4 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 0– 5 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 5-6 იანვარს მოსალოდნელია მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში კი თოვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 793 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
ტანკი – 9 677 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 20 070 ერთეული [+14]
საარტილერიო სისტემა – 21 555 ერთეული [+3]
MLRS – 1 257 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 032 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 330 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 249 ერთეული [+49]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 003 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 32 770 ერთეული [+41]
სპეცტექნიკა – 3 675 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 3 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
651 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
39 207 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 208 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 505 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 163 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 832 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„ტრამპს შეუძლია გადამწყვეტი იყოს. მას შეუძლია გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი – უფრო სწორად, დაგვეხმაროს პუტინის შეჩერებაში. მას შეუძლია ამის გაკეთება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 იანვარს.
ავტორი:გიორგი ლებანიძე, ფილოსოფიის ლექტორი, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი
_____________________________
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქართული საზოგადოება საკმაოდ უცნაური მოვლენის მოწმე გახდა. „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები, ძირითადად ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე, გია ვოლსკი და შალვა პაპუაშვილი, მართავენ ბრიფინგებს და ერთობ უცნაურ განცხადებებს აკეთებენ: ორასათასიან მიტინგებს დამცინავად მოიხსენიებენ რამდენიმე ასეული კაცის შეკრებად, გვიყვებიან გლობალური ომის პარტიასთან მათი წარმატებული ბრძოლების შესახებ, გვარწმუნებენ, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზისგან ერთი ნაბიჯითაც არ გადაუხვევია, რომ ბიძინა ივანიშვილმა სანქციების სახით მიიღო ჯილდო და ა.შ.
ეს განცხადებები საზოგადოებაში საკმაოდ მწვავე რეაქციას იწვევს. ზოგი მათ ხსნის, როგორც „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარ მომხრეთა შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ზოგი ფიქრობს, რომ ისინი ტყუილების საშუალებით სისტემის ჩამოშლის პრევენციას ცდილობენ, ზოგიც „ოცნების“ მოლაპარაკე თავებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმებას ურჩევს.
ყველა ამ აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ამ ბრიფინგების სახით უფრო საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე რომელიც ყურადღებით ანალიზს იმსახურებს. ამასთანავე, ამ მოვლენის სწორი გააზრება დაგვეხმარება იმ ზოგადი კატასტროფული მდგომარეობის არსის ზუსტად დანახვაში, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა ჩააყენა.
1986 წელს გამოჩენილმა ამერიკელმა ფილოსოფოსმა ჰარი ფრანკფურტმა გამოაქვეყნა მისი ცნობილი სტატია სათაურებით – „On Bullshit“. სამწუხაროდ, ინგლისური სიტყვა bullshit-ის ზუსტი თარგმანი ქართულ ენაში არ არსებობს. შინაარსობრივად ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მყოფი ქართული სიტყვა ჩმახვაა, თუმცა bullshit ალბათ უფრო ვულგარული სიტყვაა, ვიდრე მისი ეს ქართული შესატყვისი.
ფრანკფურტის სტატია ჩვენთვის საინტერესოა, რამდენადაც ის, რითაც არიან დაკავებულნი „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები, წარმოადგენს არა ტყუილების ლაპარაკს (როგორც ამას ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი აღიქვამს) არამედ bullshit-ს. განსხვავება მოტყუებასა (შეცდომაში შეყვანას) და bullshit-ს შორის, ფრანკფურტის თანახმად, მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ვინმე გვატყუებს, ის ცდილობს, რომ რეალობა სწორად ვერ აღვიქვათ და მისი დამახინჯებული ვერსია დავიჯეროთ. ამდენად, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მატყუარა არაპირდაპირად აღიარებს და აფასებს სიმართლეს და რეალობის სწორ აღქმას.
მოტყუებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენ თვლი, რომ სიმართლე მნიშვნელოვანია და ამდენად ცდილობ, რომ ის მიუღწეველი გახადო მათთვის, ვისაც ატყუებ.
მატყუარასგან განსხვავებით, bullshiter-ის [მჩმახავის, მროშავის] მიზანს საერთოდ არ წარმოადგენს ვინმეს მოტყუება. მისთვის სიმართლესა და სიცრუეს შორის განსხვავება საერთოდ არარელევანტური და აზრსმოკლებულია. ის არ ცდილობს ჩვენ დაგვაჯეროს თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში, მისი მიზანია, რომ მსმენელებზე მოახდინოს თავისთვის სასურველი გავლენა, შეძლოს მათი მანიპულირება და მათთვის საკუთარი ნების თავზე მოხვევა.
ფრანკფურტის აზრით, bullshit გაცილებით უფრო საშიში ფენომენია, ვიდრე მოტყუება, რამდენადაც ის სიმართლის, ობიექტური რეალობის არსებობას აღიარებას ძირს უთხრის და სიმართლესა და სიყალბეს შორის განსხვავებას სპობს.
„ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავების მიზანს არც საკუთარ მომხრეთა და არც მოწინააღმდეგეთა შეცდომაში შეყვანა არ წარმოადგენს. ისინი არ იტყუებიან, ისინი ჩმახავენ.
მათი მიზანია, ერთის მხრივ, ქართული საზოგადოების ფსიქოლოგიური დათრგუნვა და მასში უიმედობის განცდის გაღვივება და მეორეს მხრივ – სისტემაში მომუშავე მხარდამჭერთა გამხნევება და შეგულიანება.
საზოგადოებას არაპირდაპირ გვეუბნებიან, რომ ორასი ათასი კი არა, მილიონიც რომ გამოხვიდეთ ქუჩაში – ვერაფერს დაგვაკლებთო. მათ უნდათ, რომ უსუსურობის განცდა გაგვიჩინონ და სასოწარკვეთაში ჩაგვაგდონ; ხოლო სისტემაში მომუშავე მხარდამჭერებს ამხნევებენ – ნუ გეშინიათ, უკანონო და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გამო ვერავინ დაგსჯით, ჩვენ მაგრად ვდგავართ და ბოლომდე დაგიცავთ, ასე რომ ყოჩაღად იყავითო.
ამდენად საზოგადოების მხრიდან სწორი სტრატეგია არა „ოცნების“ მოლაპარაკე თავების „ტყუილებში“ მხილებაა, არამედ ერთის მხრივ იმისი მუდმივი ხაზგასმაა რომ ჩვენ არ დავიღლებით, არ გავჩერდებით, რომ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები არ ჩატარებულა და ვიმყოფებით კონსტიტუციურ კრიზისში, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა და დარწმუნებულნი ვართ ჩვენ გამარჯვებაში და მეორეს მხრივ – ძალადობრივი სისტემის შიდა რყევების მაქსიმალურად სააშკარაოზე გამოტანაა.
გარდა ამისა, „ოცნების“ მოლაპარაკე თავების საქციელის სწორი გააზრება მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ეს საშუალებას გვაძლევს ნათლად დავინახოთ იმ კატასტროფის არსი, რომლისკენაც ივანიშვილი მიაქანებს ქვეყანას.
დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუციები და ზოგადად დასავლური ცივილიზაციის ძირეული პრინციპები ემყარება ობიექტური რეალობის არსებობისა და სიმართლის ცნებებს, რომელთა გარეშეც ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა: არჩევნები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, და ა.შ., შინაარსისგან იცლებიან. მაგალითად, არჩევნებს აქვს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვაღიარებთ როგორც ობიექტურ ჭეშმარიტებას, რომ ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება საკუთარი თავისა და თავისი ქვეყნის მომავლის განსაზღვრის. არჩევნების ფუნქციაა ამ ობიექტური ფაქტის აღიარება და მოქალაქეთა ნების ასახვა. ხოლო როდესაც ობიექტური სიმართლის ცნება უფასურდება და ისპობა, მას ანაცვლებს ამა თუ იმ დიქტატორის ნება.
ჩვენ ამ დღეებში მოწმენი ვართ ივანიშვილის მცდელობისა, რომ საკუთარ ნებას დაუმორჩილოს მთელი ქართველი ერი. ამდენად სიმართლესთან, როგორ ასეთთან, ბრძოლა წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის და მისი დაჯგუფების მიერ სახელმწიფოს მიტაცების და დიქტატურული რეჟიმის ჩამოყალიბების პროცესის ქვაკუთხედს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი იმის გააზრება, რომ „ოცნების“ მოლაპარაკე თავები არათუ იტყუებიან, არამედ ჩმახავენ. თუ მათ თავიანთი გაიტანეს და ივანიშვილის ნებით ჩაანაცვლეს სიმართლე, ეს იქნება იმ პროექტის დასასრული (ან ძალიან დიდი ხნით დაკონსერვება) რომელსაც ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა დაუდეს საფუძველი – მოდერნული ქართული ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
და ბოლოს, ეს მოკლე ანალიზი მინდა დავამთავრო ამონარიდით ჯორჯ ორუელის ცნობილი „1984“-დან, რომელიც გვაძლევს შესანიშნავ მაგალითს იმისა, თუ რას წარმოადგენს ობიექტური სიმართლის დიქტატორის ნებით ჩანაცვლება.
ეს არის ეპიზოდი, რომელშიც აზროვნების პოლიციის ოფიცერი ო’ბრაიენი დაკითხვას უწყობს ნაწარმოების მთავარ პერსონაჟს, უინსტონ სმიტს და ცდილობს მას ათქმევინოს, რომ 2 + 2 შეიძლება იყოს 5, თუ ასეთია პარტიის ნება.
ო’ბრაიენი: გახსოვს, როგორ წერდი დღიურში: „თავისუფლება თავისუფლებაა, ისევე როგორც ორს პლუს ორი არის ოთხი“?
უინსტონი: მახსოვს.
ო’ბრაიენმა მარცხენა ხელი ზემოთ აიშვირა. ცერი დამალული ჰქონდა, დანარჩენი ოთხი თითი – გამართული.
ო’ბრაიენი: რამდენ თითს ხედავ უინსტონ?
უინსტონი: ოთხს.
ო’ბრაიენი: და თუ პარტია იტყვის, რომ ეს ოთხი კი არა, ხუთია, მაშინ?
უინსტონი: ოთხი.
ამის თქმა და სასტიკი ტკივილის მოვარდნა ერთი იყო …
ო’ბრაიენი: რამდენი თითია უინსტონ?
უინსტონი: ოთხი. შეჩერდით, შეჩერდით! როგორ განაგრძობთ ამას! ოთხი! ოთხი!
ო’ბრაიენი: რამდენი თითია უინსტონ?
უინსტონი: ხუთი! ხუთი! … ოთხი! ხუთი! ოთხი! რაც გნებავთ, ის იყოს…
ბათუმში სამი ახალი მოსამართლე შეუდგა მუშაობას: მარიანა ფომაევა – ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, ვიქტორ მეტრეველი – სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია, ეკატერინე კახნიაშვილი – სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
ახალი მოსამართლეები 2024 წლის 24 დეკემბრიდან გაამწესეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ მოსამართლეებს მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.
მარიანა ფომაევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 32 წლისაა. მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს სამართალმცოდნეობის სპეციალობა დამთავრებული. ამავე უნივერსიტეტში ფომაევამ 2016 წელს მიიღო მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2015 წლიდან მარიანა ფომაევა შპს „ტვინოში“ მუშაობდა, 2018 წლიდან 2023 წლის ივლისამდე კი – იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საბჭოს ერთ-ერთი წევრის რეფერენტის პოზიციაზე.
„2023 წლის 18 მარტს ჩავაბარე მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში“, – ვკითხულობთ მარიანა ფომაევას ბიოგრაფიაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ვიქტორ მეტრეველმა 2007 წელს დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა, 2009 წელს კი ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის აკადემიური ხარისხი სისხლის სამართლის სპეციალობით.
2010 წლიდან ვიქტორ მეტრეველი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში იწყებს მუშაობს. 2011-2014 წლებში იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივანი იყო, 2014-2023 წლებში კი – მოსამართლის თანაშემწე.
2023 წლის ოქტომბრიდან ვიქტორ მეტრეველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსმენელი გახდა.
ვიქტორ მეტრეველი 38 წლისაა.
მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილს კი 2005 წელს დაუსრულებია ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სპეციალობა. 2011 წლიდან მას ადვოკატის გამოცდა ჩაუბარებია, თუმცა ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ ჩანს, მუშაობდა თუ არა იგი ადვოკატად.
2001 წლიდან ეკატერინე კახნიაშვილს სხვადასხვა პოზიციაზე უმუშავია თბილისის საოლქო და თბილისის საქალაქო სასამართლოებში, ყველაზე ხანგრძლივად – 2006 წლიდან 2018 წლამდე ეკატერინე კახნიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა.
ეკატერინე კახნიაშვილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი იყო 2023 წელს. იგი 47 წლისაა.
„უნდათ, რომ შეგვაშინონ, უსამართლობაა ყველგან, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ… აუცილებლად მივალ სასამართლოში. რა უნდა ქნას მოსამართლემ, დამიჭერს? დამიჭიროს. ყველას ხომ ვერ დაგვიჭერს?“ – კითხულობს მოქალაქე დარიკო ჩიტაძე, რომელიც ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეა, „ქართული ოცნების“ მიერ ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვას აპროტესტებს და სასამართლოში დაიბარეს.
2024 წლის 16 დეკემბერს ბათუმში კოკისპირულად წვიმდა, თუმცა საპროტესტო აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები მაინც შეიკრიბნენ.
პოლიციელებმა იმ საღამოს აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს. დარიკო ჩიტაძე ის მოქალაქეა, რომელმაც „ბათუმელებს“ გამსახურდიას და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთასთან უთხრა, რომ პოლიცია შეგნებულად უცვლიდა ავტომანქანებს მიმართულებას, მძღოლებს მთავრობის სახლისკენ სპეციალურად უშვებდა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
დარიკო ჩიტაძის და პროევროპული აქციის კიდევ 11 მონაწილისდაჯარიმებას ან ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებას შსს სასამართლოში ითხოვს. ოქმები უკვე შედგენილია. საბოლოო გადაწყვეტილება ახლა მოსამართლემ უნდა მიიღოს.
ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნების ვერსიით კი, 2024 წლის 16 დეკემბერს, როცა ბათუმში ძლიერად წვიმდა და აქციის მონაწილეები მაინც შეიკრიბნენ, გზის ბლოკირება უკანონო იყო.
„შეკრებილი იყო 30-მდე მანიფესტანტი,“ – ჩაუწერიათ ოქმში პოლიციელებს, თუმცა შსს არ ასაბუთებს, რატომ მიიჩნიეს წინა, მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით აქციაზე გზის გადაკეტვა პოლიციელებმა ამჯერად უკანონოდ.
„ბათუმელების“ პირდაპირ ეთერში ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელმა, ირაკლი დგებუაძემგანმარტა, რომ გზის გადაკეტვა ხელოვნური იყო, რადგან, მისივე თქმით, არ შეიძლება გზა აქციის ხუთმა მონაწილემ გადაკეტოს. პოლიციის უფროსისგან დასახელებული ციფრი – „5“ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის პატაკში „30-მდეა“ გაზრდილა.
სასამართლოში დაიბარეს აქციის მონაწილე სტუდენტი ლარა ქარცივაძეც. ის ამბობს, რომ იმ დროს, როცა პოლიციელები აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლას სთხოვდნენ, საერთოდ არ იყო ადგილზე, გზის გადაკეტვაში მონაწილეობა არ მიუღია, აქციაზე მოგვიანებით მივიდა და საპირისპიროს დამტკიცებას პოლიციელები ვერანაირად ვერ შეძლებენ.
რა ჩაწერეს პოლიციის განყოფილებებმა სამართალდარღვევების ოქმში, რომელიც სასამართლოს უკვე გაეგზავნა?
„2024 წლის 16 დეკემბერს ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა #10-ში მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის უკიდურეს კუთხეში შეკრებილი იყო 30-მდე მანიფესტანტი, სადაც აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს იცავდნენ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად.
დაახლოებით 19:30 საათზე აქციის მონაწილეებმა დაიწყეს საავტომობილო გზის ჩაკეტვა, რითაც ფერხდებოდა ავტომობილების გადაადგილება და რიგ შემთხვევებში ავტომობილებს უკან გაბრუნება უწევდათ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებდნენ ავტომობილების გადაადგილებას.
ვინაიდან მანიფესტანტთა რაოდენობა არ შეადგენდა იმდენს, რომ გზა ყოფილიყო ბლოკირებული, პოლიციის თანამშრომლებმა არაერთხელ მოუწოდეს გადასულიყვნენ საფეხმავლო ბილიკზე და იქ გამოეხატათ პროტესტი. დამატებით მიეცათ გონივრული ვადა, რომ საავტომობილო გზა გაეთავისუფლებინათ. აქციის მონაწილეთა გარკვეულმა პირებმა არ გაითვალისწინეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მოთხოვნა და კვლავ მოახდინეს საავტომობილო გზის ბლოკირება, მათ შორის, თორნიკე კაკალაძე, ნიკოლოზ მირცხულავა, აზა გაბუნია, ლაურა ქარცივაძე.
აღნიშნული პირების მიერ დარღვეულ იქნა შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა ერთი მუხლი, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა ერთი მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენის გადაცდომის ფაქტს,“ – აღნიშნულია პატაკში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა ერთი მუხლის მეოთხე ნაწილი ითვალისწინებს შეკრების და მანიფესტაციების ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის ჯარიმას 500 ლარით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. თუ დამრღვევი ორგანიზატორია, ის 5 ათასი ლარით დაჯარიმდება.
ეს საქმეები ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2024 წლის 13 იანვარს უნდა განიხილოს. პოლიციამ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა, როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ასევე – მოქალაქეებს.
მოსამართლეს შეუძლია საქმისწარმოება შეწყვიტოს, რაც ფაქტობრივად აქციის მონაწილეების გამართლებას ნიშნავს, ან ისინი დააჯარიმოს. შესაძლებელია, აქციის მონაწილეები 15 დღემდე ვადით დააპატიმრონ კიდეც.
„აქციის მონაწილეთა საკმარისი რაოდენობა იყო. სამართალდარღვევის ეს ოქმები ემსახურება რეპრესიების გაგრძელებას, რომ მოქალაქეებს დისკომფორტი შეექმნათ. ეს დაშინების მცდელობაა. გზის გადაკეტვა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია,“ – ასეთია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის შეფასება. ის აქცენტს აკეთებს კანონის ჩანაწერზე, სადაც არ არის განსაზღვრული აქციის მონაწილეების ზუსტი რაოდენობა, თუ როდის არის შესაძლებელი გზის გადაკეტვა.
„შაბლონურად შედგენილი ოქმები და პატაკები წარმოადგინეს მხოლოდ, არანაირი ვიდეომტკიცებულება არ არის საქმეში.
კანონში განსაზღვრული არაა რაოდენობა, რა ითვლება ზღვრად, რომ ის ჩაითვალოს გზის გადაკეტვისთვის საკმარისად. შესაბამისად, ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობდა.
მეორეა, რომ გზა გადაიკეტა არასამუშაო საათებში. ვერ იტყვის ვინმე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, ან იქვე მდებარე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეეზღუდათ გადაადგილება,“ – ამბობს თამარ წულუკიძე.
რაც შეეხება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს, რომელიც ბათუმის აქციის მონაწილეების საქმეებს განიხილავს – „ბათუმელების“ არქივში რამდენიმე საქმეა, რომლებიც კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტს შეეხებოდა და ის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ განიხილა, მაგალითად, მოქალაქე ვაჟა თავართქილაძე ამ მოსამართლემ 1000 ლარით დააჯარიმა– საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე გამოკრული განცხადებისთვის „ბათუმის ზონდერი მერი ქალაქის მტერი“. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის ეს გადაწყვეტილება რომ უსამართლო იყო, ეს სააპელაციო სასამართლომაც დაადასტურა – საბოლოოდ, ვაჟა თავართქილაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც პროტესტის გამოხატვას უკავშირდება ბათუმში და მოსამართლემ პროტესტის გამომხატველები დასაჯა – „24 ოპოზიციონერის საქმეა“ – მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დააჯარიმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები იმიტომ, რომ მათ აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს. შემთხვევა 2022 წლის 6 მაისს მოხდა. ოპოზიციონერები მაშინ პოლიციელებმა დაარბიეს და კარვები წაართვეს. 2022 წლის ივნისში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ოპოზიციონერები ჯამში 38 ათასი ლარით დააჯარიმა.
საინტერესო დეტალი ამ საქმეში – ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე გოგუაძემ სასამართლოსხდომიდან გააპარა აჭარის პოლიციის უფროსი. ის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე მთავარი მოწმე იყო და სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერების კრიტიკულ კითხვებზე უწევდა პასუხის გაცემა.
მთავარი ფოტო: საპროტესტო აქცია ბათუმში, 2024 წლის 16 დეკემბერი
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია ალიაშვილი აცხადებს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ალიაშვილი ფეისბუქზე წერს.
„წელს 12 წელი მიხდებოდა რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ბოლოს, 2 წელზე მეტი ვხელმძღვანელობდი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. ჩვენი თანამშრომლობა 31 დეკემბერს, 1 წინადადებით, ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე სრულდება.
მატყობინებენ, რომ 1 თებერვლიდან თავისუფალი ვარ.
აქ ალბათ კითხვა, რა მიზეზით მოხდა ჩემი გათავისუფლება უკვე რიტორიკული იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის თვეში „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების“ მიხედვით მივიღე უმაღლესი შეფასება, ასევე 12 წლის განმავლობაში არ მქონია ერთი გადაცდომაც კი. ვფიქრობ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების გამო გამათავისუფლეს.
სისტემაში მუშაობა 22 წლის ვიყავი როდესაც დავიწყე, თავდაპირველად ვმუშაობდი სოციალური მუშაკის პოზიციაზე. წლების განმავლობაში არაერთხელ დავწინაურდი, გავხდი პროფესიული ზედამხედველი, შემდეგ კი ცენტრის უფროსი. ცალკე საკითხია ის, რომ ამ პერიოდში არაერთი სიტყვიერი შექება, ოფიციალური ჯილდო და სერტიფიკატი მაქვს მიღებული. პარალელურად ვიყავი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწვეული ტრენერი და დაახლოებით 3 თვეში ერთხელ სააგენტოს ახალ თანამშრომლებს ვაცნობდით საქმიანობის სპეციფიკას.
მას შემდეგ რაც არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში დავიწყე მუშაობა, საკმაოდ დიდი დრო და რესურსი ჩავდე იმისთვის, რომ რთული ქცევის მოზარდებთან მეტად ეფექტიანი და ხარისხიანი საქმისწარმოება გვქონოდა. ამ პერიოდში გუნდის მხარდაჭერით, შევძელი და სააგენტოს ყველაზე სუსტი მიმართულება – დანაშაულის პირველი დონის პრევენცია ავამუშავე, აქტიურად ვმუშაობდი კურსზე, რომელიც მასწავლებლებისთვის მომზადდა.
რაც შეეხება ცენტრის მიზნობრივ ჯგუფს, სააგენტოს და დონორების ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, როგორიც არის ახალი შეფასების ინსტრუმენტი, სარეაბილიტაციო პროგრამები, გაიხსნა რეგიონული ცენტრები, გაიზარდა ცენტრის მიზნობრივი ჯგუფები, აქტიურად ავამუშავეთ უწყებათშორისი კოორდინაციის პროცესი. დიდი შრომა გვაქვს ჩადებული კანონპროექტში, შემთხვევის მართვის ბრძანების პროექტში, ინსტრუმენტების დახვეწაში. თუმცა, დეკემბრის ბოლოს ჯერ ჩემს სოციალურ მუშაკს და ფსიქოლოგს შეუწყვიტეს ხელშეკრულება და მთელი იმერეთის რეგიონი დატოვეს კვალიფიციური კადრების გარეშე, ხოლო მე 31 დეკემბერს ყოველგვარი მიზეზის გარეშე შემატყობინეს, რომ 1 თვეში მიწყვეტდნენ ხელშეკრულებას. მსგავსი ფორმით თანამშრომლობა 1 თებერვლიდან დაასრულეს ჩემს კოლეგებთან, ნინო ტყეშელაშვილთან და მორის ბარამიასთან. აღსანიშნავია, რომ ორივე ჩემს ტოლფას პოზიციას იკავებდნენ წლების განმავლობაში და ორივე ხელმძღვანელის როლი რეაბილიტაცია – რესოციალიზაციის პროცესში შეუცვლელია!
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეებს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ბევრი არაფერი შეგვიძლია, მე საჯარო მოხელის გარდა ჯერ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, პროფესიით სოციალური მუშაკი და აუცილებლად ვიბრძოლებ ჩემი და ჩემი კოლეგების სამართლიანობისთვის!“ – წერს ნათია ალიაშვილი ფეისბუქზე.
ასევე დღეს, 2 იანვარს, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ტყეშელაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
2024 წლის ბოლო დღეებიდან მოყოლებული, საჯარო სამსახურებიდან, რეორგანიზაციის, შტატის გაუქმების და მსგავსი საბაბით ათავისუფლებენ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ პროტესტს ქვეყნის პროევროპული კურსის ცვლილების გამო და, ასევე, სოლიდარული არიან იმ კოლეგების მიმართ, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით.
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი ნინო ტყეშელაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ის და მისი ორი კოლეგა, საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
„ეს პოსტი ეხება საჯარო სექტორიდან მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული ადამიანების პოლიტიკური ნიშნით წმენდას!
2009 წლიდან საჯარო სამსახურში ვარ დასაქმებული, ჯერ სკოლაში, შემდეგ პენიტენციურ სისტემაში, 2014 წლიდან კი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში. ყველგან მხოლოდ განათლება და გამოცდილება იყო ჩემი „პატრონი“, ასევე საქმის ერთგულება, პასუხისმგებლობა და უდიდესი მოტივაცია, ჯერ, როგორც ფსიქოლოგი, დავხმარებოდი ადამიანებს, რომლებსაც ჰაერივით სჭირდებოდათ იმედი, მხარდაჭერა და ემპათია ამ სამყაროს მიმართ.
შემდეგ 2016 წლიდან სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსის, 2019 წლიდან კი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან მემუშავა პოლიტიკის დოკუმენტებზე, მსჯავრდებულთა უფლებების დაცვაზე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების ჰუმანური, მხარდამჭერი პროცესების შემუშავებასა და დანერგვაზე. ამ წლების მანძილზე, ჩემს ერთგულ, უჭკვიანეს და პროფესიონალ გუნდთან, ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან ერთად, შევიმუშავეთ და დავნერგეთ პროფესიული სტანდარტები, გავაუმჯობესეთ რისკის და საჭიროების შეფასების ინსტრუმენტები და ელექტრონული ბაზა, შევქმენით 30-მდე სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელშიც 2016 წლიდან დღემდე ჩართული იყო 12513 პრობაციონერი, განრიდებული და ყოფილი პატიმარი (ეს უნიკალური რიცხვია და მომსახურებებით სამჯერ შეგვიძლია გადავამრავლოთ) 2016 წლიდან მოვამზადეთ 4500 წინასასამართლო ანგარიში და ამ პროცესში, სოციალური მუშაკები შეისწავლიან, არასრულწლოვანის განვითარების დონის, აღზრდის, განვითარების პირობების, განათლების, ჯანმრთელობისა და სხვა გარემო პირობებს, რომლებიც განსაზღვრავს მათ ხასიათს და ქცევის თავისებურებებს, რაც თავის მხრივ შეფასების და საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული შეფასება კი მოსამართლეებს/პროკურორებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მორგებული რეკომენდაციების შემუშავებასა და სასჯელის გამოტანაში უწყობს ხელს.
ამის პარალელურად, 2015 წლიდან ვმუშაობდი ჯერ სასჯელაღსრულების შემდეგ კი იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სადაც ტრენინგებს ვატარებდი სუიციდის, ეფექტური კომუნიკაციის, ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული თანასწორობის თემებზე. აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი „პრობაციონერთა საორიენტაციო კურსის“ დანერგვასა და განხორციელებაში და „მასწავლებელთა კურსის“ მოდულში, როგორც ერთ-ერთი ავტორი.
საკმაოდ ვრცელი სტატუსი გამომივიდა, მაგრამ, ეს კიდევ არ არის სრული ჩამონათვალი, რაც ჩემს გუნდთან ერთად ამ წლების განმავლობაში განვახორციელეთ. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამოგვივიდოდა, რომ არა საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი. განსაკუთრებული მადლობა ყველას, რომლებიც ჯერ ჩვენს საჭიროებებს იკვლევდნენ, შემდეგ კი ჩვენს მხარდამხარ მუშაობდნენ იმისთვის, რომ ჩვენს უწყება, ჩვენს სამინისტროს, ჩვენს ქვეყანას გაცილებით კარგი მომავალი ჰქონოდა, შემცირებული დანაშაულით და ბევრი კარგი ადამიანით.
და ამ ყველაფრის შემდეგ, 31 დეკემბერს სასწრაფოდ გააუქმეს ჩემი შტატი (ახალი კაბალური კანონის თანახმად, რადგან ამ დრომდე სამჯერ კონკურს გავლილი უვადო საჯარო მოხელე გახლდით) 1 იანვარს საქმის წარმოების სისტემაში შემთხვევით შესული მე და ჩემი ორი კოლეგა – განრიდება მედიაციის დეპარტამენტის უფროსი მორის ბარამია და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსი – ნათია ალიაშვილი ვიგებთ, რომ სამსახურიდან გვათავისუფლებენ, თან „კეთილი ნება“ გამოიჩინეს და 1 თვით ადრე შეგვატყობინეს. აქვე აღვნიშნავ, რომ 15 წლის მანძილზე, არასოდეს არ მიმიღია არც საყვედური, არც გაფრთხილება, 2-ჯერ მაქვს მადლობის ჯილდო აღებული და ყოველთვის მოწინავე რიგებში ვიყავი სამუშაო ჯგუფებში, კონფერენციებსა თუ სხვადასხვა დელეგაციებთან შეხვედრის დროს.
ჩვენს გათავისუფლებას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ღიად გამოხატულ პოზიციის დაფიქსირებას ვუკავშირებთ! აუცილებლად ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის, და არ გავჩერდებით იმ დრომდე სანამ ჩვენი ქვეყანა თავის ევროპულ გეზს არ დაუბრუნდება!“ – წერს ნინო ტყეშელაშვილი ფეისბუქზე.
2024 წლის ბოლო დღეებიდან მოყოლებული, საჯარო სამსახურებიდან, რეორგანიზაციის, შტატის გაუქმების და მსგავსი საბაბით ათავისუფლებენ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ პროტესტს ქვეყნის პროევროპული კურსის ცვლილების გამო და, ასევე, სოლიდარული არიან იმ კოლეგების მიმართ, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ვერ გათვალეს მათ, ვისაც საპროტესტო მუხტის განელების იმედი ჰქონდათ და საკუთარი ხალხის ხასიათის გაუთვალისწინებლობა, არავის ეპატიება.
„ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალწლის ღამის მერეო… ესეც ვერ გათვალეთ!
ვერ გათვალეთ, ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც ვაიმარის სამკუთხედის განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა, ვერც გერმანიის სანქციები, ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და უცოდინარობას დავაბრალოთ, მაგრამ საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა ეს არავის ეპატიება!
დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე.
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლე 30 დეკემბერს დატოვა. მან განაცხადა, რომ ლეგიტიმაციის წყარო ხალხია და არა შენობა.
ზურაბიშვილის განცხადებით, ახლო მომავალში ის დაიწყებს მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან: ბიზნესთან, საჯარო მოხელეებთან, ახალ პოლიტიკურ ძალებთან, გავა რეგიონებში და დაგეგმავს უცხოეთში ვიზიტებს.
სალომე ზურაბიშვილი ახალი წლის ღამეს იმყოფებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც ათი ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი საპროტესტო აქციაზე. აქციაზე მას მხარდამჭერი შეძახილებით შეხვდნენ.
დღეს, 2 იანვარს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია ანონსდება.
დღეს ბათუმში ყოველდღიური, უწყვეტი პროტესტის 36-ე დღეა. მოქალაქეები ყოველ საღამოს იკრიბებიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რათა გააჟღერონ საპროტესტო მოძრაობის მთავარი მოთხოვნები: ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება.
საპროტესტო აქციებს ბათუმში პერიოდულად უერთდებიან სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები.
უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თბილისში და პერიოდულად იმართება აქციები საქართველოს სხვა ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებშიც.
რა ხდება?
საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.
ამ დროისათვის საპროტესტო მოძრაობის ძირითადი მოთხოვნა ორია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 792 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 370]
ტანკი – 9 676 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 20 056 ერთეული [+13]
საარტილერიო სისტემა – 21 552 ერთეული [+20]
MLRS – 1 256 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 032 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 330 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 200 ერთეული [+69]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 003 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 32 729 ერთეული [+54]
სპეცტექნიკა – 3 675 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
651 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
39 144 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 137 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 134 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 701 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„დაუღალავი მედროშე“ – ასე მოიხსენიებენ ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები 54 წლის თემურ ქათამაძეს, რომელიც უკვე ერთი თვეა ბათუმში ყველა აქციაზე დგას დროშით ხელში. ბათუმში პროტესტი და აქციები უკვე ყველასთვის წარმოუდგენელია მედროშის გარეშე.
კაცი საქართველოს დროშით ყოველ საღამოს მიდის აჭარის მთავრობის სახლთან, რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებზე, არჩევს ნათელ ადგილს და მთელი ძალითა და მონდომებით აფრიალებს საქართველოს დროშას.
მედროშე თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.
თემურის შვილი და ოჯახის სხვა წევრები თურქეთში ცხოვრობენ. თემურს ერთი შვილი ჰყავს, თამარი. ამბობს, რომ შვილს სახელი თამარ მეფის პატივსაცემად დაარქვა.
„ჩემი სახელი და გვარია გაფფარ ილმაზი, ჩვენებურად თემურ ქათამაძე. მე თურქეთის ქართველებიდან ვარ. ჩემი წინაპრები მუჰაჯირები იყვნენ. ქობულეთის სოფელ ხინოდან წასულები, 150 წლის წინ, ორდუს პროვინციაში, ფაცაში ჩასახლებულები. სტამბულში დავიბადე, მაგრამ სკოლის ასაკამდე ფაცაში ვიზრდებოდი, ბებია-ბაბუასთან.
იქ ქართველი მუჰაჯირები ერთად დასახლებულები იყვნენ. თავიდან, 100 წლის განმავლობაში, ყველაფერ ქართულს ინარჩუნებდნენ. აჭარიდან წასული ხალხი ქართულად საუბრობდა, ქართულ კერძებს აკეთებდა, ქართულ ბეღლებს აშენებდა და ხილის დამყნამდე მისვლამდე, ყველაფერს ისე აკეთებდნენ, როგორც საქართველოში“.
თემურ ქათამაძის თქმით, სწორედ ბებია-ბაბუის წყალობითაა, რომ ჯერ კიდევ მაშინ შეუყვარდა საქართველო, თავის სამშობლოდ ჩათვალა და გაუჩნდა ენისა და ქართული კულტურის კარგად შეცნობის სურვილი.
„ბაბუასთან ერთად ყანაში ან საქონლის საბალახოდ რომ გავიდოდი, ბაბუა ხშირად მეტყოდა, დატოვე ეს საქმე, მოდი, დამიჯექი გვერდზე და რასაც გეტყვი, კარგად დაიმახსოვრეო.
მეტყოდა – „ჩვენ ქათამაძეები ვართ გვარად, ძველი წიკვიროღლები, ხინოდან წამოსულები“. მე მაშინ ბავშვი ვიყავი და კარგად ვერ ვხვდებოდი, ხინო რა იყო, არ ვიცოდი, ან წიკვიროღლი ქათამაძე რას ნიშნავდა, მაგრამ კარგად დავიმახსოვრე ეს ყველაფერი.
ბოსტანში რომ გავიდოდით, ბაბუა ხშირად იმასაც მეტყოდა, მოდი, ნახე, ამ მსხლის ნერგი ბათუმიდანაა წამოღებული, სხვა ნერგებიცო. სახლში სულ მაჩვენებდა ნივთებს და მიყვებოდა მათ ამბებს, თუ როგორ ჩამოიტანეს საქართველოდან“.
თემურ ქათამაძე აქციაზე. 2024 წლის 20 დეკემბერი. ფოტო: „ბათუმელები“
როგორც თემური გვიყვება, ბავშვობაშივე გრძნობდა, ქართველი რომ იყო: „სიტყვა ქართველს, ქართულს ნაკლებად ვიყენებდით. უფრო ხშირად თავს „ჩვენებურებად“ მოვიხსენიებდით.
მახსოვს, რადიოდან ერთხელ ქართული მოვისმინე. ეს ქართული ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რაც მე ვიცოდი და როგორც ჩვენებურები საუბრობდნენ ერთმანეთში. მივხვდი, რომ მე არ ვიცოდი ქართული. მხოლოდ ცალკეული სიტყვების მნიშვნელობას ვიგებდი. მაგალითად, მახსოვს, რომ ბაბუას ვკითხე, რას ნიშნავს სიტყვა „ბატონი“-მეთქი და არც მან იცოდა“.
თემური გვიყვება, რომ სკოლის ასაკის რომ გახდა, სტამბოლში, მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გაჰყვა ძლიერი ინტერესი საქართველოს ნახვის. მედროშემ მალევე დაიწყო ქართულის სწავლა.
„ხშირად ვკითხულობდი საქართველოს ისტორიის შესახებ. როცა სტამბოლში, უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებებზე ვსწავლობდი, საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში იყო… საზღვარი გაიხსნა, საქართველოდან ჩვენი ხალხი ჩამოვიდა, მათთან ურთიერთობა დავამყარე. ძალიან უკვირდათ, ქართულად საუბარი რომ შემეძლო“.
ქართველებთან კომუნიკაცია თემურს ენის დახვეწაში დაეხმარა. ამ ამბიდან მალევე მოვახერხე და პირველად დავადექი საქართველოს გზასო, ამბობს ის.
„ძველი იკარუსის ავტობუსში ჩავჯექი. 24 საათი ფეხზე ვიდექი და ასე ჩამოვედი პირველად ბათუმში. შოკი მქონდა. ყველაფერი საბჭოური იყო. შენობები, მანქანები… სამი თვე დავრჩი.
იცით, როდის იყო ჩემი პირველი ჩამოსვლა? გამსახურდიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადა. მაშინაც ვიყავი მიტინგებში ჩართული.
ძალიან შევეჩვიე საქართველოს და როცა თურქეთში დავბრუნდი, მალევე მომინდა გამობრუნება“, – გვიყვება თემური.
საქართველოში პირველად ჩამოსვლისას თემურმა ნათესავები გაიცნო და მათთან ერთად მოინახულა ყველა მნიშვნელოვანი ადგილი ბათუმში. ესტუმრა თბილისს და იქაურ ღირსშესანიშნაობებსაც.
„საქართველოში საბოლოოდ 2012 წელს დავბრუნდი. ჩემი გონება აქ იყო დარჩენილი და ვგრძნობდი, რომ გასაკეთებელიც ბევრი იყო აქ.
დავაარსე „მსოფლიო ქართველთა კავშირი ფენიქსი“, რომლის მიზანიც თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ენის, კულტურის, იდენტობის შენარჩუნებაა. ვხვდებოდი, რომ მათი ძალებით ვერ შეინარჩუნებდნენ ისინი ქართულ იდენტობას და სჭირდებოდათ დახმარება.
ჩემთვის „ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი 2018 წელს ჩამოიხსნა და მისი ნამდვილი სახე აჩვენა ქართველ საზოგადოებას. ის, თუ როგორი პრორუსი იყო და საბჭოთა კავშირის პერიოდში დაბრუნებას ლამობს.
მე ჩემი პირადი ბრძოლა საერთო ბრძოლას შევუერთე და ქუჩაში გამოსულ ხალხს შევუერთდი. შარშან, რუსული კანონის პროტესტში ჩავერთე და დღემდე მოვედით.
რა თქმა უნდა, ჩემთვის პირველ რიგში უპირატესობა სამშობლოს აქვს. სამშობლო თუ ძლიერი არ იქნება, საზღვარგარეთ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, დიასპორას, არაფერი არ ეშველება. ჯერ საქართველო უნდა დავიბრუნოთ და შემდეგ დიასპორის ხალხსაც გვიპატრონებენ – თურქეთის ჩვენებურებს, ირანის ფერეიდნელებს და ჰერეთის ინგილოებს.
მე რომ ქართული ოცნების ლიდერებს შევხვდე, ან თქვენი მეშვეობით დაველაპარაკო, ვეტყოდი:
თქვენ ქართველები ხართ, საქართველოში ცხოვრობთ, საქართველოს შვილები ხართ, საქართველოს მართავთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ქართველი ისე უნდა მოიქცეს, როგორც მას, მის ერსა და სამშობლოს დაშვენდება. ქართველობას თუ არ კადრულობთ, ადამიანები ხომ ხართ!? ადამიანურად მოიქეცით!
ყველაფერი საუკეთესო ევროპაშია, ჩვენი მისწრაფება ევროპაა. თქვენ რამ დაგაბნიათ? რა მიზეზით გინდათ რუსეთში? ეს მარტო ჩვენთვის კი არა, თქვენთვისაც კატასტროფაა. რა უნდა ნახოთ იქ თქვენი შვილების მომავლისთვის? ასლან აბაშიძე რომ გაიქცა და რუსეთში თავი შეაფარა, რა ნახა? თქვენც ეს გელით, ეს გინდათ თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, თქვენი მომავლისთვის? ეს გინდათ ჩვენთვის, ქართველი ერისთვის? დადექით ცივილიზაციის და დემოკრატიის მხარეს!
მე ამ ყველაფრის თქმის და ყოველ დღე მიტინგზე დაუღალავად დროშის ფრიალის ძალას ჩემი ქართული გენი მაძლევს, რაც წინაპრებისგან მაქვს. ხედავთ, რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის და თქვენ რა ქენით, რა ჭამეთ და სვით, რომ ასე უმოქმედოდაა თქვენი გენი?!
აი, ეს მიკვირს „ქართული ოცნების“, – გვითხრა საუბრის ბოლოს თემურ ქათამაძემ.
მალე „ბათუმელებზე“ ნახავთ ვიდეორეპორტაჟსაც თემურ ქათამაძის შესახებ.
საქართველოში 2025 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტის წევრებს ხელფასები (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გაეზარდათ.
პარლამენტის თავმჯდომარეს ხელფასი 6 740 ლარიდან 14 600 ლარამდე გაეზრდება;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 6 400 ლარიდან 13 432 ლარამდე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 6 340 ლარიდან 13 140 ლარამდე ეზრდება ხელფასი.
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს ხელფასი 5 540 ლარიდან 12 556 ლარამდე გაეზრდება; კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს კი – 4 800 ლარიდან 12 410 ლარამდე. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 4 740 ლარიდან 11 972 ლარამდე გაეზრდება.
ხოლო პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტში თანამდებობის პირი, ხელფასი გაეზრდება 4 624 ლარიდან 11 680 ლარამდე.
საქართველოში დღეიდან, პირველი იანვრიდან, იზრდება პენსიაც, ოღონდ გაცილებით ნაკლებად შესამჩნევად.
კერძოდ, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება.
70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, ასევე იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 350 ლარის, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – 420 ლარის ოდენობით.
ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემელი იზრდება 35 ლარით.
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში 31 დეკემბრის ღამეს ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციებზე პოლიტიკური ცვლილებებისა და სამართლიანობის მოთხოვნით.
სერბეთში ნოემბრიდან მოყოლებული მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქციები. პროტესტი მოჰყვა ტრაგედიას ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, სადაც რკინიგზის სადგურში ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა პირველ ნოემბერს. ტრაგედიის მიზეზად მიიჩნევა კორუფცია და სახიფათო სამშენებლო პოლიტიკა, რასაც სერბეთის მთავრობა წლებია ხელს აფარებს.
31 დეკემბერს ბელგრადის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს საპროტესტო აქცია ლოზუნგით – „ახალი წელი არ არის – თქვენ ჯერ ძველის გმართებთ“.
„ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, 31 დეკემბერს, 23:45 წუთზე, ბელგრადში მრავალათასიანი აქცია, რომელიც სკანდირებდა – „ჩვენ გვინდა სამართალი”, დადუმდა 15 წუთით ნოვი სადის ტრაგედიის მსხვერპლთა პატივსაცემად.
აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წითელი ხელის ანაბეჭდით, რომელიც ანტისამთავრობო პროტესტის და იმის სიმბოლოდ იქცა, რომ ხელისუფლებას ხელები სისხლიანი აქვს.
ბელგრადი, 31 დეკემბრის ღამე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო EPA-EFE/ANDREJ CUKIC
მედიის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა 31 დეკემბერს კვლავ თქვა, რომ „სტუდენტების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა“ და ახლა ეს პროტესტი პოლიტიკურია. ასევე, მედიის ცნობით, სერბეთის ხელისუფლება ბოლო კვირების განმავლობაში სხვადასხვა სუბსიდიას დაჰპირდა ახალგაზრდებს, თუმცა, სტუდენტებმა გააგრძელეს პროტესტი.
სტუდენტები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა ხელისუფლებამ, რომელიც მათ „ფულის გამო პროტესტში“ და „გარე ძალების“ სამსახურში ადანაშაულებს.
„სტუდენტებმა გაიღვიძეს“, „შეწყვიტეთ ტყუილი“, „ეს ქვეყანა ჩვენიცაა“ – ეწერა ახალი წლის ღამეს საპროტესტო ბანერებზე.
ოპოზიცია გარდამავალი მთავრობის შექმნასა და არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რომელიც ქვეყანას მოამზადებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რადგან ისინი მმართველ პარტიას წარსულში არჩევნების გაყალბებაშიც ადანაშაულებდნენ.
ვუჩიჩის მთავრობამ განაცხადა, რომ საპროტესტო მოძრაობა უცხოური ძალების მიერაა დაფინანსებული.
ალექსანდრ ვუჩიჩი ერთ-ერთია იმ პრეზიდენტებს შორის, რომლებმაც მიხეილ ყაველაშვილს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს.
______________
მთავარ ფოტოზე: აქცია ბელგრადში 31 დეკემბრის ღამეს. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ANDREJ CUKIC