„არ ქნა გოგო, არა“ – ეს ერთადერთი გაფრთხილებაა, რომელიც ისმის 2025 წლის 11 იანვარს გადაღებულ ვიდეოში, რომელშიც ჩანს, როგორ აკრავს მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს დამხმარე შენობაზე სტიკერს წარწერით – „იფიცება საქართველო“.
შესაძლოა ბრალდების მხარეს ეგონა, რომ ხმა, რომელიც ვიდეოში ისმის – „არ ქნა გოგო არა“ – პოლიციელს ეკუთვნის. სინამდვილეში ეს ბათუმის პროევროპული აქციების მედროშის ზურაბ ჭავჭანიძის ხმაა, ის მზიას გაფრთხილებას ცდილობდა.
„იმ დღეს პოლიციელებმა სტიკერის გამო დააკავეს ადამიანები, მე არავინ მემეტება დასაკავებლად და ამიტომაც ვაფრთხილებდი მზიას“, – გვითხრა ზურაბ ჭავჭანიძემ 9 ივნისს, სასამართლო სხდომის შემდეგ.
მიუხედავად ამისა, 9 ივნისის სასამართლო სხდომაზე, სადაც სტიკერის გაკვრის გამო დაწყებულ ადმინისტრაციულ დავას უკვე მეორედ განიხილავდნენ, პოლიციელი ქალი, მარიამ კერესელიძე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციამ გააფრთხილა არ მიეკრა სტიკერი, ის კი არ დაემორჩილა მათ.
მარიამ კერესელიძემ ყალბი მტკიცებულებების გამოყენებით ერთხელ უკვე დასაჯა მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო. ის პირველ ივნისს შსს-ს ახალმა მინისტრმა დააჯილდოვა.

მარიამ კერესელიძე
იმის დასადასტურებლად, რომ ეს ნამდვილად მისი ხმა იყო, 9 ივნისს ზურაბ ჭავჭანიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის მსვლელობისას მოსამართლე მარიანა ფომაევასაც ეძახდა ქუჩიდან, სასამართლო დარბაზის ფანჯარასთან – „არ ქნა გოგო, არა!“
ეს ხმა სხდომათა დარბაზშიც კარგად გაიგეს და მოსამართლესაც განუმარტეს, აი ამ კაცის ხმა ისმის ვიდეოშიო.
ბათუმის პოლიციის სამმართველოს შესასვლელთან, დახმარე შენობაზე სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელს იერსახის დამახინჯებას ედავებიან ადმინისტრაციული წესით. საქმეს მოსამართლე მარიანა ფომაევა განიხილავს. პატაკი დარღვევაზე ამჯერად პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა დაწერა.
9 ივნისს გამართულ სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატებმა გიორგი ხიმშიაშვილმა და ირმა აბაშიძემ სასამართლოს განუმარტეს, რომ ფაქტიდან 4-თვიან პერიოდში სტიკერის გაკვრაზე პოლიციელებმა არანაირი მოქმედება არ განახორციელეს და „110 დღეა გასული“. პოლიციელების ჩვენების მიხედვით, მზია ამაღლობელმა გააკრა სტიკერი და ამავდროულად შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს.
ადვოკატმა განმარტა, რომ თუ ორივე ფაქტობრივ გარემოებას სამართალდარღვევად მიიჩნევდნენ პოლიციელები, ისინი ვალდებულები იყვნენ ნორმათა კონკურენციის პირობებში მოეხდინათ რეაგირება.
უფრო მარტივად რომ ავხსნათ, საქმე ისაა, რომ სტიკერი – „იფიცება საქართველო“ მზია ამაღლობელმა შსს პოლიციის დეპარტამენტის დამხმარე შენობაზე გააკრა 2025 წლის 11 იანვარს, საპროტესტო აქციის მსვლელობისას. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ. ამიტომაც მაშინ თქვეს, რომ მზია ამაღლობელი მათ შეურაცხყოფას აყენებდა. არსებობს სტიკერის გაკვრის კადრი, თუმცა ამ კადრში ჩანს, რომ მზია ამაღლობელმა სტიკერი გააკრა ხმაამოუღებლად და არავის აყენებდა შეურაცხყოფას, ის საერთოდ არაფერს არ ამბობდა.
მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს აქციას უწყვეტი „ლაივით“ აშუქებდნენ ჟურნალისტები და ტელეფონებით იღებდნენ აქციის მონაწილეებიც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ იპოვა კადრი, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელებს „ბოზებს“ ეძახის, როგორც ეს ერთ-ერთ სხდომაზე, სისხლის საქმესთან დაკავშირებით თქვა პოლიციელმა გიორგი ბჟალავამ ჩვენების მიცემისას. გაყალბებული საქმის მიუხედავად მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
ამ ამბიდან 4-თვიან პერიოდში არანაირი მოქმედება პოლიციელებმა არ განახორციელეს სტიკერის გაკვრის გამო. ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლით, რაზეც ბრალდების მხარე აპელირებდა, სახდელის ვადა 4 თვეა.
ადვოკატები საქმის შეწყვეტას ითხოვდნენ:
„2 სამართალდარღვევას თუ ჰქონდა ადგილი, აქ შემოდის ორმაგი მსჯავრდების დაუშვებლობის და აკრძალვის გარემოება. თუ ორივე ფაქტობრივ გარემოებას სამართალდარღვევად მიიჩნევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ისინი ვალდებულები იყვნენ ნორმათა კონკურენციის პირობებში, რომელი ნორმაც განსაზღვრავდა სახდელის ზომას, კონკრეტულად ის ნორმა გამოეყენებინათ“.
ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ სტიკერის გაკვრის შესახებ ადმინისტრაციული დაკავების ოქმში აღწერილია, როგორც ფაქტობრივ გარემოებაზე.
საქმის განხილვის დაწყებამდე ადვოკატებმა ასევე მოითხოვეს მზია მაღლობელს მათ გვერდით დაეკავებინა ადგილი – რადგან ადმინისტრაციულ საქმეს განვიხილავთ და კომუნიკაციაც გაგვიმარტივდება, გარდა ამისა მზია არანაირ საფრთხეს არ წარმოადგესო, თუმცა, მოსამართლე მარიანა ფომაევამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, იმ მოტივით, რომ „მზია ამაღლობელს პატიმრობა შეფარდებული აქვს“.
„ სირცხვილი“, „სირცხვილი“ , „უსამართლო სასამართლო“ – მის ამ გადაწყვეტილებას დარბაზი შეძახილებით გამოეხმაურა.

სასამართლო სხდომა

ჟურნალისტი აფგან სადიგოვი მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე
ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მზია ამაღლობელმა სასამართლოს განუმარტა, რომ სტიკერი გააკრა პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რადგან სტიკერის გაკვრის გამო დაკავებული ადამიანების მხარდასაჭერად მივიდა პოლიციის შენობასთან.
„რაც შეეხება იერსახის დამახინჯებას, ჩემი სახელით უამრავი მოთხვნაა მერიაში შესული, კედლის მოხატვაზეც კი ნებართვები მაქვს მიღებული“ – უთხრა მზია ამაღლობელმა მოსამართლეს.
ადმინისტრაციული საქმის განხილვისას ადვოკატებმა განაცხადეს ასევე, რომ მიმართეს ბათუმის მერიას და მოითხოვეს ინფორმაცია, განსაზღვრულია თუ არა ქალაქში ადგილები სადაც სტიკერების გაკვრა დაშვებულია, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. ადვოკატებმა სთხოვეს მოსამართლეს, დაავალდებულოს მერია, გასცეს ინფორმაცია. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„რა თქმა უნდა, ეს წინასწარ ვიცოდით“ – გამოეხმაურნენ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზიდან. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მოსამართლის ყველა გადაწყვეტილების წინასწარ გამოცნობა შეუძლიათ.
მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში ბრალდების მხარეს მარიამ კერესელიძე და თეა ლაღაძე წარმოადგენდნენ.
ბრალდების მხარის განმარტების შემდეგ „ ოქმში ისედაც არის ფაქტები აღწერილიო“, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ასევე დაცვის მხარის მოთხოვნა ადმინისტრაციულ საქმეში ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის, მისი მოადგილის გოჩა ვანაძის და აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსის გრიგოლ ბესელიას დაკითხვის შესახებ, ასევე პატაკის ავტორის დაკითხვის თაობაზე.
„ისე აღწერს ფაქტებს, რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ესწრებოდა და თავად ნახა ყველაფერი“ – ასე ასაბუთებდა მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი, ირმა აბაშიძე, პატაკის ავტორის, ნოდარ ზენაიშვილის დაკითხვის აუცილებლობას, თუმცა უშედეგოდ, მოსამართლემ უარი თქვა.
ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა სასამართლოს უთხრა ისიც, რომ ნორმა, რომელიც გამოიყენეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოშიც გასაჩივრდეს, რადგან გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ნორმაა, შინაარსობრივი ნაწილი არ არის ცხადი და განჭვრეტადი:
„და ის წინა შუამდგომლობა, რაც ჩვენ დავაყენეთ, ჰქონდა თუ არა მუნიციპალიტეტს გამოყოფილი ადგილები ქალაქში და განსაზღვრული კონკრეტული ლოკაციები სად უნდა განთავდეს სტიკერი, ეს ნორმატიული მოწესრიგებაც თუ არ გვაქვს, ფაქტობრივად ჩვენ აღმოვჩნდებით კონსტიტუციური უფლების ილუზორულ გაგებაში, გვაქვს ჩანაწერი გამოხატვის თავისუფლებაზე, მაგრამ მისი რეალიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელია“ – განაცხადა ადვოკატმა.
9 ივნისს, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვის დასრულების შემდეგ გაგრძელდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, სადაც მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
სხდომაზე ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე დაკითხეს. ის მზია ამაღლობელის დაკავების ღამეს სამმართველოს შენობასთან ფეისბუქზე „ლაივში“ აშუქებდა მიმდინარე პროცესს.
ჯაბა ანანიძე დეტალურად მოუყვა სასამართლოს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები პოლიციის შენობასთან და ხაზგასმით უთხრა მოსამართლეს, რომ ადმინისტრაციულ საქმეში მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოყენებული კადრები, სადაც თვითონ [ჯაბა ანანიძე] ჩანს, მანიპულაცია, რადგან მზიას ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე ის საქართველოში არ იმყოფებოდა და ზუსტად იმ დღეს, საღამოს გადმოკვეთა საზღვარი, გზაში გაიგო მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა პოლიციის შენობასთან.
ჯაბა ანანიძემ მოსამართლეს უთხრა ასევე, რომ 12 იანვარს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქციის მონაწილე ქალების გამოშვების შემდეგ მშვიდი ვითარება იყო, ამიტომაც მისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ დაიწყო პოლიციამ მოულოდნელი დაკავებები, რასაც შემდეგ ჭყლეტა მოჰყვა.
ამ ჭყლეტის დროს დაეცა და დაშავდა მზია ამაღლობელიც.
ჯაბა ანანიძემ ასევე უთხრა სასამართლოს, რომ იმ დღეს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგრესიული იყო.
პროკურორს აინტერესებდა, მოისმინა თუ არა ჯაბა ანანიძემ, როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას აქციის მონაწილეები პოლიციელებს, ჟურნალისტმა უპასუხა, რომ არ გაუგონია.
სხდომაზე ერთ-ერთი ვიდეოს ჩვენების შემდეგ, რომელზეც ასახული იყო 11 იანვრის საღამოს ციალა ქათამიძისა და ირაკლი დგებუაძის საუბარი სტიკერის დაკვრის შემდეგ, [ციალა ქათამიძემ დააკრა სტიკერი პოლიციის ეზოს შესასვლელთან, ასფალტზე] პროკურორმა გოგეშვილმა ასევე განაცხადა, რომ იმ დღეს დაკავებულმა თათია აბულაძემ „უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს“. ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა გააპროტესტა, რატომ დაიწყო საუბარი თათია აბულაძეზე პროკურორმა, როცა სხდომაზე წარდგენილ ვიდეოში ის არ ჩანდა და არც მის საქმეს განიხილავდნენ. ამაზე დარბაზსაც ჰქონდა რეაქცია, რასაც მოჰყვა მოსამართლის გაფრთხილებაც.
პროკურორმა ასევე თქვა, რომ იმ დღეს აქციის მონაწილეებს ბლოკირებული ჰქონდათ სამმართველოს შესასვლელი.
„მაჩვენოს ბატონმა პროკურორმა, სად ჩანს, რომ ბლოკირებული აქვთ შესასვლელი“, – ისევ გააპროტესტა ადვოკატმა.
პროკურორის აზრით, პოლიციელზე სტიკერის მიკვრა წარწერით – „იფიცება საქართველო“ არის უმძიმესი შეურაცხყოფა, იმავე შინაარსის სტიკერი დააკრა ციალა ქათამიძემ პოლიციის შესასვლელთან და სწორედ იგივე შინაარსის სტიკერი უჭირავს ხელში მესამე ქალბატონსო, რომელიც ვიდეოში აპროტესტებდა ციალას და თათიას დაკავებას.
პროკურორმა სტიკერი – „იფიცება საქართველო“ სხდომაზე შეაფასა, როგორც უმძიმესი შეურაცხყოფა პოლიციელისთვის.
„უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეს!“, „რას ყიდით, სამშობლოს?“ მთელი პროცესის მანძილზე სხდომათა დარბაზში აღწევდა მოქალაქეების შეძახილების ხმა, რომლებიც სასამართლოსთან იყვენენ შეკრებილები.

სასამართლოს ფოიეში მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომის დაწყებამდე
შემდეგი სხდომა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე 18 ივნისს გაიმართება, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე – 23 ივნისს.
9 ივნისს, საღამოს, სასამართლო სხდომების დასრულების შემდეგ, მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, რათა შეძახილებით გაეცილებინათ პენიტენციური სამსახურის მანქანა, რომელსაც მზია ამაღლობელი რუსთავის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გადაჰყავს.
„თავისუფლება მზიას!“ „მზია, გვიყვარხარ!“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ – ასეთი შეძახილებითა და ტაშით გააცილეს 9 ივნისს მზია ამაღლობელი ბათუმის სასამართლოდან.