ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) საქართველოდან გააძევეს.
როგორც მისი მეგობარი, ნინო კაკულია წერს ფეისბუქზე, თემურ ქათამაძე ღამით გაიყვანეს თურქეთში.
„ვერაგულად ღამე გაიყვანეს, ვერც დავემშვიდობე“, – წერს ნინო კაკულია.
„ბათუმელებთან“ კი ნინო კაკულია ამბობს, რომ მას დღეს, 11 ივნისს, 8:00 საათზე დაუკავშირდა თემურ ქათამაძის მეგობარი თურქეთიდან და შეატყობინა, რომ თემურ ქათამაძე თურქეთშია.
„თურქეთში მცხოვრებმა ჩვენმა მეგობარმა მითხრა, რომ მას დაურეკეს პოლიციის განყოფილებიდან და უთხრეს, რომ თემურ ქათამაძე იქ იმყოფებოდა. მე ეს ამბავი გამაგებინეს თემურის თხოვნით.
მე ვაპირებდი სარფში დახვედრას, რადგან ვფიქრობდი, რომ სარფიდან გაიყვანდნენ, რადგან დამირეკა და მთხოვა, რამდენიმე საბუთი და ეს საბუთები უნდა გადამეცა, მაგრამ მოხდა ასე. ჩუმად, დამშვიდობების გარეშე გადაიყვანეს“, – ამბობს ნინო კაკულია.
მისი თქმით, თემურ ქათამაძე გადაყვანის შემდეგ იმყოფებოდა ორდუს პროკურატურაში, სადაც მას სავარაუდოდ დაკითხავენ.
თემურ ქათამაძე აკმაყოფილებდა კანონის ყველა მოთხოვნას, მისთვის მოქალაქეობა რომ მიენიჭებინათ: ბოლო 13 წელი საქართველოში ცხოვრობდა, ეთნიკურად ქართველია, სრულფასოვნად საუბრობს ქართულ ენაზე, უმაღლეს ქულაზე ჩააბარა გამოცდა საქართველოს ისტორიაში და სხვა გამოცდებიც. თურქეთში თემურ ქათამაძე საქართველოს და ქართული ენის პოპულარიზაციაზე მუშაობდა. თურქეთის მტავრობა მას გიულენთან კავშირს ედავება, ამიტომ მას იქ პატიმრობა ელის.
თემურ ქათამაძის უფლებებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავდა საქართველოში. როგორც მისი ადვოკატი, მარიამ ყველაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, გუშინ იწურებოდა თემურ ქათამაძის ქვეყნიდან ნებაყოფლობითი გასვლის ვადა. თუმცა, მათთვის უცნობია, როგორ გაიყვანეს ქათამაძე ქვეყნიდან – იძულებით თუ ნებით.
„გუშინ იწურებოდა გვიან ღამე ნებაყოფლობით ქვეყნიდან გასვლის ვადა. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რომელი პროცედურის ფარგლებში მოხდა ეს. ჩვენ თურქეთიდან თემურის მეგობრებმა შეგვატყობინეს, რომ ის გადაიყვანეს გვიან ღამით.
შესაძლოა ნებაყოფლობითის ფარგლებში გაიყვანეს. არ ვიცით. ვცდილობთ შს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან დაკავშირება, მაგრამ ტელეფონზე არ გვპასუხობენ, ამიტომ წერილობით უნდა მივმართოთ მათ ამ საკითხზე.
როგორც ვიცით, იქ დაკავებული ჰყავთ“, – ამბობს მარიამ ყველაშვილი.
___
თემურ ქათამაძე ბათუმში პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე იყო. ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოს წინა აქციაზე. დაკავების შემდეგ, როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, მას ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა კიდეც, რომ გააძევებდა ქვეყნიდან.
ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლებული თემურ ქათამაძე, იზოლატორის ეზოშივე მეორედ დააკავეს, მას ქვეყანაში არალეგალურ ყოფნას ედავებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თემურ ქათამაძე 13 წელი საქართველოში ცხოვრობს და მან რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მთავრობას მოქალაქეობის უფლების მინიჭებაზე, თუმცა დადებითი პასუხი ვერ მიიღო.
მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში თემურ ქათამაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. დაკავების შემდეგ ის ითხოვდა ჰუმანიტარულ და ლტოლვილის სტატუსს, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლებამ ამ სტატუსზეც უარი უთხრა.
მის უფლებებს საია იცავდა და გასაჩივრების შემდეგ გადავადდა თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების პროცედურა, თუმცა 11 ივნისს, იწურებოდა ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა.