მთავარი,სიახლეები

თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევების პროცესი შეჩერდა – საია

13.05.2025 •
თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევების პროცესი შეჩერდა – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით,  თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა საიას შუამდგომლობა და შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების მოქმედება, რომელიც შეეხება თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევებას, შეჩერებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

„როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 30 აპრილს თემურ ქათამაძეს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

გაძევების პროცედურების დაწყების წინაპირობა გახდა 2025 წლის 29 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ თემურ ქათამაძისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უკანონო და დაუსაბუთებელი უარი.

საიამ თემურ ქათამაძის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა გაძევების გადაწყვეტილება და დამატებით მოითხოვა ამ საქმის განხილვამდე გაძევების პროცედურების შეჩერება.

სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე 30 დღის განმავლობაში განიხილავს წარდგენილ სარჩელს“ – წერს საია.

  • რა ხდება?

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. თემურ ქათამაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა და აქციებზე საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა.

თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია, მას ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.

იმის გამო, რომ საქართველოდან პროევროპული პროტესტის გამო აძევებენ და ლტოლვილის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა. ხელახლა შიმშილობა „ბათუმელმა მედროშემ“ 2025 წლის პირველ აპრილს დაიწყო და 5 აპრილს შეწყვიტა. ბათუმელი მედროშის თქმით, ხელახლა შიმშილობით მან სოლიდარობა ჭიათურელ მეშახტეებს გამოუცხადა.

თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა.

თემურ ქათამაძეს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობა. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: