„ქართული ოცნება“ აპირებს თავისუფალ მედიას გაუკონტროლოს სიტყვები და ტერმინები და ის, რაც პარტიას არ მოსწონს, მედიის სტანდარტების დარღვევად გამოაცხადოს.
3 ივნისს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ნდობით აღჭურვილმა პირმა, ნათია ბოკუჩავამ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლა ტელეკომპანია „ფორმულას“ და „ტვ პირველს“ ისეთი ფრაზების გამოყენებისთვის, როგორიცაა: „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“ და ასე შემდეგ.
„ოცნება“ მოითხოვს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ აღნიშნულ ტელევიზიებს და სანქცირების აღსრულების დროებითი წესი ამოქმედდეს. მეტიც, დოკუმენტებში ჩანს, რომ საჩივარი არა მხოლოდ სატელევიზიო ეთერით გასულ, არამედ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ფრაზებსაც ეხება.
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მიიჩნევს, რომ ეს მედიაზე ცენზურის დაწესების პირდაპირ მცდელობაა.
„კომუნიკაციების კომისიაში შეტანილი საჩივრები წარმოადგენს კრიტიკული მედიის დაშინებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის აშკარა და სახიფათო მცდელობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს არა მიუკერძოებელ არბიტრს, არამედ ორგანოს, რომელიც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მსგავსად, „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშ იმყოფება“ – აცხადებს კოალიცია.
რამდენად მიღწევადია სამართლებრივად „ოცნების“ სურვილები?
„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ თავმჯდომარე, იურისტი მამუკა ანდღულაძე მიიჩნევს, რომ უკანონობის კანონიერად გასაღება შეუძლებელია:
„როცა მიიღეს ცენზურის კანონმდებლობა [„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში რეპრესიული ცვლილებები], ვამბობდით, რომ ეს მიზნად ისახავდა არა მედია გარემოს გაჯანსაღებას, არამედ მედიის კონტროლს კომუნიკაციების კომისიის გავლით.
„ოცნებას“ სურს მედიამ არ ისაუბროს თემებზე, რომელიც მათთვის მიუღებელია, ცალკეული სიტყვებიც არ უნდა გამოიყენონ.
სრული პაკეტია სანქციების შემუშავებული და როცა მიტაცებულია სახელმწიფო, არათუ ბოლო ცვლილებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ჩადებული გარანტიების გამოყენებაც კი ამ სასამართლო პირობებში ბოროტად ხდება.
ეს იმისთვის კი არ მიიღეს, რომ პროფესიული სტანდარტები გაიზარდოს და ადამიანის უფლებები იყოს დაცული, არამედ იმისთვის რომ დააცენზურონ მედია, არ თქვა, არ ისაუბრო იმაზე, რაც პარტიას არ მოსწონს,“ – ამბობს მამუკა ანდღულაძე.

მამუკა ანდღულაძე
მისი თქმით, როგორც მზია ამაღლობელის ან სინდისის სხვა პატიმრების სასამართლო პროცესებზე ვხედავთ ბრალდების უსუსურობას, მიკერძოებას და ცრუ მოწმეებს, მარეგულირებელ კომისიაზეც, თუკი დაიწყებენ ტელევიზიების წინააღმდეგ განხილვებს, ცხადად გამოჩნდება ამ უწყების მიკერძოებულობა.
„თუკი, რა თქმა უნდა, კომისია დაეთანხმება ამ საჩივარს“ – ამბობს მამუკა ანდღულაძე.
რის საფუძველზე სთხოვს „ოცნება“ მედიას, რომ არ უწოდონ მას მაგალითად არალეგიტიმური ხელისუფლება? – ვკითხეთ მამუკა ანდღულაძეს.
მისი შეფასებით, უკანონობას ვერ დაასაბუთებ.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ კანონი უნდა იყოს სამართლიანი და მეორე, კანონიც უნდა განმარტო. ცუდი კანონი მიიღეს, ცუდი აღმსრულებლებიც არიან, ამიტომ უკანონობას კანონიერად როგორ გაასაღებ?! შეუძლებელია.
ჟურნალისტმა არ ისაუბროს იმ თემებზე, სიტყვებზე და ტერმინებზე, რაც არ მოსწონს პარტიას – ამას სამართლებრივად ვერ დაასაბუთებს „ოცნება“.
თუ მიიღებს გადაწყვეტილებას მარეგულირებელი კომისია ტელევიზიების წინააღმდეგ, ეს იქნება უკანონო გადაწყვეტილება“ – ამბობს მამუკა ანდღულაძე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მთელი რიგი პაკეტი რეპრესიული კანონმდებლობისა, მედიაორგანიზაციებმა მაინც უნდა გააგრძელონ საზოგადოების ინფორმირება.
„გამოწვევა სერიოზულია და როგორ ყველა გამოწვევის დროს, ისევე როგორც შარშან, შარშანწინ, აქტივისტები იქნებიან, სინდისის პატიმრები თუ სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, უნდა გააგრძელონ წინააღმდეგობა, რადგან ჟურნალისტების პროფესიული მოვალეობის განხორციელება არა მხოლოდ თქვენი უფლებების განხორციელებაა, არამედ, რასაც აკეთებთ, ქვეყნისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი. საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, იმ რეალურ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა და თითოეული მოქალაქე დგას.
„როსკომნადზორს“ [რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო] აქვს სია, თუ რა ტერმინები უნდა გამოიყენოს მედიამ და რა არა და ეს სია ყოველდღე იზრდება. „ოცნების“ შთაგონების წყარო ამ საკითხშიც არის ოკუპანტი სახელმწიფო. თუმცა, მგონია, რომ ისინი საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწევენ“ – ამბობს მამუკა ანდღულაძე.
„რაც მედიის წინააღმდეგაა, ის ხალხის წინააღმდეგაც არის“
„კომუნიკაციების კომისია „ქართული ოცნების“ რუპორია და ის აუცილებლად იმას გადაწყვეტს, რაც უნდა „ოცნებას“ და გადაწყვეტს ისე და იმ ფორმით, რა ფორმის ცვლილებებიც შეიტანა მაუწყებლის კანონში „ქართულმა ოცნებამ“.
ეს უნდოდა კომუნიკაციების კომისიასაც და იმიტომ იყო ავტორი ამ საკანონმდებლო ცვლილების, რომ მთლიანად, ყველაფერი ის, რაც მედიის შინაარს შეეხება, იყოს კომუნიკაციის კომისიის გასარჩევი და გადასაწყვეტი“ – ამბობს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, ცვლილებები „ოცნებამ“ იმიტომ მიიღო, რომ მარეგულირებელი კომისია გადაქცეულიყო ცენზორად.
„ასეთი საჩივრები ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო დაეწერა, მაგრამ პირველი საჩივარი მედიის წინააღმდეგ დაწერა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ნდობით აღჭურვილმა პირმა, ანუ პირდაპირ ირაკლი კობახიძემ მიუგზავნა კომუნიკაციების კომისიას ვინმე ბოკუჩავა იმისთვის, რომ დაიწყოს საქმის წარმოება მედიის წინააღმდეგ.
ამ შემთხვევაში ვგულისხმობ „ტვ პირველს“ და „ფორმულას“. ვგულისხმობ ასევე „მთავარს“, რომლის ვებგვერდის მისამართითაც ხდება მსგავსი წარმოება.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კომუნიკაციების კომისია თავის მარეგულირებელ ფუნქციებს საერთოდ დაივიწყებს და მთლიანად გადაერთვება შინაარსის კონტროლზე, იმიტომ, რომ ეს ფუნქცია დააკისრეს. ის უნდა გახდეს „მთავლიტის“ მემკვიდრე, რომელიც იყო საბჭოთა პერიოდის ცენზურა საქართველოში“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
მისი განმარტებით, კომუნიკაციების კომისიის ფუნქცია არ არის არკვიოს, ჟურნალისტი როგორი ტიპის შეფასებას მისცემს ამა თუ იმ მოვლენას.
„თუ ჟურნალისტი პრინციპულად არღვევს აუდიტორიის ინტერესებს, მაშინ მომხმარებელმა ამ ტელევიზიის თვითრეგულირების საბჭოში უნდა იდავოს, ეს იყო კანონის სულისკვეთება ყოველთვის, ეს დაანგრია „ქართულმა ოცნებამ“ და ახლა ჩვენ უნდა მივცეთ კომუნიკაციების კომისიას უფლება, რომ მან შინაარსში შეაღწიოს და რაც მათ არ მოეწონებათ და არ იქნება მათთვის მისაღები, ყველაფერს გაასაჩივრებენ.
კომუნიკაციების კომისია, რა თქმა უნდა, კობახიძის საჩივარს დააკმაყოფილებს, ჯერ გააფრთხილებს, შემდეგ ფინანსურად დასჯის, ბოლოს – ავტორიზაციას შეუჩერებს“ – ამბობს ზვიად ქორიძე.

ზვიად ქორიძე
მას ვკითხეთ, მაშინ რა უნდა უწოდოს ჟურნალისტმა „ოცნების“ პარლამენტს თუ არა არალეგიტიმური, რადგან ფაქტია, რომ „ოცნების“ პარლამენტს არ აქვს სათანადო აღიარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზეც.
ზვიად ქორიძის თქმით, საქართველოს პარლამენტში კანონით 150 დეპუტატი უნდა იყოს წარმოდგენილი, დღეს პარლამენტს ჰყავს 86 დეპუტატი, 64 ადგილი ცარიელია, რადგან ოპოზიცია არ შედის პარლამენტში და მათი უფლებამოსილება არ არის ცნობილი, შესაბამისად, ასეთი პარლამენტი არ არის სრულფასოვანი.
„შესაბამისად, როდესაც ჟურნალისტი იტყვის, რომ ეს ე.წ. პარლამენტია, ამ შემთხვევაში ჟურნალისტი იტყუება თუ არა, ეს არავინ უნდა გადაწყვიტოს, გარდა მაყურებლისა, რომელსაც ჟურნალისტი ეუბნება, რომ მე ასე ვუყურებ ამ პარლამენტს ფაქტობრივ მონაცემზე დაყრდნობით. რადგან ეს არ არის სრულფასოვანი საქმიანობა პარლამენტის და ამიტომ არის „ე.წ. პარლამენტი“.
ეს რომ თქვას ჟურნალისტმა, ამით ის არ არღვევს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს და თუ კონკრეტულ მაყურებელს მიაჩნია, რომ აქ არის დარღვევა, მან უნდა იჩივლოს მაუწყებლის თვითრეგულირებაში, მაგრამ ეს „ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს.
დღეს ბიძინა ივანიშვილის დიქტატურაზე ვსაუბრობთ და არა დემოკრატიული მმართველობის წესზე. ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ ჟურნალისტმა გააკეთა შეფასება, აღწერა ფაქტი, რაც რეალურად არის, ეს არ მოსწონს ივანიშვილს, რადგან ეს რეალობა ეწინააღმდეგება იმ სტატუს კვოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მოსწონს.
ამიტომაც ის ამბობს, სიტყვა „რეჟიმი“ არ გამოიყენოო, მაგრამ ის, რომ რეჟიმია ქვეყანაში, ჟურნალისტმა უნდა აღწეროს. ამ რეჟიმს აქვს სასამართლო, რომელიც მთლიანად კლანურ პრინციპზეა დამყარებული და ეს კლანი არის დამოკიდებული ივანიშვილის ნებაზე. ეს არის ამბავი, რომელიც ჟურნალისტმა საზოგადოებას არ უნდა დაუმალოს.
ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს სასამართლო, პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებაა და შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილთან. ეს იქნება ადმინისტრაციული წესით მოქალაქეების დასჯა თუ სისხლის სამართლის წესით პოლიტიკურად დევნილი ადამიანების მიმართ… იმიტომ არიან ისინი დღეს საპატიმრო დაწესებულებაში, რომ ამ რეჟიმმა დაატყვევა. ამ რეჟიმისთვის მიუღებელია ამ ადამიანების საქმიანობა.
მაგრამ ის, რომ ეს ფაქტი ფაქტად მიაწოდოს მედიამ საზოგადოებას, არ მოსწონს „ქართულ ოცნებას“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
მისი შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელიც ივანიშვილის ქვეშევრდომი უწყებაა, მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც სურს „ოცნებას“.
„ბიძინა ივანიშვილს კი უნდა, რომ მედია გააჩუმოს. ამიტომ დაწერა ბოკუჩავამ, რომ არ უნდა იყოს გამოყენებული ტერმინი „სახელმწიფოს მიტაცება“.
მაგრამ თუ მოქალაქეს არ მოეწონება მაგალითად, „იმედის“, „პოსტ-ტვ“-ის ან „რუსთავი 2-ის“ სიუჟეტები და დაწერს საჩივარს, მათ შემთხვევაში მარეგულირებელი იტყვის, რომ არა, ეს ტელეკომპანიები იქცევიან კარგად, რადგან ამ შემთხვევაში მარეგულირებელი კომისიაც და ეს კანონიც პოლიტიკური ბრძოლის იარაღია.
უნდა დავინახოთ, რომ დღეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია ბიძინა ივანიშვილს აქვს მიტაცებული და იმ მედიის გაუქმება სურს, რომელიც არ მოსწონს, რომელსაც ვერ აკონტროლებს, ვერ ერევა მის სარედაქციო პოლიტიკაში“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, რა დარჩა თავისუფალ მედიას თავისი უფლებების დასაცავად? – ვკითხეთ ზვიად ქორიძეს.
მისი აზრით, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიამ საზოგადოებას ზუსტად მიაწოდოს ინფორმაცია:
„უნდა ვთქვათ სინამდვილე. ეს სინამდვილე დააყენა „ქართულმა ოცნებამ“, ეს რეალობა შექმნა ივანიშვილმა და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა ვდგავართ დიქტატურის პირისპირ. ჩვენ ამას მოვერევით ან დიქტატურა გადაყლაპავს ყველაფერს.
დღეს ივანიშვილმა მაღალეთიკური ჟურნალისტიკის კეთების შესაძლებლობა მოუსპო ტელევიზიებს, გაზეთებსა და ონლაინ პლატფორმებს, რადგან შექმნა ისეთი გარემო, რომ ჟურნალისტები გამოიყვანა მათი საქმიანობის ჩარჩოებიდან და აქცია აქტივისტებად.
ჟურნალისტიკის ეშინია ბიძინა ივანიშვილს, მას ურჩევნია დაანგრიოს ეს სისტემა ასეთი ფსევდოკანონებით, ეს არის მისი ამოცანა და ჩვენ ამ თამაშში არ უნდა ჩავყვეთ“ – ამბობს ზვიად ქორიძე.
მისი აზრით, ჟურნალისტებმა საზოგადოებას მკაფიოდ უნდა უთხრან, რომ კანონები, რომელიც თითქოსდა ხალხის ინტერესებით მიიღო ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, თვალთმაქცობაა.
„ივანიშვილს ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი, გაანადგუროს, გააუქმოს მედია. ეს კანონი როდესაც შემოიტანა, ამოქმედებიდან მეორე დღესვე მოქმედებაში მოიყვანა და დააწერინა ვინმე ნათია ბოკუჩავას საჩივრები, რომლითაც ხდება დევნა სატელევიზიო მედიის, შემდეგ გადავლენ ონლაინ მედიაზე, რადგან კახა ბექაურს და კომუნიკაციების კომისიას ყოველთვის ჰქონდა ამის სურვილი და მცდელობა, ეკონტროლებინა ონლაინ მედიაც საქართველოში.
ეს არის დიქტატურის ფორმულა და ეს მედიამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, რადგან დღეს ყველაზე მთავარი პარტნიორები დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ არის საზოგადოება და მედია.
თუ ეს კავშირი დაიკარგება, გარწმუნებთ, რომ დიქტატურა გაიმარჯვებს. თუ საზოგადოება მართლა დაინახავს იმას, რაზეც დღეს მედია ელაპარაკება და სწორად გაიაზრებს ამას, მაშინ აუცილებლად ერთად მოვერევით დიქტატურას. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი ფორმულა – საზოგადოება და მედია.
და ეს პროტესტი და გზავნილი უნდა იყოს ძალიან მკაფიო, რომ საქართველოში ჩვენ არ დავუშვებთ დიქტატურას და ყველა მეთოდით დავუპირისპირდებით. სხვა შემთხვევაში საზოგადოებას ძალიან ადვილად მოერევა დიქტატურა.
ჩვენი ამოცანაა, არ გავუშვათ ერთმანეთს ხელი – საზოგადოებამ და მედიამ, ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დიქტატურა ქვეყანაში დამარცხდეს და დავუბრუნდეთ ნორმალურ, დემოკრატიული მართვის წესებს“ – ამბობს ზვიად ქორიძე.