სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ ახერხებს პროგრამულად ინფორმაციის მიღებას ქონების ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა კრიპტოაქტივი, ფასიანი ქაღალდები; ასევე ვერ უზრუნველყოფს სათამაშო ბიზნესის სუბიექტებთან მოვალის ქონების პროგრამულად იდენტიფიცირებას და სააღსრულებო ქმედებების განხორცილებას. ანუ, ბიურო ვერ ახერხებს აღნიშნული ქონების მოძიებას და დაყადაღებას, რაც აღსრულების ნაწილში პრობლემურია.
„ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას. არსებული პრაქტიკით, ბიურო მოვალის ქონებას იძიებს ადმინისტრაციულ ორგანოებში, ბანკებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ელექტრონული პროგრამისა და მიმოწერის გამოყენებით“, – წერს აუდიტი.
აუდიტმა აღსრულების ეროვნული ბიუროს 2020-2024 წლების სააღსრულებო პროცესი შეისწავლა და ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
ამ ანგარიშში აუდიტი წერს, რომ „კრიპტოაქტივის თითოეულ ერთეულს გააჩნია საბაზრო ღირებულება, იგი შეიძლება იქნეს ემისირებული, ჰყავდეს მესაკუთრე, გადაეცეს საკუთრების უფლება სხვას და დაიყოს ნაწილებად, შესაძლებელია მისი შესყიდვა და გაყიდვა. თუმცა, ამავე დროს, კრიპტოაქტივი არ არის გადახდის კანონიერი საშუალება და არც ელექტრონული ფული, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2020-2022 წლებში ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების [VASP] საქმიანობა არ ექცეოდა ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა ბაზარზე საქმიანობდნენ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობდნენ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ მომსახურებას.
2023 წლის 1-ლი იანვრიდან მომსახურების მიწოდებისთვის სავალდებულო გახდა საქართველოს ეროვნულ ბანკში VASP-ად რეგისტრაცია. მომსახურების გაწევის უფლებამოსილება მიენიჭათ ასევე ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებს – კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და საბროკერო კომპანიებს, თუმცა მათ მიერ აღნიშნული მომსახურება არ ხორციელდება.
ფულადი სახსრების მიღება/გაცემა ხორციელდება შემდეგი არხების გამოყენებით: საგადახდო ბარათები; საბანკო გადარიცხვები; ელექტრონული საფულეები; თვითმომსახურების კიოსკები [ნაღდი ფული]; სალარო [ნაღდი ფული].
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, VASP-ების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ 2,5 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო 2023 წელს მოქმედი მსხვილი VASP-ების ტრანზაქციების მოცულობამ, ჯამურად შეადგინა − 1,07 მილიარდი ლარი.
2023 წლის მდგომარეობით, ბაზარზე მოქმედ მსხვილ VASP-ებს ჰყავდათ, დაახლოებით 75 000 კლიენტი, მათ შორის, 95% საქართველოს რეზიდენტი. 2022 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 13%-ით იყო გაზრდილი.
ეროვნულ ბანკში წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადებისა და ბიზნესგეგმების გათვალისწინებით, ვირტუალური აქტივის მომსახურება შეიძლება შეფასდეს მზარდ სექტორად.“
რაც შეეხება ფასიანი ქაღალდების ბაზარს, ის საქართველოში რეგულირებულია ეროვნული ბანკის მიერ.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში ფუნქციონირებს: 10 საბროკერო კომპანია, 3 დამოუკიდებელი რეგისტრატორი, 2 საფონდო ბირჟა და 1 ცენტრალური დეპოზიტარი.
საქართველოს ბაზარზე კი, კორპორაციული ობლიგაციების დინამიკა მზარდია და 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის შეადგენს 695,2 მილიონ ლარს.
აუდიტის ამავე ანგარიშის მიხედვით „აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ უზრუნველყოფს სათამაშო ბიზნესის სუბიექტებთან მოვალის ქონების პროგრამულად იდენტიფიცირებას და სააღსრულებო ქმედებების განხორცილებას.
კანონმდებლობით, პირი სათამაშო ანგარიშზე თანხის შეტანისა და გატანისთვის იყენებს სხვადასხვა საშუალებას [ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებული პროდუქტი; სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი სალარო; ობიექტებზე განთავსებული სალარო; მომსახურების გადახდის აპარატი; ელექტრონული საფულე].
აღსრულების ბიურო კი მოვალის ქონების იდენტიფიცირებას ახერხებს მხოლოდ საბანკო დაწესებულებებში მოვალის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, შესაბამისად, მოვალეს რჩება შესაძლებლობა აარიდოს ქონება იძულებითი აღსრულების პროცესს“.
აუდიტი წერს, რომ „მოვალის ქონების მოძიება შედეგზე ორიენტირებული აღსრულების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ქონების მოძიებასთან დაკავშირებით კი არსებობს გამოწვევები, რომლებიც გავლენას ახდენს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობაზე.
მაგალითად:
- მოვალეთა რეესტრიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ბიურო საქართველოს ეროვნული ბანკიდან ავტომატურად ვერ იღებს ინფორმაციას ბანკის ლიცენზირების შესახებ, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს ბანკებთან მათი ლიცენზირებისთანავე ხელშეკრულების გაფორმებას და მოვალის შესახებ დაცული ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიმოცვლას.
- ბიუროს ყველა საბანკო დაწესებულებასთან არ აქვს ხელშეკრულება დადებული, ასევე ბიურომ ვერ უზრუნველყო საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოებთან ინფორმაციის მიმოცვლის შესახებ დადებული ხელშეკრულების წარმოდგენა, თუმცა დგინდება ამგვარი ხელშეკრულების დასადებად მიმართული აქტიური მიმოწერის არსებობა. - ქონების მოძიებისა და დაყადაღების პროცესში ბიუროს მიერ გამოყენებული მიდგომით, ყადაღისაგან უსაფუძვლოდ თავისუფლდება ის თანხა, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო პენსიასა და სოციალურ დახმარებას და ირიცხება ამ მიზნით გამოყენებულ ანგარიშებზე.
- დასაკავებლად გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძიების პროცესში, ბიურო ვერ იყენებს ყველა შესაძლო ადმინისტრაციული ორგანოს რესურსს.
- ბიურო ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის მოძიებას ქვეყანაში მზარდ, ქონების ისეთ მსხვილ მიმართულებებზე, როგორებიცაა, კრიპტოაქტივი, ფასიანი ქაღალდები და სათამაშო ბიზნესში დანერგილი სხვადასხვა თანხის ვირტუალურად შენახვის საშუალებები.“
აუდიტის რეკომენდაციაა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, „ქონების ყველა სახეობაზე აღსრულების განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებთან, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლებთან, სათამაშო ბიზნესის სუბიექტებთან ელექტრონული საკომუნიკაციო გზების შემუშავება და მოვალის ქონების მოძიება.“