მთავარი,სიახლეები

„დასავლეთის მხარდაჭერის შემთხვევაში უკრაინის წარმატება გარდაუვალია“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

06.06.2025 •
„დასავლეთის მხარდაჭერის შემთხვევაში უკრაინის წარმატება გარდაუვალია“ – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„ასეთ ოპერაციას, ასეთი გეოგრაფიით და გაშლილობით ვერ ჩაატარებ, თუ ქვეყნის [რუსეთის] შიგნით არ გაქვს სერიოზული მხარდაჭერა და დასაყრდენი. გამოჩნდა, რომ უკრაინელებს უფრო სერიოზული დასაყრდენი აქვთ რუსეთში, ვიდრე რუსებს უკრაინაში,“ – პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის დაკვირვებით უკრაინელების წარმატებულ შეტევაში ეს მნიშვნელოვანი მომენტიც გამოიკვეთა.

პოლკოვნიკს აქამდეც ჰქონია ეჭვი, დრონებით ისეთ სიღრმეებში ურტყამდნენ რუსებს, რუსეთის ტერიტორიიდან აფრენდნენ დრონებსო.

„არცერთ ქვეყანას არ გაუძლია ასეთი ომისთვის, რასაც გაუძლო უკრაინამ. შოკური მომენტი უკრაინამ გადაიარა. ახლა უკვე უკრაინასაც აქვს ინტერესი, ომი გააგრძელოს. უკრაინამ უნდა გამოფიტოს რუსეთი და დაამარცხოს. ეს რეალურია, მაგრამ ამას რამდენიმე წელი დასჭირდება,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი.

„ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილეა.

  • ბატონო ლაშა, კიევის გარდა რუსეთი დრონებით და რაკეტებით წუხელ უტევდა ლვოვს, ტერნოპოლს, ლუიცკის. რა შეიცვალა რუსეთის მიდგომებში უკრაინის წარმატებული შეტევის შემდეგ?

არაფერი არ შეცვლილა. მხოლოდ მასობრივი დაბომბვები და შეტევებია.

რუსეთს ცვლილებისთვის არც ინტელექტუალური და არც ფიზიკური რესურსი არ აქვს. რა რაკეტებიც აქვს, ყველაფერს ისვრის. ამას „სვარკას“ ეძახიან. უკვე იმდენჯერ ესროლა რუსეთმა უკრაინას, ყავლი გაუვიდა.

სარაკეტო თავდასხმის დროს უკრაინაში მთავრობის მხარდაჭერა პირიქით იზრდება, რადგან ის იცავს მოსახლეობას.

  • მოგვიყევით უკრაინის შეტევაზე: როგორ მოახერხეს უკრაინელებმა ჯერ რუსეთის აეროდრომებზე დარტყმა და თვითმფრინავების განადგურება, შემდეგ კი, ყირიმის ხიდის დაზიანება? რა მასშტაბის წარმატებაა ეს?

უკრაინული სპეცსამსახურები მსოფლიოში ყველაზე დახელოვნებულია რუსეთის წინააღმდეგ სპეცოპერაციების ჩატარებით. ასეთი სპეცოპერაცია, რაც ახლა ვნახეთ, მე არსად მინახავს. არც წამიკითხავს სადმე. ეს იყო მართლაც ძალიან მასშტაბური ოპერაცია, ძალიან დიდი გამოგონების უნარით, კარგი დაგეგმვით და მისი შესრულებით.

საკვანძო საკითხი მაინც ისაა, რომ უკრაინელებს, როგორც ჩანს, რუსეთის შიგნით საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ, რომლებიც უკრაინელებს ეხმარებოდნენ ლოჯისტიკის გამართვაში.

  • რა მიგანიშნებთ ამას? 

როცა აკვირდები ამ მასშტაბის წარმატებულ ოპერაციას, ეს იკვეთება. რაღაც არის, რასაც ახალ ამბებში ვერ გეტყვიან და წიგნებში ვერ ამოიკითხავ, მაგრამ ასეთ ოპერაციას, ასეთი გეოგრაფიით და გაშლილობით ვერ ჩაატარებ, თუ ქვეყნის შიგნით არ გაქვს სერიოზული მხარდაჭერა და დასაყრდენი. გამოჩნდა, რომ უკრაინელებს უფრო სერიოზული დასაყრდენი აქვთ რუსეთში, ვიდრე რუსებს უკრაინაში.

აქამდე როცა უკრაინულ დრონებს ვაკვირდებოდი, მითქვამს კიდეც, რომ ისეთ სიღრმეებში ურტყამდნენ – ტექნიკურად შეუძლებელია დრონმა ამხელა თავდაცვითი ხაზი უპრობლემოდ გაიაროს-მეთქი. დიდი ალბათობით, ეს დრონები რუსეთის ტერიტორიის შიგნიდან ფრინდებოდნენ.

როგორც ჩანს, უკრაინა საკმაოდ კარგად მუშაობს რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით მზად არიან ებრძოლონ პუტინის რეჟიმს.

  • რა მასშტაბის წარმატება იყო რუსეთის აეროდრომებზე შეტევა? 

ეს იყო მნიშვნელოვანი წარმატება, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით: პუტინს სახეში გაულაწუნეს სილა, აგრძნობინეს, რომ არაა ისეთი მაგარი, როგორც თვითონ იძახის. გამოჩნდა ისიც, რომ პუტინს რეალურად პასუხის გაცემაც არ შეუძლია და ვერაფერს ახალს ვერ აკეთებს, გარდა იმისა, რასაც აქამდე აკეთებდა.

მხოლოდ ბირთვულ შანტაჟი გვესმის. დავიღალეთ.

  • 41 სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც უკრაინელებმა რუსეთში გაანადგურეს, რუსეთის ბირთვული ტრიადის ნაწილია. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება რუსეთის ბირთვული შესაძლებლობაც?

არა. ამ შეტევით რუსეთის ბირთვული, ან სტრატეგიული შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რამდენი თვითმფრინავი დაზიანდა. დადასტურებულად ვიცით, რომ 9 ან 10 ბომბდამშენი დაზიანდა, ასევე სხვა საფრენი აპარატები, რაც სერიოზული ზარალია სტრატეგიული ფლოტისთვის, როგორც სამხედრო, ისე ფინანსური თვალსაზრისით. ეს ძალიან დიდი ზარალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რუსეთს გამოელია სტრატეგიული ბომბდამშენები.

არც რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეა რეალური – ეს სხვა კატეგორიის იარაღია და მისი გააქტიურება ყველა ქვეყანაში, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი, გამოიწვევს ბირთვული პროტოკოლის გააქტიურებას, რაც რთულ პროცესებთან იქნება დაკავშირებული. ასე რომ, ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთი მიიღებს მძიმე შედეგებს.

  • თქვენი აზრით, ყირიმის ხიდის დაზიანება როგორ მოახერხეს უკრაინელებმა? 

უკრაინელები დიდი ხანია ცდილობენ ყირიმის ხიდის დანგრევას. ალბათ დაანგრევენ კიდეც ერთ მშვენიერ დღეს. ეს ხიდი რკინა-ბეტონისაა და კარგად გამართული ნაგებობაა კონსტრუქციულად, მისი დანგრევა არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩემი ვარაუდით, მოიფიქრებენ რამეს.

  • ამ ხიდის დანგრევა შეიძლება ყირიმის დაბრუნების პირობა გახდეს? 

შესაძლოა. ყირიმის დაბრუნების პირობა შეიძლება ეს ვერ გახდეს, მაგრამ სერიოზულად შეასუსტებს ყირიმის თავდაცვისუნარიანობას.

  • აფეთქებები იყო რუსეთში რკინიგზაზე. ბრიანსკის, კურსკის და ვორონეჟის ოლქების შემდეგ რკინიგზაზე აფეთქება მოხდა ბელგოროდის ოლქშიც. ამ კუთხით რა ხდება?

ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს ამ აფეთქებებზე, მაგრამ რკინიგზა არის სრულიად ლეგიტიმური სამიზნე უკრაინისთვის – რუსეთი რკინიგზას იყენებს ჯარის იარაღით მოსამარაგებლად.

  • ამ შეტევის მიუხედავად არ იცვლება რუსეთის მოთხოვნები – პუტინი, პირველ რიგში, უკრაინისგან ნეიტრალიტეტს და ნატოზე უარს ითხოვს. ჩანს ცეცხლის შეწყვეტის პირობა ამ ეტაპზე?

არ ჩანს ცეცხლის შეწყვეტის პირობა. ამის შანსი იყო, რომ მიღწეულიყო ცეცხლის შეწყვეტა უპირობოდ, მაგრამ ამ მომენტმა გაიარა. ასე რომ, ეს ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

  • პუტინს, ძირითადად, პოლიტიკური მიზნებისთვის არ აწყობს ცეცხლის შეწყვეტა – საჩვენებლად, რომ ის ისევ უტევს უკრაინას – თუ არსებობს სამხედრო არგუმენტიც? 

პუტინის მიდგომებში რაციონალურობა არ იგრძნობა. წესით და რიგით პუტინს უნდა აწყობდეს ცეცხლის უპირობო შეწყვეტა, რადგან დაკავებული ტერიტორიებიდან აღარ გამოდევნიან, ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა, მაგრამ არ აწყობს. პუტინი იძახის: დამნებდით, ან დამამარცხეთო.

დანებებით არ დანებდებიან. მას ალბათ დაამარცხებენ.

  • მნიშვნელოვანია ამ პროცესში აშშ-ს პოზიცია. ანალიტიკოსების ნაწილის დაკვირვებით, ამ დრომდე ტრამპს მიაჩნდა, რომ რუსეთი ძლიერია და ამიტომ სუსტმა უკრაინამ მას უნდა დაუთმოს. რა შეიცვალა უკრაინის წარმატებული შეტევის შემდეგ?

ტრამპს და მის გუნდს მცდარი პოზიცია ჰქონდათ – ეგონათ, რომ რუსეთისთვის რაღაც უნდა დაეთმოთ. აშკარად იკვეთება, რომ რუსეთის მიმართ დათმობა აშშ-თვის ნიშნავს ევროპელ მოკავშირეებთან კონფრონტაციაში შესვლას. ევროპამ კი, ძალიან თვალსაჩინოდ აჩვენა ძალიან დიდი კონსოლიდაციის უნარი, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.

ამიტომაც, აშშ-ს აწყობდა, თუ მშვიდობა დამყარდებოდა – ამით ტრამპი პოლიტიკურ ნიშანს დაიწერდა, მაგრამ ეს შეცდომა იყო. ცხადია რუსეთის პოზიცია: დამნებდით! აშშ-ს მხრიდან იყო მცდელობები, მაგალითად, ყირიმზე იყო საუბარი, შეიძლებოდა მოლაპარაკებები ყოველ შემთხვევაში აშშ-ს მხრიდან, მაგრამ რუსეთმა ყველაფერს წაუყრუა. რუსეთის პოზიციაა: გინდათ მშვიდობა? გაიყვანეთ ჯარები და დამიკანონეთ ეს ტერიტორიები, ნატოზე ყველამ უარი თქვით და ასე შემდეგ.

  • თქვენი დაკვირვებით, ამოწურულია უკვე მოლაპარაკების რესურსი – ტრამპი პუტინს ამ პროცესში აღარ შეჰყვება? 

ძალიან ძნელი სათქმელია, რა გააკეთებს ტრამპი, თუმცა ამ დრომდე რაც ჩანს: საქმით არაფერში არ შეჰყოლია ტრამპი პუტინს. ტრამპი რაღაცებს იძახდა, თუმცა გამოჩნდა, რომ რასაც იძახდა, ასე არ არის.

უკრაინა იღებს დახმარებას აშშ-დან ახლაც. უკრაინა არ უჩივის შეიარაღების ნაკლებობას. კონგრესის დამტკიცებამდე, როგორც იცით, წარმოიშვა გარკვეული პრობლემები და ეგ იყო. სამაგიეროდ ძალიან გააქტიურდნენ ევროპელი მოკავშირეები.

  • დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და აშშ-მა უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას განიხილავენ. რას ნიშნავს, მაგალითად, შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება, რომელ მნიშვნელოვან სამიზნეებზე შეიძლება მიიტანოს უკრაინამ იერიში გერმანული Taurus-ებით?

უკრაინას შეუძლია იერიშის მიტანა მოწინააღმდეგის მართვით პუნქტებზე, მოწინააღმდეგის სიღრმეში კონსოლიდაციის ადგილებზე. ამ იარაღით ძალიან ბევრი მიზანი შეიძლება განადგურდეს. „ტაურუსი“ საკმაოდ მძლავრი რაკეტაა.

  • შეიძლება ამ შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება გარდამტეხი აღმოჩნდეს? 

ჩემი აზრით, არ არსებობს შეიარაღება დედამიწაზე, რომელიც ამ ომში გარდამტეხი აღმოჩნდება. შესაძლოა, ამან ცვლილება შეიტანოს, მაგრამ ამ ომმა უკვე მიიღო გრძელი, ჩასანგრებული, მძიმე თავდაცვითი სახე. ამას სჭირდება დრო და გამოფიტვა: რომელი გამოიფიტება პირველი?

ყველა ინდიკატორის მიხედვით, ომს დიდი ქვეყანა აგებს – ამ შემთხვევაში რუსეთი, რადგან დიდ ქვეყანას დიდი ხარჯები აქვს.

არცერთ ქვეყანას არ გაუძლია ასეთი ომისთვის, რასაც გაუძლო უკრაინამ. შოკური მომენტი უკრაინამ უკვე გადაიარა. ახლა უკვე უკრაინასაც აქვს ინტერესი, ომი გააგრძელოს. უკრაინამ უნდა გამოფიტოს რუსეთი და დაამარცხოს.

ეს რეალურია, მაგრამ ამას რამდენიმე წელი დასჭირდება.

  • მიდის რუსეთი გამოფიტვისკენ, ემჩნევა ეს ფრონტის ხაზს? 

ფრონტის ხაზზე უკვე თვეებია არაფერი არ ხდება. ერთი სოფელი აქეთ იქნება თუ იქეთ, მნიშვნელოვნად არაფერს ცვლის.

რუსეთი მიდის გამოფიტვისკენ. დასავლეთის მხარდაჭერის შემთხვევაში უკრაინის წარმატება გარდაუვალია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: