„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ უცნობმა პირებმა მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს, მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ და აიძულეს ჩაეწერა ვიდეო, რომელშიც იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
„ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა ხუთი ნიღბიანი პირი. მას ეს ხუთი ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს. ამ ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩასვეს მანქანაში, აუხვიეს თვალები და თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით“, — განაცხადა დღეს, 9 ივნისს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას მეუღლის, კოტე იოსელიანის ვიდეო გუშინ, 8 ივნისს გავრცელდა. ვიდეოში კოტე იოსელიანი ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის ბოდიშს უხდის მისი ორიენტაციის შესახებ 7 წლის წინ გაკეთებული კომენტარის გამო.
თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა მეუღლის პოვნას, რეკავდა მის კუთვნილ ტელეფონზე, თუმცა მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ შეძლო. ბოკუჩავას თქმით, გატაცების ზუსტი მიმართულების დადგენა შეუძლებელია, თუმცა დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი გატაცების შემდეგ ბევრი საათის განმავლობაში ჰყავდათ ე.წ. მოდულის შენობაში.
„ადგილზე მიყვანის შემდეგ გამტაცებლები 8 საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ მისი გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის ჩვენი უფროსი, 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ორ-წლინახევრის ტყუპის ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა და მას ემუქრებოდნენ კონკრეტულად ბავშვების უსაფრთხოებით“, — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავას აზრით, მისი ქმრის გატაცების რეალური მიზეზი არა უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, არამედ ენმ-ის თავმჯდომარის დაშინებაა, რადგან მიიჩნიეს, რომ მას ვერ დაიჭერენ.
„ყველას პირადი ცხოვრება პირადია. წერტილი. მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ უტა ივანიშვილზე 7 წლის წინ გაკეთებული განცხადება, რომელზეც კოტემ ფაქტიდან 3 დღეშივე საჯაროდ მოიხადა ბოდიში, გუშინდელი ძალადობრივი გატაცების რეალური მიზეზი არ არის. ეს არის მხოლოდ საბაბი.
რეალური მიზეზი კი არის ჩემი დაშინება და გაჩუმება. მინდა, ბიძინა ივანიშვილის, მისი ყველა ოჯახის წევრის, კოტეს გამტაცებლების და გატაცების დამკვეთების, მათ შორის გელა გელაძის — რომელიც როგორც მეუბნებიან, მე როდესაც აშშ-ში პოლიტიკურ მეცნიერება ვსწავლობდი, ვანო მერაბიშვილის ყურმოჭრილი მონა იყო, გასაგონად ძალიან გარკვევით ვთქვა: არ მეშინია, არ გავჩუმდები და ვიბრძოლებ თქვენი ძალადობრივი, მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის“, — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა 8 ივნისს ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟს.
ვიდეოში იოსელიანი ამბობს, რომ “რაღაც გარემოებები შეიქმნა”, რის გამოც იძულებულია ამ ფორმით მოიხადოს ბოდიში უკვე მეორედ, 7 წლის შემდეგ. თუმცა, არ განმარტავს, რა გარემოებებზეა საუბარი.
2018 წელს კოტე იოსელიანმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის შვილსა და “ქართული ოცნების” იმდროინდელ მაღალჩინოსანს შორის სასიყვარულო ურთიერთობაზე. მან თქვა, რომ ამის შესახებ “ქალაქში ჭორი დადის”. მოგვიანებით, მან ბოდიში მოიხადა და მალევე აქტიური პოლიტიკიდან წავიდა.
“ბოდიშს ვიხდი, თუკი არაეთიკურად გამოვიდა და ვინმეს გრძნობებს შევეხე”, – თქვა იოსელიანმა ჯერ კიდევ 2018 წელს.
კოტე იოსელიანი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ საჯაროდ იშვიათად ჩნდება. მათ შორის, არ არის აქტიური სოციალურ ქსელებში. ფეისბუქზე მისი ბოლო საჯარო პოსტები 2020 წლით თარიღდება. 5 წლის შემდეგ მან პირველად დაპოსტა და სოციალურ ქსელში უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოსახდელად ვიდეო ატვირთა.