მთავარი,სიახლეები

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა? – არგუმენტები

06.06.2025 •
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა? – არგუმენტები

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა? – ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი. პოლიტიკური პარტიების ნაწილი კატეგორიულად ამბობს არას, ნაწილის პოზიცია კი ბუნდოვანია, თუმცა ამ ბუნდოვანებაში ჩანს, რომ შესაძლოა, მათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

საქართველოს ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები 1919 წელს ჩატარდა. მეორედ კი 72 წლის შემდეგ, 1991 წელს. მას შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი ძალა გავა მარტო, თუ მასში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ, ჯერ უცნობია.

მაგრამ არის კი ბოიკოტი გამოსავალი?

  • არგუმენტები არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოდ

არჩევნებში მონაწილეობით ოპოზიციას ეყოლება წარმომადგენლობები ადგილობრივ თვითმმართველობაში, „ქართული ოცნება“ ნაწილობრივ მაინც დაკარგავს თავის ძალაუფლებას რეგიონებში, ოპოზიციური პარტიები მიიღებენ კუთვნილ პარტიულ დაფინანსებას. ამასთან, არჩევნებში მონაწილეობა არის ცვლილებების მიღწევის დემოკრატიული გზა.

არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება შესაძლებელს გახდის პროტესტი გადავიდეს კიდევ უფრო ქმედით ფაზაში. არჩევნებში მონაწილეობის მომხრეთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია ის, რომ შესაძლებელი ხდება ოპოზიციამ „ოცნებას“ წაართვას დიდი ქალაქები, ისეთები, როგორიცაა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი.

  • არგუმენტები არჩევნების ბოიკოტის სასარგებლოდ

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი წინაპირობა, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება თავისუფალ და სამართლიან გარემოში.

ქვეყანას ჰყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, არალეგიტიმური პარლამენტი იღებს კანონებს, რომელიც ემუქრება სამოქალაქო და მედია სივრცეს გაქრობით, პოლიტიკური ლიდერები დაპატიმრებულები არიან, ქვეყანას არ ჰყავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია, არსებობს არჩევნების გაყალბების მაღალი რისკი და არჩევნებზე სრულფასოვნად დაკვირვება შეუძლებელია.

  • „არჩევნები არის ბრძოლაში შესვლა და არა თამაშში შეყოლა“

„ოპოზიციის მიერ არჩევნებში არ მონაწილეობა რას ჰგავს იცით? კრწანისის ველზე რომ არ გასულიყვნენ ქართველები, იმიტომ, რომ შაჰ აბასს დიდი ლაშქარი ჰყავს, მაინც წავაგებთ და რა აზრი აქვს, არ გავიდეთო,“ – ასეთ შედარებას იყენებს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი. ის ემხრობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას და რამდენიმე არგუმენტი მოჰყავს თავისი პოზიციის დასასაბუთებლად.

ის მიიჩნევს, რომ მიმდინარე საპროტესტო მუხტი უნდა გაერთიანდეს ორი მიზნის გარშემო: ერთის მხრივ აიძულონ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი არჩევნებისთვის ნორმალური გარემო შექმნას, მეორეს მხრივ – „ამ არჩევნების მოსაგებად საჭიროა ფართო და კოორდინირებული ოპოზიციური კამპანიის წარმოება“.

გოგოლაშვილი თვლის ყველა იმ მოთხოვნას, რაც უნდა თან სდევდეს ასეთ გადაწყვეტილებას.

„პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, დემოკრატიული თავისუფლებების შემზღუდველი კანონების უკან გაწვევა; თავისთავად, ამ კანონებიდან წარმოშობილი ყველა უსამართლო ჯარიმის, ადმინისტრაციული სასჯელისა თუ სხვა სახის ვალდებულების გაუქმება; სარჩევნო კანონმდებლობის მოწესრიგება და მისთვის დემოკრატიული იერ-სახის დაბრუნება; პარტიებისთვის ჩამორთმეული სახელმწიფო დაფინანსება აღდგენა, მათთვის ვინც საარჩევნო ბარიერი 2024 წელს გადალახა, მიუხედავად იმისა, ცნეს თუ არა მათ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად – ეს აუცილებელია ადგილობრივი სარჩევნო კამპანიის ეფექტურად ჩასატარებლად”.

კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი გადადგამს ნაბიჯს და გამოაცხადებს გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობაზე, ამის გამო ის არ უნდა დაამუნათონ და საარჩევნო პროცესში არ უნდა შეუშალონ ხელი.

„არჩევნებში მონაწილეობა უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის ტრიგერი. ადგილობრივი არჩევნები ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, ლეგალური, კონსტიტუციური პროცესი, რომელიც არ შეიძლება დააბრალო „ოცნებას“ და თქვა, რომ რადგან ადგილობრივ არჩევნებს ატარებს, კონსტიტუციას არღვევს. პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ თავად, როგორც ხელისუფლება არალეგიტიმურია, არჩევნების დანიშვნა არის კონსტიტუციური მოთხოვნა. ამ თვალსაზრისით ის ემორჩილება კანონმდებლობას,“ – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

მისი თქმით, არავის ილუზია არ აქვს, რომ ამომრჩევლის ნება თავისუფლად იქნება გამოხატული, მაგრამ არის შანსი, რომ „ოცნებას“ ოპოზიციამ წაართვას დიდი ქალაქები.

„იმის ძახილი, რომ გააყალბებს მაინც და აზრი არ აქვს, არ არის სწორი. ეს არის უკან დახევა და ქაოსისთვის გზის მიცემა“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

კახა გოგოლაშვილი

პოლიტოლოგი აქცენტს აკეთებს იმაზე, რა მოხდება, თუკი „ქართული ოცნება“ ისევ გააყალბებს არჩევნებს, ეგზიტპოლებში კი განსხვავებული შედეგი დაიდება. იგი მიიჩნევს, რომ ეს დამატებითი პოლიტიკური არგუმენტი იქნება ხალხის ხელში.

„აი, უკვე მეორეჯერ მივედით არჩევნებზე და მეორედაც გაგვიყალბეს. გაჩნდება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური პროცესი და ამინდი კიდევ უფრო ასწიო. ხალხმა უფრო იგრძნოს ის უსამართლობა, რაც არსებობს ქვეყანაში.

მე ვფიქრობ, არჩევნებში მონაწილეობის გამოცხადება და ამის ირგვლივ ადამიანების დარაზმვა შესაძლებელს გახდის, რომ პროტესტი გადავიდეს კიდევ უფრო ქმედით ფაზაში.

უფრო მეტი ხალხი მობილიზდეს და ის მოთხოვნები, რომელიც ქუჩაში გაიჟღერებს – მაგალითად: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, კანონების გაუქმება, პოლიტიკური პარტიებისთვის დაფინანსების მიცემა, რომელიც ჩემი აზრით, სრულიად უკანონოდ აქვთ წართმეული… ამ ყველაფრის თავიდან დაყენება და ამის გარშემო ხალხის მობილიზება არის ბრძოლაში შესვლა და არა თამაშში შეყოლა“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

  •  „თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რეჟიმს გაუხსნის ახალ სუნთქვას და მოახდენს ლეგიტიმაციას“

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი არ ემხრობა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, კრიზისი, რომელიც ახლა ქვეყანაშია შექმნილი, საფრთხეს უქმნის არამხოლოდ საქართველოს ევროპულ მომავალს, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობას. სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად კი საჭიროა რეჟიმის ცვლილება.

პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ თუ რეჟიმი არ შეიცვლება, ქვეყანა ვერ გააგრძელებს გზას დასავლეთისკენ, დარჩება რუსეთის პირისპირ, რაც „გარდაუვალად ნიშნავს საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვას“ და რაც მთავარია, ვერ მოგვარდება პოლიტპატიმრების საკითხი.

„ჩვენი [ოპოზიციის] ერთადერთი ამოცანა უნდა იყოს რეჟიმის ცვლილება. ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც გადავდგამთ იმისთვის, რომ ეროვნულ ინტერესებს მოემსახუროს, უნდა ემსახურებოდეს რეჟიმის ცვლილების ამოცანებს.

ჩვენი ღრმა რწმენით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არათუ არ ემსახურება რეჟიმის ცვლილების ამოცანებს, არამედ გადაავადებს ამას. რეალურად რეჟიმს გაუხსნის ახალ სუნთქვას, გაუკეთებს ლეგიტიმაციას.

იმას ვერ ვიტყვი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შედეგად რეჟიმის რეპუტაცია აღდგება დასავლეთში – ეს არ მოხდება, მაგრამ დაუბალანსებს იმას, რომ „აი, ასეთი ქვეყანაა“ – დაახლოებით შუა აზიური ქვეყნის მსგავს ჩამორჩენილ ქვეყნად ჩამოყალიბდა საქართველო, სადაც ოპოზიცია ეგუება რუსული ყაიდის მმართველობას. ამ დონეზე დასტაბილურდება დასავლეთის და საქართველოს ურთიერთობა,“ – მიიჩნევს თამარ ჩერგოლეიშვილი.

თამარ ჩერგოლეიშვილი. ფოტო: „ტაბულა“

პოლიტიკოსი კატეგორიულია თავის შეფასებებში და ამბობს, რომ „ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც არ უნდა შევიდეს თვითმმართველობის არჩევნებში, ნიშნავს, რომ უბრალოდ აღიარებს პროტესტის მარცხს, თვლის, რომ ახალი არჩევნები მიუღწეველია და მიდის რეჟიმის თამაშში იმისათვის, რომ პარტიული უპირატესობა მოიპოვოს“.

თამარ ჩერგოლეიშვილი იხსენებს ისტორიას ქვეყნის უახლესი წარსულიდან. 2010 წელს ოპოზიციამ 4-თვიანი კრიზისი შექმნა, თვეების განმავლობაში გადაკეტილი იყო რუსთაველი, თუმცა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიდი უპირატესობით დასრულდა.

„ტრიუმფით მოიგო არჩევნები ნაციონალურმა მოძრაობამ 2010 წელს და ივანიშვილის შემთხვევაშიც სრული ტრიუმფით დამთავრდება. თუ არ ვცდები, გიგი უგულავას ჰქონდა 55%, ირაკლი ალასანიას ჰქონდა 20% და მიულოცა კიდეც ალასანიამ გამარჯვება უგულავას. აღიარა არჩევნების შედეგები. იგივე მოხდება ახლაც,“ – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.

პოლიტიკოსი თავისი არგუმენტის გასამყარებლად იხსენებს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, მასში მიხეილ სააკაშვილის საეჭვო გამარჯვებას და ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც წინ უძღოდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ თუ ე.წ. მეინსტრიმ ოპოზიცია ამ ცდუნებას გაუძლებს, არსებობს შანსი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის.

„თუ ოთხი, ბარიერგადალახული, მეინსტრიმ პარტიიდან არცერთი არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილს კრიზისი უმძიმდება და ახალი არჩევნების ჩანიშვნის შანსები რადიკალურად იზრდება. რეალურად ეს მოხდება.

თუ თვითმმართველობის არჩევნები ჩაუვარდათ და მეინსტრიმ ოპოზიციამ ამაში მონაწილეობა არ მიიღო, შეუძლებელია, რომ ახალი არჩევნების გარეშე გადარჩნენ.

თუ ერთმა ან ორმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა, „ლელო“ იქნება ეს თუ გახარია, მაგ შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ ახალი არჩევნების იდეა არის სრულიად გადავადებული. რეჟიმი რჩება და მერე ყოველდღე მიდის „ტილაობა“ ოპოზიციურ პარტიებს შორის.

ეს მოხდება, მეტი არაფერი. ბიძინას ტრიუმფით დასრულდება თუ დემორალიზებული საპროტესტო ელექტორატის ხარჯზე შევედით,“ – ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.

  • „ასეთ პირობებში გამორიცხულია არჩევნებზე ლაპარაკი“

არჩევნებში არ მონაწილეობის იდეას ემხრობა ლევან ცუცქირიძე, „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი.

„პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ლიდერების მოტაცება და დაკავება უკანონოდ და უსამართლოდ; ერთპარტიული კონტროლი საარჩევნო ადმინისტრაციაზე; გაყალბების და მანიპულაციის კიდევ უფრო მძიმე და ახალი ფორმები; არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობის პრაქტიკულად მოსპობა; სამოქალაქო და მედია სივრცის განადგურებამდე მიყვანა – ეს არის პირობები, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას შეუძლებელს ხდის ჩვენთვის.

ასეთ პირობებში გამორიცხულია რაიმე კონკურენტულ არჩევნებზე ლაპარაკი.

შესაბამისად, „თავისუფლების მოედნის“ მონაწილეობა ასეთ პირობებში, ამ არჩევნებში იქნებოდა მონაწილეობა დემოკრატიის განადგურების პროექტში. ამიტომ ჩვენ კატეგორიულად უარს ვამბობთ ასეთი პირობებით არჩევნებში მონაწილეობაზე,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

პოლიტიკოსი არჩევნებში მონაწილეობის აზრს მხოლოდ არსებული პირობების ცვლილების შემთხვევაში ხედავს. იგი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიბმულია პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან, ახალ საპარლამენტო არჩევნებთან, საარჩევნო გარემოს იმგვარ ცვლილებასთან, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარების გონივრული შანსი გაჩნდეს.

„შედეგის მიღწევის საუკეთესო გზა თავისუფლებისა და დემოკრატიის ბრძოლაში, არის ოპოზიციური პარტიების საერთო სტრატეგია და მიდგომა ძირითად საკითხებზე. ეს არჩევნებიც ასეთი საკითხია, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას კოორდინაციისკენ და საერთო პოზიციის ქონისკენ. ჩვენი პოზიცია ნათელია ამასთან დაკავშირებით,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ ახლანდელი სიტუაციის შედარება და წარსულის მაგალითების გათვალისწინება რთულია, რამდენიმე მიზეზის გამო.

„აქამდე არჩევნების და მმართველი პარტიის ლეგიტიმაცია არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენ არასოდეს გვყოლია მმართველი პარტია, რომელიც აღიარებული არ იქნებოდა, არასოდეს არ გვყოლია ძალაუფლების მქონე მთავრობა, რომელიც იქნებოდა სანქცირებული. ასეთი მკაცრი შეფასებები არჩევნების აქამდე მე არ მახსოვს. არის 2003 წლის არჩევნების შესახებ ეუთოს ანგარიში, მაგრამ ისიც კი შეიძლება ჩამორჩებოდეს 2024 წლის არჩევნების შეფასებას. ახლა გვაქვს სრულიად განსხვავებული ვითარება და ამ ვითარებაში ეს არის არგუმენტები, რატომ არ უნდა გავიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

რას იგებს „ქართული ოცნება“ თუკი ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე წავა და რას აგებს – თუკი ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა სამივე რესპონდენტს დაუსვა. 

თამარ ჩერგოლეიშვილი: „თუ ოპოზიცია არ შევა არჩევნებში, მაშინ კრიზისი უმძიმდება „ოცნებას“, ლეგიტიმურობის ეროზია გრძელდება. ლეგიტიმურობის ეროზია გვჭირდება.

რატომ მიხარია, რომ გზა იკეტება ყოველდღე ბევრი ხალხით ან ცოტა ხალხით – იმიტომ, რომ თუ ცოტა ხალხით გზას აკეტინებს ე.ი. ეშინია ბევრი ხალხის. ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. თვითმმართველობის ბოიკოტი განაპირობებს ლეგიტიმაციის პრობლემის გაღრმავებას.

ამას მივიღებთ ჩვენ, თუ ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან ორი პარტია მიიღებს მონაწილეობას, ბიძინა დაასრულებს ტრიუმფით. ხაზარაძე ჩაანაცვლებს ნაცებს და იქნება მეორე მიშა, თუ ნაცებმა არ მიიღეს და ლელომ და გახარიამ მიიღო [არჩევნებში მონაწილეობა]. ან დაელოდება იმას, რომ იქნება მდინარემ ბიძინას გვამი ჩამოატაროს და თვითონ დახვდეს პრემიერად“.

კახა გოგოლაშვილი: „ქართული ოცნება“ წააგებს იმ შემთხვევაში, თუკი ქართველი ხალხი გავა არჩევნებზე. თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა ტოტალური გამარჯვების მოპოვება, თბილისსა და რუსთავში ოპოზიციას გამარჯვების რესურსი მაინც აქვს.

ისტორიული პროცესი აჩვენებს, სწორედ ოპოზიციური დიდი ქალაქების მერები შემდგომში იმარჯვებენ ცენტრალურ არჩევნებში. სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ჯერ გაიმარჯვა საკრებულოში და მერე გამოიყენა ეს ტრიბუნა ცენტრალურ არჩევნებში გასამარჯვებლად.

თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოუცხადებს არჩევნებს, არჩევნები არ ჩაიშლება, მასში მიიღებენ მონაწილეობას „ქართული ოცნება“ და მისი სატელიტი პარტიები. ზოგიერთი პატარა პარტიაც, რომლებიც შეიძლება არ არიან პირდაპირი სატელიტები, მაგრამ ისინი არ ემიჯნებიან არჩევნებს.

შედეგად „ოცნება“ მთელ მსოფლიოს დაანახებს, რომ აი, ჩავატარე არჩევნები, რომელიც არ გამიყალბებია. დაითვალეთ, ვინც გინდა ჩამოდით, ნახეთ, თუ გნებავთ ყველა დოკუმენტაციას გადაგიშლით და ნახავთ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ სუფთად ამ არჩევნებში.

ეს იქნება სწორედ ის, რაც შეარყევს ამ პროტესტის მუხტს. ეს შეარყევს ასევე საერთაშორისო დამოკიდებულებას „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც დღეს თვლის, რომ ის არის გამყალბებელი ძალა.

იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ მარტო გავა არჩევნებზე, როგორც დიდი ძალა და დანარჩენები – პატარ-პატარა სატელიტები, ვერავინ დააბრალებს, რომ „ოცნებამ“ გააყალბა ეს არჩევნები.

იტყვიან, რომ აი, შეუძლია „ქართულ ოცნებას“ სუფთა არჩევნების ჩატარება და ოპოზიციამ თუ თვითონ არ მოინდომა ე.ი. მართლა რევოლუციის გზით უნდათ მოსვლა და დესტაბილიზაცია და იმიტომ არ მოდიან არჩევნებზე.

ასეთ არგუმენტებს მიიღებს „ქართული ოცნება“ ამის შედეგად.

ლევან ცუცქირიძე: „მე ასე მარტივად ვერ შევხედავ ამას – გააჩნია რა პირობებში და რა გარემოებებში.

თუ არაფერი არ იცვლება და გაყალბებულ არჩევნებში გადიხარ, საზოგადოებას ეუბნები – „მოდი, იგივე წრეზე წავიდეთ. კიდევ მოგვატყუეს, კიდევ გაგვიყალბეს და ა.შ.“ ეს სხვა ვითარებაა.

თუ რაღაც იცვლება და გადის ოპოზიცია არჩევნებზე, სხვა საკითხია. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ გადის ოპოზიცია არჩევნებზე. გადის როგორც ფრაგმენტირებული, ცალ-ცალკე, თან „ოცნებას“ უპირისპირდება და თან ერთმანეთს, თუ როგორ გადის?! ამიტომ ასე მარტივად ნუ დავაყენებდით საკითხს. მე ვიტყოდი – გააჩნია რა პირობებში და როგორი ალიანსით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

ჩემთვის ერთი რამ არის ცხადი – ნებისმიერ თანაბარ არჩევნებში „ოცნება“ დამარცხდება. ადგილობრივი იქნება ეს თუ საპარლამენტო“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: