დღეს, 5 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმელი აქტივისტის, ციალა ქათამიძის საქმე განიხილა.
ციალა ქათამიძე ერთი და იმავე ქმედებისთვის, სტიკერის გაკვრისთვის მოსამართლემ მეორედ დააჯარიმა, ამჯერად 1000 ლარით.
2025 წლის 27 მარტს მოსამართლე სალიხ შაინიძემ გაყალბებული საქმის მიუხედავად ციალა ქათამიძე სამართალდამრღვევად მიიჩნია და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
„სტიკერის გაკვრის საქმეზე“ ციალა ქათამაძე, მედიამენეჯერ და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მსგავსად, სასამართლოში ხელახლა დაიბარეს.
სტიკერის – „იფიცება საქართველო“ გაკვრის გამო ციალა ქათამიძე ბათუმში 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე დააკავეს – მან სტიკერი საჯარო სივრცეში, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან, ასფალტის საფარზე გააკრა. აქტივისტი ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დააკავა ასკ-ის 150-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს იერსახის დამახინჯებას, თუმცა ასკ-ის150-ე მუხლის საფუძველზე პოლიციას არ აქვს ვინმეს დაკავების უფლება.
ამიტომაც, ისევე, როგორც მზია ამაღლობელის საქმის შემთხვევაში, ციალა ქათამიძის დაკავება პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს და გამოიგონეს ფაქტი: ციალა ქათამიძე და მზია ამაღლობელი თითქოს ერთნაირი ფრაზებით შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს და თითქოს ისინი სტიკერის გაკვრის გამო კი არ დააკავეს – რაც აქციაზე გადაღებულ უწყვეტ ვიდეოკადრებში მკაფიოდ ჩანს – არამედ პოლიციელების შეურაცხყოფის და წინააღმდეგობის გაწევის [ასკ-ის 173-ე მუხლი] გამო.
2025 წლის 11 იანვრის აქციიდან სამ თვე-ნახევრის გასვლის შემდეგ – 2025 წლის 28 აპრილს, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ პატაკი დაწერა: მოქალაქე ციალა ქათამიძემ სტიკერი დააკრა პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთანო.
2025 წლის 28 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ჩვენება გრიგოლ ბესელიამ მისცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა. სხვა პოლიციელების მსგავსად, პოლიციის ხელმძღვანელიც გამოიჭირეს ტყუილში ადვოკატებმა. გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც [იერსახის დამახინჯება], მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს ასეთი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.
„მას [გრიგოლ ბესელიას] ჰგონია და, რაც მთავარია, ასე ეგონა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრის გამო შენობის იერ-სახის დამახინჯება] არისო…,“ – განაცხადა 28 აპრილის სასამართლო სხდომის შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
ასკ-ის 150-ე მუხლით სამართალდარღვევის ოქმი არც ციალა ქათამაძის მიმართ არსებობდა, თუმცა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომიდან 2 დღეში, 2025 წლის 30 აპრილს, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, [სწორედ მასზე სილის გაწვნის გამო ედავებიან მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას] პატაკით მიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს, გიორგი ბუხრაშვილს.
პოლიციელებმა ოქმში ჩაწერეს, რომ ციალა ქათამიძე ირაკლი დგებუაძემ კი არ დააკავა, რაც კადრებით დასტურდება, არამედ სხვა პოლიციელებმა. ამ საქმეზე ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ და მარიანა ფომაევამაც უარი თქვა.
დღეს, 5 ივნისს, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციელმა ირაკლი გორგილაძემ თქვა, რომ შლაგბაუმთან ციალა ქათამიძემ სტიკერი გააკრა იმის მიუხედავად, რომ მას ირაკლი დგებუაძემ მოუწოდა, არ გაეკრა სტიკერი სამმართველოს შესასვლელთან.
ეს ამბავი 11 იანვარს მოხდა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს, ირაკლი გორგილაძეს კი, სტიკერის გაკვრაზე ახსნა-განმარტება 28 აპრილს შეუდგენია.
„მოისმინეთ აქციაზე ვინმესგან შეურაცხმყოფელი ფრაზები?“- ჰკითხა მოწმეს საია-ს იურუსტმა თამარ წულუკიძემ.
„იყო მსგავსი ფაქტები…“- დაიწყო თხრობა პოლიციელმა, თუმცა ის მოსამართლემ შეაჩერა, შეურაცხყოფის შემთხვევა უკვე განიხილა სასამართლომო.
მოსამართლემ შსს-ს წარმომადგენლის, თეა ლაღაძის პოზიცია გაიზიარა, რომლის მიხედვითაც ციალა ქათამიძე სტიკერის გაკვრის გამო კი არ დააკავეს – რაც ვიდეო კადრში ჩანს – არამედ განარიდეს და სტიკერის გაკვრის საქმეს არ აქვს შემხებლობა პოლიციელების შეურაცხყოფასთან.
პოლიციელმაც თავის ცრუ ჩვენებაში თქვა, ციალა ქათამიძე ი არ დააკავეს, არამედ განარიდესო, თუმცა ვერ განმარტა, რა პროცედურაა ეს სამართლებრივად.
მოსამართლეს სამუშაო მაგიდაზე უკვე სახალხო დამცველის ამიკუსი, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელის და ცუალა ქათამიძის საქმეებში განმეორებითი მსჯავრდების ნიშნები ჩანს, რაც კანონით და ევროსასამართლოს მიერ დადგენილი ნორმებით დაუშვებელია.
„შეურაცხყოფას მაყენებს, ჩემს განცხადებებს ეხმაურება – „ვაა“ და ასე შემდეგ წამოძახილებით…“- მოსამართლეს მიმართა შსს-ს წარმომადგენელმა, თეა ლაღაძემ დარბაზში მყოფი მოქალაქის, თედო ზოიძის შესახებ.
მოსამართლემ სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ დარბაზიდან თედო ზოიძე გააძევა.

ფოტო: „ბათუმელები“
მალევე პოლიციელს დაემშვიდობნენ და შემდეგი მოწმე – ისევ პოლიციელი თენგიზ კვირკველია გამოიძახეს.
„რატომ არ დატოვეთ მოწმე დარბაზში, ვიდრე მორიგი მოწმე შემოვა? რა გარანტია არსებობს, რომ მათ შორის კომუნიკაცია არ შედგება?“- დარბაზიდან შეკითხვით მოსამართლეს აქტივისტმა გოჩა მჟავანაძემ მიმართა.
„სასამართლო უზრუნველყოფს ამას“- დარბაზს გამოხედა მოსამართლემ, თუმცა არ უთქვამს, რა გამორიცხავს მოწმეებს შორის კომუნიკაციას.
თენგიზ კვირკველია ციალა ქათამიძის მიმართ სამართალდამრღვევის ოქმის შემდგენი პოლიციელია.
„სად არის დაშვებული სტიკერის გაკვრა? რატომ ჩათვალეთ, რომ იქ (საჯარო სივრცეში, პოლიციის შესასვლელთან) სტიკერის გაკვრა არ შეიძლებოდა?“- პოლიციელს მიმართა ადვოკატმა ირმა აბაშიძემ.
„ეს კანონმდებლობითაა განსაზღვრული,“- დაბნეულობა დაეტყო მოწმეს. მან ვერ განმარტა და ვერც განმარტავდა, რატომაა სამართალდარღვევა სტიკერის გაკვრა მით უმეტეს საჯარო სივრცეში, შენობის შესასვლელთან, ასფალტის საფარზე.
„აძვრა ეს სტიკერი, თუ დარჩა დაზიანებული იერსახე?“- ირონია დაეტყო ციალა ქათამიძეს.
„ეს არ ვიცი“- ისევ შეიშმუშნა მოწმე.

ფოტო: „ბათუმელები“
სამართალდამცველმა ისიც თქვა, რომ სტიკერის გაკვრა, მისი შეხედულებით, „გამოხატვის თავისუფლებაში არ ჯდებოდა“.
საიას იურისტი, ირმა აბაშიძე დაინტერესდა ამ მუხლით, რომელიც შენობის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს, სხვა შემთხვევებზე ოქმი თუ შეუდგენია ოდესმე შსს-ს.
არსებული პრაქტიკის მიხედვით, იერსახის დამახინჯებაზე ოქმებს მერიის მუნიციპალური ინსპექცია ადგენს.
„კი, ასეთი ოქმები არსებობს, მეც შემიდგენია“,- კონკრეტიკას ისევ აარიდა თავი პოლიციელმა თენგიზ კვირკველიამ.
საიას იურისტმა ირმა აბაშიძემ შემაჯამებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა მოწმე პოლიციელზე – ირაკლი ელიაძეზე, რომელმაც ჩვენება სასამართლოს მაშინ მისცა, როცა ციალა ქათამიძე იგივე ქმედების გამო პირველად გაასამართლეს.
„…მაშინ მისი გაფრთხილება შსს-ს წარმომადგენლებმა ვერ მოასწრეს და მან სასამართლოს ის უთხრა, რაც რეალურად მოხდა და რაც კადრებში ჩანს: ციალა ქათამიძე სტიკერის გაკვრის გამო დავაკავეთო,”- აღნიშნა ირმა აბაშიძემ.
იურისტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბათუმის მერიისგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია: სად შეიძლება სტიკერის გაკვრა, სად არის ამისთვის გამოყოფილი ადგილი, მაგალითად, ბათუმში?
ბათუმის მერიამ ეს შეკითხვები პასუხგაუცემელი დატოვა.
იურისტმა თამარ წულუკიძემ კი, მოსამართლეს ვრცლად ესაუბრა იმაზე, როგორ დასტურდება ერთი და იგივე ქმედების გამო რომ გასამართლდა ციალა ქათამიძე.
თამარ წულუკიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ დაკავების დროს – რასაც შსს განრიდებად ასაღებს – ციალა ქათამიძეს ჩამოართვეს ტელეფონი.
„ვიცი, რომ არსებობს ერთი სიმართლე… ქვაფენილზე სტიკერის გაკვრა რომელი ნორმითაა სამართალდარღვევა?“- იკითხა სხდომის დასასრულს ციალა ქათამიძემ.






