მთავარი,სიახლეები

18 მარტს თემურ ქათამაძის სასამართლო პროცესი გაიმართება – ის ლტოლვილის სტატუსს ითხოვს

17.03.2025 •
18 მარტს თემურ ქათამაძის სასამართლო პროცესი გაიმართება – ის ლტოლვილის სტატუსს ითხოვს

ხვალ, 18 აპრილს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ქათამაძის პროცესი გაიმართება. საქმეს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე განიხილავს. სასამართლომ ბათუმის აქციების მედროშისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა განიხილოს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროცესს თემურ ქათამაძე დაესწრება.

თემურ ქათამაძე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას ითხოვს. იგი ამბობს, რომ თურქეთში მას საფრთხე ემუქრება და სურს საქართველოში დარჩეს.

თემურ ქათამაძის უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საიას ადვოკატის, მარიამ გაბროშვილის ინფორმაციით, თურქეთის მხარის მიერ თემურ ქათამაძის მიმართ დაწყებულია დევნა:

„გამოცემულია მისი დაკავების ბრძანება, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მის საქმიანობას, რადგან ის ხელმძღვანელობდა ქართულ ეთნიკურ ჯგუფს და ცდილობდა ამ ჯგუფის  პოპულარიზებას. ითხოვდა სკოლაში ქართული ენის სწავლებას, მიმართავდა ამ მოთხოვნით განათლების სამინისტროს და პრეზიდენტს. მიმართავდა ტელე-რადიო მაუწყებლებს, რომ იმ რეგიონებში, სადაც არიან საქართველოდან გადასახლებულები, მათ შორის მუჰაჯირების შთამომავლები, ტელე-რადიოგადაცემები ყოფილიყო ქართულად.

მისი მსგავსი პოზიციონირებიდან გამომდინარე ის ფიქრობს, რომ საფრთხე მოელის, თურქეთის საელჩოდან აქვს ინფორმაცია, რომ არის მისი დაკავების ბრძანება გამოცემული. დამატებით ინფორმაციას კიდევ რას შეიძლება  უკავშირდებოდეს ეს გადაწყვეტილება, არ აწვდიან. ამიტომაც ითხოვს ლტოლვილის სტატუსს“ – ამბობს მარიამ გაბროშვილი.

ადვოკატის ინფორმაციით თემურ ქათამაძე თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ ეტაპზე ის გადის რეაბილიტაციის პროცესს შიმშილობის შემდეგ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წარუდგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება თემურ ქათამაძის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმეზე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:

თემურ ქათამაძის წინააღმდეგ თურქეთში გაცემული დაკავების ორდერი: სასამართლომ უნდა შეაფასოს მისი გაცემის საფუძვლები და გამოძიების სანდოობა. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, თემურ ქათამაძემ თურქეთისგან ვერ მიიღო ინფორმაცია მისი საქმის მიმდინარეობის შესახებ, მიგრაციის დეპარტამენტმა კი სათანადოდ არ შეაფასა მისი შესაძლო დაკავების შემთხვევაში არასათანადო მოპყრობის რისკები და მიიჩნია, რომ საფრთხე არ ემუქრება.

პოლიტიკური დევნის რისკები: მიგრაციის დეპარტამენტს არ შეუფასებია თემურ ქათამაძის შესაძლო დევნა პოლიტიკური მოტივით. სასამართლომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა თურქეთიდან და ობიექტურად შეაფასოს დევნის რისკები. თურქეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა – ასევე, ქვეყანაში ფეჰთულაჰ გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ თვითნებური სისხლის სამართლებრივი დევნა და მართლმსაჯულების ბაზისური გარანტიების არარსებობა.

თემურ ქათამაძე მიიჩნევს, რომ მისი დაკავების ორდერი გიულენის მოძრაობის წევრებთან მეგობრობას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოძრაობის წევრი არასდროს ყოფილა; საქართველოსთან ღრმა სოციალური კავშირები – მისი გაძევების შემთხვევაში ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის რისკი.

ეჭვის განმცხადებლის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი: სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ თავშესაფრის მაძიებლებს ყოველთვის არ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი განცხადებები დოკუმენტურად დაასაბუთონ, ამიტომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეჭვის შემთხვევაში განმცხადებლის სასარგებლოდ უნდა შეფასდეს.

თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია და თურქეთში ეთნიკური ქართველების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და აქტივისტია. ის საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ ქვეყანა არ დაუტოვებია. 2019 წლამდე ის ქვეყანაში სამუშაო ვიზით იმყოფებოდა, თუმცა 2020 წელს მისთვის ვიზა აღარ გაახანგრძლივეს.

საქართველოში ცხოვრების განმავლობაში თემურ ქათამაძემ სამჯერ [2012, 2015, 2019] სცადა საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება, თუმცა ყველა ჯერზე უარი მიიღო. მისი მოქალაქეობასთან დაკავშირებული დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლიდან მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ დამდგარა. მისი გაძევების საკითხი სახელმწიფოს არასდროს განუხილავს, სანამ პოლიციამ ბათუმის აქციაზე აქტიურობისთვის თვითნებურად არ დააკავა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: