2024 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სუფრის გაშლა დაიწყეს.
რუსთაველზე მაგიდებს საქართველოს დროშის ფერების, თეთრი და წითელი გადასაფარებლები გადააფარეს და აქციის მონაწილეებმა საკვების დალაგება დაიწყეს. ესაა ტკბილეული, ციტრუსი, ხილი, კანფეტები, სხვადასხვა საკვები…
ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია ბევრი ფორმით გამართულა, სუფრა იშლება, როგორც პროტესტის და ერთიანობის სიმბოლო.
რუსთაველის გამზირზე ღამის 10 საათიდან იკრიბებიან მოქალაქეები. აქცია სახელწოდებით -„ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე“ რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. „ამ ქვეყანაში მხოლოდ ჩვენ ვართ ლეგიტიმური – ქართველი ხალხი“ – წერია ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქზე.
რუსთაველის გამზირზე წელს ტრადიციული, საახალწლო კონცერტი, რომელსაც თბილისის მერია მართავს, არ იქნება. დედაქალაქის მთავარი ქუჩა მთლიანად დაიკავა საპროტესტო მოძრაობამ, რომელიც საქართველოში უკვე 34 დღეა, უწყვეტად გრძელდება.
თვეზე მეტია საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა. პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები.
არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს. საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.
ნახეთ ფოტოები, რა ხდება თბილისში, რუსთაველზე, 2024 წლის 31 დეკემბერს.
საახალწლო სუფრა რუსთაველზე. თბილისი, 31 დეკემბერი. ფოტო: „ნეტგაზეთი“/ნათია ცქიფურიშვილისაახალწლო სუფრა რუსთაველზე. თბილისი, 31 დეკემბერი. ფოტო: „ნეტგაზეთი“/ნათია ცქიფურიშვილისაახალწლო სუფრა რუსთაველზე. თბილისი, 31 დეკემბერი. ფოტო: „ნეტგაზეთი“/ნათია ცქიფურიშვილისაახალწლო სუფრა რუსთაველზე. თბილისი, 31 დეკემბერი. ფოტო: „ნეტგაზეთი“/ნათია ცქიფურიშვილისაახალწლო სუფრა რუსთაველზე. თბილისი, 31 დეკემბერი. ფოტო: „ნეტგაზეთი“/ნათია ცქიფურიშვილისაახალწლო სუფრა რუსთაველზე. თბილისი, 31 დეკემბერი. ფოტო: „ნეტგაზეთი“/ნათია ცქიფურიშვილი
„საქართველოს საზოგადოების ნაწილის მიერ წამოყენებული ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა უნდა იქნას განხილული ხელისუფლების მიერ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გულწრფელი დიალოგის გზით,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დღეს, 31 დეკემბერს გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის [„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები] საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე.
„ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებული ვართ საქართველოში პოლიტიკური კრიზისით, რომელიც განვითარდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით. კრიზისის მიზეზი არის საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და მის მიერ ევროპული გზიდან გადახვევა.
ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს თავისი კურსი და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს დაუბრუნდეს, ევროპული ნორმებისა და ღირებულებების დაცვისა და რეფორმების განხორციელების გზით,“ – აღნიშნულია „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია მშვიდობიან მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ ლიდერებზე ძალადობის ფაქტებზე. განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ბოლო დასკვნაზე, რაც „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების შეფასებით, ადასტურებს მათ შეშფოთებას:
„მკაცრად ვგმობთ გასული კვირების ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიისა და ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ და ვახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების პატივისცემისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის შეკრებისა და მედიის თავისუფლების დაცვის პასუხისმგებლობას. ასევე ვგმობთ პოლიტიკოსების მიმართ მუქარას.
„ქართული ოცნების“ რეპრესიულმა პოლიტიკურმა კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ რეაქციულად გამოიწვია ჩვენი ურთიერთობების გაუარესება, როგორც ევროპულ, ისე ეროვნულ დონეზე და ჩვენი დახმარებისა და თანამშრომლობის შემცირება საქართველოს ხელისუფლებასთან.
შესაბამისად, აღვასრულებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის აკრძალვაზე და განვიხილავთ დამატებით ზომებს, როგორც ევროკავშირის, ისე ეროვნული დონეზე.
ეუთოს/ოდირის საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოვლენილი მასშტაბური დარღვევებითა და ბრალდებების საპასუხოდ არასათანადო გამოძიებებით, ადასტურებს ჩვენ შეშფოთებას საარჩევნო პროცესების სრულფასოვნებზე. არჩევნები არ ჩატარდა ევროკავშირის კანდიდატისგან მოსალოდნელი სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან და აღდგეს საზოგადოებრივი ნდობა ქართული დემოკრატიის მიმართ. OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების და სტანდარტების განხორციელების, ასევე საქართველოს საზოგადოების ნაწილის მიერ წამოყენებული ახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა უნდა იქნას განხილული ხელისუფლების მიერ ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გულწრფელი დიალოგის გზით.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს,“ – აღნიშნულია გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
___
28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააჟღერა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, თბილისსა და სხვა ქალაქებში 34-ე დღეა, უწყვეტი მასობრივი პროევროპული პროტესტი მიმდინარეობს.
საქართველოს პარლამენტის თანამშრომელი, „ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის“ ერთ-ერთი შემქმნელი და გიდი, სოფო თოდუა სამსახურიდან გაათავისუფლეს.
სოფო თოდუამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ფეისბუქზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
„არ ხარ შენ, სოფიო, პარლამენტში მუშაობის ღირსი, რამეთუ უარ-ჰყავ ჭეშმარიტი ღმერთი და აღიარე ატროშანიო.
ასე გასრულდა ჩემი ათწლიანი „მოღვაწეობა“ საქართველოს პარლამენტში. ოთხწელიწადნახევარი ვიმუშავე ქართული ოცნების აპარატში. შემდეგ, მათივე რეკომენდაციით, ჩავები ერთ ძალიან კარგ პროექტში, რომელსაც „ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ ჰქვია. ამ მართლაც კარგი მუზეუმის შექმნაზე მუშაობდა 6-კაციანი ჯგუფი და ერთ-ერთი ვიყავი მეც. ასე რომ, დიახ, მეც მიმიძღვის ერთი მეექვსედი წილი ამ მუზეუმის გამართვაში. იქიდან მოყოლებული, საქმეს, რომელიც მე დამევალა, საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონია პოლიტიკასთან – 2019 წლიდან ვიყავი გიდი და ჩემს კოლეგასთან ერთად ვიღებდით უამრავ (2023 წელს 10 000 ვიზიტორს ვუმასპინძლეთ) ქართველ თუ უცხოელ სტუმარს, მათ შორის მაღალი რანგის დელეგაციების წარმომადგენლებს.
მას შემდეგ, რაც ოცნებამ რუსული კანონი მიიღო და ხალხი გარეთ გამოვიდა (ჯერ კიდევ გაზაფხულზე), მე, როგორც ნორმალურმა ადამიანმა, ეს ვერაფრით ვერ მოვიწონე.
ცხადია, მით უფრო ვერ მივიჩნევდი სწორ ნაბიჯად იმას, რაც დღეს ხდება. ამიტომ ხანდახან დავდიოდი აქციებზე – განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსთაველზე სიტუაცია იძაბებოდა, რადგან იქ ჩვენი შვილები იდგნენ და სახლში რა გაგვაჩერებდა?! რამდენჯერმე დავპოსტე კიდეც, რასაც ვფიქრობდი დღეს მიმდინარე მოვლენებზე.
აი, ეს გახდა ჩემი სამსახურიდან გაშვების მიზეზი და არა ის, რომ თურმე ექსკურსიების რაოდენობა იკვეცება და მე საჭირო აღარ ვარ.
ცნობისათვის, ექსკურსიების მსურველი იმდენია, ხშირად 2 თვით ადრეც ეწერებიან და წესით 2 კი არა, სულაც 4 გიდია საჭირო.
მე არ ვყოფილვარ საჯარო მოხელე, ხელშეკრულებით დასაქმებული პირი მერქვა და ჩემი მოცილება კიდევ უფრო მარტივი იყო – უბრალოდ აღარ გამიგრძელეს ხელშეკრულება. ეს ხალხი, – ოცნების ლიდერებს ვგულისხმობ, – დარწმუნებულნი არიან, რომ ერთხელ თუ აგიყვანენ სამსახურში, მთელი ცხოვრება მათი ყურმოჭრილი მონა უნდა იყო – მაშინაც კი, თუ თვითონ სიბრიყვეს ან დანაშაულს (ან ორივეს ერთად) ჩაიდენენ. სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილიც ამავე აზრზეა. გეტყვიან: „აბა, რა გეგონა, ენას რომ ატლიკინებდიო“.
ხომ ვერ იგუეთ ჩემნაირი ადამიანების მოზომილი კრიტიკა? დაასრულებთ ისე, როგორც ასრულებს ყველა რეჟიმი.
ჩემი უსამსახურობა მხოლოდ ჩემი პრობლემაა, მაგრამ ის, რაც თქვენ ჩაიფიქრეთ, ეხება უკლებლივ ყველას. და რა მართლები იყვნენ ისინი, ვინც ადრევე შეგიცნოთ და ვისაც მე ჯიუტად ვუმტკიცებდი, რომ თქვენი მმართველობა უკეთესი იყო სხვებისაზე. როგორც ჩანს, სანამ უშუალოდ შენ არ შეგეხება რამე ცუდი, არ გინდა სიმართლის დაჯერება. ეს ადამიანური სისუსტეა და, სამწუხაროდ, მეც არ ვარ გამონაკლისი.
P.S. რომ არ გავაღიზიანო თქვენი მხედველობის რეცეპტორები, ორთოდოქს ქოცებს, მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღებებს, ამოგშლით ჩემი ფრენდლისტიდან: მე და თქვენ ერთ სივრცეში ვეღარ ვიქნებით.
P.P.S. ასევე, ვინც პარლამენტში მუშაობთ და ჩემნაირად ფიქრობთ, არ მეწყინება, თუ გაატარებთ ამ პოსტს. თუ რატომ, ამის ახსნა საჭირო აღარაა,“ – წერს სოფო თოდუა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომელი თამარ ლომაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მან ამის შესახებ პოსტი ფეისბუქში გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მისი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი პოლიტიკურია.
„დღეს დამიბარეს და მითხრეს, რომ ხელშეკრულებას არ მიგრძელებენ. წინა დღეებში მკითხეს, რას ვაპირებდი, ვიცვლიდი თუ არა პოზიციას და ვივლიდი თუ არა კიდევ აქციებზე.
ვინც მიცნობთ, იცით, რა იქნებოდა ჩემი პასუხი – თუკი ვთვლი, რომ რაღაც არასწორია, გავაპროტესტებ ყველა პლატფორმაზე, სადაც შემეძლება“ – წერს თამარ ლომაძე.
თამარი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ის ბოლო ორი წელია, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა. მანამდე, 2016 წლიდან კი, პერიოდულად სხვადასხვა პოზიციაზე იყო დასაქმებული.
თამარ ლომიძე ამბობს, რომ მას ამ დროის განმავლობაში არასდროს მიუღია შენიშვნა.
„პროფესიული კუთხით არასდროს არაფერი დამიკლია ჩემი საქმისთვის. იმაზე მეტსაც ვაკეთებდი, ვიდრე საჭირო იყო. ამიტომ, მაქვს უსამართლობის ძალიან დიდი განცდა.
გულწრფელად ვერ ვხდები, როგორ გინდათ ვინმეს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც აზრის გამოხატვის გამო გათავისუფლებენ სამსახურიდან.
საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის წევრი“- ამბობს თამარ ლომაძე.
მას შემდეგ, რაც საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა პირებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და გაემიჯნნენ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ისინი აჩერებდნენ ევროპასთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე, „ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების სამსახურებიდან გათავისუფლებები დაიწყო.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებები, როგორც იურისტები აცხადებენ, რეპრესიული და არადემოკრატიულია.
„ბათუმელებმა“ სცადა დაკავშირებოდა ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თამარ კაიკაციშვილს. მისთვის გვინდოდა გვეკითხა, რატომ დევნიან ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით იმ უწყებაში, სადაც თვითონ არის მაღალი თანამდებობის პირი.
თამარ კაიკაციშვილი „ნაცების რეჟიმს“ თავად ადანაშაულებდა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე. თუმცა ახლა, „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
სქრინი თამარ კაიკაციშვილის ფეისბუქის გვერდიდან.თამარ კაიკაციშვილი
პროევროპულ აქციებზე პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის საქმეებზე 21 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგამოძიებო უწყებას ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმა“ მიმართა.
„2024 წლის ბოლოს მასშტაბური აქციების გადაღებისას კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს სპეცრაზმელები აყენებდნენ შეურაცხყოფას, სცემდნენ, აკავებდნენ და პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ.
„მედიაომბუდსმენი“ აგრძელებს დაცვის ქვეშ მყოფი პირების სამართლებრივ მხარდაჭერას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით,“ – აღნიშნულია „მედიამბუდსმენის“ მიერ დღეს, 31 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააჟღერა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, თბილისსა და სხვა ქალაქებში 34-ე დღეა, უწყვეტი მასობრივი პროევროპული პროტესტი მიმდინარეობს.
TI-ის ანგარიშისმიხედვით , 2024 წელს ჟურნალისტებზე ძალადობის, შევიწროების და დაშინების მცდელობების 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის დრო გახანგრძლივდება და პირველი იანვრის 01:00 საათამდე იმოძრავებენ.
„ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი „დაგეგმილ ახალი წლის ღონისძიებების“ გამო გახანგრძლივდა.
ბათუმის მერია დღეს, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე გალაკონცერტის გამართვას გეგმავს ევროპის მოედანზე.
ევროპის მოედნის მიმდებარედ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან კი 23:00 საათიდან დაიწყება პროევროპული საპროტესტო აქცია.
საპროტესტო აქციები ბათუმში 34-ე დღეა უწყვეტად იმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 დეკემბრის 21 საათიდან 1 იანვრის 21 საათამდე აჭარაში ღამით და დილით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,მაღალ მთაში – თოვა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 8– 13 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 4 – 9 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 0– 5 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 2-3 იანვარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
დღეს 31 დეკემბერს, აჭარის ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ, აჭარის არალეგიტიმური მთავრობა დაამტკიცა.
რიგგარეშე სხდომაზე, დღეს მხოლოდ ერთი საკითხი იყო გამოტანილი, – აჭარის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.
ანტიკონსტიტუციურმა უმაღლესმა საბჭომ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ისევ თორნიკე რიჟვაძე დაამტკიცა.
თორნიკე რიჟვაძემ თავის გამოსვლაში მადლობები უხადა ჯერ არალეგიტიმურ პრეზიდენტს, შემდეგ არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრს და „ქართულ ოცნებას“.
რიჟვაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ივანიშვილს, რომელიც აშშ-მა საქართველოში, რუსეთის სასარგებლოდ დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა.
„მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან ახალგაზრდა ასაკში მომცა შესაძლებლობა პოლიტიკაში პირველი ნაბიჯები გადამედგა“-ამბობს რიჟვაძე, რომელიც დასძენს, რომ სანქციებით, „ოცნების“ მიერ არჩეულ გზას ვერავინ გადაახვევინებთ.
„სწორედ ბიძინა გახლავთ ამის მაგალითი,“- თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
მან გამოსვლის ბოლოში ასევე ახსენა ფრაზა – „ერთიანი, ძლიერი და ევროპული საქართველო“, თუმცა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი 28 ნოემბერს სწორედ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ შეაჩერა.
მან ასევე ახსენა სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 2025-2028 წლის სამთავრობო პროგრამას, რომლის მთავარი პოსტულატი, როგორც რიჟვაძე ამბობს, არის „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით ევროპისკენ“.
არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ დღეს მინისტრებიც დაამტკიცა.
განათლების და კულტურის მინისტრად ისევ მაია ხაჯიშვილი დაამტკიცეს, სოფლის მეურნეობის მინისტრად ზაზა შავაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა ფუტკარაძე და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე.
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. არჩევნები არც საერთაშორისო თანამეგობრობას უღიარებია. 28 ნოემბრის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. თბილისსა და ბათუმში თითქმის ყოველდღე ათასობით ადამიანი იკრიბება და მოითხოვს ახალ არჩევნებს.
საპროტესტო აქციები „ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ სასტიკად დაარბია. დააკავეს და მძიმედ დაშავდა 400-მდე ადამიანი. აქედან 80-მდე პირი საავადმყოფოში მოხვდა. ამ დროისთვის პატიმრობა იმყოფება 50-ზე მეტი პირი.
საპროტესტო აქციების დასაშლელად „ოცნება“ იყენებდა ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავს და წიწაკის სპრეის. აქციის მონაწილეებს შავნიღბიანი პირები დაკავების შემდეგ სასტიკად უსწორდებოდნენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს.
ახალი წლის ღამეს ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
„31 დეკემბერს, 23:00 საათზე, ვიკრიბებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან! ერთად შევხვდეთ დიდი ცვლილებების წელს“ – ნათქვამია საპროტესტო აქციის ანონსში.
33 დღეა საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იკრიბებიან და აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლას.
საქართველოში პროევროპული აქციები 28 ნოემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე უარს ამბობდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე.
საჯარო რეესტრის თანამშრომელი ელზა გელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
„რამდენიმე საათის წინ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩემთან ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს, რის მიზეზადაც ჩემი როგორც კადრის საჭიროების არ არსებობა დასახელდა. რა თქმა უნდა, ამისი არავის სჯერა, როგორც ჩანს ამოქმედდა „კანონი შემცირებებთან“ დაკავშირებით.
ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც ვგმობდით ძალადობას, ჩვენს თანამოქალაქეებზე და ვითხოვდით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას.
ჩემთან ერთად გაუშვეს არაერთი ადამიანი, მათ შორის ქუთაისის ოფისიდან, ვისაც ასევე ჰქონდა პეტიციაზე ხელი მოწერილი. ეს ყველაფერი მოხდა სრულიად გაუფრთხილებლად, ახალი წლის წინა ღამით. რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ ბოლომდე, ჩვენი ევროპული მომავლისთვის და თუ ამის გამო უნდა ვიდევნებოდე, ესე იგი სწორი გზით მივლია აქამდეც.
მე ხვალ გავიღვიძებ ჩემს შვილთან ერთად და მისთვის თვალებში ჩახედვის არ შემრცხვება და თქვენ, რას მოუყვებით შვილებს??
და ბოლოს მივმართავ ჩემს ყოფილ კოლეგებს, ის რაც დღეს მოხდა არის კლასიკური დაშინებისა და რეპრესიების მაგალითი და თუ დღეს ამას ვინმე შეეგუება შემდეგი შეიძლება თვითონ იყოს !!!
წინ ევროპისკენ!“ – წერს სოციალურ ქსელში ელზა გელაძე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 789 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 610]
ტანკი – 9 668 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 20 030 ერთეული [+27]
საარტილერიო სისტემა – 21 528 ერთეული [+34]
MLRS – 1 256 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 032 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 081 ერთეული [+12]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 003 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 32 626 ერთეული [+75]
სპეცტექნიკა – 3 671 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
650 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
38 878 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 103 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 093 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 644 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ივანიშვილი თვითგანადგურების გზაზეა. ეს არის, რომ ამ თვითგანადგურებასთან ერთად იძირება თვითონ და ძირავს მთელ ქვეყანასაც,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. მასთან საუბარი „ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილებით დავიწყეთ: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დასანქცირებული გომელაურის მოადგილედ დანიშნეს.
გიორგი მაისურაძის ეს ამბავი აღარ გაჰკვირვებია. „ივანიშვილია მხოლოდ იქ, დანარჩენი არიან მხოლოდ ნიღბები ადამიანების… სახელმწიფო ინსტიტუციები ჩვენს ქვეყანაში სრულიად ჩამოშლილია. ეს უკვე ერთი ადამიანის პირადი სერვისია,“ – ამბობს გიორგი მაისურაძე.
თუმცა ივანიშვილი ჯერჯერობით უკან არ იხევს. რა რესურსი რჩება წინააღმდეგობას უკვე ამოქმედებული რეპრესიული კანონების პირობებში? – „ბათუმელებმა“ გიორგი მაისურაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის ფილოსოფოსია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ბატონო გიორგი, „ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებაზე მინდა გკითხოთ: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე „მაგნიტსკის სიაში“ ჩასმული გომელაურის მოადგილედ დანიშნეს. რას აჩვენებს ეს ამბავი თქვენთვის?
ეს აჩვენებს კარისკაცების, პირადი ხელქვეითების დანიშვნას თანამდებობაზე. თვითონ შს მინისტრი გომელაური ვიცით, რომ იყო ივანიშვილის პირადი მცველი, მერე დაცვის უფროსი. ახლა ვიცე-პრემიერიც გახდა. რეალურად ეს არის პირადი ხელქვეითების დანიშვნა სახელმწიფო თანამდებობებზე, რაც სახელმწიფოს უგულებელყოფა, მისი ჩამოშლაა.
სახელმწიფო ინსტიტუციები ჩვენს ქვეყანაში სრულიად ჩამოშლილია. ეს უკვე ერთი ადამიანის პირადი სერვისია.
არ ვიცი, რა შეიძლება ეწოდოს ამას, რა გითხრათ? ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი ტერმინებით ვილაპარაკოთ იმაზე, რაც გასულია კანონს გარეთ უკვე დიდი ხანია. ეს არის სრული ჩამოშლა სახელმწიფო ინსტიტუტების და მათი ფაქტობრივი გაუქმება.
სახელმწიფო, როგორც ასეთი, უქმდება.
იგივე ამბავი იყო ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნა. დანიშვნაა, აბა, რა არის. გასაგებია, რომ საკუთარი არ იყო, მაგრამ ადამიანს რომ ნაწერის კითხვა არ შეუძლია, ყველანაირად შეუფერებელი თანამდებობისთვის. მისი დეპუტატობაც იყო კომედია – გინების, აგრესიის, უზრდელობის მეტი ამ ადამიანისგან არაფერი მოგვისმენია.
შალვა პაპუაშვილი ამბობდა, რომ ინაუგურაცია 40 წუთს გაგრძელდებოდა, თუმცა 27 წუთიც საკმარისი აღმოჩნდა. ყაველაშვილს კონსტიტუციით გათვალისწინებული ევროკავშირის ინტეგრაცია ერთხელაც არ უხსენებია…
რა ინაუგურაცია უნდა სჭირდებოდეს ადამიანს, რომელიც მართლა „ტყემალზე ზის“? ეს ყველაფერი ხომ იმდენად ფარსი იყო, სერიოზული მსჯელობა არ შეიძლება.
ინაუგურაცია სხვა რამეა. ინაუგურაცია სახელმწიფოებრივი აქტია. ის არ ტარდება პარლამენტის სხდომათა დარბაზში.
გიორგი მაისურაძე
ხომ არ არის ეს გზავნილი იგივე ყაველაშვილისთვის, მართლა პრეზიდენტი არ ეგონოს თავი? ან მოსამართლემ არ ჩათვალოს, რომ მართლა უვადოდ გამწესებულია, როგორც შალვა თადუმაძე იყო?
მაგათ ეს ძალიან კარგად იციან, ჩემი აზრით.
ამით საქართველოს, ჩვენ გვაჩვენებენ, არ გეგონოთ, რომ თქვენ მართლა სახელმწიფოში ცხოვრობთ. სახელმწიფო გაუქმებულია იმ მომენტიდან, როცა არაფორმალური მმართველობა დაიწყო საქართველოში. დღეს უკვე იმ ეტაპზე ვართ, როცა არაფერი კანონიერი აღარ არის. ეს ყველაფერი ერთი ადამიანის პირადი ორგანიზაციაა, რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო.
ივანიშვილი ჯერ კიდევ არაფერს თმობს იმის მიუხედავად, რომ წინააღმდეგობა 33-ე დღეა ძლიერდება, აქტიურდება სანქციები.
ამ ქვეყანას ივანიშვილი აღიქვამს არა სახელმწიფოდ, არამედ ეს არის მისი პირადი კარტელი. ივანიშვილი თავის მოურავებს თუ ხელქვეითებს უწოდებს რაღაც სახელებს. ჩვენ სახელმწიფო აღარ გვაქვს. ის კი არა, რომ არადემოკრატიულია ხელისუფლება, ავტორიტარია და ასე შემდეგ, უბრალოდ დღეს ჩვენ ვქრებით, როგორც სახელმწიფო.
მაგრამ მოქალაქეები ხედავენ ამ საფრთხეს და წინააღმდეგობა ძლიერდება. ის, რომ საქართველოს აქვს დემოკრატიის გამოცდილება, რამდენად მისცემს საშუალებას ივანიშვილს, შეინარჩუნოს მიტაცებული ძალაუფლება?
დიახ, საქართველოში დემოკრატიულობის სურვილიც არსებობს და სამართლის სურვილიც. დემოკრატია და სამართალი ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებს. სამართლიანი სახელმწიფო მაშინ არსებობს, როდესაც არსებობენ დემოკრატიული ინსტიტუტები და არა ერთმმართველობა, ოლიგარქია, ტირანია და დამანგრეველი ფორმები მმართველობის, რომლებიც, პირველ რიგში, აუქმებენ სახელმწიფოს. ეს არის სახელმწიფოს მიტაცება და ერთი ადამიანის საკუთრებად ქცევა.
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებულიო, ვინ როგორ შეძლებს. ვიცით ისტორია, ვთქვათ, კოლუმბიაში პაბლო ესკობარს სურდა გამხდარიყო პრეზიდენტი, მაგრამ ვერ გახდა – მას სახელმწიფო დახვდა. ესკობარი სიმდიდრით მეოთხე ადამიანი იყო მსოფლიოში, მაგრამ ვერ მოახერხა ადამიანებისთვის თავს მოეხვია საკუთარი ნება. არსებობდა იქ სამართლებრივი და დემოკრატიული ინსტიტუტები.
ჩვენთან სახელმწიფო უკვე მიისაკუთრა ივანიშვილმა, რჩება ხალხი, რომელიც ან ებმება ამ კარტელის ფერხულში, ან უწევს წინააღმდეგობას ივანიშვილს. ჩვენ გვაქვს მზარდი წინააღმდეგობა და ვფიქრობ, არც არავინ აპირებს სახელმწიფოს მიტაცების მიღებას იმ ნაწილის გარდა, რომელიც არის ივანიშვილის ბრმა მიმდევარი, თაყვანისმცემელი, ან კორუმპირებული.
ხალხი ქუჩაშია, სადაც უკვე ამოქმედდა ივანიშვილის რეპრესიული მექანიზმები, მაგალითად, ქუჩის გადაკეტვა ჯარიმდება, მაგრამ აქტივისტებმა ნახეს „გამოსავალი“: ზებრაზე უწყვეტი გადასვლით და გადმოსვლით შეაჩერეს მოძრაობა. რას შეცვლის რეპრესიული კანონების ამოქმედება, თქვენი აზრით?
ზებრის ეს მაგალითი, რაც ახლა ახსენეთ, აჩვენებს იმას, რომ ყოველთვის მოიძებნება გზა, რომ გაგრძელდეს საპროტესტო აქციები.
თუ მართლა კომენდანტის საათს გამოაცხადებენ 24-საათიანს, ყოველდღიურად და სახლებიდან აღარ გამოუშვებენ ხალხს, ტანკებით და ავტომატებით თუ დადგებიან, თუ გადაკეტავენ ყველაფერს, ესაა, მაგრამ ამის რესურსი მათ არ აქვთ. რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი, თუ ჩეჩნეთი,? – არ ვიცი, რომელი ქვეყნიდან მოიტანენ რესურსს. ჩვენ ვხედავთ, რა რესურსიც აქვს ამ ქვეყანას.
რესურსის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ რა რეაქცია მოჰყვა რუსთაველზე ადამიანების წამებას – უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. უშვებთ, რომ შეიძლება ამ გზას დაადგეს ისევ „ოცნება“?
უდიდესი ნაწილი საზოგადოების არ ეგუება ტირანიას, დიქტატურის დამყარებას. ვხედავთ ასობით ადამიანს, რომელიც ამას ერ ეგუება. მოიძებნება ათასი საშუალება, რომ გაგრძელდეს წინააღმდეგობა.
არ ვიცი, თუ მთელ ქვეყანას მავთულხლართს შემოარტყამენ და სახლებში გამოგვამწყვდევენ, რანაირად უნდა ჩაახშონ ეს პროტესტი?
ივანიშვილს პროტესტის ჩახშობის რეალური საშუალებები არ აქვს. არსებობს ეკონომიკური თუ სხვა მხრიდან ზეწოლა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დიქტატურაში ცხოვრების გამოცდილება. დიქტატურა იყო მხოლოდ სტალინის დროს, შემდეგ უკვე იწყება საბჭოთა სისტემის თვისობრივი გარდაქმნა. ხალხი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მეტ-ნაკლები დემოკრატიის პირობებში, ძალიან ძნელია აიძულო, დაბრუნდნენ უკან.
უკანაც ვერ ვიტყვით, რადგან ის ძალიან ღრმა, ისტორიული წარსულია უკვე.
მასობრივი ძალადობის შემდეგ „ოცნება“ ამჯერად ნაკლებად იმჩნევს საპროტესტო აქციებს. რა სტრატეგიით მოქმედებს ივანიშვილი, თქვენი დაკვირვებით?
მათ ხელთ უპყრიათ ყველაფერი, რაც კი დარჩა ამ სახელმწიფოში. სახელმწიფო ინსტიტუციები მათი კონტროლის ქვეშაა, თუმცა დაინახეს, რომ როცა არბევდნენ და აწიოკებდნენ ადამიანებს, ამას უკურეაქცია ჰქონდა – უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.
ამიტომაც შეცვალეს ტაქტიკა. დროის მოგების ტაქტიკაც შეიძლება ეწოდოს ამას – იქნებ სამყაროში რამე მათ სასარგებლოდ მოხდეს. ხედავენ ნათლად, რომ ტრამპის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ. შესაძლოა, რაღაც ფანტაზიები აქვთ. ჩვენ ნუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ბრძენი ხალხია. ვიცით, რომ მათი მაქსიმალური ინტელექტუალური შესაძლებლობა არის ირაკლი კობახიძე, მისი ფანტაზიები და ზღაპრები, რომელსაც ის გაუთავებლად ჰყვება.
როგორც ჩანს, მათ მაინც აქვთ იმედი, რომ საერთაშორისო აღიარებას მიიღებენ, მაგრამ საქართველო დღითიდღე ეფლობა იზოლაციაში. მსოფლიოს დიდი ნაწილი, გამონაკლისი ქვეყნების გარდა, არ აღიარებს მათ, არავის მათთან ურთიერთობა არ სურს.
ჩვენი ქვეყანა მთლიანად ტურიზმზეა აწყობილი, მაგრამ ამ ქვეყანაში ტურისტები აღარ ჩამოდიან. რაღაც რომ შეემთხვეს ტურისტს, ვერ მიმართავს პოლიციას, სასამართლოს, რადგან პოლიცია არის სადამსჯელო ორგანიზაცია. ამ გარემოში რატომ გარისკავს ინვესტორი, რომ აქ ფული შემოიტანოს? რატომ უნდა წამოიწყოს რამე საქმიანი ურთიერთობა, როცა იზოლირებულია ქვეყანა, როცა ქვეყნის ხელმძღვანელობას აქვს სანქციები დადებული? მხოლოდ კაზინოებით ხომ ვერ მოაწყობენ ეკონომიკას?
ვინ რამდენ ხანს გაძლებს, ამაზეა დამოკიდებული ეს ბრძოლა.
იზოლაციის ეს პროცესი გაღრმავდება. ქვეყანა დაზარალდება ისე, რომ ამ ყველაფრისგან გათავისუფლებას და აღდგენას იმ ნიშნულზე, რაც 2 წლის იყო, შესაძლოა, ათეული წელი დაგვჭირდეს. ეს საშინელი რეგრესია, რომლის ქვეშაც ჩვენ მოვექეცით. ივანიშვილმა ისტორიულად უკან გადაათრია მთელი განვითარების გზა, რაც ბოლო სამ ათწლეულში ჰქონდა საქართველოს.
დიდხანს ვერ გაჩერდება ივანიშვილი და მისი მხარდამჭერები გამოკეტილი?
გაჩერდება რაღაც პერიოდი, მაგრამ თვითკვებაზე ხომ არ არიან? ჰაერიდან ხომ არ იღებენ და მზიდან საკვებს, ფინანსურ საშუალებას? არც ოფშორების იმედი ექნებათ, რომ ამაზე მსოფლიო თვალს დახუჭავს, რომ რაღაც დაუბეგრავი შავი ფული ათეთრონ…
ამ ლოგიკამ, რასაც ივანიშვილი იყენებს, შეიძლება იარსებოს რამდენიმე თვე, საბოლოო ჯამში კი, ეს არის სრული კატასტროფა, თვითნგრევა. ივანიშვილი თვითგანადგურების გზაზეა. ამ თვითგანადგურებასთან ერთად იძირება თვითონ და ძირავს მთელ ქვეყანასაც.
ივანიშვილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სახელისუფლებო ვერტიკალს. თქვენ სად ხედავთ ნიშნებს, რომ„ოცნება“ თვითგანადგურების გზაზეა?
ივანიშვილი კიდევ უფრო ამტკიცებს სახელისუფლებო ვერტიკალს, მაგრამ გააჩნია რის ხარჯზე – სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების და ჩამოშლის ხარჯზე. უფრო მეტი სანქცია იქნება, რასაც ვხედავთ, რასაც ვისმენთ და ვკითხულობთ.
ახლა სხვა ეპოქაა. ვერ ჩამოაფარებ რკინის ფარდას ქვეყანას.
აქ ვერ იქნება ბელარუსი, რადგან მას, ჯერ ერთი, ჰყავს რუსეთი. ბელარუსს აქვს საკუთარი ეკონომიკა, საკმაოდ ძლიერი, მას შეუძლია თავიდან ბოლომდე საკუთარი თავის უზრუნველყოფა.
რა არის ამ ეტაპზე გამოწვევა წინააღმდეგობისთვის?
უნდა გაგრძელდეს ისევ მშვიდობიანი ფორმით საპროტესტო აქციები. თუ ვინმეს აწყობს დაძაბულობა და ექსცესები, ეს თვითონ ივანიშვილი და მისი გარემოცვაა. ივანიშვილია მხოლოდ იქ, დანარჩენი არიან მხოლოდ ნიღბები ადამიანების.
ყოველთვის მოიძებნება პროტესტის ახალი საშუალებები. ასევე, პოლიტიკოსები უნდა ჩაერთონ ამ პროცესში, რომლებიც სამწუხაროდ არ გვყავს. ივანიშვილმა არამხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალა და გაანადგურა, არამედ მთელი პოლიტიკური სივრცეა განადგურებული. აქედან გამოსვლას და წელში გამართვას მართლა წლები დასჭირდება.
თუმცა თუ პროტესტი გაგრძელდება უწყვეტად, ამას ექნება შედეგი, რა თქმა უნდა.
ულევი არაფერია. ულევი არც მილიარდერის რესურსია. მას თუ გადაუკეტავ მომარაგების წყაროებს, გამოლევადია. დაერევიან ბოლოს ერთმანეთს. ჩვეულებრივი ბუნების კანონია ეს. ჯერჯერობით კარგად არიან, თუმცა კარგად არ ჰქვია იმას, რა სახითაც ივანიშვილი იჯდა ინაუგურაციაზე. კარგად მყოფი გარეგნობა არ იყო ეს.
„საქართველოში ფიცი დადო კიდევ ერთმა გონიერმა პრეზიდენტმა“ – წერს პუტინის იდეოლოგი, ალექსანდრე დუგინი საკუთარ ტელეგრამ არხზე მიხეილ ყაველაშვილის შესახებ. „რაც უფრო მეტი გონიერი პრეზიდენტი იქნება, მით უკეთესი“, – წერს ის.
დუგინმა დღეს რუსულ პროპაგანდისტულ ეთერში „ქართული ოცნება“ უნგრეთისა და სლოვაკეთის პოლიტიკური ლიდერების – ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოს მსგავს კონსერვატიულ ძალებად მოიხსენია:
„სინამდვილეში ყველა კონსერვატიულ პოპულისტურ ძალებს ევროპაში, ამერიკის ახალი რეჟიმის მხარდაჭერის პირობებში, შეუძლიათ მოვიდნენ მთავრობაში. უკვე არის პრეცედენტები – ორბანი, ფიცო ან მაგალითად „ქართული ოცნება“, უბრალოდ სუვერენული, ზომიერი, კონსერვატორები, რომლებიც ეყრდნობიან ტრადიციულ ფასეულობებს. ეს ახალი ტალღაა, ამერიკაში მან უკვე მოიგო, ესე იგი ის შეეხება ევროპას“.
პროპაგანდისტული არხის წამყვანმა დუგინს სთხოვა შეაფასოს, რაც საქართველოში ხდება რა ფენომენია?
ჟურნალისტის აზრით, „რუსეთი ძლიერდება, ბევრ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში, ზოგადად ჩვენ ახლო ქვეყნებში, რომლებიც იყვნენ ჩვენი ნაწილი, იწყება ერთგვარად რუსეთზე ორიენტირებული პროცესები. ისინი უკვე იმდენად აღარ მიილტვიან დასავლეთისკენ. საქართველოს საოცარი ამბავი, სადაც მოულოდნელად დაიწყეს ისეთი უცნაური კანონების მიღება… პრაქტიკულად ეწინააღმდეგებიან დასავლეთს“.
დუგინმა გაიმეორა „ოცნების“ ნარატივი და თქვა, რომ ეს პარტია არა პრორუსული, არამედ პროქართული:
„ვფიქრობ, ეს ტენდენცია უფრო ფართოა, ვიდრე რუსეთი. ყურადღება მიაქციეთ, იქ მოიგო არა იმდენად პრორუსულმა ძალამ, რამდენადაც პროქართულმა. ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც ახლახან დადო ფიცი ახალი პრეზიდენტია, წინა, სამარცხვინოდ გაქცეული გლობალისტი მარიონეტი სალომე ზურაბიშვილის შემდეგ (ის სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციას წარმოადგენს).
ახლანდელი „ქართული ოცნება“ შეიძლება წარმოადგენდეს ჩვენთვის, რუსეთისთვის მეგობრულ, სულ ცოტა ნეიტრალურ ძალას; ჩვენი ტრადიციული ფასეულობები ძალიან ახლოა – ჩვენც და ისინიც მართლმადიდებელი ქვეყნები, ხალხი ვართ“, – ამბობს ის.
დუგინის აზრით, მომავალი ივანიშვილის და ყაველაშვილის მსგავსი პოლიტიკოსებისაა:
„ვფიქრობ, ისეთი ფიგურები, როგორიცაა ივანიშვილი, ყაველაშვილი – როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ან ისეთ ფიგურები, როგორიცაა ორბანი და ფიცო უნგრეთსა და სლოვაკეთში, მომავალი მათია. ისინი არ არიან უბრალოდ პრორუსი ლიდერები, ისინი არიან მომავალი (მათ შორის ევროპული) სამყაროს ლიდერები“.
ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილე 12 ადამიანი სასამართლოში დაიბარეს.
მათ შორისაა სტუდენტი ლარა ქარცივაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია, პარტია „ახალის“ წევრი ლევან გორგილაძე და „თავისუფლების მოედანის“ წევრი აზა გაბუნია.
წინასწარი ინფორმაციით სასამართლოში დაბარებული არიან პროტესტის მონაწილე შემდეგი პირები:
როგორც ლარა ქარცივაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოტივით იბარებენ სასამართლოში, თუმცა სხვა დეტალები მისთვის უცნობია.
„როგორც გავიგე, ძირითადად გზის გადაკეტვაზე მედავებიან. 13 იანვარს არის პროცესი ჩანიშნული. ათამდე ადამიანს დაგვირეკეს და ახლა ვარკვევთ სხვების ვინაობასაც. ძირითადად იმათ დაურეკეს, ვინც აქციების ორგანიზებაში არიან ჩართული“, – ამბობს ლარა ქარცივაძე.
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლს გვედავებიან. ეს არის ორგანიზატორობა. პოლიციის მე-7 განყოფილებას მიუმართავს სასამართლოსთვის. არის მცდელობა, რომ ადამიანები დააშინონ და აანონსებენ რეპრესიებს. ერთ ორგანიზატორს ისინი ვერ იპოვიან და მთელი საქართველო აქციების ორგანიზატორად უნდათ რომ გამოაცხადონ?“ – ამბობს აზა გაბუნია.
აქტივისტების ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. როგორც ორგანიზაციაში განგვიმარტეს, სასამართლოს ბათუმის პოლიციის მე-6 და მე-7 განყოფილებებმა, ასევე აჭარის პოლიციის მთავარმა სამმართველომაც მიმართა.
საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბრიდან იმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც.
მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების რეპრესიებს, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, მოითხოვენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს.
დაბარებულებს შეატყობინეს, რომ მათ საქმეს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს.
აპელაციის საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივარი დააკმაყოფილა.
აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტისთვის პირობითი ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე.
ახლა ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა, ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა – როგორც ადგილობრივმა, ასევე უცხოელმა ექსპერტებმა ყველა სტანდარტში უმაღლესი შეფასება მისცეს.
უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე ამბობდა, რომ იყო გაოგნებულები და გაბრაზებული ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, რადგან ილიაუნის უმაღლესი შეფასებები აქვს ყველა სტანდარტში. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება კი არ ეფუძნება დოკუმენტაციას და მთელ რიგ შეფასებებს, რაც მათ ხელთ ჰქონდათ.
ამის მიუხედავად, ავტორიზაციის საბჭომ მაინც პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა ილიაუნის ერთ წელიწადში მონიტორინგის პირობით.
საბჭო ამბობდა, რომ მათ გარკვეულ სტანდარტებში შეფასების კრიტერიუმები შეცვალეს, რის შესახებაც არ უცნობებიათ უნივერსიტეტისთვის. „ეს არის სწორედ ყველაზე დიდი დარღვევა“, – ამბობს ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“.
განათლების სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ ილიაუნისთვის პირობითი აკრედიტაციის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ილიაუნის რექტორი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ღია განცხადებები გააკეთა რუსული კანონის წინააღმდეგ, ასევე აქტიურად მონაწილეობდა ანტირუსულ აქციებში.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებმა კი ნინო დობორჯგინიძის წინააღმდეგ კამპანია ააგორეს, რითაც მის პიროვნული დისკრედიტაცია სცადეს. კამპანიას მეცნიერები გამოეხმაურნენ და რექტორს სოლიდარობა გამოუცხადეს. „ეს ჰგავს საბჭოთა რეპრესიულ მეთოდებს“ – აცხადებდნენ პროფესორები.
„დღეს საქართველოს ეკონომიკას აქვს ძალიან დიდი რისკი საკასო გარღვევის“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გადაცემა „დროებაში“ სტუმრობისას ისაუბრა.
გიორგი გახარიას თქმით, ახლა საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს იმაზე ფიქრი, თუ რამდენად ადეკვატური გახდება ივანიშვილი.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ოცნება დღეს რეაქტიულ პოზიციაშია. ისინი დღეს წესრიგს ვერ ქმნიან. რეაგირებენ იმაზე, როგორი პოლიტიკური დღის წესრიგიც იქნება ქვეყნის შიგნით რუსთაველზე და ქვეყნის გარეთ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამიტომ ჩვენი გეგმა დღეს უნდა მოძრაობდეს რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხაზის ირგვლივ.
პირველი – რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები და დაპატიმრებულების გათავისუფლება.
მეორე – ჩვენ უნდა გვქონდეს უკვე ნაფიქრი, რას ვაკეთებთ იმ ადამიანების დასაცავად, რომლებსაც კრიზისის მეორე ფაზა დაარტყამს. ეს იქნება უმძიმესი ეკონომიკური შედეგების მატარებელი. [ოცნებამ] თავისი ელიტის, სპონსორების, ბიზნესპარტნიორების, ზიანი და ზარალი რომ აიცდინოს, რადგან ისინი პარტნიორები არიან, მთელი სიმძიმე მეორე ფაზის ეკონომიკური კრიზისის გადავა რიგით მოქალაქეებზე. მაგალითად, მუშებზე, როგორც ფერომ გააჩერა მუშები, ტყიბულმა გამოყარა ხალხი, ჯორჯიან მანგანეზი არ მუშაობს, აგერ აგარის შაქარი… საჯარო მოხელეებს სამსახურიდან ათავისუფლებენ. საშუალო და მცირე ბიზნესს ყველაზე დიდი წნეხი დააწვება.
შენ როდესაც ელიტის კონსოლიდირება გინდა, მათ შორის ბიზნეს ელიტის, რომელიც შენი კორუფციული სპონსორია, რა თქმა უნდა, მათ აძლევ იმის უფლებას, რომ ეკონომიკური და ფინანსური დარტყმა გადავიდეს რიგით მოქალაქეებზე და არა მათზე, იმიტომ, რომ ისინი წინააღმდეგ შემთხვევაში აგიბუნტდებიან. ამიტომ ჩვენ გვჭირდება დიდი კონსოლიდირება, რომ ეს ხალხი რაღაცნაირად უნდა დავიცვათ და მათ უნდა მივეხმაროთ,“ – თქვა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას თქმით, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება პოლიტიკურ დათმობაზე არ წავა და ახალი არჩევნების თარიღს არ გამოაცხადებს. გახარია საუბრობს ასევე იმ ეკონომიკურ სირთულეებზე, რომელიც ქვეყანას ელის.
„ის, რაც დღეს საერთაშორისო ველზე ხდება, როდესაც ევროკავშირი რეალურად განიხილავს ისეთი პროცესების შეჩერებას, რასაც პირდაპირი ფინანსური ზემოქმედება ექნება საქართველოზე.
მოლდოვას მაგალითზე რომ გადმოვთვალოთ, რას მივიღებდით, ეს იქნებოდა დაახლოებით 4 მილიარდი ევრო ორი წლის განმავლობაში, 2025-27 წლებში.
ამას რომ მივამატოთ ის დახმარებები, რომელიც შეჩერდა. ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან, აშშ-დან. ამას დაამატეთ ამ ბარდაგით და პოლიტიკური კრიზისით, რაც ახლა ხდება, რამხელა კაპიტალი გადის ქვეყნიდან.
საბოლოო ჯამში უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკას აქვს ძალიან დიდი რისკი საკასო გარღვევის, რომელსაც პირდაპირი ფული დასჭირდება დასაფინანსებლად.
უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის, რასაც ჩვენ დავეჯახებით დაახლოებით მარტიდან და ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ ამისთვის,“ – თქვა გახარიამ.
ექსპრემიერის თქმით, ახლა ყველას მიზანი უნდა იყოს მზადება ახალი არჩევნებისთვის, თუმცა მთელი რიგი დათქმებით.
„ახალ არჩევნებს იმავე საარჩევნო გარემოში არანაირი აზრი არ აქვს. პირიქით, ამან შეიძლება დამატებითი ენერგია და ახალი სიცოცხლე შესძინოს დღევანდელ „ოცნებას“, იმისთვის, რომ მოახერხონ რაღაცნაირად ნაკლები, მაგრამ მაინც სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნონ. ამიტომ პირველი ფაზა უნდა დავასრულოთ ისე, რომ არ იყოს არც შიდა, არც გარე ლეგიტიმაცია, სანქციები უნდა გაგრძელდეს.
საბოლოო ჯამში საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში ის ხალხი, ვინც ოცნებას მისცა ხმა, დარწმუნდეს, რომ 20 იანვარს არაფერი არ მოხდება. პირიქით იქნება, იმიტომ, რომ რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულება საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ, ყოველთვის უფრო მკაცრი, ეფექტური და სწრაფი იყო.
ამას ესენი [ქართული ოცნება] ძალიან კარგად ხვდებიან და იმასაც ამბობენ, რომ „შეიძლება ტრამპი ვერ მოერიოს გლობალური ომის პარტიას“.
ეს არის პირველი ფაზა, რომელიც იანვრის ბოლოს დასრულდება, მაგრამ ჩვენ დღეს უნდა ვმუშაობდეთ, მეორე ფაზის პირობებში, როდესაც ეკონომიკური გამოწვევები იქნება, ჩვენ ამ ხალხს უკვე ველაპარაკებით.
და მესამე – პროპაგანდა. იმიტომ, რომ არანაირი ახალი საარჩევნო გარემო… თუ თავისუფალი მედია არ იქნა ქვეყანაში და თუ ფულის როლი, პოლიტიკაში და პარტიების დაფინანსებაში არ შეიცვალა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იქნება ძალიან რთული. ჩვენ დღეს იმის ხარჯზე, რომ ამხელა გონიერებამ გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეებში, შეგვიძლია, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია, ხარისხობრივად ახალ ეტაპზე და ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ. უბრალოდ ამისთვის გვჭირდება გონიერება, ცივსისხლიანი მიდგომა და არ უნდა ვიჩქაროთ“.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, შალვა თადუმაძე დასანქცირებული, „მაგნიტსკის სიაში“ შესული „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის – ვატანგ გომელაურის მოადგილედ დანიშნეს.
„შინაგან საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულ მოადგილეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს,“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ 2024 წლის 30 დეკემბერს გავერცელებულ ინფორმაციაში.
შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.
შალვა თადუმაძეს 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა.
„დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებებით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო ნაკლებად სამართლიანი გახდება. „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კანონმდებლობა ვიწროპარტიულ ინტერესებზე მოირგო, რათა ხელოვნური უპირატესობა მოიპოვოს,“ – ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საარჩევნო კოდექსში 2024 წლის დეკემბერში შესულ ცვლილებებს.
რა იცვლება არსებითად?
იზრდება მაჟორიტარული კომპონენტი. მაგალითად, ამჟამად თბილისი 50 წევრისგან შემდგარ საკრებულოში 10 – მაჟორიტარი და 40 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატია. ცვლილების შედეგად კი, თბილისის საკრებულო კვლავ 50 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
„დაჩქარებული წესით განხილული და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით თვითგამოცხადებული პარლამენტი მორიგ ჯერზე ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებას, რის მიზანსაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნა წარმოადგენს.
ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლავ იზრდება საკრებულოებში მაჟორიტარული კომპონენტი და ის 2017 წლის ნიშნულს უბრუნდება. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც 2024 წლის გაზაფხულზე ერთპარტიულად მიღებული ცვლილებით უკვე გაუქმდა საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ასარჩევად დაწესებული მინიმალური 40%-იანი ბარიერი და მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობა,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საიას შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები „მნიშვნელოვნად გაზრდის ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას“.
ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე სუბიექტი გაუმართლებელ უპირატესობას მოიპოვებს და მის კანდიდატს საშუალება მიეცემა ამომრჩევლის უმრავლესობის უარყოფითი განწყობის მიუხედავად დაიკავოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობა.
შემოთავაზებული ცვლილებებით მუნიციპალურ არჩევნებში მაჟორიტარული კვოტით ასარჩევი კანდიდატების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, საქმე გვაქვს საკანონმდებლო რეგულაციების მნიშვნელოვან გაუარესებასთან.
კერძოდ, მმართველი პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, რეგიონებზე პოლიტიკური და ელექტორალური კონტროლის კუთხით მნიშვნელოვნად ეყრდნობიან რეგიონულ ელიტებს, რაც მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებთ. საარჩევნო ბარიერისა და მეორე ტურის ჩატარების გარეშე კიდევ უფრო მკაფიოდ იჩენს თავს მაჟორიტარული სისტემის უარყოფითი მხარე – ხალხის წარმომადგენლად შესაძლოა არჩეულ იქნას კანდიდატი, რომლის წინააღმდეგაც ბევრად უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე მის მხარდასაჭერად. შედეგად, კიდევ უფრო მეტია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა, ვიდრე ნებისმიერი სხვა საარჩევნო სისტემის [თუნდაც მაჟორიტარულის სხვა სახეობის] შემთხვევაში,“ – ვკითხულობთ საიას შეფასებაში.
„ქართულმა ოცნებამა“ საარჩევნო კოდექსში ცვლილება 13 დეკემბერს შეიტანა.
„პირველივე დღეს რეპრესიული კანონების მიღება არის, ცოტა ძალიან მიუღებელი,“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად დანიშნული მიხეილ ყაველაშვილის მიერ რეპრესიული კანონების ხელმოწერას.
პრეზიდენტის პირველ კომენტარს ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ ტვ პირველი ავრცელებს. ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე გუშინ, 29 დეკემბერს დატოვა.
როგორ შეხვდით ხალხის გამოხმაურებებს, გუშინ ვხედავდით, რომ ტაშით გაცილებდნენ? – ჰკითხა ტვ პირველის ჟურნალისტმა პრეზიდენტს.
„მაცილებდნენ კი არა, მიმიღეს“ – უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა მას.
პრეზიდენტს ტვ პირველმა ასევე ჰკითხა სახელმწიფო დაცვის სამსახურის მოხსნის შესახებაც.
„ნორმალური ის არის იმ ახალი კანონის, ვიცოდი, რომ მიიღებდნენ იმ კანონს და ყველაფერს ველოდები“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახალი წლის შემდეგ შეიტყობს საზოგადოება თუ რომელი ოფისიდან იმუშავებს.
„გეტყვით საიდან ვიმუშავებ. ჯერ უნდა დავალაგოთ იქ რაღაცები. არ მიგიყვანთ იქ არეულობაში. ალბათ ახალი წლის მერე, სანამ ყველაფერს იქ გადავიტანთ და მოვაგვარებთ,“ – თქვა ზურაბიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის სტადიონთან, გუდიაშვილის ქუჩაზე ახალ ადმინისტრაციულ შენობას ააშენებს, რისთვისაც ტენდერი 3,8 მილიონი ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ახალ შენობაში ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილება გადმოვა, რომელიც დღეს ტაბიძის ქუჩაზეა განთავსებული.
საპროექტო ტერიტორია გუდიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კუთხეში მდებარეობს და მისი ფართობი 925 კვადრატული მეტრია. ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის შსს-ზე სარგებლობის უფლებითაა გადაცემული.
საპროექტო ტერიტორია [მონიშნულია წითელი ფერით] ბათუმში, სადაც შსს ახალ ოფისს ააშენებს ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველოს I განყოფილებისთვის.ტენდერი ითვალისწინებს გუდიაშვილის ქუჩის N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე „შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობების N1, N2 და N3-ის ნანგრევების დემონტაჟის, პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვას“.
ტენდერში წინადადებების მიღება დასრულებულია და ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ დროისთვის ერთი პრეტენდენტი ჩანს – შპს „გეგუ“, რომელიც სამინისტროს მომსახურებას 3 277 777 ლარად სთავაზობს [ტენდერი 3 816 644 ლარით იყო გამოცხადებული]. სატენდერო კომისიამ „გეგუს“ დამატებით დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა.
პროექტის მიხედვით, ახალი „შენობა ორსართულიანი იქნება [გაბარიტებით 44.50X18.10 მ, სიმაღლით 9.10 მ], რკ.ბ. კარკასით; გარე კედლები 400 მმ.
სისქის წვრილი სამშენებლო ბლოკით შეივსება, გარედან 10 სმ. XPS, გაილესება მიუნხენის ლესვით და შეიღებება; ბრტყელი გადახურვით, რომლის პერიმეტრიც შემოსაზღვრული იქნება 0.80 მ. სიმაღლის პარაპეტით. ფასადების შესარბილებლად ნაწილი მოპირკეთდება ტრავერტინით. გარე კარ-ფანჯრები, ვიტრაჟები და ფრამუგები იქნება ალუმინის. შენობაში შესასვლელად იქნება ორი კარი;
შენობაში იატაკები მოპირკეთდება ლამინატით და კერამოგრანიტის ფილებით, სველ წერტილებში კი მეტლახით. ჭერი მოეწყობა ამსტრონგის, სველ წერტილებში კი პლასტმასის შეკიდული.“
პირობის მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 300 დღე.
პოლიციის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილება დღეს ტაბიძის ქუჩის 40 ნომერში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული. განყოფილებას აქ 326.13 კვ.მ ფართობი უკავია, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია.
კორპუსი ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, რომლის პირველ სართულზე ქალაქის პოლიციის პირველი განყოფილება მდებარეობს
ახალი შენობის დასრულების შემდეგ ახალ მისამართზე პირველი განყოფილება რომ გადმოვა, „ბათუმელებს“ შსს-ს სატენდერო კომისიაში დაუდასტურეს, თუმცა რას უპირებენ ფართობს ტაბიძის ქუჩაზე, ინფორმაცია შსს-გან ვერ მივიღეთ.
როდის დგება დრო, როცა სტუდენტები აუდიტორიაში ყოფნასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე უფრო მნიშვნელოვან საქმედ ქუჩაში, აქციებზე გასვლას მიიჩნევენ და რა წინააღმდეგობები ხვდებათ მათ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა ბათუმელ სტუდენტებს, აქტივისტებს: ლარა ქარცივაძესა და ლინდა ცინცაძეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 787 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 010]
ტანკი – 9 663 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 20 003 ერთეული [+22]
საარტილერიო სისტემა – 21 494 ერთეული [+44]
MLRS – 1 256 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 032 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 069 ერთეული [+31]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 003 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 32 551 ერთეული [+141]
სპეცტექნიკა – 3 670 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
650 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
38 813 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 083 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 073 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 621 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩამოვარდა და ოფიციალურ ბოდიშს, პასუხისმგებელი პირების დასჯასა და კომპენსაციას მოითხოვს.
აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან ალიევმა ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავიაკატასტროფა რუსეთის ტერიტორიიდან „ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლის“ შედეგად მიღებულმა დაზიანებამ გამოიწვია.
მან თქვა, რომ ის გამორიცხავს მიზანმიმართულ ტერორისტულ აქტს და ეს „შემთხვევით“ მოხდა, თუმცა უკმაყოფილება არ დამალა იმასთან დაკავშირებით, რომ „გარკვეული წრეები“ რუსეთში ცდილობდნენ ამბის მიჩქმალვას ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე ცრუ ვერსიების გავრცელებით.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სამი დღის განმავლობაში რუსეთიდან ბოდიშის ნაცვლად ისმენდნენ „აბსურდულ ვერსიებს“, თითქოს ავიაკატასტროფა თვითმფრინავის ბორტზე დაზიანების შედეგი იყო.
„დანაშაულის აღიარება და დროულად მობოდიშება აზერბაიჯანისთვის, რომელიც მეგობრულ ქვეყნად ითვლება და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება – სწორედ ეს ზომები და ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო” – თქვა მან.
გარდა ოფიციალური ბოდიშისა, როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ალიევი რუსეთისგან პასუხისმგებელი პირების დასჯას და დაზარალებული მგზავრების, ეკიპაჟის წევრებისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის კომპენსაციის გადახდას მოითხოვს.
კრემლის ცნობით, შაბათს, 28 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ალიევს დაურეკა და მოუბოდიშა, როგორც კრემლი აღწერს – „ტრაგიკული ინციდენტისთვის რუსეთის თავზე, რომლის დროსაც ავარია განიცადა აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავმა მას შემდეგ, რაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული დრონების წინააღმდეგ გახსნეს ცეცხლი“.
ოთხშაბათს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქოდან გროზნოში მიმავალმა თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა და აქტაუდან სამ კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 38 ადამიანი, 29 – დაშავდა.
_____________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/AZAMAT SARSENBAYEV
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] „რეპრესიების გაგრძელებად“ აფასებს დღეს, 29 დეკემბერს, ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ მოქალაქეების დაკავებას მშვიდობიან აქციაზე.
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს. დაკავების დროს მოქალაქეებმა დაზიანებები მიიღეს.
„29 დეკემბერს, დღის საათებში [14:14] შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ ქალებიც.
დაკავების პროცესს თან ერთვის ისეთი ქმედებები, როგორიცაა თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა.
ამგვარი ქმედებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებსა და არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რა ხდება?
28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააჟღერა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, თბილისსა და სხვა ქალაქებში 32-ე დღეა, უწყვეტი მასობრივი პროევროპული პროტესტი მიმდინარეობს.
დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ თავისსავე არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია მოაწყო.
დღეს, ინაუგურაციის დასრულებისთანავე, რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს, აქციის ზოგმა მონაწილემ დაზიანება მიიღო.
_______________________
ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე
დღეს, 29 დეკემბერს, საპროტესტო აქციას ბათუმში ლაზები უერთდებიან.
„შემოგვიერთდით ზღვის შვილების აქციაზე!
სარფი ევროპის კარიბჭეა!
სარფიშენ გზა ევროპაშა წულუნ! ევროპისენ გზა სარფიდან მიდის!
ლაზური ენა ცოცხალია, ლაზების ხმას ვერ გააჩუმებთ!“ – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საპროტესტო აქციის 32-ე დღეს მოქალაქეები ბათუმში ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საღამოს 7 საათიდან შეიკრიბებიან.
რა ხდება?
28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააჟღერა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, თბილისსა და სხვა ქალაქებში 32-ე დღეა, უწყვეტი მასობრივი პროევროპული პროტესტი მიმდინარეობს.
დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ თავისსავე არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია მოაწყო.
დღეს, ინაუგურაციის დასრულებისთანავე, რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს, აქციის ზოგმა მონაწილემ დაზიანება მიიღო.
_______________
ფოტოზე: საპროტესტო აქცია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. 2024 წლის დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 785 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 730]
ტანკი – 9 656 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 19 981 ერთეული [+11]
საარტილერიო სისტემა – 21 450 ერთეული [+42]
MLRS – 1 256 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 032 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 038 ერთეული [+25]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 003 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 32 410 ერთეული [+82]
სპეცტექნიკა – 3 670 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
650 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
38 813 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 083 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 073 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 621 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მიხეილ ყაველაშვილმა, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, ე.წ. ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ერთხელაც არ ახსენა საქართველოს მთავარი პარტნიორი – ევროკავშირი და ევროინტეგრაცია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირობაა და პირველ რიგში, პრეზიდენტის ვალდებულებაა, დაიცვას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მისაღწევად „ყველა ზომა მიიღოს“.
ყაველაშვილმა სიტყვით მიმართვით დროს დიდი დრო დაუთმო ქართულ სუფრას, ტრადიციებს, ოჯახის ღირებულებებს, მაგრამ არა „ევროკავშირს“. მან მხოლოდ ორჯერ ახსენა „ევროპული ოჯახი“, ისიც კრემლის პროპაგანდისტული გზავნილით, რომ თითქოს ევროპულ ოჯახში „ქართველობას გვართმევენ“.
აქ შეგიძლიათ ნახოთ მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც ის „ევროპულ ოჯახს“ ახსენებს:
„გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყვარე, ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება ჩაგვრას, უსამართლობას და ამპარტავნულ დამოკიდებულებას, რომელიც მოითხოვს, რომ პატივი სცენ ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას, ოჯახის სიწმინდეს, სარწმუნოებას და თანასწორად მოეპყრონ ჩვენს სამშობლოს… სწორედ ასეთი მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით მოახერხა ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობის შენარჩუნება. უსამართლობასთან და სიცრუესთან გამკლავებით, თანაც ისე, რო ვაგრძელებთ ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ევროპული ოჯახისკენ სვლას.
…ჩვენ, საქართველოს თავისუფალმა მოქალაქეებმა, უპირველეს ყოვლისა პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობას და იმ წესებს, რომლებსაც ადგენს სახელმწიფო. სახელმწიფოებრიობის განცდა და შეგრძნება უპირველესია ძლიერი საზოგადოების და ქვეყნის შენების გზაზე.
სწორედ სახელმწიფოებრიობა და ის ღირებულებები, რაზეც დგას ქართველი ერი, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი. ზუსტად თავისუფლების წესების და ეროვნული იდენტობის დაცვის ასეთ გაგებაში დაინახა ქართველმა ხალხმა შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში, რომელიც უნდა იყოს საშუალება ჩვენნაირი პატარა ერისთვის დავიცვათ ჩვენი კულტურა, ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია და ენა, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა. თუკი არსებობს ქართველი ადამიანი, ვინც შეიძლება ამ ღირებულებებს და შეხედულებებს არ იზიარებდეს, ალბათ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა, ვის ან რას შეიძლება ემსახურებოდეს,“ – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ინაუგურაცია მოაწყო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა, თუმცა იგი საქართველოს პრეზიდენტად რჩება.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება და საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება იწყება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.“
მიხეილ ყაველაშვილი კი, არალეგიტიმურმა, ასევე კონსტიტუციის დარღვევით შეკრებილმა პარლამენტმა აირჩია.
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეს ტოვებს და ოპოზიციაში გადადის. პრეზიდენტმა ამის შესახებ განცხადება დღეს, 29 იანვარს გააკეთა ორბელიანების სასახლის ეზოში.
დღეს საქართველოში არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურ პრეზიდენტად დანიშნული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იმართება.
სალომე ზურაბიშვილმა ამ ინაუგურაციას პაროდია და არალეგიტიმური პროცესი უწოდა.
„იქით არის სიცარიელე, აქ საზოგადოებაა. იქით ჩაკეტილები არიან და ჩვენ ვართ გარეთ, რადგან არაფრის გვეშინია, არც გისოსების“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ხალხს, რომელიც დღეს დილიდან შეიკრიბა ორბელიანების პრეზიდენტის სასახლესთან მისი გადაწყვეტილების მოსასმენად.
„მე აქედან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები“, – თქვა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ორბელიანების სასახლე იქამდე იყო პრეზიდენტის სიმბოლო, სანამ პრეზიდენტი იყო ლეგიტიმური.
„მე ჩემთან მიმაქვს ლეგიტიმურობა, დროშა, თქვენი ნდობა და ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს, მათია. მე მინდა თქვენთან ერთად დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ლეგიტიმურობა და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ სადაც ხალხის ნდობა არაა, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. მე გამოვალ თქვენთან და თქვენთან ვიქნები“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხარეს, რასაც ის „რუსულ ტრაგედიას“ ეძახის, არიან „შეშინებულები, დაბოღმილები, სანქცირებულები, არავისგან აღიარებულები“.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, ის აპირებს იმუშაოს რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორის იმ პირობებზე, რომლითაც ახალია არჩევნები ჩატარდება მალე. მისი თქმით, ეს არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და საჭიროა არსებობდეს დოკუმენტი, რა პირობებში ტარდება ის, რომ ვერ მოხერხდეს გაყალბება. მისი თქმით, დაცვა სჭირდება მედიას, ადამიანებს, რომლებსაც საჯარო სამსახურებიდან ათავისუფლებენ.
პრეზიდენტის განცხადებით, ახლო მომავალში ის დაიწყებს მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან:
ბიზნესთან
საჯარო მოხელეებთან,
ახალ პოლიტიკურ ძალებთან
რეგიონებში
უცხოეთში ვიზიტები
„31-ში [დეკემბერს] რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს და ეს ახალი წელი იქნება მშვიდობიანი, ბედნიერი და გამარჯვებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და პრეზიდენტის სასახლე დატოვა.
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესების მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი – მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის მიღებას ისახავს მიზნად.
შეთავაზებები თიბისის და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქვეყანაში ორი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის მიერ, 5 000 000 ლარის გამოყოფას გულისხმობს.
TBC x GLOVO
თიბისი და გლოვო იმ მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ, რომლებსაც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავლის წყარო. აღნიშნული ბიზნესების პროდუქციის Glovo-ზე განთავსების საკომისიო გადასახადს თიბისი სრულად დაფარავს. მომხმარებლები კი, რომლებიც Glovo-დან მათ პროდუქციას შეიძენენ, თიბისის ბარათებზე დამატებით, 40%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობას, 27 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით, თიბისის ბარათების მფლობელები შეძლებენ.
TBC x MYMARKET
თიბისი და MyMarket.ge იმ მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ, რომლებიც არსებული ვითარების გამო, გაუქმებულ საშობაო მარკეტებში ვერ იღებენ მონაწილეობას. სპეციალურად მათთვის, MyMarket-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა და მასში ჩართვას HAPPYEUYEAR-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესები შეძლებენ.
მომხმარებლები, რომლებიც “ევროპული საახალწლო ბაზრობის” კატეგორიაში განთავსებულ პროდუქციას MyMarket -ზე შეიძენენ, თიბისის ბარათებზე 40%-იან ქეშბექს მიიღებენ და პროდუქციის მიტანის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. შეთავაზება ძალაშია 18 იანვრის ჩათვლით.
„ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.
ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის-ბათუმი, 28 დეკემბერი. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.
საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ფორმით აპროტესტებს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც ხვალ, 29 დეკემბერს არის დაგეგმილი.
„ერთობის ჯაჭვი“ ნაწილია საპროტესტო მოძრაობის, რომელიც უკვე ერთი თვეა უწყვეტად მიმდინარეობს საქართველოში – საზოგადოება ითხოვს საპროტესტო აქციებზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს.
გუშინ, 27 დეკემბერს, აშშ-მა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა „რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის“.
ხალხი აცხადებს, რომ მასობრივი პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება და არ გაგრძელდება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.
პროკურატურის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 მაისს, გარდაბანში, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, დას ავტომანქანა შეაჯახა, რის შემდეგაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა“ – წერს პროკურატურა.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ , „თ“, „კ“ და „მ“ (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 784 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 690]
ტანკი – 9 651 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 19 970 ერთეული [+19]
საარტილერიო სისტემა – 21 408 ერთეული [+29]
MLRS – 1 256 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 032 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 013 ერთეული [+14]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 003 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 32 328 ერთეული [+66]
სპეცტექნიკა – 3 668 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
650 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
38 648 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 057 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 043 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
29 584 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
თბილისის ზოოპარკი ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს ლომის ბოკვერთან დაკავშირებით, რომელიც სპორტსმენმა ლაშა ბექაურმა ჩააბარა ზოოპარკში მას შემდეგ, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ჰქონდა ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე, სადაც სპორტსმენი თავისი მანქანით სეირნობდა ლომის ბოკვერთან ერთად.
თბილისის ზოოპარკი წერს:
„ლომის ბოკვრის ამბავი თანმიმდევრულად და დეტალურად:
როგორ მოხვდა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში?
26 დეკემბერს, დილით ლაშა ბექაურმა თბილისის ზოოპარკში ლომის ბოკვერი მოიყვანა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის თანდასწრებით ზოოპარკს გადმოსცა.
როგორ გრძნობს თავს ბოკვერი?
ზოოპარკის ვეტექიმების შეფასებით ცხოველს კუნთოვანი მასის განვითარების შეფერხებისა და რაქიტის ნიშნები აქვს. გარდა ამისა, აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. ეს ყველაფერი დედისგან მოშორებისა და ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შედეგია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა ცხოველი, იქნება ის საზღვარზე თუ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამორთმეული, ზოოპარკში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით შემოდის და, ფაქტობრივად, ყოველ მათგანს რეაბილიტაციის კურსი ესაჭიროება.
მოყვანიდან რამდენიმე საათში ბოკვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. საჭირო გახდა ინტენსიური ჩარევა და ჩვენი ვეტექიმების რამდენიმესაათიანი ძალისხმევის შედეგად ცხოველის მდგომარეობა ნელ-ნელა დასტაბილურდა. ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ გარკვეულ მკურნალობას მაინც საჭიროებს და, შესაბამისად, ვეტექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
აქვს თუ არა თბილისის ზოოპარკს ცხოველის ჩამორთმევის უფლება?
თბილისის ზოოპარკი პასუხისმგებელია ზოოპარკის ბინადარ ცხოველებზე. ჩვენი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ, კერძო პირის ან კომპანიის საკუთრებაში მყოფ ცხოველებზე ჩვენი უფლებამოსილება არ ვრცელდება. ზოოპარკს არ აქვს ცხოველების კონფისკაციის უფლება. ცხოველების კონტროლი და კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის სფეროა. ცხოველის საზღვარზე გადმოყვანას საბაჟო სამსახური აკონტროლებს.
სახელმწიფო უწყებების მიერ გარეული ცხოველების ჩამორთმევის შემდეგ ეს ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დაცვით, დროებით შენახვაზე გადმოჰყავთ თბილისის ზოოპარკში. სათანადო დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს ან შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე ცხოველი ზოოპარკში რჩება.
რამდენად ხშირად მოჰყავთ ზოოპარკში ჩამორთმეული ცხოველები?
ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის ზოოპარკში ამ გზით მოხვდა 5 დათვი, 2 მაკაკა, წავი, თუთიყუშები და მტაცებელი ფრინველები. ზემოთ ჩამოთვლილი, კერძო პირების ხელში უკანონოდ მყოფი ცხოველები, ზოოპარკში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე მოიყვანა.
გვჭირდებოდა თუ არა ზოოპარკში ახალი ლომი?
თბილისის ზოოპარკში შემუშავებულია კოლექციის გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, რა სახეობის ცხოველი უნდა გვყავდეს, რისთვის და რამდენი. ჩამორთმეული ცხოველები ზოოპარკისთვის ყოველთვის დიდი პრობლემაა და ამგვარი „სიურპრიზები“ დამატებით სირთულეებს გვიქმნის, რადგან წინასწარ არ ვიცით, რა სახეობა იქნება, რა ასაკის, რა სქესის და ა.შ. მაგალითად, ახლა საერთოდ არ ვიყავით მზად ლომის მისაღებად. ამგვარ შემთხვევებში არ გვაქვს წინასწარ მომზადების საშუალება (იგულისხმება შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფა და კეთილმოწყობა, კვება, სამკურნალო პრეპარატები და ა.შ.), გამოუვალ სიტუაციაში ვვარდებით და იძულებულნი ვხდებით, მივიღოთ ცხოველი, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს სხვა ინსტიტუცია, სადაც მისი დატოვება იქნება შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცხოველები განწირულები არიან და მათი მომავალი გაურკვეველია.
და, ბოლოს…
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხოველი არ არის სათამაშო. მაშინაც კი, როცა ოჯახი ძაღლის, კატის, თუთიყუშის ან ნებისმიერი სხვა შინაური ცხოველის აყვანას გეგმავს, გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა ფაქტორი: ის, რომ ცხოველს სჭირდება მისთვის შესაბამისი გარემო, კვება, ვეტმომსახურება, ყურადღება და სხვადასხვა აქტივობა. გვაქვს კი ამ ყველაფრის უზრუნველყოფის საშუალება? ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახი ვეღარ უვლის ცხოველს და უწევს მისი გაჩუქება ან, უარეს შემთხვევაში, ქუჩაში გაშვება.
გარეულ ცხოველებზე აღარაფერს ვამბობთ…
ჩვენ, ადამიანებს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველს აქვს ინტელექტი, ემოციები და გრძნობები. გართობის მიზნით აყვანილი და თავიდან მოშორებული ცხოველის ბედი ყოველთვის ტრაგიკულია“ – ნათქვამია განცხადებაში.
ლომის ბოკვერი საქართველოში მხოლოდ კონტრაბანდული გზით შეიძლება მოხვდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის 302-ე პრიმა მუხლის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება, თუ როგორ აღმოჩნდა ლომის ბოკვერი სპორტსმენ ლაშა ბექაურთან.
ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა საყვედური გამოუცხადა მსახიობებს, რომლებმაც სხვებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. ალექსანდრე ქანთარიამ, რომელიც პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და ახლა თეატრის დირექტორია, საყვედური მსახიობებს – თორნიკე ბარამიძეს და მერი ნაკაშიძეს, სასტიკი საყვედური კი, ოთარ ქათამაძეს გამოუცხადა.
ქანთარიას ბრძანებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში მსახიობები ავრცელებენ აღწერით „ბათუმის თეატრში 1937 წელია“, წერია, რომ გაფიცვისკენ მოწოდება „ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად“ გაკეთდა.
„…სავარაუდოდ სპექტაკლის ჩაშლის განზრახვით მოვიდა მსახიობი ოთარ ქათამაძე, მაგრამ სპექტაკლი უკვე გადადებული დახვდა და თეატრის ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად, თვითნებურად, ხმის გამაძლიერებლით გააკეთა საჯარო განცხადება ბათუმის დრამატული თეატრის გაფიცვის შესახებ, რაც ასევე შიდაგანაწესის და შრომის კოდექსის დარღვევაა.
ოთარ ქათამაძეს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით მიეცეს სასტიკი საყვედური“, – ვკითხულობთ ალექსანდრე ქანთარიას მიერ 2024 წლის 25 დეკემბერს გამოცემულ ბრძანებაში.
ბათუმის სახელმწიფო თეატრის მსახიობების და რეჟისორების დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის შეწყვეტის გამო გაფიცულია.
„რეალურად ეს არის ჯილდო, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“- განაცხადა დღეს, 27 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე.
„ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში ფორმალური სანქციებით, ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, აღარ ვიცი.
ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თქვენ გახსოვთ, რა იყო ეროვნული გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისგან და მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს, ამის გამო აამოქმედეს დე ფაქტო სანქციები და ახლა უკვე მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა.
ამ გადაწყვეტილებით, მათ საბოლოო ჯამში გამოიცალეს ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი.
ამას აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ვუწოდებთ ჩვენ გლობალური ომის პარტიას. მე მაქვს იმის იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა, ასეც და ისეც, არაფერი შეცვლილა.
მე ახლახან მქონდა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის იგივე. არაფერი განსაკუთრებული. რეალურად ეს არის ჯილდო ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ აშშ-ს მიერ ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებაზე.
დღეს, 27 დეკემბერს. აშშ-მა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა რუსეთის სასარგებლოდ დემოკრატიის ხელყოფისთვის.