მთავარი,სიახლეები

„სტიკერის გაკვრას ადასტურებთ?“- მზია ამაღლობელს მეორედ ასამართლებენ სტიკერის გაკვრისთვის

09.06.2025 •
„სტიკერის გაკვრას ადასტურებთ?“- მზია ამაღლობელს მეორედ ასამართლებენ სტიკერის გაკვრისთვის

„თავისუფლება მზიას“, “სირცხვილი მოსამართლეს“ – ამ და სხვა შეძახილებით დაიწყო სასამართლო სხდომა “მზია ამაღლობელის საქმეზე”.

დღეს, 9 ივნისს, მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დაიწყო – მას სტიკერის გაკვრისთვის ხელახლა ასამართლებენ.

დღესვე, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე – სილის გაწვნისთვის მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან – არსებითი განხილვის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლოში ამ ეტაპზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

  • მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მას სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. მზია ამაღლობელი უკვე 5 თვე უკანონო პატიმრობაშია.
  • უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამასვე ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქართველოში. 

2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელმა შსს პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერი გააკარა „იფიცება საქართველო“. მზია ამაღლობელი დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვთ. ამიტომაც, პოლიციელებმა თქვეს, რომ მზია ამაღლობელი მათ შეურაცხყოფას აყენებდა. გაყალბებული საქმის მიუხედავად მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარი ჯარიმა დააკისრა.

რატომ ასამართლებენ მზია ამაღლობელს ადმინისტრაციული წესით ხელახლა იგივე „სტიკერის გაკვრის საქმეზე“?

28 აპრილს გამართულ მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე [სისხლის სამართლის საქმის განხილვა] სასამართლომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას ჩვენება მოისმინა. სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა.

მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს – 2025 წლის 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ამჯერად შსს სტიკერის გაკვრის გამო მზია ამაღლობელს ახალი მუხლით ედავებ. სწორედ ამ ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს მოსამართლე მარიანა ფომაევა 9 ივნისს 13 საათზე. მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, საჯარო სივრცეში სტიკერის გაკვრა არის თუ არა სამართალდარღვევა.

ამ მოსამართლემ, მარიანა ფომაევამ სტიკერის გაკვრისთვის გაასამართლა 2025 წლის 11 იანვარს დაკავებული ციალა ქათამიძე. შსს-მ სამოქალაქო აქტივისტის, ციალა ქათამიძის საქმეც გააყალბა და ის მოსამართლე ფომაევამდე მოსამართლე სალიხ შაინიძემ ისევ სტიკერის გაკვრისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

რაც მთავარია, მოქალაქემ სტიკერი საჯარო სივრცეში, შენობის შესასვლელთან გააკრა, მოსამართლე მარიანა ფომაევამ ციალა ქათამიძე სამართალდამრღვევად მიიჩნია და 1000 ლარით დააჯარიმა.

მზია ამაღლობელის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა ყურადღება გაამახვილა „ორმაგ მსჯავრდებაზე“, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი და იგივე ქმედების გამო არ შეიძლება ადამიანი ორჯერ გასამართლდეს.

„სასამართლო ამ შეფასებას ვერ დაეთანხმება. თარიღი ერთი და იგივეა, მაგრამ ქმედება განსხვავებულია,“ – მიმართა მზია ამაღლობელის ადვოკატებს მოსამართლე მარიანა ფომაევამ.

„ორი ადმინისტრაციული ცოტაა, მესამეც დაამატეთ“ – წამოიძახეს დარბაზიდან.

ადვოკატებმა ამ საქმეზე პოლიციელების დაკითხვა მოითხოვეს, რომლებმაც შემთხვევიდან სამ თვე-ნახევრის შემდეგ გადაწყვიტეს პატაკის და ახსნა-განმარტებების დაწერა.

მოსამართლემ პოლიციელების ნოდარ ზენაიშვილის და ედნარ შაინიძის დაკითხვის მოთხოვნა დააკმაყოფილა, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე კი უარი თქვა, რომლის ხმაც ისმის მზია ამაღლობელის დაკავების დროს, სტიკერის გაკვრისთვის დავაკავეთო.

სტიკერის გაკვრა ამ შემთხვევაში სამართალდარღვევა რომც ყოფილიყო, პოლიციელებს მზია ამაღლობელის, ან ამ ქმედების გამო რომელიმე მოქალაქის დაკავების უფლება არ ჰქონდათ.

სად არის ნებადართული სტიკერის გაკვრა? – ეს ინფორმაცია მზია ამაღლობელის ადვოკატებს ბათუმის მერიიდან გამოუთხოვიათ, მაგრამ მერიამ ეს ინფორმაცია არ გასცა. ადვოკატებმა მოსამართლეს სთხოვეს შუამდგომლობით ამ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი გამხდარიყო.

„ეს არ არის საჯარო ინფორმაცია“ – მიმართა მოსამართლეს შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ.

მოსამართლემ შსს-ს წარმომადგენლის პოზიცია გაიზიარა და განმარტა, რომ მსგავსი ინფორმაცია ვერ გაიცემა, როგორც საჯარო ინფორმაცია.

„ცირკია უკვე, ცირკი“ – მოსამართლეს მიმართეს ისევ სხდომათა დარბაზიდან.

„ამ ცირკს ვერ ვუყურებ, გავდივარ“ – დარბაზი პროტესტის ნიშნად ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა დატოვა.

მოსამართლეს ადვოკატმა ირმა აბაშიძემ ისიც უთხრა, რომ სტიკერი შსს-ს დამხმარე ნაგებობას გააკრეს და დაკავებისთანავე პოლიციელმა ერთი ხელის მოსმით ააძრო – სტიკერის გაკვრით შენობის იერ-სახე არ დამახინჯებულა და არც დაზიანებულა.

ამასობაში მზია ამაღლობელს მისცეს სიტყვა, თუმცა უმიკროფონოდ მისი ხმა დარბაზში სუსტად გაისმა.

„მიკროფონი მიაწოდეთ, მიკროფონი, ამის უფლება მაინც ხომ აქვს?” – დარბაზი გააქტიურდა ისევ. მოსამართლე იძულებული გახდა, მზია ამაღლობელისთვის მიკროფონი მიეწოდებინათ.

„უსამართლობაა, როცა სტიკერის გაკვრისთვის მეორედ მასამართლებენ… სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც სტიკერის გამო დააკავეს,“ – მოსამართლეს მიმართა მზია ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ მას პირადად არაერთხელ მიუმართავს ბათუმის მერიის ადმინისტრაციისთვის, როცა ნებართვის მოპოვება იყო საჭირო.

„ახლაც როგორი პოზიციიდან გესაუბრებათ… გრცხვენოდეთ, მზია, გვიყვარხართ” – პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი ჟურნალისტმა ევა ართმელაძემ დატოვა.

„სტიკერის გაკვრას ადასტურებთ?“ – მზია ამაღლობელს მიუბრუნდა შსს-ს წარმომადგენელი, მარიამ კერესელიძე.

ამ დროს დარბაზს ჯერ სიცილმა გადაუარა, შემდეგ – ბრაზმა.

„სტიკერის გაკვრა არაა სამართალდარღვევა“ – შსს-ს წარმომადგენელს დარბაზიდან მიმართა ჟურნალისტმა ლელა დუმბაძემ.

მოსამართლემ ლელა დუმბაძეს დაატოვებინა სხდომათა დარბაზი.

„სტიკერის გავაკარი, მაგრამ სოლიდარობის და პროტესტის ნიშნად,“- შსს-ს იურისტს, მარიამ კერესელიძეს ხმამაღლა გაუმეორა მზია ამაღლობელმა.

„სადმე იყო მითითება, გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ სტიკერის გაკვრა აკრძალული იყო?” – შსს-ს იურისტს მიმართა გიორგი ხიმშიაშვილმა.

„ისმის ხმა, რომ არ გაეკრა“- თქვა შსს-ს იურისტმა, მარიამ კერესელიძემ, თუმცა დარბაზში მაშინვე წამოიძახეს:

„ეს მედროშის ხმაა, ყველა ვიცნობთ“ – გაისმა დარბაზში.

„მე მიგითითებთ, რომ მიიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება და არა ის, რასაც რუსული რეჟიმი გავალებთ“ – პროტესტი გამოხატა სასამართლო სხდომაზე აქტივისტმა მარიამ ქაჯაიამ.

მოსამართლემ მასაც დაატოვებინა სხდომათა დარბაზი.

„მე ვარ თქვენი სინდისის ხმა, გრცხვენოდეთ,“- ამ დროს სასამართლოს შენობის მიღმა გაისმა მედროშის ხმა – პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე ზურაბ ჭავჭანიძე მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ სხდომათა დარბაზიდან გააძევეს, სოლიდარობის ნიშნად მზია ამაღლობელის პროცესების დროს სასამართლოსთან გარეთ ჩერდება – ტრადიციულად საქართველოს დროშით ხელში და პერიოდულად ხმამაღალი შეძახილებით მიმართავს სასამართლოს.

„უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეთ“ – გაისმა სასამართლოსთან შეკრებილი და დარბაზიდან გაძევებული მოქალაქეების ხმა სასამართლო დარბაზში.

სასამართლო განხილვა გადაიდო. შემდეგ პროცესზე სასამართლო მოწმეების ჩვენებებს მოისმენს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: