დღეს, 27 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ლუკა ნაცვლიშვილის საქმე განიხილა. მოსამართლემ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
„ვერც მივხვდი, რა ხდებოდა… პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა არანაირი მოწოდება“,- უთხრა მოსამართლეს სტუდენტმა ლუკა ნაცვლიშვილმა.
ლუკა ნაცვლიშვილი გუშინ, 26 მაისს, ღამით დააკავეს ბათუმში პროევროპული მარშის შემდეგ.
მარშის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოიყარეს თავი. აქციის დაშლამდე კამათი პოლიციელებს შეუმჩნევიათ.
„ხმამაღალი საუბარი იყო, უხეში და უცენზურო სიტყვები არ გამოგვიყენებია… მოვარდა 20-მდე პოლიციელი და უცებ დააკავეს ლუკა ნაცვლიშვილი, აზრზეც ვერ მოვედით, რა მოხდა.
მანქანაში ჩატენეს, ძალდატანებით წაიყვანეს,“- თქვა მოწმე არჩილ ბერიძემ, რომელიც შემთხვევის თვითმხილველია.
პოლიციელების მტკიცებით კი, ლუკა ნაცვლიშვილი იგინებოდა და მას დამშვიდებისკენ მოუწოდეს.
„მოვუწოდეთ დამშვიდებისკენ, მან განაგრძო უმისამართოდ ლანძღვა-გინება,„- უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით სასამართლოში დაბარებულმა პოლიციელმა, ხვიჩა ცენტერაძემ.
სხვა შემთხვევების მსგავსად, არც ამ შემთხვევაში ჰქონდათ პოლიციელების ჩართული სამხრე კამერები.
შსს-მ სასამართლოში მხოლოდ მოქალაქე ედო მჟავანაძის მიერ გადაღებული ვიდეო წარმოადგინა, სადაც ლუკა ნაცვლიშვილის დაკავებაა ასახული. ვიდეოში ჩანს, რომ ლუკა ნაცვლიშვილი პოლიციელებს ეკითხება, თუ რისთვის აკავებენ მას, მაგრამ ის პასუხს ვერ იღებს.
ვიდეოჩანაწერის მიხედვით, პოლიციელებმა ძალის გამოყენებით დააკავეს ლუკა ნაცვლიშვილი.
ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ლუკა ნაცვლიშვილი არავის არ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ნეიტრალური სხვა მტკიცებულება შსს-ს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
შსს ლუკა ნაცვლიშვილს წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) და პოლიციელების წინააღმდეგობას (ასკ-ის 173-ე მუხლი) ედავება.
173-ე მუხლის მესამე ნაწილი, რაც ლუკა ნაცვლიშვილის ოქმში ამჯერად ჩაუწერეს, სახდელდადებული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენას გულისხმობს და და 7-დან 60 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
ლუკა ნაცვლიშვილი 2025 წლის იანვარში პროევროპულ აქციაზე დააკავეს. მაშინ მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.