მთავარი,სიახლეები

„მზია ამაღლობელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის“ – ინტერვიუ საკონსტიტუციოს ყოფილ მოსამართლესთან

25.05.2025 •
„მზია ამაღლობელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის“ – ინტერვიუ საკონსტიტუციოს ყოფილ მოსამართლესთან

„მზია ამაღლობელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები საერთოდ არ არის,“ – მკაფიო პოზიცია აქვს სილის გაწვნის თავდასხმად შეფასებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლე ბესიკ ლოლაძეს. ყოფილ მოსამართლეს მზია ამაღლობელის საქმეზე ვესაუბრეთ.

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 4 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია.

ყოფილი მოსამართლის აზრით, თუ მოსამართლემ მკაფიოდ ვერ დაინახა სილის გაწნა დანაშაულია თუ სამართალდარღვევა, მას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით უნდა მიემართა.

„უკვე ვთქვი, როგორც უნდა მოქცეულიყო აქამდე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი მოსამართლე… ამგვარი ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არის არაპროპორციული. „მზია ამაღლობელის საქმე“ გასულია საერთოდ სამართლებრივი სივრციდან,“ – მიიჩნევს ბესიკ ლოლაძე.

„ბათუმელებმა“ ბესიკ ლოლაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.  ბესიკ ლოლაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო 2006-2010 წლებში. 2015-2016 წლებში ბესიკ ლოლაძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ბესიკ ლოლაძე არის სამართლის დოქტორი [პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია, summa cum laude] და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი. იგი სხვადასხვა დროს იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და მაქს-პლანკის საზოგადოების სტიპენდიატი.

  • ბატონო ბესიკ, თქვენთვის რამდენად დასაბუთებულია პროკურატურის ბრალდება, რომლის მიხედვითაც სილის გაწნა თავდასხმა გამოდის? 

ჩემი აზრით, მზია ამაღლობელის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები საერთოდ არ არის. მის მიერ ჩადენილი ქმედება საერთოდ არ შეიცავდა არანაირ საფრთხეს პოლიციელის ჯანმრთელობისთვის, რომ ის დაეკვალიფიცირებინათ პოლიციელზე თავდასხმად.

ეს იყო მაქსიმუმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 173-ე მუხლი, რომელიც მოიცავს პოლიციელის მიმართ „სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას“.

პროკურორს თუ არა, მოსამართლეს მაინც უნდა მიექცია ყურადღება „სისხლის სამართლის კოდექსის“ მე-7 მუხლისთვის, რომელიც ამბობს, რომ ფორმალურად რომც შეიცავდეს ქმედება დანაშაულის ნიშნებს – ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ფორმალურადაც არ შეიცავს ქალბატონი მზიას ქმედება დანაშაულის ნიშნებს – თუ ზიანი არ არის სახეზე, სასამართლომ უნდა იმოქმედოს ე.წ. ტელეოლოგიური რედუქციის მეთოდით და დანაშაულად არ შეიძლება ჩათვალო ამგვარი ქმედება.

აქ არის მნიშვნელოვანი საკითხი კონსტიტუციურ-სამართლებრივად: საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასამართლო ამბობს ასეთ რამეს, რომ შესაძლებელი უნდა იყოს გამიჯვნა სისხლის სამართლის დანაშაულის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის. თუ ეს სამართლებრივი ნორმები იმდენად ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული, რომ ადამიანს, რომელმაც შეიძლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა და სისხლის სამართლებრივი წესით დაემუქროს პასუხისმგებლობა, ამ დროს მოსამართლემ წარდგინებით უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

  • თქვენ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მიგაჩნიათ, რომ თავდასხმის მუხლს აქვს განჭვრეტადობის პრობლემა? 

ჩემი აზრით, არ აქვს განჭვრეტადობის პრობლემა, მაგრამ თუ მოსამართლე ხედავს, რომ ასეთი ქმედებისთვის, რომლითაც არანაირი ზიანი არ დამდგარა – მაქსიმუმ შეიძლება მორალური ზიანი მიადგა პოლიციელს – ქმედება დაკვალიფიცირდეს თავდასხმად და ასეთი მკაცრი სასჯელი დაეკისროს ადამიანს, ამ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

ამგვარი ქმედებისთვის საერთოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არაპროპორციულია.

  • მოსამართლეს საერთოდ არ უნდა დაეწყო ამ საქმის არსებითი განხილვა? 

მოსამართლეს მინიმუმ უნდა შეეჩერებინა წარმოება და მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.

ჩემი აზრით, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა ჩანს: პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით არანაირ სტანდარტში არ ჯდება. კანონმდებლობა ამბობს, რომ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გამოიყენო. პატიმრობის დასაბუთება შაბლონური გადაწყვეტილებით დაუშვებელია. ამ კუთხით ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი.

  • თავად მოსამართლემ თუ დაარღვია მზია ამაღლობელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია? მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავებაზე მითითებით მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტი დანაშაულის ხელახლა ჩადენაზე, თუმცა ამ დროს სასამართლოს არ ჰქონდა დადასტურებული სამართალდარღვევის ჩადენა. 

დიახ, უდანაშაულობის პრეზუმფციას აქვს ფართო გაგება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომლითაც მათ დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც შესაძლოა აღქმული იქნეს სასამართლოზე ზეწოლად, მითითებად სასამართლოსადმი, რომ აი, ასე უნდა იქნას გადაწყვეტილი ეს საქმე.

საერთოდ, ბრალდებულის პატიმრობის გამოყენებას აქვს ძალიან მკაცრი სტანდარტები. პირველ რიგში, უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული. შემდეგია მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეეშლება თუ არა, არის თუ არა მტკიცებულებების განადგურების რისკი.

სასამართლოს ცალსახად კანონმდებლობით განსაზღვრული არცერთი საფუძველი არ ჰქონდა იმისთვის, რომ პატიმრობა გამოეყენებინა.

პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება თუ ცალკე გასაჩივრდება სასამართლოში, აუცილებლად დადგინდება მეხუთე მუხლის [თავისუფლების უფლება] დარღვევა.

  • რამდენად შეუძლია მოსამართლეს გვერდი აუაროს ამ კუთხით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მკაფიო პრაქტიკას? მაგალითად, ბათუმში პოლიციელს თავში ბოთლი ჩაარტყეს, ასევე დანით დაჭრეს პოლიციელი, კიდევ ერთ შემთხვევაში კი, პოლიციელს საზარდულში ფეხი ამოარტყეს – ამ შემთხვევებზე არ უთქვამს სასამართლოს, რომ ეს იყო თავდასხმა .

უკვე ვთქვი, როგორც უნდა მოქცეულიყო აქამდე დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი მოსამართლე. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ აქამდე მიღებული გადაწყვეტილებების გამო, სასამართლო მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას. მოსამართლემ შეიძლება ფორმალურად აღნიშნოს, რომ კი ბატონო, არსებობს უზენაესი სასამართლოს ეს პრაქტიკა, მაგრამ მე სხვაგვარად ჩავთვალე საჭიროდ და თქვენ შეგიძლიათ გაასაჩივროთ.

ეს გადაწყვეტილებები მზია ამაღლობელის მიმართ არღვევს ყველა სტანდარტს: საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სტანდარტებს, ევროკონვენციით და სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ სტანდარტებს.

  • ამ სტანდარტების მიხედვით რა რეაგირება უნდა ჰქონოდა გამოძიებას, როცა დაზარალებულად მიჩნეული პოლიციელი სილის გაწვნის შემდეგ ამბობს, ტკივილი განვიცადეო? 

ტკივილის განცდასთან დაკავშირებით სასამართლო ექსპერტმა განაცხადა, რომ ტკივილის განცდას არანაირი ობიექტური გარემოება არ ადასტურებს.

საერთოდ, ადამიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა არ უნდა იყოს დამოკიდებული ვიღაცის სუბიექტურ განცდებსა და შეგრძნებებზე. ეს წარმოუდგენელი რამეა. სიწითლე ჰქონდა თუ არა, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს და ასე შემდეგ – აბსურდში შევდივართ საერთოდ.

  • სილის გაწვნამდე მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს ადმინისტრაციული წესით. დაარღვიეს პოლიციელებმა მზია ამაღლობელის გამოხატვის თავისუფლება? 

რა თქმა უნდა, დაარღვიეს. მზია ამაღლობელი მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილებაც საქართველოს წინააღმდეგ აჩვენებს, რომ ძალიან ზედაპირულად ხდება საქართველოში ადამიანების დაკავება ადმინისტრაციული წესით – ფაქტობრივად ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე.

როცა მზია ამაღლობელი დააკავეს სტიკერის მიკვრისთვის, ეს დაკავება დაუშვებელია, რადგან დაკავებას სჭირდება კანონით გათვალისწინებული რაიმე საფუძველი. კონსტიტუცია გვეუბნება პირდაპირ, რომ მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ადამიანის დაკავება. დაკავება უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. მზია ამაღლობელის შემთხვევაში არც ერთი იყო, არც – მეორე.

  • უკვე ხელახლა ასამართლებენ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, გრიგოლ ბესელიას ჩვენების მიხედვით, მზია ამაღლობელის მიმართ სტიკერის გაკვრის კუთხითაც არსებობს შედგენილი ოქმი, თუმცა მსგავსი ოქმი ბუნებაში არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც პოლიციის უფროსი ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე სიცრუეში ამხილეს, 2 დღეში ახალი ოქმი შეადგინეს… რას აჩვენებს თქვენთვის ეს ამბავი? 

რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია, რადგან არსებობს განმეორებითი მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი: დაუშვებელია ერთი და იგივე ქმედების გამო ადამიანს რამდენჯერმე დააკისრო პასუხისმგებლობა.

ასეთია სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა: არსებითად იგივე ქმედებისთვის განმეორებით პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ მზია ამაღლობელი მოიგებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეს. მე ამაში დარწმუნებული ვარ. იმედი მაქვს, რომ მანამდე საქართველოს სასამართლოები იმოქმედებენ კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, გაითვალისწინონ არამხოლოდ ევროპული სასამართლოს მიდგომები, არამედ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა.

ცხადია, რომ მზია ამაღლობელს დანაშაული არ ჩაუდენია და ასამართლებენ არაარსებული დანაშაულის ჩადენისთვის.

  • მიგაჩნიოთ, რომ მზია ამაღლობელს დევნიან, როგორც ჟურნალისტს?

სხვაგვარი დასკვნის გაკეთებას შესაძლებლობას ეს საქმე არ იძლევა. „მზია ამაღლობელის საქმე“ გასულია საერთოდ სამართლებრივი სივრციდან, იგი ვერანაირ სამართლებრივ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

  • მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარია? 

დიახ, მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: