რუსი პროპაგანდისტის შეფასებით ყაველაშვილი გონიერი პრეზიდენტია

„საქართველოში ფიცი დადო კიდევ ერთმა გონიერმა პრეზიდენტმა“ – წერს პუტინის იდეოლოგი, ალექსანდრე დუგინი საკუთარ ტელეგრამ არხზე მიხეილ ყაველაშვილის შესახებ. „რაც უფრო მეტი გონიერი პრეზიდენტი იქნება, მით უკეთესი“, – წერს ის.

დუგინმა დღეს რუსულ პროპაგანდისტულ ეთერში „ქართული ოცნება“ უნგრეთისა და სლოვაკეთის პოლიტიკური ლიდერების – ვიქტორ ორბანისა და რობერტ ფიცოს მსგავს კონსერვატიულ ძალებად მოიხსენია:

„სინამდვილეში ყველა კონსერვატიულ პოპულისტურ ძალებს ევროპაში, ამერიკის ახალი რეჟიმის მხარდაჭერის პირობებში, შეუძლიათ მოვიდნენ მთავრობაში. უკვე არის პრეცედენტები – ორბანი, ფიცო ან მაგალითად „ქართული ოცნება“, უბრალოდ სუვერენული, ზომიერი, კონსერვატორები, რომლებიც ეყრდნობიან ტრადიციულ ფასეულობებს. ეს ახალი ტალღაა, ამერიკაში მან უკვე მოიგო, ესე იგი ის შეეხება ევროპას“.

პროპაგანდისტული არხის წამყვანმა დუგინს სთხოვა შეაფასოს, რაც საქართველოში ხდება რა ფენომენია?

ჟურნალისტის აზრით, „რუსეთი ძლიერდება, ბევრ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში, ზოგადად ჩვენ ახლო ქვეყნებში, რომლებიც იყვნენ ჩვენი ნაწილი, იწყება ერთგვარად რუსეთზე ორიენტირებული პროცესები. ისინი უკვე იმდენად აღარ მიილტვიან დასავლეთისკენ. საქართველოს საოცარი ამბავი, სადაც მოულოდნელად დაიწყეს ისეთი უცნაური კანონების მიღება… პრაქტიკულად ეწინააღმდეგებიან დასავლეთს“.

დუგინმა გაიმეორა „ოცნების“ ნარატივი და თქვა, რომ ეს პარტია არა პრორუსული, არამედ პროქართული:

„ვფიქრობ, ეს ტენდენცია უფრო ფართოა, ვიდრე რუსეთი. ყურადღება მიაქციეთ, იქ მოიგო არა იმდენად პრორუსულმა ძალამ, რამდენადაც პროქართულმა. ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც ახლახან დადო ფიცი ახალი პრეზიდენტია, წინა, სამარცხვინოდ გაქცეული გლობალისტი მარიონეტი სალომე ზურაბიშვილის შემდეგ (ის სწორედ ბაიდენის ადმინისტრაციას წარმოადგენს).

ახლანდელი „ქართული ოცნება“ შეიძლება წარმოადგენდეს ჩვენთვის, რუსეთისთვის მეგობრულ, სულ ცოტა ნეიტრალურ ძალას; ჩვენი ტრადიციული ფასეულობები ძალიან ახლოა – ჩვენც და ისინიც მართლმადიდებელი ქვეყნები, ხალხი ვართ“, – ამბობს ის.

დუგინის აზრით, მომავალი ივანიშვილის და ყაველაშვილის მსგავსი პოლიტიკოსებისაა:

„ვფიქრობ, ისეთი ფიგურები, როგორიცაა ივანიშვილი, ყაველაშვილი – როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ან ისეთ ფიგურები, როგორიცაა ორბანი და ფიცო უნგრეთსა და სლოვაკეთში, მომავალი მათია. ისინი არ არიან უბრალოდ პრორუსი ლიდერები, ისინი არიან მომავალი (მათ შორის ევროპული) სამყაროს ლიდერები“.

ბათუმის აქციების 12 მონაწილე, მათ შორის სტუდენტები სასამართლოში დაიბარეს

ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილე 12 ადამიანი სასამართლოში დაიბარეს.

მათ შორისაა სტუდენტი ლარა ქარცივაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია, პარტია „ახალის“ წევრი ლევან გორგილაძე და „თავისუფლების მოედანის“ წევრი აზა გაბუნია.

წინასწარი ინფორმაციით სასამართლოში დაბარებული არიან პროტესტის მონაწილე შემდეგი პირები:

1. გოგიტა სოლომონიძე
2. დარიკო ჩიტაძე
3. ელგუჯა ბაგრატიონი
4. ირმა კომახიძე
5. ირაკლი ჯორბენაძე
6. ნიკოლოზ მირცხულავა
7. აზა გაბუნია
8. ირმა ზოიძე
9. ლევან გორგილაძე
10. ვაჟა დარჩია
11. ლარა ქარცივაძე

12. თორნიკე კაკალაძე

როგორც ლარა ქარცივაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მოტივით იბარებენ სასამართლოში, თუმცა სხვა დეტალები მისთვის უცნობია.

„როგორც გავიგე, ძირითადად გზის გადაკეტვაზე მედავებიან. 13 იანვარს არის პროცესი ჩანიშნული. ათამდე ადამიანს დაგვირეკეს და ახლა ვარკვევთ სხვების ვინაობასაც. ძირითადად იმათ დაურეკეს, ვინც აქციების ორგანიზებაში არიან  ჩართული“, – ამბობს ლარა ქარცივაძე.

აზა გაბუნიაც სასამართლოში 13 იანვარსაა დაბარებული.

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე  მუხლს გვედავებიან. ეს არის ორგანიზატორობა. პოლიციის მე-7 განყოფილებას მიუმართავს სასამართლოსთვის. არის მცდელობა, რომ ადამიანები დააშინონ და აანონსებენ რეპრესიებს. ერთ ორგანიზატორს ისინი ვერ იპოვიან და მთელი საქართველო აქციების ორგანიზატორად უნდათ რომ გამოაცხადონ?“ – ამბობს აზა გაბუნია.

აქტივისტების ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. როგორც ორგანიზაციაში განგვიმარტეს, სასამართლოს ბათუმის პოლიციის მე-6 და მე-7 განყოფილებებმა, ასევე აჭარის პოლიციის მთავარმა სამმართველომაც მიმართა.

საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით 28 ნოემბრიდან იმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც.

მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების რეპრესიებს, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, მოითხოვენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ახალ საპარლამენტო არჩევნებს.

დაბარებულებს შეატყობინეს, რომ მათ საქმეს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს.

აპელაციის საბჭომ ილიაუნის საჩივარი დააკმაყოფილა – ავტორიზაცია

აპელაციის საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჩივარი დააკმაყოფილა.

აპელაციის საბჭო არ იზიარებს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტისთვის პირობითი ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე.

ახლა ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა, ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა – როგორც ადგილობრივმა, ასევე უცხოელმა ექსპერტებმა ყველა სტანდარტში უმაღლესი შეფასება მისცეს.

უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე ამბობდა, რომ იყო გაოგნებულები და გაბრაზებული ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, რადგან ილიაუნის უმაღლესი შეფასებები აქვს ყველა სტანდარტში. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება კი არ ეფუძნება დოკუმენტაციას და მთელ რიგ შეფასებებს, რაც მათ ხელთ ჰქონდათ.

ამის მიუხედავად, ავტორიზაციის საბჭომ მაინც პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა ილიაუნის ერთ წელიწადში მონიტორინგის პირობით.

საბჭო ამბობდა, რომ მათ გარკვეულ სტანდარტებში შეფასების კრიტერიუმები შეცვალეს, რის შესახებაც არ უცნობებიათ უნივერსიტეტისთვის. „ეს არის სწორედ ყველაზე დიდი დარღვევა“, – ამბობს ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“.

განათლების სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ ილიაუნისთვის პირობითი აკრედიტაციის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ილიაუნის რექტორი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ღია განცხადებები გააკეთა რუსული კანონის წინააღმდეგ, ასევე აქტიურად მონაწილეობდა ანტირუსულ აქციებში.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებმა კი ნინო დობორჯგინიძის წინააღმდეგ კამპანია ააგორეს, რითაც მის პიროვნული დისკრედიტაცია სცადეს. კამპანიას მეცნიერები გამოეხმაურნენ და რექტორს სოლიდარობა გამოუცხადეს. „ეს ჰგავს საბჭოთა რეპრესიულ მეთოდებს“ – აცხადებდნენ პროფესორები.

საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს იმაზე ფიქრი, რამდენად ადეკვატური გახდება ივანიშვილი – გახარია

დღეს საქართველოს ეკონომიკას აქვს ძალიან დიდი რისკი საკასო გარღვევის“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გადაცემა „დროებაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

გიორგი გახარიას თქმით, ახლა საზოგადოებამ უნდა შეწყვიტოს იმაზე ფიქრი, თუ რამდენად ადეკვატური გახდება ივანიშვილი.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ოცნება დღეს რეაქტიულ პოზიციაშია. ისინი დღეს წესრიგს ვერ ქმნიან. რეაგირებენ იმაზე, როგორი პოლიტიკური დღის წესრიგიც იქნება ქვეყნის შიგნით რუსთაველზე და ქვეყნის გარეთ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამიტომ ჩვენი გეგმა დღეს უნდა მოძრაობდეს რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხაზის ირგვლივ.

პირველი – რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები და დაპატიმრებულების გათავისუფლება.

მეორე – ჩვენ უნდა გვქონდეს უკვე ნაფიქრი, რას ვაკეთებთ იმ ადამიანების დასაცავად, რომლებსაც კრიზისის მეორე ფაზა დაარტყამს. ეს იქნება უმძიმესი ეკონომიკური შედეგების მატარებელი. [ოცნებამ] თავისი ელიტის, სპონსორების, ბიზნესპარტნიორების, ზიანი და ზარალი რომ აიცდინოს, რადგან ისინი პარტნიორები არიან, მთელი სიმძიმე მეორე ფაზის ეკონომიკური კრიზისის გადავა რიგით მოქალაქეებზე. მაგალითად, მუშებზე, როგორც ფერომ გააჩერა მუშები, ტყიბულმა გამოყარა ხალხი, ჯორჯიან მანგანეზი არ მუშაობს, აგერ აგარის შაქარი… საჯარო მოხელეებს სამსახურიდან ათავისუფლებენ. საშუალო და მცირე ბიზნესს ყველაზე დიდი წნეხი დააწვება.

შენ როდესაც ელიტის კონსოლიდირება გინდა, მათ შორის ბიზნეს ელიტის, რომელიც შენი კორუფციული სპონსორია, რა თქმა უნდა, მათ აძლევ იმის უფლებას, რომ ეკონომიკური და ფინანსური დარტყმა გადავიდეს რიგით მოქალაქეებზე და არა მათზე, იმიტომ, რომ ისინი წინააღმდეგ შემთხვევაში აგიბუნტდებიან. ამიტომ ჩვენ გვჭირდება დიდი კონსოლიდირება, რომ ეს ხალხი რაღაცნაირად უნდა დავიცვათ და მათ უნდა მივეხმაროთ,“ – თქვა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება პოლიტიკურ დათმობაზე არ წავა და ახალი არჩევნების თარიღს არ გამოაცხადებს. გახარია საუბრობს ასევე იმ ეკონომიკურ სირთულეებზე, რომელიც ქვეყანას ელის.

„ის, რაც დღეს საერთაშორისო ველზე ხდება, როდესაც ევროკავშირი რეალურად განიხილავს ისეთი პროცესების შეჩერებას, რასაც პირდაპირი ფინანსური ზემოქმედება ექნება საქართველოზე.

მოლდოვას მაგალითზე რომ გადმოვთვალოთ, რას მივიღებდით, ეს იქნებოდა დაახლოებით 4 მილიარდი ევრო ორი წლის განმავლობაში, 2025-27 წლებში.

ამას რომ მივამატოთ ის დახმარებები, რომელიც შეჩერდა. ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან, აშშ-დან. ამას დაამატეთ ამ ბარდაგით და პოლიტიკური კრიზისით, რაც ახლა ხდება, რამხელა კაპიტალი გადის ქვეყნიდან.

საბოლოო ჯამში უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკას აქვს ძალიან დიდი რისკი საკასო გარღვევის, რომელსაც პირდაპირი ფული დასჭირდება დასაფინანსებლად.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის, რასაც ჩვენ დავეჯახებით დაახლოებით მარტიდან და ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ ამისთვის,“ – თქვა გახარიამ.

ექსპრემიერის თქმით, ახლა ყველას მიზანი უნდა იყოს მზადება ახალი არჩევნებისთვის, თუმცა მთელი რიგი დათქმებით.

„ახალ არჩევნებს იმავე საარჩევნო გარემოში არანაირი აზრი არ აქვს. პირიქით, ამან შეიძლება დამატებითი ენერგია და ახალი სიცოცხლე შესძინოს დღევანდელ „ოცნებას“, იმისთვის, რომ მოახერხონ რაღაცნაირად ნაკლები, მაგრამ მაინც სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნონ. ამიტომ პირველი ფაზა უნდა დავასრულოთ ისე, რომ არ იყოს არც შიდა, არც გარე ლეგიტიმაცია, სანქციები უნდა გაგრძელდეს.

საბოლოო ჯამში საქართველოს მოქალაქეები და პირველ რიგში ის ხალხი, ვინც ოცნებას მისცა ხმა, დარწმუნდეს, რომ 20 იანვარს არაფერი არ მოხდება. პირიქით იქნება, იმიტომ, რომ რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულება საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ, ყოველთვის უფრო მკაცრი, ეფექტური და სწრაფი იყო.

ამას ესენი [ქართული ოცნება] ძალიან კარგად ხვდებიან და იმასაც ამბობენ, რომ „შეიძლება ტრამპი ვერ მოერიოს გლობალური ომის პარტიას“.

ეს არის პირველი ფაზა, რომელიც იანვრის ბოლოს დასრულდება, მაგრამ ჩვენ დღეს უნდა ვმუშაობდეთ, მეორე ფაზის პირობებში, როდესაც ეკონომიკური გამოწვევები იქნება, ჩვენ ამ ხალხს უკვე ველაპარაკებით.

და მესამე – პროპაგანდა. იმიტომ, რომ არანაირი ახალი საარჩევნო გარემო… თუ თავისუფალი მედია არ იქნა ქვეყანაში და თუ ფულის როლი, პოლიტიკაში და პარტიების დაფინანსებაში არ შეიცვალა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იქნება ძალიან რთული. ჩვენ დღეს იმის ხარჯზე, რომ ამხელა გონიერებამ გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეებში, შეგვიძლია, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია, ხარისხობრივად ახალ ეტაპზე და ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ. უბრალოდ ამისთვის გვჭირდება გონიერება, ცივსისხლიანი მიდგომა და არ უნდა ვიჩქაროთ“.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დასანქცირებული გომელაურის მოადგილედ დანიშნეს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, შალვა თადუმაძე დასანქცირებული,  „მაგნიტსკის სიაში“ შესული „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის – ვატანგ გომელაურის მოადგილედ დანიშნეს.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულ მოადგილეს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს,“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ 2024 წლის 30 დეკემბერს გავერცელებულ ინფორმაციაში.

შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.
შალვა თადუმაძეს 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა.

„ოცნებამ“ საარჩევნო კანონი შეცვალა და პარტიულ ინტერესებს, რეგიონულ ელიტებს მოარგო – საია

„დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებებით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო ნაკლებად სამართლიანი გახდება. „ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კანონმდებლობა ვიწროპარტიულ ინტერესებზე მოირგო, რათა ხელოვნური უპირატესობა მოიპოვოს,“ – ასე აფასებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საარჩევნო კოდექსში 2024 წლის დეკემბერში შესულ ცვლილებებს.

  • რა იცვლება არსებითად?

იზრდება მაჟორიტარული კომპონენტი. მაგალითად, ამჟამად თბილისი 50 წევრისგან შემდგარ საკრებულოში 10 – მაჟორიტარი და 40 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატია. ცვლილების შედეგად კი, თბილისის საკრებულო კვლავ 50 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

„დაჩქარებული წესით განხილული და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით თვითგამოცხადებული პარლამენტი მორიგ ჯერზე ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებას, რის მიზანსაც 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნა წარმოადგენს. 

ცვლილებების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლავ იზრდება საკრებულოებში მაჟორიტარული კომპონენტი და ის 2017 წლის ნიშნულს უბრუნდება. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც 2024 წლის გაზაფხულზე ერთპარტიულად მიღებული ცვლილებით უკვე გაუქმდა საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ასარჩევად დაწესებული მინიმალური 40%-იანი ბარიერი და მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობა,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საიას შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები „მნიშვნელოვნად გაზრდის ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას“.

ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე სუბიექტი გაუმართლებელ უპირატესობას მოიპოვებს და მის კანდიდატს საშუალება მიეცემა ამომრჩევლის უმრავლესობის უარყოფითი განწყობის მიუხედავად დაიკავოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობა. 

შემოთავაზებული ცვლილებებით მუნიციპალურ არჩევნებში მაჟორიტარული კვოტით ასარჩევი კანდიდატების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, საქმე გვაქვს საკანონმდებლო რეგულაციების მნიშვნელოვან გაუარესებასთან.

კერძოდ, მმართველი პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, რეგიონებზე პოლიტიკური და ელექტორალური კონტროლის კუთხით მნიშვნელოვნად ეყრდნობიან რეგიონულ ელიტებს, რაც მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებთ. საარჩევნო ბარიერისა და მეორე ტურის ჩატარების გარეშე კიდევ უფრო მკაფიოდ იჩენს თავს მაჟორიტარული სისტემის უარყოფითი მხარე – ხალხის წარმომადგენლად შესაძლოა არჩეულ იქნას კანდიდატი, რომლის წინააღმდეგაც ბევრად უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე მის მხარდასაჭერად. შედეგად, კიდევ უფრო მეტია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა, ვიდრე ნებისმიერი სხვა საარჩევნო სისტემის [თუნდაც მაჟორიტარულის სხვა სახეობის] შემთხვევაში,“ – ვკითხულობთ საიას შეფასებაში. 

„ქართულმა ოცნებამა“ საარჩევნო კოდექსში ცვლილება 13 დეკემბერს შეიტანა.

„მაცილებდნენ კი არა, მიმიღეს“ – ზურაბიშვილის პირველი კომენტარი ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ

„პირველივე დღეს რეპრესიული კანონების მიღება არის, ცოტა ძალიან მიუღებელი,“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად დანიშნული მიხეილ ყაველაშვილის მიერ რეპრესიული კანონების ხელმოწერას.

პრეზიდენტის პირველ კომენტარს ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ ტვ პირველი ავრცელებს. ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე გუშინ, 29 დეკემბერს დატოვა.

როგორ შეხვდით ხალხის გამოხმაურებებს, გუშინ ვხედავდით, რომ ტაშით გაცილებდნენ? – ჰკითხა ტვ პირველის ჟურნალისტმა პრეზიდენტს.

„მაცილებდნენ კი არა, მიმიღეს“ – უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა მას.

პრეზიდენტს ტვ პირველმა ასევე ჰკითხა სახელმწიფო დაცვის სამსახურის მოხსნის შესახებაც.

„ნორმალური ის არის იმ ახალი კანონის, ვიცოდი, რომ მიიღებდნენ იმ კანონს და ყველაფერს ველოდები“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახალი წლის შემდეგ შეიტყობს საზოგადოება თუ რომელი ოფისიდან იმუშავებს.

„გეტყვით საიდან ვიმუშავებ. ჯერ უნდა დავალაგოთ იქ რაღაცები. არ მიგიყვანთ იქ არეულობაში. ალბათ ახალი წლის მერე, სანამ ყველაფერს იქ გადავიტანთ და მოვაგვარებთ,“ – თქვა ზურაბიშვილმა.

ბათუმის პოლიციის I განყოფილება ტაბიძის ქუჩიდან სტადიონთან გადავა – 3 მილიონი ახალი ოფისისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმის სტადიონთან, გუდიაშვილის ქუჩაზე ახალ ადმინისტრაციულ შენობას ააშენებს, რისთვისაც ტენდერი 3,8 მილიონი ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ახალ შენობაში ბათუმის პოლიციის პირველი განყოფილება გადმოვა, რომელიც დღეს ტაბიძის ქუჩაზეა განთავსებული.

საპროექტო ტერიტორია გუდიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კუთხეში მდებარეობს და მისი ფართობი 925 კვადრატული მეტრია. ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის შსს-ზე სარგებლობის უფლებითაა გადაცემული.

საპროექტო ტერიტორია [მონიშნულია წითელი ფერით] ბათუმში, სადაც შსს ახალ ოფისს ააშენებს ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველოს I განყოფილებისთვის.
ტენდერი ითვალისწინებს გუდიაშვილის ქუჩის N3-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე „შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობების N1, N2 და N3-ის ნანგრევების დემონტაჟის, პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვას“.

ტენდერში წინადადებების მიღება დასრულებულია და ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ დროისთვის ერთი პრეტენდენტი ჩანს – შპს „გეგუ“, რომელიც სამინისტროს მომსახურებას 3 277 777 ლარად სთავაზობს [ტენდერი 3 816 644 ლარით იყო გამოცხადებული]. სატენდერო კომისიამ „გეგუს“ დამატებით დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა.

პროექტის მიხედვით, ახალი „შენობა ორსართულიანი იქნება [გაბარიტებით 44.50X18.10 მ, სიმაღლით 9.10 მ], რკ.ბ. კარკასით; გარე კედლები 400 მმ.

სისქის წვრილი სამშენებლო ბლოკით შეივსება, გარედან 10 სმ. XPS, გაილესება მიუნხენის ლესვით და შეიღებება; ბრტყელი გადახურვით, რომლის პერიმეტრიც შემოსაზღვრული იქნება 0.80 მ. სიმაღლის პარაპეტით. ფასადების შესარბილებლად ნაწილი მოპირკეთდება ტრავერტინით. გარე კარ-ფანჯრები, ვიტრაჟები და ფრამუგები იქნება ალუმინის. შენობაში შესასვლელად იქნება ორი კარი;

შენობაში იატაკები მოპირკეთდება ლამინატით და კერამოგრანიტის ფილებით, სველ წერტილებში კი მეტლახით. ჭერი მოეწყობა ამსტრონგის, სველ წერტილებში კი პლასტმასის შეკიდული.“

პირობის მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 300 დღე.

პოლიციის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილება დღეს ტაბიძის ქუჩის 40 ნომერში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის პირველ სართულზეა განთავსებული. განყოფილებას აქ 326.13 კვ.მ ფართობი უკავია, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია.

კორპუსი ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, რომლის პირველ სართულზე ქალაქის პოლიციის პირველი განყოფილება მდებარეობს

ახალი შენობის დასრულების შემდეგ ახალ მისამართზე პირველი განყოფილება რომ გადმოვა, „ბათუმელებს“ შსს-ს სატენდერო კომისიაში დაუდასტურეს, თუმცა რას უპირებენ ფართობს ტაბიძის ქუჩაზე, ინფორმაცია შსს-გან ვერ მივიღეთ.

როცა აუდიტორიებში ყოფნაზე მნიშვნელოვანი საქმე ქუჩაში კეთდება – სტუდენტების პროტესტი

როდის დგება დრო, როცა სტუდენტები აუდიტორიაში ყოფნასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე უფრო მნიშვნელოვან საქმედ ქუჩაში, აქციებზე გასვლას მიიჩნევენ და რა წინააღმდეგობები ხვდებათ მათ? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა ბათუმელ სტუდენტებს, აქტივისტებს: ლარა ქარცივაძესა და ლინდა ცინცაძეს.

YouTube video player

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 787 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 010]
  • ტანკი – 9 663 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 20 003 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 21 494 ერთეული [+44]
  • MLRS – 1 256 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 032 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 069 ერთეული [+31]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 003 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 32 551 ერთეული [+141]
  • სპეცტექნიკა – 3 670 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 650 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 38 813 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 083 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 073 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 621 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ალიევი რუსეთისგან ოფიციალურ ბოდიშს და კომპენსაციას ითხოვს ჩამოგდებული თვითმფრინავისთვის

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩამოვარდა და ოფიციალურ ბოდიშს, პასუხისმგებელი პირების დასჯასა და კომპენსაციას მოითხოვს.

აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან ალიევმა ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავიაკატასტროფა რუსეთის ტერიტორიიდან „ხმელეთიდან გახსნილი ცეცხლის“ შედეგად მიღებულმა დაზიანებამ გამოიწვია.

მან თქვა, რომ ის გამორიცხავს მიზანმიმართულ ტერორისტულ აქტს და ეს „შემთხვევით“ მოხდა, თუმცა უკმაყოფილება არ დამალა იმასთან დაკავშირებით, რომ „გარკვეული წრეები“ რუსეთში ცდილობდნენ ამბის მიჩქმალვას ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე ცრუ ვერსიების გავრცელებით.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სამი დღის განმავლობაში რუსეთიდან ბოდიშის ნაცვლად ისმენდნენ „აბსურდულ ვერსიებს“, თითქოს ავიაკატასტროფა თვითმფრინავის ბორტზე დაზიანების შედეგი იყო.

„დანაშაულის აღიარება და დროულად მობოდიშება აზერბაიჯანისთვის, რომელიც მეგობრულ ქვეყნად ითვლება და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება – სწორედ ეს ზომები და ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო” – თქვა მან.

გარდა ოფიციალური ბოდიშისა, როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ალიევი რუსეთისგან პასუხისმგებელი პირების დასჯას და დაზარალებული მგზავრების, ეკიპაჟის წევრებისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის კომპენსაციის გადახდას მოითხოვს.

კრემლის ცნობით, შაბათს, 28 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ალიევს დაურეკა და მოუბოდიშა, როგორც კრემლი აღწერს – „ტრაგიკული ინციდენტისთვის რუსეთის თავზე, რომლის დროსაც ავარია განიცადა აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავმა მას შემდეგ, რაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული დრონების წინააღმდეგ გახსნეს ცეცხლი“.

ოთხშაბათს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქოდან გროზნოში მიმავალმა თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა და აქტაუდან სამ კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 38 ადამიანი, 29 – დაშავდა.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/AZAMAT SARSENBAYEV

„დაკავების პროცესს თან ერთვის თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა“ – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] „რეპრესიების გაგრძელებად“ აფასებს დღეს, 29 დეკემბერს, ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ მოქალაქეების დაკავებას მშვიდობიან აქციაზე.

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს. დაკავების დროს მოქალაქეებმა დაზიანებები მიიღეს.

„29 დეკემბერს, დღის საათებში [14:14] შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ ქალებიც.

დაკავების პროცესს თან ერთვის ისეთი ქმედებები, როგორიცაა თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა.

ამგვარი ქმედებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებსა და არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • რა ხდება?

28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააჟღერა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, თბილისსა და სხვა ქალაქებში 32-ე დღეა, უწყვეტი მასობრივი პროევროპული პროტესტი მიმდინარეობს.

დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ თავისსავე არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია მოაწყო.

დღეს, ინაუგურაციის დასრულებისთანავე, რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს, აქციის ზოგმა მონაწილემ დაზიანება მიიღო.

_______________________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე

დღეს ბათუმში აქციას ლაზები შეუერთდებიან – „ევროპისკენ გზა სარფიდან მიდის“

დღეს, 29 დეკემბერს, საპროტესტო აქციას ბათუმში ლაზები უერთდებიან.

„შემოგვიერთდით ზღვის შვილების აქციაზე!

სარფი ევროპის კარიბჭეა!

სარფიშენ გზა ევროპაშა წულუნ! ევროპისენ გზა სარფიდან მიდის!

ლაზური ენა ცოცხალია, ლაზების ხმას ვერ გააჩუმებთ!“ – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ ფეისბუქზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპროტესტო აქციის 32-ე დღეს მოქალაქეები ბათუმში ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საღამოს 7 საათიდან შეიკრიბებიან.

  • რა ხდება?

28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააჟღერა 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, თბილისსა და სხვა ქალაქებში 32-ე დღეა, უწყვეტი მასობრივი პროევროპული პროტესტი მიმდინარეობს.

დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ თავისსავე არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია მოაწყო.

დღეს, ინაუგურაციის დასრულებისთანავე, რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ აქციის შვიდი მონაწილე დააკავეს, აქციის ზოგმა მონაწილემ დაზიანება მიიღო.

_______________

ფოტოზე: საპროტესტო აქცია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. 2024 წლის დეკემბერი

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 დეკემბრის 21 საათიდან 30 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 4 – 9 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0– 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 31 დეკემბერს მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 785 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 730]
  • ტანკი – 9 656 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 19 981 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 21 450 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 256 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 032 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 038 ერთეული [+25]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 003 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 32 410 ერთეული [+82]
  • სპეცტექნიკა – 3 670 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 650 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 38 813 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 083 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 073 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 621 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ოცნების“ პრეზიდენტს ინაუგურაციაზე ევროკავშირი საერთოდ არ უხსენებია

მიხეილ ყაველაშვილმა, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, ე.წ. ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ერთხელაც არ ახსენა საქართველოს მთავარი პარტნიორი – ევროკავშირი და ევროინტეგრაცია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირობაა და პირველ რიგში, პრეზიდენტის ვალდებულებაა, დაიცვას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მისაღწევად „ყველა ზომა მიიღოს“.

ყაველაშვილმა სიტყვით მიმართვით დროს დიდი დრო დაუთმო ქართულ სუფრას, ტრადიციებს, ოჯახის ღირებულებებს, მაგრამ არა „ევროკავშირს“. მან მხოლოდ ორჯერ ახსენა „ევროპული ოჯახი“, ისიც კრემლის პროპაგანდისტული გზავნილით, რომ თითქოს ევროპულ ოჯახში „ქართველობას გვართმევენ“.

აქ შეგიძლიათ ნახოთ მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც ის „ევროპულ ოჯახს“ ახსენებს:

„გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყვარე, ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება ჩაგვრას, უსამართლობას და ამპარტავნულ დამოკიდებულებას, რომელიც მოითხოვს, რომ პატივი სცენ ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას, ოჯახის სიწმინდეს, სარწმუნოებას და თანასწორად მოეპყრონ ჩვენს სამშობლოს… სწორედ ასეთი მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით მოახერხა ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობის შენარჩუნება. უსამართლობასთან და სიცრუესთან გამკლავებით, თანაც ისე, რო ვაგრძელებთ ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ევროპული ოჯახისკენ სვლას.

…ჩვენ, საქართველოს თავისუფალმა მოქალაქეებმა, უპირველეს ყოვლისა პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობას და იმ წესებს, რომლებსაც ადგენს სახელმწიფო. სახელმწიფოებრიობის განცდა და შეგრძნება უპირველესია ძლიერი საზოგადოების და ქვეყნის შენების გზაზე.

სწორედ სახელმწიფოებრიობა და ის ღირებულებები, რაზეც დგას ქართველი ერი, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი. ზუსტად თავისუფლების წესების და ეროვნული იდენტობის დაცვის ასეთ გაგებაში დაინახა ქართველმა ხალხმა შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში, რომელიც უნდა იყოს საშუალება ჩვენნაირი პატარა ერისთვის დავიცვათ ჩვენი კულტურა, ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია და ენა, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა. თუკი არსებობს ქართველი ადამიანი, ვინც შეიძლება ამ ღირებულებებს და შეხედულებებს არ იზიარებდეს, ალბათ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა, ვის ან რას შეიძლება ემსახურებოდეს,“ – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღეს, 29 დეკემბერს, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ინაუგურაცია მოაწყო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა, თუმცა იგი საქართველოს პრეზიდენტად რჩება.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება და საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილება იწყება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.“

მიხეილ ყაველაშვილი კი, არალეგიტიმურმა, ასევე კონსტიტუციის დარღვევით შეკრებილმა პარლამენტმა აირჩია.

მიხეილ ყაველაშვილის ფიცის დადება

 

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს დატოვებს

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის სასახლეს ტოვებს და ოპოზიციაში გადადის. პრეზიდენტმა ამის შესახებ განცხადება დღეს, 29 იანვარს გააკეთა ორბელიანების სასახლის ეზოში.

დღეს საქართველოში არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმურ პრეზიდენტად დანიშნული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იმართება.

სალომე ზურაბიშვილმა ამ ინაუგურაციას პაროდია და არალეგიტიმური პროცესი უწოდა.

„იქით არის სიცარიელე, აქ საზოგადოებაა. იქით ჩაკეტილები არიან და ჩვენ ვართ გარეთ, რადგან არაფრის გვეშინია, არც გისოსების“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ხალხს, რომელიც დღეს დილიდან შეიკრიბა ორბელიანების პრეზიდენტის სასახლესთან მისი გადაწყვეტილების მოსასმენად.

„მე აქედან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები“, – თქვა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ორბელიანების სასახლე იქამდე იყო პრეზიდენტის სიმბოლო, სანამ პრეზიდენტი იყო ლეგიტიმური.

„მე ჩემთან მიმაქვს ლეგიტიმურობა, დროშა, თქვენი ნდობა და ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს, მათია. მე მინდა თქვენთან ერთად დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ლეგიტიმურობა და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ სადაც ხალხის ნდობა არაა, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. მე გამოვალ თქვენთან და თქვენთან ვიქნები“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხარეს, რასაც ის „რუსულ ტრაგედიას“ ეძახის, არიან „შეშინებულები, დაბოღმილები, სანქცირებულები, არავისგან აღიარებულები“.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, ის აპირებს იმუშაოს რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორის იმ პირობებზე, რომლითაც ახალია არჩევნები ჩატარდება მალე. მისი თქმით, ეს არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და საჭიროა არსებობდეს დოკუმენტი, რა პირობებში ტარდება ის, რომ ვერ მოხერხდეს გაყალბება. მისი თქმით, დაცვა სჭირდება მედიას, ადამიანებს, რომლებსაც საჯარო სამსახურებიდან ათავისუფლებენ.

პრეზიდენტის განცხადებით, ახლო მომავალში ის დაიწყებს მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან:

  • ბიზნესთან
  • საჯარო მოხელეებთან,
  • ახალ პოლიტიკურ ძალებთან
  • რეგიონებში
  • უცხოეთში ვიზიტები

„31-ში [დეკემბერს] რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს და ეს ახალი წელი იქნება მშვიდობიანი, ბედნიერი და გამარჯვებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და პრეზიდენტის სასახლე დატოვა.

თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესების მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი – მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის მიღებას ისახავს მიზნად.

შეთავაზებები თიბისის და საქართველოს ბანკის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქვეყანაში ორი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის მიერ, 5 000 000 ლარის გამოყოფას გულისხმობს.

TBC x GLOVO 

თიბისი და გლოვო იმ მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ, რომლებსაც ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავლის წყარო. აღნიშნული ბიზნესების პროდუქციის Glovo-ზე განთავსების საკომისიო გადასახადს თიბისი სრულად დაფარავს.  მომხმარებლები კი, რომლებიც Glovo-დან მათ პროდუქციას შეიძენენ, თიბისის ბარათებზე დამატებით, 40%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. შეთავაზებით სარგებლობას, 27 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით, თიბისის ბარათების მფლობელები შეძლებენ.

TBC x MYMARKET

თიბისი და MyMarket.ge იმ მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ, რომლებიც არსებული ვითარების გამო, გაუქმებულ საშობაო მარკეტებში ვერ იღებენ მონაწილეობას. სპეციალურად მათთვის, MyMarket-ზე ონლაინ მარკეტი მოეწყობა და მასში ჩართვას HAPPYEUYEAR-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესები შეძლებენ.

მომხმარებლები, რომლებიც “ევროპული საახალწლო ბაზრობის” კატეგორიაში განთავსებულ  პროდუქციას MyMarket -ზე შეიძენენ, თიბისის ბარათებზე 40%-იან ქეშბექს მიიღებენ და პროდუქციის მიტანის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. შეთავაზება ძალაშია 18 იანვრის ჩათვლით.

ერთობის ჯაჭვი ბათუმში – ფოტორეპორტაჟი

დღეს, 28 დეკემბერს, ბათუმის ბულვარში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს სახელწოდებით – „ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“.

ამ ფორმით, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს „ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურ ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროკავშირია.

ბათუმი – „ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“ ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.

მოქალაქეები ბათუმის ბულვარში 15:00 საათზე შეიკრიბნენ და ჯაჭვი შეკრეს, რომელიც „ალი და ნინოს“ ქანდაკებიდან იწყებოდა.

ბათუმი – „ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“
ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“
ბათუმი – „ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები“

„ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის-ბათუმი, 28 დეკემბერი.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.

საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ფორმით აპროტესტებს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც ხვალ, 29 დეკემბერს არის დაგეგმილი.

„ერთობის ჯაჭვი“ ნაწილია საპროტესტო მოძრაობის, რომელიც უკვე ერთი თვეა უწყვეტად მიმდინარეობს საქართველოში – საზოგადოება ითხოვს საპროტესტო აქციებზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს.

ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის-ბათუმი, 28 დეკემბერი.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.
ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის-ბათუმი, 28 დეკემბერი. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.
ერთობის ჯაჭვი ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.
ერთობის ჯაჭვი ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.
ერთობის ჯაჭვი ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.

გუშინ, 27 დეკემბერს, აშშ-მა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა „რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის“.

ხალხი აცხადებს, რომ მასობრივი პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება და არ გაგრძელდება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.

ერთობის ჯაჭვი ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.
ერთობის ჯაჭვი ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.
ერთობის ჯაჭვი ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.
ერთობის ჯაჭვი ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.
ერთობის ჯაჭვი ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.
ერთობის ჯაჭვი ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.

დის მკვლელობისთვის კაცს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 მაისს, გარდაბანში, ბრალდებულმა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით,  განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, დას ავტომანქანა  შეაჯახა, რის შემდეგაც უმწეო მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა“ – წერს პროკურატურა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ , „თ“, „კ“ და „მ“ (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ  განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 28 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 784 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 690]
  • ტანკი – 9 651 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 19 970 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 21 408 ერთეული [+29]
  • MLRS – 1 256 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 032 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 013 ერთეული [+14]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 003 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 32 328 ერთეული [+66]
  • სპეცტექნიკა – 3 668 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 650 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 38 648 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 057 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 043 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 584 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ლომის ბოკვერს მკურნალობა სჭირდება – ზოოპარკის განცხადება ბექაურის მიერ ჩაბარებულ ბოკვერზე

თბილისის ზოოპარკი ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს ლომის ბოკვერთან დაკავშირებით, რომელიც სპორტსმენმა ლაშა ბექაურმა ჩააბარა ზოოპარკში მას შემდეგ, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ჰქონდა ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე, სადაც სპორტსმენი თავისი მანქანით სეირნობდა ლომის ბოკვერთან ერთად.

თბილისის ზოოპარკი წერს:

„ლომის ბოკვრის ამბავი თანმიმდევრულად და დეტალურად:

  • როგორ მოხვდა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში?

26 დეკემბერს, დილით ლაშა ბექაურმა თბილისის ზოოპარკში ლომის ბოკვერი მოიყვანა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის თანდასწრებით ზოოპარკს გადმოსცა.

  • როგორ გრძნობს თავს ბოკვერი?

ზოოპარკის ვეტექიმების შეფასებით ცხოველს კუნთოვანი მასის განვითარების შეფერხებისა და რაქიტის ნიშნები აქვს. გარდა ამისა, აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. ეს ყველაფერი დედისგან მოშორებისა და ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შედეგია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა ცხოველი, იქნება ის საზღვარზე თუ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამორთმეული, ზოოპარკში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით შემოდის და, ფაქტობრივად, ყოველ მათგანს რეაბილიტაციის კურსი ესაჭიროება.

მოყვანიდან რამდენიმე საათში ბოკვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. საჭირო გახდა ინტენსიური ჩარევა და ჩვენი ვეტექიმების რამდენიმესაათიანი ძალისხმევის შედეგად ცხოველის მდგომარეობა ნელ-ნელა დასტაბილურდა. ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ გარკვეულ მკურნალობას მაინც საჭიროებს და, შესაბამისად, ვეტექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

  • აქვს თუ არა თბილისის ზოოპარკს ცხოველის ჩამორთმევის უფლება?

თბილისის ზოოპარკი პასუხისმგებელია ზოოპარკის ბინადარ ცხოველებზე. ჩვენი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ, კერძო პირის ან კომპანიის საკუთრებაში მყოფ ცხოველებზე ჩვენი უფლებამოსილება არ ვრცელდება. ზოოპარკს არ აქვს ცხოველების კონფისკაციის უფლება. ცხოველების კონტროლი და კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის სფეროა. ცხოველის საზღვარზე გადმოყვანას საბაჟო სამსახური აკონტროლებს.

სახელმწიფო უწყებების მიერ გარეული ცხოველების ჩამორთმევის შემდეგ ეს ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დაცვით, დროებით შენახვაზე გადმოჰყავთ თბილისის ზოოპარკში. სათანადო დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს ან შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე ცხოველი ზოოპარკში რჩება.

  • რამდენად ხშირად მოჰყავთ ზოოპარკში ჩამორთმეული ცხოველები?

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის ზოოპარკში ამ გზით მოხვდა 5 დათვი, 2 მაკაკა, წავი, თუთიყუშები და მტაცებელი ფრინველები. ზემოთ ჩამოთვლილი, კერძო პირების ხელში უკანონოდ მყოფი ცხოველები, ზოოპარკში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე მოიყვანა.

  • გვჭირდებოდა თუ არა ზოოპარკში ახალი ლომი?

თბილისის ზოოპარკში შემუშავებულია კოლექციის გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, რა სახეობის ცხოველი უნდა გვყავდეს, რისთვის და რამდენი. ჩამორთმეული ცხოველები ზოოპარკისთვის ყოველთვის დიდი პრობლემაა და ამგვარი „სიურპრიზები“ დამატებით სირთულეებს გვიქმნის, რადგან წინასწარ არ ვიცით, რა სახეობა იქნება, რა ასაკის, რა სქესის და ა.შ. მაგალითად, ახლა საერთოდ არ ვიყავით მზად ლომის მისაღებად. ამგვარ შემთხვევებში არ გვაქვს წინასწარ მომზადების საშუალება (იგულისხმება შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფა და კეთილმოწყობა, კვება, სამკურნალო პრეპარატები და ა.შ.), გამოუვალ სიტუაციაში ვვარდებით და იძულებულნი ვხდებით, მივიღოთ ცხოველი, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს სხვა ინსტიტუცია, სადაც მისი დატოვება იქნება შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცხოველები განწირულები არიან და მათი მომავალი გაურკვეველია.

  • და, ბოლოს…

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხოველი არ არის სათამაშო. მაშინაც კი, როცა ოჯახი ძაღლის, კატის, თუთიყუშის ან ნებისმიერი სხვა შინაური ცხოველის აყვანას გეგმავს, გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა ფაქტორი: ის, რომ ცხოველს სჭირდება მისთვის შესაბამისი გარემო, კვება, ვეტმომსახურება, ყურადღება და სხვადასხვა აქტივობა. გვაქვს კი ამ ყველაფრის უზრუნველყოფის საშუალება? ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახი ვეღარ უვლის ცხოველს და უწევს მისი გაჩუქება ან, უარეს შემთხვევაში, ქუჩაში გაშვება.

გარეულ ცხოველებზე აღარაფერს ვამბობთ…

ჩვენ, ადამიანებს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველს აქვს ინტელექტი, ემოციები და გრძნობები. გართობის მიზნით აყვანილი და თავიდან მოშორებული ცხოველის ბედი ყოველთვის ტრაგიკულია“ – ნათქვამია განცხადებაში.

ლომის ბოკვერი საქართველოში მხოლოდ კონტრაბანდული გზით შეიძლება მოხვდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის 302-ე პრიმა მუხლის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება, თუ როგორ აღმოჩნდა ლომის ბოკვერი სპორტსმენ ლაშა ბექაურთან.

________________

ფოტო: თბილისის ზოოპარკი

მსახიობებს გაფიცვის მოწოდების გამო საყვედური გამოუცხადეს – ბათუმის დრამატული თეატრი

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა საყვედური გამოუცხადა მსახიობებს, რომლებმაც სხვებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. ალექსანდრე ქანთარიამ, რომელიც პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და ახლა თეატრის დირექტორია, საყვედური მსახიობებს – თორნიკე ბარამიძეს და მერი ნაკაშიძეს, სასტიკი საყვედური კი, ოთარ ქათამაძეს გამოუცხადა.

ქანთარიას ბრძანებაში, რომელსაც სოციალურ ქსელში მსახიობები ავრცელებენ აღწერით „ბათუმის თეატრში 1937 წელია“, წერია, რომ გაფიცვისკენ მოწოდება „ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად“ გაკეთდა.

„…სავარაუდოდ სპექტაკლის ჩაშლის განზრახვით მოვიდა მსახიობი ოთარ ქათამაძე, მაგრამ სპექტაკლი უკვე გადადებული დახვდა და თეატრის ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად, თვითნებურად, ხმის გამაძლიერებლით გააკეთა საჯარო განცხადება ბათუმის დრამატული თეატრის გაფიცვის შესახებ, რაც ასევე შიდაგანაწესის და შრომის კოდექსის დარღვევაა.

ოთარ ქათამაძეს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით მიეცეს სასტიკი საყვედური“, – ვკითხულობთ ალექსანდრე ქანთარიას მიერ 2024 წლის 25 დეკემბერს გამოცემულ ბრძანებაში.

ბათუმის სახელმწიფო თეატრის მსახიობების და რეჟისორების დიდი ნაწილი ევროინტეგრაციის შეწყვეტის გამო გაფიცულია.

ნუკრი ქანთარიას ხელფასი გაორმაგდა და 6000 ლარია, ის ბათუმის დრამატულ თეატრში მუშაობს

„რეალურად ეს არის ჯილდო“ – კობახიძე ივანიშვილის დასანქცირებაზე

„რეალურად ეს არის ჯილდო, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“- განაცხადა დღეს, 27 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე.

„ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში ფორმალური სანქციებით, ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, აღარ ვიცი.

ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თქვენ გახსოვთ, რა იყო ეროვნული გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისგან და მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს, ამის გამო აამოქმედეს დე ფაქტო სანქციები და ახლა უკვე მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა.

ამ გადაწყვეტილებით, მათ საბოლოო ჯამში გამოიცალეს ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი.

ამას აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ვუწოდებთ ჩვენ გლობალური ომის პარტიას. მე მაქვს იმის იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა, ასეც და ისეც, არაფერი შეცვლილა.

მე ახლახან მქონდა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის იგივე. არაფერი განსაკუთრებული. რეალურად ეს არის ჯილდო ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ აშშ-ს მიერ ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებაზე.

დღეს, 27 დეკემბერს. აშშ-მა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა რუსეთის სასარგებლოდ დემოკრატიის ხელყოფისთვის.

ვასანქცირებთ ივანიშვილს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას „ქართული ოცნების” დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით.

„შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის.

ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” ქმედებებმა ჩამოშალა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების შელახვას და აღკვეთა ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის უფლება საქართველოში. გარდა ამისა, მათ ჩაუხერგეს გზა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს – მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილია და საქართველოს კონსტიტუციის მიერ არის დაკანონებული.

შედეგად, საქართველო რჩება მოწყვლადი რუსეთის წინაშე, რომელსაც ამ დრომდე აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ოც პროცენტზე მეტი.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ „ქართული ოცნების” ქმედებებს, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების, აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ.

შეერთებული შტატები მტკიცედ აგრძელებს პასუხისმგებლობის დაკისრების ხელშეწყობას მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ხელყოფს.

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის“ – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

დღეს, 27 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი ფინანსურად დაასანქცირა. ფინანსური სანქციები გულისხმობს, რომ ივანიშვილის ყველა აქტივი, რომელიც აშშ-ის იურისდიქციაშია ან კონტროლდება აშშ-ის მოქალაქის მიერ, დაიბლოკება.

ამ ჟანრით თუ გაგრძელდება პროტესტი და სანქციები, რეჟიმი წავა ჩამოშლისკენ – ინტერვიუ 

„ასე თუ გაგრძელდება ეს სიტუაცია ახლანდელი ჟანრით, საპროტესტო დინამიკა თუ დარჩა ასე მზარდი და ივანიშვილის რეჟიმმა თუ არაფერი გააკეთა, თუ გაგრძელდა ასევე სანქციების რეჟიმი და ეს მოიმატებს, ამ პირობებში ყველაფერი წავა რეჟიმის ჩამოშლისკენ,“ – მიიჩნევს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი.

ანალიტიკოსის აზრით, სანქციები და წინააღმდეგობის უწყვეტობა ქვეყნის შიგნით ივანიშვილის რეჟიმს უკან დახევას აიძულებს. ის არ გამორიცხავს მოვლენების სახიფათო სცენარით განვითარებასაც.

„მესამე გზა არის პოლიციური დიქტატურის დამყარების გზა… შეიძლება ივანიშვილის რეჟიმმა გააკეთოს გათვლა, რომ ხალხი ოდესღაც დაიქანცება, შეწყვეტს აქციებს და მერე მოაყოლებს ტერორის ტალღას. მთავარი გამოწვევა არის გამძლეობა. საქართველოს მოქალაქეების გამძლეობაზეა ახლა დამოკიდებული ალბათ 70-80 % საქართველოს ბედი,“ – გვიყვება ზაალ ანდრონიკაშვილი.

„ბათუმელებმა“ პუბლიცისტ ზაალ ანდრონიკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ზაალ, თქვენი აზრით, რა ფაქტორები აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილი ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას? ამის ერთ-ერთი პირობა არის თუ არა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, რესპუბლიკელი უილსონი წუხანდელი განცხადებები, მათ შორის ეს: „თუ ბიძინა ივანიშვილი გააგრძელებს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, ის უნდა ელოდოს ისეთ პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა”?

ივანიშვილის რეჟიმის რესურსები მცირდება. მის ხელშია მხოლოდ ძალადობრივი ბერკეტები იმისთვის, რომ მართოს სიტუაცია. ერთ-ერთი შესაძლო გზა და ალბათ ერთადერთი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, არის სრული ძალადობა და ტერორი. ივანიშვილის რეჟიმს ხელისუფლების შენარჩუნების სხვა გზა არ აქვს.

საკითხავია, რამდენად აქვს ივანიშვილს საქართველოში ძალადობრივი დიქტატურის დამყარების და მისი შენარჩუნების რესურსი? ჰყავს თუ არა მას საკმარისი ტერორისტული დაჯგუფებები სპეცრაზმის, ან ქუჩაში მარბეველების ჩათვლით? რამდენად აქვს მას ამის ეკონომიკური პოტენციალი? რამდენად გაუძლებს საქართველოს ეკონომიკა სანქციების რეჟიმს?

ზედაპირზე რასაც ვხედავთ სიმპტომების მიხედვით, მაგალითად, ივანიშვილის რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილი ბიზნესმენებიც აწრიალდნენ და უკვე ხმამაღლა გამოხატავენ უკმაყოფილებას. ისინიც ახალ არჩევნებს ითხოვენ. ეს აჩვენებს, რომ ისინიც შფოთავენ და ღელავენ. მათი ბიზნესი პრეფერენციულ პირობებშიც კი, რომელშიც რეჟიმი ამყოფებს, რთულად გადარჩება ამ ვითარებაში.

მეორეა საგარეო ზეწოლა, რაც ივანიშვილის რეჟიმზე უფრო და უფრო ძლიერდება. ეს ყველაფერი დაიწყო ევროპარლამენტარების მხარდამჭერი განცხადებებით, რომელზეც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ამბობდნენ, არ მივაქციოთ ყურადღება, ჩალის ფასი აქვსო.

მერე ამ „ჩალამ“ დაიწყო ფასის მატება და ამას შემოუერთდნენ ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. შემდეგ ვნახეთ, როგორ დაურეკა უკვე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არა ირაკლი კობახიძეს, ან ყაველაშვილს, არამედ ივანიშვილს და ამით აჩვენა ისიც, რომ საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება არ არსებობს.

ამას დაემატა აშშ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიდი ხანი ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ 20 იანვრის – ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დავალაგებთ აშშ-თან ურთიერთობასო, თუმცა ამის მიუხედავად ტრამპის რესპუბლიკური პარტიიდანაც ვისმენთ მკაცრ განცხადებებს. უკვე ბევრად მკაცრს, ვიდრე ევროკავშირიდან.

სანქციებში უკვე მოყვა შს მინისტრი გომელაური, რაც არ არის მხოლოდ მისი პირადი კეთილდღეობის საგანი. გომელაურის მაგნიტსკის სიაში მოხვედრა გვიჩვენებს იმას, რომ გომელაური შეყვანილია იმ რანგის ადამიანების სიაში, რომლებიც სისტემატურ წამებას აწარმოებენ რუსეთში, ბელორუსში და სხვა ქვეყნებში. „ქართული ოცნება“, რომელსაც ამჟამად ხელში აქვს ჩაგდებული ძალაუფლების ბერკეტები, თავისი არსით გაიგივებულია რუსულ და ბელორუსულ რეჟიმებთან. ეს არის ამ სანქციის ძირითადი გზავნილი და არა ის, რომ გომელაური შეძლებს თუ არა ვიზა ბარათით სარგებლობას.

  • ივანიშვილის სახელისუფლებო ვერტიკალი მაინც არ ირღვევა. კონკრეტული საჯარო მოხელეები ემიჯნებიან პრორუსულ კურსს, თუმცა განაგრძობენ ისევ „ოცნების“ დავალებების შესრულებას. 

არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს სწრაფად მოხდებოდა. ამას რამდენიმე თვე მაინც სჭირდება.

რეჟიმს, რომელიც 12 წელია ხელისუფლებაშია და აშენებდა ამ ვერტიკალს, ემზადებოდა მოვლენების მსგავსი განვითარებისთვის – არ ველოდი, რომ ეს ერთი სულის შებერვით ჩამოინგრეოდა.

  • დააჩქარებს ამ პროცესს ივანიშვილის დასანქცირება?  

ვფიქრობ, ჯერჯერობით არის მუქარა ივანიშვილთან და ალბათ არის რაღაც ტიპის მოლაპარაკებები მასთან. ჩვენ არ ვიცით, მაკრონი რაზე ელაპარაკა, არ ვიცით, არის თუ არა არაფორმალური მოლაპარაკებები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, სალომე ზურაბიშვილთან. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაღაც ტიპის მოლაპარაკებები ივანიშვილთან მიდის.

ვფიქრობ, ივანიშვილის დასანქცირება ალბათ უფრო ბოლო ინსტრუმენტი იქნება, მას უფრო გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმი გააგრძელებს რადიკალიზაციას, წავა ესკალაციაზე.

  • ქართული ოცნება“ გადავიდა პროტესტის უგულებელყოფის ეტაპზე, თითქოს აღარ იმჩნევს დემონსტრაციებს. ეს რას აჩვენებს? 

არ ვიცი, ძნელი სათქმელია. შესაძლოა, ეს იყოს ამ არაფორმალური მოლაპარაკებების შედეგი. დროში თუ დავინახავთ, როდის შეწყდა ეს ძალადობა, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ჩვენი პარტნიორების გააქტიურებას.

ასევე, „ოცნებამ“ დაინახა, რომ შიში ვერ შექმნეს. ვერ დაამკვიდრეს საქართველოში შიშის და ტერორის გარემო. აქციები რუსთაველის პროსპექტზე და მთელ საქართველოში არ ჩერდება იმის მიუხედავად, ისინი იჭერდნენ 100 კაცს ყოველი აქციის შემდეგ, ან ვიღაცას სცემენ და აწამებენ.

  • ბელორუსში მსგავსს სიტუაციაში მოქალაქეებმა ამჯობინეს შინ დარჩენა, ან ქვეყნის დატოვება, საქართველოში კი, პირიქით, გაძლიერდა წინააღმდეგობა. ეს ვერ გათვალეს? 

ამიტომაცაა, რომ ყოველგვარ შედარებას აქვს თავისი კონტექსტი. მე ხშირად ვესაუბრებოდი ბელორუს მეგობრებს და კოლეგებს, მათ შორის, გერმანიაში გადახვეწილებს. ბელორუსსა და საქართველოს შორის ბევრი მნიშვნელოვანი განსხვავებაა: ლუკაშენკოს რეჟიმი ბევრად უფრო სტაბილურია და ის თავიდან შენდებოდა, როგორც პოლიციური სახელმწიფო. მას არავითარი დემოკრატიული ფასადი არ ჰქონია. შესაბამისად, მისი რეპრესიული აპარატი არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე საქართველოსი.

თანაც, ბელორუსში ევროკავშირისკენ სწრაფვა არ არის ისეთი ძლიერი, როგორც საქართველოში. მათ არც „ვარდების რევოლუციის“ გამოცდილება ჰქონიათ და არ იყვნენ ისე ინტეგრირებული დასავლეთთან ურთიერთობაში, როგორც ჩვენ.

დასავლეთთან ურთიერთობის და ინტეგრაციის გამოცდილება ჩვენ გვაქვს. ამას გარდა, ბელორუსის ეკონომიკა ძლიერად არის მიბმული რუსულ ეკონომიკას. ქართული ეკონომიკა კი, სრულიად სხვა პრინციპებზე დგას, ის ბევრად სუსტია და ნაკლებად თვითმყოფადია, ვიდრე ბელორუსიის ეკონომიკა, ის ბევრად უფრო მოწყვლადია.

საქართველოში რეჟიმი მაინც ერთკაციანია. იქ კობახიძე, მდინარაძე, თუ გომელაური არ არიან საერთოდ სათვალავში. ამ ერთ ადამიანთან ბრძოლა ევროკავშირის და აშშ-ს უზარმაზარმა წარმონაქმნებმა თუ მოინდომეს, რაც არ უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, მას ვერაფერი უშველის. რაც არ უნდა იყეყეჩონ ივანიშვილის სპიკერებმა, სადღაც ზურგის ტვინით მაინც უნდა გრძნობდნენ ამას.

საქართველო ბევრად უფრო ინტეგრირებულია დასავლეთთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა ბელორუსი თავისი არსებობის განმავლობაში. ამიტომაც, ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცის განცხადებას არ აქვს მნიშვნელობა, ვერ იქნება ასე. გერმანიის ელჩმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის მხოლოდ საქართველოს შიდა საქმე. არსებობს ვალდებულებები, რომელიც საქართველოს აქვს აღებული საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

საქართველო ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებები. ეს აძლევს საშუალებას სხვა სახელმწიფოებს მსგავს საკითხებში ჩაერიოს საქართველოს სრულიად ლეგიტიმურად, ხელშეკრულებებით გამყარებული საფუძვლებით.

აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ნახავდით, რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის განცხადებას, ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვისო.

  • თქვენი აზრით, რით შეიძლება რუსეთი დაეხმაროს ივანიშვილის რეჟიმს? 

შესაძლებელია, მაგალითად, კადიროველების რაზმი გამოგზავნონ საქართველოში. დიდი სამხედრო ინტერვენციის თავი რუსეთს ახლა არ აქვს.

არ ვარ სამხედრო, ან უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, ვმსჯელობ ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით. მედვედევის კომენტარი იყო, რომელიც არ ვიცი, რას ეხებოდა, შესაძლოა საქართველოს, შესაძლოა – მოლდოვას, მაგრამ თქვა, რომ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში აპრობირებული ხერხები სხვაგანაც გამოვიყენოთო, ანუ ლაპარაკია პირდაპირ ანექსიაზე.

ანექსიაზე სავარაუდოდ იგულისხმება დნესტრისპირეთი და ლაპარაკია სავარაუდოდ სამხრეთ ოსეთზე, ამ ტიპის ნაბიჯებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ვიდრე პირდაპირ სამხედრო ინტერვენციაზე, თუმცა ასეთი ნაბიჯები ივანიშვილის რეჟიმს მაინცა და მაინც ვერ გაამყარებს, პირიქით, სავარაუდოდ დაასუსტებს კიდეც.

  • სალომე ზურაბიშვილზე მინდა გკითხოთ, რა მოლოდინი გაქვთ პრეზიდენტისგან? 

ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც პირდაპირ კონტაქტზეა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ლიდერებთან. როგორც ვხედავთ, პარტნიორები ელაპარაკებიან არა ცალ-ცალკე ოპოზიციის ლიდერებს, არამედ საქართველოს პრეზიდენტს. ამ თვალსაზრისით სალომე ზურაბიშვილის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვნად დარჩება იქამდე, სანამ საქართველო არ დაუბრუნდება თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

  • უშვებთ, რომ თუ ივანიშვილი ისევ ძალადობას არ დაუბრუნდება და დიქტატურის დამყარებას არ შეეცდება, მიტაცებული ძალაუფლებით ხელისუფლებაში ვერ დარჩება? 

ამ შეკითხვას ალბათ უნდა უპასუხონ ადამიანებმა, რომლებმაც უკეთესად იციან, რა რესურსები აქვს ივანიშვილის რეჟიმს. აქვს თუ არა ივანიშვილის რეჟიმს საკმარისი მატერიალური და ფინანსური რესურსები, რომ საქართველოში დაამყაროს და შეინარჩუნოს გარკვეული დროით სამხედრო-პოლიციური დიქტატურა.

  • ამ გადასახედიდან რა ჩანს მთავარი ფაქტორი, რომლის არსებობის შემთხვევაში ივანიშვილი ვერ შეძლებს დიქტატურის დამყარებას? 

მე მგონია, რომ ეს ორმაგი ზეწოლა – აქციები ქვეყნის შიგნით, რომელსაც ვერაფერი გაუკეთეს, დაშლა ვერ მოხერხდა და პირიქით, მართლაც საყოველთაო გახდა პროტესტი, მისი მასშტაბი იზრდება. ეს არ არის მხოლოდ ენჯეოების და პოლიტიკური პარტიების აქცია. ეს საერთო-სახალხო პროტესტია, რომელშიც მონაწილეობენ განსხვავებული ჯგუფები, მთელი საქართველო უკვე ამ ტალღაში ჩართული და ის კიდევ უფრო ძლიერდება.

ძლიერდება საგარეო ზეწოლაც. ამ წუთას გვაქვს ეს ორი გზა: დინამიკა, რომელიც შეიძინა აქციამ და მხარდაჭერა ქვეყნის გარედან. ასე თუ გაგრძელდება ეს სიტუაცია ახლანდელი ჟანრით, საპროტესტო დინამიკა თუ დარჩა ასე მზარდი და ივანიშვილის რეჟიმმა თუ არაფერი გააკეთა, თუ გაგრძელდა ასევე სანქციების რეჟიმი და ეს მოიმატებს, ამ პირობებში ყველაფერი წავა რეჟიმის ჩამოშლისკენ – ვეღარ შეძლებენ, რომ ნორმალურად მართონ სახელმწიფო და შეინარჩუნონ ხელისუფლება ამ გზით.

მეორე გზაა მოლაპარაკებები და კომპრომისის გზა, რომლის შემდეგაც ინიშნება არჩევნები. ამ არჩევნებში „ქართული ოცნებაც“ მიიღებს მონაწილეობას და ხმების ნაწილს ალბათ აიღებს კიდეც.

მესამე გზა არის პოლიციური დიქტატურის დამყარება. ჩემი შეფასებით ეს სამი სცენარი გვაქვს. აქედან ორ სცენარში ახალი არჩევნები გარდაუვალია, ერთში უფრო მალე და მეორეში ამას შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე თვე. შეიძლება ივანიშვილის რეჟიმმა გააკეთოს გათვლა, რომ ხალხი ოდესღაც დაიქანცება, შეწყვეტს აქციებს და მერე მოაყოლებს ტერორის ტალღას.

  • მოქალაქეების მთავარი გამოწვევა რა არის ამ პროცესში?

მთავარი გამოწვევა არის გამძლეობა. 70-80 %-ით საქართველოს ბედი ალბათ ახლა დამოკიდებულია მოქალაქეების გამძლეობაზეა. ვიდრე ჩვენ გვეყოფა გამძლეობა და ჯანი, სურვილი, ქვეყანა გადავარჩინოთ და გამოვიყვანოთ ურთულესი მდგომარეობიდან, რაშიც შეიყვანა ივანიშვილის რეჟიმმა, იქამდე გვაქვს ყველანაირი იმედი და შანსი, რომ მართლაც დავუბრუნდეთ კონსტიტუციურ ჩარჩოს და დავდგეთ ისევ ევროინტეგრაციის გზაზე.

ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური და ემოციური გამძლეობა. ეს არის ფინანსური გამძლეობაც. ძალიან ბევრი ადამიანი ზარალდება, ვთქვათ, ვინც გაიფიცა, მათ ეგზისტენციალური საფრთხე შეექმნებათ, რაღაცით ხომ უნდა არჩინონ ოჯახები? მნიშვნელოვანია შეიქმნას ფინანსური მხარდაჭერის, სოლიდარობის მექანიზმები, რომ ამ ხალხს დავუჭიროთ მხარი.

მეორეა, რომ  უნდა გამოვიხსნათ რეჟიმის ტყვეები, რომლებიც დაპატიმრებული ჰყავთ. უნდა ვიყოთ მზად, რომ ასეთი ტიპის შემოტევები კიდევ იქნება და ყოველი ადამიანისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ქუჩაში ასე ხანგრძლივად დგომაც უზარმაზარ გამძლეობას მოითხოვს. ეს შეიძლება გაგრძელდეს ორი თვე, სამი თვე, ან უფრო დიდი ხანი.

თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს უთმობს

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ხმა მთელ საქართველოში გაჟღერდეს.

ამ ინიციატივის ფარგლებში, 30 დეკემბრის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა გეძლევათ, თიბისის მობაილბანკში გააზიაროთ, რას უსურვებთ საქართველოს 2025 წელს.

თიბისი მიღებულ სურვილებს შეკრებს და მათ მთელი საქართველოს მასშტაბით გააჟღერებს.

გადადი მობაილბანკში, გააზიარე შენი სურვილი და გააგონე ხმა საქართველოს!

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 დეკემბრის 21 საათიდან 28 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა – დღისით ზოგან ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 3 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 0– 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 29-30 დეკემბერს მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რიჟვაძემ შვილები საჯარო სკოლიდან ამერიკულ სკოლაში გადაიყვანა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ორივე შვილი ბათუმის მე-8 საჯარო სკოლიდან კერძო, ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“ გადაიყვანა.

ინფორმაცია თავდაპირველად „აჭარა-თაიმსმა“ გაავრცელა, თუმცა სკოლის ადმინისტრაციამ ინფორმაცია „ბათუმელებსაც“ დაუდასტურა.

სკოლის ინფორმაციით, რიჟვაძემ შვილები კერძო სკოლაში ახლახან გადაიყვანა.

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლის წლიური საფასური 2025-2026 სასწავლო წლისთვის 8 000 ლარია.

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ინ­გლი­სუ­რი ენის მასწავლებელია და ისიც მე-8 საჯარო სკოლაში ასწავლიდა.

ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს ირაკლი ღარიბაშვილის შვილიც. ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ ახალგაზრდებში საგანგაშო „ლგბტ პროპაგანდაზე“ საუბრობს.

მაგალითად, წელს, შვილი თბილისის მერმა კახა კალაძემაც ფრანგულ სკოლაში შეიყვანა. კალაძე ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა.

ამავე სკოლაში სწავლობს თეა წულუკიანის შვილიც.

საჯარო სკოლებში თითქმის არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის შვილი არ სწავლობს.

ბოლო რამდენიმე წელი მშობლები, მასწავლებლები და სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ, რომ გაუმჯობესდეს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა და დაინერგოს სასკოლო კვება, რადგან ფაქტები და კვლევები აჩვენებს, რომ საჯარო სკოლებში ბავშვებს შიათ.

წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ სასკოლო კვება არ დანერგა და ხშირად შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობას და ბიუჯეტში არასაკმარის თანხას ასახელებს მიზეზად. თუმცა, ამის პარალელურად, არ ზოგავს თანხებს სპორტსმენებისთვის, იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს „ოცნების“ ანტიდასავლურ და რუსულ პოლიტიკას.

„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა.

რუსული პოლიტიკისა და ანტიდასავლური რიტორიკის მიუხედავად, დასავლური განათლების სისტემაზე უარს არ ამბობენ „ოცნების“ მაღალჩინოსნები.

პოლიციის სერვისცენტრები 13 იანვრამდე ისვენებს – საპატრულო

საპატრულო პოლიციის განცხადებით, ერთიანი მომსახურების თბილისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავისა და გორის სერვისცენტრები, ასევე ქოლცენტრი, პირველი იანვრიდან 13 იანვრამდე პერიოდში არ იმუშავებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაცნობებთ, რომ ახალი წლის დღესასწაულის გამო გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გორის და ბათუმის სერვისცენტრები, ასევე, საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-12 იანვარს არ იმუშავებენ. ხოლო 13 იანვრიდან ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

აქვე გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრების ბოლო დღე დაემთხვევა უქმე დღეს, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გასაჩივრების ვადით ისარგებლოს ბოლო უქმე დღის მომდევნო [პირველივე] სამუშაო დღეს.“ – აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

—–

„ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ პირველიდან 13 იანვრამდე უქმე დღეები გამოაცხადა [ამ პერიოდში შედის შაბათ-კვირაც: 4-5 და 11-12 იანვარი].

კერძოდ, უქმე დღეებად გამოცხადდა 2025 წლის 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი. აქამდე დასვენების დღეები იყო პირველი, 2 და 7 იანვარი.

ვრცლად:

 

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს – ცესკო

კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“.

დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთიანებებს 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.

უქმე დღეებში საბაჟო და გეზ-ი ჩვეულებრივად იმუშავებს – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 13 იანვრამდე გამოცხადებულ უქმე დღეებში გაფორმების ეკონომიკური ზონები [გეზ], საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

„2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი და 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეებში, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. აღნიშნულ თარიღებში, 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებაზე, არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები.

აქვე გაცნობებთ, რომ 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი და 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.

ამასთან, 2025 წლის 6 იანვარს, ასევე 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 10:00 საათიდან – 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს – 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით [მ.შ. ელექტრონული] სარგებლობისას“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

——

„ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ პირველიდან 13 იანვრამდე უქმე დღეები გამოაცხადა [ამ პერიოდში შედის შაბათ-კვირაც: 4-5 და 11-12 იანვარი].

კერძოდ, უქმე დღეებად გამოცხადდა 2025 წლის 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი. აქამდე დასვენების დღეები იყო პირველი, 2 და 7 იანვარი.

ვრცლად:

13 იანვრამდე „ოცნებამ“ უქმე დღეები გამოაცხადა

7 მილიონი ლარი საარჩევნო რეკლამისთვის – „ალმას“ სარგებელი 3 თვეში

გარე სარეკლამო სივრცის ათვისებაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველივე წელს შპს „ალმამ“ ბათუმში სარეკლამო ბილბორდების გაქირავებიდან 675 523 ლარი ამოიღო – ეს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, 3 თვეში პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია. სხვა კომერციულ რეკლამასა და მის შემოსავალზე ინფორმაცია საჯარო არ არის.

„ბათუმელებმა“ პოლიტიკური პარტიების მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენილ დეკლარაციებში მოცემული ციფრები შეაჯამა.

ამ ციფრების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ფასის სახით ჯამში „ალმამ“ 7 მილიონი ლარი მიიღო [მათ შორის არის ვალდებულებების ნაწილიც, ანუ გადასახდელი ფული]. 

გარე რეკლამის განთავსების უფლება ბათუმის მერიამ არჩევნებამდე 2 თვით ადრე გაასხვისა. აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ალმამ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის უძრავ ქონებაზე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება 10 წლის ვადით მიიღო. რეკლამის განთავსების უფლების საწყისი ფასი 17 მილიონ 830 ათას 496 ლარი იყო, ბიჯი – 534 ათას 914 ლარი. რეკლამის განთავსების უფლება  მერიამ კონკურენციის პირობებში 22-ე ბიჯით 29 მილიონ 558 604 ლარად გაყიდა.

შპს „ალმა“ 2013 წლის ოქტომბრამდე ცნობილი იყო „ალმა პლუსის“ სახელით. 2013 წლიდან კი ის „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანიაა. ეს ინფორმაცია „ვისოლ ჯგუფის“ ვებგვერდზეცაა განთავსებული. საჯარო რეესტრის მონაცემებით, „ალმას“ ოფშორში, კონკრეტულად კი მალტაში დაფუძნებული კომპანია ფლობს. კომპანიის დირექტორი გიორგი ტრაპაიძეა.

„ვისოლ ჯგუფი“ ბიზნესმენებმა – ლევან და სოსო ფხაკაძეებმა დააფუძნეს. სოსო ფხაკაძე რუსული კანონის მხარდამჭერია. ამავდროულად მათი ბიზნესის დიდი ნაწილი ამერიკულ ბრენდებს – „ვენდისსა“ და „დანკინს“ იყენებს. „ვისოლს“ სახელმწიფო შესყიდვებიდან 100 მილიონზე მეტი ლარი აქვს მიღებული 2013 წლიდან დღემდე.

ბათუმის მერიას შპს „ალმასთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, კომპანიას ბათუმის სხვადასხვა უბანში ათვისებული აქვს 6-6 კვადრატული მეტრი, მოსაცდელების განთავსების პირობით [ასზე მეტი მოსაცდელი]. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ალმას“ ამ მოსაცდელების მოვლა-პატრონობაც ევალება. სანაცვლოდ კომპანია ამ მოსაცდელების სივრცეებს სარეკლამო ბანერების განსათავსებლად აქირავებს.

საბოლოო ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, „ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 26 მილიონამდე ლარი დახარჯა. მათ შორის რეკლამის ხარჯი 17 მილიონზე მეტი ლარია. აქედან 6 მილიონამდე ლარი სატელევიზიო რეკლამის ხარჯია. 200 ათასზე მეტი ლარი – ბეჭდური რეკლამის ხარჯი. მილიონ-ნახევარზე მეტი ინტერნეტ რეკლამაში დაუხარჯავთ. მილიონ-ნახევარი ლარი გარე რეკლამის ხარჯის სახით მიუთითეს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 782 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 650]
  • ტანკი – 9 644 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 19 951 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 21 379 ერთეული [+22]
  • MLRS – 1 256 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 032 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 999 ერთეული [+28]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 003 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 32 262 ერთეული [+82]
  • სპეცტექნიკა – 3 668 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 27 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 650 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 38 648 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 057 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 504 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 043 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 29 584 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

შეძლებს „ოცნება“ კანონში რეპრესიული ცვლილებებით პროტესტის გაჩერებას?

„ბათუმელებთან“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: კონსტიტუციონალისტი მალხაზ ნაკაშიძე და ისტორიკოსი ლაშა ბაჟუნაიშვილი საუბრობენ, კონკრეტულად რა შეცვალა „ოცნებამ“ კანონმდებლობაში და რა საფრთხეს უქმნის ეს ცვლილებები კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.

შეძლებს „ოცნება“ კანონში რეპრესიული ცვლილებებით პროტესტის გაჩერებას? - დისკუსია

„თუ მხოლოდ ეკრანებიდან შეხედავთ ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას, გული დაგწყდებათ“ – მეგი კობალაძე

„აუცილებლად უნდა ჩადგეთ ცოცხალ ჯაჭვში. ამას თუ არ გააკეთებთ და მხოლოდ ეკრანებიდან შეხედავთ, ჩვენ როგორ მოვაწყობთ ცოცხალ ჯაჭვს, მერე აუცილებლად დაგწყდებათ გული, რომ თქვენ არ გახდით ამ ერთიანობის ნაწილი“, – ამბობს მსახიობი მეგი კობალაძე. მას „ცოცხალი ჯაჭვის“ მნიშვნელობაზე ვკითხეთ, რომლის მოწყობაც შაბათს, 28 დეკემბერს, დღის 3 საათზე ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

„ცოცხალი ჯაჭვი“ ბათუმში „ალი და ნინოს“ ქანდაკებიდან დაიწყება. ჯაჭვის მოწყობით მოქალაქეები ერთიანობის და პრინციპულობის დემონსტრირებას მოახდენენ, რომ საქართველო ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვას არ დაუშვებს. „ჩასჭიდეთ ხელი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს, თანაქალაქელებს და შეუერთდით საამაყო ერთობას, რომელიც ისტორიაში დარჩება“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„2008 წელს როცა მოეწყო ჯაჭვი, მახსოვს თეატრის წინ ვიდექი…

ცოცხალი ჯაჭვი ერთიანობის სიმბოლოა. ჩვენ რომ ერთიანი ვართ, ერთმანეთის გვერდით, ეს უნდა ვიცოდეთ და ეს უნდა ვაჩვენოთ ევროპასაც. ევროპამ ნათლად უნდა დაინახოს, რომ ვირჩევთ ევროპულ მომავალს.

ჯაჭვი აახლოებს ადამიანებს ერთმანეთთან. ჩვენ, ჯაჭვში მდგომი ადამიანები, შესაძლოა, ერთმანეთს არ ვიცნობდეთ, მაგრამ ერთიანები ვართ. ვფიქრობ, რომ ეს აგვავსებს დადებითი ემოციით, დადებითი ენერგიით.

მე აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის მოთმინებით და კულტურით, რასაც ვუყურებ. ნამდვილად ეს მშვიდობიანი აქციებია. ცოცხალი ჯაჭვიც ჩემთვის ამის სიმბოლოა – სიმშვიდის და სიმდგრადის, რომ ჩვენ მშვიდობით შეგვიძლია ცვლილებების მიღწევა.

მე მჯერა, რომ ერთიანობას შეუძლია დაამარცხოს ბოროტება, ძალა მართლაც ერთობაშია. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება ამ პროტესტს, იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მზადაა, იბრძოლოს ევროპული მომავლისთვის.

რა არის ახლა მთავარი? მთავარია არ დავიღალოთ, არ დავნებდეთ. „ოცნებასაც“ ეგ უნდა, რომ გადაგვღალონ. მათ განცხადებებში იგრძნობა ცინიზმი და ირონია, ცდილობენ, ქართველ ხალხს დაუკარგონ შეგრძნება, რომ მათი ხმა არ ისმის. მაგრამ ყოველი ადამიანის ხმა ისმის. ისმის არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ამიტომაც, ჩვენ ბოლომდე უნდა ვიდგეთ. აუცილებლად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი“, – გვითხრა მეგი კობალაძემ.

___

ამ თემაზე:

„ერთობის ჯაჭვი“ ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკებიდან დაიწყება

 

 

 

 

Exit mobile version