მთავარი,სიახლეები

“თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაა საჭირო” – ლუკა ნაცვლიშვილის წერილი იზოლატორიდან

06.06.2025
“თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაა საჭირო” – ლუკა ნაცვლიშვილის წერილი იზოლატორიდან

18 წლის სტუდენტი, ლუკა ნაცვლიშვილი, რომელიც მეათე დღეა ბათუმის იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაშია, იზოლატორიდან წერილს აგზავნის და წერს, რომ მისი ბრძოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლაა.

“ვზივარ ოთხ კედელს შუა და ვფიქრობ, რა სიტყვით შეიძლება მოგმართოთ? საერთოდ მაქვს თუ არა ამის უფლება?

მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, 18 წლის ბიჭი, რიგითი მებრძოლი, თქვენი თანამებრძოლი, რომელსაც უყვარს თავისუფლება და როდესაც მივხვდი, ვისწავლე, რომ თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაა საჭირო, შევედი ამ ბრძოლაში.

ეს ბრძოლა არც ჩვენით დაწყებულა და არც ჩვენით დამთავრდება. ამ ბრძოლას საუკუნეების მანძილზე ეწირებოდნენ ისეთივე გოგო-ბიჭები, როგორებიც ჩვენ ვართ, მათაც თავისუფლება უნდოდათ და ამ ბრძოლაში ჰყავდათ მტრები. მტერი სხვადასხვა იყო, მრავალი, მიზანი კი ერთი.

სწორედ თავისუფლება იყო, არის და იქნება მიზანი მანამ, სანამ  ჩვენი გულები ერთხმად სცემს თავისუფლებისთვის, რადგან თავისუფლება ჩვენი გულიდან და გონებიდან მომდინარეობს. თავისუფლების შეგრძნებაა ის, რაც ჩვენს გულს და გონს თანაბრად სურს და ერწყმის ერთურთს მარადიულობის ყიჟინით.

კიდევ მრავალჯერ მოგვიწევს ბრძოლა, ბევრის გადატანა, მაგრამ გვიხაროდეს, რადგან, რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს! უამრავი მსხვერპლი გავიღეთ, მაგრამ გააზრებული გვაქვს, რომ დიადი მიზნისა და იდეისთვის ვიბრძვით. ამ იდეისთვის იბრძოდნენ და ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები, იდეისთვის მსხვერპლის გაღება კი ყველაზე მეტ ძალას სძენს თავად იდეას.

ერთმანეთის იმედი გვქონდეს, რადგან მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით, ერთმანეთის სიყვარულით შევძლებთ ამ ბრძოლაში გამარჯვებას.

“რადგან სიცოცხლე  ასე ნავარდობს,

სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ

და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,

როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!” – წერს ლუკა ნაცვლიშვილი.

ლუკა ნაცვლიშვილი 26 მაისს დააკავეს ბათუმში, აქციის მონაწილესთან ხმამაღალი საუბრის გამო. მოგვიანებით მის ბრალში გაჩნდა ბრალდება, რომ ის თითქოს აგინებდა მას, შემდეგ კი წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. არც ლუკა ნაცვლიშვილი და არც ფაქტის შემსწრე სხვა ადამიანები, პოლიციის ვერსიას არ ადასტურებენ.

მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა არ მიიღო მტკიცებულებები, არ გაიზიარა დაცვის მოწმეების ჩვენებები, სრულად დაეყრდნო პოლიციელების მიერ მიცემულ ჩვენებას და ლუკა ნაცვლიშვილი 12 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.

ამავე თემაზე:

12-დღიანი პატიმრობა ხმამაღალი საუბრის გამო – რატომ დააკავეს 19 წლის ლუკა ნაცვლიშვილი

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: