ჩვენი დაკავების ერთადერთი შემთხვევა იყო აბაშიძის დროს – „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი

11 იანვარს, ღამით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი.

„ბათუმელების“ მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის თქმით, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებლის დაკავება აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, ასლან აბაშიძის დროს.

„ეს არის წარმოუდგენელი.

ერთხელ ასლან აბაშიძის დროს დაგვაკავეს მე და მზია ნახევარი საათით და როგორც კი გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, გაგვათავისუფლეს. სხვა ასეთი შემთხვევა არ მახსოვს.

როგორც ჩანს, ჩვენ ახლა შევდივართ ისეთ ფაზაში, რომელიც ამ ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა. ეს არის ის, რასაც ვკითხულობდით რუსულ მედიაში, რასაც ვისმენდით ჩვენი რუსი კოლეგებისგან, როგორ იდევნებოდნენ, როგორ ახშობდნენ ყველაფერს, რაც კი შეიძლება იყოს თავისუფლებასთან დაკავშირებული.

უნდა გავიგოთ, რა მუხლით არის დაკავებული, ადმინისტრაციულითაა დაკავებული, იმედია“ – განაცხადა ეთერ თურაძემ.

მზია ამაღლობელი პოლიციის სამმართველოსთან დააკავეს პლაკატის/სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა -„იფიცება საქართველო“. დღეს, 11 იანვარს, ღამით, ბათუმში სწორედ ამ სტიკერის გაკვრას მოჰყვა დაკავებების სერია.

ბოლო მონაცემებით, დღეს ბათუმში აქციაზე დააკავეს: მზია ამაღლობელი, ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თათია აბულაძე.   

პოლიციამ დააკავა „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი

11 იანვარს, ღამით, ბათუმში დააკავეს გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.

მზია ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც წერია, „იფიცება საქართველო“.

მზია ამაღლობელი დამფუძნებელი და დირექტორია შპს „გაზეთ ბათუმელების“, რომელიც აერთიანებს ორ მედიაგამოცემას: „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“.

დღეს, 11 იანვარს, ღამით, ბათუმში დაკავებების სერია მოჰყვა საპროტესტო პლაკატის გაკვრას – „იფიცება საქართველო“.

ბოლო მონაცემებით, დღეს ბათუმში აქციაზე დააკავეს: მზია ამაღლობელი, ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თათია აბულაძე.  

ინფორმაცია განახლდება. 

 

ბათუმში დააკავეს ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია – დაკავებულია ათამდე აქტივისტი

დღეს,11 იანვარს, საღამოს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აბუსერიძის პოლიციამ დააკავა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები: ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე.

პოლიციამ დღეს, ამ დრომდე [21:50] ბათუმში აქციაზე დაახლოებით 10 აქტივისტი დააკავა.

დაკავებების სერია დაიწყო საპროტესტო მსვლელობისას, როცაა დააკავეს აქციის მონაწილე თათია აბულაძე. პოლიციელებმა აქციაზე დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ, მათივე თქმით, აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – „გაიფიცე“.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეები პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ გაემართნენ, სადაც დააკავეს ციალა ქათამიძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად პლაკატს აკრავდა. ციალა ქათამიძის დაკავების შემდეგ დააკავეს ვაჟა დარჩია, რომელმაც დასვა კითხვა, რატომ აკავებდნენ ციალა ქათამიძეს.

ამის შემდეგ დააკავეს ბათუმელი სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელმაც, აქციის მონაწილეების თქმით, ასევე პროტესტის ნიშნად ასფალტზე დააკრა პლაკატი.

აქციაზე დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი, აქციის მონაწილე. ასევე, პირველადი ინფორმაციით დაკავებულია ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, თემურ ქათამაძე.

აქციის მონაწილეები ახლაც ბათუმის მთავარი სამმართველოს შენობასთან იმყოფებიან. აქცია გრძელდება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებული არიან: ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე თათია აბულაძე.  

„ბათუმელები“ აზუსტებს დეტალებს.

მასალა განახლდება. 

 

ბათუმში აქციის მონაწილე დააკავეს

დღეს, 11 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია თათია აბულაძე. პოლიციელებმა აქციაზე დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ, მათივე თქმით, აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – „გაიფიცე“.

როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე მყოფმა პოლიციის წარმომადგენლებმა უთხრეს, აქციის მონაწილე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. „ბათუმელები“ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახურში აზუსტებს მუხლის შესახებ.

აქციის მონაწილეები აქტივისტის დაკავების შემდეგ მსვლელობით გაემართნენ პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ.

ნახეთ დაკავების კადრები: 

მოსამართლე ხუსკივაძემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა საპროტესტო აქციის 8 მონაწილე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დღეს, 11 იანვარს, წინასწარ პატიმრობაში დატოვა პროევროპული აქციების 8 მონაწილე.

ხუსკივაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა დარბაზში, სადაც არც ადვოკატები იმყოფებოდნენ, არც ბრალდებულები და არც მათი ოჯახის წევრები და ახლობლები.

მოსამართლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხმაურიანი და დაძაბული დღე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლო პროცესი დილას დაიწყო. დარბაზი სხდომაზე დასწრების მსურველთათვის მცირე ზომის იყო, დასწრების მსურველთა დიდი ნაწილი კარს მიღმა დარჩა, სივიწროვე იყო დარბაზშიც, რის გამოც, როგორც ადგილზე მყოფები ამბობდნენ, სუნთქვაც ჭირდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა პროცესის უფრო დიდ დარბაზში გადატანაზე.

მოსამართლემ გადაწყვეტილება არც მას შემდეგ შეცვალა, როცა ერთ-ერთი დაკავებული, 19 წლის სტუდენტი თორნიკე მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა უჰაერობის გამო და სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. ირაკლი მიმინოშვილმა ითხოვა, რომელიმე მანდატური ან ბადრაგი დამდგარიყო მათთან ერთად კაბინაში 5 წუთით, იმის შესამოწმებლად, გაძლებდნენ თუ არა.

ამის შემდეგ ადვოკატებმა, დაკავებულებთან შეთანხმებით, სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ბრალდებული გახდა ცუდად, ექიმის დასკვნა გიდევთ წინ და წერია – „უჟანგბადობის გამო“. თქვენ არ აძლევთ საშუალებას ბრალდებულებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით – ისუნთქონ. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს დარბაზი. ჩვენ არ გვეძლევა საშუალება.. ახლაც, მე ლაპარაკი მიჭირს, იმიტომ, რომ ჟანგბადი არ მაქვს, თქვენო ღირსებავ. შესაბამისად, ვეთანხმები ჩემი კოლეგების და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მოწოდებას და ვტოვებთ აღნიშნულ პროცესს“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ.

ადვოკატების გადაწყვეტილებას დარბაზში ტაში მოჰყვა და შეძახილები სასამართლოს მისამართით – „მონებო!“ ამის შემდეგ ადვოკატებმა, დამსწრეებმა და დაკავებულებმა დატოვეს დარბაზი.

სხდომა ადვოკატების გარეშე ვერ გაგრძელდებოდა. ამას კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლემ სხდომა გააგრძელა ისე, რომ ბრალდებულებს არა მათ მიერ არჩეული, არამედ სახელმწიფო, ე.წ. სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა.

სასამართლო იხილავდა შემდეგ დაკავებულების საქმეებს:

თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე, ისლამ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.

გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ინსაფ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ისჯება ოთხიდან 6 წლამდე], ხოლო ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში [225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით].

ვინ არიან დაკავებულები, რომელთა სასამართლო პროცესი იყო დღეს, 11 იანვარს: 

  • ზვიად ცეცხლაძე 19 წლის სტუდენტია, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ლიდერი. დააკავეს 4 დეკემბერს, საკუთარ სახლში.
  • ირაკლი მიმინოშვილი 19 წლის სტუდენტია, პარალელურად კურიერად მუშაობს. დააკავეს 4 დეკემბერს, საკუთარ სახლში. დაკავებას წინ უძღოდა რამდენიმესაათიანი ჩხრეკა. 
  • ნიკოლოზ ჯავახიშვილი 20 წლის სტუდენტია. დააკავეს 30 ნოემბერს. ადვოკატის თქმით, მის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. 
  • თორნიკე გოშაძე 24 წლისაა, ჰყავს დედა და და. ოჯახი სოციალურად დაუცველია. 
  • გიორგი გიორგაძე 20 წლის სტუდენტია, სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე.
  • ინსაფ ალიევი 34 წლისაა. ის ოჯახთან ერთად სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს და თვითდასაქმებულია. მან ქართული არ იცის. რადიო „თავისუფლება“ მის ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ დემონსტრაციაში მონაწილეობას არ იღებდა და რუსთაველზე აქციის მიმდინარეობისას შემთხვევით მოხვდა.
  • ვეფხვია კასრაძე მსახიობია. იგი პარტია „ლელოს“ წევრია. კასრაძე  4 დეკემბერს დააკავეს.
  • ვასილ კაძელაშვილი ასევე პარტია „ლელოს“ წევრია, იგი 4 დეკემბერს დააკავეს ვეფხია კასრაძესთან ერთად. 

 

აქციებზე დაკავებულების სხდომა განახლდა ადვოკატების, ბრალდებულების და მათი ახლობლების გარეშე

11 იანვარს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის პროცესი ბრალდებულების, ადვოკატებისა და ბრალდებულების ოჯახის წევრების გარეშე განახლდა.

ბრალდებულების დაცვას სახაზინო ადვოკატები ახორციელებენ.

„სრული ბარდაგია არანაირი სასამართლო და არანაირი სამართალი“, – ამბობს დაკავებული სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამა.

ამ სასამართლო პროცესზე უნდა გაირკვეს ტოვებს თუ არა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დაკავებულებს კვლავ წინასწარ პატიმრობაში.

სხდომა დილით ჩაიშალა, რადგან მოსამართლემ უარი თქვა პროცესის უფრო დიდ დარბაზში გადატანაზე.

როგორც ირკვევა, ბრალდებულები უკვე გადაიყვანეს ციხეში, შესაბამისად ისინი საკუთარ პროცესს ვერ ესწრებიან. პროცესზე არ არიან არც მათი ადვოკატები და ადგილზე მხოლოდ სახაზინო ადვოკატები იმყოფებიან.

ბრალდებულების ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატებს აქვთ განცდა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება მხოლოდ ფარსია, ის წინასწარაა დაწერილი და ცნობილია, რომ ირაკლი ხუსკივაძე მათ ისევ პატიმრობაში დატოვებს.

ნახეთ ვიდეო, თუ რა გახდა 11 იანვრის დილას სასამართლოს სხდომის ჩაშლის მიზეზი: 

„არ არსებობს ორი მხარე, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება“ – ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩავიდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 11 იანვარს, სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში იმყოფება.

ზუგდიდის ცენტრში, სადაც საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, მან მოსახლეობას მიმართა.

„მოხარული ვარ, რომ ზუგდიდში იწყება, ასე ვთქვათ, ჩემი რეგიონული ტური. ეს ჩემთვის არის დიდი ბედნიერება და ეს არის ძალიან სწორი, ჩემი აზრით. ზუგდიდი არის ის ადგილი ბოლოს და ბოლოს, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროპასთან. თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები და ჩვენი გზა ევროპისკენ იწყება სწორედ იქ, სადაც ჩვენ ახლა გაჩერებულები ვართ, ანაკლიიდან და ძალიან ახლოს არის მეორე მხარე შავი ზღვის და ევროპა, რომელსაც ჩვენ უთუოდ შევუერთდებით.

დღეს არ არსებობს საქართველოში ორი მხარე, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება. აქ არ არის ორი საქართველო, არის ერთი საქართველო და ვიღაც ადამიანები, რომლებიც უკვე ამ ფორმით, თავიანთი ლექსიკით, თავიანთი სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და არიან რეჟიმის წარმომადგენლები. ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან აქ დგას და საქართველოს ყველა ქალაქში დგანან ის ნაწილი საზოგადოების, ის ადამიანები, რომლებმაც ერთხელ და სამუდამოდ არჩიეს, რომ უფრო მეტად უყვართ ქვეყანა, სამშობლო, ვიდრე ნებისმიერი პარტია.

ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში, რომელიც იქნება უსათუოდ გამარჯვებული, სხვა გზა არ არის, სხვა გზა არ დაუტოვეს არავის. ჩვენ ერთად ვართ, მე ვარ თქვენთან, თქვენ გაქვთ ჩემი იმედი, მაგრამ მე მაქვს არანაკლებად ყველა თქვენგანის, თითოეულის იმედი, იმიტომ, რომ ახლა არის ბრძოლა, რომელიც არ შეიძლება, რომ მოიგო ბელადის ხელით, ვიღაცის იმედით, რომ შენ იჯდე სახლში და დაელოდო, რომ რაღაც თავისით მოხდება. არა, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველანი ბოლომდე ვიქნებით ჩართული, როგორც ვართ დღეს და როგორც ვიქნებით ხვალ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, თუ რა მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში მიმდინარე პროტესტის გამოძახილია:

„მე თქვენ სახელით, ზუგდიდის სახელითაც ჩავალ ვაშინგტონში ინაუგურაციაზე. ჩვენ იქ გვყავს ძალიან ბერი მეგობარი დღეს, რომელსაც გული შესტკივათ საქართველოსთვის და რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, იმაზე მეტსაც, რასაც ვთხოვთ, იმისთვის, რომ ქვეყანა დაიცვან იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრდილოეთ არამეგობრისგან.

იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას ამდენი მეგობარი, გინდა აშშ-ში, გინდა ევროპაში, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ იმიტომ გყავს ამდენი მეგობარი, რომ თქვენ დგახართ, სადაც დგახართ. ეს მრავალფეროვანი პროტესტი რომ არ იყოს, მაშინ ისინი არ იგრძნობდნენ თავიანთ ვალდებულებას, რომ რაღაც ფორმით დაგვეხმარონ, როგორც მათ შეუძლიათ. ეს ყველაფერი გადაბმულია“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ასევე მიუსამძიმრა ზუგდიდის მოსახლეობას გალში, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. იგი დღეს ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან მივიდა ზუგდიდში და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორ შეიძლება გაანეიტრალო „ოცნების“ შეთქმულების თეორიები – ომი გინდა, Deep State

„ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებები საზოგადოებაში მწვავე რეაქციას იწვევს. „ოცნების“ ლიდერები გამუდმებით ამახინჯებენ რეალობას, რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტ ფართომასშტაბიან პროტესტს „მცირე ჯგუფის პროტესტად“ მოიხსენიებენ, ხოლო „ოცნების“ დამფუძნებლის და სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირებას შეთქმულების თეორიით ხსნიან „გლობალური ომის პარტიის შესახებ“.

„ქართული ოცნება“ გამუდმებით საუბრობს გლობალური ომის პარტიის, Deep State-ის ან ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც აშკარად ტყუილია და მარტივად შეიძლება ამ ტყუილის გადამოწმება.

მკვლევრები ამბობენ, რომ კონსპირაციის თეორიების გავრცელებით „ქართული ოცნება“ ცდილობს სიმართლესა და სიცრუეს შორის განსხვავება წაშალო,. ამით კი ის ელის სარგებელს, რომ დააბნევს და დათრგუნავს ქართულ  საზოგადოებას.

  • რა არის გლობალური ომის პარტია

„გლობალური ომის პარტია“ არის „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს.

ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, თითქოს არსებობს რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.

„ქართული ოცნება“ ამ ტერმინს აქტიურად იყენებდა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ დროებით „გლობალური ომის პარტია“ ჩაანაცვლეს ახალი ტერმინით Deep State.

თუმცა 8 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში „ოცნების“ პოლიტსაბჭომ ორივე ტერმინი ერთად მოიხსენია. „ოცნების“ კონსპირაციული თეორიის თანახმად, „დიფ სთეითი“ გლობალური ომის პარტიის „არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება“.

„ქართულმა ოცნებამ“ კონსპირაციის თეორია კიდევ უფრო გაართულა და ახლა ამტკიცებს, რომ ე.წ. Deep State-საც გლობალური ომის პარტია მართავს. რატომ გააცოცხლა „ოცნებამ“ ისევ „გლობალური ომის პარტია? – ვკითხეთ ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს.  

„გაცოცხლებაზე მეტად, რატომ ილაპარაკეს ახლა და არა სხვა დროს – ეს არის საკითხავი. „ქართულ ოცნებას“ საქმე არ აქვს საკეთებელი, იმიტომ, რომ ყველა ეტაპირება, რაც მან გააკეთა თავის დროზე, მიბმული იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაზე. ახლა ე.წ. ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელმაც არ იცის რა უნდა გააკეთოს – არ აქვს ლეგიტიმაცია, არანაირი საერთაშორისო ვიზიტები არ იქნება. პოლიტიკურ დღის წესრიგს კი ქმნის ხალხი, რომელიც დგას ქუჩაში.

ვფიქრობ, უბრალოდ არ იციან რა უნდა გააკეთონ როგორც პოლიტიკოსებმა და თან შეგვახსენეს, რომ ისინი არსებობენ.

ვფიქრობ, მათი ძირითადი საქმიანობა მომავალშიც ეს იქნება. რიტორიკა იქნება იმ დრომდე, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.

ლევან ღამბაშიძე

ლევან ღამბაშიძის თქმით, ახლა „ოცნება“ ცდილობს, თავისებურად მოუყვეს თავის ამომრჩეველს არსებული სიტუაცია და დაარწმუნოს ისინი, რომ რაღაც პროცესები მიდის.

„სინამდვილეში „ოცნება“, რაღაც დედლაინებს აწესებს თავისი ამომრჩევლისთვის. ჯერ 20 რიცხვი იყო დედლაინი. ახლა შეხედეს, რომ ტრამპი მთლად ისე არ ლაპარაკობს გარკვეულ საკითხებზე, როგორც ივანიშვილის რეჟიმი ლაპარაკობდა თავის დროზე, ამიტომ დაიწყეს ფიქრი, რომ არა, ცოტა მერე იქნება რაღაცა. ბოლო განცხადებაში კი ჩაწერეს, რომ 2030-მდე რაღაცნაირად დიფსთეითისგან უნდა გათავისუფლდეს ევროკავშირი,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.

„ქართული ოცნების“ განცხადებების შეფასებისას საზოგადოების ნაწილი ხშირად იყენებს ისეთ ზედსართავებს, როგორიცაა – „აბსურდი“, „ბოდვა“ ან წერენ, რომ „ესენი [ოცნების ლიდერები] ფსიქიატრთან არიან წასაყვანები.

ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის აზრით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებად წარმოჩენა კონტრპროდუქტიულია:

„არავითარი ფსიქიატრია. როგორც პირადობის მოწმობების შემთხვევაში დააჯერეს მოსახლეობის ნაწილი, რომ სატანურია (ეს სოციალური ექსპერიმენტი იყო), ისე უნდათ ახლა დააჯერონ ეს გლობალური ღომის პარტია თუ დიფ საცივი. მოსახლეობის ამ სეგმენტზე აქვთ ამჟამინდელი “მესიჯბოქსი” გაანგარიშებული რუსულ სპეცსამსახურებს. როგორც ჩანს, ეს სეგმენტიღაა „ქართული ოცნების“ დღევანდელი ამომრჩეველი (გარდა კორუმპირებული მდიდარი ელიტისა). ამ სეგმენტთან ეს მესიჯბოქსი მუშაობს, ნაცადი ხერხია.

ამიტომ, ჩვენ არ უნდა ავყვეთ, თორემ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტიგმატიზების გარდა, სხვა შედეგს ვერ მოვიმკით. სასურველია, მავანისა და მავანის უწესო ქცევა არ ავხსნათ ფსიქიკური აშლილობით, ამას ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების სტიგმატიზება მოჰყვება,“ – განმარტა ჯანა ჯავახიშვილმა.

ლევან ღამბაშიძის აზრით, ის რა ნარატივსაც ახლა „ოცნება“ ავითარებს, დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებთ.

„საბჭოთა კავშირს და ფაშისტურ გერმანიასაც ჰქონდა მსგავსი ნარატივი. ვიცით, რა მოდელს იყენებს და  რა მოდელზე უნდა გასვლა. ადამიანთა რაღაც ჯგუფი, რომელსაც ოცნება მოიაზრებს საკუთარ ამომრჩევლად, უნდა დაარწმუნოს საკუთარი არსებობის აუცილებლობაში,“ – ამბობს ის.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ღიად ანტიევროპული განცხადებები გააკეთა, ხოლო შემდეგ მთელმა ქვეყანამ ნახა, როგორ იძალადა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, შეიცვალა „ოცნების“ მხარდამჭერთა ქცევა.

„თუ ისინი პროპაგანდას აქამდე ადვილად იჯერებდნენ, ახლა ისე ადვილი აღარაა, როგორც თუნდაც ერთი თვის წინ. ჩვენ შეიძლება გვეშინოდეს, რომ იქ Deep State-მა რამე არ მოგვახვიოს თავზე, მაგრამ ჩვენ უფრო გვეშინია სახელმწიფოსი, რომელიც აქციის მონაწილეებს მოიტაცებს და სისტემურად აწამებს წინასწარ გამზადებულ სივრცეებში. გვეშინია სასამართლოსი, რომელიც ნოტარიუსადაა ქცეული და ადამიანებს ციხეში უშვებს სრულიად უსაფუძვლოდ.

ის, რაც უკვე „ქართული ოცნების“ საქართველოა, ჩვენთვის, თავისუფალი ადამიანებისთვის, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.

კითხვაზე, თუ რამდენ ხანს შეიძლება გააგრძელოს „ოცნებამ“ კონსპირაციის თეორიებით არსებობა და რა შედეგზე გასვლა აქვთ მიზნად, ფილოსოფოსი პასუხობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს ეყოფა ძალა პროტესტს.

„არ ვიცი. მთავარია, რამდენი ხანი გვექნება ჩვენ გამძლეობა, რომ სისტემას აღვუდგეთ წინ ყველა მის გამოვლინებაში. ჯერჯერობით ჩვენ დაღლაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს ამ სისულელეს „ქართული ოცნება“.

ტექნიკურად, კარგი პროპაგანდა შეგიძლია აწარმოო მანამდე, სანამ ხელისუფლებაში ხარ. როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, ახალი არჩევნები იქნება, შემდეგ უკვე აზრი აღარ ექნება პროპაგანდას. პროპაგანდა მუშაობს ძალაუფლებასთან კომბინაციაში,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.

მისი თქმით, ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს დაუპირისპირდეს და ებრძოლოს პროპაგანდას.

„ოცნების ომის პროპაგანდამ იმუშავა არამარტო იმიტომ, რომ ოცნებამ კარგად იმუშავა, არამედ იმიტომ, რომ მეორე მხარე აღმოჩნდა თავის დროზე ძალიან უსუსური.

ორი წელია მაგ პროპაგანდას ავრცელებენ და ორი წლის განმავლობაში წესიერი პასუხი არავინ არ გასცა, მცირე ჯგუფებს თუ არ ჩავთვლით. დიდი საინფორმაციო  კამპანია არ ყოფილა.

დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, მილიონი სხვადასხვა ადამიანი გაჩნდა, რომელიც ამბობს – აქამდე ვიყავი ჩუმად, მაგრამ მოდი, ახლა ამიხსენი რა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს პროპაგანდა შევაჩერო.

საუბარია ხალხზე, რომელსაც რაღაცა ეთქმის ამ ქვეყანაში. იქნებიან ესენი მწერლები, მსახიობები, უნივერსიტეტის პროფესორები – ისინი, ვისაც ნდობა აქვს საზოგადოების. უკვე იგრძნობა, რომ პროტესტმა დაიწყო ოცნების პროპაგანდის განეიტრალება.“

დღეს ქობულეთში ევროპული მარში იგეგმება – „ქობულეთი იმსახურებს ევროპულ მომავალს“

დღეს, 11 იანვარს, ქობულეთში იგეგმება ევროპული მარში.

მარშის მონაწილეები 17 საათზე შეიკრიბებიან ქობულეთის მერიასთან.

თანაქალაქელებო, დროა, ჩვენი ხმა კვლავ გაიგონონ!

ქობულეთი და მთელი საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს – თავისუფლებას, განვითარებას, ღირსეულსა და უკეთეს ცხოვრებას!

ევროპული ღირებულებები ნიშნავს დაცულ უფლებებს, სამართლიანობასა და მნიშვნელოვან შესაძლებლობებს თითოეული ჩვენგანისთვის. ეს ჩვენი შანსია, გავაძლიეროთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა, გავერთიანდეთ და ვაჩვენოთ, რომ ქობულეთი ევროპისკენ ნაბიჯების გადადგმისთვის მზადაა!

ჩვენ მოვითხოვთ უსამართლოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას, რათა ქვეყანაში აღდგეს სტაბილურობა და გაგრძელდეს ევროინტეგრაციის პროცესი.

ვაპროტესტებთ მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებების დარღვევას, უკანონო დაკავებებსა და ძალადობას, რომელიც ხორციელდება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან.

ჩვენ ვეწინააღმდეგებით ქვეყნის დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციას და მისი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.

ერთად ჩვენ შევძლებთ ცვლილებებს!“ – ნათქვამია ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქზე გამოქვეყნებულ მარშის ანონსში.

საპროტესტო აქციის მონაწილეების სასამართლო სხდომა ჩაიშალა – მოსამართლემ დარბაზი არ შეცვალა

დღეს, 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაიშალა საპროტესტო აქციების 8 მონაწილის სასამართლო სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო დაკავებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკითხი.

სასამართლო დარბაზი ვერ იტევდა დასწრების მსურველებს. დარბაზი გადაჭედილი იყო, გარეთ ადამიანები მოითხოვდნენ სხდომაზე დასწრების უფლებას და უფრო დიდ დარბაზში სხდომის გადატანას. „შეგვიშვით, შეგვიშვით!“ – სკანდირებდნენ დარბაზთან მოქალაქეები.

ერთ-ერთი დაკავებული, 19 წლის სტუდენტი, ირაკლი მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა ჩახუთული ჰაერის გამო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფი გამოიძახეს. ირაკლი მიმინოშვილმა ითხოვა, რომელიმე მანდატური ან ბადრაგი დამდგარიყო მათთან ერთად კაბინაში 5 წუთით, იმის შესამოწმებლად, გაძლებდნენ თუ არა.

მიუხედავად ამისა, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხდომის უფრო დიდ დარბაზში გადატანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგად ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. მათ გაჰყვნენ დამსწრეებიც, სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს დაკავებულებიც.

სხდომა ადვოკატების გარეშე ვერ გაგრძელდება. ამას კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლეს შეუძლია სხდომა გააგრძელოს ისე, რომ ბრალდებულებს არა მათ მიერ არჩეული, არამედ სახელმწიფო ადვოკატები დაუნიშნოს.

დღეს სასამართლოს უნდა განეხილა შემდეგი დაკავებულების საქმეები: თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე და ისლამ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.

გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ისჯება ოთხიდან 6 წლამდე], ხოლო ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში [225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით].

დაკავებულთა ადვოკატები ითხოვენ, რომ შეიცვალოს ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ისინი გათავისუფლდნენ. ადვოკატთა ნაწილი მოსამართლის აცილებასაც ითხოვს.

საპროტესტო აქციების 8 მონაწილის საქმე დღეს სასამართლოში განიხილება

დღეს, 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილე 8 ადამიანის სასამართლო პროცესი.

საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს, ხოლო პროკურორები ვაჟა თოდუა და გიორგი მუკბანიანი არიან.

სასამართლო იხილავს შემდეგი დაკავებულების საქმეებს:

თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე და ისლამ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.

გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ისჯება ოთხიდან 6 წლამდე], ხოლო ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში [225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით].

დაკავებულთა ადვოკატები ითხოვენ, რომ შეიცვალოს ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და ისინი გათავისუფლდნენ. ადვოკატთა ნაწილი მოსამართლის აცილებასაც ითხოვს.

სასამართლო პროცესზე დასწრება ყველა მსურველმა ვერ შეძლო. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხდომის დიდ დარბაზში გადატანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ნახეთ ფოტოები სასამართლო პროცესიდან: 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 806 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 570]
  • ტანკი – 9 751 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 20 271 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 21 817 ერთეული [+28]
  • MLRS – 1 260 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 042 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 958 ერთეული [+74]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 017 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 33 534 ერთეული [+61]
  • სპეცტექნიკა – 3 692 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 40 077 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 480 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 508 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 412 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 156 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/557923/

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ხანძარი იყო ბათუმში, რურუას ქუჩაზე

ხანძარი იყო დღეს, 10 იანვარს, საღამოს ბათუმში, რურუას ქუჩაზე.

ხანძარი გაჩნდა მაღალსართულიანი კორპუსის ბინის სამზარეულოში.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„მონობა ცუდად მთავრდება“ – ზურაბიშვილი მოსამართლეზე, რომელმაც 11 პირი პატიმრობაში დატოვა

„ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!

ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეული მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა, იცოდეთ, ცუდად თავდება! კაფკა როგორც ჩანს არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ“ – ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი, დღეს 10 იანვარს, მოსამართლე ჯაჭვაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა.

დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 ბრალდებულის საქმე განიხილებოდა.

სასამართლომ განიხილა ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი.

დაცვის მხარე მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლას და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუმცა მოსამართლე და პროკურორები (გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა) ამას არ დაეთანხმნენ.

„ოცნების“ მიერ ბრალდებული პირები არ აღიარებენ ბრალს.

„ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით? რუსეთი რომ არ გვინდა, მაგისთვის ვისჯებით? ევროპა რომ გვირჩევნია ირანს, ჩინეთს და ბნელეთს, ამიტომ ვისჯებით?“ — იკითხა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესზე.

კიდევ ერთმა ბრალდებულმა ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ამ ქვეყნის გულისთვის ადამიანები კვდებოდნენ არ სურს, ვინმეზე ნაკლები გააკეთოს.

„რამდენ წელს ითვალისწინებს ეს ბრალეულობა – ოთხიდან ექვს წლამდე. ანუ მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში, ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე“- განაცხადა სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძემ.

პროკურატურა პატიმრობაში დატოვებულ თერთმეტივე პირს სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება. ანუ საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში სდებს ბრალს. ეს მუხლი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მე ვარ გლობალური ომის პარტიის დამფუძნებელი – ონისე ცხადაძის სიტყვა სასამართლოში

„მე ვარ გლობალური ომის პარტიის დამფუძნებელი და Deep State-ის 15-პროცენტიანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე ონისე მალადოი“ – ასე დაიწყო თავისი სიტყვა საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

„თავიდან დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ რთულია პატიმრობაში ყოფნა, არავისთვის არ არის მარტივი, არ მაინტერესებს, თუ დამტოვებთ პატიმრობაში.

ამ ქვეყნის გულისთვის ადამიანები კვდებოდნენ და მეც არ მინდა ნაკლები გავაკეთო ვინმეზე.

რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებებს, მე მაქვს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება ნანახი, სადაც ჩანს ბოთლის სროლა და ასევე არის ფერი, კვამლს რომ უშვებს, მხოლოდ ფერს, მაგის პატარა კაფსულის სროლა და ისე ცუდად ვისვრი, ლამის ფეხში გავირტყი და ძალიან გთხოვთ, რომ თვითმკვლელობის მცდელობის გამო 500 ლარით დამაჯარიმოთ.

რაც შეეხება, რამდენ წელს ითვალისწინებს ეს ბრალეულობა – ოთხიდან ექვს წლამდე. ანუ მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში, ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე.

გირაოზეც მინდა რომ გითხრათ, ეს შეგიძლიათ თქვენ განსაზღვროთ, მაგრამ მე გთხოვთ, რომ გირაო დამიწესოთ 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით.

თუ ასევე ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს ოთხიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაშინ მე მაქვს „სპიჩკის“ კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართულებით ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ“- თქვა ონისე ცხადაძემ და ასანთის კოლოფი ისროლა პროკურატურის მხარის მიმართულებით. მოსამართლის შენიშვნას მან უპასუხა, რომ „ამ წამიდან გაითვალისწინებს“.

28 წლის სთენდაფერი, იუმორისტი ონისე ცხადაძე 5 დეკემბერს დააკავეს.

პროკურატურა მას სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დებს ბრალს: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ელის.

დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გური მირცხულავას, ონისე ცხადაძის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რეზო კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმის განხილვა.

______________

ფოტოზე: ონისე ცხადაძე. თბილისის საქალაქო სასამართლო, 10 იანვარი

 

პესკოვი ამბობს, რომ პუტინი მზადაა ტრამპს წინაპირობების გარეშე შეხვდეს

პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზადაა, ტრამპს პირობების გარეშე შეხვდეს და ამისთვის აშშ-ის პოლიტიკური ნებაა საჭირო.

„პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ღიაა კონტაქტისთვის საერთაშორისო ლიდერებთან, მათ შორის, აშშ-ს პრეზიდენტთან და მათ შორის დონალდ ტრამპთან. ამისთვის არ არის საჭირო არავითარი პირობები. საჭიროა ორმხრივი სურვილი და პოლიტიკური ნება პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრისთვის“ – ციტირებს რუსული სააგენტო „ტასი“ პესკოვს.

აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 9 იანვარს განაცხადა, რომ პუტინს მასთან შეხვედრა სურს და ამ შეხვედრას ამზადებენ.

ამავე თემაზე: 

ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს შეხვედრა სურს

ბრძოლა გაგრძელდება, სანამ საქართველო არ მიაღწევს ახალ არჩევნებს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, რომ საქართველოში ბრძოლა დემოკრატიისთვის გაგრძელდება ახალ არჩევნებამდე.

„კვლავაც ერთგულად ვემსახურები ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, ამჯერად ახალი ოფისიდან, რომელიც ატარებს ორბელიანის საპრეზიდენტო სასახლის სულისკვეთებას.

ჩვენი ბრძოლა დემოკრატიისთვის გრძელდება და გაგრძელდება მტკიცედ, სანამ საქართველო არ მიაღწევს ახალ არჩევნებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ორბელიანის სასახლის დატოვების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პირველი პრესკონფერენცია გუშინ, 9 იანვარს, გამართა ახალ ოფისში, ჭოველიძის #4-ში მდებარე ბიზნესცენტრში და განაცხადა, რომ აქ გააგრძელებს პრეზიდენტის ფუნქციის შესრულებას.

მან დე ფაქტო პრეზიდენტი უწოდა მიხეილ ყაველაშვილს და თქვა, რომ როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი არალეგიტიმურია.

მისი თქმით, ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი არ ფუნქციონირებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნის „მატყუარა სურათს“ გვიჩვენებს და ქვეყანაში შექმნილი „ძალიან ღრმა კრიზისიდან“ ერთადერთი გამოსავალი არჩევნებია.

ამავე თემაზე: 

რა თქვა ზურაბიშვილმა სასახლის დატოვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე

350 ლარი პენსიონერებს, 12 ათასი პარლამენტარებს – „ოცნების“ სოციალური პოლიტიკა

„ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ ხელფასები გაიზარდა. პარლამენტარების ხელფასი 2025 წლიდან 6 340 ლარით გაიზარდა – პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14 600, პირველი მოადგილის 13 140 ლარი გახდა. მინისტრების ხელფასი 12 410 იქნება. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ახალი წლიდან 14 500 ლარს აიღებს ხელფასის სახით, მაშინ, როცა პენსია მხოლოდ 35 ლარით გაიზარდა.

ცვლილებები არ შეხებია დევნილთა შემწეობას და ისევ 45 ლარია. გაიზარდა სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც. რას ნიშნავს, როცა ქვეყანაში ხალხი ღარიბია, მთავრობის წევრები კი მდიდრდებიან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელს, მარიამ ჯანიაშვილს ესაუბრა.

  • ქალბატონო მარიამ, ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ გაიზარდა ხელფასები მაშინ, როცა მოწყვლადი ჯგუფების შემწეობა მიზერულად იზრდება ან საერთოდ არ იზრდება. რასთან გვაქვს საქმე, რატომ ხდება ასე?

როგორც ვიცით, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე გაცემული ყოველთვიური შემწეობა თვეში 30- 60 ლარია. ავიღოთ ერთი რიგითი პარლამენტარის ხელფასი – 11 680 ლარი და გავყოთ. 60 ლარის შემთხვევაში ამ თანხით სახელმწიფო დაახლოებით 195 ადამიანს უზრუნველყოფს, 30 ლარის შემთხვევაში კი –  390 ადამიანს.

იმ თანხით , რასაც ერთი პარლამენტარი იღებს თვეში ხელფასის სახით, ქვეყანაში 390 ადამიანი არსებობს. რაც ძალიან შემაშფოთებელია.

რატომ ხდება ასე? – აქედანაც ჩანს, თუ რა დამოკიდებულება აქვს არსებულ ხელისუფლებას ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.

მარიამ ჯანიაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ჰქონდა ყველანაირი ბერკეტი შეეცვალათ სიღარიბეში მყოფი ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მაინც ისე დატოვეს ყველაფერი, რაც ადრე იყო და ვერანაირად ვერ უზრუნველყვეს ამ ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრება.

„ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ არნახული ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში, რომ სიღარიბეს ამარცხებენ, ეკონომიკა ვითარდება და ასე შემდეგ. ფაქტობრივად კი, საპირისპიროს გვეუბნება რიცხვები, რასაც ჩვენ ვხედავთ.

არა მხოლოდ ის რიცხვები, რაც გვიჩვენებს, თუ რამდენია გასაცემელი, არამედ იზრდება იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც ყოველთვიურად საარსებო შემწეობას იღებს.

2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, სახელმწიფო შემწეობის მიმღებთა რეესტრში 690 ათასი ადამიანია რეგისტრირებული. თუ ყოველთვიურად შევხედავთ დინამიკას, სოციალურად დაუცველთა რიცხვი თვეების მიხედვით იზრდება. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი.

  • დღეს არსებული რეჟიმი ამ ქვეყნის მოქალაქეს, მათ შორის პენსიონერს ეუბნება, რომ უნდა იცხოვრო 450 ლარით. მაშინ, როცა ინფლაცია იზრდება და არის ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების პროგნოზიც „ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო. რა ლოგიკით გადაწყვიტა „ოცნებამ“, რომ მათი ხელფასები 6-7 ათასი ლარით უნდა გაზრდილიყო, მოწყვლადი ჯგუფების კი არა?

რა თქმა უნდა, ინფლაცია ყოველწლიურად გვაქვს სახეზე და ეს კანონმდებლობაშიც არის გათვალისწინებული, მაგრამ ასეთი დრამატული სხვაობა პარლამენტარების ხელფასებსა და იმ ადამიანების შემწეობებს შორის, რომლებიც სიღარიბეში არიან, არ უნდა არსებობდეს.

შშმ ადამიანებს, სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ დახმარება და ეს არ არის სახელმწიფოს ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის კეთილი ნება, სახელმწიფო ვალდებულია მოწყვლადი ადამიანები უზრუნველყოს შესაბამისი გასაცემლებით.

ასეთი კონტრასტული სხვაობა იმის მაჩვენებელია, რომ არსებულ მმართველებს მოსახლეობის საჭიროებები არ აინტერესებთ. ყველაზე ირონიულია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რაც გულისხმობს მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას მთელი რიგი სერვისებით.

თვალშისაცემია ასევე ისიც, რომ ცალკეულ ჯგუფებზე დაწესებული გასაცემელი 2025 წელს, საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, რაც ასევე სერიოზული პრობლემაა.

  • რომელია ეს ჯგუფები?

მაგალითად, შშმ ბავშვების შემწეობა წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად იზრდებოდა და დღეს მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სახელმწიფო შემწეობა 425 ლარია, მაგრამ გვყავს სხვა შშმ პირები, რომელთა შემწეობა 230 ლარია. ხოლო ბავშვობიდან ზომიერად გამოხატული შშმ პირების შემწეობა – 190 ლარი.

კითხვები, ცხადია, არსებობს საარსებო მინიმუმთან დაკავშირებითაც, რადგან დღეს 262 ლარია საარსებო მინიმუმი ქვეყანაში. როგორ შეიძლება ადამიანი 262 ლარად გადარჩე?

ამ გამოთვლის ადეკვატურობაზეც არაერთხელ დაწერილა და ჩვენგანაც იყო მითითებები, რომ ეს არ შეიძლება იყოს ადეკვატური, რადგან ვერ ასახავს ადამიანის რეალურ საჭიროებებს, ამ დროს კი ამაზე ნაკლები გასაცემელი აქვთ ადამიანებს სახელმწიფოსგან დაწესებული, რაც წარმოუდგენელია.

შშმ ადამიანებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, სახელმწიფო კი არც შემწეობას სთავაზობს ადეკვატურს და არც დასაქმებას. ეს ადამიანები ფაქტობრივად გარიყულნი არიან შრომითი ბაზრიდან, ზოგი სახლიდანაც კი ვერ გადის გარეთ.

ზუსტად არც იმის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, ჰყავდათ თუ არა შშმ ადამიანები დასაქმებული სახელმწიფო პროგრამით – სახელმწიფო არ აწარმოებს სტატისტიკურ მონაცემებს ამის შესახებ და არც გვაწვდის.

  • დევნილებიც გამოხატავენ უკმაყოფილებას, რადგან ამბობენ, რომ მთელი ეს წლები 45 ლარია მათი დახმარება და არასდროს უფიქრია ხელისუფლებას მათზე.

რამდენადაც ვიცი, არც ახლა გაზრდილა დევნილთა შემწეობა და აქ სხვა პრობლემაც იჩენს თავს, რადგან თუ ვარ დევნილი და ვარ სოციალურად დაუცველიც, ორმაგად მოწყვლადი ვარ, არა? თუ 45 ლარს 60 ლარს დავუმატებ, 105 ლარს მივიღებ, მაგრამ სახელმწიფო მათ არჩევანს სთავაზობს, ან დევნილის შემწეობა უნდა აიღონ, ან სოციალური დახმარება.

სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობასაც არ იღებს და ეუბნება, რომ ერთ-ერთი უნდა აირჩიონ.

  • სახელმწიფოს გამოთვლებით, დღეს ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1 945 ლარია. საკმარისია ეს თანხა ღირსეული ცხოვრებისთვის?

2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, 56 ათასზე მეტმა ადამიანმა 300-ზე ნაკლები ლარი ხელფასი აიღო.

355 ათასზე მეტმა კი აიღო ხელფასი, რომელიც იყო 1200-ზე ნაკლები ლარი.

რეალურად, 300 ლარზე ნაკლები ნიშნავს იმას, რომ 56 ათასზე მეტი ადამიანი ფაქტობრივად საარსებო მინიმუმზე ნაკლებ ხელფასს იღებს.

დღეს სულ ცოტა, 1860 ლარი მაინც უნდა ჰქონდეს ერთ ადამიანს იმისთვის, რომ მინიმალური საჭიროებები დაფაროს.

  • ამ დღეებში „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ნინო წილოსანი ხალხს გუდაურში დასასვენებლად იწვევდა, – ნახეთ, რა კარგია, ამოდითო. ამ მონაცემებით, რაც ახლა განვიხილეთ, შეუძლიათ კი ადამიანებს თუნდაც სამი დღით გუდაურში დასვენება?

იმ სოციალური გასაცემლების გათვალისწინებით, ასევე იმ ანაზღაურებით, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, არათუ დასვენების ხარჯების გაწევაა შეუძლებელი, იმ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება ფიზიკურად გადარჩენისთვის.

რეალურად, ეს ადამიანები, ყოველდღიურად იბრძვიან იმისთვის, რომ ფიზიკურად გადარჩნენ.

  • ევროინტეგრაციის მომხრე იმიტომაა ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად დაძლევს ხალხი სოციალურ უთანასწორობას. ამიტომ „ოცნების“ მიერ ამ პროცესის შეჩერება მოსახლეობამ აღიქვა მათი კეთილდღეობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. როდის უნდა დაწყებულიყო ამ უსამართლობის წინააღმდეგ მოძრაობა?

დიახ, ასეა ნამდვილად, რადგან დღეს ძალიან დიდია სოციალური უთანასწორობის განცდა ამ ქვეყანაში.

კატასტროფული შედეგები გვაქვს ბავშვების სიღარიბესთან დაკავშირებით და როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სხვა უფლებები უნდა იყოს დაცული, ეს უფლებები ირღვევა სხვადასხვა პროპაგანდის სახელით და იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ მოაგვაროს ხალხის რეალური პრობლემები, ყოველგვარ ზღვარს გადასცდა იმ პოლიტიკური ძალის ქმედებები, რომელიც ფაქტობრივად მართავს დღეს ქვეყანას.

ამ დროს კი ბავშვები და მათი მშობლები ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვიან.

კატასტროფული შედეგები გვაქვს არა მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვებთან მიმართებით, იგივე „იუნისეფის“ მონაცემებით, ბავშვების 38 პროცენტი მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონეა და ეს მონაცემები კიდევ უფრო მაღალია სოფლად მცხოვრები ბავშვების შემთხვევაში, სადაც ბავშვების 40 პროცენტზე მეტი განიცდის მატერიალურ დანაკლისს.

ასეთ ვითარებაში რომელ კეთილდღეობასა და დასვენებაზე ვლაპარაკობთ, როცა ბავშვების 5 %-ზე მეტს აქვს ხილისა და ბოსტნეულის მიღების დეფიციტი, 14 %-ზე მეტს ბავშვს აქვს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვა საჭიროებების დანაკლისი.

ელემენტარულად, სათამაშოებიც კი არ აქვს ბავშვების ნაწილს. აღარ ვსაუბრობთ საკვების დანაკლისზე, რაც ძალიან სერიოზულია. ამ ყველაფრის ფონზე კი „ოცნების“ წარმომადგენლები გვიყვებიან იმაზე, რომ ყველაფერი რა ძალიან კარგად არის.

  • ერთ-ერთი ლექტორი (საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციაზე) ამბობდა, რომ მას 1 ლექციაში სახელმწიფო 6 ლარს უხდის, ანუ ადამიანები იძულებულნი არიან, რამდენიმე სამსახურში დასაქმდნენ იმისათვის, რომ გადარჩნენ. რატომ გვყავს მდიდარი მაღალჩინოსნები მაღალი პრივილეგიებით, თუ სახელმწიფო ხალხისთვის ვერ ქმნის სამართლიან სოციალურ გარემოს?

ეს არის იმის მიმანიშნებელი, რომ მმართველი პოლიტიკური ძალები ვერ აფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. აიგნორებენ მოსახლეობას და მხოლოდ საკუთარ თავზე არიან ორიენტირებულნი.

გვყავს დე ფაქტო მმართველი პარტია, რომელიც ხალხის ბიუჯეტიდან იღებს სიკეთეებს, ხალხის საჭიროებებზე კი მინიმალურად არ ზრუნავს.

ვხედავთ იმასაც, როგორ იყენებს „ოცნება“ სოციალურ მოწყვლადობას პარტიული ინტერესებისთვის. მათ შორის, ძალაუფლების კონსოლიდირებისთვის.

ეს გამოჩნდა არჩევნებამდე პერიოდში, ეს გამოჩნდა არჩევნების დროსაც, როდესაც „ოცნებამ“ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების მოწყვლადობა გამოიყენა მათზე ზეწოლისთვის, შანტაჟისთვის, რომ მათ შეუჩერებდნენ სახელმწიფო დახმარებას, თუ არ მისცემდნენ  ხმას.

ამიტომ სიღარიბე ყოველთვის ძალიან დიდ რისკს შეიცავს, რომ პარტია ამას გამოიყენებს საკუთარი მიზნებისთვის.

  • დღეს რეალურად ხალხს არა მარტო თვითგადარჩენისთვის, უკვე სახელმწიფოს გადარჩენისთვისაც უწევს ბრძოლა, რადგან როგორც ვხედავთ, ქვეყანას მართავს არაღიარებული ხელისუფლება. თუმცა ამ ქვეყანაში ყოველთვის სუსტი იყო სოციალური თანასწორობისთვის ბრძოლა. რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ კრიზისის დასაძლევად სამომავლოდ?

როცა სახეზე გვყავს არალეგიტიმური მთავრობა, ამ ტიპის ცვლილებების გატარება და რეალურად ადამიანის უფლებებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელება, ცხადია, შეუძლებელია.

სოციალური სისტემაც ისეა მოწყობილი, რომ მარტივად შესაძლებელია სახელმწიფო აპარატი გამოიყენო ადამიანის წინააღმდეგ. ამიტომ, რა ტიპის მოთხოვნები უნდა იყოს ან რა ტიპის ბრძოლა უნდა აწარმოოს საზოგადოებამ ამ უსამართლობის დასაძლევად, ამაზე სამწუხაროდ არ არსებობს ჩამოყალიბებული მოსაზრებები საზოგადოებაში. ფაქტია, რომ სამომავლოდ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.

ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს მასთან შეხვედრა სურს

აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დაიწყო მზადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის.

მედიის ცნობით, ტრამპმა ამის შესახებ რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა, ფლორიდაში, 9 იანვარს. მან თქვა, რომ პუტინმა გამოთქვა შეხვედრის სურვილი და ახლა ამ შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.

„მას სურს შეხვედრა და ჩვენ ამას ვამზადებთ“, – თქვა ტრამპმა. მას მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ დაადასტურა, რომ შეხვედრა განიხილება.

კრემლს ტრამპის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ 20 იანვარის ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი განაგრძობს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებას, ამას მოსკოვში მიესალმებიან.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 იანვრის 21 საათიდან 11 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 12 და 13 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 804 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 830]
  • ტანკი – 9 741 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 20 253 ერთეული [+32]
  • საარტილერიო სისტემა – 21 789 ერთეული [+24]
  • MLRS – 1 260 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 041 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 884 ერთეული [+71]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 017 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 33 473 ერთეული [+86]
  • სპეცტექნიკა – 3 689 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 39 896 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 467 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 507 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 385 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 135 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/557923/

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს გაუგზავნეს დასასანქცირებელთა სია, მათ შორისაა რიჟვაძეც – „რადიო თავისუფლება“

რადიო „თავისუფლება“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.

„თავისუფლების“ ცნობით,  სიაშია „ოცნებასთან“ დაკავშირებული 25 პირი, რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“. რუბიოს სწორედ ამ პირების დასანქცირებას სთხოვენ.

სიაში არიან:

  • ეკატერინა ხვედელიძე – ბიძინა ივანიშვილის ცოლი
  • ალეკო ივანიშვილი – ბიძინა ივანიშვილის ძმა
  • უჩა მამაცაშვილი – ივანიშვილის დეიდაშვილი
  • შმაგი კობახიძე – „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრი“
  • ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი
  • კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
  • თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური
  • გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის უფროსი
  • ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
  • კახა კალაძე, თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი
  • ირაკლი კობახიძე – წერილში მოხსენიებულია როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“
  • ლაშა ნაცვლიშვილი – მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“
  • ვასილ მაღლაფერიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი
  • ირაკლი რუხაძე, „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე)
  • სოსო ფხაკაძე, „ვისოლის“ დამფუძნებელი
  • ხვიჩა მაქაცარია
  • ირაკლი გილაური, „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი
  • ვანო ჩხარტიშვილი
  • სულხან პაპაშვილი
  • გიორგი კაპანაძე („რიჟა“)
  • ილია წულაია, „არქის“ დამფუძნებელი
  • ნოშრევან ნამორაძე
  • ვიქტორ ჯაფარიძე, „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი
  • მიხეილ ჩინჩალაძე
  • ლევან მურუსიძე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ფლორიდის შტატის სენატორი, მარკო რუბიო ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დაინიშნება, რომელიც 20 იანვარს არის ჩანიშნული.

ამავე თემაზე: 

სანქციები: აშშ-მა ოცამდე ქართველს სავიზო შეზღუდვა დაუწესა

სახის დაფარვის გამო ზუგდიდში აქტივისტებს მეორედ და მეოთხედ შეუდგინეს ოქმები – ვიდეო

საპროტესტო მოძრაობის ზუგდიდელი აქტივისტები აცხადებენ, რომ პრინციპულად არ ემორჩილებიან „ოცნების“ ახალ კანონს, რომელიც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას უკრძალავს.

8 იანვარს ზუგდიდელ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას პოლიციამ მეოთხედ შეუდგინა ოქმი ბალაკლავის [ქუდი, რომელიც სახეს ფარავს] ტარების გამო, ხოლო კერენ ესებუას – მეორედ.

„დაახლოებით 7 საათისთვის მივედით აქციაზე ბალაკლავით. შევამჩნიე, რომ ერთ ჯგუფად იდგნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებმაც ჩემი გამოჩენისთანავე მწკრივიდან გამოიწვიეს პოლიციის ორი თანამშრომელი. უკვე ვიცოდი, რისთვისაც დაუძახეს და მოვამზადე კამერა.

კერენს მეორედ შეუდგინეს ოქმი გუშინ. ცალსახად სოლიდარობა გამომიცხადა. პოლიციელები უკვე მწკრივში ბრუნდებოდნენ, როცა კერენმა უთხრა, მეც ვიკეთებ, მოდით, ჩაიწერეთო. მისი მხრიდან ეს ძალიან დასაფასებელია“, – გვიყვება 8 იანვრის შემთხვევაზე მარიამ სიჭინავა, „დროას“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

მარიამ სიჭინავას, კერენ ესაბუას და ცაბუნია ვართაგავას ბალაკლავის ტარების გამო პირველად ოქმი 30 დეკემბერს შეუდგინეს.

„მე მეორედ 3 იანვარს შემიდგინეს ოქმი. ეტყობა 31 დეკემბერი, 1-2 იანვარი, რადგან სადღესასწაულო დღეები იყო, თავისუფლად სუნთქვის საშუალება მოგვცეს. 3-ში ისევ მოვიდნენ. ჩემგან იგივე პასუხი მიიღეს, რომ მე მათ არ ვემორჩილები, არც სასამართლოში მისვლას ვაპირებ და არც აღსრულების ნაწილში… როცა გადასახადს დამაკისრებენ, არც მის გადახდას ვაპირებ.

ამის შემდეგ იყო მესამედ, რასაც, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, იმიტომ, რომ მეგონა, უბრალოდ მობეზრდებოდათ და მიხვდებოდნენ, რომ ნამდვილად არ ვემორჩილები და არ ვეთამაშები. სრულიად გასიგრძეგანებული მაქვს, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც არიან არალეგიტიმური მთავრობის მიერ ხელდასხმულები, არ უნდა დავემორჩილო არც მოწოდების ნაწილში, არც აღსრულების ნაწილში და საერთოდ არაფერში.

გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ჩემს წინააღმდეგ ახლა დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება… რადგანაც დაუმორჩილებლობას ვაცხადებთ, ოქმები არ ჩავიბარეთ. არ მივსულვართ ოქმის ჩასაბარებლად [პოლიციის სამმართველოში], არ ვიცნობთ საქმის მასალებს, არ ვიცით, როდის არის სასამართლო დანიშნული. ვიდეო არსებობს, სადაც ამბობენ, რომ 174-ე პირველი პრიმა მუხლით იწყებენ საქმის წარმოებას. ესაა მუხლი დემონსტრაციებისა და მანიფესტაციების შესახებ, სადაც შეტანილია ის ცვლილებები, რისი მიხედვითაც აქციებზე და დემონსტრაციებზე იკრძალება სახის დაფარვა”, – ამბობს მარიამ სიჭინავა.

მარიამ სიჭინავა

კერენ ესაბუა, არტისტი და სამოქალაქო აქტივისტი 30 დეკემბრის ღამეს იხსენებს.

„რადგან ზუგდიდი პატარა ქალაქია, ყველა იცნობს ერთმანეთს. პოლიციელებს იცნობენ აქციის მონაწილეები და პირიქით.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ბრძანების გარეშეც და ბრძანების შემთხვევაშიც, ძალიან რთული იქნება ზუგდიდის პოლიციისთვის ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდეს. როგორც კი ეს კანონი შემოვიდა და საშუალება მიეცათ ამით საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირების და ჩვენს წინააღმდეგ ამუშავების – გამოიყენეს.

30 დეკემბერს კანონი შევიდა ძალაში, რომელიც გვიზღუდავს და გვიკრძალავს საკუთარი უფლებებისთვის იმ ფორმით ბრძოლას, რაც გარანტირებულად გვქონდა აქამდე. ვგულისხმობ კანონებს, რომლებიც გვიკრძალავს პიროტექნიკის გამოყენებას, სახის დაფარვას, იმიტომ, რომ მარტივად იდენტიფიცირებადი გავხდეთ პოლიციისთვის და მარტივად შეეძლოთ ჩვენი დაჭერა, ჩვენზე შემდგომი ზეწოლა, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური.

YouTube video player

3 დეკემბერს გვეხურა ბალაკლავები, მოვიდა კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი და ცალ-ცალკე მოგვმართა სამივეს. მე და მარიამ სიჭინავას სახელებით მოგვმართავდა, ანუ ჩვენი იდენტიფიცირება მას შეეძლო, იცოდა ვის ესაუბრებოდა. გვაქვს ვიდეოც, სადაც კარგად ისმის, როგორ მოგვმართავს სახელებით. ვუთხარით, რომ ეს ჩვენი პროტესტის ფორმაა, რომ არ ვემორჩილებით და ეს კანონები არალეგიტიმურად, არაკონსტიტუციურად მიგვაჩნია. შემდეგ უკვე გაგვაფრთხილა, რომ ჩვენს წინააღმდეგ იწყებოდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, დაგვიბარებდნენ სასამართლოში და შემდგომ უკვე სასამართლო გამოგვიწერდა ჯარიმას.

ჩვენ პიროტექნიკაც ავუშვით იმავე საღამოს.

როგორც არ უნდა ჟღერდეს, გულწრფელად გვინდოდა, რომ გვეჩვენებინა – ვერ გვაშინებს და არ გვიტოკავს არც ერთი ნერვი არ ყველაფრის დროს, იმიტომ, რომ გაგვაჩნია საკმარისი ძალა, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ტერორისტულ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“. როგორც არ უნდა გამომდიოდეს ახლა ეს ფრაზა. მართლა დაჯგუფებადაა უკვე გადაქცეული, რომელიც პარაზიტირებს ქართველი ხალხის სხეულზე, სახელმწიფოზე.

როცა დაგვიკავშირდნენ, ბათუმში მოვდიოდით აქციაზე, სოლიდარობის გამოსახატად. კრიმინალურმა პოლიციამ დაგვირეკა. დაგვიბარეს ოქმისთვის ხელი მოგვეწერა და წაგვეღო, გავცნობოდით. მე უარი ვუთხარი და განვაცხადე, რომ არ მივდივარ სამმართველოში, არ ვაღიარებთ ამ ოქმს და არ ვაწერთ ხელს.

რამდენადაც ვიცი, ახლა გამოგვიძახებენ სასამართლოში. მე პირადად, ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ მივალ, ოღონდ მხოლოდ იმისთვის, რომ სასამართლოშიც მქონდეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ განვუცხადო მოსამართლეს, რომ არ ვაღიარებთ ამ კანონს, კლანურ სასამართლოს და პოლიციასაც, რომელიც, ამ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის მოქმედებს“, – გვეუბნება კერენ ესებუა.

კერენ ესაბუა

ცაბუნია ვართაგავას აქამდე მხოლოდ ერთხელ, 30 დეკემბერს შეუდგინეს ოქმი ბალაკლავის ტარების გამო.

„მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე მისვლის შემდეგ გავიკეთე, ამასთან მთელი თვის მანძილზე იგივე პოლიციელები ყოველ დღე მხედავდნენ აქციაზე და უმეტესი მათგანი ისედაც მიცნობს, პოლიციელმა განმიცხადა, რომ ჩემს იდენტიფიცირებას ვერ ახდენდა და მომთხოვა ნიღბის მოხსნა. ამაზე გარკვევით ვუპასუხე, რომ არ ვემორჩილებოდი თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ხელმოწერილ კანონს.

რამდენიმე დღის შემდეგ იგივე პოლიციელმა დამირეკა და ამ ჯარიმასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოცხადება მთხოვა.

ამ ჯარიმას არავითარი მიზანი არ აქვს, გარდა აქციის მონაწილეების დაშინებისა. თუმცა, რუსული რეჟიმის მოლოდინები არ გამართლდა, წინააღმდეგობა გრძელდება, არავინ დაშინებულა. მოუწევთ როგორც ამ კანონის (და ჯარიმების) უკან წაღება, ასევე ყველა იმ მოთხოვნის შესრულება, რაც აქციის მონაწილეებს გვაქვს“, – გვეუბნება ცაბუნია ვართაგავა.

ცაბუნია ვართაგავა

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა შეკრებიდან დაახლოებით 2 კვირაში დაჩქარებული წესით განიხილა და შეცვალა არაერთი კანონი. უფლებადამცველების შეფასებით, ცვლილებები რეპრესიული ხასიათისაა და მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას. განსაკუთრებით, გამოხატვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების ნაწილში.

საკანონმდებლო ცვლილებებს შორის აღსანიშნავია ორი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ცვლილებები.

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ დაჩქარებულად მიღებულ რეპრესიულ კანონებს. აღნიშნული კანონები ძალაში 30 დეკემბრიდან შევიდა.

თამარ წულუკიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსამართლეს მაინც შეუძლია აქტივისტების დაჯარიმება, იმის მიუხედავად, გამოცხადდებიან ისინი სასამართლოში თუ არა:

„ოქმის ან უწყების ჩაბარებაზე უარი ვერ იქნება პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძველი.

მოსამართლეს მაინც შეუძლია ჩაატაროს პროცესი მხოლოდ ერთი მხარის დასწრებით. ამ შემთხვევაში ოქმის შემდგენი მხარე დაესწრება პროცესს და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იქნება საქმეში და წარდგენილი მოწმე – არსებობის შემთხვევაში. გამოვა ისე, რომ მეორე მხარეს მოსამართლე ვერ მოუსმენს.

"არ მოვიხსნით ბალაკლავებს", - ზუგდიდელი აქტივისტები პოლიციას.

მოსამართლეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რაც მუხლითაა გათვალისწინებული. მოსამართლეს შეუძლია საერთოდ შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება პირთან მიმართებით, მაგრამ ეს მოლოდინი ნაკლებად მექნება იმის გათვალისწინებით, რაც, მაგალითად, ბათუმში ხდება – მოსამართლეები ან პატიმრობას იყენებენ ან ჯარიმას.

თუ ჯარიმას გამოიყენებს მოსამართლე, თეორიულად შესაძლებელია, რომ ყადაღა დაედოს აქციის მონაწილეების ანგარიშებს და იძულებითი აღსრულების პროცედურა დაიწყოს. სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ მოქალაქეებს მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუმცა არც სააპელაციო სასამართლოსგან მექნებოდა რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი.

საინტერესოა, მოსამართლე როგორ იმსჯელებს, რა სამართლებრივ ლიტერატურას, გადაწყვეტილებების პრაქტიკას გამოიყენებს იმისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაამართლოს, თუკი ის დააკმაყოფილებს ოქმის შემდგენი მხარის მოთხოვნას, იმიტომ, რომ მსგავსი შემთხვევა არ გვქონია.

პრაქტიკაში პირველად ხდება, როცა მოქალაქეს ეკრძალება რაიმე ფორმით ნიღბის ტარება შეკრების ადგილზე“, – განმარტავს თამარ წულუკიძე.

თამარ წულუკიძე

ზაპოროჟიეში რუსეთის თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 113 დაშავდა

8 იანვარს რუსეთის თავდასხმას უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე მსხვერპლი მოჰყვა.

რუსეთმა ორი КАБ-ით, მართვადი საჰაერო ბომბით დაბომბა ქალაქ ზაპოროჟიეს საცხოვრებელი უბნები.

დაბომბვის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, განადგურდა მრავალსართულიანი შენობები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო ცნობებით დაბომბვის შედეგად 113 ადამიანი დაშავდა, მათგან 10-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ზაპოროჟიეში დღევანდელი დღე, 9 იანვარი, გლოვის დღედ გამოცხადდა.

უკრაინული მხარის ცნობით, მხოლოდ ერთ დღეში რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს რეგიონის 12 დასახლებულ პუნქტს 333 დარტყმა მიაყენეს.

ბათუმის მერიამ მუსიკოსებს 464 000 ლარი გადაუხადა საახალწლო კონცერტებში – ვინ რა თანხა მიიღო

ბათუმის მერია 2025 წლის საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებასა და მუსიკოსების ჰონორარებში ჯამში 772 ათას 978 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. აქედან მხოლოდ ჰონორარებში – 464 ათას ლარს.

შესაბამისი ხელშეკრულებები კერძო პირებთან ბათუმის კულტურის ცენტრმა გააფორმა. საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედანზე 7 იანვარს დასრულდა.

772 ათას 978 ლარის „გადაუდებელი აუცილებლობით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“ გადახდაზე შესათანხმებლად ბათუმის კულტურის ცენტრმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2024 წლის 24 დეკემბერს მიმართა, თუმცა სააგენტოს გადაწყვეტილება შესყიდვების პორტალზე დღემდე [9 იანვარი] არ არის ატვირთული. ამავე პორტალზე დაგვიანებით და ეტაპობრივად ატვირთა ხელშეკრულებები კულტურის ცენტრმაც.

„გადაუდებელი აუცილებლობა დადგა მას შემდეგ, რაც ღონისძიების საორგანიზაციო ნაწილზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგით“ – წერს კულტურის ცენტრი შესყიდვების სააგენტოს.

საორგანიზაციო ნაწილზე ცენტრს ორი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, სადაც გამარჯვებულად შპს „მიქს-სტუდიო“ გამოავლინეს, თუმცა 2024 წლის 6 დეკემბერს კომპანიამ შესყიდვების პორტალზე ატვირთა წერილები, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „მიქს-სტუდიო“ „გარკვეული მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფდა ღონისძიების ორგანიზებას“ და უარს ამბობდა ხელშეკრულების გაფორმებაზე.

ჰონორარები და ხარჯები

ვის რამდენს გადაუხდიან ბათუმის ბიუჯეტიდან მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის

  • თიკა ბალანჩინი და ბენდი „ნიუვანი“ – 46 811 ლარი
  • ჯგუფი „ურსა“ – 30 303 ლარი
  • „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ – 30 000 ლარი
  • ჯგუფი „რეგიონი“ – 30 000 ლარი
  • ნუცა ბუზალაძე და ბენდი – 25 510 ლარი
  • „კახაბერი და ხანუმები“ – 25 510 ლარი
  • ანსამბლი „ალილო“ – 19 132 ლარი
  • დავით მაზანაშვილის ბენდი – 19 132 ლარი
  • ანსამბლი „შვიდკაცა“ – 17 474 ლარი
  • სულხან ჯაიანი/ბათუმური კვინტეტის მომსახურება – 15 306 ლარი
  • ანსამბლი „ქართული ხმები“ – 15 306 ლარი
  • ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ – 15 150 ლარი
  • ჯგუფი „ფორტე“ – 12 755 ლარი
  • ჯგუფი „ქუჩის ბიჭები“ – 10 101 ლარი
  • ანსამბლი „თეატრალური კვარტეტი“ – 10 000 ლარი
  • ბენდი „ტრიო გოგლაურა“ – 7 071 ლარი
  • ჯგუფი „რერო“ – 6 060 ლარი
  • ირაკლი ფაღავას ბენდი – 3 826 ლარი
  • „ლა ფიესტა“ – 3 031 ლარი
  • ბენდი TABEMONOMOUS – 3 031 ლარი
  • ბენდი „ორიონი“ – 3 031 ლარი
  • ბენდი G sound – 3 031 ლარი
  • ბენდი „ასტეროიდი“ – 3 031 ლარი
  • ბენდი moonlaight – 3 031 ლარი
  • ბენდი 4 ap – 3 031 ლარი
  • ბენდი bonadea – 3 031 ლარი
  • ბერდია კუტუბიძე – 6 250 ლარი – წამყვანის მომსახურება
  • ბექა დარჩიძე – 15 000 ლარი – საბავშვო აქტივობების მომსახურება
  • ხვიჩა მაღლაკელიძე – 3 826 ლარი
  • მორის მელაძე – 1 913 ლარი
  • სოფიო ბედია – 3 826 ლარი
  • ოთარ ნაკაშიძე – 2 551 ლარი
  • თეიმურაზ თათარაშვილი – 3 826 ლარი
  • ნელი სებისკვერაძე – 3 826 ლარი
  • ნატო თურმანიძე – 1 275 ლარი
  • ვაჟა ტუღუში – 2 551 ლარი
  • ნუგზარ ერგემლიძე – 1 913 ლარი
  • ნიკო ბერიძე – 1 913 ლარი
  • სალომე ბაკურაძე – 3 826 ლარი
  • ლუკა ჭანიშვილი – 2 551 ლარი
  • გიორგი ნიკოლაძე – 3 826 ლარი
  • არჩილ ნიჟარაძე – 3 826 ლარი
  • დავით სირბილაძე – 3 826 ლარი
  • მზია ფარტენაძე – 1 913 ლარი
  • მანანა თოდაძე – 3 826 ლარი
  • რუსუდან თავართქილაძე – 1 913 ლარი
  • ირაკლი კორიფაძე – 1 275 ლარი
  • თათია კობალაძე – 1 913 ლარი
  • გიორგი ნაკაშიძე – 1 913 ლარი
  • გვანცა ოსიყმაშვილი – 1 913 ლარი
  • ნონა კორიფაძე – 1 275 ლარი
  • თამთა ხუხუნაიშვილი – 1 913 ლარი
  • ბაიარ შაჰინი – 2 551 ლარი
  • ირაკლი გურგენიძე – 1 275 ლარი
  • ნინი ქარსელაძე ჟორდანია – 3 826 ლარი
  • მარიკა თხელიძე – 3 826 ლარი
  • არჩილ გოგიტიძე – 3 188 ლარი
  • ლუკა ზაქარიაძე – 1 275 ლარი

სხვა ხარჯები:

  • შპს „კრეატივ ჯგუფი“ – 182 490 ლარი – საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება
  • ინდირა პაქსაძე – 80 000 ლარი – ლედ მონიტორებით მომსახურება
  • შპს „ალკაჯეო“ – 20 000 ლარი – ფეიერვერკების მიწოდება-ინსტალაცია-გაშვება

საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისათვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციებისა და სხვადასხვა მოწყობილობის მონტაჟის მომსახურება ბათუმის მერიამ 2024 წლის ნოემბერში შეისყიდა, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან ცალკე დაიხარჯა 1 მილიონ 799 ათას 850 ლარი.

ამ თემაზე: 2 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან ახალი წლის აღსანიშნად

ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე კონცერტების პარალელურად, იქვე, ახლოს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან პროევროპული საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

საპროტესტო აქციები ბათუმში 2024 წლის 28 ოქტომბრიდან უწყვეტად იმართება – მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებაა.

4 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პლაკატები მიიტანეს, რომელზეც საპროტესტო აქციების დროს ნაცემი და დაკავებული ადამიანები იყვნენ გამოსახული.

ვრცლად: „სირცხვილო!“ – პროტესტი და შეძახილები ბათუმში ნუცა ბუზალაძის საახალწლო გამოსვლის დროს

____________________

  • რა ხდება?

ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.

პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემია ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.

„ქართული ოცნება“ ამჯერად პროტესტის ჩახშობას საჯარო სამსახურებში ცდილობს. მას შემდეგ, რაც „ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო სამსახურის შესახებ რეპრესიულ კანონმდებლობას მოაწერა ხელი, სამსახურებიდან იმ საჯარო მოხელეებს ათავისუფლებენ, რომლებმაც ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა ღიად გააპროტესტეს.

 

თბილისში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობა გაიმართება

კვირას, 12 იანვარს, 19:00 საათზე, თბილისში, გაიმართება საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობა.

„12 იანვარს გიწვევთ საბჭოთა რუსული ტერორის მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობაზე. შევიკრიბოთ 7 საათზე ფილარმონიასთან, თან ვიქონიოთ ფურცლები, რომელზეც ეწერება რეჟიმის მსხვერპლთა ვინაობა და რეპრესიის ზომა, მათი ფოტოები, ბანერები, დროშები. ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის დასრულების, სამართლიანი არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გავმართოთ მსვლელობა პარლამენტამდე,“ – ნათქვამია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების მსვლელობა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერაა ორგანიზებული.

საბჭოთა რუსული საოკუპაციო ტოტალიტარული რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში ასიათასობით მოქალაქეს შეეხო. დაპატიმრება, წამება, გადასახლება/დეპორტაცია, ქონების კონფისკაცია, დახვრეტა, სადამსჯელო ფსიქიატრია – ათწლეულების განმავლობაში მასობრივად გამოიყენებოდა ადამიანებისა და სოციალური ჯგუფების ფიზიკურად მოსასპობად, გადარჩენილების დასაშინებლად და თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩასახშობად.

„საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთი და მისი მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში მეთოდურად ცდილობენ, დაეყრდნონ ტერორისა და რეპრესიების საბჭოურ გამოცდილებას – გამოიყენონ საბჭოური პროპაგანდის ყველა მეთოდი მოქალაქეთა დასაშინებლად და დასაბნევად, ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლ მოქალაქეებს, დააპატიმრონ, მასობრივად გააძევონ სამსახურებიდან და ეკონომიკური დაუცველობისათვის გაწირონ პატიოსანი საჯარო მოხელეები, გაანადგურონ თავისუფალი მედია…

ივანიშვილის რეჟიმისაგან საქართველოს გათავისუფლებისა და ევროატლანტიკურ სივრცეში დამკვიდრების იდეისათვის ბრძოლა – საბჭოთა რუსული ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის რევანშზე გამარჯვებისათვის ბრძოლაცაა. ტერორსა და შიშს თავისუფალი მოქალაქეების სოლიდარობა და მტკიცე ნება ამარცხებს,“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც სოვლაბი ავრცელებს.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, მსვლელობის დასრულების შემდეგ მსურველებს შეეძლებათ გადაინაცვლონ ტერორის სახლთან – ჩეკას სახლთან (ინგოროყვას #22), სადაც მონაწილეები ისაუბრებენ საბჭოთა რუსული რეჟიმის მსხვერპლთა ტრაგედიებზე, მემკვიდრეობაზე და მომავლის ხედვაზე.

ასამბლეაში არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება – 3 ოპოზიციური კოალიციის მიმართვა ევროსაბჭოს

სამი ოპოზიციური კოალიცია, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართავს, არ დაადასტურონ ასამბლეაში საქართველოს „საპარლამენტო” დელეგაციის უფლებამოსილება.

უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს, რომლის ხელმომწერებიც არიან – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“:

„ძვირფასო პრეზიდენტო,

ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოგმართავთ თხოვნით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, რადგან 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, რაც ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართველი ხალხის ნებას.

არჩევნების გაყალბების შედეგად ჩამოყალიბებული „პარლამენტი” და მის მიერ არჩეული „პრეზიდენტი” ლეგიტიმაციას მოკლებულნი არიან. დელეგაციაც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” ასამბლეაში შეიძლება წარადგინოს, მხოლოდ თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან შედგება.

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან – ისინი პასუხისმგებლები არიან ქვეყნის დემოკრატიული რეგრესისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების ორგანიზებაზე. საქართველოში მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ ხორციელდება რეპრესიები, დაკავებები და ძალადობა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს.

ჩვენი მოთხოვნებია:

  1. ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება;
  2. ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრინციპული პოზიცია გადამწყვეტია დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად საქართველოში“.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 803 100 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 430]
  • ტანკი – 9 731 ერთეული [+17]
  • ჯავშანტექნიკა – 20 221 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 21 765 ერთეული [+36]
  • MLRS – 1 260 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 038 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 813 ერთეული [+86]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 014 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 33 387 ერთეული [+80]
  • სპეცტექნიკა – 3 686 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 652 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 39 794 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 20 307 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 507 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 20 352 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 30 012 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში ქალი დაიღუპა კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად

დღეს, 8 იანვარს, ბათუმში, ქალი დაიღუპა კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად. შემთხვევა საღამოს, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს შუახნის ქალი გარდაცვლილი დახვდა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

პუტინის ნდობით აღჭურვილმა პირმა თბილისში რესტორანი გახსნა – შენობა უტა ივანიშვილს ეკუთვნის

თბილისში რესტორანს ხსნის რუსი რესტორატორისა და ბიზნესმენის, არკადი ნოვიკოვის კომპანია. ნოვიკოვი 2012 და 2018 წლებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

ნოვიკოვის რესტორნების ქსელის, „сыроварня“-ს გვერდზე აღნიშნულია, რომ „თბილისი сыроварня მალე გაიხსნება“. გახსნის ზუსტი თარიღი მითითებული არ არის, თუმცა რუკაზე მონიშნულია ადგილი – თბილისი, თავისუფლების მოედნის 7 ნომერი.

ამ ადგილას სასტუმრო „პარაგრაფი“ მდებარეობს, თუმცა „პარაგრაფმა“ 6 იანვარს ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა, რომ „აღნიშნული რესტორნის ქსელის შემოსვლას ქართულ ბაზარზე არავითარი კავშირი არ აქვს სასტუმრო „პარაგრაფთან“, რესტორნის ფართი არის კერძო მესაკუთრის მფლობელობაში და არანაირი კავშირი სასტუმროს ადმინისტრაციასთან და მფლობელ კომპანიასთან არ გააჩნია“.

ნოვიკოვის კომპანიის რესტორანი, მათ საიტზევე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განთავსებულია თავისუფლების მოედნის #7-ში. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამ მისამართზე არსებული შენობა შპს „თბილისი სითის“ საკუთრებაშია, თავად „თბილისი სითის“ 100% წილს კი „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ფლობს, რომლის საბოლოო მფლობელი სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფია“. თავის მხრივ, ამ ჯგუფის აქციებს რეესტრის ბოლო, 2024 წლის ნოემბრის ამონაწერის თანახმად, უტა ივანიშვილი ფლობს.

ნოვიკოვის რესტორანს თბილისში ინგლისური სახელწოდება აქვს – Cheesefarm. რესტორანი უკვე მუშაობს.

ბიზნესმენი არკადი ნოვიკოვი პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო რუსეთის ორ საპრეზიდენტო არჩევნებზე. „ნდობით აღჭურვილი პირები“ ღიად უჭერდნენ მხარს პუტინს და ჩართულნი იყვნენ მის საპრეზიდენტო კამპანიაში. მაგალითად, 2012 წელს პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის 500-მდე ადამიანი იყო, მათ შორის ბიზნესმენები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სპორტსმენები.

რუსული პროპუტინისტური პარტიის, „ედინაია რასიას“ ვებგვერდზე დღემდე იძებნება 2012 წელს გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც ნოვიკოვი ამბობს, რომ „პუტინი სიტყვის და საქმის ადამიანია“, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ნოვიკოვმა საგანგებოდ პუტინის შტაბის წევრებისთვის კულინარიული მასტერკლასი ჩაატარა და ყველიერის კვირაში ბლინები მოამზადა.

2018 წელს რუსულ მედიაში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით -„როგორ გახდა არკადი ნოვიკოვი კრემლის მიმწოდებელი“, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რესტორატორმა და პუტინის ნდობით აღჭურვილმა პირმა 2018 წლის არჩევნებზე, კონკურენციის გარეშე მიიღო კრემლის დაკვეთები. კერძოდ, მისმა კომპანიამ, „ინტელმა“ მიიღო 2 მლნ რუბლის ღირებულების მინიმუმ 4 საპრეზიდენტო ღონისძიებაზე მომსახურების შეკვეთა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია შესყიდვების შესახებ დაგვიანებით გამოქვეყნდა.

ასევე, რუსული კრიტიკული მედიაგამოცემები 2020 წელს წერდნენ, რომ ნოვიკოვის პარტნიორებს შორის არიან რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის [2007-2012 წლებში], ანატოლი სერდიუკოვის ოჯახები. მიშუსტინის ოჯახთან კავშირში ნოვიკოვი მოხვდა ნავალნის საგამოძიებო მასალაშიც.

არკადი ნოვიკოვს არაერთი კომპანია უკავშირდება, მათ შორის „ნოვიკოვ გრუპი“, რომელიც 265-ზე მეტ რესტორანს ფლობს რუსეთში, მათ შორის ქართული რესტორნების ქსელს – „Pro.Хинкали“.

_________________

ფოტოზე: არკადი ნოვიკოვი პუტინის შტაბისთვის გამართულ მასტერკლასზე, 2018 წელი.

1921 წლის ოკუპაცია – არის მსგავსება ასი წლის წინანდელ მოვლენებსა და დღევანდელობას შორის?

რა კავშირია საქართველოს 1921 წლის ოკუპაციასა და დღევანდელ მოვლენებს შორის? – „ბათუმელების“ სტუდიაში საუბრობენ ფილოლოგიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნანა ტრაპაიძე და ისტორიკოსი ირაკლი ირემაძე.

ნახეთ ვიდეო.

1921 წლის ოკუპაცია - არის მსგავსება ასი წლის წინანდელ მოვლენებსა და დღევანდელობას შორის?

რას წერს აშშ-ში ყოფილი ელჩი ჯო უილსონის მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე

2016 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას, კონგრესმენი ჯო უილსონის მხარდაჭერით, რომელსაც ახლა პროპაგანდა ქვეყნის მტრად წარმოაჩენს, საქართველოს სახელმწიფომ მიიღო ამერიკული ჯილდო “თავისუფლების მოკავშირე” და ამით გახდა პირველი ნატოს არაწევრი ქვეყანა, რომელიც ამ სტატუსს ფლობს.

სამხრეთ კაროლინაში მოქმედი „თავისუფლების ფონდის“ სახელით თავისუფლების მოკავშირე 2016 წელს ჯილდო საქართველოს მაშინდელ ელჩს არჩილ გეგეშიძეს კონგრესმენმა ჯო უილსონმა გადასცა. სწორედ ამ შტატს წარმოადგენს უილსონი აშშ საკანონმდებლო ორგანოში. სამახსოვრო დაფაზე წერია: “გადაეცემა ქართველ ხალხს და საქართველოს ლიდერებს სამაგალითო და მამაცური ბრძოლისთივს თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, დაფის ასლი საქართველოს ჯარის დაფასების მიზნით კონგრესმენმა სამხედრო ატაშეს, ვეფხვია ჩალაბაშვილსაც გადასცა.

ჯო უილსონმა განაცხადა, რომ საქართველო ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა და მან ეს პირადად გამოსცადა. „ჩემი ოთხი ვაჟიდან სამი ჯარისკაცია და ისინი ავღანეთსა და ერაყში ქართველების გვერდით იბრძოდნენ. მე მათგან ვიცი, რომ ქართველი ჯარისკაცები საუკეთესოები არიან. ისინი ნამდვილი პატრიოტები არინ“, – უთხრა კონგრესმენმა „ამერიკის ხმას“.

არჩილ გეგეშიძე კი იხსენებს:

„ჯო უილსონი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი გახლდათ. მისი აქტიური მონაწილეობით მეგობართა ჯგუფმა შეიმუშავა და წარმომადგენლობათა პალატამ დაამტკიცა საქართველოს მხარდასაჭერი ისტორიული რეზოლუცია, სადაც, სხვასთან ერთად, აღნიშნულია, რომ აშშ არასდროს და არც ერთ ვითარებაში არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას (თავის დროზე, ე.წ. „სტიმსონის დოქტრინით“ ნასაზრდოებმა მსგავსმა დებულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბალტიის რესპუბლიკების სუვერენიზაციის და, საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში).

მინდა სრული პასუხისმგებლობით დაგარწმუნოთ, რომ ამ და სხვა შემთხვევებში კონგრესმენ ჯო უილსონსა და მის კოლეგებს მხოლოდ საქართველოსადმი გულწრფელი სიყვარული და მისი ხელისუფლებისადმი პატივისცემა ამოძრავებდათ და მზად იყვნენ ყოველგვარი ანგარების გარეშე ეზრუნათ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცებაზე.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. დღეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წარმოუდგენლად დაბალ ნიშნულამდეა დასული. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დრო და სახელისუფლებლო პროპაგანდისტები კონგრესმენ ჯო უილსონს დამცირების მიზნით „კეზერაშვილის დაქირავებულად“ მოიხსენიებდნენ.

ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ჯო უილსონი იმდენად განიხიბლებოდა თანამედროვე ფორმაციის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებით, რომ მას „ქართულ კოშმარს“ უწოდებდა და მისი ლიდერების დასანქცირებას მოითხოვდა. ნამდვილი ბედის ირონიაა“, – წერს არჩილ გეგეშიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში.

ირანში 901 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით – გაიზარდა ქალების სიკვდილით დასჯის შემთხვევები

გაეროს ცნობით, 2024 წელს ირანში სულ მცირე 901 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის 40 ადამიანი – მხოლოდ დეკემბრის ერთ კვირაში.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების უმრავლესობა უკავშირდება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებს, მაგრამ ასევე, სიკვდილით დასაჯეს დისიდენტები და 2022 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილე პირები.

გაერო აღნიშნავს, რომ ირანში გაიზარდა ქალების სიკვდილით დასჯის შემთხვევები.

2023 წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე 853 ადამიანი.

„ღრმად შემაშფოთებელია, რომ ირანში სიკვდილით დასჯილი ადამიანების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, დროა ირანმა შეაჩეროს სიკვდილით დასჯის ეს მუდმივად მზარდი ნაკადი“ – განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა.

მან მოუწოდა თეირანს, შემოიღოს მორატორიუმი სასჯელზე, მისი საბოლოო გაუქმების მიზნით. მსგავსი აკრძალვა ან მორატორიუმი მოქმედებს მსოფლიოს დაახლოებით 170 ქვეყანაში.

____________

ფოტოზე: თეირანი, 2024 წელი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ABEDIN TAHERKENAREH

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

დღეს, 8 იანვარს, ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობის მატება საქართველოს ტერიტორიაზე 25 დეკემბრიდან ფიქსირდება, „რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.“

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში, 8 იანვრის დღის პირველი საათის მონაცემებით, ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10] შემცველობის მაჩვენებელი ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე გაცილებით ცუდი იყო, ვიდრე ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე.

[გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ბათუმში ამ ორ ლოკაციაზე ახორციელებს. სადგურები განთავსებულია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან და ცენტრალურ პარკში].

ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებლები ბათუმში 8 იანვარს:

ბათუმის ცენტრალურ პარკში განთავსებული სადგურის მონაცემები
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან განთავსებული სადგურის მონაცემები / წყარო: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მოცემულია ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც.

ამ რეკომენდაციების მიხედვით:

  • თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:

„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო, სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;

შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები ბავშვები და ხანდაზმულები;

ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“

  • თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „დამაკმაყოფილებელი“, ამ შემთხვევაში:

„ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.

შემდეგმა ჯგუფებმა უნდა შეამცირონ გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები ბავშვები და ხანდაზმულები“.

„ტრანსასაზღვრო დაბინძურების“ გარდა აღნიშნული ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე:

თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ივანიშვილი შიშით შეპყრობილია, მან შეიძლება დაკარგოს ფული და საფრანგეთის მოქალაქეობაც – ინტერვიუ

„ჩემი აზრით, ივანიშვილი შიშით შეპყრობილი ადამიანია. მისი გეგმა თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული.

მართალია, ივანიშვილი დაასანქცირა აშშ-მ, მაგრამ ივანიშვილს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობაც, ამიტომ მაკრონის განცხადებები მისთვის ორმაგად მტკივნეულია, რადგან საფრანგეთს შეუძლია მას ჩამოართვას ორმაგი მოქალაქეობა“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე. მკვლევარი, ფსიქოლოგი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი და აქტივისტი, რომელსაც „ბათუმელები“ საპროტესტო აქციების დინამიკასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე ესაუბრა.

  • დავით, 40 დღე უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ქვეყანაში. მიუხედავად დასავლეთის მხრიდან არაერთი მოწოდებისა, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები, „ოცნება“ არ აპირებს უკან დახევას. თქვენ, როგორც მოქალაქე, აქტივისტი, როგორ ხედავთ ბრძოლის გაგრძელების გზას?

ამ ხნის მანძილზე პროტესტის ბევრი ფორმა გამოიყენეს მოქალაქეებმა და არ არის აუცილებელი, რომ პროტესტი იყოს ერთსა და იმავე ადგილას. რისი გამოყენებაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, არის გაფიცვა.

იყო რამდენიმესაათიანი ანუ სიმბოლური გაფიცვის ფორმაც გამოყენებული, მაგრამ არა მასშტაბური, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანას არ აქვს გაფიცვების ისტორია და არც პროფკავშირებია ისე განვითარებული, როგორც უცხოეთში. თუმცა მიმაჩნია, რომ გაფიცვას ალტერნატივა არ აქვს.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩის პროტესტები უნდა შეჩერდეს. მთავარი საფრთხე იყო, რომ ახალი წლის დღეებში შენელდებოდა პროტესტი. „ოცნების“ მთავრობამაც დაამატა უქმე დღეები, რომ შეექმნა უწყვეტი, ე.წ „საცივის“ პერიოდი, როცა ხალხი არ გამოდის გარეთ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

სერბეთში იყო იგივე სიტუაცია 2022 წელს, როცა ოპოზიცია დავობდა არჩევნების გაყალბებაზე და ქუჩის აქციები მიმდინარეობდა, იქ 30 დეკემბერს შეწყდა აქციები, საახალწლოდ ხალხი დაიშალა და ჩვენ ეს საფრთხე ავირიდეთ.

14 იანვრამდე წავალთ ალბათ ამ ტემპით, შემდეგ იქნება ერთი დიდი აქცია საჭირო, სადაც ხალხი კიდევ ერთხელ დაანახებს ამ რეჟიმს, რომ ეს პროტესტი არანაირ სეზონურობას არ ექვემდებარება.

  • ალბათ პროტესტს სჭირდება ახალი ენერგია. ამ დღეებში უფრო მეტი აქცენტი კეთდება ერთიანობაზე – ახალი წლის, შობის ერთად აღნიშვნასა და თანამოაზრეობაზე, მაგრამ თითქოს აკლია სიმკვეთრე მოთხოვნებს. საჭიროა უფრო ქმედითი ნაბიჯები, რომ ახალი არჩევნები დროულად დაინიშნოს ამ ქვეყანაში და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები?

პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ უნდა მიხვდეს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების გარეშე ისინი ვერ შეძლებენ ეფექტურ მუშაობას ქვეყანაში.

აქ იყო ის ფაქტორიც, როცა 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა, რომ დაიწყებს კონსულტაციებს და შეიმუშავებს დოკუმენტს, სადაც ეწერება, როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნები, რა ფორმატით უნდა ჩატარდეს და ალბათ მალე უნდა დაიდოს ეს დოკუმენტი, რომ ხალხი შეთანხმდეს, რა სახის არჩევნები უნდა.

ალბათ საჭიროა მუშაობა „ქართული ოცნების“ მომხრეებთანაც, რადგან ეს ადამიანებიც უნდა ხვდებოდნენ, რომ ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც შესაძლოა მალე დაიწყოს ქვეყანაში, პირველ რიგში მათ წამოეწევათ, რადგან „ოცნების“ ბევრი მხარდამჭერი იყო სოციალურად დაუცველი, ვისაც აშანტაჟებდნენ სოციალური დახმარების შეწყვეტით და ბიუჯეტიდან უხდიდნენ ძალიან მიზერულ თანხას იმისთვის, რომ „ოცნებისთვის“ მიეცათ ხმა.

ამიტომ, როცა ეკონომიკური კრიზისი დადგება ქვეყანაში, ის 100 ლარიც აღარ იქნება და ეს კრიზისი, პირველ რიგში, დაარტყამს მოსახლეობის ღარიბ ფენას.

და როგორც „ოცნება“ გვეუბნებოდა „აბა ომი გინდათ?“, ახლა ჩვენ უნდა ავუხსნათ ამ ხალხს, რეალური საფრთხე რაც არის და ვკითხოთ „აბა სიღარიბე გინდათ?“, „აბა შიმშილი გინდათ?“ „ოცნების“ მაღალჩინოსნებს კი შეეხოთ სანქციები, მაგრამ ვხედავთ, რომ, მაგალითად, ნინო წილოსანი დადის გუდაურში და ერთობა ამ პროტესტის ფონზე. ეს ხალხი კი, ვისაც პირველი დაარტყამს კრიზისი და ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის, არის ამომრჩეველი, რომელიც მათ აძლევდა ხმას ფულის გამო.

  • „ოცნება“ გამაგრდა, ასე რომ ვთქვათ, სახელმწიფო შენობებში, იზრდიან ხელფასებს – 11 ათასი ლარი იქნება დეპუტატის ხელფასი, განკარგავენ ბიუჯეტს, იღებენ რეპრესიულ კანონებს, რისი აღსრულებაც უნებურად გვიწევს ჩვენ, მოქალაქეებს. რა არის გასაკეთებელი ამის შესაჩერებლად?

ზურაბიშვილის გეგმა ერთ-ერთია, მაგრამ მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ არავის და არანაირ თარიღს არ უნდა ველოდოთ.

20 იანვარი კი არის ტრამპის ინაუგურაციის თარიღი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს ან ის, რომ 20 იანვრის შემდეგ ქოცები მიხვდებიან, რომ ტრამპი მათ მხარეს არ დგას.

ვფიქრობ, საჭიროა გაფიცვის ფორმა გავააქტიუროთ. 2-3 კაცის გაფიცვა არ არის გაფიცვა, ამისთვის საჭიროა კრიტიკული მასა გაიფიცოს. ამიტომ კოორდინაციაა საჭირო, რომ ხალხი ერთმანეთს დაელაპარაკოს ამ თემაზე. გაფიცვას მაშინ აქვს ეფექტი, თუ ის არის მასობრივი და თუ კრიტიკული ინდუსტრიები გაიფიცება, მაგალითად, საჯარო სექტორი, ავიაცია, სატრანსპორტო სისტემები. ლონდონში ყველას ეშინია მეტროს გაფიცვის, რადგან 12- მილიონიანი ქალაქია და როცა მეტრო იფიცება, ყველაფერი ჩერდება. ამის გამო ბევრ დათმობაზე წასულა მთავრობა.

  • „ოცნებამ“ მიიღო რეპრესიული კანონი და ევროპული პერსპექტივის შეჩერების საწინააღმდეგო პეტიციაზე ხელმომწერი მოხელეებიც კი გაუშვეს სამსახურებიდან. ადამიანებს აქვთ შიში შემოსავლის დაკარგვის ამ სიღარიბეში, ამიტომ ასეთი კანონის პირობებში რამდენად იმუშავებს გაფიცვები?

როგორც ვიცი, არსებობს რამდენიმე ფონდი, რომლებიც ეხმარებიან სამსახურიდან გამოშვებულ ადამიანებს.

აქაც საჭიროა მეტი კომუნიკაცია, რადგან რაც უფრო მასშტაბური იქნება გაფიცვა, მით მალე ჩამოიშლება რეჟიმი და ახალი, დემოკრატიული ხელისუფლება ამ ხალხს აღადგენს სამსახურში.

ამის ტექნიკურად გამართვა არ არის შეუძლებელი. მეორე მხრივ, უნდა დავპირდეთ ამ ხალხს, რომ არ მივატოვებთ და დავუდგებით გვერდში.

  • ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი ღიად აკრიტიკებენ საფრანგეთის პრეზიდენტს. მათი ენა ბევრად ცინიკურია პრეზიდენტ მაკრონის მიმართ, ვიდრე აქამდე იყო, რადგან 7 იანვარს მაკრონმა მიანიშნა ახალ არჩევნებზე, მან სალომე ზურაბიშვილსაც ღიად დაუჭირა მხარი და დაურეკა ბიძინა ივანიშვილსაც. უნდა ველოდოთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთანაც იგივე მიდგომა ექნებათ, რაც ევროპარლამენტარების მიმართ აქვთ?

აქ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაკრონი პირდაპირ ამბობს არჩევნები გაყალბდაო და თუ ამ კრიზისიდან გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები, უნდა განიხილონ ვადამდელი არჩევნებიო.

ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა „ოცნებისთვის“, რადგან ასეთი დიდი სახელმწიფოს ლიდერი პირდაპირ საუბრობს არჩევნების გაყალბებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნაზე.

„ოცნებამ“ X-სა და ფეისბუქზეც დაიწყო კოორდინირებული კამპანია, რომ თურმე რუსეთი კი არა, დასავლეთი ერევა საქართველოს არჩევნებში. მე მათთან შევედი დისკუსიაში, თუმცა რეალურად არგუმენტები არ აქვთ. ის, რომ ევროპარლამენტარები ჩამოდიან საქართველოში, ეს ხდება არჩევნების შემდეგ და ვერანაირად ვერ იქნება არჩევნებში ჩარევა.

მაკრონმა საკუთარ ქვეყანაში ჩანიშნოს ახალი არჩევნები, რადგან მას 61% არ უჭერს მხარსო, – ამბობს „ოცნება“, ასევე მათი პროპაგანდისტული მედიები ისე წარმოაჩენენ სიტუაციას, თითქოს ევროკავშირში კრიზისია, საქართველოსთვის ვერ მოიცლიან და „ოცნება“ გააგრძელებს მმართველობას.

რეალურად, ეს არის სრული ტყუილი, რადგან ევროკავშირში ახლა კოალიციურ მთავრობებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს არის ბუნებრივი პროცესი. ეს შეიძლება გაგრძელდეს ორი კვირა, ხანდახან ორი თვეც შეიძლება მოლაპარაკებები ახალი მთავრობის ფორმირებისთვის. „ოცნება“ ამ პროცესს წარმოაჩენს როგორც ქაოსს და არეულობას ევროკავშირში.

  • რას უცდის ივანიშვილი – მასობრივი ძალადობის შემდეგ „ოცნება“ ნაკლებად იმჩნევს საპროტესტო აქციებს. ივანიშვილმა ერთხელ უკვე თქვა, რომ მისი რატეგია ოპონენტების გადაღლას ეფუძნება. ამჯერად რა სტრატეგიით მოქმედებს ივანიშვილი, თქვენი დაკვირვებით?

ჩემი აზრით, ივანიშვილი არის შიშით შეპყრობილი ადამიანი. მისი გეგმა იმდენად არის თვითგადარჩენაზე ორიენტირებული, რომ ცდილობს, მისთვის საუკეთესო თვითგადარჩენის ვარიანტი გამოისყიდოს.

მართალია, ივანიშვილი დაასანქცირა აშშ-მ, მაგრამ არის რაღაცები კიდევ, რაც არ დაუსანქცირებიათ. ასევე ვიცით, რომ ივანიშვილს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობაც, ამიტომ საფრანგეთის განცხადებები მისთვის ორმაგად მტკივნეულია, რადგან საფრანგეთს შეუძლია მას ჩამოართვას მოქალაქეობა.

  • რის საფუძველზე შეუძლია, არსებობს ამის პრეცედენტი?

მარტივი არ არის, მაგრამ ფრანგული კანონმდებლობით, თუკი დაამტკიცებენ, რომ ივანიშვილი წარმოადგენს საფრთხეს საფრანგეთისთვის, შესაძლოა ესეც გახდეს ვაჭრობის საგანი. საფრანგეთის მოქალაქეობა ივანიშვილისთვის რუსეთისგან თავდაცვის გარანტიაც შეიძლება იყოს.

ლიეტუვას შემთხვევაშიც არსებობს ასეთი პრეცედენტი, როცა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს პირი და ჩამოართვეს მოქალაქეობა.

შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი რისკი ივანიშვილისთვის. მეორე რისკი არის ფული და კომპანიები, რომლებიც ივანიშვილს აქვს და რა თქმა უნდა, მისი ოჯახის ფულიც.

ერთია ის შიში, რომ რუსეთი რას უზამს, თუკი ის აქ დათმობს სიტუაციას და მეორე, რამდენ ფულს დაკარგავს.

თუკი ივანიშვილს ექნება გარანტიები, რომ ის თავისი ფულის ნაწილს შეინარჩუნებს, შესაძლოა რაღაც დათმობებზე წამოვიდეს იძულებით. ამიტომ აქ ვხედავ მაკრონის და, ზოგადად, დასავლეთის ჩართულობას, რომ დაანახონ ივანიშვილს, ეს არის ერთადერთი გამოსავალი მისთვის. მეორე მხრივ, ხალხმა უნდა დავანახოთ ივანიშვილს, რომ მისი და მისი მთავრობის აქ ცხოვრება წარმოუდგენელი იქნება.

თუ ისინი ვერ გაივლიან ქუჩაში თავისუფლად, ისე, რომ ვიღაცამ არ მიაძახოს „მონა, მონა“, თუ ვერ დაჯავშნიან სასტუმროებს, ვერ ივლიან თავისუფლად ევროპაში, რადგან  იქაც დიასპორა დახვდებათ, ეს ძალიან რთული იქნება მათთვის.

დავით ჯინჭარაძე

ელჩების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ, მაგალითად, ბრიტანეთში საქართველოს საელჩო მასობრივად აუქმებდა ყველა ივენთს, რადგან საპროტესტო აქციები იმართებოდა იქ, სადაც ივენთებს გეგმავდნენ.

ჩემი აზრით, ამას „ოცნება“ ვერ გაუძლებს. შეიძლება ივანიშვილმა გაუძლოს, მაგრამ ივანიშვილს სჭირდება ხალხი, ერთი მხრივ, პროპაგანდისტები და მეორე მხრივ, ძალადობის აღმსრულებლები. ჩვენ დავინახეთ, რომ ამ მოძალადე ხალხზე როგორც კი დაიწყო პირადი ინფორმაციის მოძიება და გასაჯაროება, დაჭერებისა და ძალადობის ინტენსივობაც შედარებით შემცირდა.

მეორე მხრივ, როცა ხალხმა მიაღწია იმას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ღია ეთერი აქვთ, ამანაც შეასუსტა „ოცნების“ პროპაგანდა, რადგან რეგიონებში უყურებენ და იღებენ ინფორმაციას.

გართულდა ანტი ლგბტ პროპაგანდის წარმოებაც, რადგან როცა აქტივისტმა თამარ ჯაყელმა გაავრცელა ინფორმაცია „იმედის“ მფლობელის შვილზე, რომ ის არის ღია ლესბოსელი და ბედნიერად ცხოვრობს ამერიკაში, აქ რატომ ერჩის მამამისი ადამიანებს, ამის შემდეგ ერთი-ორი დღე „იმედი“ იყო ჩუმად.

  • პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები პერიოდულად აგზავნიან წერილებს ქართული საზოგადოების გასამხნევებლად. თუ ადევნებთ თვალს ამ ახალგაზრდების აქტივიზმს ციხეებიდან და რა შთაბეჭდილებას ახდენს მათი წერილები თქვენზე?

ჩემთვის ეს ამბავი შემაძრწუნებელია და ამასთან არის იმედისმომცემი. ეს ხალხი ისჯება არა დანაშაულის გამო, არამედ სამშობლოს სიყვარულისთვის.

ყველაზე შემაძრწუნებელი ის არის, რომ 51 უდანაშაულო ადამიანი ჯერ კიდევ ციხეშია, ამ დროს კი „ოცნების“ კარის მომღერლებს ჰყოფნით უტიფრობა, რომ ბათუმის მერიიდან 25, 30, 40 000 ლარი აიღონ და ის ხალხი, ვინც ამის გამო აკრიტიკებს მათ, ფაშისტები ეძახონ. იქნება ეს ბუზალაძე, „რეზო და ბავშვები“ თუ სხვები.

ძალიან დიდი მორალური კონტრასტია – იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ციხეში სხედან და იქიდან გვწერენ, რომ არ გავტყდეთ, არ დავნებდეთ, რომ „ჩვენ მხნედ ვართ“, რადგან სამშობლოსთვის სხედან ციხეში და მეორე მხარეს დგანან ისინი, რომლებიც ბიუჯეტიდან იპარავენ ფულს რაღაც სიმღერაში და აქეთ გიწოდებენ ფაშისტს.

ასეთი დიდი მორალური განსხვავება ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში ვერ წარმომიდგენია.

ამიტომ, საპროტესტო აქციებზე ცეკვა და სიმღერა კარგია, ენერგიას მატებს, მაგრამ მთავარი მოთხოვნები უნდა იყოს არჩევნების ჩანიშვნა და პატიმრების გათავისუფლება.

ქუჩის პროტესტი უნდა იყოს უწყვეტი და პერიოდული დიდი აქციებით. თუ ამას დიდი ინდუსტრიების გაფიცვაც დაემატება, უფრო სწრაფად ჩამოიშლება რეჟიმი.

რუსეთის 7 რეგიონს უკრაინული დრონები დაესხა თავს – ქალაქ ენგელსში იწვის ნავთობის საწყობი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 8 იანვარს, ღამით, რუსეთის 7 რეგიონს უკრაინული დრონები დაესხა თავს.

რუსული მხარის ცნობით, გასულ ღამეს სულ 32 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ამჯერად უკრაინული დრონების სამიზნე იყო სარატოვის, კურსკის, როსტოვის, ბელგოროდის, ბრიანსკის, კრასნოდარისა და ვოლგოგრადის ოლქები.

ტელეგრამის რუსულ არხებზე წერენ, რომ აფეთქება მოხდა ქალაქ ენგელსში, სადაც დრონის აფეთქების შედეგად ნავთობის საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

რუსული მხარე აცხადებს, რომ მსხვერპლი არ არის.

ქალაქი ენგელსი  რუსული ავიაციის მთავარი ბაზაა და სხვადასხვა ცნობის თანახმად, იქ 30-ზე მეტი ბომბდამშენია განთავსებული. ეს ბაზა ხშირად გამოიყენება უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებისას და აქამდეც არაერთხელ გამხდარა უკრაინის სამიზნე.

___________

ფოტოზე: ხანძარი ენგელსში მდებარე ნავთობის საწყობში.

Exit mobile version