მთავარი,სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა – IDFI

24.12.2024
თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა – IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] ცნობით, საზოგადოებას შეეზღუდა თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა.

ბოლო ორი კვირაა „ბათუმელები“ ვერ ახერხებს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმებას ვებგვერდზე. მსგავსი შეზღუდვის პირობებში მედია ვერ შეძლებს გაავრცელოს ინფორმაცია თანამდებობის პირების ოფიციალური, დეკლარირებული ქონებისა და შემოსავლების შესახებ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აცხადებს, რომ 2010 წლის შემდგომ პირველად, საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა არ აქვს.

„2024 წლის დეკემბრიდან თანამდებობის პირთა დეკლარაციების პორტალს დაედო ე.წ. ავტორიზაციის ფუნქცია. ავტორიზაცია არ იძლევა ახალი მომხმარებლის რეგისტრაციის შესაძლებლობას. ავტორიზაცია ასევე შეუძლებელია ახალი პირადობის მოწმობით. დეკლარაციების პორტალზე განთავსებულ საჯარო ინფორმაციაზე დაინტერესებულ პირს წვდომა აღარ აქვს.

ამ საკითხზე ანტიკორუფციულ ბიუროს არანაირი განმარტება არ გაუვრცელებია. 2024 წლის 6 დეკემბერს IDFI-მ ბიუროსგან მოითხოვა საჯარო ინფორმაცია დეკლარაციებზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით. ოფიციალური პასუხის მიღებამდე ბიურომ ვერბალურად განგვიმარტა, რომ ცვლილება გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, თუმცა ბიუროს მიერ 17 დეკემბერს ოფიციალურად მოწოდებულ პასუხში ტექნიკური ხარვეზი საერთოდ არ არის ნახსენები.

ანტიკორუფციული ბიუროს წერილობით პასუხში მითითებულია, რომ ბიუროს აკისრია დეკლარაციის საჯაროობის უზრუნველყოფის ამოცანა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ საჯარო ინფორმაციის განცხადების მოთხოვნით. ბიურო დამატებით განმარტავს, რომ დეკლარაციების ადმინისტრირების სამართლებრივი ბაზა არ შეცვლილა.

აღნიშნული პასუხიდან ირიბად დასტურდება, რომ საქართველოში დეკლარაციების გამოქვეყნება აიკრძალა მენეჯერული გადაწყვეტილების საფუძველზე. თუმცა, საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, IDFI-მ ბიუროში გააგზავნა დამაზუსტებელი მოთხოვნა, პირდაპირი და ნათელი პასუხის მისაღებად.

არსებული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დააბრუნა 2010 წლამდე არსებული მდგომარეობა და აკრძალა თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე საზოგადოების პროაქტიული წვდომა.

IDFI მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს განმარტება პორტალის ფუნქციონირების შეჩერების რეალურ მიზეზებთან დაკავშირებით და აღადგინოს დეკლარაციების საჯარო პორტალის ხელმისაწვდომობა“ – აცხადებს თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

თანამდებობის პირებს ქონებრივი დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს კანონი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

ქონებრივი დეკლარაციების საჯაროობა მედიას და საზოგადოებას საშუალებას აძლევდა შეესწავლა, როგორ იცვლება კონკრეტული თანამდებობის პირების ოფიციალური ქონება წლიდან წლამდე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: