ბათუმში პროტესტის ადგილზე ტროტუარის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი მესამედ არ შედგა

ბათუმში ქალაქის მერია ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლას გეგმავს იმ ადგილზე, სადაც უკვე 139 დღე უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება.

სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი უკვე მესამედ დასრულდა უარყოფითი შედეგით, მორიგი ხელახალი ტენდერი კი მერიის სამმართველოს ჯერ არ გამოუცხადებია.

ბათუმში პროევროპული საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყოველდღე იმართება.

ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლაზე პირველ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 20 დეკემბერს დასრულდა, თუმცა, ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას, „ფირმა იმედს“, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ დისკვალიფიკაცია მისცა.

სამმართველოს სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ შპს „ფირმა იმედმა“ არ წარმოადგინა სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ ვადაში გარანტია, შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე [ბლანკი], ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, რაც წარმოადგენს დისკვალიფიკაციის საფუძველს.

ტენდერი 319 ათას 887 ლარით იყო გამოცხადებული. „ფირმა იმედი“ კი მომსახურებას მერიის სამმართველოს 307 ათას 777 ლარად სთავაზობდა.

ხელახალი ტენდერი იმავე თანხით მერიის სამმართველომ 2025 წლის 15 იანვარს გამოაცხადა. ამ ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი იყო შპს „ესაია ჯგუფი“, რომელიც მომსახურებას 296 ათას 670 ლარად სთავაზობდა. ამ კომპანიას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მისცეს.

მესამედ ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2025 წლის 10 მარტს გამოაცხადა იგივე თანხით – 319 ათას 887 ლარი. მონაწილეობა აქაც მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო, ამ შემთხვევაში ეს იყო შპს „ბენ-სი გრუპი“, რომელიც მომსახურებას სამმართველოს 315 ათას ლარად სთავაზობდა. სამმართველომ ამ კომპანიასაც დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მისცა.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში უნდა შესრულებულიყო შემდეგი სამუშაოები:

  • „დემეტრე თავდადებულის N10-ის მიმდებარედ ტროტუარის მოწყობა;
  • ნონეშვილის ქ.N1-დან N6-მდე ტროტუარის მოწყობა;
  • მემედ აბაშიძის ქუჩაზე ტროტუარის კეთილმოწყობა ნიკოლოზ ბარათაშვილის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ტროტუარის კეთილმოწყობა ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე“.

ვრცლად ამ სამუშაოების შესახებ ნახეთ ამ ბმულზე:

ბათუმის მერია ტროტუარზე ფილების შეცვლას გეგმავს იქ, სადაც 104 დღეა აქცია იმართება

_________________________________

მთავარი ფოტოზე: პროევროპული უწყვეტი პროტესტის 138-ე ღამე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან

 

„ბათუმობის“ ჩატარებას მერია 3-4 მაისს გეგმავს – 108 ათასი ლარი ორგანიზებისთვის

ბათუმის მერია 3 და 4 მაისს „ბათუმობა 2025“-ის ჩატარებას გეგმავს. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 141 ათას 225 ლარია გათვალისწინებული. ამ დროისთვის უცნობია ვინ მიიღებს მონაწილეობას და ასევე, უცნობია ინფორმაცია ჰონორარების შესახებ.

ღონისძიება წელსაც ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ უნდა ჩატარდეს.

ბათუმის კულტურის ცენტრმა ღონისძიების ორგანიზებაზე ორი ტენდერი გამოაცხადა:

ერთი ტენდერი 103 050 ლარით – დაგეგმილია საგამოფენო სივრცის [დახლები] მოწყობა; ჯიხურები, დეკორატიული კასრები; სხვადასხვა დეკორაციის და პოდიუმის მოწყობა; ფოტოგამოფენის ორგანიზება; ფოტო სტენდების და საბავშვო კუთხის უზრუნველყოფა, სახეზე მოხატვა.

ასევე ქეითირინგით უზრუნველყოფა, ტრანსპორტით მომსახურება, კარვით უზრუნველყოფა, სცენის ბადით შეფუთვა, ბანერების ბეჭდვა, პუფებით უზრუნველყოფა და სხვა.

ამ ტენდერში მომსახურებას კულტურის ცენტრს შპს „კრეატივ-ჯგუფი“ სთავაზობს 81 810 ლარად. ხელშეკრულება ამ დროისთვის დადებული არ არის.

მეორე ტენდერი 38 175 ლარით – ლედ ეკრანით მომსახურება, დჯ მაგიდის მოწყობა ლედ ეკრანით, დჯ აპარატურით მომსახურება და DJ კონცერტის უზრუნველყოფა, კაბელარხებით მომსახურება.

აღნიშნულ ტენდერში მომსახურებას კულტურის ცენტრს შპს „ჯითი ჰოლდინგი“ სთავაზობს 26 475 ლარად. ხელშეკრულება ჯერ არც ამ კომპანიასთან არის გაფორმებული.

„ბათუმობისთვის“ გასულ 2024 წელს, ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი დაიხარჯა ორგანიზებასა და ჰონორარებში.

___________________

ფოტოზე: „ბათუმობა 2018“. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

 

ბათუმელ მედროშეს საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე ვადით გაუხანგრძლივეს

ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს (გაფფარ ილმაზი) საემიგრაციო პატიმრობის ვადა 6 თვემდე გაუხანგრძლივეს.

თემურ ქათამაძე ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს დააკავეს და ის დღემდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება პატიმრობაში. თუმცა სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ქათამაძე კიდევ დარჩება პატიმრობაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა გახანგრძლივდეს დამატებით, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე, ან მისთვის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე 6 თვემდე ვადით“- წერია ოქმში.

„მიგრაციის დეპარტამენტმა იშუამდგომლა კანონით გათვალისწინებული საფუძვლით. ამბობდნენ, რომ არსებობდა მიმალვის საფრთხე და საქმის გაჭიანურების ან მიმალვის მიზნით მიმართა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნითო და ამის საფუძველზე მოითხოვეს დაკავების ვადის გაგრძელება და სასამართლომ დაუკმაყოფილა.

ეს არის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შუამდგომლობა“, – ამბობს საიას ადვოკატი ვერიკო ჯგერენაია, რომელიც თემურ ქათამაძის ინტერესებს იცავს.

თემურ ქათამაძემ პატიმრობაში ყოფნის დროს მიმართა სახელმწიფოს და მოითხოვა ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსი, რაზეც უარი მიიღო. მას ეს საკითხი გასაჩივრებული აქვს.

თემურ ქათამაძემ პატიმრობაში 40 დღე იშიმშილა კიდეც, პროტესტის ნიშნად.

შს სამინისტროს დავა აქვს წამოწყებული თემურ ქათამაძის გაძევებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ საკითხზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

დუგინი საქართველოს ახალ მაკროსახელმწიფოში „ეპატიჟება“, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს

რუსეთი საქართველოს უნდა დაუახლოვდეს და აღადგინოს მასთან ურთიერთობა, თანაც ეს უნდა გაკეთდეს, „რაც შეიძლება მაღალი სიჩქარით“ – ამბობს დუგინი.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი მაკროსახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე ალაპარაკდა და ამ საკითხში განსაკუთრებულ როლს საქართველოს ანიჭებს.

ამავდროულად, პროპაგანდისტს მიაჩნია, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ახლა კარგი პირობები შეიქმნა.

დუგინმა ამის შესახებ პროპაგანდისტული რადიო „სპუტნიკის“ ეთერში გუშინ, 14 აპრილს ისაუბრა. გუშინ, საქართველოზე, საბჭოთა კავშირის კონტექსტში კიდევ ერთი პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა ილაპარაკა, რომელმაც თქვა, რომ „ახლა დედა რუსეთი იბრუნებს თავისას…“ და „ჩვენ კიდევ ვნახავთ, ახალი ერეკლე მეფეები, ისევ მუხლებზე დაჩოქილები, როგორ შეეხვეწებიან დედა რუსეთს, რომ დააბრუნონ ისინი სახლში“.

პუტინის იდეოლოგი დუგინი, ტრადიციულად, პოზიტიურად აფასებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და ამბობს, რომ ისინი „გარკვეულწილად გახდნენ ტრამპისტები ან პუტინისტები, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ფიქრობენ თავად, რადგან სუვერენიტეტი არის ის, რისთვისაც რუსეთი იბრძვის და რისთვისაც დღეს ტრამპის ამერიკამ დაიწყო ბრძოლა“:

„შემდეგი ნაბიჯი არის რუსეთთან დაახლოება… დიდი, სუვერენული ძალების კლუბთან დაახლოება, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. მაგრამ ევროკავშირის არჩევანი საქართველოსთვის არის ევროპული პოლიტიკა და ეს ნიშნავს არჩევანს რუსეთის წინააღმდეგ… ამიტომ ვფიქრობ, რომ შეიქმნა წინაპირობები საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, მეჩვენება, ვუახლოვდებით ძალიან მნიშვნელოვან მომენტს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება როგორმე რესტრუქტურიზაცია მოვახდინოთ პოსტსაბჭოთა სივრცის, ან ტერიტორიის, თუ გნებავთ, რუსეთის იმპერიის ტერიტორიის“, – ამბობს დუგინი.

პროპაგანდისტის თქმით, „შუალედური, გაურკვეველი, გადაუწყვეტელი „სახელმწიფოების“ არსებობა საფრთხეს უქმნის ყველას რეგიონულ და გლობალურ დონეზე” და სწორედ ამიტომ, გამოდის დუგინი მაკროსახელმწიფოს შექმნის იდეით:

„მაკროსახელმწიფო არის ძალიან კარგი ტერმინი იმისთვის, რომ არ ვთქვათ იმპერია ან უდიდესი ძალა [Великая держава ]“, – განმარტავს ის.

დუგინის თქმით, რუსეთს შეუძლია შესთავაზოს სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ამ მაკროსახელმწიფოში გაწევრიანება, მაგრამ საქართველოს გარეშე, რომელიც „ღირსეულ სუვერენულ ქვეყნად იქცა“, გაჩნდება „ახალი ხარვეზები“.

„რა თქმა უნდა, ვფიქრობ, ჩვენ შევთავაზებთ იქ სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს შეუერთდეს ამ მაკროსახელმწიფოს, მაგრამ რეალურად, საქართველოს გარეშე ეს ყველაფერი მხოლოდ ახალ რღვევებს შექმნის…

ჩვენ დავსახავთ გეგმას დიდი რუსეთის ან, თუ გნებავთ, ევრაზიული კავშირის ხელახლა შექმნისთვის… მაშინ ეს იქნება კოლექტიური სუვერენიტეტი და ამ ახალი პროექტის, ამ ახალ აღდგენილი მაკროსახელმწიფოს მონაწილე მიიღებს გარანტიებს, რაც უზრუნველყოფს დაცვას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და, რაც მთავარია, სუვერენიტეტს.

პროპაგანდისტი მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთი საქართველოს უნდა დაუახლოვდეს და აღადგინოს მასთან ურთიერთობა, თანაც ეს უნდა გაკეთდეს, „რაც შეიძლება მაღალი სიჩქარით“:

„იმისთვის, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებში ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ, მაკროსახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე უნდა გადავდგათ გარკვეული წინასწარი ნაბიჯები საქართველოს ხელმძღვანელობასთან მიმართებაში. ქართველებმა უნდა გააცნობიერონ და შეეჩვიონ ამ აზრს, რომ ჩვენ არ ვართ მოწინააღმდეგეები, რომ საქართველოს დაყოფაში მხოლოდ იძულებით მივიღეთ მონაწილეობა, რადგან პროვოცირებული ვიყავით გლობალისტებისა და სააკაშვილის მიერ.

ადრე რომ გვეთქვა, რომ ვუახლოვდებით საქართველოს, მყისვე პროტესტი იქნებოდა, ხალხი სასწრაფოდ გამოვიდოდა ქუჩებში. ახლა მათ უკვე ბევრი რესურსი აკლიათ. ბევრი ინსტიტუტი და ფინანსები ტრამპის თავდასხმის ქვეშაა, ამიტომ სწორედ ახლა არის დრო ამ დაახლოების“, – ამბობს დუგინი.

ამავე თემაზე:

„ახალი ერეკლე მეფეები ისევ მუხლებზე დაჩოქილები შეეხვეწებიან დედა რუსეთს“ – სიმონიანი საქართველოზე

4 ბავშვი დაიღუპა ბათუმში სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო ბოლო 2 თვეში – მოუწესრიგებელი ხალვაშის გამზირი

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ცუდად დაპროექტებული გზები და უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა ქალაქებს ბავშვებისთვის სახიფათო ადგილად აქცევს. ურბანული გარემოს უსაფრთხოების საკითხი ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მხოლოდ ბოლო ორ თვეში, ბათუმში სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო სამი ბავშვი დაიღუპა. 

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ბარცხანაში მოხდა, 8 აპრილს – მატარებელი 13 წლის დათუნას დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. ლიანდაგი, სადაც ბავშვი დაიღუპა, შემოსაზღვრული არ არის, აქ არც გამაფრთხილებელი ნიშნებია.

იქამდე, 15 თებერვალს, ოცნების ქალაქის დასახლებაში 4 და 6 წლის ბავშვები წყლით სავსე თხრილში ჩაცვივდნენ და დაიღუპნენ. ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, მცირე მანძილით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც 8 თებერვალს, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით „ოცნების“ მთავრობამ სიმბოლური კაფსულა ჩააგდო. ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ღობე მხოლოდ საზეიმო ღონისძიების დღეს იყო დამონტაჟებული.

სკოლიდან მიმავალ კიდევ ერთ 8 წლის ბავშვს კი დაეჯახა ტრაქტორი, რომელიც ასფალტის დაგებაზე მუშაობდა. 

კიდევ ერთი სახიფათო ადგილი, რომლის შესახებაც წლებია საუბრობენ ადგილობრივები, ფრიდონ ხალვაშის გამზირია. ეს ქუჩა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ნაწილია, შესაბამისად, აქ მუდამ ინტენსიური მოძრაობაა.

 

ფრიდონ ხალვაშის ქუჩა

აქ გზაზე რამდენიმე პრობლემაა, მათ შორისაა დაუხაზავი ზებრა გადასასვლელები და გზის საკმაოდ დიდ ნაწილზე ტროტუარის არარსებობა, რაც განსაკუთრებით დიდ პრობლემას ქმნის წვიმის დროს, როცა გზაზე წყლის დიდი გუბეები დგება და სამანქანო გზასა და პირობით ტროტუარს შორის საზღვრები სრულად იშლება.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი, ქალი ბავშვთან ერთად სამანქანო გზასა და პირობით ტროტუარს შორის

აქ მცხოვრებ ადამიანებს ბევრი შემთხვევა ახსოვთ, როცა ამ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევამ ადამიანები იმსხვერპლა ან დაასახიჩრა:

 „იხოცება ხალხი ლამის ყოველ თვეში ერთხელ, ან სახიჩრდება. აი, ამ ადგილზე კონკრეტულად [გამგეობის მიმდებარედ]. მეტი რა ვიცი, რა შეიძლება კიდევ მოხდეს, რომ რამე შეიცვალოს. 

ძალიან ხშირად არის ავარიები. მაგალითად, ერთ ბავშვს ხელი მოაწყვიტა და თურქეთში რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა შარშანწინ, აქ გარდაიცვალა კაცი, კუთხეში.

გადასვლა ძალიან უჭირთ, ზებრა გადასასვლელი სადაც არის იქაც კი, რადგან მანქანები ისე აწყვეტილი მოდიან, ზოგი მოხუცია, ვერ ხვდება, როგორ უნდა გადავიდეს, რაღაც კიდევ უფრო სხვა უნდა მოიფიქრონ, ვიდრე ზებრა გადასასვლელია, მიწისქვეშა გასასვლელი ან გზის ზემოდან გადასასვლელი“– ამბობს რიტა შაინიძე, რომელსაც გამგეობის შენობის მიმდებარედ, ავტობუსის გაჩერებაზე შევხვდით.

ვაპირებდი განცხადებით მიმართვას, მაგრამ ვიფიქრე, რომ მოაგვარებდნენ, აქ დაიწყეს ინფრასტრუქტურის გაკეთება, ეს სკვერი მოაწყვეს, მაგალითად, მაგრამ გზის პრობლემა ვერ აღმოიფხვრა“ – გვითხრა მან. 

რიტა შაინიძე

რიტას შვილი 11 წლისაა. რიტა ამბობს, რომ მის გამო ძალიან ღელავს, რადგან სკოლის მიმდებარედ ქუჩას ტროტუარი არ აქვს, რის გამოც ბავშვებს პირდაპირ მანქანების სავალ ნაწილზე უწევთ სიარული:

„ქვემოთ არის სკოლა [შარაბიძეების], რომ ნახოთ ის ადგილი, ტროტუარი საერთოდ არ გააჩნია. მე მეშინია, ხან საიდან შეიძლება დაგეჯახოს მანქანა, ხან – საიდან. მოსწავლეებისთვის არის კატასტროფა. როგორიც არ შეიძლება იყოს სასიარულო გზა, ზუსტად ისეთია. ტროტუარი საერთოდ არ არსებობს. მერე იმდენი ტალახი და გუბეებია, რომ მოერიდონ, უნდა იარონ გზაზე, ჩვეულებრივად შეიძლება მანქანებს შეუვარდნენ პირდაპირ ბორბლებში“ – წუხს რიტა.

გაფუჭებული შუქნიშანი ფრიდონ ხალვაშის გამზირის დასაწყისში. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 7 შუქნიშანი დამონტაჟდა, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, მათ შორის გზის ახალი საფარის დაგებას და ზებრა გადასასვლელების დახაზვასაც მოიცავდა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციაზე 19 399 999 ლარდახარჯა.

წლებია შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ ფრიდონ ხალვაშის 213 ნომერთან მდებარე გზაჯვარედინზე, რომლის ერთი გზაც სამრეწველო ზონაში უხვევს, მეორე – სოფლისკენ. შესაბამისად, ამ მონაკვეთში ინტენსიურად გადაადგილდებიან სამშენებლო მასალებით დატვირთული ტრაილერები, სოფლისკენ მიმავალი მანქანები და ბათუმი-ახალციხის გზაზე მიმავალი მძღოლები. 

ამ ადგილის მიმდებარედ ცხოვრობს თეონა ძაძამია, რომელიც ამბობს, რომ ამ მონაკვეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირე სწორედ შუქნიშნისა და უსაფრთხოების ზომების არარსებობაა.

„არის ძალიან დიდი დასახლება და არც შუქნიშანი, არც ზებრა გადასასვლელი, არანაირი მინიშნება… ორი შვილი მყავს, 12 და 16 წლის, მაგრამ ჩემი შვილები კი არა, არც ერთი ბავშვი არ არის დაცული, ყველას შვილი დაუცველია.

მოგმართავთ გულის ტკივილით და მე, როგორც მშობელი მოვითხოვ, რომ დროულად მიიღონ ზომები და გაკეთდეს რაც საჭიროა, საგზაო მინიშნებები იქნება ეს, შუქნიშანი თუ სხვა რამ, რომ ყველას შვილი იყოს დაცული, ძალიან ბევრი საავარიო შემთხვევა დაფიქსირდა უკვე“ – ამბობს თეონა.

მოზარდები გადადიან გზაზე ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, გზაჯვარედინის მახლობლად.

ნარგიზ ჭაღალიძე თავის 4 წლის შვილთან ფრიდონ ხალვაშის გამზირზე შეგვხვდა. მას კიდევ ორი – 5 და 7 წლის შვილები ჰყავს. ნარგიზი ამბობს, რომ ეს გზა პირველ რიგში სწორედ ბავშვებისთვისაა საფრთხისშემცველი:

„ამ სკოლასთან უკვე არის ზებრა გადასასვლელი, მაგრამ მთლიანობაში ამ ქუჩაზე, ზებრა [გადასასვლელი] ხან არის დახატული, ხან არ არის, არც შუქნიშანია, რომ მშვიდად გადახვიდე და უნდა იყოს აუცილებლად. რა თქმა უნდა, გადასასვლელის გამო შიში მაქვს, სანამ მანქანები არ გაიცლება, იქამდე ვერ გავივლი. მანქანების ნაკადი კი არ მთავრდება” – ამბობს ის.

ტროტუარი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მხოლოდ მცირე ნაწილზეა. ფოტოზე ჩანს ტროტუარის დასასრული, რომლიდანაც სკოლიდან მომავალ მოსწავლეებს პირდაპირ სამანქანო გზაზე უწევთ გასვლა.

_____________

ამავე თემაზე:

„ყველგან სწორად არის დახაზული“ – გზების დეპარტამენტი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე

2 პირი დაიღუპა ავარიის შედეგად წუხელ ბათუმში, ხალვაშის გამზირზე – ქალს ჩვილისთვის რძე მიჰქონდა

„ფული მიაქვთ ჯიბეში“, ანუ როგორ გააკეთეს ხალვაშის გამზირი – გამოკითხვა ხელვაჩაურში

მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO

Amnesty International-ი იწყებს კამპანიას მზია ამაღლობელის საქმეზე

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია, Amnesty International-ი, იწყებს კამპანიას მზია ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით.

იმის გათვალისწინებით, რომ 11 იანვრის ღამეს, როდესაც მზია ამაღლობელი დააკავეს, არაერთი კადრია გადაღებული და გავრცელებული, სადაც ჩანს, როგორ არღვევს პოლიცია, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ჩათვლით, დემონსტრანტების უფლებებს, დაკავებული და გასამართლებული კი მხოლოდ მზია ამაღლობელია სილის გაწვნის გამო, ორგანიზაცია ავრცელებს წერილს კოკა კაციტაძის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის მისამართით და მოუწოდებს ყველას, რომ იხელმძღვანელონ ნიმუშით და მსგავსი წერილი მისწერონ მას.

„მზია ამაღლობელის დაკავების გარემოებები, მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა და სასამართლო პროცესი მკვეთრ ეჭვებს აჩენს მისი დევნის მოტივებზე. თუ შევადარებთ, როგორი აშკარა დაუსჯელობით სარგებლობენ პოლიციელები, ნათელი ხდება, რამდენად დისკრიმინაციულად ეპყრობა ქართული მართლმსაჯულების სისტემა მას და სხვა დემონსტრანტებს. ამაღლობელის მიმართ მოპყრობა ეჭვის საფუძველია, რომ მას პოლიტიკურად დევნიან და ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლების უფლებით, აზრის ჩახშობის ზომების, გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების სამიზნე ხდებიან.

პოლიციელებისა და კონკრეტულად ირაკლი დგებუაძის მხრიდან ამაღლობელის შეურაცხყოფა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებები აშკარა მცდელობაა, რომ ის დაამცირონ და დააშინონ, როგორც ქალი. ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა. საქართველოში ქალები, რომლებიც უპირისპირდებიან ავტორიტეტებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ და საპროტესტო კონტექსტში, კიდევ უფრო მტრული და შეურაცხმყოფელი მოპყრობის სამიზნეები ხდებიან“, — წერს ორგანიზაცია დამატებითი ინფორმაციის სახით, რასაც კაციტაძისადმი მისაწერი წერილის ნიმუშს ურთავს.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის წერილს კაციტაძისადმი უცვლელად გთავაზობთ:

________________________________

კოკა კაციტაძეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს
მისამართი: მ. ასათიანის №09, თბილისი, საქართველო

ბატონო კოკა,

წინამდებარე წერილით მოვითხოვ სამართალს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისათვის. ასევე მოვითხოვ, რომ სამართლებრივად აგონ პასუხი პოლიციის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს ძალადობას და სხვა სამართალდარღვევებს მიმართეს ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. კერძოდ, პასუხი აგოს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ და ასევე იმ პირებმა, ვინც დაკავებულთა მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობაში არიან ეჭვმიტანილნი.

როგორც კარგად მოგეხსენებათ, მზია ამაღლობელი სასამართლოს წინაშე წარდგა ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით და მას პატიმრობა ემუქრება დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში.

არსებობს ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ ამაღლობელი დგებუაძეს სახეში სილას აწნავს, თუმცა ამას წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან ბათუმის ქუჩებში მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა და მზია ამაღლობელის იმ ღამით პირველი, სრულიად დაუსაბუთებელი დაკავება. არსებობს ვიდეომასალა, სადაც ირაკლი დგებუაძე აგინებს და შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტს. ასევე მრავლად არის ინფორმაცია, რომ იგი ძალადობდა ან ჰქონდა ძალადობრივი მეთოდების გამოყენების მცდელობა დაკავებულ მომიტინგეების წინააღმდეგ, მათ შორის მზია ამაღლობელთან მიმართებით პოლიციის განყოფილებაში.

შემაშფოთებელია, რომ მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს მოსამართლის სწრაფი გადაწყვეტილებით, როდესაც მან გაიზიარა პროკურატურის მტკიცება, თითქოს ამაღლობელს შეეძლო მიმალვა, დანაშაულის განმეორებით ჩადენა და გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენა, თუ საპატიმროს გარეთ იქნებოდა. მას არ ჰქონია საშუალება, რომ მიეღო ადეკვატური სამედიცინო სერვისები და მკურნალობა იმ დაზიანებებზე, რომლებიც, მისი თქმით, პოლიციამ დაკავებისას მიაყენა. მისი სასამართლო პროცესისას, ადვოკატების თითქმის 50-მდე შუამდგომლობიდან მოსამართლემ არ გაიზიარა არცერთი. დაცვის მხრიდან დაიკითხა მხოლოდ სამი მოწმე. სასამართლომ უარი თქვა, რომ ჯვარედინი დაკითხვისთვის დაებარებინა პოლიციელები, რომელთა ჩვენებებსაც ბრალდება ეყრდნობა. იმავენაირად მოიქცა სააპელაციო სასამართლო, თუმცა საქმეში მტკიცებულებად დაუშვა გავრცელებული ვიდეომასალა, რომელიც მზია ამაღლობელის მონაწილეობას ასახავს 11 იანვრის აქციაზე.

არც პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს და არც სხვა პოლიციელებს არ შესჩერებიათ უფლებამოსილება, მიუხედავად მტკიცებულებებისა და ბრალდებებისა მათ წინააღმდეგ.  სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ნომინალურად აღძრა საქმე ამ ბრალდებების გათვალისწინებით და არ გამოუვლენია არცერთი ეჭვმიტანილი, დაზარალებულად არ უცნია არცერთი მომჩივანი. საჯაროდ არ გაუკეთებია არანაირი განცხადება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ეს არა მხოლოდ აყოვნებს ან აჩერებს სამართლებრივ რეაგირებას პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობრივ ქმედებებზე, არამედ სრულიად საპირისპირო პროცესია, რაც მზია ამაღლობელთან მიმართებით მიმდინარეობს. ის, თუ როგორ წარიმართება მზია ამაღლობელის საქმე, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია, რომლის მიზანიც მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯაა, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს, და ასევე კონკრეტული სიგნალია სხვა დემონსტრანტებისთვის.

მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ შეუჩერდეს უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძესა და ყველა იმ პოლიციელს, რომელიც მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფუძვლო დაკავებასა და მათ მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდნენ, სანამ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ იქნება სწრაფად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად გამოძიებული. ეს ეხება 11-12 იანვრის ღამის მონაწილე პოლიციელებს და არამარტო მათ. ამასთან, შესაბამისი დისციპლინური, ადმინისტრაციული თუ კრიმინალური სამართალწარმოება უნდა ითვალისწინებდეს მათ უფლებას სამართლიან სასამართლოზე.

მოვითხოვ, რომ დაცული იქნას ადამიანის უფლებები მზია ამაღლობელისა და ყველა ქართველი დემონსტრანტის შემთხვევაში, მათ შორის მათი უფლებები სამართლიან სასამართლოზე, გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე.

______________________________

ორგანიზაცია დამატებითი ინფორმაციის სახით აზუსტებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური (რომელიც პასუხისმგებელია სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაულის გამოძიებაზე) ინფორმირებული იყო მზია ამაღლობელის წინააღმდეგ განხორციელებულ ინციდენტზე 12 იანვარს. მზე ამაღლობელმა 15 იანვარს მისცა დეტალური ჩვენება პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ.

ორგანიზაციის თქმით, არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის თაობაზე, როდის დაიწყო საგამოძიებო სამსახურმა თავისი ფორმალური გამოძიება. დაცვის მხარე აცხადებს, რომ რეალური გამოძიება 17-18 იანვრამდე არ დაწყებულა და სამსახურმა თავისი ჩანაწერები ძველი რიცხვით, 13 იანვრით დაათარიღა. კიდევ სამმა დაკავებულმა, მალხაზ ირემაძემ, თემურ ქათამაძემ და გენრი დოლიძემ, განაცხადა, რომ ირაკლი დგებუაძემ და სხვა პოლიციელებმა სცემეს დაკავებისას.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

მზია ამაღლობელის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ განაწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი ამ საქმიდან  მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა.  „მზია ამაღლობელი არა მხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეოჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო.  ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასევე აპირებენ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ევროსასამართლოს მიმართონ.

აპრილის თოვლი ხულოში – ფოტოამბავი

15 აპრილს, ხულოს სოფლებში დილიდან თოვს. ადგილობრივების თქმით, თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით 15 სანტიმეტრია.

ფოტოები გადაღებულია სოფელ ქვედა თხილვანასა და ბეღლეთში.

ხულო
სოფელი ბეღლეთი
ბეღლეთი, ხულო
ქვედა თხილვანა
ქვედა თხილვანა

 

ბათუმში ხვალიდან გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით,  15 აპრილის 21 საათიდან 16 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – დროგამოშვებით წვიმა, დღისით კი – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბათუმში +18, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 935 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180]
  • ტანკი – 10 629 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 22 150 ერთეული [+20]
  • საარტილერიო სისტემა – 26 290 ერთეული [+68]
  • MLRS – 1 364 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 132 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 32 691 ერთეული [+147]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 44 339 ერთეული [+210]
  • სპეცტექნიკა – 3 801 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 51 562 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 833 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 536 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 602 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 087 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ახალი ერეკლე მეფეები ისევ მუხლებზე დაჩოქილები შეეხვეწებიან დედა რუსეთს“ – სიმონიანი საქართველოზე

„ახლა დედა რუსეთი იბრუნებს თავისას… დროა ყველა სახლში დაბრუნდეს, დროა ჩვენთან მეგობრობის. მე თქვენ გარწმუნებთ, თუ რამე სრულიად გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ღმერთის დახმარებით წელს დამთავრდება ეს კონფლიქტი, რომელიც ახლა ხდება და ჩვენ კიდევ ვნახავთ, ახალი ერეკლე მეფეები, ისევ მუხლებზე დაჩოქილები, როგორ შეეხვეწებიან დედა რუსეთს, რომ დააბრუნონ ისინი სახლში“, – თქვა კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა, პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში საუბრისას.

მარგარიტა სიმონიანი კრემლის კიდევ ერთი წამყვანი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში, საქართველო  მას შემდეგ ახსენა, რაც რუსეთის ისტორიულ „ღვაწლზე“ ალაპარაკდა.

„როდესაც 1795 წელს, ეს არის მე-18 საუკუნის დასასრული, თბილისში საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოხდა, სადაც დახოცეს თითქმის მთელი მოსახლეობა, ყველაზე ცინიკური, სასტიკი გზებით. როდესაც ქრისტიან მოსახლეობას, ხიდზე აიძულებდნენ შეეფურთხებინათ ღვთისმშობლის ხატისთვის და ვინც უარს იტყოდა, აწამებდნენ… დეტალების ჩამოთვლა არ მინდა.

ამის შემდეგ, ერეკლე მეფემ, მუხლებზე დაჩოქილმა, მუხლებზე დაჩოქილმა სთხოვა დედა რუსეთს შეფარება.

და ვინ უჭერდა მხარს თბილისში ხალხის დახოცვას? ვინ დაუჭირა მხარი? – ბრიტანეთმა. ის არამხოლოდ მხარს უჭერდა, ისევე როგორც ახლა იქცევა უკრაინაში, აძლევდა შეიარაღებას, ბრიტანეთი წვრთნიდა და უხდიდა ხელფასს სპარსელ სამხედროებს…

იქ [უკრაინაში] ხალხი იხოცება და ეს მათთვის [ბრიტანეთისთვის] თამაშია, ჩვენ კი ადამიანებს ვიცავთ…

ჩვენ გამოგვივიდა, საქართველო შემოგვიერთდა. მაშინ, როცა ჩვენ ისინი მივიღეთ, ქართველები [მთელი ეთნოსი] იყვნენ 50 000… როცა ჩვენ ისინი გავუშვით თავისუფლებაში (რომლის გამოყენებაც ასევე ვერ შეძლეს კარგად), ისინი უკვე იყვნენ მილიონზე მეტი, რამდენი იყვნენ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა? ორი მილიონი ნამდვილად იქნებოდნენ. მეტიც კი“.

მარგარიტა სიმონიანმა ასევე თქვა, რომ კონფლიქტები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში [სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი, ქართულ-ოსური კონფლიქტი] საბჭოთა კავშირის დროს, რუსებთან იმიტომ არ ხდებოდა, რომ „დედა რუსეთი ყველას ამშვიდებდა, ყველას აჭმევდა და ყველა ნორმალურად ცხოვრობდა.

ახლა დედა რუსეთი იბრუნებს თავისას… დროა ყველა სახლში დაბრუნდეს, დროა ჩვენთან მეგობრობის. მე თქვენ გარწმუნებთ, თუ რამე სრულიად გაუთვალისწინებელი არ მოხდა, წელს დამთავრდება ეს კონფლიქტი, რომელიც ახლა ხდება და ჩვენ კიდევ ვნახავთ, ახალი ერეკლე მეფეები, ისევ მუხლებზე დაჩოქილები, როგორ შეეხვეწებიან დედა რუსეთს, რომ დააბრუნონ ისინი სახლში“, – თქვა სიმონიანმა.

რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განსაკუთრებული სამიზნე სოლოვიოვის გადაცემაში ამჯერად დიდი ბრიტანეთი იყო.

 

KIABI-ს ახალი საბავშვო ფორმატის ფილიალი ბათუმში Metro City Mall-ში ვიზიტორებს 24 აპრილიდან ელის

წამყვანი ფრანგული მოდის ბრენდის KIABI-ს ახალი საბავშვო ფორმატის ფილიალი ბათუმში Metro City Mall-ში ვიზიტორებს 24 აპრილიდან ელის.

ფილიალში წარმოდგენილი იქნება 0-12 წლამდე ბავშვის ტანსაცმლის, აქსესუარების, შიდა თეთრეულისა და ფეხსაცმლის უახლესი კოლექცია. თითოეული პროდუქტი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილისგან, გამოირჩევა კომფორტითა და ხელმისაწვდომი ფასით.

KIABI არის ფრანგული მოდის ბრენდი, მთელი ოჯახისთვის, 24 აპრილიდან კი, გახსნის პირველ საბავშვო ფორმატის მაღაზიას საქართველოში და ექნება ამბიციური გეგმა ქვეყანაში შემდგომი გაფართოებისთვის, მომდევნო წლების განმავლობაში. ბრენდის მიზანია, განაგრძოს მაღალი ხარისხის, მდგრადი პროდუქტების ფართო ასორტიმენტის შეთავაზება კონკურენტულ ფასებში, გააუმჯობესოს საცალო ვაჭრობის გამოცდილება მომხმარებლებისთვის და შექმნას მათთვის ერთიანი სივრცე ოჯახური, ან საბავშვო შოპინგისთვის, როგორც ბათუმში.

Kiabi არის Mulliez Family Association-ის ნაწილი, ჰოლდინგური კომპანია, რომელიც ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Decathlon, Auchan, Leroy Merlin, Boulanger, Midas, Jules, Oney და სხვა.

„KIABI არის წამყვანი ფრანგული მოდის ბრენდი და ის უნიკალური კონცეფციით არის წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი მთავარი ღირებულება ხელმისაწვდომი ფასი, თანამედროვე სტილი და ეკო-მეგობრული პროდუქცია, ონლაინ შოპინგის დიდ გამოცდილებასთან ერთად, ნამდვილად  უნიკალურს გვხდის. ჩვენ ვიზრდებით და ვვითარდებით, იმისთვის, რომ ვიყოთ ყოველთვის იქ, სადაც ოჯახებია. ჩვენ ვაპირებთ განვავითაროთ ყველა ტიპის პარტნიორობა და არხი, რათა ხელმისაწვდომი გავხდეთ რაც შეიძლება მეტი ოჯახისთვის. KIABI არის მოდის ინდუსტრიის ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს „გაუადვილოს ცხოვრება ოჯახებს“ თითოეულ ქალაქში ადაპტირებით, მათთვის ეკო-მეგობრული კოლექციებისა და სერვისების მიწოდებით.“- ფრანსუა ჰაიმესი, KIABI საერთაშორისო ლიდერი.

24 აპრილიდან მომხმარებლებს ბათუმში შესაძლებლობა ექნებათ აღმოაჩინონ და შეიძინონ ბავშვთა კოლექცია საუკეთესო ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით. მდგრადი პროდუქტები, რომლებიც ზრუნავენ ბავშვის კანზე და უზრუნველყოფენ მათ მაქსიმალურ კომფორტს.

ბრენდი მათ აუცილებლად შესთავაზებს არაერთ კომფორტულ სერვისს, მათ შორის ლოიალობის პროგრამას და ონლაინ შოპინგს ვებ-გვერზე – www.kiabi.ge, სადაც შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ სამოსი მთელი ოჯახისთვის – არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც.

კიაბის საქართველოში ოპერირებას უწევს კომპანია GTEX, რომელიც საქართველოში წარმოადგენს 7 საერთაშორისო მოდისა და ავეჯის ინდუსტრიის ბრენდს და მართავს 30-ზე მეტ მაღაზიას 2007 წლიდან.

KIABI-ს შესახებ : დაარსდა 1978 წელს საფრანგეთის ჩრდილოეთში, KIABI რევოლუციას ახდენს ტანსაცმლის ინდუსტრიაში – პირველი ხელმისაწვდომი მოდის კონცეფციის დანერგვით. წარმოდგენილია 33 ქვეყანაში 640 ფილიალით, ბრენდს აქვს 2,5 მილიარდი ევროს გაყიდვები (2024), რაც 5%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. ბრენდი ზრუნავს, რათა უფრო მდგრადი ცხოვრების წესი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ეს მიდგომა ეფუძნება ნედლეულის გამოყენებას გარემოზე ნაკლები ზემოქმედებით. შექმნის დღიდან KIABI ზრუნავს, რომ გაუმარტივოს ოჯახებს ცხოვრება და შესთავაზოს მათ ხელმისაწვდომი ფასი და მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც შექმნილია საფრანგეთში 56 დიზაინერთა გუნდის  მიერ. დღესდღეობით, KIABI-ს ჰყავს 83 ეროვნების თითქმის 10,000  თანამშრომელი, ეს არის ბრენდი, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში აერთიანებს თანამშრომლებს, პარტნიორებს და ოჯახებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.kiabi.ge-ს

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 933 980 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310]
  • ტანკი – 10 622 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 22 130 ერთეული [+42]
  • საარტილერიო სისტემა – 26 222 ერთეული [+59]
  • MLRS – 1 362 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 130 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 32 544 ერთეული [+119]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 44 129 ერთეული [+179]
  • სპეცტექნიკა – 3 801 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 51 335 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 817 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 535 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 556 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 048 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში 14 აპრილს გაგრძელდება

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14 აპრილს, დღის პირველ საათზე განახლდება.

ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე. ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც სილის გაწვნის გამო პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია.

წინა სასამართლო სხდომებზე აშკარად გამოიკვეთა ის, რომ პოლიციელები ცრუ ჩვენებას, ასევე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას აძლევენ სასამართლოს, მაგალითად, გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ მოსამართლეს უთხრა, მან მიიღო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელისთვის ხელბორკილი დაედო და ეს პოლიციის დეპარტამენტის მესამე სართულზე მოხდა, მეორე გამომძიებელმა, გიორგი ბჟალავამ კი თქვა, რომ მან დაადო ხელბორკილი მზია ამაღლობელს პოლიციის დეპარტამენტის პირველ სართულზე.

გამომძიებლებმა ვერ დაასახელეს სამართლებრივი საფუძველი, რის გამო დაადეს ხელბორკილი მზია ამაღლობელს პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, როცა გამომძიებლებისავე ჩვენებით, მზია ამაღლობელი არავითარ წინააღმდეგობას სამართალდამცველებს არ უწევდა. ხელბორკილის გამოყენება პოლიციელს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით შეუძლია.

მზია ამაღლობელი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა: ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, პოლიციის დეპარტამენტში კი, მას არ მისცეს წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის უფლება.

გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ სასამართლო სხდომაზე ასევე თქვა, რომ თითქოს მან მზია ამაღლობელს წყალი მაცივრიდან მიაწოდა – ზამთარში, 11 იანვარს.

„მზია ამაღლობელის საქმეზე“ წინა სხდომებიდან გაირკვა ისიც, რომ პროკურატურამ, ან აჭარის ტელევიზიამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა – განჩინების მიხედვით, გამოძიებას ტელევიზიიდან სრულად უნდა ამოეღო საპროტესტო აქციის ამსახველი მასალა. საქმის მასალებში კი, მხოლოდ აჭარის ტელევიზიის 44-წამიანი ვიდეოკადრია, რომელიც „ოცნებამ“ მანიპულაციურად გამოიყენა და რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილას აწნის.

გამომძიებელმა ლევან გოგმაჩაძემ კი მოსამართლეს უთხრა, რომ ის პატაკს დაეყრდნო, როცა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო. თუმცა გამომძიებელმა დაადასტურა, რომ ამავე პატაკში არაფერი ეწერა პოლიციელის თავდასხმის შესახებ და საგამოძიებოს უფროსი – ბერდია ფერაძე იქ „პოლიციელის შეურაცხყოფის“ შესახებ იუწყებოდა.

  • რა ხდება? 

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

მზია ამაღლობელის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი, ამ საქმიდან  მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა.  „მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო.  ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასევე აპირებენ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ევროსასამართლოს მიმართონ.

ამ თემაზე:

რა შანსი აქვს მზია ამაღლობელის საქმეს სტრასბურგში – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექსმოსამართლესთან

რატომ ჩამოხსნეს გელათის მთავარი ტაძრის გუმბათიდან მე-19 საუკუნის ჯვარი – კომენტარი

დღეს, 13 აპრილს, ფეისბუქში გავრცელდა გელათის მონასტერზე აღმართული ჯვრის ფოტო შინაარსით, რომ თითქოს მონასტერზე რუსული ჯვრის აღმართვა მიმდინარეობს. ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“ბათუმელებმა” გადაამოწმა და დაადგინა, რომ რეალურად არა აღმართეს, არამედ ტაძრის გუმბათიდან მოხსნეს მე-19 საუკუნეში აღმართული ჯვარი. ჯვრის მოხსნის მიზეზი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე რეაბილიტაციაა.

გელათის მთავარ ტაძარზე აღმართული ჯვარი მე-19 საუკუნისაა. მისი ჩამოხსნა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

სამოქალაქო აქტივისტი და ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი წლებია აქტიურად ადევნებს თვალს გელათის რეაბილიტაციის პროცესს. ის წლების განმავლობაში ფოტოებით, დოკუმენტურად ასახავს ძეგლის ირგვლივ მიმდინარე სამუშაოებს.

თორნიკე ბარათაშვილი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ სოციალურ ქსელებში  “გელათზე რუსული ჯვრის აღმართვის” შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

მისი განმარტებით, აღნიშნული ჯვარი, მე-19 საუკუნიდან არის აღმართული გელათის მთავარ ტაძარზე და ამჟამად მისი ჩამოხსნა სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

„სინამდვილეში, იხსნება ჯვარი, კი არ იდგმება. მე-19 საუკუნიდან ეგ ჯვარი დგას გელათის თავზე.  მაშინ რუსული, ერთიანი სივრცე იყო, ეგზარხოსობის დროს არის დადგმული და ახლა ამაზე იმის თქმა, რომ რუსული იდგმება, შესაძლოა უფრო აწყობდეს პროპაგანდას. ანუ არ არის სასიკეთო გელათის ინტერესებისთვის.

პრობლემა უბრალოდ ისაა, რომ ახლა იხსნება ჯვარი, რადგან ეს ყველაფერი აქამდეც უნდა დასრულებულიყო.

ახლა იხსნება იმიტომ, რომ რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს და კონსტრუქციები ადის იქამდე, სადაც  ჯვარია. უნდა გადაიხუროს ხომ? ამიტომ კონსტრუქციას უშლის ხელს და შესაბამისად, ეს ტრაგიკული მოცემულობა დადგა.

ამ დაუსრულებელმა დროებითმა გადახურვებმა აგერ ახლა ააღწია გუმბათამდე, რომელიც წესით გასულ წელს უნდა დასრულებულიყო და ვეღარ დასრულდა, ახლა გვპირდებიან, რომ მაისში დასრულდება და ბოლო-ბოლო მიადგა კონსტრუქციები ამ ჯვრის ნიშნულს, ამიტომ გახდა მათი აზრით ჯვრის მოხსნა აუცილებელი.

ის მოცემულობა გვექნება, რომ რამდენიმე წელი გელათის ძირითად ტაძარს არ ექნება ჯვარი. მაგრამ, ეს რომ რუსულია და ახლა იდგმება, შეიძლება შემოგდებულიც კი იყოს ეს ამბავი, რომ ილაპარაკოს არაინფორმირებულმა საზოგადოებამ.

ხოლო იმ ნახევარმთვარეს რაც ჯვრის ქვეშ არის გამოსახული, სიმბოლური დატვირთვა აქვს, რაც ნიშნავს ქრისტიანობის წარმართობაზე გამარჯვებას და რუსულ ფაქტორზე ხაზგასმა არასწორი მგონია. ეს უკვე ისტორიული ჯვარია და პირიქით, მე გავაპროტესტებდი რომ მოეხსნათ და რაიმე სხვა მასალით ჩაენაცვლებინათ.

ამიტომ, ამაზე პედალირება, რომ ჯვარი რუსულია და თან იდგმება, დეზინფორმაციაა,“-ამბობს თორნიკე ბარათაშვილი „ბათუმელებთან“.

გელათის რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე წლის დაიწყო, თუმცა არასწორად და არადროულად შესრულებული სამუშაოების შედეგად ტაძარი დაზიანდა. სახურავიდან ჩამოსულმა წვიმის წყალმა კი სერიოზულად დააზიანა ტაძრის ფრესკებიც.

2023 წლიდან, ტაძრის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საპატრიაქროს გადააბარა. 2024 წელს გელათის რეაბილიტაციისთვის მთავრობამ საპატრიარქოს 7.5 მლნ ლარი გამოუყო.

შეიქმნა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი, რომლის ინფორმაციით, ამ დროისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გუმბათის გადახურვის მეორე ფაზის, მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდა. მათივე ინფორმაციიც, დაწყებულია მთავარი ფაზა, – გელათის კათედრალის გუმბათის გადახურვის სამუშაოები.

სუმზე სარაკეტო იერიშის შედეგად, დაიღუპა 20-ზე მეტი და დაშავდა 80-მდე ადამიანი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს, 13 აპრილს, სუმის ოლქი რუსული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა.

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად სუმში დაიღუპა 20-ზე მეტი და დაშავდა 80-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.

სუმის დაბომბვის შესახებ წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც.

„მტრის რაკეტები ურტყამს ქალაქის ქუჩებს, სახლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მანქანებს ქუჩაში… და ეს იმ დღეს, როცა ხალხი მიდის ეკლესიებში: ბზობის კვირას, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე.

მხოლოდ ნაძირალას შეუძლია ასე მოქცევა. წაიღოს უდანაშაულო ადამიანებისგან სიცოცხლე. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს.

ამჟამად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია“-წერს ზელენსკი ფეისბუქზე.

________________

მთავარი ფოტო: სუმი, რუსული სარაკეტო იერიშის შემდეგ/ფოტო: The Kyiv Independent.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 აპრილის 21 საათიდან 14 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია, ღელვა: 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 15 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა; მომდევნო 2 დღეს [16 და 17 აპრილს] კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 932 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
  • ტანკი – 10 603 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 22 088 ერთეული [+33]
  • საარტილერიო სისტემა – 26 163 ერთეული [+71]
  • MLRS – 1 362 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 128 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 32 425 ერთეული [+147]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 43 950 ერთეული [+143]
  • სპეცტექნიკა – 3 799 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 660 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 51 128 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 811 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 534 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 518 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 010 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ოცნებამ ამიკრძალა ვემსახურო საქართველოს“ – ციალა ქათამიძე რეზერვიდან დაითხოვეს და დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი ციალა ქათამიძე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ანტირუსულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს და ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტია 2022 წლის 14 სექტემბრიდან, სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ციალა ქათამიძის თქმით, მან დღეს, 12 აპრილს, მიიღო ბრძანება, რომლის მიხედვითაც ის, სამხედრო რეზერვში აღარ ირიცხება.

ციალა ქათამიძის რეზერვიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელს აწერს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.

„დღეს ჩავიბარე ბრძანება, თანამდებობიდან და სამხედო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ანუ, მარტივად რომ ვთქვა, დღეს მე, საქართველოს მოქალაქეს, რეზერვისტს, რომლის  ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაც, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფიზიკურად დაცვა, „ქართულმა ოცნებამ“ ამიკრძალა მქონდეს პატივი, საჭიროების შემთხვევაში, იარაღით ხელში ვემსახურო საკუთარ ქვეყანას! ამაზე დიდი შეურაცხყოფა, 38 წლის ვარ და ჩემთვის არასდროს არავის მოუყენებია.

ირგვლივ გამეფებული უკანონობისა და უსამართლობის, ათეულობით სინდისის პატიმრის, ასეულობით სასტიკად ნაცემი ადამიანის, ასეულობით გათავისუფლებული და ათასობით დაშინებული საჯარო მოხელის ფონზე, მსგავსი უკანონო, უსამართლო თუ დისკრიმინაციული ფაქტები, ჩემს ცხოვრებაში ალბათ ბევრი იქნება, ვიცი, მაგრამ არ მეშინია!

არ მეშინია, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ჩემი პროფესიული საქმიანობის მთავარი მიზანი, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ცხოვრებაში იყო, არის და იქნება ერთი, – ვემსახურო საქართველოს. თამამად, ამაყად, გულწრფელად, ყველა ეროვნული გმირის წინაშე, ღვთისა და ერის წინაშე, შემიძლია ვთქვა, რომ ვემსახურები საქართველოს!“-დაწერა ციალა ქათამიძემ ფეისბუქზე.

ბოლო ფოტო, საქართველოს ეროვნული გმირების ფონზე.

ყველა შეკრებისას აღტაცება-აღფრთოვანებით შევცქეროდი ხოლმე ამ სტენდს. მათი ისტორიები, მათი სიმამაცე, მათი თავგანწირვა მაძლევს ზუსტად იმ ძალას და სითამამეს, ის ვთქვა, რაც ვთქვი, დიახ, ვემსახურები საქართველოს“, – წერს ციალა.

„ბათუმელებთან“ საუბარში ციალა ქათამიძე დასძენს, რომ ის სამხედრო რეზერვიდან მისი სამოქალაქო აქტიურობის გამო გაათავისუფლეს და კომპენსაციის ნაცვლად პირიქით დააკისრეს ფულადი ჯარიმა – 2 ათასი ლარი.

ციალა ქათამიძე ამბობს, რომ ბრძანებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

__________________

მთავარ ფოტოზე: ციალა ქათამიძე

„ერთად დავიცვათ სახელმწიფო რუსული რეჟიმისგან“ – სტუდენტების აქცია 14 აპრილს ბათუმში

14 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში სტუდენტები საპროტესტო აქციას გამართავენ  – „ერთად დავიცვათ სახელწიფო“.

„სტუდენტებო, 14 აპრილი არ არის უბრალოდ თარიღი – ეს არის დღე, როცა ქართველმა ხალხმა  დაიცვა სახელმწიფო ენა!

დღესაც იმავე ძალით უნდა დავდგეთ ფეხზე სტუდენტები, ახალგაზრდები, საზოგადოება – ყველა, ვისაც არ გვსურს ქვეყნის გარუსება.

რუსული რეჟიმის ჩრდილი ისევ ემუქრება ჩვენს  სახელმწიფოებრივობას და კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ მას  მტკიცე – არა!

ამიტომ, 14 აპრილს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, შადრევანთან შევიკრიბებით და დავიწყებთ მსვლელობას ილია ჭავჭავაძის ძეგლისკენ.

სტუდენტებო, ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლებისა და ღირსების დასაცავად გავერთიანდეთ კიდევ ერთხელ. წარსულის გმირებს დღევანდელ ბრძოლაში გავუგრძელოთ გზა.

შევიკრიბოთ, ვიდგეთ ერთად და დავიცვათ ის, რაც ყველაზე ძვირფასია – თავისუფალი სახელმწიფო! ძალა სტუდენტებშია, აქ და ახლა, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე,

ცეცხლი ოლიგარქიას!“-ნათქვამია სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში.

რა მიზანი აქვს ანწუხელიძის გმირობის გაუფასურებას? – ინტერვიუ

„რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში?… ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა, ანტიკონსტიტუციური და ერთპარტიული პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ეგრეთ წოდებულ კომისიაზე, სადაც აგვისტოს ომის თემას კვლავ განიხილავენ.

პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეროვნული გმირობის გაუფასურება ქვეყნის ღალატის ტოლფასია.

რა მიზანი აქვს ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების მცდელობას და იმის დემონსტრირებას, რომ სამშობლოს დაცვას, სახლში ყოფნა სჯობს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ დავით ჯინჭარაძეს ესაუბრა, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტი და „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელია.

  • დავით, როგორ ფიქრობთ, რის მიღწევას ცდილობს წულუკიანი და, შესაბამისად, „ქართული ოცნება“, როცა ამბობს, რომ ანწუხელიძის გმირულად დაღუპვა უაზრობა იყო?

როცა ასეთ რამეს ამბობს წულუკიანი, ეს ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნელ-ნელა დაიწყო ჩვენი შემზადება არა მხოლოდ ისტორიის გადაწერისთვის, არამედ იმ რეალობის გადაწერისთვის, რომელშიც ვცხოვრობთ.

როცა ამბობ, რომ „ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰყავდეს მშობელი“, რეალურად ამით ეუბნები ხალხს, რომ არ გაწირონ თავი სამშობლოსთვის, არ გამოვიდნენ გარეთ, არ იბრძოლონ სამართლიანობისთვის, თავი არ დააჭერინონ, არ დაძაბონ სიტუაცია, რადგან ეს მათი წარმოსახვითი „მშვიდობა“ უფრო მნიშვნელოვანია და ამ წარმოსახვითი მშვიდობის საზომი არის ის, რომ ვთქვათ ასე ფასადურად, ყველა ოჯახი არის მთელი, მაგრამ რეალურად, ქვეყანაში არის დიქტატურა.

ამ აზრის გამყარებას ცდილობს „ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდი, მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ წულუკიანს გაექცა და ვერ მოზომა, რამდენად უნდა ეთქვა ეს.

  • წამოსცდა თუ მიზანმიმართულად ხდება სამშობლოს დაცვის გაუფასურება?

მიზანმიმართულად ხდება, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს გააკეთონ ნელ-ნელა. ისინი უყურებენ საზოგადოების რეაქციას და თუკი დღეს ან ხვალ არ ამოიღო ამაზე საზოგადოებამ ხმა, ერთი წლის შემდეგ, ეს შეიძლება რეალობა იყოს და უკვე გადაწერილი იყოს საქართველოს ისტორია, სადაც შესაძლოა აგვისტოს ომიც საქართველოს დაწყებულად ჩაითვალოს და მაშინ უკვე იქნება გვიანი.

წულუკიანს კი აღმოხდა მისი რეალური მიზანი, თუმცა მან ვერ მოზომა ხალხის რეაქცია. ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე კობახიძემ, როცა თქვა, რომ ევროკავშირთან აჩერებდა მოლაპარაკებებს.

  • „ყველა ბავშვს უნდა ჰყავდეს მშობელი გვერდით“ – ეს ალბათ კარგად ჟღერს, მაგრამ ამ ბავშვებს  ასევე აქვთ უფლება ჰქონდეთ სამშობლო და ამ სამშობლოში დაცული იყოს მათი სიცოცხლე და ყველა სხვა უფლება.

51 პოლიტპატიმარი გყავს და ისინიც ვიღაცის შვილები არიან. ზოგიერთი მათგანი ვიღაცის მშობელიც იქნება და რატომ არ აქვთ პოლიტპატიმრების ოჯახებს უფლება, რომ მათი ოჯახებიც იყოს მთელი და რატომ არ ვსვამთ მაშინ კითხვას, რას ემსახურება ოჯახების გახლეჩა და თუნდაც ოჯახების ერთმანეთთან დაპირისპირება?

უნდა ვკითხოთ თეა წულუკიანს, რას ემსახურება ის, რომ „ინდიგოს“ ჟურნალისტი დაიჭირეს, მისი და კი, „ოცნების“ პროპაგანდისტულ ტელევიზიაში მუშაობს. ეს არის ოჯახის სიწმინდე?

მას აქვს თურმე უფლება ანწუხელიძეზე დასვას რაღაც კითხვები და ჩვენ არ გვაქვს უფლება „ოცნებას“ ვკითხოთ, ისინი რას აკეთებენ.

ეს არის აქ მთავარი ირონია, რომ „ოცნება“ ყოველთვის ოჯახის სიწმინდეზე, მშვიდობაზე გველაპარაკება, თავიანთი შვილებისთვის უნდათ საუკეთესო, ევროპული განათლება, ევროპაში ცხოვრება, მაგრამ, სხვისი შვილებისთვის უნდათ ციხე. ყველანაირი მორალური ზღვარი გადალახული აქვთ, მათი პირადი ცხოვრება, როგორიც მათ უნდათ ისეთია, ხოლო სხვებს ასწავლიან, როგორი უნდა იყოს ის.

როცა ასეთი პარტიის წარმომადგენელი, მორალურად გახრწნილი ადამიანი ანწუხელიძეზე საუბრობს, ეს არის მიუღებელი. წარმოუდგენელია, პოლიტპატიმრების არსებობის ფონზე ეს კითხვა საერთოდ როგორ გაბედა და დასვა.

  • საქართველოს ისტორია, რეალურად არის გმირობის, სამშობლოსთვის თავგანწირვის ისტორია. ყველა გმირს რომ ეფიქრა, მოდი სახლში დავრჩები, რა დროს გმირობაა, მოაღწევდა კი საქართველო აქამდე?

რა თქმა უნდა, ვერა. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ დიდგორის ბრძოლისას, დავით აღმაშენებელმა უკან დასახევი გზა ჩახერგა, რომ ხალხი მხოლოდ წინ წასულიყო. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ამ ქვეყანას დამპყრობლები რვაჯერ შემოესეოდნენ და ხალხი არ ფიქრობდა იმაზე აი, მერვედ რადგან შემოგვესია, ხომ არ დავნებდეთ.

იყო პერიოდი, როცა საქართველო რამდენიმე იმპერიას შორის იყო გაყოფილი და იყო პერიოდი, როდესაც ვეჭიდებოდით და ვებრძოდით უდიდეს იმპერიებსაც. ასეთ საზოგადოებას ნელ-ნელა, ამ წლების განმავლობაში „აბა ომი გინდას“ შიშით, ყველანაირი მორალური კომპასი მოუსპეს.

წულუკიანმა თქვა, ვიღაცის პიარს შეეწირა ანწუხელიძეო, ეს იმის ფონზე, როცა საქართველო იყო ქვეყანა, სადაც არათუ ომით ვერ შეაშინებდი ხალხს, არამედ ომი იყო რეალობა და ვინც მოჩვენებით მშვიდობას ჰპირდებოდა საქართველოს ეს იყო საბჭოთა კავშირი, იქ იყო ეს მოჩვენებითი მშვიდობა.

  • თუმცა, თუ წულუკიანის ლოგიკით ვიტყვით, ვერც მან აიცილა ომი.

თეა წულუკიანს უნდა, რომ საბჭოთა კავშირსაც აჯობოს – ის, რაც მამამისმა ვერ გააკეთა თავის დროზე, უნდა, რომ გააკეთოს წულუკიანმა. ამ კომისიის დანიშნულებაც ეს არის, რომ თუკი არსებობს, თუნდაც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული დასკვნა და რაღაც დოკუმენტი, სადაც ეს ყველაფერი არის ასე მორთმეული, რომ თურმე საქართველომ დაიწყო ომი, რომ თურმე ჯარისკაცები პიარისთვის იხოცებოდნენ, რომ საქართველო ვიღაცის ამბიციას შეეწირა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხმა 2008 წლამდე არ იცოდა, როგორი ბოროტება იყო რუსეთი?

ისევ ხდება რუსეთის 200-წლიანი კოლონიალისტური ისტორიის იგნორირება. ეს ნიშნავს, რომ ამ კომისიის მიზანი არც არასდროს ყოფილა რაიმეს გააზრება ან გადააზრება, მისი მიზანია რუსული კოლონიალისტური ხელისუფლების დამყარება საქართველოში.

დარწმუნებული ვარ, მოვა მაისი, ივნისი და ეს ყველაფერი წერილობითაც შევა ამ დოკუმენტში. ეს იქნება კატასტროფა და როცა ეს ყველაფერი გაქვს როგორც ქვეყანას, ძალიან მძიმე შედეგი გიდგება.

დავით ჯინჭარაძე

გუშინ წულუკიანი აპელირებდა იმაზე, რომ თითქოს წინა ხელისუფლებამ მოაწერა რეზოლუციას ხელი, სადაც საქართველოს დებდნენ ბრალს ომის დაწყებაში და ჩვენ რამდენი ვიწვალეთ, რომ სტრასბურგში ეს გაგვენეიტრალებინაო. რეალურად ახლა აკეთებს იმაზე უარესს, რადგან თუკი პარლამენტის დონეზე ასეთ დოკუმენტს მიიღებ, მაშინ არ გაქვს უფლება, სხვა ხელისუფლების შეცდომებზე ილაპარაკო.

დოკუმენტში, სადაც ანწუხელიძეს სდებ ბრალს და მის გმირობას არ აფასებ სათანადოდ, ეს უკვე არის საერთაშორისო მასშტაბის კატასტროფაა ჩვენი ქვეყნისთვის. ზუსტად ამას ამზადებს თეა წულუკიანი.

ამ ზეპირი განცხადებებით ცდილობს შეგვამზადოს ახალი რეალობისთვის.

  • ამ ახალ რეალობას რა მოჰყვება თქვენი აზრით?

ეს ახალი რეალობა არის ის, რომ რამდენიმე თვეში ან თვეში ერთხელ იტყვის ისეთ რამეს, რაც ობიექტურად გაგვაბრაზებს, ისეთ კანონებს შემოიღებენ, რაც ასევე გაგვაბრაზებს და მერე ეს ბრაზი გადადის.

მერე ნელ-ნელა, ამ ბრაზის მონაცვლეობით ისინი რეალურად აკეთებენ რუსულ საქმეს.

თუკი არაფერი შეიცვალა, რამდენიმე თვეში ეს იქნება ქვეყანა, სადაც განათლების პროგრამა იქნება შეცვლილი, სადაც აგვისტოს ომი შეიძლება საერთოდ აღარ იყოს ნახსენები, ან ეწეროს, რომ იყო რაღაც ხუთდღიანი დაპირისპირება „უცხო ძალასთან“.

ცდილობენ, ამ ყველაფერთან ქართველ ხალხს რაღაცნაირი ემოციური კავშირი მოუსპონ და ემოციურად განაწყონ ნეიტრალურად.

9 აპრილი იყო ახლახან და „ქართული ოცნების“ ბევრმა მხარდამჭერმა ისიც არ იცის 9 აპრილი რა იყო და რატომ იყო. ბევრი ულოცავდა კიდეც ერთმანეთს ამ დღეს. იყო მცდელობა 9 აპრილს დაღუპულთა გმირობის გაუფასურებისაც, რადგან კობახიძემ და „ოცნების“ სხვა ლიდერებმა თქვეს, რომ მაშინაც და დღესაც „უცხო ძალა“ ებრძოდა ქვეყანას.

ჩვენ, ხალხს გვიწოდეს „უცხოური ძალა“, რადგან არ მივუშვით ისინი მონუმენტთან და ამ ყველაფრის შემდეგ, თეა წულუკიანი ისტორიის ახალ ფურცელს ეჭიდება.

ამ ყველაფრის უკან უნდა დავინახოთ „ქართული ოცნების“ გამიზნული სტრატეგია. ისინი ცდილობენ, რეალობა შეცვალონ. გათვლა არის ის, რომ ზემოქმედება მოახდინონ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც დღეს არიან სკოლებში.

თუ 12,1,-15 წლის ახალგაზრდებს არ ასწავლი შენი ქვეყნის რეალურ ისტორიას, მაშინ მათი მართვა გაცილებით მარტივი იქნება.

  • ჩვენ ვხედავთ, რომ საოკუპაციო ხაზიდან თითქმის ყოველდღე იტაცებენ ადამიანებს, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არასდროს მოუგვარებია ეს საკითხი. მაშინ, რის საფუძველზე სვამენ კითხვებს, როცა თავად ვერაფერი გააწყვეს ოკუპაციასთან?

როცა „ოცნება“ ამბობს, რომ თვითონ არის სტაბილურობის, მშვიდობის და სუვერენიტეტის გარანტი, ესეც სიცრუეა. სუვერენიტეტი ხომ არის ის, რომ მინიმუმ შენ ქვეყნის საზღვრებს აკონტროლებ? და თუნდაც საოკუპაციო ხაზთან შენ შეგიძლია ის მაინც გააკონტროლო, რომ ხალხის გატაცებაზე რეაქცია გქონდეს და ვერ გაიტაცონ. მაგრამ არა, რადგან სუვერენიტეტი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს, ვერ ახორციელებს კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე, დაკავებულია ისტორიის გადაწერით. საქართველოში რუსული კოლონიალიზმის ჩამოსაყალიბებლად ყველა პირობას ამზადებენ.

ისინი ცდილობენ, შეგვაჩვიონ ამას. ეს არის ყველაზე მძიმე – მათ თითქოს იციან, რომ ეს ბრაზი მილევადია და ყოველთვის, როცა ახალ რაღაცას შემოაგდებენ, ბრაზის მიუხედავად პროტესტი არ იზრდება.

  • ბრაზის მიუხედავად პროტესტი ვეღარ გადადის ახალ ფაზაში, რა გამოდის, რომ რუსეთი იმარჯვებს? როგორ უნდა გადაილახოს ეს შიში?

შიში, ზოგადად ადამიანს უბიძგებს, რომ იყოს არაპროგნოზირებადი, სპონტანურად გამოავლინოს უკმაყოფილება და მეორე, შიში ხშირად უბიძგებს ადამიანს, რომ გაშეშდეს.

როცა ადამიანი შეშდება, მას შეიძლება არ მოსწონდეს „ქართული ოცნების“ კოლონიზატორული სახელმწიფო, მაგრამ არც იმის რესურსი აქვს, რომ მომავალზე იფიქროს.

ამიტომ „ქართული ოცნება“ ახლა ცეცხლს ეთამაშება, რადგან არ ვიცით რა მოჰყვება ბრაზს, თუკი შიში გადაილახა.

იცის, რომ რაღაც თემები ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ცდილობს ჩვენი ტოლერანტობა მათ მიმართ ნელ-ნელა გაზარდოს.

და რადგან პროტესტის უფრო მწვავე ფორმებზე გადასვლის შიში აქვს ხალხს, ჩემი აზრით, ეს არის შემოგდებული თემა, რადგან პროტესტის ბევრი მშვიდობიანი ფორმა არსებობს, რომელიც ჯერ არც კი დაგვიტესტავს მასობრივად.

ვფიქრობ, კამპანიაა ამაზე დასაწყები, რადგან თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის, რეჟიმის ჩამოშლისთვის და ასე შემდეგ, ამ კრიტიკული მომენტისთვის ხალხი უნდა შევამზადოთ.

რეალურად, რაც ამ შიშს შეიძლება დაუპირისპირო, ეს არის იმედი იმისა, რომ იმ კრიტიკულ მომენტში შენ არ იქნები მარტო.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 931 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240]
  • ტანკი – 10 591 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 22 055 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 26 092 ერთეული [+49]
  • MLRS – 1 362 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 127 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 32 278 ერთეული [+78]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 43 807 ერთეული [+128]
  • სპეცტექნიკა – 3 798 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 660 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 51 128 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 811 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 534 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 518 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 010 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსეთმა პატიმრების რესურსი ამოწურა, კონტრაქტს უკვე არალეგალებსაც უფორმებენ“- ინტერვიუ გენერალთან

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„საჯარო მოხელეებმა დამირეკეს, ხელზე რომ მოგიტანოთ ფულიო? ეს შიშის გამოა“ – დაჯარიმებულები ბათუმიდან

„ბათუმელები“ კვლავ გიამბობთ ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ზებრაზე გადასვლის გამო დაჯარიმებული მოქალაქეების შესახებ. მათ ნაწილს სასამართლო გადაწყვეტილება უკვე ჩაბარდა.

სასამართლო მოქალაქეებს 5 000 ლარის გადახდას აკისრებს და ამისთვის ვადად გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთ კვირას უსაზღვრავს.

დაჯარიმებულთა თქმით, 5 000 ლარის შეგროვება ისედაც დიდი გამოწვევაა მათთვის ამას კიდევ უფრო ართულებს ვადად განსაზღვრული 7 დღე.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა ინდირა ებრალიძესაც დააკისრა. ქალი ზებრა გადასასვლელზე გადასვლის გამო დააჯარიმეს, როგორც 30-მდე სხვა მოქალაქე.

„ადრე წითელ ჯვარში ვმუშაობდი, შემდეგ საკუთარი ბიზნესი მქონდა და ამ ეტაპზე გაჩერებული ვარ.

ახლა ჩემი საქმე 7 საათიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთან დგომაა.

პროტესტი და ქუჩაში გამოსვლა… 36 წელია და იმის იქეთ კიდევ აღარ ვითვლი, ერთი მუდმივი მტერი გვყავს – რუსეთი. კი ვხედავთ ახლა რაც ხდება და როგორც ხდება. ამაზე თუ ხმა არ ავიმაღლეთ… მე ვფიქრობ, რომ მთელი საქართველო ფეხზე უნდა იდგეს მისი ერთი მუჭა მიწის დასაცავად.

ქვეყნის 20 პროცენტის კი არა, 100 პროცენტის ოკუპაცია მიდის რუსეთის მხრიდან. ამას ან ხედავ, ან მოგწონს. აქ არ არსებობს – „ვერ ვხედავ“. ან მოგწონს, რომ რუსეთი ოკუპანტია და უნდა დაგიპყროს, ან ხედავ ამას და აპროტესტებ“, – გვითხრა საუბრის დასაწყისში ინდირა ებრალიძემ.

ინდირა ებრალიძე. ედო მჟავანაძის ფოტო

მისი თქმით, მაშინ როცა ქვეყანას ჰყავს სინდისის პატიმრები და „საუბარი ზედმეტია სამართლიან სასამართლოზე“, ხელისუფლება ვერავის გააკვირვებს უსამართლოდ გამოწერილი ჯარიმების „დაუსრულებელი ნუსხით“.

„ნებისმიერ მშვიდობიან აქციას პროტესტის თავისი ფორმები აქვს. ჩვენ არ ვნებთ არავის ფიზიკურად. ამას ისინი აკეთებენ – დასისხლიანებული და დასახიჩრებული აქციის მონაწილეები გვყავს, რომელთა რიცხვი იზრდება…

ზებრაზე გადავდიოდით და დაგვაჯარიმეს. ზებრაზე, რომელიც არც მაგისტრალურ გზაზეა და არც იქ, სადაც უწყვეტად მოძრაობენ მანქანები. ჩვენს ქვეყანაში 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდის უნარი ალბათ აქვს იმ 86 „ოცნების“ დეპუტატს. თუნდაც მუშაობდეს ადამიანი, ვერ ექნება 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდის შესაძლებლობა“, – გვითხრა ინდირამ.

აქციის მონაწილე ფიქრობს, რომ ჯარიმის 5 000 ლარამდე გაზრდით ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში საპროტესტო მუხტის შესუსტებას.

„საარსებო მინიმუმის მიხედვით რომ დავითვალოთ 5 000 ლარი, ძალიან დიდი თანხაა… პირობითად ვთქვათ, რომ 1 000 ლარი გაქვს ხელფასი. ამ თანხით ხომ უნდა იარსებო, საჭმელი ჭამო, კომუნალური გადაიხადო და რა გამოდის, რამდენი თვე უნდა იმუშაო, რომ ეს ჯარიმაც გადაიხადო. იცით, რომ ჯარიმის გადახდის ვადა გაქვს [სასამართლო გადაწყვეტილების] ჩაბარებიდან 7 დღე. ჩემთვის ძალიან პრობლემურია ეს ვადა.

ჯარიმას არ გადავიხდიდი, მაგრამ ჩემს სახელზეა კერძო საკუთრება, სადაც ვცხოვრობ და დამიყადაღებენ საბანკო ანგარიშებთან ერთად.

პოსტი დავწერე ფეისბუქზე და სხვების დახმარებით ჯარიმის რაღაც ნაწილი შეგროვებული მაქვს, ნაწილი არ ვიცი, საკუთარი სახსრებით, მეუღლის დახმარებით…

მქონდა ასეთი შემთხვევა, სახელ და გვარებს არ დავასახელებ, რამდენიმე საჯარო მოხელემ დამირეკა და მითხრა, ხელზე რომ მოგიტანო ფული და ანგარიშზე არ ჩაგირიცხოო? შიშის ფაქტორის გამო, რაც ძალიან მძიმეა. საჯაროდაც დავწერე, ასეთ თანხას, ასეთ დახმარებას არ მივიღებ“, – გვითხრა ინდირა ებრალიძემ.

მოქალაქის თქმით, ამ უსამართლო დაჯარიმების მიუხედავად ის არ აპირებს უკან დახევას და კვლავაც შეუერთდება საპროტესტო აქციებს.

„თითქმის ყველა დაჯარიმებულს ვიცნობ, ჩემს გვერდით იდგნენ ისინი და ყველა აგრძელებს აქციაზე დგომას. მე, მაგალითად, 11 მარტს მქონდა სასამართლო პროცესი, 5 000 ლარით დამაჯარიმეს და 7 საათის მაგივრად 6 საათზე მივედი აქციაზე…

ეს ჯარიმა დისკომფორტი ნამდვილად არის, რადგან მარტივი შესაგროვებელი არ არის, მორიდების გრძნობაც მაქვს, რადგან ყველას თავისი გასაჭირი აქვს, უამრავი დაჯარიმებული ვართ და ა.შ., მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქციაზე არ გავიდე. გამორიცხულია“, – გვითხრა საუბრის დასასრულს ინდირა ებრალიძემ.

ზებრა გადასასვლელზე გადასვლისთვის დააჯარიმეს თამარ სურმანიძეც, რომელსაც უკვე ჩაბარდა სასამართლო დადგენილება და შესაბამისად, ჯარიმის გადასახდელად განსაზღვრული ერთკვირიანი ვადის ათვლაც დაწყებულია.

თამარი კერძო სექტორში მუშაობს და მისი ხელფასი 1300 ლარია. ამასთან, მან ახლახან, 7 მარტს იქორწინა და ამბობს, რომ ახლად შექმნილი ოჯახის საჭიროებები ისედაც დიდია – „დიდი ქორწილი არ გვქონია. იმიტომ გადავიფიქრეთ, რომ აქციებს მალევე შევერთებოდით. 8-ში უკვე აქციაზე ვიდექით.

ეს ყველაფერი ძალიან სტრესულია.

მიუხედავად იმისა, რომ ახალდაოჯახებულები ვართ და უნდა ვხარობდეთ ყოველდღიურობით, პირიქით, იმიტომ, რომ ფაქტობრივად ვერ ვნახულობთ ერთმანეთს და სადაც ვნახულობთ, ეს არის აქცია.

ჩემი მეუღლე ფიზიკურად მუშაობს და ჩემთან შედარებით უფრო იშვიათად დადის ხოლმე, მაგრამ როცა შეუძლია ყოველთვის ჩემს გვერდით დგას აქციაზე… ყველაფერი გვაქვს გვერდით გადადებული, იმიტომ რომ, მთავარი ბრძოლა გვაქვს მოსაგები და ოჯახური ცხოვრების მომენტმაც თითქოს რაღაცნაირად დროში გადაიწია.

ემოციურად ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი. პირველ რიგში მენტალურ ჯანმრთელობაზე აისახა. მოსვენება მაქვს დაკარგული, მაგრამ მაინც არ ვაპირებთ დანებებას“, – გვიყვება თამარ სურმანიძე.

მოქალაქის თქმით, არანაირი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ 5 000 ლარიან ჯარიმას გასწვდეს – „მაშინ ჩემი რამდენიმე თვის ხელფასი უნდა მოვახმარო მხოლოდ ამ ჯარიმის გადახდას და თავად უნდა ვიყო სხვის კმაყოფაზე. ეს ჯარიმა წარმოუდგენლად ბევრ სირთულეს მიქმნის…

ეს თანხა შეიძლება გაცილებით მეტხანს მეყოს საკვებისთვის, ვიდრე ნახევარი წელიწადია, რადგან საკვებში არ ვხარჯავ დიდ თანხას. როგორც გითხარით ახლა დავოჯახდი და სხვა საჭიროებები მაქვს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ თანხა დავზოგო. ვთქვათ, რესტორანში არ ვიარო და სახლში მოვიმზადო საკვები, პროდუქტები ბაზარში შევიძინო და ა.შ.

ინფლაციის დონე ქვეყანაში უზარმაზარია იმ პოლიტიკური პროცესების გამო, რაც სახეზე გვაქვს. ცდილობს მთავრობა რაღაც მაქინაციებით ამის დარეგულირებას, თუმცა აშკარად არ გამოსდის… ჩემი ხელფასი, 1300 ლარი ისედაც არ მყოფნის და ამას დაემატა ახლა ეს ჯარიმაც. თვიდან თვემდე ვალის აღებაც მიწევს, რომ დავიკმაყოფილო მინიმალური საჭიროებები. არ ვსაუბრობ გართობაზე და ნორმალური, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭირო სხვა კრიტერიუმებზე“, – გვიყვება თამარი.

თამარ სურმანიძე. ედო მჟავანაძის ფოტო

თამარ სურმანიძის თქმით, ჯარიმის გადახდაში ოჯახი ვერ დაეხმარება, მას პენსიონერი მშობლები ჰყავს.

„მამაჩემი ტაქსის მძღოლად მუშაობს, მაგრამ არავის არ აქვს იმხელა შემოსავალი, რომ 5 000-ლარიანი ჯარიმის გადახდაში დამეხმაროს. შეიძლება დამეხმარონ მიზერულად, მაგრამ ესეც იმ შემთხვევაში, თუ სხვა საჭიროებებს გადადებენ გვერდით“, – ამბობს მოქალაქე.

მისი თქმით, აქციებზე დგომას ძველებურად გააგრძელებს:

„ახლა უფრო მძაფრად ვგრძნობ იმის საჭიროებას, რომ უნდა ვიდგეთ გარეთ, ყოველდღიურად გავაპროტესტოთ და დავახევინოთ ამ მთავრობას უკან, რომ ქვეყნის რუსიფიკაცია დასრულდეს და გავიმარჯვოთ.

ჩემს მეგობრებში არიან ადამიანები, ვინც ამ რეპრესიების გამო [აქციებზე] უკვე ნაკლებად ჩნდებიან. ისინი, ვინც ძალიან გულანთებული პიროვნებები იყვნენ პროტესტის დასაწყისში, მაგრამ ვეღარ გამოდიან ამ ყველაფრის გამო აქციებზე.

ეს მოსახლეობის რაღაც ნაწილზე რა თქმა უნდა მოქმედებს და სწორედ ეს არის მათი მიზანი, რომ ჩაახშონ პროტესტი ამ და სხვა მეთოდებით“, – გვეუბნება თამარი. მას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი გადაიხდის თუ არა ამ ჯარიმას.

„მე ჯერ არასდროს არ მქონია, ასე ვთქვათ, კანონთან პრობლემები. არასდროს და არაფერში. ჩემთვის აბსურდია, რომ ზებრაზე გადასვლის გამო ამხელა თანხის გადახდას მაკისრებს სახელმწიფო, რომელიც რეალურად ხელს უნდა მიწყობდეს და მე, როგორც მის მოქალაქეს, მეხმარებოდეს განვითარებასა და ეკონომიკურად გაძლიერებაში.

ჯერ არ გადამიწყვეტია გადავიხდი თუ არა ამ ჯარიმას. ამ დღეებში მივიღებ გადაწყვეტილებას. გუშინ ჩამბარდა დადგენილება და დიდი დრო არც მაქვს ფიქრისთვის… თუ გადავწყვეტ გადახდას, არ ვიცი… როგორ?

სამსახურიდან წამოსვლაც მიწევს პოლიტიკური პროცესების გამო. მინდა, რომ ბოლომდე მივუძღვნა საკუთარი თავი ამ პროტესტს.

ბოლომდე გავიაზრებ რისკებს, რაც ამ ჯარიმის გადაუხდელობას შეიძლება მოჰყვეს და შემდეგ გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე“, – გვითხრა საუბრის ბოლოს თამარ სურმანიძემ.

______________________

პროევროპული აქციების დაჯარიმებულ მონაწილეთა დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

#GE38BG0000000162685131 – მიმღები ციალა ქათამიძე

#GE47TB7002743365100007 – მიმღები მალხაზ ჭკადუა

ამავე თემაზე: 

ბათუმში სტუდენტები ჯარიმის ფულს აგროვებენ – „ულუკმაპუროდ დაგვტოვეს, სწავლის უფლება წამართვეს“

რა ჩაწერა მოსამართლემ მზია ამაღლობელის საქმეში – გადაწყვეტილება გაყალბებული ოქმით

„წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერებით უტყუარად დასტურდება სტიკერის გაკვრისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ მისი პოლიციის ეზოში შეყვანის ფაქტი“, – წერს გადაწყვეტილებაში მოსამართლე სალიხ შაინიძე. ამ გადაწყვეტილებაში მოსამართლე სიყალბეს აღწერს და აჯარიმებს ჟურნალისტ ქალს, რომელიც ამ სიყალბის მსხვერპლი გახდა.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. რა ჩაწერა მოსამართლემ გადაწყვეტილებაში, რომელიც სააპელაციო წესით საჩივრდება?

მოსამართლეს საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთება უჭირს, მაგრამ იმ ვიდეოს აღწერს, რომელიც „მზია ამაღლობელის საქმეში“ ცხადად აჩვენებს შსს მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ სიყალბეს: ჟურნალისტს და მედია მენეჯერს მზია ამაღლობელს 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე სტიკერის „იფიცება საქართველო“ შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე გაკვრისთვის აკავებენ. მზია ამაღლობელს გრიგოლ ბესელია აკავებს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი.

თუმცა სტიკერის გაკვრის გამო კანონი არ აძლევს პოლიციელს ვინმეს დაკავების უფლებას. ამიტომაც, მზია ამაღლობელს ოქმში ჩაუწერეს, რომ იგი სტიკერის გაკვრის გამო კი არა, პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს. გაყალბებული ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი თითქოს გრიგოლ ბესელიამ კი არა, გოჩა ვანაძემ დააკავა.

პოლიციელებმა ცრუ ჩვენება რომ მისცეს სასამართლოს, ეს ნეიტრალური ვიდეომტკიცებულების გარდა, დადასტურდა პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებითაც: მაგალითად, ადმინისტრაციული საქმის განხილვის დროს, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილემ. გოჩა ვანაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მზია ამაღლობელი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს, ირაკლი დგებუაძის მეორე მოადგილე – გიორგი ბჟალავა კი, ჩვენების მიცემისას ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

„სასამართლო აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან პოლიციელებზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენლების ახსნა-განმარტების და მოწმე გოჩა ვანაძის ჩვენების, ასევე ნაწილობრივ ნოდარ ზენაიშვილის და კახაბერ მალაყმაძის ჩვენების გარდა, სხვა მტკიცებულება არ წარმოდგენილა,“ – მოსამართლე არც იმას უარყოფს, რომ სიცრუეში გამოჭერილი პოლიციელების გარდა, სხვა მტკიცებულება სასამართლოში შსს-ს არ წარმოუდგენია.

მოსამართლემ საბოლოოდ ასეთი „გამოსავალი“ იპოვა: „სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება ვერ იქნება ადმინისტრაციული დაკავების ოქმში [11.01.2025წ.] გარემოებათა არაზუსტი მითითება, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა ხდება და განხორციელდა სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე,“ – ვკითხულობთ მოსამართლე სალიხ შაინიძის მიერ ხელმოწერილ გადაწყვეტილებაში.

გამოდის, რომ მოსამართლისთვის სიყალბე ყოფილა „გარემოებათა არაზუსტი მითითება“. მოსამართლე ამბობს, რომ მან მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და არა ადმინისტრაციული დაკავების ოქმის საფუძველზე.

მოსამართლე ამავე გადაწყვეტილებაში ვერ ამბობს: როგორ ენდო მაგალითად, პოლიციელ გოჩა ვანაძეს, როცა მას უთხრა, მზია ამაღლობელი მე დავაკავეო, კადრებში კი, იმავე მოსამართლემ ნახა, რომ მზია ამაღლობელს გრიგოლ ბესელია აკავებს?

„როცა მოსამართლე ადგენს ფაქტს, რომ ეს დადასტურებულად ასე მოხდა და სამართლებრივ შეფასებას აკეთებს სრულიად საწინააღმდეგოს, ეს სხვა არაფერია, თუ არა თვითნებობა. ამ საკითხს, იმედია, ევროსასამართლო შეისწავლის. სასამართლოს თავისი კომპეტენცია აქვს და, როგორც წესი, არ შედის ეროვნული მოსამართლეების მიერ გაკეთებულ შინაარსობრივ შეფასებაში, თუ ადგილი არ აქვს თვითნებობას,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ევროსასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ნონა წოწორიამ.

„მზია ამაღლობელის საქმეს“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ადვოკატები რამდენიმე დღეში შეიტანენ.

  • რა ხდება

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი, ამ საქმიდან მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა. „მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

„რუსეთმა პატიმრების რესურსი ამოწურა, კონტრაქტს უკვე არალეგალებსაც უფორმებენ“- ინტერვიუ გენერალთან

„რუსეთს რომ უჭირს, ამის ერთ-ერთი მაგალითია ახალი კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც არამხოლოდ რუსეთის მოქალაქეს, არამედ რუსეთში მყოფ არალეგალებსაც და ასეთი ბევრია რუსეთში შუა აზიიდან, ჩინეთიდან და აფრიკიდან, შეუძლიათ შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმება. კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, მათ შეეძლებათ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღება, თუ ცოცხალი გადარჩნენ,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს.

გენერლის დაკვირვებით, რუსეთს უღირს ომი მაქსიმალურად გააჭიანუროს და ხალხს დააჯეროს, ვომობთ და ამიტომ გვიჭირსო. „რუსეთის მთავარი ამოცანაა ამ ეტაპზე რუსული ტერიტორიების დაბრუნება მაინც შეძლოს. ეს ეხება კურსკს და ბელგოროდს. ეს მაინც უნდა ჰქონდეს პუტინს სათქმელი შიდა აუდიტორიისთვის… არავითარ დონბასსა და ოდესაზე საუბარს არა მგონია დღეს რამე აზრი ჰქონდეს,“ – მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე.

გადამდგარი გენერლის თქმით, ამ ეტაპზე არც უკრაინაა მზად, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებს დასავლეთი უკრაინის დახმარებას.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • დღეს, 11 აპრილს, პუტინს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხვდება. რამდენად მოსალოდნელია ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში, რა იკვეთება ამ ეტაპზე?

თუ არ ვცდები, ეს ის პიროვნებაა, რომელიც ამბობდა, რომ პუტინმა სანთელი დაანთო ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, წავიდა და ილოცა მისი გადარჩენისთვისო.

უცნობია, როგორ განვითარდება ეს პროცესები, თუმცა, ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კონკრეტულ, უფრო ქმედით მოლაპარაკებებს სექტემბრიდან უნდა ველოდოთ. მანამდე რუსები შეეცდებიან რაღაც ტიპის აქტიურობა აჩვენონ, რომ თითქოს ისინი აკონტროლებენ ვითარებას საომარ დაპირისპირებაში.

  • ეს აწყობს პუტინს პოლიტიკური მიზეზით, რომ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას უთხრას, ვომობთ და ამიტომაც უნდა გავიჭირვოთო, თუ მას შემორჩა სამხედრო რესურსი იმისთვის, რომ თუნდაც დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავიდეს? 

ეს გამორიცხულია. რუსეთი ვერავითარ გარღვევას ამ ეტაპზე ვერ მოახდენს. გარღვევისთვის საჭიროა ძალები, რომლებიც ამას განახორციელებენ, ასევე, საჭიროა მეორე ეშელონი, რომელიც ამ გარღვევაში შევა და რეზერვი, რომელიც შემდეგ ამ მონაკვეთს დაიცავს. ეს შესაძლებლობა დღეს რუსეთს არ გააჩნია. რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ იწევს და იმას აჩვენებს, რომ აქტიურია ბრძოლის ველზე, დაპირისპირებაში კონტროლს ახორციელებს.

ის საგაზაფხულო სწავლება, რომელიც დაგეგმილია ბელორუსიაში ბელარუსიის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ძირითადად ძალის და ინიციატივის ჩვენებისკენ მიმართული ქმედებაა, ვიდრე სამხედრო მიზნებით განპირობებული გადაწყვეტილება.

რუსეთის მთავარი ამოცანაა ამ ეტაპზე რუსული ტერიტორიების დაბრუნება მაინც შეძლოს. ეს ეხება კურსკს და ბელგოროდს. ეს მაინც უნდა ჰქონდეს პუტინს სათქმელი შიდა აუდიტორიისთვის, რომ რუსული ტერიტორიები უკან დაიბრუნეს. არავითარ დონბასსა და ოდესაზე საუბარს, არა მგონია, დღეს აზრი ჰქონდეს.

  • რუსეთი ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დასავლეთმა მას სანქციები მოუხსნას. არც ეს გამოსდის? 

დიახ, რუსეთი ამას ცდილობს და გარკვეულ შეღავათებს მიიღებს კიდეც, ტრამპის პოზიციებიდან გამომდინარე.

თუმცა, არა მგონია, რუსეთმა რამე გარდამტეხი შეღავათი მიიღოს. ის ამით გარდამტეხ შვებას ვერ იგრძნობს.

  • ბოლო პერიოდში დრონებით ორივე მხრიდან აქტიური თავდასხმის გარდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ფაქტობრივად დაიწყო ახალი შეტევა სუმის და ხარკოვის რეგიონებზე.

მოვისმინე სირსკის და ზელენსკის განცხადებები. ჩემი აზრით, ეს უფრო პოლიტიკური განცხადებებია, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს დასავლეთის დახმარება უკრაინის მიმართ.

ამ მიმართულებაზე შეტევა კარგა ხანია მიმდინარეობს. უბრალოდ ამინდების გამო იყო შეფერხება და შეჩერებული იყო სროლა, ახლა კი, ისევ გააქტიურდა შეტევები. ცალკეულ მონაკვეთზე 30-დან 50-მდე შეტევა ხორციელდება, თუმცა ეს არის ტაქტიკური, მცირე ზომის დანაყოფები. გარკვეულ მეტრებზეა მხოლოდ საუბარი.

უკვე 3 წელი გავიდა. უკრაინას არ დაუკარგავს ეს დრო და სიღრმეში, მეორე და მესამე ეშელონების თავდაცვითი ზღუდეები მოამზადა.

რუსეთში ფაქტობრივად საგაზაფხულო გაწვევა მომზადდა, 160-ათასიანი მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული, თუმცა ეს არის ძალა, რომელიც ბაზების დაცვას და როტაციას მოხმარდება. ეს არ არის ის ძალა, რომლითაც ახალი დაჯგუფება შეიქმნება და ამით მნიშვნელოვან შეტევას განახორციელებს რუსეთი. გაწვევის შედეგად მობილიზებული პირადი შემადგენლობის რაღაც ნაწილი, რა თქმა უნდა, კონტრაქტით გააგრძელებს სამსახურს და მოხვდება წინა ხაზზე, მაგრამ ეს არ არის ის ძალა, რომელიც გარდატეხას შეიტანს ფრონტზე.

უკრაინაში ჯერ ისევ ცუდი ამინდებია, ბოლო სამი დღე ისევ თოვდა, ამას დაემატება წვიმიანი ამინდები, „რასპუტიცა“. მაისიდან, მშრალი ამინდების დადგომის შემდგომ, რუსების ქმედება კიდევ უფრო გააქტიურდება საზაფხულო კამპანიის მოსამზადებლად. ამ ძალებით და რესურსებით, რომელიც ახლა აქვს რუსეთს, არა მგონია რუსეთმა მნიშვნელოვანი რამის მიღწევა შეძლოს.

  • ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინული ძალები ჩასივ იარის მახლობლად დაწინაურდნენ… რა ხდება ამ მიმართულებით? 

დიახ, ჩასივ იართან და პოკროვსკისთანაც უკრაინელებმა წაიწიეს წინ. მათ უკეთესი თავდაცვითი პოზიციები დაიკავეს მოწინააღმდეგის სიღრმეში.

ამ ეტაპზე არც უკრაინელებს არ აქვთ იმის რესურსი, რომ რაღაც ტერიტორიების დაბრუნებაზე იფიქრონ და ეს განახორციელონ. საუბარია უფრო ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებაზე, ვიდრე რაღაც კონტრშეტევაზე.

  • რამდენად იცვლება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობა დახმარების ახალი პაკეტით? უკრაინას ამჯერად 350 მილიონს – ბრიტანეთი, ხოლო 100 მილიონს ნორვეგია მისცემს.

სხვა ქვეყნებიც მნიშვნელოვან დახმარებას აწვდიან უკრაინას, თუმცა ეს დახმარება, რაც მიდის უკრაინაში, არის საშუალება, არ დამარცხდეს უკრაინა ამ დაპირისპირებაში, რომ შეძლოს თავისი პოზიციების შენარჩუნება.

ეს არ არის ის დახმარება, რომლითაც გარდატეხა მოხდება და უკრაინა გადავა დიდ, ოპერატიულ დარტყმაზე დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

აქამდე უკრაინამ რასაც მიაღწია, მეტწილად ეს არის დასავლეთის დახმარების შედეგი. შესაბამისად, ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. საყურადღებოა ახლა ის, რომ ამ დახმარების ხარისხი უმჯობესდება: აღმოსავლეთ ევროპაში დაგროვილი საბჭოთა წარმოების სისტემები ფაქტობრივად გაიხარჯა, ამდენად, უკრაინელები უკვე იღებენ ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულ, მოწინავე სამხედრო ტექნიკას.

ამის გარდა, დასავლეთმა თავად დაიწყო თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა და სამხედრო ინდუსტრიის ამუშავება. ბოლო 3 წელია ამას დასავლეთი უკვე აქტიურად ცდილობს. იგივე კარგად ნაცნობი საავტომობილო კომპანია „ფოლკსვაგენი“, რომელმაც რუსეთი დატოვა, აპირებს აწარმოოს სამხედრო პროდუქცია „ჰიუნდაის“ და „კიას“ მსგავსად. როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეაში „ჰიუნდაი“ ტანკებსაც აწარმოებს ავტომანქანებთან ერთად.

ევროპის ქვეყნები, პირველ რიგში, ცდილობენ იმას, რომ თავიანთი შეიარაღება ჰქონდეთ – კრიტიკული მინიმუმი. მიდგომა ცხადია უკვე – აშშ-ს გარეშე ევროპამ საკუთარი თავის დაცვა უნდა შეძლოს. შესაბამისად, ყველაფერს, რასაც ევროპის ქვეყნებში ამზადებენ, უკრაინაში ვერ გააგზავნიან.

დიდი დილემების პირობებში უწევს ევროპას უკრაინისთვის დახმარების გაწევა.

  • რამდენად ვითარდება სამხედრო მრეწველობა უკრაინაში? F-16 გამანადგურებლებსა და 1 მილიარდ ევროს უკრაინა ბელგიისაგან მიიღებს. ბელგიის პრემიერის თქმით, ეს თანხა გამოყენებული იქნება იარაღის შესაძენად და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასაძლიერებლად. 

აქტიურად ეხმარებიან უკრაინას, მათ შორის, სამხედრო მრეწველობის აღდგენის კუთხით და ეს პროცესი გრძელდება.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ იგივე F-16 უკრაინას არცერთი ერთეული არ მიუღია აშშ-დან – ყველა მიიღო ევროპიდან. საუბარია იმაზე, რომ შვედები აპირებენ უკრაინას გადასცენ „გრიპენის“ ტიპის თვითმფრინავები, ასევე ფრანგებმა გადასცეს „მირაჟ ჯეთსი“ იმ პირობებისთვის, თუ აშშ შეწყვეტს, მაგალითად, F-16-ების უზრუნეველყოფას.

ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ ამერიკაში იარაღის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ისმის მოწოდებები, რომ უნდა დაეხმაროს აშშ უკრაინას, რადგან იარაღის მიწოდებით აშშ-ში დიდი რაოდენობით თანხა შედის. ამ იარაღს აშშ უფასოდ არ იძლევა.

  • თქვენ სექტემბერი ახსენეთ. რა ლოგიკით შეიძლება აწყობდეს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა შემოდგომისთვის? 

რუსეთის სამხედრო რესურსები სავალალო მდგომარეობაშია დღესდღეობით. ერთადერთი ქარხანა აქვთ „ურალვაგონ ზაოდი“, რომელიც ნულიდან აწყობს ტანკებს, T-90-ს, სხვა ქარხნები კი, მხოლოდ ამწყობია და არა მწარმოებელი.

მაგალითისთვის, აეროკოსმოსური გადაღებებიდან ჩანს, რომ ერთ-ერთ საბჭოთა კავშირის დროინდელ ბაზაზე 6 ათასი ტანკი იდგა – T-72, ახლა 2 ათასია დარჩენილი. რუსებს საწყობიდან, სტრატეგიული მარაგებიდან გამოაქვთ ტექნიკა. ისე არაა, რომ რუსეთსაც რესურსები აქვს თავზესაყრელი. ამ პირობებში რუსეთი იძულებულია ჩრდილოეთ კორეიდან მიიღოს ტექნიკა, მაგრამ არა მგონია, მხოლოდ ბრინჯში გაუცვალონ ეს ტექნიკა. ეჭვი მეპარება, ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღის ტექნოლოგიებზეც იყოს საუბარი.

ამ ტიპის ომის საწარმოებლად რუსეთს რესურსი ამ ინტენსივობით კიდევ რამდენიმე წელი ეყოფა, მაგრამ მათ გარდატეხის შეტანის რესურსი არ აქვთ.

ვფიქრობ, ეს დაპირისპირება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც გაგრძელდება, რაც საშუალებას მისცემს რუსეთს, გარკვეული ძალები შეინარჩუნონ ფრონტის ხაზზე. ის ამ დაძაბულობას შეინარჩუნებს საზღვარზე და ეს დაძაბულობა ათეულობით წლით გაგრძელდება.

რუსეთს რომ უჭირს, ამის ერთ-ერთი მაგალითია ახალი კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც არამხოლოდ რუსეთის მოქალაქეს, არამედ რუსეთში მყოფ არალეგალებსაც და ასეთი ბევრია რუსეთში შუა აზიიდან, ჩინეთიდან და აფრიკიდან, შეუძლიათ შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმება. კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კი, მათ შეეძლებათ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღება, თუ ცოცხალი გადარჩნენ.

  • ეს აჩვენებს იმას, რომ რუსეთს ადამიანური რესურსიც პრობლემა აქვს? 

რუსეთს სამობილიზაციო რესურსი აქვს 15-დან 20 მილიონამდე, აქედან 5 მილიონი უკვე სამხედრო გამოცდილებითაა, მაგრამ ერთბაშად ამ რაოდენობის ადამიანების მომზადება, აღჭურვა, კვება – სერიოზულ თანხას მოითხოვს, თორემ ხალხის რაოდენობა არის. არალეგალების კომპენსირება კი იაფი დაუჯდება, მათი დაღუპვაც მტკივნეულად არ აისახება, ისინი სრულიად თავისუფლად შეიძლება გაწირონ.

ფაქტია, რომ რუსეთმა ციხეების [პატიმრების] რესურსი უკვე ამოწურა, ეს რესურსი კი, კიდევ დარჩა და ახლა აქტიურად შეეცდება გამოყენებას.

2 დაუცველი სამშენებლო მოედანი ბათუმში, პროკურატურის წინ – რას ამბობს მთავრობა?

„ოცნების ქალაქში“ რაც მოხდა და 2 ბავშვი დაიღუპა, იგივე უნდა მოხდეს აქაც, ვინმემ ყურადღება რომ მიაქციოს აქაურობას?“ – გვითხრეს ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც ბათუმში, იუსტიციის სახლთან ჩერდებიან.

ბათუმში, იუსტიციის სახლთან, პროკურატურის წინ, შარტავას ქუჩაზე [გორგილაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის] ქალაქის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის ასაშენებლად ტერიტორია 2021 წლიდან შემოღობეს. ცათამბჯენები არ აშენდა, თუმცა ამ სამშენებლო მოედანზე დღეს ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს – მართალია, სამშენებლო მოედანი ტროტუარისგან სამშენებლო ღობით გამიჯნულია, თუმცა ღობის ნაწილი მოშლილია.

ამ ტერიტორიაზე თუ შეხვალთ, ნახავთ, რომ ფუნდამენტი რაღაცის ასაშენებლად მოუმზადებიათ, თუმცა ეს ცათამბჯენის საძირკველი არ არის.

ცათამბჯენის საძირკველი სავარაუდოდ იმ თხრილებში უნდა მოწყობილიყო, რომელიც წლების წინ ამოუღიათ და ახლა უკვე დაჭაობებულია.

თხრილი იუსტიციის სახლთან, სადაც ნებისმიერი პირი შეიძლება მოხვდეს. ფოტოები გადაღებულია 2025 წლის 9 აპრილს
2021 წელს ამ ადგილას აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ დააანონსა 72-სართულიანი ცათამბჯენის აშენება

თხრილს იქეთ კიდევ ერთი სამშენებლო მოედანია – აქ „ოცნების“ ყოფილ დეპუტატთან, ხვიჩა შარაშიძესთან დაკავშირებული კომპანია „ბლექ სი თაუერი“ მაღალსართულიან კომპლექსს აშენებს.

ამ მშენებლობაზე ტროტუარიდან ვერ შეხვალთ – გორგილაძის ქუჩის, ასევე ბსუ-ს ტექნიკური ფაკულტეტის [ყოფილი გეპეი] შენობის მხრიდან ღობე დაგხვდებათ, თუმცა აქაც არის შესაძლებელი მარტივად მოხვედრა – შარტავას ქუჩის მხრიდან მორღვეულ ღობეში თუ შეხვალთ და იმ ადგილს გაივლით, სადაც ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო.

იუსტიციის სახლთან მდებარე სამშენებლო მოედნებზე ვერც საინფორმაციო დაფას იპოვით. ადგილზე ვერ გაიგებთ, ვინ რას აშენებს.

კიდევ ერთი სამშენებლო მოედანი იუსტიციის სახლთან, რომელიც ერთ მხარეს არ არის შემოსაზღვრული ღობით

ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, როცა შუა ქალაქში, პროკურატურის თვალწინ, სამშენებლო მოედნებზე, თანაც დაჭაობებულ ადგილას მოხვედრა ყოველგვარი ბარიერის გარეშეა შესაძლებელი? – ინფორმაციის მიღება ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

იმის გამო, რომ უსაფრთხოების მინიმალური ზომები დაცული არ იყო, ოცნების ქალაქში ახალი კორპუსების მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირეწლოვანი ბიჭები თხრილში ჩავარდნენ და დაიღუპნენ. ამ შემთხვევაზე 2025 წლის 15 თებერვალს გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

დღეს, 10 აპრილს, შსს-ს პრესცენტრში ვერ გვითხრეს, რა ეტაპზეა „ოცნების ქალაქის საქმეზე“ დაწყებული გამოძიება და დაისაჯა თუ არა ვინმე.

  • რა უნდა აშენებულიყო იუსტიციის სახლთან და რა შენდება? 

ბათუმში იუსტიციის სახლის მიმდებარედ ყველაზე მაღალი თაუერის მშენებლობა აჭარის მთავრობამ 2021 წელს დააანონსა. ტერიტორიაზე, რომელიც ახლა პრაქტიკულად მიტოვებულია, „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია „დე ჯგუფი“ 72-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის, West Tower-ის მშენებლობას გეგმავდა.

2021 წელს აქ 7023 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი „დე ჯგუფმა“ 30 მილიონ ლარად სასტუმროს მშენებლობის პირობით შეისყიდა.

ცათამბჯენის რენდერი, რაც შარტავას ქუჩაზე, იუსტიციის სახლთან უნდა იყოს

რატომ ვერ აშენდა ცათამბჯენი? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხეს. ამ ბოლო დროს უწყების პრესცენტრი „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებას საერთოდ არ პასუხობს.

ინფორმაციის მიღება აჭარის მთავრობის პრესცენტრსაც ვთხოვეთ, თუმცა უშედეგოდ.

„მასშტაბურობიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი წაიღო ინვესტიციის მოზიდვამ, ასევე, ბოლო პერიოდში ჰოლდინგის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა გავლენა იქონია პროცესის მიმდინარეობაზე, თუმცა პროექტი ისევ აქტუალურია და ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს სახელმწიფო უწყებებთან ვადების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით,“ – მხოლოდ ეს მოგვწერა კომპანია „მეტრო ჰოლდინგის“ იურისტმა, მაია ბერიძემ და შემდეგ დაგვიზუსტა, რომ „განვითარებულ მოვლენებში“ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავებას, მის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას გულისხმობს.

გალიფ ოზთურქი „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელია. იგი ნარკოდანაშაულისთვის 8 წლით დააპატიმრეს.

ადგილი, სადაც ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო

კომპანია „მეტრო ჰოლდინგში“ კონკრეტულად ვერ გვითხრეს, რატომ მოამზადეს ფუნდამენტი იქ, სადაც ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო, იუსტიციის სახლთან მომუშავე ტაქსის მძღოლების ინფორმაციით კი, ეს ფუნდამენტი ახალი რესტორნის მშენებლობისთვისაა.

„ხუთი წელია მიტოვებული ეს მშენებლობა თითქმის, დაახლოებით ერთი თვის წინ ჩამოასხეს ეს ადგილი, ასე თქვეს, რესტორანი კეთდებაო, მერე აღარ გამოჩენილან,“ – გვითხრეს ტაქსის მძღოლებმა.

„მეტრო ჰოლდინგი არ ფლობს ინფორმაციას მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით,“ – მოგვწერა „მეტრო ჰოლდინგის“ იურისტმა, – „აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფლობს 4 სუბიექტი: როგორც ჩვენი კომპანია, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, ვინაიდან „მეტრო ჰოლდინგს“ არანაირი თანხმობა სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით არ აქვს გაცემული. ამ ეტაპზე ვცდილობთ კომპანიის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას და შესაბამისი განმარტების მიღებას“.

მეტი ინფორმაციის მისაღებად „ბათუმელები“„მეტრო ჰოლდინგის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რაულ კახაძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან გვითხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, „მეტრო ჰოლდინგის“ იურისტმა ეს გვიპასუხა: „უსაფრთხოების ნაწილზე სრულ პასუხისმგებლობას სწორედ ამ მშენებლობის ავტორებს ვაკისრებთ“.

რამდენად კანონიერად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების კვეთაში, სადაც ასევე არ არის განთავსებული საინფორმაციო დაფა? – ამ კითხვაზეც პასუხი ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა გასცეს, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინსპექციიდან ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. 

იმ კომპანიაში კი, რომელიც „მეტრო ჰოლდინგის“ მეზობლად აშენებს 44-სართულიან კომპლექსს, გვითხრეს, რომ ღობე არ აქვთ სამშენებლო მოედნის მხოლოდ ერთ მხარეს, „რადგან ეს მშენებლობის პროცესს უშლიდა ხელს. ღობე და საინფორმაციო დაფაც უახლოეს დღეებში გვექნება“.

რეესტრის მონაცემებით, „ბლექ სი თაუერის“ 100% წილის მფლობელია კომპანია „ჩემი სახლი“. ეს კომპანია, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ხვიჩა შარაშიძეს ეკუთვნოდა, ახლა კი, გოჩა შარაშიძეს ეკუთვნის. მან „ქართულ ოცნებას“ ფული 2014 წელს შესწირა – 11 800 ლარი.

კომპანია „ბლექს სი თაუერსის“ ამ მშენებლობას და „მეტრო ჰოლდინგის“ სამშენებლო მოედანს შორის ვიწრო ზოლი [რომელიც ფიროსმანის ქუჩას გორგილაძის ქუჩასთან აკავშირებს] აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. სწორედ ეს ზოლი არ არის შემოსაზღვრული უსაფრთხოების ღობით, როგორც „ბლექ სი თაუერის“, ისე „მეტრო ჰოლდინგის“ ნაკვეთების მხარეს.

______________________

მთავარ ფოტოზე: მშენებლობა შარტავას და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში. 2025 წლის 9 აპრილი

რას წერს მოსამართლეებს თემურ ქათამაძეზე გერმანიაში მცხოვრები ლაზი პოეტი

„მიუღებელია, რომ სასამართლოს სურს გაფფარ ილმაზის თურქეთში ექსტრადირება,“ – წერს ქართველ მოსამართლეებს წარმოშობით ლაზი პოეტი სელმა კოჩივა ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის შესახებ.

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. თემურ ქათამაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა და აქციებზე საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა.

თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია, მას ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.

თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] საქართველოში ლტოლვილის სტატუსს ითხოვს, თუმცა ეს მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

წარმოშობით ლაზმამ გერმანიაში მცხოვრებმა სელმა კოჩიოვამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ღია წერილი გაუგზავნა. ის პედაგოგია და ლაზურ ენაზე ლექსებს წერს.

წლების წინ, თურქეთში თემურ ქათამაძეს სელმასთან და დიასპორის რამდენიმე სხვა ლიდერთან ერთად ქართული დიასპორისთვის ქართული ენის სკოლებში სწავლა მოუთხოვია. სელმა კოჩივა მოსამართლეებს წერს, რომ თემურ ქათამაძის თურქეთისთვის გადაცემა საფრთხის შემცველია.

„თემურ ქათამაძის ადგილი ციხეში კი არა, კულტურულ პროექტებში და დემოკრატიულ საქართველოშია.

ჩვენ დაგვიგროვდა ძალიან ბევრი მოსაყოლი, დასაწერი ამბავი და ეპოსი…

ანკარის ამჟამინდელი პოლიტიკა სამწუხაროდ არაადამიანურად ექცევა მთლიანი რეგიონის დემოკრატიულ ოპონენტებს ისლამო-ფაშისტური ხაზით. ეს საერთოდ არ არის უსაფრთხო ადგილი ჩემნაირი, ქათამაძისნაირი ადამიანებისთვის, რომლებიც ცნობილი არიან თავიანთი ეთნიკური და კულტურული კვლევებით.

თემურ ქათამაძე შეიძლება იყოს საქართველოს წარმატებული კულტურული ელჩი ევროინტეგრაციის პროცესში. მოქალაქეობა თუ არა, მინიმუმ უნდა მიენიჭოს ლტოლვილის სტატუსი,“ – აღნიშნულია მოსამართლეებისთვის სელმა კოჩივას მიერ გაგზავნილ წერილში.

სელმა კოჩივა თბილისში

„მე ლაზეთში დავიბადე, წარმოშობით მეგრელი ვარ, გავიზარდე სტამბულში, ბოლო 45 წელია გერმანიაში ვცხოვრობ, გერმანიის მოქალაქე ვარ…,“ – წერს სასამართლოს სელმა კოჩივა და იმასაც უყვება, როგორ გაიცნო თბილისში თემურ ქათამაძე.

სელმას ქართული ენის მასწავლებელიც ბათუმელი მედროშე გამხდარა.

„ის თვეების განმავლობაში მიტარებდა გაკვეთილებს ქართული ენის გასაუმჯობესებლად და მისგან მივიღე ცოდნა საქართველოს ისტორიისა და სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურის შესახებ.

ჩემთვის ის [თემურ ქათამაძე] არის პატრიოტი, ქართული კულტურის აქტივისტი და ვეტერანი. მისმა დაკავებამ მეც და ყველა დაგვამწუხრა. უფრო მეტიც, ის ფაქტი, რომ ქათამაძე ვერ იღებს საქართველოს მოქალაქეობას და ვერც ლტოლვილის სტატუსს, ძალიან არადემოკრატიული და მიუღებელია. ეს დამოკიდებულება არის რეალობა, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს მსოფლიო მასშტაბით და პოლიტიკურად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო ღირებულებებს…

დიასპორაში მცხოვრები ეთნიკური ლაზებისა და ქართველებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰყავდეს დემოკრატიული და მსოფლიოს მიმართ ღია ხელისუფლება.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში ვცხოვრობ, მე საქართველოდან ვარ და ეს ჩემი მიწაა. სოლიდარობა გაფფარ ილმაზის კვლევას „ქართველთა დიასპორის“ მიმართ,“ – აღნიშნულია სელმა კოჩივას წერილში.

იმის გამო, რომ საქართველოდან პროევროპული პროტესტის გამო აძევებენ და ლტოლვილის სტატუსსაც არ ანიჭებენ, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა. ხელახლა შიმშილობა „ბათუმელმა მედროშემ“ 2025 წლის პირველ აპრილს დაიწყო და 5 აპრილს შეწყვიტა. ბათუმელი მედროშის თქმით, ხელახლა შიმშილობით მან სოლიდარობა ჭიათურელ მეშახტეებს გამოუცხადა.

თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა.

თემურ ქათამაძეს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობა. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

ბათუმსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალი მარშრუტები დაამატეს

ბათუმსა და ფოთში B და BE კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდისთვის ახალი მარშრუტები დაამატეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტები 2025 წლის 14 აპრილიდან ამოქმედდება.

B და BE კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა 2022 წლის აპრილიდან ორეტაპიანი გახდა – პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. ამ კატეგორიებში შედის მსუბუქი და მსუბუქმისაბმელიანი ავტომანქანები.

ბათუმში ამ დრომდე ორი საგამოცდო მარშრუტი იყო დამტკიცებული. ამჯერად კი დაემატა კიდევ ერთი ახალი მარშრუტი – N3.

  • ბათუმი / საგამოცდო მარშრუტი N3

მარშრუტი დაიწყება სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე[შსს-ს მომსახურების სააგენტოდან], შემდეგ – გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა – ლეონიძის ქუჩა – ტაბიძის ქუჩა – აღმაშენებლის ქუჩა – ბაგრატიონის ქუჩა – ჟიული შარტავას გამზირი – ტბელ აბუსერიძის ქუჩა – ჯავახიშვილის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – პეტრე მელიქიშვილის ქუჩა – ბაგრატიონის ქუჩა [ლერმონტოვის ქუჩამდე და უკან სელიმ ხიმშიაშვილის კვეთამდე] – სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა – და დასრულდება სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე[შსს-ს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე]:

ბათუმი, საგამოცდო მარშრუტი №3

2025 წლის 14 აპრილიდან ახალი მარშრუტი N6 დაემატება ასევე საგამოცდო მარშრუტებს ქალაქ ფოთში:

სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა კატეგორიისთვის საგამოცდო მარშრუტები წინა წლებში დაემატა.

ამ თემაზე:

რა ქუჩებზე ჩააბარებთ ბათუმში გამოცდას მართვის მოწმობის მისაღებად – 2 მარშრუტი

ორთაბათუმში ავარიის შედეგად 8 წლამდე ბავშვი დაიღუპა

დღეს, 11 აპრილს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლამდე ბავშვი დაიღუპა.

შემთხვევა ხელვაჩაურში, ორთაბათუმში მოხდა.

ავარია სოფლის სკოლასთან ახლოს მოხდა, ბავშვს ავტომანქანა ქუჩაში დაეჯახა.

ორბათუმში ხელვაჩაურის მერის წარმომადგენლის, როსტომ ფაღავას თქმით, სკოლასთან მოძრაობის შემზღუდავი ბარიერები არსებობს, თუმცა ტრაგიკული ფაქტი მაინც მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

“ბათუმელები” ევროპის ფონდის საგამოძიებო კონკურსის 2025 წლის გამარჯვებულებს შორისაა

ევროპის ფონდმა საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებულები გამოავლინა და შვიდი მედია საშუალება დააჯილდოვა.

საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და მედიის მაკონტროლებელი ფუნქციის გამორჩეული ერთგულებით შესრულებისთვის დაჯილდოვდნენ გამოცემები:

  • აი, ფაქტი
  • ბათუმელები
  • პუბლიკა
  • სამხრეთის კარიბჭე
  • საქართველოს ამბები (მთის ამბები)
  • სტუდია მონიტორი
  • ტელეკომპანია პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი

„ეს მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის დაცვაში. ისინი აშუქებენ მნიშვნელოვან მოვლენებს, ამხელენ სისტემურ კორუფციას და საჯარო პირების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, აქვეყნებენ მტკიცებულებებზე დამყარებულ ინფორმაციას.

ფონდმა ამ კონკურსით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მედიის მრავალფეროვნებისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაძლიერების მნიშვნელობას. დაჯილდოებული ორგანიზაციები მოიცავენ როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ მედიას, მათ შორის ტელევიზიასა და ონლაინ პლატფორმებს. ფონდი აღიარებს ამ მედიასაშუალებების წვლილს საზოგადოებისთვის ობიექტური და კრიტიკული ინფორმაციის მიწოდებასა და მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებაში.  ჯილდო აღიარებს მათ მიღწევებს და ხელს უწყობს მათ მნიშვნელოვანი საგამოძიებო საქმიანობის გაგრძელებაში,“ – ნათქვამია ევროპის ფონდის განცხადებაში.

ევროპის ფონდი ავრცელებს ჟიურის წევრი პროფესორების კომენტარებსაც, თუ რა ნიშნით აირჩნენ მედია საშუალებები საგამოძიებო კონკურსში გამარჯვებულებად.

“ეს მედიასაშუალებები თვალსაჩინო მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება საგამოძიებო ჟურნალისტიკამ მოახდინოს რეალური გავლენა, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დგანან ჟურნალისტები საქართველოში. გარემოსდაცვითი საკითხებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემაში არსებული დარღვევების გამოძიებით დასრულებული,  მათი მასალები უშიშრად ამხელენ უსამართლობას. მათი საქმიანობა შთააგონებს მთელ მსოფლიოში ჟურნალისტებს, რომლებსაც უწევთ მსგავს სირთულეებთან გამკლავება. ისინი ამტკიცებენ, რომ მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, სიმართლის დაუღალავი ძიება საბოლოოდ მოიტანს სასურველ შედეგს,” – ამბობს მარკ ჰორვიტი, ჟიურის წევრი, მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის პროფესორი.

„ეს მედიასაშუალებები სრულად იმსახურებენ ამ ჯილდოებს, რადგან მათ გაბედულად და შეუპოვრად გამოამჟღავნეს სახელმწიფო უწყებებსა და საჯარო პირებში გავრცელებული კორუფციული პრაქტიკები. მიუხედავად ჟურნალისტებზე გახშირებული ფიზიკური თავდასხმებისა და მედიის შეზღუდვისკენ მიმართული კანონმდებლობის გამკაცრებისა,  ისინი უშიშრად განაგრძობენ საქართველოს დემოკრატიის განადგურებისკენ მიმართული ქმედებების მხილებას, “ – ამბობს ბრანტ ჰიუსტონი, ჟიურის წევრი, გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის (GIJN) თანადამფუძნებელი, ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი.

ევროპის ფონდი განაგრძობს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდაჭერას საქართველოში, რათა ხელი შეუწყოს ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე მმართველობას. ამ ინიციატივის ფარგლებში, ფონდმა გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიზანიც იყო იმ მედია ორგანიზაციების დაჯილდოება, რომლებიც დაუღალავად აშუქებენ მნიშვნელოვან მოვლენებს და ამხელენ სისტემური კორუფციისა და არაეფექტიანი მმართველობის მრავალ შემთხვევას.

თურქეთში აქციების დროს დაკავებული 100-ზე მეტი ახალგაზრდა გაათავისუფლეს

სტამბულის სასამართლომ გამოსცა ბრძანება საპროტესტო აქციებზე დაკავებული 102 ახალგაზრდის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა 100-მდე ახალგაზრდა კვლავ პატიმრობაში რჩება – წერს თურქული გამოცემა „ბიანეტი“.

გამოცემის ცნობით, აქციაზე დაკავებულთა ოჯახების ქსელმა პირობა დადო, რომ გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს შვილების გათავისუფლებამდე.

თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, როცა სტამბულის ოპოზიციონერი მერი, იმამოღლუ, კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს. მის დაკავებას მოჰყვა ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები სტამბულსა და სხვა დიდ ქალაქებში. დემონსტრაციებში ძირითადად ჩართული იყვნენ სტუდენტები.

საპროტესტო აქციებზე სულ 1800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, აქედან 300-ზე მეტ შემთხვევაში დაიწყო გამოძიება

„ბიანეტი“, ადვოკატების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ პატიმრობაში 95-დან 100-მდე ახალგაზრდა რჩება. ადვოკატების თქმით, დაკავებული სტუდენტების ნაწილმა გამოცდები გამოტოვა, ნაწილი კი დროულად გაათავისუფლეს.

________________

მთავარი ფოტო: „ბიანეტი“

ამავე თემაზე:

თურქეთში აქციებზე დაკავებულ 139 ადამიანს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვლჭყაპი;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით შესაძლებელია ქარის გაძლიერება 17-22 მეტრ წამამდე;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +12 გრადუსია, ღელვა: 4-5 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 13 და 14 აპრილს ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 930 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
  • ტანკი – 10 580 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 048 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 26 043 ერთეული [+61]
  • MLRS – 1 360 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 127 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 32 200 ერთეული [+122]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 145 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 43 679 ერთეული [+165]
  • სპეცტექნიკა – 3 798 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 660 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 50 812 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 601 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 22 752 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 534 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 23 434 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 33 876 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში გიორგი გოგლიძეს, “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” გამო 9 წელი მიუსაჯეს

8 დაღუპული და 16 დაშავებული – რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ქალაქ დნიპროზე

რუსეთმა უკრაინას 145 დრონით შეუტია, დაზარალდა 6 ოლქი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ერთი კაცის აქცია გურჯაანში – თორნიკეს პროტესტი სიღარიბის და უსამართლობის წინააღმდეგ

„პირველ რიგში სოლიდარობა მზიას, რომელიც ყოველთვის იბრძოდა ამ ქვეყანაში მოქალაქეების და მედიის თავისუფლებისთვის. ჩემი აზრით, ეთიკური, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია მოქალაქეების ხმაა და „ბათუმელები“, რომელიც არის მზიას დაფუძნებული, ყოველთვის იყო არა მარტო ბათუმელების, არამედ საქართველოს ხმა. ჩემი, ერთი რიგითი მოქალაქის ხმაც იყო ტერორის წინააღმდეგ ყველა ხელისუფლების დროს. დიდი მადლობა მზიას და დიდი მადლობა „ბათუმელებს“ – გვითხრა თორნიკე თევზაძემ ინტერვიუს დაწყებამდე.

თორნიკე თევზაძე უცხო ენების სპეციალისტია და ბოლო ორი თვეა ჯიუტად მართავს ერთკაციან საპროტესტო აქციებს გურჯაანის მერიის შენობის წინ საპროტესტო ბანერზე წარწერით – „არა სიღარიბეს! არა უსამართლობას! არა მონობას! იბრძოლეთ ღირსეული ქვეყნისთვის და ცხოვრებისთვის!“

თორნიკე თევზაძე ამ ფორმით უერთდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, საპროტესტო აქციებზე გამოსული მოქალაქეების ორ მთავარ მოთხოვნას – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ასევე, თორნიკე სიღარიბის დაძლევას ითხოვს, რაც, მისი თქმით, რეგიონებში კიდევ უფრო ხილულია.

მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე თევზაძის ოჯახი თბილისში ცხოვრობს, თორნიკემ გურჯაანში ცხოვრება ამჯობინა.

  • გვიამბეთ თქვენს შესახებ: რამდენი წლის ხართ, პროფესიით ვინ ხართ, სად ცხოვრობთ და რას საქმიანობთ?

 უცხო ენების მასწავლებელი ვარ. ჩემი ონლაინ კურსები მაქვს, თურქულ და ფრანგულ ენებს ვასწავლი. 15 წლიდან ვარ აქტიური მოქალაქე. არასდროს არ ვყოფილვარ რომელიმე ორგანიზაციის წევრი. ყოველთვის ჩემი ნებით დავდიოდი აქციებზე, 2007-2012 წლებშიც და ახლაც. ჩემი პროტესტი ყოველთვის იყო უსამართლობის, სიღარიბის და მოქალაქეების ჩაგვრის წინააღმდეგ.

  • თუ გახსოვთ თქვენი პირველი გამოცდილება საპროტესტო აქციაზე? როდის იყო ეს, რას უკავშირდებოდა აქცია და რას ითხოვდით?

2007 წლის 7 ნოემბერი იყო. დარბევის დროს გავედი. რაღაც ნაწილში მეც მოვყევი. კრიტიკული აზრის გამო ადამიანებს დევნიდნენ და ატერორებდნენ. მახსოვს, რომ სკოლიდან, ბოლო გაკვეთილიდან წავედი აქციაზე გაბრაზებული, რადგან დავინახე, რომ იქ ადამიანებს სცემდნენ პროტესტის გამო. მე-10 კლასში ვიყავი.

15 წლის თორნიკეს პროტესტიც იყო ძალადობის წინააღმდეგ.

თუ ძალადობის წინააღმდეგ არ ავიმაღლეთ ხმა და არ გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი, თუ არ გავუწიეთ წინააღმდეგობა მოძალადეს, მაშინ ის მთელ ქვეყანას დაიპყრობს და დაგვიმონებს.

დიქტატორები და ავტორიტარები იკვებებიან ადამიანების შიშით.

თუ ჩვენ შევშინდით და დავუშვით, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში მოქალაქეზე იძალადონ უსამართლოდ, მისი კრიტიკული აზრის, პროტესტის გამო, თუ ჩვენს უფლებას არ დავიცავთ, ვიცხოვრებთ მონობაში და როგორც მოქალაქეები აღარ ვიარსებებთ, იმიტომ, რომ მოქალაქეობა ნიშნავს შეგეძლოს შენი აზრის გამოთქმა ნებისმიერ თემაზე სიტყვიერად და ნიშნავს შეგეძლო დაუპირისპირდე მოძალადეს, რომელიც კანონის სახელით ძალადობს.

საქართველოში ხშირად არის ხოლმე, მაშინაც და დღესაც, ხშირად გვეუბნებიან, რომ ეს კანონებია… ამას სინამდვილეში კანონის ძალით ძალადობა ჰქვია. კანონი უნდა იცავდეს მოქალაქეს. თუ კანონი არ იცავს მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას, მაშინ ეს კანონი უნდა გაუქმდეს და ეს კანონი არ უნდა მოქმედებდეს ქვეყანაში.

ჰიტლერიც არჩევნებით და კანონებით მოვიდა ხელისუფლებაში, ამიტომაც, კანონებითაც შეიძლება დიქტატურისა და ავტორიტარიზმის დამყარება ქვეყანაში.

  • თქვენ გურჯაანში მართავთ ხოლმე საპროტესტო აქციებს. როგორც ვიცით, ძირითადად ერთკაციანი აქციები გაქვთ. რამდენი ხანია, რაც გამოდიხართ და საპროტესტო აქციებს მართავთ?

პროტესტის დაახლოებით პირველი ერთი თვე თბილისში ვიყავი. მეც მოვყევი რამდენიმე დარბევასა და ტერორში. ამ ყველაფერმა ჩემ თავზე, ჩემ თვალწინ გაიარა, ტელევიზიით არ მაქვს ნანახი. იყო ღამისთევები, იგივე პირველი დარბევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მეც დამარბიეს, როცა სრულიად მშვიდობიანად ვიდექი. სრულიად მშვიდობიან მოქალაქეს მომდევდა სპეცრაზმი.

შეიძლება გაჩერდე ადამიანი, როცა პოლიციელი თუ სპეცრაზმი მოგდევს, მაგრამ მათ ეტყობოდათ, რომ ჩემი ცემა უნდოდათ, რასაც არანაირი გამართლება არა აქვს, მშვიდობიანად ვიდექი. რომ არ გავქცეულიყავი, მეც ისევე მცემდნენ, როგორც სხვა მოქალაქეებს სცემეს და ციხეშიც შეიძლება მოვხვედრილიყავი, მე უბრალოდ გადარჩენილი ვარ.

ერთი თვის შემდეგ ჩამოვედი გურჯაანში და გურჯაანიდან აქციებზე დავდიოდი თელავში ერთი თვე, თვე-ნახევარი. მე არ ვიცნობდი იქ არავის, არც გურჯაანში ვიცნობდი აქტივისტებს, მაგრამ ფეისბუქში ვნახე განცხადება და თელავში ვუერთდებოდი აქციებს.

ბოლო ორი თვეა თითქმის ყოველდღე გურჯაანის მერიასთან ვდგავარ. თელავიდან მოვდიოდი, სადაც ვიჩხუბეთ, იმიტომ, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და სპონტანურად გადავწყვიტე, რომ დავმდგარიყავი გურჯაანის მერიასთან და აქაც დამეწყო პროტესტი და მას შემდეგ თითქმის ყოველდღე ვდგავარ.

  • რა არის თქვენი მოთხოვნები?

მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე სინდისის პატიმრების გათავისუფლებაა, რომლებიც ფაქტობრივად ჩემ თვალწინ დააკავეს. მშვიდობიანი მოქალაქეები, ახალგაზრდა ბიჭები და ასევე მზია. მეორე მოთხოვნა არის ახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი და არა ტერორის ქვეშ და მოსყიდვით, რაც რეგიონებში განსაკუთრებულად დიდი პრობლემაა, რადგან აქ არის სიღარიბე.

ბანერზეც მიწერია. სიღარიბესაც ვაპროტესტებ და მისი დაძლევა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ხმების ყიდვა სწორედ სიღარიბესთანაა დაკავშირებული.

ევროკავშირთან ინტეგრაცია ჩემი მთავარი მოთხოვნებიდან ერთ-ერთია, რადგან ევროკავშირი და ევროპა ჩემთვის არის ღირებულებათა სისტემა და ევროპის ისტორია და ამერიკის ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამიტომაც, ჩემთვის ევროპა და ამერიკა არის მოკავშირე თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მე ფრანგულს ვასწავლი და საფრანგეთის მთავარი დევიზია – „სოლიდარობა, თანასწორობა და ძმობა“, რაზეც დგას ევროპული კულტურა და ცივილიზაცია.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ევროპის, როგორც თავისუფალი სივრცის ნაწილი.

  • რამდენად რთულია გამართო აქცია მარტო ერთმა ადამიანმა? როგორია ხოლმე ამ დროს საზოგადოების რეაქცია? რა გაძლიერებთ ასეთ დროს, რა გაძლევთ მოტივაციას?

პროტესტის რამდენიმე ეტაპი გავიარეთ მეც და ალბათ გურჯაანის მოსახლეობამაც და მერიამაც, იმიტომ, რომ მე არ მახსოვს გურჯაანში ასეთი, ერთკაციანი პროტესტი…

პირველ ეტაპზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მოსყიდულს მეძახდნენ, ეს იყო ჩემი დამცირების ფორმა, ასე ვთქვათ.

ინციდენტებიც იყო. როცა მე ვუსტვენდი, ხმამაღლა ვყვიროდი და ვაპროტესტებდი, გურჯაანის მერიის ტერასიდან გადმომასხეს წყალი, რაც მერე მედიამაც გააშუქა… მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო კამათი და უცბად ამ კამათის დროს გადმომასხეს ცივი წყალი. ეს იყო ძალიან რთული ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ 15 წლიდან აქციებზე დავდივარ და ყველაფერი გამომიცდია. პატარა ქალაქში ვართ, ჩემი უბნის ბოლოშია მერიის შენობა, მაინც ერთმანეთს ვხვდებით. ისედაც, სულ 4-5 მთავარი ქუჩა გვაქვს.

სხვა ინციდენტებიც იყო. ზოგიერთი მოქალაქე სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა, დიდი ალბათობით, „ოცნების“ მომხრეები და როცა ვუპასუხე მეც სიტყვიერად, ერთ-ერთი მოქალაქე მოვიდა, „ნაცი“ დამიძახა და დამარტყა. ჩემზე ფიზიკური თავდასხმა იყო. პოლიციაც გამოვიძახე, საქმეც იყო აღძრული გურჯაანის პოლიციაში. ესეც ძალიან რთული იყო ჩემთვის ფსიქოლოგიურად. საბოლოოდ მე არ მოვითხოვე ამ ადამიანის დასჯა, იმიტომ, რომ ის არ იყო „ტიტუშკა“ და მე კონკრეტულ მოქალაქეებს არ ვებრძვი…

მახსენდება მესამე შემთხვევა, როცა გურჯაანის მერიის მეორე შენობასთან გადავინაცვლე, ასევე გასაპროტესტებლად, ვუსტვენდი, მქონდა შეძახილები. ერთი მოხუცი მოდიოდა ჩემკენ, რომელმაც დაგდებული ქვა აიღო და ამ დროს, ზევიდან, გურჯაანის მერიის წარმომადგენელი ჩემზე გაბმულად ეძახდა – „ჩაარტყი!“…

  • ამ ყველაფრის ფონზე რა გაძლევთ მოტივაციას, რომ ისევ გახვიდეთ და გამართოთ ერთკაციანი პროტესტი?

იცით, გურჯაანის მერიის პრესსამსახურმა თქვა, რომ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რაზეც გიამბეთ. ამან პირადი ბრაზიც გამიჩინა.

ჩემი მოტივაციაა, როგორც ბავშვობაში: უსამართლობის, სიცრუის, უტიფრობის წინააღმდეგ ბრძოლა. ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რომ მოქალაქეები უსაფუძვლოდ და უკანონოდ ჰყავთ დაპატიმრებულები. იგივე მზია, იგივე სხვა სინდისის პატიმრები. ესაა ჩემი მოტივაცია პირად ბრაზთან ერთად, იმიტომ, რომ ადამიანები თვალებში გიყურებენ და გეუბნებიან – არ მომხდარა მსგავსი არაფერი, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა, არც წყლის გადმოსხმა და სხვა.

თორნიკე თევზაძე
  • პროტესტის გარდა, როგორც მოქალაქე ჟურნალისტი, ცდილობთ ადგილობრივებს ინფორმაცია მიაწოდოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. უკვე გაქვთ გვერდიც – „გურჯაანის ხმა“. საინფორმაციო ვიდეოების ჩაწერა როდის და რატომ დაიწყეთ?

 გვერდი „გურჯაანის ხმა“ იმ დღეს შევქმენი, როცა პირველად დავდექი გურჯაანის მერიასთან.

ჩემი მიზანი იყო, რომ ჩემი, ერთი კაცის პროტესტი გაეგონათ როგორც გურჯაანში, ისე მთელს საქართველოში.

ყოველ დღე, როდესაც მივდივარ გურჯაანის მერიის შენობისკენ, პირდაპირ ეთერს ვრთავ და ამით ჩემი პროტესტის შესახებ თავს ვახსენებ საზოგადოებას და იმ დღეს რაც არის მნიშვნელოვანი, იმაზე ვესაუბრები.

მეორე მხრივ, რადგან თავდასხმა იყო ჩემზე, პირდაპირ ეთერში ყოფნა თავდაცვის საშუალებაცაა… არ მინდა ხოლმე ამაზე საუბარი, მაგრამ ჩემს ქალაქში, უსაფრთხოების განცდა დამეკარგა. ხშირად ღამე არ გავდივართ ქალაქში, როცა ჩემზე თავდასხმა მახსენდება, თუმცა იმდენი რამე ხდება, ჩემი ამბავი არაფერია. ადამიანები ციხეში არიან.

  • თქვენ ისაუბრეთ თქვენს უსიამოვნო გამოცდილებებზე თქვენი პროტესტის განმავლობაში. გაქვთ საპირისპირო, კარგი გამოცდილება?

გურჯაანის მოსახლეობის დიდი ნაწილი ან თბილისშია, ან საზღვარგარეთ. აქ არიან ძირითადად დარჩენილები ან პენსიონერები, ან სკოლის მოსწავლეები.

მერიის წინ დგომისას ჩემთან ბევრი პენსიონერი მოდის და ასე ვთქვათ, თავის პრობლემებს მიზიარებს. ბევრი მათგანი მხარდაჭერასაც გამოხატავს. ერთმა პენსიონერმა მითხრა, ახალგაზრდა რომ ვიყო შენ გვერდით დავდგებოდიო. ერთი სკოლის მოსწავლის მშობელმა მითხრა – ჩემს ოჯახს აშინებენ და არ შემიძლია შენ გვერდით დგომაო.

„გურჯაანის ხმის“ კომენტარებშიც ბევრი მიწერს, რომ გაძლიერდა და ჩემმა პროტესტმა იმედი მისცა.

ბევრი პენსიონერი მოდის ხოლმე და ხელჯოხებით ჩერდებიან. დიდხანს გაჩერება, რა თქმა უნდა, პენსიონერებს არ შეუძლიათ…

როგორც სხვაგან, ისე გურჯაანშიც, სიღარიბეა მთავარი პრობლემა. ჩემს საპროტესტო ბანერზე მიწერია: „არა სიღარიბეს! არა უსამართლობას! არა მონობას!“.

ერთი კაცი მოვიდა და მითხრა – „მე ღარიბი ვარ და შენ ხარ ჩემი ხმა“. სახელი მითხრა და მთხოვა, რომ მისი სახელი არ დავივიწყო.

სკოლის მოსწავლეც მოსულა, რომელსაც უთქვამს, რომ ბუფეტში ძალიან ძვირი ღირს საჭმელი და მას არ შეუძლია ფუნთუშის ყიდვაც კი.

აფხაზეთიდან დევნილი ერთი ქალიც იყო ჩემთან მოსული, რომელიც სახელმწიფოსგან ითხოვდა დახმარებას, მაგრამ რადგან კრიტიკულადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მას ძალიან გაუჭირდა ამ დახმარების მიღება…

ჩემთვის ყოველი დღე ახალი პროტესტის დასაწყისია. ხანდახან მგონია, რომ ერთი დღე ერთი საუკუნეა, იმდენად ბევრი რამ ხდება ქვეყანაში. ყოველი ახალი დღე, მგონია, რომ ხელახლა ვიწყებ პროტესტს და ხელახლა ძალა მჭირდება, რომ გავიდე ჩემი უბნის ბოლოში… გურჯაანის მერია ჩემს უბანშია. იქ რომ ვდგავარ, ხშირად მომაძახებენ ხოლმე – „მართალი ხარ!“ და ეს ისე მნიშვნელოვანია!

ქუჩაშიც გავუჩერებივარ და მადლობა უთქვამთ ჩემთვის. ეს მე ძალიან მაძლიერებს.

  • რას ეტყვით ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებზე მდგომ თანამებრძოლებს. რა არის თქვენი სათქმელი გურჯაანიდან?

ერთი მოქალაქის ბრძოლას აქვს დიდი ძალა, ერთ მოქალაქეზე დგას ჰუმანური და სამართლიანი სახელმწიფო და მთლიანად საზოგადოება.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ პროტესტის შენარჩუნება. ყველას არ აქვს იმის ძალა, რომ დაუპირისპირდეს ასეთ მოძალადე რეჟიმს, მაგრამ ვინც ვიბრძვით, ჩვენ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, ერთმანეთს ხმა მივაწვდინოთ და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთი ადამიანი დგას გარეთ მარტვილშიც, მზისა გაბეშია.

ერთი ადამიანი ვიქნებით, ხუთი, ათი თუ თხუთმეტი, ამ სიბნელესა და ტერორში, ჩვენი ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია.

სახიფათო ლიანდაგი ბათუმში, სადაც 13 წლის მოზარდი მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა

„სანამდე უნდა შევწიროთ შვილები მსხვერპლად? ულამაზესი, უკარგესი ბავშვი გამოასალმეს სიცოცხლეს. დღეს სხვისი იყო, ხვალ შეიძლება ჩვენი იყოს, არაფრისგან ვართ დაზღვეული და დაცულები“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები ნონა ფარტენაძე.

ბარცხანაში, 8 აპრილს, მატარებელი 13 წლის დათუნას დაეჯახა, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. ლიანდაგი, სადაც დათუნა დაიღუპა, შემოსაზღვრული არ არის, აქ არც გამაფრთხილებელი ნიშნებია. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს არ არის უბედური შემთხვევის პირველი ფაქტი. აქ გვითხრეს, რომ ამ გადასასვლელმა უკვე ათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ბოლო წლებში.

8 აპრილს, ბარცხანაში ლიანდაგზე გადასვლისას მატარებელი მოზარდს დაეჯახა. აქ დათუნას მოსაგონებლად ახლა ყვავილები ალაგია

მატარებლის ლიანდაგი, რომელიც დასახლებულ პუნქტსა და სკოლას შორის გადის, შემოსაზღვრული არ არის. სკოლაში ასობით ბავშვი სწავლობს, რომლებიც თითქმის ყოველდღე გადადიან ლიანდაგზე, რომლის ირგვლივ, უსაფრთხოების არცერთი ნორმა არ არის დაცული.

აქ არც შუქნიშანი დგას, არც გამაფრთხილებელი წარწერებია, რომელიც ბავშვებს ან თუნდაც მოზარდებს შეახსენებს, რომ ლიანდაგზე გადასვლისას სიფრთხილე გამოიჩინონ, რადგან აქ მატარებელი მოძრაობს.

როგორც მოსახლეობა ამბობს, არც „საქართველოს რკინიგზას“ და არც ბათუმის მერიას, უსაფრთხოების ზომები არ მიუღიათ.

ლიანგადი ბარცხანაში.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„უდიდესი ტრაგედიაა.

მერამდენე შემთხვევაა უკვე, როცა ამ ლიანდაგზე ადამიანი იღუპება. ნუთუ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები არაფრად ვღირვართ ამ ქვეყნისთვის, ამ ხელისუფლებისთვის, რომ ეს გადასასვლელი მოგვიწესრიგონ.

ორი წლის წინ ტურისტი ქალი მოკლა აქ მატარებელმა, ერთ ბავშვს ფეხი მოაჭრა და კიდევ იყო არაერთი შემთხვევა, დაღუპვის და ადამიანის დასახიჩრების.

ვითხოვთ, რომ გაკეთდეს ლიანდაგზე უსაფრთხო გადასასვლელი.

„ვწუხვართ“ და „სამწუხაროა“ – ეს გვესმის მხოლოდ. არანაირი პასუხისმგებლობა არავისგან. კეთილი ინებონ და მიიღონ შესაბამისი ზომები, ვისაც ამის მოწესრიგება ეხება“- ამბობს ნონა ფარტენაძე.

ლიანდაგი არ არის შემოსაზღვრული, არ დგას გამაფრთხილებელი ნიშნულები, არ არის დაცული უსაფრთხოება.

ამავე უბანში ცხოვრობს ლევან ცერცვაძეც. სახიფათო ლიანდაგის გადაკვეთა მის 14 წლის შვილსაც თითქმის ყოველდღე უწევს.

„რაც ეს ფაქტი მოხდა, ამის შემდეგ მარტო ვეღარ ვუშვებ.

ეს არ არის პირველი და ხედავთ, რომ აქვე საჯარო სკოლაა, სადაც უამრავი ბავშვი სწავლობს და შეიძლება კიდევ მოხდეს ასეთი შემთხვევა.

აქ თუ რაიმე პრევენცია არ მოხდა უსაფრთხოების, სადაც არის სკოლა და სწავლობენ ჩვენი პატარები, დაცული ვერ იქნებიან ჩვენი შვილები.

მილიონი ვარიანტი შეიძლება გააკეთონ. არსებობს ამის გამოცდილება და შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება“ – ამბობს ლევან ფარტენაძე.

ლიანდაგზე მოსახლეობას ხის ფიცრები აქვს დაგებული, რომელიც უკვე დაზიანებული და დამპალია.

ბარცხანაში ლიანდაგი სკოლასა და დასახლებულ პუნქტს შორის გადის.

„აქ შეიძლება ადამიანს ფეხი ჩაუვარდეს ან დაუცურდეს და ის მანევრი ვერ გააკეთოს, რომ დროულად გადავიდეს მეორე მხარეს უსაფრთხოდ და გადაასწროს მატარებელს.

სანამ ბარცხანის ხიდი გაკეთდებოდა, აქ მანქანებიც გადადიოდნენ და იდგა შლაგბაუმიც. იდგა გამაფრთხილებელი ნიშნებიც, მაგრამ რაც ეს ხიდი გაკეთდა, ბარცხანის ტერიტორიას პატრონი აღარ ჰყავს“ – ამბობს ლევანი.

მისი თქმით, როცა მთავრობა ხედავს, რომ არაერთი დაზარალებული და დაღუპულია, მოსახლეობამ რომც არ მიმართოს, თავად უნდა მიიღოს დროული ზომები.

„სანამ ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, მანამდე ხომ უნდა მისულიყვნენ იმ დასკვნამდე, რომ პრობლემაა აქ. თვითონ ხომ უნდა ხვდებოდეს ადამიანი, რომელიც ამოწმებს თუნდაც სკოლის უსაფრთხოებას, რომ ლიანდაგი არის გაშიშვლებული და ბავშვს შეუძლია გადაირბინოს ან უბრალოდ ითამაშოს აქ. მით უმეტეს, რომ აქვე, ლიანდაგის გვერდითაა სათამაშო მოედანი, სტადიონი, რამდენი ბავშვი თამაშობს აქ ზაფხულობით და ყოველდღიურად უწევთ ამ საფრთხის გადალახვა.

შემაძრწუნებელია ის, რაც მოხდა.

სასწრაფოდ მისაღებია უსაფრთხოების ზომები“ – ამბობს ლევან ცერცვაძე.

სახიფათო ლიანდაგი ბარცხანაში.

ნატა სულავაც ამ უბანში ცხოვრობს. მას აუტისტური სპექტრის მქონე შვილი ჰყავს და ამბობს, რომ ისიც ხშირად მოძრაობს ამ გზაზე.

„ამასწინათ გამოიპარა სკოლიდან და ძლივს გადაარჩინა მეზობელმა. არავინაა დაცული და ვითხოვთ, რომ ეს გზა გახდეს უსაფრთხო და დაცული.

ჩვენც გადავდივართ ამ გზაზე უფროსები და ყოფილა შემთხვევა, მეც მომპარვია მატარებელი ისე, რომ ვერ შევამჩნიე, რადგან ზოგჯერ გაძლევს სიგნალს, ზოგჯერ – არა და ძლივს გადავრჩენილვართ.

მე მგონი, საქართველოს ბიუჯეტს აქვს ამის საშუალება, რომ აქ ღობე გაკეთდეს. საშინლად განერვიულებულები ვართ ყველა და შეშინებული. „ვიზიარებ“ და „ვწუხვარ“ არ შველის ამ ამბავს, დაუყოვნებლივ მიიღონ უსაფრთხოების ზომები“ – ამბობს ნატა სულავა.

ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად მოითხოვს, შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და გზა გახადონ უსაფრთხო.

დაუცველად გრძნობს თავს მარიამ სამნიძეც.

„გადასასვლელი არ გვაქვს. არც ღობეა, არც გამაფრთხილებელი რამ. გადასასვლელი ფიცრები დამპალია, აქ შეიძლება ჩავარდე. ტვირთით მოვდიოდი ამასწინათ და ძლივს გადმოვედი, ძალიან გამიჭირდა. თხოვნით მივმართავთ ყველას, ვისაც ეხება, რომ გაგვიკეთონ უსაფრთხო გადასასვლელი“ – გვეუბნება ის.

„ბათუმელებს“ კიდევ ერთმა მოქალაქემ უთხრა, რომ ბეწვზე გადარჩა ლიანდაგზე გადასვლისას:

„მეც მქონდა შემთხვევა და გადამარჩინეს. ლიანდაგზე რომ გადმოვდიოდი, ვერ დავინახე მატარებელი. ხმაც არ ისმოდა, ისე მოდიოდა. აქვე ბიჭები ისხდნენ ფანჩატურში. დამიძახეს – „ფრთხილად, მატარებელიო“ და ერთი ნაბიჯით გადმოვიწიე უკან, თორემ დიდი შანსი იყო, მეც იგივე დამმართოდა.

ღამით კიდევ უფრო სახიფათოა აქ გადასვლა, შეიძლება ფიცარი ჩაგიტყდეს, ფეხი ჩაგივარდეს და ვეღარ მოასწრო გადმოსვლა.

ამხელა სკოლაა აქ, სკოლასა და მოსახლეობას შორის ლიანდაგი არ უნდა იყოს და თუ არის, უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშნები და დაცული უნდა იყოს უსაფრთხოება“ – ამბობს შორენა ბარაბაძე.

ბავშვის დაღუპვის დღეს „საქართველოს რკინიგზა“ მხოლოდ სამძიმრით შემოიფარგლა, ბათუმის მერიას კი, ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

ვიდეო:

Exit mobile version