„გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება: აჭარის ტელევიზიის შესაბამისმა თანამშრომელმა, რომელმაც თითქოსდა მხოლოდ 44-წამიანი კადრი მისცა გამომძიებლებს, თუ თავად გამოძიებამ?“ – ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს და ყურადღებას ამ საქმეში სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე ამახვილებს.
დღეს, 7 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტის და მედიამენეჯერის „მზია ამაღლობელის საქმის“ არსებითი განხილვის მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე პროკურატურის სამ მოწმეს მოუსმინეს, მათ შორის, იყო გამომძიებელი გურამ დიასამიძე.
სასამართლოს გადაწყვეტილების სავარაუდო შეუსრულებლობა ეხება „აჭარის ტელევიზიის“ მიერ გადაღებულ ვიდეოკადრს, რომელიც „ოცნებამ“ მანიპულაციურად გამოიყენა და რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილას აწნის.
სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების მიხედვით კი, პროკურატურას 11-12 იანვრის საპროტესტო აქციის სრული ჩანაწერი უნდა ამოეღო „აჭარის ტელევიზიიდან“ ე.წ. შავი მასალის ჩათვლით.
სასამართლოს გადაწყვეტილების ამ მოთხოვნის მიუხედავად, გამომძიებელმა გურამ დიასამიძემ მოსამართლე ნინო სახელაშვილს უთხრა, რომ „მოხდა იმ ჩანაწერის გამოთხოვა, რაც დანაშაულის ფაქტს ასახავდა“.
„ბრალდება ვალდებული იყო, სრულად წარმოედგინა ეს ვიდეოები. ამის არგაკეთება არის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რაც არის დანაშაული. გამოძიებას მხოლოდ 44-წამიანი ვიდეო აქვს წარმოდგენილი საქმის მასალებში…“ – ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.
მაია მწარიაშვილი პროკურატურას ახსენებს კანონის მოთხოვნას: გამოძიება უნდა ჩატარდეს სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად. იურისტი განმარტავს, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს არამხოლოდ ბრალდების ინტერესის შესაბამისად, არამედ მზია ამაღლობელის ინტერესის შესაბამისად, საქმეზე ობიექტური სიმართლე რომ დადგინდეს.
„მაგრამ გამოძიებამ გააკეთა ყველაფერი, რომ მზია ამაღლობელის ინტერესი არ გაეთვალისწინებინათ და მხოლოდ ბრალდების ინტერესით ეწარმოებინათ გამოძიება… ამიტომაც, ჩვენ მივმართავთ გენერალურ პროკურორს და მოვითხოვთ იმის დადგენას, ვინ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება,“ – გვითხრა მაია მწარიაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლოს შრომას ვადით 180-დან 240 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით. იგივე ქმედება მოხელის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ ისჯება, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე.
„განჩინებაში რა წერია?“ – ჰკითხა სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაბარებულ გამომძიებელს, გურამ დიასამიძეს საიას იურისტმა ჯუბა ქათამაძემ. გამომძიებელს ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ამოუკითხა სასამართლოს განჩინებაში ჩაწერილი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც პოლიციის დეპარტამენტთან ჩატარებული აქციის მასალა სრულად უნდა ამოეღო „აჭარის ტელევიზიიდან“ გამოძიებას „შავი მასალის“ ჩათვლით.
„ჩანაწერები, რომელიც სცილდებოდა კონკრეტულ მისამართს, ამ შემთხვევაში მათი გამოთხოვა ვერ მოხდებოდა… განჩინების ფარგლებში, რის საშუალებაც მოგვცა განჩინებამ, საქმისთვის რაც იყო არსებითი, იმ ფარგლებში გამოვითხოვეთ,“ – განაცხადა გურამ დიასამიძემ.
„ორ ნაწილად გავიგე მე ბატონი გურამის პასუხი: ერთი ის, რომ განჩინების ფარგლებს ვერ გავცდებოდი… საუბარია კონკრეტულ იმ მისამართზე, რაც განჩინებაშია ასახული, მეორე პასუხია, რომ რაც ჩათვალა საქმესთან კავშირში, გამოითხოვა მხოლოდ ის ინფორმაცია,“ – გამომძიებლის პასუხი შეაჯამა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.
„ვიდეო მასალებში, რაც არ ამოიღეს, ჩანს, რომ იქ არაფერს არ აშავებს მზია, სამაგიეროდ ჩანს, რატომ აკავებენ მზია ამაღლობელს, რომ მას უსაფუძვლოდ აკავებენ და მანიფესტაცია არ გასცდენია კანონით დადგენილ ფარგლებს. ასევე, ჩანს ბატონი დგებუაძე, რომელსაც სახეზე სიწითლე არ აღენიშნებოდა, მაგრამ გამოძიება წარმოადგინა მხოლოდ 44-წამიანი ჩანაწერი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მაია მწარიაშვილმა.
- რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.
მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.
მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი, ამ საქმიდან მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა. „მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.
2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.
საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო. მზია ამაღლობელის ადვოკატებს ჯერ კიდევ არ ჩაჰბარებიათ მოსამართლე სალიხ შაინიძეს გადაწყვეტილება. ისინი მის გასაჩივრებას სააპელაციო წესით აპირებენ.
მზია ამაღლობელის ადვოკატები „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ევროსასამართლოს მიმართავენ.