მთავარი,სიახლეები

„რუსეთმა პატიმრების რესურსი ამოწურა, კონტრაქტს უკვე არალეგალებსაც უფორმებენ“- ინტერვიუ გენერალთან

11.04.2025
„რუსეთმა პატიმრების რესურსი ამოწურა, კონტრაქტს უკვე არალეგალებსაც უფორმებენ“- ინტერვიუ გენერალთან

„რუსეთს რომ უჭირს, ამის ერთ-ერთი მაგალითია ახალი კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც არამხოლოდ რუსეთის მოქალაქეს, არამედ რუსეთში მყოფ არალეგალებსაც და ასეთი ბევრია რუსეთში შუა აზიიდან, ჩინეთიდან და აფრიკიდან, შეუძლიათ შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმება. კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, მათ შეეძლებათ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღება, თუ ცოცხალი გადარჩნენ,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს.

გენერლის დაკვირვებით, რუსეთს უღირს ომი მაქსიმალურად გააჭიანუროს და ხალხს დააჯეროს, ვომობთ და ამიტომ გვიჭირსო. „რუსეთის მთავარი ამოცანაა ამ ეტაპზე რუსული ტერიტორიების დაბრუნება მაინც შეძლოს. ეს ეხება კურსკს და ბელგოროდს. ეს მაინც უნდა ჰქონდეს პუტინს სათქმელი შიდა აუდიტორიისთვის… არავითარ დონბასსა და ოდესაზე საუბარს არა მგონია დღეს რამე აზრი ჰქონდეს,“ – მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე.

გადამდგარი გენერლის თქმით, ამ ეტაპზე არც უკრაინაა მზად, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებს დასავლეთი უკრაინის დახმარებას.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • დღეს, 11 აპრილს, პუტინს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხვდება. რამდენად მოსალოდნელია ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში, რა იკვეთება ამ ეტაპზე?

თუ არ ვცდები, ეს ის პიროვნებაა, რომელიც ამბობდა, რომ პუტინმა სანთელი დაანთო ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, წავიდა და ილოცა მისი გადარჩენისთვისო.

უცნობია, როგორ განვითარდება ეს პროცესები, თუმცა, ჩემი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კონკრეტულ, უფრო ქმედით მოლაპარაკებებს სექტემბრიდან უნდა ველოდოთ. მანამდე რუსები შეეცდებიან რაღაც ტიპის აქტიურობა აჩვენონ, რომ თითქოს ისინი აკონტროლებენ ვითარებას საომარ დაპირისპირებაში.

  • ეს აწყობს პუტინს პოლიტიკური მიზეზით, რომ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას უთხრას, ვომობთ და ამიტომაც უნდა გავიჭირვოთო, თუ მას შემორჩა სამხედრო რესურსი იმისთვის, რომ თუნდაც დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავიდეს? 

ეს გამორიცხულია. რუსეთი ვერავითარ გარღვევას ამ ეტაპზე ვერ მოახდენს. გარღვევისთვის საჭიროა ძალები, რომლებიც ამას განახორციელებენ, ასევე, საჭიროა მეორე ეშელონი, რომელიც ამ გარღვევაში შევა და რეზერვი, რომელიც შემდეგ ამ მონაკვეთს დაიცავს. ეს შესაძლებლობა დღეს რუსეთს არ გააჩნია. რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ იწევს და იმას აჩვენებს, რომ აქტიურია ბრძოლის ველზე, დაპირისპირებაში კონტროლს ახორციელებს.

ის საგაზაფხულო სწავლება, რომელიც დაგეგმილია ბელორუსიაში ბელარუსიის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ძირითადად ძალის და ინიციატივის ჩვენებისკენ მიმართული ქმედებაა, ვიდრე სამხედრო მიზნებით განპირობებული გადაწყვეტილება.

რუსეთის მთავარი ამოცანაა ამ ეტაპზე რუსული ტერიტორიების დაბრუნება მაინც შეძლოს. ეს ეხება კურსკს და ბელგოროდს. ეს მაინც უნდა ჰქონდეს პუტინს სათქმელი შიდა აუდიტორიისთვის, რომ რუსული ტერიტორიები უკან დაიბრუნეს. არავითარ დონბასსა და ოდესაზე საუბარს, არა მგონია, დღეს აზრი ჰქონდეს.

  • რუსეთი ცდილობს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დასავლეთმა მას სანქციები მოუხსნას. არც ეს გამოსდის? 

დიახ, რუსეთი ამას ცდილობს და გარკვეულ შეღავათებს მიიღებს კიდეც, ტრამპის პოზიციებიდან გამომდინარე.

თუმცა, არა მგონია, რუსეთმა რამე გარდამტეხი შეღავათი მიიღოს. ის ამით გარდამტეხ შვებას ვერ იგრძნობს.

  • ბოლო პერიოდში დრონებით ორივე მხრიდან აქტიური თავდასხმის გარდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ფაქტობრივად დაიწყო ახალი შეტევა სუმის და ხარკოვის რეგიონებზე.

მოვისმინე სირსკის და ზელენსკის განცხადებები. ჩემი აზრით, ეს უფრო პოლიტიკური განცხადებებია, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს დასავლეთის დახმარება უკრაინის მიმართ.

ამ მიმართულებაზე შეტევა კარგა ხანია მიმდინარეობს. უბრალოდ ამინდების გამო იყო შეფერხება და შეჩერებული იყო სროლა, ახლა კი, ისევ გააქტიურდა შეტევები. ცალკეულ მონაკვეთზე 30-დან 50-მდე შეტევა ხორციელდება, თუმცა ეს არის ტაქტიკური, მცირე ზომის დანაყოფები. გარკვეულ მეტრებზეა მხოლოდ საუბარი.

უკვე 3 წელი გავიდა. უკრაინას არ დაუკარგავს ეს დრო და სიღრმეში, მეორე და მესამე ეშელონების თავდაცვითი ზღუდეები მოამზადა.

რუსეთში ფაქტობრივად საგაზაფხულო გაწვევა მომზადდა, 160-ათასიანი მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული, თუმცა ეს არის ძალა, რომელიც ბაზების დაცვას და როტაციას მოხმარდება. ეს არ არის ის ძალა, რომლითაც ახალი დაჯგუფება შეიქმნება და ამით მნიშვნელოვან შეტევას განახორციელებს რუსეთი. გაწვევის შედეგად მობილიზებული პირადი შემადგენლობის რაღაც ნაწილი, რა თქმა უნდა, კონტრაქტით გააგრძელებს სამსახურს და მოხვდება წინა ხაზზე, მაგრამ ეს არ არის ის ძალა, რომელიც გარდატეხას შეიტანს ფრონტზე.

უკრაინაში ჯერ ისევ ცუდი ამინდებია, ბოლო სამი დღე ისევ თოვდა, ამას დაემატება წვიმიანი ამინდები, „რასპუტიცა“. მაისიდან, მშრალი ამინდების დადგომის შემდგომ, რუსების ქმედება კიდევ უფრო გააქტიურდება საზაფხულო კამპანიის მოსამზადებლად. ამ ძალებით და რესურსებით, რომელიც ახლა აქვს რუსეთს, არა მგონია რუსეთმა მნიშვნელოვანი რამის მიღწევა შეძლოს.

  • ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინული ძალები ჩასივ იარის მახლობლად დაწინაურდნენ… რა ხდება ამ მიმართულებით? 

დიახ, ჩასივ იართან და პოკროვსკისთანაც უკრაინელებმა წაიწიეს წინ. მათ უკეთესი თავდაცვითი პოზიციები დაიკავეს მოწინააღმდეგის სიღრმეში.

ამ ეტაპზე არც უკრაინელებს არ აქვთ იმის რესურსი, რომ რაღაც ტერიტორიების დაბრუნებაზე იფიქრონ და ეს განახორციელონ. საუბარია უფრო ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებაზე, ვიდრე რაღაც კონტრშეტევაზე.

  • რამდენად იცვლება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობა დახმარების ახალი პაკეტით? უკრაინას ამჯერად 350 მილიონს – ბრიტანეთი, ხოლო 100 მილიონს ნორვეგია მისცემს.

სხვა ქვეყნებიც მნიშვნელოვან დახმარებას აწვდიან უკრაინას, თუმცა ეს დახმარება, რაც მიდის უკრაინაში, არის საშუალება, არ დამარცხდეს უკრაინა ამ დაპირისპირებაში, რომ შეძლოს თავისი პოზიციების შენარჩუნება.

ეს არ არის ის დახმარება, რომლითაც გარდატეხა მოხდება და უკრაინა გადავა დიდ, ოპერატიულ დარტყმაზე დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

აქამდე უკრაინამ რასაც მიაღწია, მეტწილად ეს არის დასავლეთის დახმარების შედეგი. შესაბამისად, ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. საყურადღებოა ახლა ის, რომ ამ დახმარების ხარისხი უმჯობესდება: აღმოსავლეთ ევროპაში დაგროვილი საბჭოთა წარმოების სისტემები ფაქტობრივად გაიხარჯა, ამდენად, უკრაინელები უკვე იღებენ ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულ, მოწინავე სამხედრო ტექნიკას.

ამის გარდა, დასავლეთმა თავად დაიწყო თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა და სამხედრო ინდუსტრიის ამუშავება. ბოლო 3 წელია ამას დასავლეთი უკვე აქტიურად ცდილობს. იგივე კარგად ნაცნობი საავტომობილო კომპანია „ფოლკსვაგენი“, რომელმაც რუსეთი დატოვა, აპირებს აწარმოოს სამხედრო პროდუქცია „ჰიუნდაის“ და „კიას“ მსგავსად. როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეაში „ჰიუნდაი“ ტანკებსაც აწარმოებს ავტომანქანებთან ერთად.

ევროპის ქვეყნები, პირველ რიგში, ცდილობენ იმას, რომ თავიანთი შეიარაღება ჰქონდეთ – კრიტიკული მინიმუმი. მიდგომა ცხადია უკვე – აშშ-ს გარეშე ევროპამ საკუთარი თავის დაცვა უნდა შეძლოს. შესაბამისად, ყველაფერს, რასაც ევროპის ქვეყნებში ამზადებენ, უკრაინაში ვერ გააგზავნიან.

დიდი დილემების პირობებში უწევს ევროპას უკრაინისთვის დახმარების გაწევა.

  • რამდენად ვითარდება სამხედრო მრეწველობა უკრაინაში? F-16 გამანადგურებლებსა და 1 მილიარდ ევროს უკრაინა ბელგიისაგან მიიღებს. ბელგიის პრემიერის თქმით, ეს თანხა გამოყენებული იქნება იარაღის შესაძენად და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასაძლიერებლად. 

აქტიურად ეხმარებიან უკრაინას, მათ შორის, სამხედრო მრეწველობის აღდგენის კუთხით და ეს პროცესი გრძელდება.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ იგივე F-16 უკრაინას არცერთი ერთეული არ მიუღია აშშ-დან – ყველა მიიღო ევროპიდან. საუბარია იმაზე, რომ შვედები აპირებენ უკრაინას გადასცენ „გრიპენის“ ტიპის თვითმფრინავები, ასევე ფრანგებმა გადასცეს „მირაჟ ჯეთსი“ იმ პირობებისთვის, თუ აშშ შეწყვეტს, მაგალითად, F-16-ების უზრუნეველყოფას.

ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონთ ამერიკაში იარაღის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ისმის მოწოდებები, რომ უნდა დაეხმაროს აშშ უკრაინას, რადგან იარაღის მიწოდებით აშშ-ში დიდი რაოდენობით თანხა შედის. ამ იარაღს აშშ უფასოდ არ იძლევა.

  • თქვენ სექტემბერი ახსენეთ. რა ლოგიკით შეიძლება აწყობდეს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა შემოდგომისთვის? 

რუსეთის სამხედრო რესურსები სავალალო მდგომარეობაშია დღესდღეობით. ერთადერთი ქარხანა აქვთ „ურალვაგონ ზაოდი“, რომელიც ნულიდან აწყობს ტანკებს, T-90-ს, სხვა ქარხნები კი, მხოლოდ ამწყობია და არა მწარმოებელი.

მაგალითისთვის, აეროკოსმოსური გადაღებებიდან ჩანს, რომ ერთ-ერთ საბჭოთა კავშირის დროინდელ ბაზაზე 6 ათასი ტანკი იდგა – T-72, ახლა 2 ათასია დარჩენილი. რუსებს საწყობიდან, სტრატეგიული მარაგებიდან გამოაქვთ ტექნიკა. ისე არაა, რომ რუსეთსაც რესურსები აქვს თავზესაყრელი. ამ პირობებში რუსეთი იძულებულია ჩრდილოეთ კორეიდან მიიღოს ტექნიკა, მაგრამ არა მგონია, მხოლოდ ბრინჯში გაუცვალონ ეს ტექნიკა. ეჭვი მეპარება, ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღის ტექნოლოგიებზეც იყოს საუბარი.

ამ ტიპის ომის საწარმოებლად რუსეთს რესურსი ამ ინტენსივობით კიდევ რამდენიმე წელი ეყოფა, მაგრამ მათ გარდატეხის შეტანის რესურსი არ აქვთ.

ვფიქრობ, ეს დაპირისპირება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც გაგრძელდება, რაც საშუალებას მისცემს რუსეთს, გარკვეული ძალები შეინარჩუნონ ფრონტის ხაზზე. ის ამ დაძაბულობას შეინარჩუნებს საზღვარზე და ეს დაძაბულობა ათეულობით წლით გაგრძელდება.

რუსეთს რომ უჭირს, ამის ერთ-ერთი მაგალითია ახალი კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც არამხოლოდ რუსეთის მოქალაქეს, არამედ რუსეთში მყოფ არალეგალებსაც და ასეთი ბევრია რუსეთში შუა აზიიდან, ჩინეთიდან და აფრიკიდან, შეუძლიათ შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმება. კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კი, მათ შეეძლებათ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღება, თუ ცოცხალი გადარჩნენ.

  • ეს აჩვენებს იმას, რომ რუსეთს ადამიანური რესურსიც პრობლემა აქვს? 

რუსეთს სამობილიზაციო რესურსი აქვს 15-დან 20 მილიონამდე, აქედან 5 მილიონი უკვე სამხედრო გამოცდილებითაა, მაგრამ ერთბაშად ამ რაოდენობის ადამიანების მომზადება, აღჭურვა, კვება – სერიოზულ თანხას მოითხოვს, თორემ ხალხის რაოდენობა არის. არალეგალების კომპენსირება კი იაფი დაუჯდება, მათი დაღუპვაც მტკივნეულად არ აისახება, ისინი სრულიად თავისუფლად შეიძლება გაწირონ.

ფაქტია, რომ რუსეთმა ციხეების [პატიმრების] რესურსი უკვე ამოწურა, ეს რესურსი კი, კიდევ დარჩა და ახლა აქტიურად შეეცდება გამოყენებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: