მთავარი,სიახლეები

გალიფ ოზთურქს 8 წელი მიუსაჯეს

27.02.2023 • 7993
გალიფ ოზთურქს 8 წელი მიუსაჯეს

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გალიფ ოზთურქს შეუფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი დღეს, 27 თებერვალს, გამოაცხადა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ.

მოსამართლემ სასჯელის მინიმალური ოდენობა შეუფარდა ოზთურქს – ნარკოდანაშაული, რომლის ჩადენასაც პროკურატურა ედავება ბიზნესმენს, 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაცვის მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა თავდაპირველად პროკურატურა მას ნარკოდანაშაულის ჩადენის მუხლით მიედავა, 9-თვიანი ინტერვალის შემდეგ კი, ფინანსურ დანაშაულზე წარუდგინეს ბრალი – უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და ფულის გათეთრების მუხლებით.  

ნარკოდანაშაულის საქმეზე, პროკურატურის ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

სავარაუდო ფინანსურ დანაშაულზე კი, ოზთურქის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა. 

—————

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

2022 წლის 5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

ამ თემაზე:

ოზთურქის ბინიდან „კოკაინი“ ხელთათმანების გარეშე ამოიღეს – რა თქვა ექსპერტმა 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: