„მაგალითად, BMC-ის კლინიკაში რომ შეხვიდე, დაახლოებით 3 კილომეტრი უნდა გაიარო მოსაბრუნებლად, თუ გინდა, რომ არ დაჯარიმდე. სკოლასთანაც დამატებით კილომეტრ-ნახევარი უნდა გაიარო, რომ მობრუნდე,“ – გვიყვებიან ხელვაჩაურში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზაზე ახალ საგზაო მონიშვნებს აპროტესტებენ.
საუბარია ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციაზე – 2 თვის წინ აქ უხარისხოდ დაგებული ასფალტი აყარეს და ხელახლა დააგეს. ამ გზის რეაბილიტაცია 2023 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო. ჯერ კიდევ უცნობია, როდის დასრულდება სამუშაოები. სამუშაოებს ის კომპანია ასრულებს, რომელიც თბილისში წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციაზე მუშაობდა ეგრეთ წოდებული „გუთენტრაკენის მეთოდით“.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხალვაშის გამზირის [ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის დასაწყისი] რეაბილიტაციაზე ტენდერი 22,2 მილიონი ლარით გამოაცხადა; ხელშეკრულება შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე აქვს გაფორმებული.
მოქალაქეები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე კიდევ ბევრი საზოგადოებრივი ობიექტია, სადაც ახალი, საგზაო მონიშვნების მიხედვით, პირდაპირ ავტომანქანით ვერ შეხვალ, მაგალითად, საბავშვო ბაღი, ბენზინგასამართი სადგური, მუზეუმი „ბორჯღალო“, ავტოსახელოსნოები, სუპერმარკეტები, სარიტუალო დარბაზები, სადაც ქორწილები იმართება.
„ყველგან არის სწორად დახაზული, სტანდარტის შესაბამისად,“ – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრში. აქ ყურადღებას ამახვილებენ ამ გზის სტატუსზე, რომ ის ცენტრალურია და წყვეტილი იმ მონაკვეთებში, რაზეც მოქალაქეები საუბრობენ, არც უნდა იყოს.
„შუქნიშნებით აღიჭურვება ეს გზა, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, როგორც ავტომანქანის მძღოლებისთვის, ისე ქვეითებისთვის. ამ 3-კილომეტრიანი მონაკვეთზე მოეწყობა ბათუმის მხრიდან 4 შუქნიშანი, ხოლო ხულოს მხრიდან – 3 შუქნიშანი, ასევე იქნება ზებრა გადასასვლელები.
სკოლასთანაც არ უნდა იყოს წყვეტილი, შუქნიშანი უნდა იყოს, რომელიც დაარეგულირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითების გადაადგილებას.
წყვეტილი არც ყოფილა ამ მონაკვეთზე – გზა სიძველის გამო არ იყო დახაზული, გზა მოწესრიგდა და დაიხაზა სტანდარტის შესაბამისად,“ – გვითხრეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრში.
___
ამ თემაზე:
„ფული მიაქვთ ჯიბეში“ , ანუ როგორ გააკეთეს ხალვაშის გამზირი – გამოკითხვა ხელვაჩაურში