„ოცნების ქალაქში“ რაც მოხდა და 2 ბავშვი დაიღუპა, იგივე უნდა მოხდეს აქაც, ვინმემ ყურადღება რომ მიაქციოს აქაურობას?“ – გვითხრეს ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც ბათუმში, იუსტიციის სახლთან ჩერდებიან.
ბათუმში, იუსტიციის სახლთან, პროკურატურის წინ, შარტავას ქუჩაზე [გორგილაძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის] ქალაქის ყველაზე მაღალი ცათამბჯენის ასაშენებლად ტერიტორია 2021 წლიდან შემოღობეს. ცათამბჯენები არ აშენდა, თუმცა ამ სამშენებლო მოედანზე დღეს ნებისმიერი შეიძლება მოხვდეს – მართალია, სამშენებლო მოედანი ტროტუარისგან სამშენებლო ღობით გამიჯნულია, თუმცა ღობის ნაწილი მოშლილია.
ამ ტერიტორიაზე თუ შეხვალთ, ნახავთ, რომ ფუნდამენტი რაღაცის ასაშენებლად მოუმზადებიათ, თუმცა ეს ცათამბჯენის საძირკველი არ არის.
ცათამბჯენის საძირკველი სავარაუდოდ იმ თხრილებში უნდა მოწყობილიყო, რომელიც წლების წინ ამოუღიათ და ახლა უკვე დაჭაობებულია.

თხრილი იუსტიციის სახლთან, სადაც ნებისმიერი პირი შეიძლება მოხვდეს. ფოტოები გადაღებულია 2025 წლის 9 აპრილს

2021 წელს ამ ადგილას აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ დააანონსა 72-სართულიანი ცათამბჯენის აშენება
თხრილს იქეთ კიდევ ერთი სამშენებლო მოედანია – აქ „ოცნების“ ყოფილ დეპუტატთან, ხვიჩა შარაშიძესთან დაკავშირებული კომპანია „ბლექ სი თაუერი“ მაღალსართულიან კომპლექსს აშენებს.
ამ მშენებლობაზე ტროტუარიდან ვერ შეხვალთ – გორგილაძის ქუჩის, ასევე ბსუ-ს ტექნიკური ფაკულტეტის [ყოფილი გეპეი] შენობის მხრიდან ღობე დაგხვდებათ, თუმცა აქაც არის შესაძლებელი მარტივად მოხვედრა – შარტავას ქუჩის მხრიდან მორღვეულ ღობეში თუ შეხვალთ და იმ ადგილს გაივლით, სადაც ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო.
იუსტიციის სახლთან მდებარე სამშენებლო მოედნებზე ვერც საინფორმაციო დაფას იპოვით. ადგილზე ვერ გაიგებთ, ვინ რას აშენებს.

კიდევ ერთი სამშენებლო მოედანი იუსტიციის სახლთან, რომელიც ერთ მხარეს არ არის შემოსაზღვრული ღობით
ვინ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, როცა შუა ქალაქში, პროკურატურის თვალწინ, სამშენებლო მოედნებზე, თანაც დაჭაობებულ ადგილას მოხვედრა ყოველგვარი ბარიერის გარეშეა შესაძლებელი? – ინფორმაციის მიღება ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.
იმის გამო, რომ უსაფრთხოების მინიმალური ზომები დაცული არ იყო, ოცნების ქალაქში ახალი კორპუსების მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირეწლოვანი ბიჭები თხრილში ჩავარდნენ და დაიღუპნენ. ამ შემთხვევაზე 2025 წლის 15 თებერვალს გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
დღეს, 10 აპრილს, შსს-ს პრესცენტრში ვერ გვითხრეს, რა ეტაპზეა „ოცნების ქალაქის საქმეზე“ დაწყებული გამოძიება და დაისაჯა თუ არა ვინმე.
- რა უნდა აშენებულიყო იუსტიციის სახლთან და რა შენდება?
ბათუმში იუსტიციის სახლის მიმდებარედ ყველაზე მაღალი თაუერის მშენებლობა აჭარის მთავრობამ 2021 წელს დააანონსა. ტერიტორიაზე, რომელიც ახლა პრაქტიკულად მიტოვებულია, „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანია „დე ჯგუფი“ 72-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის, West Tower-ის მშენებლობას გეგმავდა.
2021 წელს აქ 7023 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი „დე ჯგუფმა“ 30 მილიონ ლარად სასტუმროს მშენებლობის პირობით შეისყიდა.

ცათამბჯენის რენდერი, რაც შარტავას ქუჩაზე, იუსტიციის სახლთან უნდა იყოს
რატომ ვერ აშენდა ცათამბჯენი? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხეს. ამ ბოლო დროს უწყების პრესცენტრი „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებას საერთოდ არ პასუხობს.
ინფორმაციის მიღება აჭარის მთავრობის პრესცენტრსაც ვთხოვეთ, თუმცა უშედეგოდ.
„მასშტაბურობიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი წაიღო ინვესტიციის მოზიდვამ, ასევე, ბოლო პერიოდში ჰოლდინგის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა გავლენა იქონია პროცესის მიმდინარეობაზე, თუმცა პროექტი ისევ აქტუალურია და ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს სახელმწიფო უწყებებთან ვადების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით,“ – მხოლოდ ეს მოგვწერა კომპანია „მეტრო ჰოლდინგის“ იურისტმა, მაია ბერიძემ და შემდეგ დაგვიზუსტა, რომ „განვითარებულ მოვლენებში“ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავებას, მის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას გულისხმობს.
გალიფ ოზთურქი „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელია. იგი ნარკოდანაშაულისთვის 8 წლით დააპატიმრეს.

ადგილი, სადაც ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო
კომპანია „მეტრო ჰოლდინგში“ კონკრეტულად ვერ გვითხრეს, რატომ მოამზადეს ფუნდამენტი იქ, სადაც ცათამბჯენი უნდა აშენებულიყო, იუსტიციის სახლთან მომუშავე ტაქსის მძღოლების ინფორმაციით კი, ეს ფუნდამენტი ახალი რესტორნის მშენებლობისთვისაა.
„ხუთი წელია მიტოვებული ეს მშენებლობა თითქმის, დაახლოებით ერთი თვის წინ ჩამოასხეს ეს ადგილი, ასე თქვეს, რესტორანი კეთდებაო, მერე აღარ გამოჩენილან,“ – გვითხრეს ტაქსის მძღოლებმა.
„მეტრო ჰოლდინგი არ ფლობს ინფორმაციას მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით,“ – მოგვწერა „მეტრო ჰოლდინგის“ იურისტმა, – „აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფლობს 4 სუბიექტი: როგორც ჩვენი კომპანია, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, ვინაიდან „მეტრო ჰოლდინგს“ არანაირი თანხმობა სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით არ აქვს გაცემული. ამ ეტაპზე ვცდილობთ კომპანიის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას და შესაბამისი განმარტების მიღებას“.
მეტი ინფორმაციის მისაღებად „ბათუმელები“„მეტრო ჰოლდინგის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რაულ კახაძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან გვითხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, „მეტრო ჰოლდინგის“ იურისტმა ეს გვიპასუხა: „უსაფრთხოების ნაწილზე სრულ პასუხისმგებლობას სწორედ ამ მშენებლობის ავტორებს ვაკისრებთ“.
რამდენად კანონიერად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ფიროსმანისა და შარტავას ქუჩების კვეთაში, სადაც ასევე არ არის განთავსებული საინფორმაციო დაფა? – ამ კითხვაზეც პასუხი ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნდა გასცეს, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინსპექციიდან ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.
იმ კომპანიაში კი, რომელიც „მეტრო ჰოლდინგის“ მეზობლად აშენებს 44-სართულიან კომპლექსს, გვითხრეს, რომ ღობე არ აქვთ სამშენებლო მოედნის მხოლოდ ერთ მხარეს, „რადგან ეს მშენებლობის პროცესს უშლიდა ხელს. ღობე და საინფორმაციო დაფაც უახლოეს დღეებში გვექნება“.
რეესტრის მონაცემებით, „ბლექ სი თაუერის“ 100% წილის მფლობელია კომპანია „ჩემი სახლი“. ეს კომპანია, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ხვიჩა შარაშიძეს ეკუთვნოდა, ახლა კი, გოჩა შარაშიძეს ეკუთვნის. მან „ქართულ ოცნებას“ ფული 2014 წელს შესწირა – 11 800 ლარი.
კომპანია „ბლექს სი თაუერსის“ ამ მშენებლობას და „მეტრო ჰოლდინგის“ სამშენებლო მოედანს შორის ვიწრო ზოლი [რომელიც ფიროსმანის ქუჩას გორგილაძის ქუჩასთან აკავშირებს] აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. სწორედ ეს ზოლი არ არის შემოსაზღვრული უსაფრთხოების ღობით, როგორც „ბლექ სი თაუერის“, ისე „მეტრო ჰოლდინგის“ ნაკვეთების მხარეს.
______________________
მთავარ ფოტოზე: მშენებლობა შარტავას და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში. 2025 წლის 9 აპრილი