ბათუმში ქალაქის მერია ტროტუარზე ფილებისა და ბორდიურების შეცვლას გეგმავს იმ ადგილზე, სადაც უკვე 104 დღეა უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქცია იმართება.
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პირობის მიხედვით სამუშაოები 30 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.
სამუშაოების დაწყება დამოკიდებულია ტენდერის შედეგზე, რომელიც 319 ათას 887 ლარით არის გამოცხადებული.

ტროტუარი, რომლის რეაბილიტაციას ბათუმის მერია გეგმავს / 11.03.2025
ტენდერში წინადადებების მიღება 26 მარტს დაიწყება და 31 მარტს დასრულდება, სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში უნდა დაასრულოს.
აღნიშნული ტენდერის ფარგლებში უნდა შესრულდეს შემდეგი სამუშაოები:
- „დემეტრე თავდადებულის N10-ის მიმდებარედ ტროტუარის მოწყობა;
- ნონეშვილის ქ.N1-დან N6-მდე ტროტუარის მოწყობა;
- მემედ აბაშიძის ქუჩაზე ტროტუარის კეთილმოწყობა ნიკოლოზ ბარათაშვილის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ტროტუარის კეთილმოწყობა ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე“.
საპროექტო ტერიტორია მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიას, სადაც 104 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. სწორედ ეს ტერიტორიაა აქციის მონაწილეების შეკრების მთავარი ადგილი.

სარეაბილიტაციო ტროტუარი [მონიშნულია წითელი ფერით] მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებზე ბათუმში / ფოტო პროექტიდან.

ტროტუარი, რომლის რეაბილიტაციას ბათუმის მერია გეგმავს / 11.03.2025
„საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ტროტუარის კეთილმოწყობა [ნიკოლოზ ბარათაშვილის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე] და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩზე ტროტუარის კეთილმოწყობა ეგნატე ნინოშვილის ქუჩის კვეთამდე.
ზემოთ აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ტროტუარი დაზიანებულია და საჭიროებს გამოცვლას ტროტუარი მოწყობილია ბაზალტის ფილისგან, ხეები გამოყოფილია ბორდიურით“ – აღნიშნულია პროექტში.

ტროტუარი, რომლის რეაბილიტაციას ბათუმის მერია გეგმავს / 11.03.2025
ამავე პროექტის მიხედვით, „გათვალისწინებულია არსებული ფილების დემონტაჟი ხელით 60%-ის ადგილზე დასაწყობება შემდგომი გამოყენებისთვის ხოლო დაზიანებული 40%-ის დემონტაჟი, დატვირთვა და გატანა ნაყარში.
ასევე არსებული ბაზალტის ბორდიურების დემონტაჟი ხელით დატვირთვა და გატანა დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილას.
საპროექტო უბანზე ტროტუარის სამოსის კონსტრუქცია მიღებულია შემდეგი სახით: საფარი – ბაზალტის ფილა. ქვიშა-ცემენტის ნარევი 0-50 მმ.; საფუძველი – ღორღი ფრაქციით 0-40 მმ, სისქით 10-სმ“.

ტროტუარი, რომლის რეაბილიტაციას ბათუმის მერია გეგმავს / 11.03.2025
მერიის სამმართველოს პირობებში აღნიშნულია, რომ „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს (საავტომობილო გზების, გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია ან/და დასასვენებელი პარკების/სკვერების ან/და გასართობი პარკების მშენებლობა-რეაბილიტაციის ან/და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა ) სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 1 700 000 ლარის ოდენობით“.
უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება საქართველოს დედაქალაქშიც, რუსთაველის გამზირზე. აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიას აქვს დაგეგმილი:
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ალბათ, მაისში დავიწყებთ – კალაძე
- რა ხდება
ახალი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბური პროტესტი 104-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ევროკავშირის წევრმა მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ, უნგრეთმა აღიარა. პარლამენტი კი საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა.
პროტესტი გამწვავდა 2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.
პოლიციამ და სპეცრაზმმა რამდენჯერმე სასტიკი ძალადობით დაარბია აქცია. მთლიანობაში ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 500-ზე მეტი ადამიანი, აქედან სისხლის სამართლის კოდექსით 50-ზე მეტი მოქალაქე. მათ შორის უკანონოდაა დაკავებული ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.

ტროტუარი, რომლის რეაბილიტაციას ბათუმის მერია გეგმავს / 11.03.2025