მთავარი,სიახლეები

მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO

17.12.2020 • 3255
მტვერში გახვეული სამრეწველო ბათუმი და სიცოცხლისთვის საშიში გზაჯვარედინი | VIDEO

9 წელია დაბა ხელვაჩაურის დიდი ნაწილი ბათუმს შემოუერთდა, მაგრამ აქაურობა ბათუმი მხოლოდ ქალაქის რუკაზეა. 

ხელვაჩაურელების ნაწილი ბათუმელები გახდნენ, მაგრამ ამას ვერ გრძნობენ, მათთვის არაფერი შეცვლილა. მათ „ბათუმში“ ადამიანებს წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდებათ, არც ტროტუარებია, არც წრიული და ზებრა გადასასვლელები დახაზულა, აქვე არსებული სამრეწველო ზონისა და უწყვეტად მოძრავი ტრაილერების მტვერი კი ეზოებში მოთამაშე ბავშვების სუნთქვას დღითიდღე ამძიმებს. 

მტვერი და წყალი გრაფიკით

„ეს ტერიტორია სამრეწველო ზონას ეკუთვნის, მაგრამ აქ საკმაოდ ბევრი კორპუსია, ბავშვიც ბევრია. ახლა აქ 30 „დრაბილკაა“ მინიმუმ, ქვის და ღორღის საფქვავი… არც ერთს არ აქვს ფილტრები, რომ გაწმინდოს დაბინძურებული ჰაერი. აქ არც სანიაღვრე არხები არ გვაქვს და წვიმის დროს მთელი ეზო იტბორება“  – გვათვალიერებინებს ფრიდონ ხალვაშის 312 ნომერში კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას გოგიტა მამულაძე, რომელიც ამ ეზოში ცხოვრობს. 

გოგიტა გვაჩვენებს კორპუსისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურს და ცემენტის ქარხნის შენობას. იგი ამბობს, რომ სახლის ფანჯრებს ამ მხარეს ვეღარ აღებენ, რადგან მტვრის ნისლი და გამონაბოლქვი შემოდის.

„რომელი ევროპული სტანდარტებით შეიძლება ეს ასე რომ იყოს, არ ვიცი“ – ამბობს გოგიტა. 

ნომერ პირველი პრობლემა აქ წყალია.

ფრიდონ ხალვაშის #312 კორპუსიდან რამდენიმე მეტრის დაშორებითაა სამშენებლო მასალების მაღაზია-საწყობი, რომლის ეზოშიც დალაგებულია აგურის ბლოკები, იყიდება ცემენტი, ბეტეკი, შპაკლი და ქვიშა. 

via GIPHY

გზის პირას, რამდენიმე მეტრის დაშორებით, საბავშვო მოედანია, სადაც ქუჩის ლამპიონები მხოლოდ ბუტაფორიაა – მოედანი არ ნათდება, რკინის ბოძებს უკვე ჟანგი მოედო.

დაჟანგული ლამპიონი სკვერში

„დავალაგებთ დილას სახლს, შუადღეზე უკვე სავსეა მტვრით, მეტალოპლასტმასის ფანჯრებშიც კი შემოდის. ასეთ სიბინძურეში ვცხოვრობთ, ვყლაპავთ ცემენტის და მანქანების მტვერს“ – გვიყვებიან ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. 

ამ ადგილების გამწვანებაზე მხოლოდ აქ მცხოვრებნი ზრუნავენ, თუმცა ბოლო წლებში გამწვანების ყველა მცდელობა კრახით სრულდება. გელა ბერიძე გვეუბნება, რომ ყველაზე იოლად გასახარებელ მცენარეს, ალვის ხესაც კი ვერ ახარებენ – მტვრისა და გამონაბოლქვის გამო.

„ხეები მაინც რომ დაერგოთ, გამწვანება მოეხერხებინათ…. ჩვენ დავეხმარებით, ჩვენ დავრგავთ, ოღონდ მოიტანონ“ – გვეუბნება გელა.

სახიფათო გზაჯვარედინი

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ნაწილია, შესაბამისად აქ ყოველთვის ინტენსიური მოძრაობაა. ბავშვებს, რომლებიც სკოლაში მიდიან, ხშირად უწევთ ამ გზაზე სიარული და მისი გადაკვეთა, თუმცა აქ არ არის დახაზული ზებრა გადასასვლელები, ან თუ არის – ძალიან მკრთალად ჩანს, ფაქტობრივად გამქრალია.   

ფრიდონ ხალვაშის სწორედ 213 ნომერთან არის ის გზაჯვარედინი, რომლის ერთი გზაც სამრეწველო ზონაში უხვევს, მეორე კი სოფლის ასახვევია. ამ მონაკვეთში ინტენსიურად გადაადგილდებიან სამშენებლო მასალებით დატვირთული ტრაილერები, სოფლისკენ მიმავალი მანქანები და ბათუმი-ახალციხის გზაზე მიმავალი მძღოლები.

გზაჯვარედინზე არც წრიულია დახაზული და არც შუქნიშანი არეგულირებს მოძრაობას. აქ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ბევრჯერ მიმართეს მთავრობას, თუმცა უშედეგოდ, მათი მიმართვები ინსტანციიდან ინსტანციებში გადამისამართებაში ჩაიკარგა. 

ფრიდონ ხალვაშის გამზირის უმეტეს ნაწილზე არც ტროტუარია, რის გამოც, განსაკუთრებით წვიმაში, ჭირს ტროტუარისა და ტრასის გარჩევა, ყველაფერი წყლით ივსება და ტალახდება, შესაბამისად, იზრდება ავარიების საშიშროება.

ალექსანდრე ქამაშიძე, რომელიც გზასთან ახლოს ცხოვრობს, ამბობს, რომ გამგეობას 4-ჯერ მიმართა საფეხმავლო ბილიკის მოწყობის თხოვნით. 

მოგვარდება წელს პრობლემები?

მომავალ წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 69 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს, აქედან 37 მილიონ 805 000 ლარი გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. მათ შორის იგეგმება ბათუმის გარეუბნებისა და შემოერთებული ტერიტორიების, რამდენიმე ქუჩის პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგება.

ბიუჯეტის მიხედვით კეთილმოწყობითი სამუშოები მომავალი წლისთვის ფრიდონ ხალვაშის ქუჩის ორ ჩიხსა და ერთ შესახვევშიც (III, VII ჩიხი და მე-9 შესახვევი) იგეგმება, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის ცენტრალურ ნაწილზე ტროტუარებისა და ზებრა გადასასვლელების საკითხი კი მერიის მომავალი წლის ბიუჯეტში ასახული არ არის.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ გზაზე ზებრა გადასასვლელების დახაზვა მათი მოვალეობაა. აქ ირწმუნებიან, რომ ეს სამუშოები თითქმის ყოველთვიურად ხორციელდება, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე არ არსებობს სანიაღვრე არხები, წვიმის შემდეგ წყალი დგება და დახაზული ზებრა გადასასვლელები მალევე იშლება.

„განვაახლებთ, როგორც კი ამინდი გამოვა, სამდღიანი გამოდარება მაინც სჭირდება, რომ ჩავატაროთ  ეს სამუშაოები,“ – გვითხრეს აქ. 

სანიაღვრე არხების მოწყობის საკითხიც ამავე სამსახურს ეხება.

„ეს ცოტა გლობალური პრობლემაა. ამ ტერიტორიაზე განაშენიანება ძალიან სწრაფად და თვითნებურად მოხდა, ამისთვის ჯერ უნდა მომზადდეს პროექტი და შემდეგ მოგვარდება“ – ამბობს ირაკლი მაჩალაძე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის სამსახურის უფროსი. მისივე თქმით, სამსახურის 2021 წლის ბიუჯეტი ჯერ არ არის დადგენილი, ამიტომ უცნობია, აისახება თუ არა მასში ამ დასახლების პრობლემები. 

რაც შეეხება წყლის 24-საათიან რეჟიმში მომარაგების საკითხს, შპს “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე ჩატარებულია. დასახლებაში შეყვანილია ახალი ქსელი, ხდება გამრიცხველიანება, რის შემდეგაც რჩება საბოლოო ეტაპი – წყლის დატესტვა, რის შემდეგაც ჯამში 80 000-მდე აბონენტი წყლის ახალი ქსელით მომარაგდება. “ახალი ქსელის შეყვანის შემდეგი ეტაპია გამრიცხველიანებაა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ამის მერე ხდება წყლის დატესტვა, ანუ ლაბორატორიულად გაშება სათავე ნაგებობებიდან და რეზერვუარებიან მოდის წყალი, გამოირეცხება ქსელი, პროცესი დასასრულისკენ არის უკვე” – გვითხრეს კომპანიაში.

რაც შეეხება 60 მილიონი ევროს ღირებულების სესხს, რომელიც ბათუმს შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა [KfW] გამოჰყო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება.

მხოლოდ პირადობის მოწმობაში შეცვლილი მისამართი

ის, რომ ამ ტერიტორიას ბათუმს შემოერთებულს უწოდებენ, შემთხვევითი არ არის – ამბობს ნათია აფხაზავა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი. მისი აზრით, ამ ტერიტორიების ბათუმის საზღვრებში მოქცევა თავიდანვე დაუგეგმავი ნაბიჯი იყო, რომლის შედეგებსაც ახლა აქ მცხოვრები მოსახლეობა იმკის.

ნათია აფხაზავა

„თითქოს საინვესტიციო პაკეტისთვის სჭირდებოდათ, რომ დიდი ტერიტორია უნდა ჰქონოდა მუნიციპალიტეტს სხვადასხვა პროექტში ჩასართავად, მაგრამ თავიდანვე არ არსებობდა გეგმა, როგორ აპირებდნენ ამ ტერიტორიების გაერთიანებას ბათუმთან და ამიტომაც დღემდე რჩება ტერმინი – „შემოერთებული ტერიტორია“.

მოსახლეობას დღემდე არ აქვს განცდა, რომ ბათუმში ცხოვრობენ, მათი მისამართი მხოლოდ პირადობის მოწმობაში შეიცვალა, საცხოვრებელი პირობები არ გაუმჯობესებულა“ – ამბობს ნათია აფხაზავა.

ის მიიჩნევს, რომ 2020 წელს ბათუმის საკრებულოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც ყოფილი ხელვაჩაურის, ამჟამად ბათუმის ტერიტორიაზე 23 ჰექტარ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეუცვალეს და სამრეწველო ზონად აქციეს, კიდევ ერთხელ აჩვენა მთავარი პრობლემა:

„ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს გეგმა, იქ მოხდეს ქალაქის ტიპის განაშენიანება. ეს ტერიტორია აქციეს ქალაქის დამხმარე უბნად, ასე ჩანს.

ფაქტობრივად, მთელი დასახლება ისე აქციეს ქარხნებისა და საამქროების ადგილად, რომ მოქალაქეების ჩართულობა არ ყოფილა. არავის უზრუნია მათი აზრის გასაგებად. თუ ამ მიმართულებით წავალთ, მაშინ განსახლების გეგმააა საჭირო, რადგან აქ ადამიანები ცხოვრობენ“.

ნათია აფხაზავა მიიჩნევს, რომ ასეთი უბნებისთვის განვითარების ცალკე გეგმა საჭირო და აუცილებელია აქ მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები თანდათან გაუმჯობესდეს.

„სხვა ტიპის სამუშაოებია ჩასატარებელი. ახლა ეს ტერიტორია არ ხელვაჩაურია, არც ბათუმი და ფაქტობრივად უმისამართო თემი, დავიწყებული დასახლება ყალიბდება“ – ამბობს ნათია აფხაზავა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: