„თავიდან საიდან გაჩნდა არ ვიცი“ – უპასუხა გამომძიებელმა ლევან გოგმაჩაძემ ადვოკატ კახა წერეთელს, რომელმაც მოწმის სახით სასამართლოში დაბარებულ „მზია ამაღლობელის საქმის“ გამომძიებელს – ლევან გოგმაჩაძეს ჰკითხა: რამ გადაგაწყვეტინათ ეს კვალიფიკაცია [პოლიციელზე თავდასხმა]? ძალადობის რა ხარისხი დაინახეთ თქვენ ქალბატონი მზიას ქმედებაში? რამ გადაგაწყვეტინათ ეს კვალიფიკაცია და არა, მაგალითად, 126-ე მუხლი [ძალადობა], ან ადმინისტრაციული?
გამომძიებელმა თქვა, რომ იგი მხოლოდ პატაკს დაეყრდნო და სხვა მტკიცებულებები – თუნდაც სილის გაწვნის ვიდეო – მას ნანახი არ ჰქონდა, როცა ამ საქმის გამოძიება დაიწყო და საქმეს კვალიფიკაცია მიანიჭა. პატაკში, რომელსაც გამომძიებელი დაეყრდნო, შავით თეთრზე წერია, რომ ირაკლი დგებუაძეს ვინმე თავს კი არა დაესხა, არამედ მას „ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“.
2025 წლის 7 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტის და მედიამენეჯერის „მზია ამაღლობელის საქმის“ არსებითი განხილვის მორიგი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე პროკურატურის სამ მოწმეს მოუსმინეს, მათ შორის, იყო გამომძიებელი ლევან გოგმაჩაძე.
ჟურნალისტს და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს პროკურატურა სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ეს მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც მოწმემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ის ამ შემთხვევის თვითმხილველი არ არის და ბერდია ფერაძე გამოჰკითხა. ბერდია ფერაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტში საგამოძიებო სამმართველოს უფროსია. მან კიდევ ერთ პოლიციელთან ერთად „პირადად დააკავა“ მზია ამაღლობელი.
„თავდასხმა ასეთი სიტყვა არ ყოფილა. მან აღწერა, რა მოხდა ზოგადად, რომ მოქაჩა ქურთუკზე და მარცხენა ხელი გაარტყა მარჯვენა ლოყაზე,“ – თქვა გამომძიებელმა და განმარტა, რომ ბერდია ფერაძის გამოკითხვის შემდეგ უკვე საქმე გამომძიებელ გურამ დიასამიძეს გადაეცა, შემდეგ – გურიის საგამოძიებოს. სხვა შემხებლობა ამ საქმესთან მე არ მქონია, იქვე დასძინა მოწმემ.
კვალიფიკაციის განსაზღვრის ნაწილში, გამომძიებელმა ახსენა თავისი უშუალო უფროსი – გიორგი კავსაძე, თუმცა ორჯერ გაუმეორა ადვოკატებს ეს: „დავალება არავისგან მიმიღია“.
„პატაკში, როგორც აღვნიშნე, წერია, რომ მოხდა მასზე თავდასხმა, არა ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს გამომდინარეობდა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე, პატაკი, როდესაც მე დამეწერა, გიორგი კავსაძემ, უშუალოდ ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ მზია ამაღლობელი დაკავებული იყო 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით,“ – თქვა გამომძიებელმა.
„პატაკში არ წერია, რომ მოხდა თავდასხმა, პატაკში წერია, რომ მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც სხვა სამართლებრივი კვალიფიკაციის საფუძველია. თქვენ კი, გადაწყვეტილებას იღებთ პატაკის საფუძველზე,“ – მოწმეს მიუბრუნდა ადვოკატი კახა წერეთელი. – „პროცედურულად თქვენ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, ახლა ამბობთ, სხვამ მითხრაო. ეს მუხლი საიდან გაჩნდა მზიასთან მიმართებით?“ – იკითხა ადვოკატმა.
„თავიდან საიდან გაჩნდა, არ ვიცი, მე მხოლოდ მითხრა, რომ…“ – პასუხის გაცემა გაუჭირდა გამომძიებელს.
„დავალება მიიღეთ?“ – ისევ ჰკითხა გამომძიებელს ადვოკატმა კახა წერეთელმა.
„დავალება არავისგან არ მიმიღია, დავალება არ მიმიღია, მე პროსტო გავიგე, რომ 353-ე პრიმა მუხლით იყო ფორმალურად დაკავებული, ფაქტობრივად იყო დაკავებული. ასევე პატაკის შინაარსიდან გამომდინარე, პროკურორთან შეთანხმებით დავიწყე გამოძიება,“ – აღნიშნა მოწმე ლევან გოგმაჩაძემ და შემდეგ იქვე დააზუსტა, რომ უშუალო უფროსისგან, გიორგი კავსაძისგან გაიგო, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით იყო დაკავებული.
„კვალიფიკაცია განსაზღვრა გიორგი კავსაძემ?“ – გამომძიებელს ჩაეკითხა ადვოკატი კახა წერეთელი.
„მას არ განუსაზღვრია, მითხრა, რომ ამ მუხლით არის ფაქტობრივად დაკავებული,“ – თქვა მოწმემ.
აქ ადვოკატმა გამომძიებელს კიდევ ერთხელ მიუთითა, რასაც ამბობთ, პატაკის შინაარს ეწინააღმდეგება, თქვენ კი, ვალდებული იყავით, მხოლოდ პატაკით გეხელმძღვანელათო:
„თქვენ დაიწყეთ გამოძიება იმ კვალიფიკაციით, რომელიც მიგითითეს?“ – გამომძიებელი გამოიჭირა ადვოკატმა.
„პატაკის შინაარსიდან გამომდინარე არის აღწერილი, რომ მოქაჩა ქურთუკზე ხელი, დაარტყა მას სახეში და ის ასრულებდა სამსახურებრივ საქმიანობას. აღნიშნულთან დაკავშირებით მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება პროკურორთან შეთანხმებით…“, – თქვა გამომძიებელმა, ლევან გოგმაჩაძემ.
„პატაკში სიტყვა თავდასხმა ნახსენები არ არის,“ – პატაკზე მიუთითა გამომძიებელს ადვოკატმა.
„ნუ, ახლა, ფაქტია, რომ არ არის, ასეა,“ – უხერხულობა დაეტყო გამომძიებელს.
ამ დიალოგის შემდეგ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სასამართლო სხდომაზე წაიკითხა ის, რაც პატაკში წერია და რაც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა:
„ამ პატაკში წერია ასეთი რამ: მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 12 იანვარს, პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ქალბატონმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსს, ირაკლი დგებუაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მარცხენა ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყისა და ყურის მიდამოში, რასაც სხვა იქ მყოფ მოქალაქეებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შევესწარი მე და გიორგი ბჟალავა. ჩემი და გიორგი ბჟალავას მიერ მოხდა აღნიშნული ქალბატონის ბრალდებულის სახით დაკავება, რის შემდეგაც დაკავებული შევიყვანეთ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. დაკავებული ქალბატონი აღმოჩნდა მზია ამაღლობელი,“ – პატაკის ტექსტი ჩაიკითხა მაია მწარიაშვილმა და შემდეგ გამომძიებელს კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა:
„თქვენ აღნიშნეთ, რომ პატაკში წერია, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მოხდა სილის გარტყმაო და არ წერია პატაკში ეს“, – პატაკზე მიუთითა გამომძიებელს ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
„ახლა ჩვენთვის ცნობილია, ვინ არის ირაკლი დგებუაძე და აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება,“ – თქვა გამომძიებელმა ლევან გოგმაჩაძემ.
- რა ხდება?
მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.
მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.
მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.
მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი, ამ საქმიდან მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა. „მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.
2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.
საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო. მზია ამაღლობელის ადვოკატებს ჯერ კიდევ არ ჩაჰბარებიათ მოსამართლე სალიხ შაინიძეს გადაწყვეტილება. ისინი მის გასაჩივრებას სააპელაციო წესით აპირებენ.
მზია ამაღლობელის ადვოკატები „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ევროსასამართლოს მიმართავენ.
ამ თემაზე:
რის დამალვას ცდილობენ მოწმე პოლიციელები – სილის გაწვნის მხოლოდ 44-წამიან კადრი სასამართლოში